წერილი შვილს – მადლობა, დედა, რომ გადამარჩინე!

_ დე, რას შვები? _ ასე იწყებოდა ჩვენი დილა 27 წლის განმავლობაში და ასე იწყება ახლა ჩვენი სატელეფონო საუბარი თვეში სამჯერ.

დეე, ახლა მინდა, საჯაროდ მოგწერო ის, რაზეც ბევრი გვილაპარაკია მე და შენ და ის, რაზეც მომავალშიც აუცილებლად ვილაპარაკებთ.

არც შენ ხარ პატარა ბიჭი და არც მე _ პატარა გოგო, ერთმანეთისთვის ახსნა დაგვჭირდეს, რატომ ზიხარ შენ დღეს გლდანის ციხეში და რატომ ვარ მე დღეს პატიმრის დედა.

ციხე უცნაური ადგილია. პირველი ინფორმაცია ახალ მიყვანილ პატიმარზე ვრცელდება ციხის შიგნით და ციხის გარეთ. უკვე მომივიდა ამბავი, როგორ პატრონობ და უყოფ ლუკმას უპატრონო პატიმარს, სპორტულიც გიჩუქნია. ასეთი მართალი და ალალი ბიჭი ამ ციხეს არ ახსოვსო, _ ამბობენ პატიმრები და ციხის თანამშრომლები.

მე ჯერ გლდანის ციხეში არ ვყოფილვარ, არც ის ვიცი, რომელ მხარესაა A კოპუსი და 78-ე საკანი. პატიმრების დედები და ოჯახის წევრები მოკითხვას მითვლიან, „დაჩკის მისატანად მისულ ბიჭებს აბარებენ, _ ელისო რომ არა, ამ ქვეყანაში რა ხდება, სიმართლეს ვერ გავიგებდით, მაგას რომ ვუყურებთ მხნედ და მებრძოლს, ჩვენც იმედიანად ვართო.

სიმართლე ჩემი და შენი იარაღია!

ჩვენ არ ვრეაგირებდით იმ ჭორებზე, რომელიც შენი მისამართით პერიოდულად ვრცელდებოდა. ეს გუშინ და დღეს არ დაწყებულა, დაიწყო ბევრად უფრო ადრე, როცა განცხადება დავწერე და სამსახურიდან წამოვედი. გაგრძელდა მერე, როცა ოპოზიციაში წავედი და დასრულდა მაშინ, როცა ხელისუფლებაში ჩვენი მხარდაჭერითაც მოსულმა ძალამ უარი თქვა საარჩევნო იდეალებზე და ქვეყნის გაყიდვის გზას დაადგა. მე ხშირად ვახსენებდი მათ საარჩევნო დაპირებებს, ვამხელდი კორუმპირებულ მინისტრებს და მათ ნათესავებს, არ ვეპუებოდი ბიუჯეტის ქურდებს. ეს ვერ აიტანეს და მარტივი შურისძიების გზას დაადგნენ.

მე ვერ დავიკვეხნი _ შენსავით კარგად არ ვიცი საქართველოს ისტორია. შენ ჩემზე უკეთ მოგეხსენება გაუგონარი ღალატისა და ერთგულების ისტორიები, არაფერი განსაკუთრებული ახლა არ ხდება, სადღაც აქვე ზის მემატიანე და ჩვენი სამშობლოსთვის ამ ურთულესი ისტორიის ქრონიკებს წერს.

დე, შენ ამ ისტორიის ერთი დიდი ნაწილი ხარ. პირველსავე დღეს ვიცოდი, რომ უდანაშაულო იყავი, ამიტომაც ვიგერიებდი იმ არაადამიანების ცილისწამებას, რომლებიც შენი სახელის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. არაფერი გამოუვიდათ. მე ეს ომი შენთან ერთად მოვიგე. დღეს უკვე ყველამ იცის, რომ შენი სისხლის სამართლის საქმეში ორი პოლიციელის ჩვენების გარდა არც ერთი სხვა მტკიცებულება არ დევს, არა იმიტომ, რომ ვინმემ მე ან შენ დაგვინდო და ხელი დაგაფარა, არამედ იმიტომ, რომ ნარკოტიკები ჯიბეში ჩაგიტენეს და დაკავების კადრებიც კი ვერ გადაიღეს. არადა, ის ცილისმწამებლები ხომ წარმოგიდგენია, რა სიამოვნებით ააფრიალებდნენ ამ კადრებს…

შენი საქმე აუცილებლად იქნება ამ ხელისუფლების მესაფლავე. ამ ქვეყანაში შენ უკვე გახდი უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო. შენ შენი პატიმრობით უკვე აჯობე ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას. რას ვიზამთ, შენი „ზემლიაკი“ საჩხერელი პატარა კაცი აღმოჩნდა. დრო და ისტორია დაგვანახებს, ვინ დადგება მის გვერდით, როცა ამ ქვეყანაში მიუსაფარი და დევნილი იქნება, _ იქნებ, მაშინ მაინც დაფიქრდეს, რომ ადამიანი სიკეთით ფასდება და არა შურისძიების დაუოკებელი სურვილებით.

პატიმრობის პირველ დღეებში მხოლოდ ერთი კითხვა გქონდა ადვოკატებთან: ხალხი რას ამბობს?.. ხალხმა იცის, დეე, რომ შენ სრულიად უდანაშაულო ხარ, შენ დაისაჯე იმიტომ, რომ შენმა დედამ გადაწყვიტა, სიმართლისთვის ებრძოლა, დაისაჯე იმიტომ, რომ შენი გაზეთი ათასობით ადამიანის იმედი იყო, დაისაჯე იმიტომ, რომ უკადრებელი არ ვიკადრეთ და მეგობრები არ გავყიდეთ… მოკითხვა ჩვენი საერთო მეგობრებისგან… გვახსოვს, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე რომ გვითხარი, _ რაც არ უნდა მოხდეს, უკან არ დაიხიოთ და ბრძოლაზე უარი არ თქვათო. პრინციპში, იცოდი, რომ დაგიჭერდნენ, ხშირად და ბევრს ვლაპარაკობდით ამაზე, წასვლაზე არასოდეს გიფიქრია, აქ და ამ ქვეყანაში გინდოდა თავისუფლად ცხოვრება. შორენამ შენი დაკავების ადგილზე გადაღებული ფირი მოიტანა და სასამართლო პროცესზეც გამოვა მოწმედ. მიხარია, რომ ღირსეული და უშიშარი ადამიანები ამ ქვეყანაში ისევ არსებობენ. _ ჩადებულია „ნაგლად“, _ მოვისმინე შენი სიტყვები და პირობას გაძლევ, ჩამდებიც და ბრძანების გამცემიც, დაწყებული „ბიძინიჩით“, დამთავრებული „შტანგათი“, აუცილებლად „მატროსოვზე“ დაასრულებენ. შენ მაინც ხომ იცი, რომ დედაშენმა სიტყვის უკან წაღება არ იცის!

მე და შენ უდავოდ გაგვიმართლა, დეე… ეს რთული პერიოდი უდანაკარგოდ გავიარეთ, არც მე და არც შენ მეგობრები არ დაგვიკარგავს არც ერთ ადამიანს, რომლის იმედიც გვქონდა, ჩვენს მხარდაჭერაზე უარი არ უთქვამს, მეტსაც გეტყვი, შენ შეიძინე გულშემატკივართა დიდი არმია, _ სრულიად უცნობი ადამიანები ყოველდღე მწერენ შენზე და კითხულობენ შენს ამბავს, გგულშემატკივრობენ და შენთვის ფინანსურ დახმარებას მთავაზობენ. გახსოვს, ჩემზე წერა რომ დაიწყეს გაზეთებში, მაშინ მითხარი (დაწერე კიდეც) სიმართლესა და სიკეთეს მივხედოთ, მაგათ ცალკე სინდისი და ცალკე უფალი მოჰკითხავთ, დროს ნუ დავკარგავთ გუშინდელ დღეზეო. არ ვიცი, როგორ ახერხებდი, მაგრამ შენზე გავრცელებულ ჭორებსაც გასაოცარი სიმშვიდით ხვდებოდი, _ ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე, მაგათ რაც უნდათ, ის ილაპარაკონო. ხანდახან დასცინოდი, _ ფანტაზიებში მაგრად უჭირთო…

გუშინდელ დღეზე დროს ნამდვილად არ დავკარგავ, ერთს გეტყვი მხოლოდ: ადრე ვინც კულისებში იყო, ერთი ბოროტი მოხუცის ჩათვლით, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, ყველამ აღვირი აიხსნა და შენი პატიმრობის დროს გადაწყვიტა ანგარიშსწორება. მაგრამ შენ ხომ იცი, დეე, რა კერკეტი კაკალი გყავს დედა. ასე იოლი არაა ჩემი გატეხა, მით უფრო მაშინ, როცა ზუსტად ვიცი, რომ შენ ხელისუფლების მძევალი ხარ და შენი თავისუფლება სწორედ ქვეყნისთვის ჩემს ბრძოლაზე გადის. გუშინდელ დღეებს სწორედ ამ წერილში მინდა ვუთხრა, _ მე ჩემი შვილი ღირსებით და სიკეთით, ადამიანების სიყვარულით გავზარდე, იცის რა პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ოჯახის, მისი ბაბუების წინაშე, თქვენსავით უთვისტომო და გადაგვარებული არაა, ბოღმასა და ბოროტებაში არ უცხოვრია, არც საკუთარი წარმომავლობის კომპლექსები სტანჯავს. ქვეყნის დამქცევიც რომ ვიყო, როცა პატიმრის დედაზე იწყებთ წერას, მორალურად უკვე ფსკერზე ხართ. თუმცა ერთი მაგრამ მაინც აქვს ამ ისტორიას… გიორგი მამაცაშვილმა ჩემზე ეს სიბინძურეები რომ არ წეროს, მისი სახლიდან და ოფისიდან ჩხრეკისას ამოღებული პირადი ფირების გამო ციხეში უკრავენ თავს და მისნაირების ადგილი საქათმეში იქნება, ამიტომაც მისი გადარჩენა ჩემზე წერაშია. წეროს და იკითხოს, სინდისისა რა მოაგხსენო, მაგრამ უფალი რომ ყველას მოჰკითხავს, ეს ნამდვილად ვიცით შენც და მეც.

ისე, დეე, კრიზისული სიტუაციების გამოცდაც ყველამ ღირსეულად ჩავაბარეთ, გიყურებდი პოლიციის ეზოში ხელბორკილით და ზუსტად ვიცოდი, რომ არც ერთი ნაბიჯით უკან არ უნდა დამეხია, „ქრონიკა+“-ის ოფისიც უცებ გადაეწყო შენს პატიმრობაზე, ყველამ თავისი საქმე იცის, შენი მარიამი ბანკში დადის კვირაში ორჯერ და თან წერილებს გწერს, თან სულ შენზე ლაპარაკობს; თორნიკემ შენი ფუნქციებიც შეითავსა, ხან ციხეშია, ხან სასამართლოზე, ხან ქუმელაშვილს „ეკაჩავება“ და ხანაც „ანტრიკოტას“ დასცინის; ილიამ გლდანის ციხის გზა ისწავლა; ჩემი მარიამი, რომელიც წელიწადში მხოლოდ ორ სტატუსს წერდა ფეისბუქში (დედისა და ჩემს დაბადების დღეს), ლამის, ბლოგერად გადაიქცა. უკვე დაცინვით ხვდება წარსულის აჩრდილების ბოდვებს. სხვა გოგო აღმოვაჩინე _ სამართლიანი და მებრძოლი. ნანა სულ იმაზე წუწუნებს, გლდანის ციხეში საჭმლის შეტანა რატომ არ შეიძლება, გემრიელობებს გავუკეთებდი ჩემს ბიჭსო… სააღდგომო ნობათიც ყველაფერი მისი ნახელავი იყო. დამფუძნებელი რომ გამოვა, იმ დროს ელოდება.

ვიცი, გამორჩეულად მამაშენის პოზიცია გაინტერესებს და ჯავრობ კიდეც… გიას უჩვენოდაც ყველაფერი გარკვეული აქვს, ზუსტად იცის, რომ დამნაშავე არ ხარ, სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება და პოლიციიდან მიღებული ერთადერთი ჯილდო მხედრული მამაცობისთვის შს სამინისტროს დაუბრუნა, ნარკოტიკების ჩამდებ მილიციელებს ჩამოკიდეთო, მინისტრს შეუთვალა. გიორგი მღებრიშვილს მე ბალასტის დირექტორი დავარქვი, მოძრაობა „არა ჩადებას“ პირველი აქციის მერე კამერებთან აღარ გამოჩენილა, ვერც გამოჩნდება იმიტომ, რომ სწორედ მისი მმართველობის დროს გახდა პოლიცია ყველაზე უუნარო და უავტორიტეტო. რაც შეეხება აღზევებულ მდაბიოს, სოსო გოგაშვილს, ის არა გუშინდელი, არამედ გუშინწინდელი დღეა. ეს არის ბოლო… მსგავსი არაპროფესიონალებისა და უვიცების ხელში ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახური აღარასოდეს აღმოჩნდება, მე გაძლევ ამის პირობას. თავი „ველიკი“ კომბინატორი ეგონა და ახლა დადის გაკვირვებული, _ ეს ქალია თუ ქაჯი, შვილის პატიმრობამაც ვერ გააჩერაო. ვერც გამაჩერებს, იმიტომ რომ კორუმპირებული აღზევებული მდაბიოების ადგილი ხელისუფლებაში არ არის. ეს ბრძოლა ჩემია!

მაკა მოსიაშვილს გადავეცი შენი განსაკუთრებული მოკითხვები. გადაიქცა „ანტრიკოტას“ ბიოგრაფად. წელიწადნახევრის წინ დაწერა პირველად, გამარჯობა, სოსოო და ზუსტად ვიცი, ძალიან მალე გამოსათხოვარ წერილსაც დაწერს, _ მშვიდობით, სოსო. „ქრონიკა+“-ის ყველა თანამშრომელი შენ გვერდითაა, პროცესებზეც ხედავ ამას და გაზეთშიც. რაც შეეხება ადვოკატებს, ვარსკვლავური სამეული გიცავს. მინდა იცოდე, რომ უსასყიდლოდ. ნათია კორკოტაძის არნახული ენერგია, არჩილ ჩუბინიძის სიდინჯე და ვალერი გელბახიანის გამოცდილება ერთმანეთს ავსებს. თავადაც ხედავ პროცესებზე რა დღეში აგდებენ პროკურორებს და მოსამართლეებს. სხვა მოცემულობაა, შენს საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. აქ თემიდა ბრმა და ყრუა. ვერდიქტი ბიძინა ივანიშვილმა უნდა გამოგიტანოს.

გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე… შენი პატიმრობის მესამე დღეს ლიზას სანახავად მოვიცალე. მინდოდა, მე ამეხსნა, რა მოხდა და მხოლოდ ტელევიზიით არ ესმინა ვერსიებისთვის.

ყველაზე ნაკლები გარჯა ლიზასთვის დამჭირდა, _ ბეე, ვიცი, შენ რომ ივანიშვილს ეჩხუბები, მამაჩემი მაგიტომ ზის ციხეში. მომეცი, ერთი, ბიძინას ტელეფონის ნომერი, უნდა მივწერო, დათო გამოუშვასო. მოკლედ, შენი შვილია, რაა… დიდი დაიბადა და ბევრ ზრდასრულ ადამიანზე უკეთ ერკვევა, სად რა ხდება.

საგარეო ფრონტზე რაც ხდება, იცი, ალბათ. ტელევიზორი გაქვს და იგებ ამბებს. ნამდვილად მომაკლდა შენი ანალიზი და რჩევებიც. ისე მიდის საქმე, რუსებს არ დაუთმობენ ამ ჩვენს ქვეყანას და საქართველო მალე გახდება თავისუფალი სამყაროს წევრი. შენ გიყვარს თავისუფლება, ვერ იტან აკრძალვებსა და ხელოვნურად შექმნილ ტაბუს.

ამას წინათ რაღაც სტატუსი დავწერე შენსა და ჩემზე. ერთმა პატრიოტმა კაცმა დამიწერა, _ გიჟი დედა-შვილი ხართ ორივე, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით ებრძვით სახელმწიფო ხელისუფლებას და რაც მთავარია, ყველა ბრძოლას პირწმინდად იგებთო.

იცი, რატომ ვიგებ?

იმიტომ, რომ შენ შენი გაუტეხლობით მომეცი ამის მაგალითი.

მე ვიცი, დე, რა რთული იყო შენთვის იმის მოთმენა, როცა დედას გაგინებდნენ და „ქრონიკა+“-ს ახსენებდნენ, როცა გთავაზობდნენ, რომ გეღიარებინა არჩადენილი დანაშაული და გეუბნებოდნენ, რომ დედაშენმა მილიონები იშოვა და საპროცესოთი გაგიყვანსო. შენ გაუძელი და არ გატყდი.

შენ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარე და შენმა გაუტეხლობამ მომცა საშუალება, შემენარჩუნებინა ღირსება, უარი არ მეთქვა საკუთარ წარსულზე, შენ გადამარჩინე მე, როგორც ჟურნალისტი და შენ გადაარჩინე თავისუფალი მედიის ფლაგმანი „ქრონიკა+“, არ მაიძულე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით და ჩვენთან ერთად არიან სამართლიანობისთვის ბრძოლაში, მძევლებად გადამექცია. ციხეში კაცის სახელით შეხვედი და კაცის სახელით გამოხვალ. შენ მანდ, გლდანის ციხის გისოსებშიც, იმაზე მეტად თავისუფალი ხარ, ვიდრე რომელიმე გახრწნილი ჩინოვნიკი და მილიციელი გარეთ. დადგება დრო და ყველა მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. თვალნათლივ ვხედავ, როგორ მოასწრებენ ერთმანეთს ჩვენებების მიცემას, მათ შორის, იმ პირებზე, რომლებიც დავალებების გამცემები იყვნენ.

შენ გაუძელი, დე და არ გატყდი!

მე რა უფლება მაქვს, სხვაგვარად მოვიქცე და ბოლომდე არ ვიბრძოლო ჩემი და შენი სიმართლისათვის?

მადლობა, დე, ყველაფრისთვის, ამ სიმტკიცისთვის, ამ სიყვარულისთვის, ამ თანადგომისთვის და გამხნევებისთვის _ ზუსტად ვიცი, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ!

 

  1. S. რაღაც დედური წერილი მინდოდა მომეწერა, მაგრამ საზოგადოზე უფრო ბევრი გელაპარაკე, ვიდრე პირადზე.

ალბათ, ესეც ლოგიკური იყო. ჩვენ არ ვეკუთვნით მხოლოდ საკუთარ თავს, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის იმედი და ნუგეში ვართ ამ ქვეყანაში. ყველაფერი კარგად იქნება!

 

ელისო კილაძე