ნიკა მელია: „ქვეყანაში არსებობს დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელსაც სათავეში ფარცხალაძე-კალაძე უდგას!”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, „ფარცხალაძის თემის გადაფარვის მცდელობას“ უწოდებს ფილარმონიაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დასკვნითი ეტაპის ჩაშლას და ამბობს, რომ მსგავსი თემებით ივანიშვილი მთავარი საკითხის მიჩქმალვას ვერ მოახერხებს.

მელია „ქრონიკა+“-თან საუბარში ენმ-ს გეგმებსაც ამხელს და ამბობს, რომ რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდება იმ არაფორმალური კრიმინალური ჯგუფების მთელი შემადგენლობა, რომლებიც კალაძისა და ფარცხალაძის ზედამხედველობით იქმნება.

ნიკა მელიას თქმით, ენმ საზოგადოებასთან შეხვედრებს გაააქტიურებს და ყველა ღონეს იხმარს, რათა მათ დაინახონ, რას უქადის ქვეყანას არაფორმალური მმართველობა და „ქურდული სამყაროს“ რომანტიზაცია-ესთეტიზაცია:

„რა თქმა უნდა, გადაფარვაა და ეს იკითხება, ვინაიდან ეს აპრობირებული მეთოდია „ქართული ოცნების“, რომ პრობლემა, რომელშიც გახვეულია „ქართული ოცნება“, გადაფაროს სხვადასხვა საკითხით და ამის დასამტკიცებლად არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

მაგრამ ის საკითხი, რომელიც ახლა დგას ფარცხალაძესთან მიმართებით და, ზოგადად, „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით, თავისი კორუფციული შიგთავსით, პოლიტიკური მიდგომებით ძალიან მძიმე შემთხვევაა, _ მთელი ადმინისტრაციული ორგანოა ჩართული, მთელი ბიუროკრატიაა ჩართული, რომ გადაფარონ და რომ ფარცხალაძემ მილიონები იშოვოს ყოველთვიურად. ამას ვერანაირი სხვა შემთხვევა ვერ გადაფარავს, ამიტომ ძალიან ცუდი მცდელობაა, მაგრამ ის ფაქტიც, რომ ამას ხელისუფლება ცდილობს, არანაკლებ მძიმეა.

იმის ნაცვლად, რომ რეალური გამოძიება დაიწყოს, ხელისუფლებას მთელი სტრუქტურები ჰყავს მობილიზებული, რომ გადაფაროს და გამოაძვრინოს რამენაირად თავისი ერთ-ერთი ჩრდილოვანი მმართველი.

ეს კარგად გვიჩვენებს, რა ხელისუფლება გვყავს და ხელისუფლება, საერთოდ, არ გვყავს, _ ჩვენ გვყავს არაფორმალური მმართველები ყველა სფეროში. ბიძინა ივანიშვილი არის სათავეში და ქვედა დონეზე არის რამდენიმე სხვა არაფორმალური მმართველი. ერთ-ერთი არის ბატონი ფარცხალაძე, რომელიც არაფორმალურად კურირებს მთელ ძალოვან სტრუქტურებს თავისი ძალოვანი მინისტრებით და პარალელურად ეწევა ბიზნესს.

პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში მას თავისი კადრი ჰყავს დანიშნული, როგორიცაა პროკურატურაში შოთაძე,  რომელიც, უბრალოდ, ფარცხალაძის გავლენის ქვეშაა, ბატონი ბადაშვილი, რომელიც ფინანსურ პოლიციაშია და ა. შ., ბიზნესინტერესები კი ვნახეთ 2016 წლის 25 ნოემბერს, როცა 13 წუთში საჯარო რეესტრმა მილიონობით ქონება დაურეგისტრირა ბატონ ფარცხალაძეს.

ასევე ძალიან მძიმე შემთხვევაა, განსაკუთრებით თბილისში და თბილისის უბნებში, რადგან ბატონი ფარცხალაძე რეალურად უდგას სათავეში კალაძესთან ერთად ყველა არაფორმალურ დაჯგუფებას, რომელშიც გაერთიანებულები არიან კუნთმაგარი მოძალადე პირები. ეს იქნება საბურთალო, გლდანი, ნაძალადევი, თუ სხვა უბნები. მათი მიზანია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა „ქართული ოცნების“ ინტერესებთან, შეავიწროონ როგორც ქუჩაში, ასევე სხვადასხვა დაწესებულებაში და ამის შესახებ „ნაციონალური მოძრობა“ და მე პირადად, სულ ცოტა ხანში, ვაპირებთ, საზოგადოებას კონკრეტულად გავაცნოთ ის პირები, რომლებიც ფარცხალაძის ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მოკავშირეები არიან.

რთული მდგომარეობაა, განსაკუთრებით, თბილისში, მაგრამ არა მარტო აქ: რეალურად, სადაც უჭირს, ხელისუფლება ყველგან იხმობს კრიმინალებს. უჭირთ მათ დედაქალაქის საკრებულოში, სადაც მიდის მერი? _ იხმობენ კრიმინალებს და რამდენიმე კვირის წინ  მეტაშეები ვნახეთ; უჭირს ხელისუფლებას სხვადასხვა  მიმართულებით? _ ვნახეთ, როგორ უსწორდებიან კრიმინალურად შს მინისტრის მოადგილეს, გენერალური აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს შუაგულ თბილისში, მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც გაირკვა, თორდიას დოკუმენტები აქვს, რომელიც ბატონ ფარცხალაძეს კორუფციაში ამხელს. გავიხსენოთ კორცხელი, სადაც ხელისუფლება ამ კუნთმაგარი კრიმინალებით პოლიტიკოსებს დაუპირისპირდა და მერე არათუ არ დასაჯა, დააწინაურა კიდეც ისინი…

ჩვენ არ ვართ ჩაბმული ორთაბრძოლაში „ქართულ ოცნებასთან“. მიმაჩნია, რომ ეს არ არის ბრძოლა პოლიტიკურ გაერთიანებასთან. ჩვენთვის, ოპოზიციისთვის, არ არის ოპონენტი „ქართული ოცნება“ და იქ თვალის ასახვევად რამდენიმე პოლიტიკოსის სახე _ ვოლსკი თუ ბესელია. ჩვენი ოპოზიცია დღეს არიან კრიმინალები _ ფარცხალაძე, კალაძე და მათ მიერ შექმნილი ბანდფორმირებები. დიახ, ჩვენ, განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“,  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ ხელში არ ჩავუგდოთ კრიმინალებს.

ბიძინა ივანიშვილს სურს, ქვეყანა მართოს დაშინებით და დამონებით. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, დიახ, იღებს ამ გამოწვევას და ყველაფერს გააკეთებს და სრულ ბრძოლაში აპირებს შესვლას. არაფორმალური დაჯგუფებების ყველა კრიმინალის სახელი და გვარი თანმიმდევრობით დასახელდება.

ჩვენ გვახსოვს გასული საუკუნის 90-იანი წლები… ნამდვილად არ მინდა, თბილისის ცენტრალური უბნები და არა მხოლოდ ცენტრალური უბნები და არა მხოლოდ თბილისი, სხვა ქალაქებიც, კრიმინალების კონტროლქვეშ მოექცეს. მე პირადად ჩემს მეგობრებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, გავიმეორე, რომ შევაკვდები, რადგან ფაქტია, პრაქტიკულად, ყველა სფეროს კალაძე-ფარცხალაძის ბანდფორმირებები შემოასხდნენ…

რაც შეეხება ივანიშვილს, ის არა მხოლოდ მძევალია, ივანიშვილი მშვენივრად აცნობიერებს, რომ განვითარებასა და წინსვლაზე დაყრდნობით ვერ შეინარჩუნებს  ხელისუფლებას მარტივი მიზეზით, იმიტომ რომ ვერც ერთს ვერ ვხედავთ: ვერც განვითარებას და ვერც პროგრესს. მეტიც: ხალხმა უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა დაკარგა და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველი კარგავს ძალაუფლებას, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლება აურჩევია საზოგადოებას, მაგრამ საზოგადოებასვე გადაურჩევია.

ივანიშვილს, როგორც ჩანს, ძალიან კარგად მოეხსენება საზოგადოების განწყობა და ცდილობს, ძველი ბიჭების, კრიმინალების, ბანდფორმირებების მეშვეობით დანერგოს შიში, რათა გაიხანგრძლივოს არაფორმალური მმართველის რანგში ყოფნა, მაგრამ მას ეს არ გამოუვა…

არ გამოუვა რომანტიზაცია და ესტეთიზაცია ამ ქურდული გაგებისა, რაც შეიმჩნევა თბილისში… აბა, გავიაროთ ქუჩებში, ვნახოთ როგორია ღამის თბილისი, ვნახოთ ყოველდღე რამდენი ადამიანია დაყაჩაღებული და რამდენი ადამიანი არის რეპრესიებში მოყოლილი ამ ბანდფორმირებების  მხრიდან, რამდენი ჰყავთ დაშინებული ისე, რომ ვერ ბედავენ საჯაროდ საუბარს.

მე ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როგორ გაუსწორდა ეს არაფორმალური დაჯგუფება, კალაძე-ფარცხალაძის მეთაურობით, რამდენიმე ადამიანს. არ დაგიმალავთ და მათთან კავშირი მაქვს, მაგრამ, ჯერჯერობით, ამის საჯაროდ გაცხადებას ვერ ბედავენ, მაგრამ ძალიან მალე მოვა დრო, როცა ყველაფერზე საჯაროდ ისაუბრებენ.

ძალიან ბევრი რამ საზოგადოებისთვის ხილულია, ბევრი რამ კი ჯერ არ არის ხილული და სანამ მართლაც მთელი ქვეყანა მოიცვა ამ ბანდფორმირებებმა, ჩემი აზრით, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერის ღირსების საკითხია, რომ წინ  აღვუდგეთ ამ კრიმინალების თარეშს, რადგან თბილისი ვერ იქნება ე. წ. ძველი ბიჭების, თბილისი ვერ იქნება ბანდფორმირებების და თბილისი ვერ იქნება კრიმინალების სამოქმედო ტერიტორია…

ვიმეორებ: ეს ჩვენ ვნახეთ 90-იანი წლების საქართველოში და მაშინ ძალიან ძვირად დაუჯდა სახელმწიფოს ის წლები, მაგრამ ვფიქრობ, ივანიშვილმა ისიც ძალიან კარგად იცის, როგორ შეინარჩუნა ხელისუფლება მაშინ წლების მანძილზე შევარდნაძემ _ კრიმინალების მეშვეობით _ და ცდილობს, ეს ტაქტიკა და სტრატეგია გაიმეოროს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომ მას ნამდვილად ძალუძს, ეს განზრახვა ივანიშვილს სისრულეში არ მოაყვანინოს და ჩვენ  ნამდვილად ვაცნობიერებთ, რომ ნომერ პირველი გამოწვევა დღეს, ტოტალურ უმუშევრობასთან, გაუსაძლის სიღატაკესთან ერთად არის კრიმინალური შავი სამყარო და მე მართლა ღირსების საკითხად მიმაჩნია, რომ ამ კრიმინალურ  სამყაროსთან შევიდე ბრძოლაში არა „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ან რაიმე პოლიტიკური პარტიის გამო, არამედ პიროვნული ღირსების გამო, რადგან არ მინდა, ჩემი წლინახევრის შვილი, თქვენი შვილები, მათი თანატოლები, ასეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ახლანდელი ჩვენს ქვეყანაში ერთი რამღა გვაკლია, რომ გაცხადებულად ვიცოდეთ „კანონიერი  ქურდების“ საცხოვრებელი სახლები, სადაც ისინი საქმეებს არჩევენ, დანარჩენი, ფაქტობრივად, კალკით არის გადმოტანილი 90-იანი წლებიდან: დადიან ეს ბანდფორმირებები, მათი წევრები ძველბიჭობენ, კავშირი აქვთ ფარცხალაძე-კალაძესთან და ატარებენ „ქართული ოცნების“ ინტერესებს სხვადასხვა დონეზე…

იმან, რაც კურიერში ვნახეთ, ფარცხალაძესთან შინ შსს-ს წარმომადგენლების სტუმრობამ, კახა თარგამაძე გამახსენა, რომელიც კრიმინალებს ხვდებოდა და მაშინ მოხდა იქ მყოფთა ჩასმა მანქანაში ზეწარგადაფარებული სახით. ფარცხალაძის კადრებმა გამახსენა სწორედ ეს _ სამარცხვინო რამ ხდება და სამარცვინოს თავი  დავანებოთ, საშიში ტენდენცია შეიმჩნევა, რომ ერთ კერძო პირთან, მაფიოზთან, ბატონ ფარცხალაძესთან, რომელიც ივანიშვილის ოჯახის  იმდენად უახლოესი პირია, რომ საკუთარ შვილს ფარცხალაძემ ბერაც კი დაარქვა, აი, ასეთ ადამიანთან, ერთ კერძო პირთან სახლში დადის მთელი სახელმწიფო, მთელი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. გუშინ, ღამის სამ საათზე იმყოფებოდნენ კრიმინალ მაფიოზ ფარცხალაძესთან სახლში იმისთვის, რომ  კონტრზომები დაეგეგმათ თორდიას წინააღმდეგ, არადა, არსებობს მყარი საფუძველი, რომ ბატონი ფარცხალაძე პასუხისგებაში მიეცეს, მაგრამ ვინ მისცემს მას პასუხისგებაში, საკუთარ თავს ხომ არ გაასამართლებს?

ამ ხელისუფლებას სურს, ნორმად აქციოს, რომ კრიმინალ, მაფიოზ, დანაშაულში ეჭვმიტანილ ბატონ ფარცხალაძეს შს სამინისტროდან მაღალჩინოსნები სახლში აკითხავდნენ, ამიტომ ნათელია ის გამოწვევა, რომელიც ენმ-მ მიიღო: დიახ, ყველა სოფელსა და ქალაქში, დაბაში უნდა ვიროთ და ხალხს ავუხსნათ, ვინ არის ბატონი ივანიშვილი, რომელიც ძალიან ცდილობს, თავი დამალოს ამ უარყოფითი პროცესებისგან და არ გამოჩნდეს საჯაროდ.

საზოგადოების ნაწილს ივანიშვილის არსებობა ავიწყდება და  პერიოდულად თუ შეახსენებს მისი ხე, რომელიც ზღვაზე ტივტივებს და ახსენდება,  რომ ამ პროცესების მმართველი ივანიშვილია.  სხვა მხრივ, ივანიშვილი ცდილობს, ამ პროცესებიდან გვერდით გადგეს და ჩრდილში იყოს. ყველა ადამიანს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, გვინდა შევახსენოთ, რომ ვერ იქნება ფარცხალაძე, თუ არ იქნება ივანიშვილი, ვერ იქნება კალაძე, თუ არ იქნება ივანიშვილი და ყველაფრის თავი და თავი, ალფა და ომეგა, არის ივანიშვილი და არა ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე,  ან ვოლსკი ან ბესელია თუ სერგეენკო.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა. კი ბატონო, ჩვენ ვუერთდებით ამ მოთხოვნას, მაგრამ განა, საჭიროა საპარლამენტო კომისიის შექმნა, როცა სახეზეა და გამოკვეთილია მოძალადეთა ჯგუფი და მსხვერპლი? განა, ვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, როცა ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი ქუჩაში დაჭრის მეორეს, ან ვინმე ბანკს დააყაჩაღებს? ხომ ფაქტია, რომ ასეთ დროს დამნაშავეს აკავებენ? მაგრამ, ამ შემთხვევაში, ვინ დააკავებს ფარცხალაძეს, _ ივანიშვილი და კალაძე დაადებენ ბორკილებს?

მოგეხსენებათ, სასამართლო, როცა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გამოაქვს, ბევრ დეტალს შორის ხშირად იმასაც ასახელებს მიზეზად, რომ გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, ბრალდებულმა პირმა გავლენა მოახდინოს მოწმეებზე და ამ შემთხვევაში რას ვხედავთ? იმას, რომ ფარცხალაძე არათუ გავლენას ახდენს მოწმეებზე, პრაქტიკულად, თავად აწარმოებს გამოძიებას…

კიდევ ერთხელ ვამბობ: ენმ-ს მთავარი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ვამხილოთ და გამოვააშკარავოთ ის დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც ქვეყანაში არსებობს ფარცხალაძე-კალაძის თავკაცობით და უახლოეს პერიოდში, სახელობითი სიით, ყველა გაიგებს ამ დანაშაულებრივი და კრიმინალური დაჯგუფებების წევრთა ვინაობას…

 

ლაშა ბერულავა