გიორგი გუგავა: „პრეზიდენტს შეუძლია გადადგეს და მთლიანად აირევა კონსტიტუციური აბლაბუდა, რომელიც ივანიშვილმა ჩაიფიქრა!“

რა პოზიცია აქვს ლეიბორისტულ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ? რას მოუტანს აღნიშნული რეფორმა ქვეყანას, მის სამომავლო განვითარების პერსპექტივას? რა რესურსი რჩება მსგავსი სადავო ნაბიჯების წინააღმდეგ პოლიტიკურ სპექტრს, მთლიანად საზოგადოებას? რა იწვევს სამუშაო ადგილებზე ტრაგედიებს და რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად? იური ლუჟკოვის სკანდალური ვიზიტი და ხელისუფლების დამოკიდებულება, პარტიის უახლოესი საარჩევნო გეგმები…

ამ და სხვა კითხვებზე „ქრონიკა+“-ს პასუხობს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი _ გიორგი გუგავა:

_ ბატონო გიორგი, მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?

_ რეალურად, ეს საკონსტიტუციო გადატრიალებაა. ყველაფერი იმისთვის ხდება, რათა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი არაფორმალური მმართველობა მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს. მოგეხსენებათ, პირველ ეტაპზე პროცესში აქტიურად ვმონაწილეობდი, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვიყავი. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს დოკუმენტი იქ არ შემუშავებულა, იგი ბოლო ეტაპზე გამომცხვარი წარმოადგინეს. მანამდე იყო სხვა წინადადებები, მსჯელობები მიმდინარეობდა და აქედან არსებითი და მნიშვნელოვანი არც ერთი წინადადება არ გაითვალისწინეს. როდესაც პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება, ეს იმის ნიშანია, რომ ივანიშვილს ეშინია, ხალხმა შეიძლება აირჩიოს ძლიერი, ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერი, რომელიც, ბუნებრივია, საფრთხეს შეუქმნის მის არაფორმალურ ძალაუფლებას. ამიტომ ის აუქმებს პირდაპირი არჩევის წესს, რაც, რეალურად, იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს, სახელმწიფოს ძირითად სიმბოლოებს ეხება, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანას ასეთი გამოცდილება და ტრადიციები აქვს; როდესაც პრეზიდენტი ხელისუფლების შტოებს შორის გამაწონასწორებელი უნდა იყოს და შემაკავებელი ფუნქცია ჰქონდეს. თუკი პრეზიდენტს „ოცნების“ 300 „მგოსანი“ აირჩევს, ბუნებრივია, ეს ჯიბის, სრულიად უუფლებო პრეზიდენტი იქნება წმინდა სიმბოლური დატვირთვით. ამიტომ ცდილობს, რომ პრეზიდენტის არჩევნებთან მიმართებით ზუსტად ასეთი პროექტი გაიტანოს.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების უკანონო მოდელს, წესს, პირდაპირ კონსტიტუციით ვადგენთ მანდატების მოპარვას, ანუ ხელისუფლება იმ ხმებს მიითვისებს, რომელიც რეალურად მის წინააღმდეგ მიცემული იქნება და ამ გზით შექმნის უმრავლესობას. მოგეხსენებათ, უმრავლესობა ამ მოდელის შესაბამისად აკომპლექტებს მთავრობას და გვეყოლება მარიონეტთა ჯგუფი თავში ივანიშვილით. ადმინისტრაციულ-ფინანსური რესურსის გამოყენებით შესაძლებელია 20% მოიპაროს (წინა არჩევნებზე ხელისუფლებამ სწორედ ასე გააკეთა). ამას მცირედი რეიტინგი დავუმატოთ და, დაახლოებით, 25-30%-იანი პარტია უმრავლესობაში გავა. შეიძლება, მთელი მოსახლეობა, ამომრჩევლის 70%, წინააღმდეგი იყოს და ლეგიტიმაცია არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც ასეთ პოლიტიკურ ჯგუფს (ამ შემთხვევაში მმართველ ჯგუფზეა საუბარი)  უმრავლესობა ჰქონდეს.

კონსტიტუციით სწორედ ამ წესს ადგენენ. ანუ სურათს მთლიანობაში თუ დავინახავთ, ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ ივანიშვილის ფარულ, უჩინარ, არაფორმალურ მმართველობას საფრთხე არ შეექმნას. ის მინისტრების, პარლამენტის წევრების, მერიის, თვითმმართველობის წევრებისა თუ სხვა სახით პაიკებს მოძებნის. ანუ ამ შემთხვევაში ივანიშვილს პირდაპირ კონსტიტუციურ მოდელს არგებენ. მთელი ეს მანქანა შეთანხმებულია, ყველაფერი მისი მითითებით უკვე დაწერილია და რაც მის ირგვლივ დანარჩენი ხდება, _ მმართველი პარტიის ქმედებები, რიტორიკა და ა. შ. _ ეს უკვე სრული ფარსია. ამას ევროპულ, ტრადიციულ-კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან არანაირი კავშირი არ აქვს. სხვადასხვა კონსტიტუციური სისტემიდან მათთვის სასურველი პუნქტები ასე ამოკენკეს და ჭორვილელი ბატონის ინტერესებს მოარგეს.

_ მაგრამ აღნიშნული რეფორმა ქვეყანას, მის სამომავლო განვითარების პერსპექტივას რას მოუტანს?

_ ქვეყანას მხოლოდ უკუსვლას მოუტანს, რადგან ეს ყველაფერი სამართლებრივ-დემოკრატიული პრინციპებიდან ძალიან შორს დგას, ამიტომ ერთი კაცის ბატონობას მრავალი წლის განმავლობაში გააგრძელებს. ოლიგარქიული მმართველობის პირობებში კიდევ უფრო გაუარესდება თავისუფლების, დემოკრატიის, პლურალიზმის თვალსაზრისით მდგომარეობა. სოციალურ-ეკონომიკური ვითარება დღესაც უმძიმესია, კატასტროფულია და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. რადგან მსგავსი სისტემა ქვეყნის განვითარებას არ ცნობს, მხოლოდ ვიწრო, ფინანსურად ძლიერი, მონოპოლიური ჯგუფების ინტერესებს, მათ კვლავ გამდიდრებას ემსახურება.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი მოსახლეობის მზარდი ექსპლუატაციის, მათ მონურ მდგომარეობაში ყოფნის ხარჯზე ხდება. ამდენად, პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია. ანუ, ერთი მხრივ, ჩვენ ვკარგავთ თავისუფლებას. ამის დაკარგვაა, როდესაც პირადად გართმევენ უფლებას, რომ შენი ქვეყნის მეთაური, მთავარსარდალი აირჩიო. ასევე ისეთი პარლამენტი აირჩიო, რომელიც ხელისუფლების ფორმირებას მოახდენს. ამ დროს გეუბნებიან, რომ შენ ვისაც გინდა, იმას მიეცი ხმა, მაგრამ ამ ხმას მივითვისებ და მე ვიცი, როგორ უნდა ჩამოვაყალიბო მთავრობა და როგორ უნდა განვავითაროო. ეს თავისუფლების წართმევაა, აბა, რა არის?! მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი უფლება თავისუფალ სამყაროში არჩევანის უფლებაა და როდესაც ამას გართმევენ, ბუნებრივია, ეს ფუნდამენტური უფლების შეზღუდვაა. ხოლო ამ სისტემასა და პირობებში ღირსეული არსებობის, სიცოცხლის, სამართლიანობის უფლება ისედაც წართმეული გვაქვს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროცესი ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, კატასტროფის მომტანია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანაში აბსოლუტურად ყველას შეეხება. ეს მარტო ვიწრო პოლიტიკურ ჯგუფებს, ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არ ეხება. ეს თითოეული მოქალაქის ვალია, მის ინტერესებში შედის, რომ დაიცვას საკუთარი თავისუფლება, საკუთარი სახელმწიფო, სამართლიანობა, დემოკრატია და თავისივე შვილების მომავალი.

აი, ამაზე გადის დღეს კონსტიტუციური პრობლემა.

_ პოლიტიკურ სპექტრს, მთლიანად საზოგადოებას რა რესურსი რჩება მსგავსი ნაბიჯების წინააღმდეგ?

_ ყველა რესურსი გამოსაყენებელია. ამ შემთხვევაში აპრობირებული ძალა მასობრივი აქციებია. საბოლოო ჯამში, ალბათ, აქამდე უნდა მივიდეთ. რასაკვირველია, სხვა საშუალებებიც არის. იგივე პრეზიდენტს შეუძლია, გადადგეს და მთლიანად აირევა ის დალაგებული კონსტიტუციური აბლაბუდა და სქემები, რომელიც ივანიშვილმა ჩაიფიქრა, რომ განახორციელოს. ამ შემთხვევაში, კონსტიტუციას ვერ მიიღებენ, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ეს საპრეზიდენტო არჩევნები შეგვიძლია, ერთგვარ, რეფერენდუმად ვაქციოთ, საზოგადოების გამოკითხვად, რომ გინდათ თუ არა ივანიშვილის ბატონობასა და ყმობაში ცხოვრება? თუ გსურთ, რომ თავისუფალი ხალხი იყოთ, თავისუფლად ირჩევდეთ ქვეყნის მეთაურს, საკუთარ ხელისუფლებას? ამავე დროს, ამ ყველაფერს იურიდიული გაგრძელება, სამართლებრივი მნიშვნელობაც ექნება. ისინი კონსტიტუციას ძალაში ვერ შეიყვანენ. პირდაპირი წესით ახლად არჩეული პრეზიდენტი იმ უფლებამოსილებებით გვეყოლება, რაც მას სადღეისოდ კონსტიტუციით აქვს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროცესის შეჩერება შესაძლებელია. მაგრამ აქ მთავარია საზოგადოების მობილიზება, მასობრივი აქციები და წინააღმდეგობის გაწევა. სხვაგვარად ასეთ რეჟიმებს თავიდან ვერ იცილებენ.

_ ტყიბულში, მინდელის მაღაროში, ტრაგედია დატრიალდა, რასაც კომპანიის ოთხი თანამშრომელი შეეწირა. რა იწვევს ამ ტიპის ტრაგედიებს და რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად?

_ ესეც მმართველობის მახინჯ სისტემასთან არის დაკავშირებული. ეს არის თანამედროვე მონათმფლობელური სისტემა, როდესაც მდიდრები ბატონობენ და პოლიტიკური ძალაუფლება მთლიანად ხელთ უპყრიათ. ბუნებრივია, ისინი არ დაუშვებენ ისეთ რეგულაციებს, საკანონმდებლო ნორმებს, როდესაც რიგითი დაქარავებული მუშაკების უფლებები დაცული იქნება. საკონსტიტუციო კომისიაში განხილვის დროს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სხვა მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებთან ერთად, ესეც იყო. პირადად (ასევე სახალხო დამცველმა, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა) დავაყენე, რომ უშუალოდ კონსტიტუციაში მკაცრი რეგულაციები დაწესებულიყო უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესახებ. რეალურად, კატასტროფული სტატისტიკა გვაქვს, 400-მდე ადამიანი გარდაცვლილია და ხშირ შემთხვევაში გამოძიება ამას გარდაცვლილებს აბრალებს. ამავე დროს, ათასზე მეტი დაშავებულ-დასახიჩრებულია, როდესაც ასეთ საწარმოებში, ობიექტებზე მოქალაქეთა სამუშაო ელემენტარული პირობები დაუცველია. ამას ინვესტიცია, თანხები სჭირდება, ამის გაღება კი არ უნდათ. ჯერ ერთი: მონურ, კატორღულ ყოფას უდრის მაღაროელების შრომა, რომლებსაც ლუკმა-პურის, რაღაც კაპიკების საფასურად, არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა. მით უმეტეს, საბჭოთა, 50-იანი წლებისდროინდელი ტექნიკით მუშაობა უწევთ, სადაც მინიმალური უსაფრთხოების ნორმებიც კი დაუცველია. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად სასაკლაოდ არის გადაქცეული მინდელის მაღარო. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი მთავრობასთან შეკრულ და მორგებულ, მათ დამფინანსებელ ბეჟუაშვილების საკუთრებაშია. ბუნებრივია, ეს ფინანსური კლანები, ოლიგარქები არ დაუშვებენ ისეთი სისტემის შექმნას, მის საკანონმდებლო რეგულაციას, რომლითაც მოქალაქეთა უფლებები დაცული იქნება. აღნიშნულ კატასტროფებს სწორედ ეს იწვევს. ამიტომ მათი სისხლი ამ ადამიანების (ივანიშვილით დაწყებული, დანარჩენით გაგრძელებული) სინდისზეა, მათ კისერზეა და მოეკითხებათ.

_ ფასანაურის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეთ, აღნიშნულ ენერგომაგისტრალთან მიმართებით თქვენი პოზიცია როგორია?

_ ეს ენერგომაგისტრალი კალაძე-ივანიშვილის პირად ბიზნესინტერესებს უკავშირდება. სხვათა შორის, ამას გეოპოლიტიკური ასპექტებიც აქვს. რუსეთის ენერგოსისტემას სომხეთ-ირანის სისტემას უერთებენ. ამ დროს, ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის ინტერესებს არ დაგიდევენ. ჯერ ერთი, ეკოლოგიური კატასტროფაა, რასაც ისინი აკეთებენ. პირდაპირ ჩეხენ, ანადგურებენ ეკოგარემოს, მდინარეებს. ერთ-ერთ სოფელში პირდაპირ სასაფლაოზე გადადიან. იქ მარტო ანძები კი არ მონტაჟდება, მასთან მისასვლელი გზების გამო იჩეხება და ნადგურდება გარემო. ეს, მხოლოდ და მხოლოდ, იმისთვის კეთდება, რომ პირადი ბიზნესინტერესები ამოძრავებს ივანიშვილ-კალაძეს, ისევე, როდესაც „გაზპრომთან“ აფორმებდნენ ხელშეკრულებას. ჯერ ერთი, ეკონომიკურ-ენერგეტიკული თვალსაზრისით ქვეყნისთვის ზარალისა და ზიანის მომტანია. მეორე მხრივ, კატასტროფული შედეგები მოაქვს, ლამის მთელი საქართველო უნდა გადაიჭრას. ამით მხოლოდ აღნიშნული პერსონები ისარგებლებენ. უცხოეთში მათი საბანკო ანგარიშები კვლავ ამ ქვეყნის განადგურების ხარჯზე გაიზრდება.

როგორც ვხედავთ, აქაც ისევ სისტემურ სიმახინჯესთან მივდივართ, მმართველ კლასთან, ბანდიტებთან, რომლებიც არ დაგიდევენ არც ადამიანების სიცოცხლეს, არც ფუნდამენტურ უფლებებს, არც ქვეყნის ინტერესებს, ეკოლოგიურ გარემოს და ა. შ. იგივე დარიალჰესი რომ გახსნეს (სხვათა შორის, ინფრასტრუქტურის მინისტრ ალავიძის აშენებულია, რომელიც, თავის დროზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა), დღეს უკვე ამ ხელისუფლებას კარგად მოერგო და… აქ კიდევ დევდორაკი დაიძრა, ტრაგედიები დატრიალდა, თერგი მთლიან სალტეში მოაქციეს. პრაქტიკულად, ღია სივრცე არ იქნება, რაც იქ, საბოლოო ჯამში, კატასტროფას გამოიწვევს. იცით, ეს რისთვის გაკეთდა? ისევ მათი პირადი ინტერესებია. ქართულ ენერგოსისტემაში არაფერ წვლილს არ შეიტანს, ამ გზით ელექტროენერგია ისევ რუსეთში უნდა გაიყიდოს. ამ გზით სწორედ ალავიძეების, კალაძეების, ივანიშვილების პირადი ანგარიშები შეივსება.

გახსოვთ, როგორ განადურდა ჭოროხის ხეობა. ვუყურებთ, თუ როგორ სავსეა ეკომიგრანტებით ბათუმი და დასავლეთ საქართველო. სამწუხაროდ, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ბუნებაში უხეში ჩარევა სწორედ ასეთ შედეგებს იწვევს. ამდენად ჩვენ ყოფნა-არყოფნის საკითხი გვიდგას, _ ან ისინი, ან ჩვენ უნდა ვიყოთ. ქვეყანას, სამშობლოს, სხელმწიფოს ვკარგავთ უფლებრივი, საარსებო, ეკოლოგიური, საცხოვრისის თვალსაზრით და მეტი რაღა უნდა იყოს? ამის იქით სიკვდილია, ხოლო დღევანდელი რეჟიმი, ფაქტობრივად, სიკვდილის მანქანად იქცა.

_ იური ლუჟკოვის ვიზიტი და ხელისუფლების დამოკიდებულებაც შევაფასოთ…

_ აქ მთავარი ხელისუფლების დამოკიდებულება კი არ არის, მთავარია, ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფრის ხელშემწყობი იყო. როგორ გგონიათ, როდესაც ლუჟკოვი აქ მოდიოდა, ვითომ ტურისტივით, შორტებით შემოვიდა საზღვარზე და პასპორტი უჩვენა? ის არის კრემლის ერთ-ერთი სატრაპი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ოკუპაციის პროცესში, რომელმაც გადაიარა ქართველების სოფელ თამარაშენზე, მიწასთან გაასწორეს და ახალი დასახლება წამოჭიმეს. ამავე დროს, აფხაზეთში აქტიურად ჩართული იყო, როგორც მილიარდერი, „ბოევიკებს“ აფინანსებდა, იარაღს აწვდიდა ა. შ. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.და ეს ლუჟკოვი ასე თავისუფლად შემოვიდოდა საქართველოში? რა თქმა უნდა, ის ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო, დაცვის მაღალი გარანტიები ჰქონდა, ის მიიღეს და მერე რაღაც სულელური მოტივები მოიგონეს იმასთან დაკავშირებით, რომ, თურმე, პასპორტში არაფერი ჩაწერილი არ ჰქონდა, თურმე, ამ, შემთხვევაში, პასპორტი და პირადი მოწმობა ყოფილა მთავარი, მერე ხანდაზმულობის ვადა მოიგონეს, ახლა ამბობენ, შავ სიაში შევიყვანეთო და ა. შ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ჩანს კოლაბორაციონიზმი, თანამშრომლობა მტერთან, _ მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს. ხელისუფლების ეს ქცევა კლასიკური ღალატია, მეტი არაფერი. აქ დანაშაულებრივი უმოქმედობა კი არ არის, ეს მტერთან თანამშრომლობა, სახელმწიფო ღალატია, ასე უნდა კვალიფიცირდებოდეს ეს ყველაფერი.

ახლა ხომ გასაგებია, რატომ ღობავენ უპრობლემოდ რუსები ქართულ ტერიტორიებს?! რატომ კლავენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას?! რატომ ცხვრებივით იტაცებენ ჩვენს თანამოქალაქეებს, რადგან მტერთან შეკრული ხელისუფლება გვყავს! მის პირად, ქონებრივ, ფინანსურ ძალაუფლების ინტერესებს რომ არაფერი შეეხოს, არც მოქალაქეს დაგიდევენ და არც ქვეყნის ინტერესებს. ეს თითოეული ქართველის ღირსებისთვის შეურაცხმყოფელი იყო. იმ გმირების ხსოვნისთვის, ვინც სისხლი დაღვარა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ლუჟკოვი კი უტიფრად მოდის და გვიცხადებს, რომ რაც მალე ჩამოიშორებთ იმ ტერიტორიებს, მით უკეთესი იქნებაო. ამაზე დამამცირებელი, ღირსების ამყრელი რა უნდა იყოს?! აი, ასეთი ხელისუფლება გვყავს!

_ უახლოეს არჩევნებში ლეიბორისტებს რა გეგმები აქვთ?

_ მხოლოდ არჩევნები გამოსავალი არ უნდა იყოს. სანამ კომისიის ათიათასობით მოქრთამული წევრი გვყავს, სანამ ეს გამყალბებელი სისტემა არსებობს, ჩვენ დიდი ილუზიების ქვეშ არ უნდა ვიყოთ. ამის ნათელი მაგალითი ბოლო არჩევნები იყო, როდესაც ის ტოტალურად გააყალბეს. ეს, პირველ რიგში, ჩვენ გაგვიყალბეს, რის შესახებაც ივანიშვილი პირდაპირ აცხადებდა. ასევე სხვა პოლიტიკურ ძალებს გაუყალბეს, ვინც მათ პოლიტიკურ ინტერესში არ შედიოდა. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ერთიან, ძლიერ ფრონტზე, რომელიც ამ რეჟიმს დაუპირისპირდება. დღეს ამ მხრივ ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ჩვენ მას ან დავამარცხებთ, ან შეგვიწირავს, ამიტომ ამოსავალი უნდა იყოს სწორედ რეალური მოცემულობა. ნუ შევქმნით ილუზიას, რომ მხოლოდ დემოკრატიული, სამართლებრივი, საარჩევნო გზებით შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა. საზოგადოებამ აქტიური წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს და ჩვენ, ბუნებრივია, ამ ბრძოლის ავანგარდში ვიქნებით. ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, შეურიგებელი პოლიტიკური პარტია ვართ, ასეთი ლიდერია შალვა ნათელაშვილი და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

 

გელა მამულაშვილი