ცისანა როსტობაია: „ხელისუფლება შეიცვლება და ირაკლი აუცილებლად დაბრუნდება პოლიციაში!“

 

„თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გარიცხული ირაკლი ჩხვირკია 2017 წლის 23 აპრილს, ტაქსაობის დროს, შუა ქუჩაში კრიმინალივით დააკავეს. საქმე 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს და იმ ვანდალიზმს ეხება, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ქალაქის იერსახე.

ირაკლის დაჭერის შესახებ საზოგადოებამ მისი კუთვნილი ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეიტყო: „როგორც იქნა, აიხდინეს ოცნება და შემახეს თავისი ბინძური კლანჭები… დამიჭირეს!“ _ წერდა ჩხვირკია.

ჩხვირკიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მასობრივი არეულობის ორგანიზებას, ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ან/და ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა.

ყველაფერი კი 11 მარტს ბათუმში, ჭავჭავაძის გამზირზე, „ბათუმი პლაზასთან“, დაახლოებით 16:00 საათზე დაიწყო _ მაშინ, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოქალაქე ჯერ არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა, შემდეგ კი შეურაცხყოფისთვის დააკავა. ამ ყველაფერმა მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია, რაც სპონტანურ აქციაში გადაიზარდა. საპატრულო პოლიციის მუშაობით უკმაყოფილო ადამიანების დიდი ნაწილი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბა და დაკავებულების განთავისუფლება და სამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის გადაყენება მოითხოვას. უკვე მოგვიანებით პროცესები გართულდა, აქციაზე გამოჩნდნენ აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ჯაჭვებითა და „მოლოტოვის კოქტეილებით“.უამრავი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე სამოქალაქო პირების ავტომობილები. გამთენიისას, დაახლოებით, 05:00 საათზე სპეცრაზმმა აქცია დაშალა. აღნიშნულის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

 

„ქრონიკა+“ ირაკლი ჩვხირკიას თემით დაინტერესდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრსა და „თავისუფალი ზონის“ დამფუძნებელს, კობა ხაბაზს ესაუბრა:

_ ბატონო კობა, თქვენ ესწრებოდით ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესს ბათუმში, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა. პროცესის დასრულების შემდეგ თქვენ განცხადება გააკეთეთ, ამბობდით, რომ ირაკლი უდანაშაულოა, რის საფუძველზე განაცხადეთ ეს?

_ ის, რომ ირაკლი არ არის აქციის ორგანიზატორი, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. ირაკლი ჩხვირკია იმ დღეს თბილისში იმყოფებოდა. ჩვენ ერთად ვიყავით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, როდესაც ბათუმში მოსახლეობის საპროტესტო აქცია დაიწყო. მე და ირაკლიმ სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალების მიხედვით ერთად გავიგეთ ამ აქციის შესახებ. როდესაც ინფორმაცია გავრცელდა და ბათუმში მოვლენები დაიძაბა, ირაკლი ჩხვირკიამ მითხრა: „წავიდეთ ბათუმში, კობა, ეს ჩვენი კუთხეა“. მე ვუპასუხე, რომ, სავარაუდოდ, დილით შევძლებდი წასვლას. ირაკლიმ კი მითხრა, რომ თუ უფრო ადრე გამგზავრებას მოახერხებდა, აუცილებლად დამიკავშირდებოდა და თუ ვერ მოახერხებდა, დილას ერთად წავიდოდით.

დაახლოებით ღამის 01:00 საათზე მე კიდევ ვესაუბრე ირაკლის. მან მითხრა, რომ გამგზავრება მოახერხა მეგობართან ერთად და იმ წუთისთვის მცხეთაში იმყოფებოდა. ხაზგასმით აღვნიშნავ დროს: ეს ხდება, დაახლოებით, ღამის  01:00 საათზე, როდესაც მანქანები უკვე დამწვარია და როდესაც შეტაკებებს პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის უმძიმესი ფორმა აქვს მიღებული. ამის შემდეგ  ირაკლი ჩხვირკიას, დაახლოებით, 4-დან 5 საათამდე შუალედში ვესაუბრე. ეს ის დროა, როდესაც ჩხვირკია ბათუმში ჩავიდა. ვურჩიე, რომ ფრთხილად ყოფილიყო და პროვოკაციას არ წამოგებოდა, ირაკლიმ კი მიპასუხა: მე ხალხის გვერდით უნდა დავდგე, როგორმე განვმუხტო სიტუაცია. ხომ ვიცი, ხელისუფლება მტყუან-მართლის გარჩევას არ დაიწყებს და ყველას დაიჭერს. როდესაც მისი სატელევიზიო გამოსვლა მოვისმინე, კიდევ ერთხელ დავუკავშირდი ჩხვირკიას. მან მითხრა, რომ მისი ეს განცხადება ერთადერთი საშუალება იყო იმისა, რომ დრო მოგვეგო და ხალხი დაწყნარებულიყოო. ყველა ამ სატელეფონო ზარის, ჩხვირკიას ადგილსამყოფელის მოვლენების დაწყებისას რა დროს იმყოფებოდა ის მცხეთის მისადგომებთან, რა დროს ჩავიდა ბათუმში და ა. შ., ხომ უმარტივესია ამ ინფორმაციის ანძებიდან ამოღება? პოლიცია ამაზე თავს არ იწუხებს ძალიან მარტივი მიზეზის გამო _ ივანიშვილის რეჟიმის ამოცანა ის არის, რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და „თავისუფალ ზონას“ გადააბრალონ.

_ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულს ეძახით, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

_ მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მანქანებზე დახტოდნენ და საპატრულო პოლიციის ავტომობილებს ამტვრევდნენ, ეკეთათ ნიღბები, ვერავინ დამაჯერებს, რომ მათ იდენტიფიკაციას ქცევით, ტანსაცმლით და სხვა საშუალებებით პოლიცია ვერ შეძლებდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პოლიციას რეალურად არ აწყობს ამ საქმის გახსნა, რადგან ისინი ხელისუფლების ზონდერები იყვნენ და მათი დაჭერის შემთხვევაში მთელი ფარსი გამოაშკარავდება.

_ რაში აწყობდა ეს ყველაფერი ხელისუფლებას?

_ ჩემი აზრით, აქ არ არის ერთი მიზეზი. აქ ძალიან ბევრი მიზეზისა და ინტერესის თანხვედრა მოხდა. შევეცდები, ჩამოვთვალო:

  1. მოვლენები გარკვეულ ეტაპამდე იყო ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის შიდადაპირისპირების შედეგი, ხოლო როდესაც ეს ყველაფერი დაიძაბა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მაქსიმალური სარგებელი მიეღო. ამ მიზნით ისინი შეეცადნენ:
  2. ა) გადაეფარათ P. შ.-ის უმძიმესი ბრალდებები ხელისუფლების მიმართ; ბ) გადაებრალებინათ ეს ყველაფერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „თავისუფალი ზონისთვის“; 3. მოეხდინათ აქციებისა და წინააღმდეგობის მოძრაობის დისკრედიტება.

სწორედ ამ მიზნით შემოიყვანეს მათ ვანდალები სცენაზე და დაატრიალეს ის, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ.

_ თუ ფიქრობთ, რომ ირაკლი ჩხვირკია უდანაშაულოა, მაშინ რატომ გარიცხეს იგი პარტიიდან?

_ არანაირ კავშირში დანაშაული და პარტიიდან გარიცხვა ერთმანეთთან არ არის. ირაკლიმ დაარღვია პარტიული განაწესი. ირაკლი პარტიიდან უდისციპლინობისთვის გაირიცხა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ირაკლი აქციის ორგანიზატორია. მე თამამად შემიძლია ვთქვა: 1. ირაკლი არ იყო აქციის ორგანიზატორი;

  1. ირაკლი არ არის კრიმინალი და დამნაშავე; 3. ირაკლი პატრიოტი ახალგაზრდაა!

აი, ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი.

_ მხოლოდ პარტიიდან გაირიცხა ირაკლი, თუ „თავისუფალი ზონიდანაც“?

_ ირაკლი „თავისუფალი ზონიდან“ ვერ გაირიცხებოდა ორი მარტივი მიზეზის გამო: ჩვენ ვართ თავისუფალი ნების ადამიანების ნებაყოფლობითი გაერთიანება, ჩვენგან ადამიანები საკუთარი განცხადებით მიდიან და გვიერთდებიან; ირაკლი ჩხვირკიამ ბათუმის მოვლენებამდე გარკვეული დროით ადრე „თავისუფალი ზონის“ თავმჯდომარე ნიკა ჭურაძეს განუცხადა, რომ მან დატოვა „თავისუფალი ზონა“ ნებაყოფლობით, რადგან ზონის აქტივობებში მონაწილეობას ვერ ახერხებდა.

 

პროკურატურას ერთმანეთის მსგავსი, კოპირებული ჩვენებების გარდა ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ არც ერთი სახის მტკიცებულება არ გააჩნია. გიგა ფუტკარაძე, როლანდ ფუტკარაძე, თემურ ლაბჟანია, რომან დიასამიძე, რომან გელაძე და იმედა ცხადაძე თავის ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ ირაკლი ჩხვირკია მათ აქციაზე იმ დროს ნახეს, როდესაც, რეალურად, ის თბილისში იმყოფებოდა!

 

„ქრონიკა+“ ირაკლი ჩხვირკიას დედას, ქალბატონ ცისანა როსტობაიასაც ესაუბრა:

 

_ ირაკლი სახლიდან გვიან ღამით წავიდა, მაშინ როდესაც ბათუმში დარბევა უკვე დასრულებული იყო და პროცესები სტაბილურდებოდა. ირაკლიმ დამამშვიდა, _ ხომ ხედავ, აქცია უკვე დაარბიეს, სანამ მე იქ ჩავალ, გათენდება და ყველაფერი დასრულებულიც იქნებაო. ასეც მოხდა, ჩემი შვილი ბათუმში მაშინ ჩავიდა, როცა ყველაფერი მორჩენილი იყო. ერთადერთი, რასაც მის წინააღმდეგ იყენებენ, ეს ტელევიზიებისთვის მიცემული ინტერვიუა. როგორ უნდა დაეორგანიზებინა ირაკლის ეს აქცია, როცა ბათუმშიც კი არ ყოფილა ის დღეები?!

ირაკლის სასამართლოს შემდეგ ჩემთან ასაკიანი კაცი მოვიდა, მითანაგრძნო. მითხრა, რომ ჩემი შვილი მაგარი ბიჭია, რომ ის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდაა და არ შეიძლება, რომ იმ ვანდალიზმის  ორგანიზატორი ყოფილიყოო. გარდა ამისა, მან თქვა, რომ მაშინ, როდესაც იქ მანქანები იწვოდა, სადღაც, 10 მეტრში სახანძრო მანქანები იდგნენ. ჩვენ ვთხოვდით ჩაქრობას, თუმცა უარზე იყვნენ, _ ბრძანებას ველოდებით და იმიტომ არ ვაქრობთ ჯერო.

6 წლის იყო ირაკლი, სოხუმიდან რომ წამოვედით. ბოლო წუთამდე ვიყავით იქ, ბოლო დღემდე ვემსახურე ომში დაჭრილებს და  ბოლო უკრაინული გემი რომ ჩამოდგა „მაჭარკის“ ნაპირთან, იმ გემს ჩამოვყევით. მთელი ცხოვრება სამშობლოს სიყვარულს ვასწავლიდი, უნიჭიერესი შვილი მყავს, ლექსებსაც კი წერს, უფასოზე ჩააბარა უნივერსიტეტში და წარმატებით დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. ზედმიწევნით კარგად იცის კანონები და თავისი უფლებები. 5 წელი  გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში პატიოსნად იმუშავა, ჭიკაიძე იყო მისი უფროსი. არც ერთი საყვედური, არც ერთი შენიშვნა არ ჰქონია ამ ხნის მანძილზე. დღემდე შენახული აქვს ფორმა და დღემდე ამბობს, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად გააგრძელებს სამსახურს პოლიციაში.

 

ირაკლი ჩხვირკიას ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გოგა ონიანი იცავს. ონიანმა ჩხვირკიას დაცვა პირველი სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე მიიღო, რადგან ფიქრობს, რომ ჩხვირკია პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი მსხვერპლია. ონიანის თქმით, არანაირი მტკიცებულება საქმეში ირაკლის მიმართ არ არის  და მეტიც _ ამ საქმეზე მტკიცებულებებზე საუბარს აზრიც კი არ აქვს, რადგან ეს არ არის მართლმსაჯულების პროცესი. ცალსახაა, რომ  ჩხვირკიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ბოლო სასამართლო პროცესმა კი ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. საქმეში არის 6 ცრუ მოწმე, რომელიც პროკურატურის მიერ დაწერილ ჩვენებებს ხელს აწერ. დარწმუნებული ვარ ეს ჩვენებები წაკითხულიც კი არ აქვთ. მათგან 5 მოწმის ჩვენება სრულიად იდენტურია. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის ვალია, მხარში დავუდგეთ ირაკლი ჩხვირკიას და ყველა პოლიტპატიმარს, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი კომფორტისთვის ციხეში გამოკეტა.

გოგა ონიანი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში მუშაობის დროს ირაკლი ჩხვირკიას ერთ-ერთი უფროსი იყო. ონიანი ჩხვირკიას მუშაობის პერიოდს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ჩხვირკია  რიგითი თანამშრომელი იყო, რომელიც პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მოწადინებული იყო კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

მარიამ ბაშარული