ნიკა რურუა: „ქართულ ოცნებაში“ ხარბი ბავშვებივით ცდილობენ, მთლიანად შეჭამონ ტორტი, რომელიც მათ არ ეკუთვნით“

ნიკა რურუასთან ჩვენი საუბარი მას შემდეგ ჩაიწერა, რაც საფრანგეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იქნება. ნიკა რურუამ ამ ფაქტს „ევროპისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა“ უწოდა:

„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის და კარგი დღეა ევროპის ნაწილად გახდომის მსურველი ქვეყნებისთვის, ანუ ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, ახლა, ლე პენს რომ გაემარჯვა, მთელი ჩვენი ეროვნული მიზანი ევროპის ნაწილად გახდომისა, ფაქტობრივად, გაჩანაგდებოდა, დაინგრეოდა.

საფრანგეთი რომ ევროკავშირიდან გასულ დიდ ბრიტანეთს მიჰყოლოდა და საფრანგეთი რომ ნატოდან გასვლის გზას დასდგომოდა, რასაც ლე პენი ქადაგებდა, ფრუსტრაციასა და უიმედობას მიეცემოდა ჩვენი ხალხი.

ლე პენი სწორედ ამას ამბობდა, რომ თუ პრეზიდნეტი გახდებოდა, ევროკავშირიდანაც და ნატოდანაც გაიყვანდა საფრანგეთს. კიდევ კარგი, ეს არ მოხდა: საფრანგეთმა დამაჯერებლად დაამარცახა ეს ულტრამემარჯვენე პუტინისტი, პოპულისტი ქალბატონი, რომელიც ირაციონალურ შიშებზე თამაშობდა და ნორმალური მოთამაშე აირჩია, ცენტრისტი მაკრონი, რომელიც იმედისმომცემი პოლიტიკოსია.

მისი ხედვები ბევრად სჯობს ლე პენის ხედვებს, პირველ რიგში, ევროპის  ერთიანობისა და ტრანსატლანტიკური სიძლიერის მიმართ და ძალიან კარგია, რომ ასეთი გამარჯვება იზეიმა არა მარტო საფრანგეთმა და ევროპამ, არამედ საქართველომაც.

ირიბად ეს ჩვენთვისაც კარგია: როგორც იცით, ლე პენს პუტინი პირდაპირ ეხმარებოდა ფულით, პროპაგანდით, თავისი ჰაკერული ოპერაციებით, რომელიც მაკრონის საარჩევნო შტაბის წინააღმდეგ განახორციელეს, მაგრამ ხალხმა ამ ყველაფერს დემოკრატიულად უთხრა უარი და დამარცხდა ფაშისტი, პუტინისტი ლე პენი და გაიმარჯვა ევროატლანტისტმა მაკრონმა, რაც ძალიან მისასალმებელია“.

ამის შემდეგ, ბუნებრივია, საუბარი კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე დაწყებულ „საერთო-სახალხო განხილვაზე“ ჩამოვარდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და ერთ-ერთმა ლიდერმა არ დამალა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება არა მარტო მმართველი პარტიის მიერ დადგმული იმ სპექტაკლების მიმართ, რომლებიც განხილვის შეფუთვით ვნახეთ, არამედ იმ კოლეგების მიმართაც, რომლებიც ამ განხილვებში, ზოგადად, მონაწილეობენ, თუმცა უარყოფით პოზიციასა და დამოკიდებულებას გამოხატავენ:

„ნამდვილად არ არის ეს სახალხო განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ ასე ჰქვია. ეს არის ფარსი და დაახლოებით იგივეა, რომ სანიშნე ფირნიშნი გავაკეთოთ, დავაწეროთ „ცხენი“, ჩამოვკიდოთ ღორს და ხალხს ვუმტკიცოთ, რომ ეს არის ცხენი…

რაც არ უნდა დაარქვა, შინაარსი კარგად ჩანს. დღეს ტელევიზიის, ინტერნეტისა და ტვიტერის ერაა, ძალიან ძნელია, ვინმე მოატყუო.

ის, რასაც აკეთებენ, ვერანაირად ჩაითვლება სახალხო განხილვად. ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომელშიც არც ერთი თავმოყვარე ადამიანი არ მიიღებს მონაწილეობას. ცდილობენ, განხილვის აი, ასეთი, ვიზუალური ეფექტი შექმნან, რაც შემდგომ ესაჭიროებათ, რათა ეს აბსოლუტურად არადემოკრატიული და დამღუპველი ცვლილებები მოახვიონ თავს ხალხსა და ქვეყანას.

ეს ცვლილებები ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს და უფრო ღრმად გაიდგას ფესვები ოლიგარქიამ და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანაში. მათ უნდათ, საკუთარი მმართველობის, ხელისუფლებაში დარჩენის ვადები უსასრულოდ გაახანგრძლივონ. ამას აკეთებენ უკანონოდ და ძალიან თავხედურად.

_ თქვენთვის, ზოგადად, ცვლილებების პროექტში ჩადებული პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესია მიუღებელი, თუ ის, რომ, კონკრეტულად, ქართული რეალობის გათვალისწინებით, როცა გამარჯვებული პარტია, ფაქტობრივად, ყველაფერის გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს?

_ ნორმალურია, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას საკუთარი ინტერესების დაცვა უნდოდეს, მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ კარგი პროგრამების, სუფთა მმართველობის, გასაგები კომუნიკაციისა და მსგავსი მეთოდების შემთხვევაში, არა კონსტიტუციის სათავისოდ გადაკეთებით. ეს სრულიად არნახული თავხედობაა და ისე მიმდინარეობს, ვითომ არაფერია: კანონიერების ილუზიას რაღაცნაირად აკეთებენ, მაგრამ, ვიმეორებ, როგორც ღორს ვერ გადააქცევ ცხენად, რაც არ უნდა ნიშანი მიაკერო, ისე ამ ფარსს ვერ გადააქცევ რეალობად.

ეს ცვლილებები, რომელიც ხალხისთვის თავსმოხვეულია, მას ართმევს უმნიშვნელოვანეს უფლებებს. პირველ რიგში, ეს ცვლილებები ასუსტებს ხალხს და ჩვენს ისედაც მყიფე დემოკრატიას. ერთი უფლება, რომელსაც ნამდვილად ვერ დავთმობთ, არის პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევა: ხალხი თავის პრეზიდენტს ირჩევს დღიდან დამოუკიდებლობის მიღებისა და ასეც უნდა დარჩეს. ეს ფუნდამენტური უფლებაა, რომლის დათმობა მხოლოდ ხალხის ნებართვით შეიძლება, რაც ხელისუფლებას არ გააჩნია.

ამის წართმევის უფლება, ვიმეორებ, ხალხისთვის არავის აქვს. ხალხს ართმევენ ამ უფლებას და აძლევენ ვიღაც პარლამენტარებს, რომლებიც შემდეგ იქ საკუთარ მსახურს, მონას დააყენებენ პრეზიდენტად, რომელიც იქნება არა ხალხის, არამედ ერთი პოლიტიკური ძალის მსახური, რაც სრულიად დაუშვებელია. ე. ი. ყოველთვის გამარჯვებული დანიშნავს პრეზიდენტს და განადგურდება ძალაუფლების დაყოფის დღეისთვის ისედაც სუსტად დანერგილი, მაგრამ აუცილებელი პრინციპი.

ძალაუფლების დაყოფის კონსტიტუციური  პრინციპი ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში ტირანიამ, ერთმმართველობამ ვერ მოიკიდოს ფეხი.

არ არის აუცილებელი, ტირანია ეშაფოტებთან და სახრჩობელებთან ასოცირდებოდეს, ტირანია შეიძლება იყოს ასეთიც _ ჭაობისმაგვარი და წერტილოვნად რეპრესიული, როგორიც ის დღესაა საქართველოში. ტირანია, ამავე დროს, არის სიტუაცია, სადაც მოქალაქეები არჩევნებით ვერ ცვლიან ხელისუფლებას. ახლა, ფაქტობრივად, არჩევნების გაუქმებასთან გვაქვს საქმე.

_ ეს თემა უფრო გავშალოთ: რატომაა არასწორი და წამგებიანი ეს საკონსტიტუციო ცვლილებები? კონკრეტულად, რას და როგორ ემუქრება იგი?

_ მოგეხსენებათ, პრეზიდენტი, ზოგადად, დამაბალანსებელ ფუნქციას თამაშობს, ყველა სხვა ფუნქციასთან ერთად. რაც არ უნდა გაუბედავად იქცეოდეს დღევანდელი პრეზიდენტი, მისი არჩევა ხალხს უფლებას აძლევს, მას საკუთარი, პირადი წარმომადგენელი ჰყავდეს მთავრობის დამბალანსებლად. მაშინ, როცა მთავრობა ყოველთვის შედგება ხოლმე პარლამენტში გასული ძალისგან, ამის დამბალანსებელი საქართველოში სხვა თანამდებობის პირი, გარდა პრეზიდენტისა, აღარავინაა.

იდეალურ შემთხვევაში დამბალანსებლის როლი უნდა ითამაშოს სასამართლომ, მაგრამ დღეს სასამართლოც მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრისა და ოლიგარქ ივანიშვილის ჯიბეშია.

ამიტომ ერთადერთი ძალაუფლების ინსტრუმენტი ხალხის ხელში არის ხალხისვე მიერ პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი, რომ ეს პრეზიდენტი არ დაემონოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და საჭირო მომენტებში ქვეყნისა და ხალხისთვის სწორი ნაბიჯები გადადგას.

იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის დიდი ტრადიცია არსებობს, ეკონიმიკა ძალიან ძლიერია, სადაც ხალხი დემოკრატიულად არის განწყობილი, ელექტორატი განათლებულია, ქვეყანას საფრთხეები არ ემუქრება, შეიძლება სიმბოლური იყოს ცერემონიული პრეზიდენტიც, მაგრამ ჩვენს რელობაში, როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, როცა ჯერ კიდევ არ ვართ საერთაშორისო თავდაცვითი ორგანიზაციების ნაწილი, როცა ჯერ კიდევ არ ვართ თავისუფალი სამყაროს განუყოფელი წევრი, როცა საქართველო ჯერაც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ, თავის, 25-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშნებლობის მიმართულებით, როცა ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა _ ამ დროს ძალაუფლების უზურპირება ძალიან რეალური და საშიშია, ეს პირდაპირ ნიშნავს უამრავი კასტასტროფული შეცდომის დაშვებას მთავრობის მხრიდან და, ამავე დროს, მის დაუსჯელობას; ანუ ბევრი დამღუპველი გადაწყვეტილების მიღებას ისე, რომ ამაში ხელისუფლებას ვერავინ ხელს ვეღარ შეუშლის და თან ამგვარად დამღუპველი, ცუდი, უვიცი ხელისუფლება დიდი ხნით დარჩება და გააგრძელებს იმ ქმედებებს, სანამ  მერე რაღაც ძალით არ გადააგდებს განრისხებული ხალხის მასა, ისევ რევოლუციისმაგვარი ქმედებით, რაც ძალიან არასასურველია. როდესმე საბოლოოდ უნდა დაინერგოს ხელისუფლების ცვლის მშვიდობიანი ხერხი.

დღეს რეალობა ასეთია: ქვეყანას მართავს აურჩეველი ოლიგარქი, ყველაზე მდიდარი კაცი, რომელიც ჩვენს ოკუპანტ ქვეყანაში გამდიდრდა და არის „გაზპრომის“ აქციონერი, ანუ რუსეთის სტრატეგიული იარაღის _ გაზის სახელმწიფო კორპორაციის მოწილეა.

ეს მრავლისმეტყველი ფაქტია _ იგი სამუდამოდ იწყობს ქვეყნაში პირად კომფორტს, რომ ყოველგვარი ანგარიშვალდებულებისა და თანამდებობაზე ყოფნის გარეშე ისე მოიყვანოს და გაუშვას მთავრობები, როგორც მას მოეხასიათება.

ცხადია, ეს, მხოლოდ მის პირად ინტერესებში შედის, მაგრამ არ შედის ხალხისა და ქვეყნის განვითარების ინტერესებში, იმიტომ რომ სადაც არ არის კონკურენცია, სადაც არ არის ოპოზიცია, იქ, როგორც წესი, მიიღება ბევრი კორუმპირებული, ჩლუნგი, უვიცი, ტლუ, ანტისახელმწიფოებრივი და გამყიდველური გადაწყვეტილება _ ეს ასე იყო ყველაგან ისტორიულად და ასე იქნება ჩვენთანაც.

ძალაუფლების შტოებად დაყოფის, ამ შტოების მიერ ერთმანეთის დაბალანსებისა და ურთიერთშეკავების პრინციპები წმიდათაწმიდა რამ არის დემოკრატიაში. ამის გარეშე დემოკრატია ქრება და რჩება ან ოლიგარქია, ან _ ტირანია. ამის შედეგად ქვეყანა საერთოდ კარგავს დამოუკიდებლობას და ხდება უფრო ძლიერი მეზობლის ვასალი.

ეს ე. წ. კონსტიტუციური ცვლილებები არანაირად არ არის პოლიტიკური და პარტიული საკითხი _ ზეპარტიული საკითხია. მეტსაც გეტყვით: ეს „ოცნებისთვისაც“ კი ცუდია, ოღონდ ისინი, ძალაუფლებით მთვრალები, ამას ჯერ თვითონაც ვერ ხვდებიან…

ელემენტარულია, რომ ზედმეტი ძალაუფლება დამღუპველ შეცდომებს დააშვებინებს მათ და ამის გასაცნობიერებლად „მეოცნებეებს“ არც შესაბამისი კომპეტენცია აქვთ, არც განათლება და არც _ ისტორიის ცოდნა. ისინი, როგორც ხარბი ბავშვები, მთლიანად ცდილობენ იმ ტორტის შეჭმას, რომელიც მხოლოდ მათ არ ეკუთვნით.

_ ორი სიტყვა პრეზიდენტზეც უნდა ვთქვათ: მისი პოზიცია ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ის დათანხმდა საერთო-სახალხო განხილვის იდეას. რატომ? სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, თუ ეს რაღაც ტაქტიკურ მანევრად შეგვიძლია მივიჩნიოთ?

_ ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტაქტიკურ თამაშს თამაშობს, რადგანაც მას პოლიტიკური გუნდი არ გააჩნია, გარდა თავის ადმინისტრაციაში მყოფი ორი-სამი კაცისა.

როგორც ჩანს, მას არ უნდა ღია დაპირისპირებაზე წასვლა და ცდილობს, ნელი, მონოტონური წინააღმდეგობის გაწევას. მაგრამ მას რომ ეს ცვლილებები არ მოსწონს, ფაქტია. მან არაერთ შეხვედრაზე განაცხადა, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთანაც, რომელსაც მეც ვესწრებოდი, რომ ის ბოლომდე იბრძოლებს, რათა არ იყოს ხალხის მიერ არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტი საქართველოში და ამის საშიშროება დღეს ნამდვილად დგას.

თუ პრეზიდენტმა ხალხის უფლება დათმო, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის პრეზიდენტი აირჩიონ, ეს იქნება სამარცხვინო მის პოლიტიკურ კარიერაშიც და აბსოლუტურად დაასამარებს მას, როგორც პოლიტიკოსს _ არა მგონია, რომ ასეთი რამ პრეზიდენტ მარგველაშვილს უნდოდეს.

ზოგადად, რაც შეეხება დღევანდელი კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს, ისინი ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი უფლებებია იმისთვის, რომ მან იმუშაოს თავკომბალა აღმასრულებელი ხელისუფლების, პრემიერისა და მთავრობის დაბალანსებისთვის: პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი, ის არის წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, მას აქვს შეწყალების უფლება, ჰყავს უშიშროების საბჭო, რომლის მოწვევის უფლებაც აქვს, შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი კრიზისის შემთხვევაში, შეუძლია დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები…

ანუ ის აღჭურვილია ბევრი კონსტიტუციური ფუნქციით და მას პირდაპირ ირჩევს ხალხი. ამიტომ მას დიდი ლეგიტიმურობა აქვს და სწორედ ამიტომ არაფრით არ შეიძლება პრეზიდენტის ინსტიტუტის განადგურება, რომელიც წვალებ-წვალებით და, როგორღაც, ჩამოყალიბდა საქართველოში.

_ ენმ-ს სამომავლო სტრატეგია როგორია ამ „განხილვის“ პირობებში, რას აპირებთ? ხომ არ შესულა ცვლილება თავიდანვე გაცხადებულ გეგმაში?

_ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო ფარსი და თავიდანვე ვთქვით.  საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველივე დღიდან და მისი მუშაობის სტილიდან ჩანდა, რომ ეს იყო ფარსი, რომ ხელისუფლება თავისი ჯინიანობის გაგრძელებას ისეთივე ძალადობით, ისეთივე ხელების გრეხით აპირებდა, როგორც ამას კომისიაში აკეთებდა.

გახსოვთ, ალბათ, რომ საკონსტიტუციო კომისია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ დატოვა და იქ „ქართული ოცნება“ მარტოდმარტო დარჩა რამდენიმე ექსპერტის ამარა; როდესაც ამ გზაზე მმართველმა პარტიამ ნახევარი უკვე გაიარა ხელების ამგვარად გრეხით, ცხადი იყო, რომ ე. წ. სახალხო განხილვა ფარსი, სპექტაკლი იქნებოდა, რაშიც მონაწილეობა არ უნდა მიგვეღო. ჩვენ ვთქვით, რომ ხალხს დაველაპარაკებით, საქმის ვითარებას და წამოჭრილ საფრთხეებს პირდაპირი გზით ავუხსნით, ყველანაირი სპექტაკლის გარეშე და მასში მონაწილეობის გვერდის ავლით. ასეც ვაკეთებთ: უკვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. დღეს ორი ღონისძიება გვქონდა იმერეთში. კახეთშიც ვიყავით და ხალხთან შეხვედრებისას მათ ვუხსნით, რომ თუ ისინი პრეზიდენტის არჩევის უფლებას დათმობენ, ყველა ის პრობლემა, რომელიც ძალიან აწუხებთ, გაათმაგდება…

_ სხვათა შორის, საინტერესოა, რომ თამარ ჩუგოშვილმა, მაგალითად, აბსურდი იმ ცვლილებას კი არ უწოდა, რომელსაც აპირებენ, არამედ უკვე არსებულ ჩანაწერს. „ერთხელ რომ ეს აბსურდი ჩაიწერა, არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ უნდა დარჩეს“, _ ეს მისი სიტყვებია… არსებობს რაიმე ფორმით ლოგიკა, რომელიც პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევას აბსურდად მოიაზრებს?

_ არანაირი ლოგიკა ამაში არ არსებობს, ცხადია. მათი განცხადებები განპირობებულია მხოლოდ ხელისუფლების ეგოისტური სურვილით. აბსურდია სწორედ ის განცხადებები, რასაც ქალბატონი ჩუგოშვილი აკეთებს.  დასანანია, რომ ეს ახალგაზრდა მარიონეტად იქცა ივანიშვილის ხელში. მას არც კომპეტენცია აღმოაჩნდა და, რაც მთავარია, არც პოლიტიკური წესიერება, რომ ქვეყნის ინტერესებს დაუჭიროს მხარი მაშინ, როცა მისი პოლიტიკური გუნდი ამ ინტერესების წინააღმდეგ ილაშქრებს. ჩუგოშვილი თავისი პოლიტიკური გუნდისა და ოლიგარქის მიერ ახირებული დღის წესრიგის ტყვეობაში დარჩა და ივანიშვილის ხელში თოჯინა გახდა, რომელიც ამ ყველაფრის შემსრულებელია. ეს ძალიან დასანანია, რადგან მან პოლიტიკური კარიერა გაიფუჭა და სამარცხვინო სპექტაკლში მონაწილეობს. ჩუგოშვილი გადაიქცა „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივ პროპაგანდისტად, ამიტომ მისი სანდოობა ნულის ტოლია.

_ ბოლოს ისიც დაამატა, რომ ამ ცვლილებას ვენეციის კომისიაც ეთანხმებაო…

_ არ მგონია, რომ ვენეციის კომისიამ ეს აბსურდული მოდელი კონტექსტის გაუთვალისწინებლად მოიწონოს. კონტექსტი კი ის არის, რომ საქართველოს მართავს არაფორმალური მმართველი, რომელიც არავის აურჩევია და არანარი დემოკრატიული ანგარიშვალდებულებით არ არის შეზღუდული.

ზუსტად ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ _ ჩუგოშვილისა და მაგვართა ზედაპირული ფსევდოკომპეტენცია რომ ნებისმიერი მცოდნე ადამიანის ვერავითარ დარწმუნებას ვერ შეძლებს, ეს არის ორჯერ ორი…

ფურცელზე თუ რაღაც კარგად გამოიყურება, ეს არ ნიშნავს, რომ ის ცხოვრებაშიც კარგად იმუშავებს. ასე რომ, კონტექსტი უმთავრესია ამ, ფაქტობრივად, ახალი კონსტიტუციის ობიექტური შეფასებისას. დღეს, სადაც არაფორმალური მმართველობაა, იქ არ შეიძლება ყველაფერი ერთი ძალის ხელში იყოს. ამიტომ იქ პრეზიდენტი პირდაპირ უნდა ირჩეოდეს, რომ ხალხმა, რაღაცნაირად, დამაბალანსებელი ფაქტორი შექმნას ხელისუფლებაში. სხვა ასეთი ფუნქცია დღეს არავის აქვს.

არაფორმალური მმართველი იმდენად მდიდარია და იმდენად ყოვლისმომცველია დღეს, რომ არ შეიძლება, ამის გაუთვალისწინებლად რაღაც სისტემაზე ვთქვათ, რომ რადგან ფურცელზე უვნებლად გამოიყურება, ის ცხოვრებაშიც დემოკრატიულად და ეფექტიანად იმუშავებს.

_ პრემიერი აშშ-ში გაემგზავრა. თქვენ იცით ამგვარი შეხვედრების კულუარები და რამდენად არსებობს იმის შანსი, ამ ცვლილებების აბსურდულობაზეც მიანიშნონ დიპლომატიურად ბატონ კვირიკაშვილს?

_ აუცილებლად. ამ თემაზე მას იქ მკაფიოდ დაელაპარაკებიან და აშშ-ში ეტყვიან, რომ ეს იდეები, რის გათრევასაც ისინი ცდილობენ, არის მავნე, დამაზიანებელი და ცუდი. ამერიკაში ძალიან აფასებენ ძალაუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული მმართველობის ყველა ინსტრუმენტს, რომელიც ძლივს სახეზეა საქართველოში. საკმაოდ მოულოდნელია, მაგრამ არსებული კონსტიტუციური მოდელი ძალაუფლების უზურპაციისგან დაზღვევისთვის მაინც გამოდგება. დღევანდელი მოდელი ამაზე იმუშავებს, თუ მას შევინარჩუნებთ და ეს არა მარტო ჩვენ ვიცით, ეს ევროპასა და აშშ-შიც იციან.

_ ისე, ტრამპის მიერ საქართველოს მთლიანობისა და დეოკუპაციის მხარდამჭერი კანონის ხელმოწერის შემდეგ სოციალურ ქსელებში იმასაც ხუმრობდნენ, მგონი, დეოკუპაციით აშშ უფროა დაინტერესებული, ვიდრე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებაო…

_ სამწუხაროდ, ასეა, იმიტომ, რომ აშშ გლობალური მოთამაშეა და ხვდება, რომ ეს პრეცედენტები, რომელიც ძალიან საშიშია, ზოგადად, მსოფლიოსთვის, მავნეა ყველასთვის _ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის ქვეყნებისთვისაც, აშშ-სთვისაც და მთელი თავისუფალი სამყაროსთვისაც.

სეპარატიზმს, ამ მახინჯ იარაღს, რომელსაც სხვა ქვეყანა აქეზებს, თუ ცივილიზებული მსოფლიო შეუმჩნევლად დატოვებს, მას გამოიყენებენ ყველგან.

ამიტომაც არის მწვავე ახალი ადმინისტრაციის რეაგირება. ეს სწორია, პრაგმატული და, რაც მთავარია, სამართლებრივი დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეთნიკური წმენდის შედეგად გამოცარიელებული ტერიტორია არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. სეპარატისტებმა რუსული სამხედრო და პოლიტიკური მანქანის დახმარებით ეთნიკური წმენდა ჩაატარეს აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც და ახლა მოუნდათ, რომ მთელმა მსოფლიომ მათ დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი მისცეს… ვერ მიართვეს და ეს არც არასოდეს მოხდება _ იქ ჩვენ დავბრუნდებით და ერთად ვიქნებით თანასწორუფლებიანი მოქალაქეები დემოკრატიული, ერთიანი, წარმატებული ქვეყნისა…

_ პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“, თქვენი ყოფილი თანამებრძოლები, ასევე ემიჯნებიან ამ ცვლილებებს, კრიტიკულ განცხადებებსაც აკეთებენ, მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, ისინი განხილვაში იმ პრინციპით მონაწილეობენ, რომ „ქართული ოცნება“ მარტო არ უნდა დატოვონ და ტრიბუნა გამოიყენონ. თქვენი არჩეული ტაქტიკა ცხადყოფს, რომ ამას არ ეთანხმებით. როგორ აფასებთ მათ ამ გადაწყვეტილებას?

_ ცხადია, იქ „ევროპული საქართველოს“ ჯდომა „ოცნებისთვის“ კომფორტულია, რადგან ის ამ მახინჯი პროცესის „გაკეთილშობილების“ ეფექტს ქმნის. არ მეჩვენება მათი მონაწილეობა გამართლებულად. ისინი ამით თავს ირცხვენენ, მაგრამ ეს მათი საქმეა: ეს არის სრულწლოვანი ხალხის გაერთიანება და საკუთარ რეპუტაციაზე თავად უნდა იფიქრონ. მე მათ რჩევებს ვერ მივცემ, თუ რა არის კარგი და რა _ ცუდი, თვითონ იდარდონ. ჩემი აზრით კი ისინი შეგნებულად „აკეთილშობილებენ“ იმ ფარსს, რომელშიც მონაწილეობენ „ოცნებასთან“ ერთად. რეალურად, მათი იქ ლაპარაკი არაფერს შეცვლის. მათ დღეს, ჩემი აზრით, უფრო ღია და მკვეთრი ოპონირება უნდა გაუწიონ მმართველ პარტიას, ვიდრე სცენაზე ერთი-ორი წამოკნავლებაა.

ცხადია, ეს არის სპექტაკლი, რაც კარგად გამოჩნდა ამბროლაურში, სადაც ისიც კი არ იცოდნენ, ირაკლი ღარიბაშვილია სცენაზე, თუ ვინმე სხვა.

ეს იყო მოყვანილი ხალხი, წინასწარი კითხვებით და ძალიან ცუდი სანახავი გახლდათ: ნამდვილ საბჭოთა „ამხანაგურ“  სასამართლოს ჰგავდა ყველა შეხვედრა. იქ მიყვანილები მათივე პარტაქტივი და გამგეობის თანამშრომლები არიან. ეს „ოცნებაზე“ დამოკიდებული მიკერძოებული ხალხია. რეალური მიუკერძოებელი მოქალაქეები იქ ან არ არიან, ან მათ ხმას, უბრალოდ, ახშობენ.

_ ხომ არ გგონიათ, რომ ენმ-ც უნდა ჩავიდეს განხილვის ადგილებში და, თუნდაც, დარბაზში შეუსვლელად, იქ მისულ ხალხს დაელაპარაკოს, ამით კი დისკომფორტი შეუქმნას მმართველ პარტიას? ასეთი მოსაზრებებიც გაჩნდა მხარდამჭერებში…

_ რეალურად, დისკოფორტს შექმნის ის, რომ ხალხმა ეს უფლება არ დათმოს, თორემ ადგილზე მათ სპექტალში მონაწილეობა არანაირ დისკომფორტს არ შექმნის. პირიქით, მათ წისქვილზე დაასხამს წყალს და იტყვიან, რომ აი, დესტრუქციული ელემენტები როგორ იქცევიან…

დისკომფორტი „ოცნებას“ მასობრივი პროტესტით შეექმნება, რაც აუცილებლად მოხდება, თუ ასე გააგრძელებენ ძალადობას კონსტიტუციაზე და ხალხის უფლებებზე.

ასე რომ, მათ ეს კომუნისტური სტილის შეხვედრები ღმერთმა შეარგოთ, ჩვენ კი პირდაპირ ხალხთან ვილაპარაკებთ: ყველას ავუხსნით, რომ ის უფლება, რაც მათ ბოლო 25 წელია აქვთ, „ქართული ოცნების“ ახირების გამო, შესაძლოა, წაართვან და ეს არ არის ის, რასაც უნდა შეელიონ. ეს არის უფლება, რომელიც ხალხმა არავის არ უნდა დაუთმოს.

_ სხვათა შორის, 9 პოლიტიკური პარტიის განცხადებაზეც უნდა გკითხოთ: ისინი ახლა აცხადებენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, რომ 137 000-ზე მეტი ხმა გაბათილდა. სადავო უბნების გახსნას და ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვენ… ამაზე რას იტყვით?

_ ეს ყურადღების გადატანაა დღევანდელი საკითხიდან. თუ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ცვლილებები არ უნდა გაატანინონ, ამაზე უნდა ილაპარაკონ, რა დროს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია?! ეს არჩევნები ჩავლილი წყალია და ამის რევიზიას არავინ დაიწყებს. არასერიოზულია ამაზე დროის დაკარგვა. ლეიბორისტებზე ვერ ვიტყოდი, დანარჩენი კი, შესაძლოა, ხელისუფლებისგან გაკონტროლებული ძალები არიან. თუმცა, შესაძლოა, ყველაც ასე იყოს, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა და იმ ოპოზიციური ძალების გარდა, ვინც გაერთიანებულია მოძრაობაში „დაიცავი კონსტიტუცია“.

_ ხელისუფლების სიმყიფეზე რას იტყვით? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გადადგა, გაზაფხულზე ცვლილებებს ბევრი აანონსებს. თქვენი აზრით, სახელისუფლებო რყევები იქნება?

_ ერთადერთი კაცი, ვისაც რეალურად შეუძლია გადააყენოს ვინმე, ეს არის ივანიშვილი. ვინ უნდა გადააყენოს პრემიერი, თუ არა ივანიშვილმა? ვინმეს გადააყენებს თუ სხვას მოიყვანს, ამით საქმის არსი არ შეიცვლება. არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ცვლილებებს, ვიდრე არაფორმალური მმართველობა არ დასრულდება და „ქართული ოცნება“ სხვა პოლიტიკური ძალით არ ჩანაცვლდება, რომელზედაც ივანიშლვილს გავლენა არ ექნება.

სხვა შემთხვევაში იქმნება ილუზია, რომ რაღაც იცვლება, მაგრამ, სინამდვილეში, არაფერი შეიცვლება. შეიცვლებიან პერსონები, მაგრამ მარიონეტების მმართველი იგივე იქნება და პრობლემებიც მხოლოდ დამძიმდება…

_ უკვე მესამე წელია, „ღამის მგლები“ ბერლინისკენ მიიწევენ და ვერც ერთხელ მიაღწიეს მიზანს. წელს ისე ჩანდა, რომ ხელისუფლებამ, შსს-მ იაქტიურა, განცხადებები გაკეთდა, თვითონ რუსმა ბაიკერებმა აღნიშნეს, რომ ზემო ლარსიდან უკან გააბრუნეს და ქვეყანაში შესვლის ნებართვა არ მისცეს. რით იყო ეს გამოწვეული? ასეთი სიმკვეთრე წინა წლებში არ გვახსოვს და ცოტა ხნის წინათ „ღამის მგლებმა“, საერთოდაც, ჩვენს ცხვირწინ მოილოცეს სვეტიცხოველი…

_ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო. შსს-ს განცხადება ერთადერთი სწორი რამ იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცები ადრე შემოუშვეს, ან შემოეპარათ. განცხადება, რომ არ შემოუშვებენ, კარგი განცხადებაა, მაგრამ ამ განცხადებას საქმე უნდა მოჰყვეს (საუბარი მანამდე ჩაიწერა, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი, დაუბრკოლებლად შემოვიდა, შსს-მ კი განაცხადა, რომ მას საბუთები წესრიგში ჰქონდა, _ რედ.), ამას აღსრულება სჭირდება.  ამიტომ ეს უნდა აღასრულონ და პირდაპირ უნდა გააბრუნონ პროვოკატორები და ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელები. ისინი არ არიან მხოლოდ შეურაცხმყოფელები და პროვოკატორები _ ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა ერზე; ამით ჩვენ დაშინების  აქციას გვიტარებენ რუსი ოკუპანტები, რომ ამ მეთოდებით შეგვაგუონ იმ დაბეჩავებულ მდგომარეობას, რომელშიც დღეს საქართველოა.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაშიც ხვდებიან ხალხის განწყობას. მთავარი ამ საკითხში სწორედ ის არის, რომ ხალხის პროტესტი საკმაოდ მკაფიო იყო და ამან ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებაც განაპირობა. სწორედ ხალხის პროტესტმა და აღშფოთებამ უბიძგა შს სამინისტროს, რადგან სხვა შემთხვევაში აუცილებლად მოხდებოდა ინციდენტები და ამაზე პასუხისმგებელი, ცხადია, მათი შემომშვები ხელისუფლება იქნებოდა.

_ მიხეილ სააკაშვილზეც უნდა გკითხოთ: ბოლო დროს, უკრაინაში მისი პარტიის პოპულარობის ზრდის ხარჯზე ტენდენცია შეიმჩნევა, რომ მისი გუნდის წევრებს უკრაინის მოქალაქეობას ართმევენ და ამას აკეთებს უკრაინის პრეზიდენტი. ერთ-ერთმა ასეთმა პირმა, სააკაშვილის გუნდის წევრმა, საშა ბოროვიკმა, განაცხადა, რომ შემდეგი, შესაძლოა, სწორედ სააკაშვილი იყოს, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ გახდება აპატრიდი, ანუ პირი მოქალაქეობის გარეშე. რამდენად არსებობს ამის საშიშროება?

_ ვერ გეტყვით, მაგრამ არ მგონია, რომ პოროშენკო ამაზე წავიდეს, იმიტომ რომ უკრაინაში ამას სერიოზული მღელვარება მოჰყვება, _ იქ, იმ კორუმპირებულ გარემოში, სააკაშვილი ბევრისთვის კორუფციასთან ბრძოლის ერთადერთი სიმბოლოა, საშუალებაა, რადგანაც უკრაინაში, როგორც ვიცით, პოლიტიკური კლასი ძალიან კორუმპირებულია და სააკაშვილი ხალხს არაკორუმპირებულობის გამო ეიმედება. ამიტომ ასეთი ბრიყვული ნაბიჯი თუ გადაიდგა, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, სააკაშვილის პოპულარობას გაზრდის და ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს  თვითონ უკრაინის მთავრობასა და პრეზიდენტს. ვფიქრობ, ეს უფრო შანტაჟისა და დაშინების მცდელობას ჰგავს, ვიდრე რეალობას.

_ რამდენად ხშირად გაქვთ პოლიტსაბჭოს წევრებს მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი? რას ფიქრობს იგი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე?

_ მართალი გითხრათ, აქაურ ამბებში, რეალურად, ჩვენი ქვეყნის წინა პრეზიდენტი არ ერევა _ არც პარტიულ საქმეებში და არც  ყოველდღიურ საქმეებში, რადგან თავისი უკრაინული საქმეებით არის დაკავებული; ინფორმირებულობას რაც შეეხება, როგორც ჩანს, ის ქართულ ტელევიზიას უყურებს, პრესას და სოცმედიას ეცნობა, მაგრამ ყოველდღიურობაში ჩაბმული ნამდვილად არ არის.

_ თქვენ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხშირად ხვდებით ახალგაზრდებს, უკითხავთ მათ ლექციებს. რა შეგიძლიათ თქვათ, როგორი თაობა მოდის? იპოვის კრემლი მათში დასაყრდენს?

_ შემიძლია ვთქვა, რომ კრემლი ვერ იპოვის ახალგაზრდებში დასაყრდენს, იმიტომ რომ ჩვენს ხალხს თავისუფლება ძვირად უღირს და ჯერ კიდევ შეუძლია მტრისა და მოყვრის გარჩევა. ყველა მიზეზი მაქვს ვიწინასწარმეტყველო საქართველოს ერთიანი და დემოკრატიული მომავალი, მაგრამ ეს მონაცემებია, რომელსაც რეალიზება უნდა; ამას ბევრი შრომა და თავდადება სჭირდება, რადგან ასეთი მომავალი გარანტირებულად არ მოდის. ამას ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებზე საერთო თანხმობა სჭირდება. ამ თანხმობას კი დაცვა და გაფრთხილება უნდა, იმიტომ, რომ სწორედ ამ ეროვნულ თანხმობას ერჩის რუსეთის პროპაგანდა, ამას ერჩიან რუსეთის გავლენის აგენტები საქართველოში, რომელიც არც ისე ცოტანი არიან პოლიტიკურ კლასსა თუ მედიასივრცეში…

ამიტომ ამ პროპაგანდისტულ მანქანას აქტიური წინააღმდეგობა სჭირდება ქვეყნის პატრიოტების მხრიდან; ორგანიზებული წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსეთს, რომელიც ცდილობს, თავგზა აუბნიოს ქართველ მოქალაქეთა დიდ ნაწილს იმისთვის, რომ ხელი ააღებინოს თავისუფალ არჩევანზე. რა თქმა უნდა, ეს ისეთი ბრძოლაა, რომელიც უნდა მოვიგოთ. აქ წაგების უფლება არ გვაქვს, თანაც, ეს საკმაოდ გრძელვადიანი და დამღლელი ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ იმ მხარეს ვართ, სადაც სიმართლეა და ჩვენს  ფუნდამენტურ ინტერესებს ვიცავთ. ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი. მაგრამ ვიმეორებ: ამას უნდა ერთიანობა, გააზრებული გამბედაობა და ყოველდღიური შრომა. ხალხმა ნელ-ნელა უფრო კარგად ისწავლა თვითორგანიზება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვითკმაყოფილებამ მოგვიცვას. ამის უფლება თავს არ უნდა მივცეთ, რადგან სამშვიდობომდე ჯერ არ მივსულვართ, თუმცა იგი არც ისე შორია, როგორც ეს შეიძლება, ვინმე სულმოკლეს ეგონოს…

 

ლაშა ბერულავა