დავით დეფი: „მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს არ აქვს და არც არასოდეს ჰქონია ეს მილიარდები!“

 

ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ვითარებაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოეტი, რომანისტი დავით დეფი:

_ ძალიან ხშირად, როდესაც ვეჯახებით საბჭოთა მენტალიტეტს, მონურ ფსიქოლოგიას, ვამბობთ, რომ გამოსავალი თაობების შეცვლაა, რომ გვეშველება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამქვეყნად აღარ იქნებიან წინა, საბჭოთა დროში აღზრდილი თაობები და წამოვა ახალი, თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობები. ეს იმედიც ოცნებათა რიგს ხომ არ გენეკუთვნება? ჩვენ ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხედავთ, რომელსაც მძაღე, საბჭოთა მენტალიტეტი აქვს და მონურად, პრორუსულად აზროვნებს და ვიცნობთ ძალიან ბევრ ხნიერ ადამიანს, რომელიც საბჭოთა წყობაში დაიბადა, მაგრამ სრულიად თავისუფალია იმ საბჭოთა მენტალიტეტისგან და სრულიად საღად აზროვნებს. თქვენც ფიქრობთ, რომ დროის გასვლა და თაობების ცვლა უშველის ამ პროცესს?

_ თაობა არანაირად არაა კონკრეტული ცნება, მეტაფორული ცნებაა, დაკანონებული გერტრუდა სტაინის მიერ, როდესაც ფოლკნერს, სელინჯერს, ჰემინგუეის უთხრა: „თქვენ დაკარგული თაობა ხართ“. თაობა მექანიკურად, ასაკობრივი ნიშნით აერთიანებს ადამიანებს, არც კონკრეტული ცნებაა და და არც იდეალიზმთან აქვს რამე კავშირი. ყველა თაობას აქვს თავისი დიდებულება და თავისი საცოდაობა, თავისი რწმენა, თავისი ურწუნოება. მეტაფორულად რომ შევხედოთ, თაობა ჩემთვის განგების თითო ჩასუნთქვა და თითო ამოსუნთქვაა. განგების სიცოცხლის ნიშანია ეს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, თაობების ცვალებადობა… ყველა თაობაშია ღირსეულიც და უღირსიც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას ირჩევს ესა თუ ის ადამიანი. ადამიანი ბიოლოგიური კატეგორიაა _ ყველა ადამიანი ადამიანია, ვინც კი ცისქვეშეთში დადის, მაგრამ მის პიროვნებად ყოფნას მისი არჩევანი განსაზღვრავს. ბევრ ადამიანში არ ცოცხლობს პიროვნება, ადამიანი კლავს თავის პიროვნებას არჩევანისა და მრწამსის უქონლობის გამო. ის კი, ვინც პიროვნებად შედგება, თავისი არჩევანით, თავისი მრწამსით, იდეალიზმით, მთელ თავის თაობას კარს უხსნის და მომავალში ამოგზაურებს. როდესაც ახალი თაობის წარმომადგენლები წარმოუდგენელ, მიუღებელ საშინელებებს ქადაგებენ პოლიტიკურ სცენაზე, გული მწყდება მათზე, ისინი უკვე მკვდრები არიან, როგორც პიროვნებები. უბრალოდ, თავისი პიროვნების პანაშვიდები ღრმა სიბერეში გადაიტანეს. ეგაა და ეგ. ისინი გამოფიტული არიან, საერთოდ არ გააჩნიათ ის მრწამსი, რომელსაც მე ვატარებ. მათი და ჩემი მრწამსი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე სხვა თაობას ვეკუთვნი, არა, _ ჩემამდე თაობებიც ამ მრწამსს ატარებდნენ და შემდეგი თაობებიც ასეთივე მრწამსის მატარებელნი იქნებიან. ისინი კი, ვინც ამ ახალ თაობაში სოციალისტურ იდეებს არიან აყოლილი, რა თქმა უნდა, სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობენ, სხვა სიხშირეზე აზროვნებენ.

_ სოციალისტური იდეების აყოლას კიდევ რა უჭირს, მთავარი უბედურება მონობის სურვილია, რუსეთის მონობის სურვილი _ მტრის ვერცნობა, მტრის ვერდანახვა მტერში.

_ ეგ არის მათი არჩევანი. ეგ პირები, რომელთაც კარგად უწყიან და აცნობიერებენ, რაც ხდება დღევანდელ მსოფლიოში და მაინც დადიან მთელ საქართველოში და ეწევიან რუსულ პროპაგანდას, არიან საწამლავები, ტოქსიკური შხამის მატარებლები. დადიან და „დასტაევსკით“ ღუპავენ მიამიტ გულებს, მიამიტ სულებს, რომლებსაც სრული წარმოდგენა არ აქვთ დღევანდელ სამყაროზე. სწორედ ეგ „დასტაევსკია“ მთელი რეზიუმე ამ რუსული კოშმარისა. „დასტაევსკია“ მათთვის ავტორიტეტი, ჩემთვის ეს არაა ავტორიტეტი, ჩემთვის ეს არის მტერი, მტერი არაა ავტორიტეტი, ეს უნდა გაიგოს ყველამ ერთხელ და სამუდამოდ. მტერი არის მტერი, მტერს ჰქვია მტერი, მტერი გებრძვის, რომ შენ არ არსებობდე, რომ შენ გახდე რუსული კულტურის, რუსული შემეცნების, რუსული იმპერიალიზმის მატარებელი უპიროვნებო ადამიანი _ შოვინისტი, როგორიცაა თვითონ. რუსული იმპერიალიზმის მთავარი განმსაზღვრელი ძალაც და ემოციაც შოვინიზმია. რუსული იმპერიალიზმი ქადაგებს მხოლოდ შოვინიზმს, დედამიწაზე უნდა არსებობდეს მხოლოდ რუსეთის იმპერია და მეტი არაფერი სხვა. ყველაფერი დანარჩენი არის მათ საზღვრებს მიღმა და რუსეთს საზღვრები არ გააჩნია… თვითონვე ამბობენ კიდეც, რომ მათი მთავარი მიზანი სამშობლოს გაფართოებაა _ „რასშირენიე როდინი“. დღეს ინტერნეტით ყველაფერი ხელმისაწვდომია და ვისაც უნდა, ოდნავი წარმოდგენა ჰქონდეს, როგორ მუშაობდა სტალინი, დერჟინსკი, როგორ დაიწყო ამ სისტემის ჩამოყალიბება, ვურჩევ წაიკითხოს ვიქტორ სუვოროვის წიგნი. ეს სისტემა არაა მათი მოგონილი, ძალიან ძველი სისტემაა და იყენებდნენ სხვა იმპერიალისტი ქვეყნები, ოღონდ იმ ქვეყნებმა გადალახეს ეს ხიბლი, განთავისუფლდნენ, დემოკრატიულები გახდნენ.

_ დაიხ, ბრიტანეთმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა დათმეს თავისი კოლონიები, როგორც კი მიხვდნენ, რომ მათ განვითარებას ხელს უშლიდა ის, რამაც, თავის დროზე, ხელი შეუწყო მათ აღზევებას, მათ დათმეს კოლონიები.

_ დიახ, ყველამ, ვინც კი კოლონიზატორი იყო, დათმო კოლონიები. აქ ერთი ასპექტიცაა _ როდესაც ბრიტანეთი ჰონგ-კონგიდან გამოვიდა, იქ აყვავებული ეკონომიკა დატოვა. რუსეთი? არსაიდან გადის. სადაც შედის, იქ შეაქვს სისხლი, გაპარტახება, ხოცვა-ჟლეტა, ათასი სიბინძურე, ბოროტება, ზნედაცემულობა, სრული კატასტროფა, გენოციდი, ეთნოციდი და ყველანაირი ციდი, რაც არსებობს. რუსული პროპაგანდის მსხვერპლი რომ არ გახდეს ამა თუ იმ თაობის წარმომადგენელი, პირველ რიგში, უნდა იყოს ჩამოყალიბებული მრწამსის ადამიანი და იდეალისტი. დიახ, მარტო განათლება არ კმარა, ბევრი მინახავს განათლებული, მაგრამ თავისი არჩევანით და მრწამსით უბინძურესი პიროვნებები ბრძანდედბიან, უბინძურეს საქმეებს რომ სჩადიან და შეკრული არიან ეშმაკთან. ეშმაკში ვგულისხმობ კრემლს და მის ილუზიებს. სწორედ „კაგებესთან“ აქვთ კავშირები, ისინი თანამშრომლობდნენ „კაგებესთან“. ახლაც მათი ბიძური იმპერიალისტური იდეების მასობრივი ექსპანსია მიდის, რათა მტერი მოყვრად შეიფუთოს, მოყვარე _ მტრად, ცუდი გასაღდეს კარგად, კეთილშობილება მოგვაჩვენონ ზნედაცემულობად და ა. შ.

_ მონობა შეინიღბოს პატრიოტიზმად…

_ დიახ და ამ ექოს მიჰყვება გაუცნობიერებელი ადამიანი, მიჰყვება და ეს ექო მას შეიტყუებს ლაბირინთში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ადამიანი დაიძირება, თუ თავის დაძირვას ვერ აცნობიერებს. ამოყვინთავს მხოლოდ მაშინ, თუ გააცნობიერებს, რომ იძირება. თაობების ცვლა კი არ გვიშველის, ჩვენ, ქვეყანა, ამოვყვინთავთ მაშინ, როდესაც ყველა გააცნობიერებს, რომ ილუზიებით დამძიმებულები მალე ფსკერს თავს დავარტყამთ. ტვირთი, სიმძიმე, რომელიც გვძირავს, ილუზიებია.

_ იქნებ, ქართველს უნდა მოშივდეს, რომ მაგას მიხვდეს და გამოფხიზლდეს?

_ არა, ეს გზა არ გადის კუჭზე, არც ინტელექტზე და რომც იყოს დამოკიდებული შიმშილზე, მხოლოდ ნაწილს შია და ეს სხვისი შიმშილი როგორ გამოაფხიზლებს დანარჩენ მაძღარ საზოგადოებას? რომელ შიმშილზე ვლაპარაკობთ, საქართველოში რომ რესტორნები მუშაობს, ამდენი რესტორანი მსოფლიოში არსად მუშაობს! მით უმეტეს, სამუშაო საათებში! გამორიცხულია თქვენ ნახოთ სადმე, არასაკურორტო ზონაში, დედაქალაქში ამდენი რესტორანი მუშაობდეს სამუშაო საათებში, თუ ის მსოფლიო მეგაპოლისი არაა. არაადეკვატურად ბევრი რესტორანია. ამ საზოგადოებას არ გააჩნია ერთი გასაჭირი, რადგან საქართველოს მოქალაქეები არ წარმოადგენენ ერთი ტიპის საზოგადოებას, აქ რამდენიმე საზოგადოებაა. აქ არიან თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც მე თავს მივაკუთვნებ და არიან არათავისუფალი საქართველოს, ილუზიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც თავს არ მივაკუთვნებ. მეტიც, მე მათ ვემიჯნები! ისინი თავისუფლების მტრები არიან, სწორედ ასეთები მოუძღოდნენ ყოველთვის მტერს ამ ქვეყანაში, სწორედ ასეთები უხსნიან კარს მტერს, კარს უხსნიან ჩვენს გულებში, ჩვენს ცნობიერებაში და ახლა ფრონტის ხაზმა გადმოინაცვლა სწორედაც ჩვენს ცნობიერებაში!

დიახ, ქართული საზოგადოება არაა ერთი ტიპის საზოგადოება და როდესაც ჩვენი რამდენიმე საზოგადოება გაერთიანდება, როდესაც ჩვენი ყველა სოციალური ფენა ბოლომდე დაიძირება და ილუზიების ფსკერს შუბლს დაარტყამს, მაშინ დაიწყებს ყველა ერთად გამოფხიზლებას და ამოყვინთვას. რა თქმა უნდა, საზოგადოების პროგრესული ნაწილი ხელს ჩაჰკიდებს ილუზიებში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ფსკერისკენ მიექაჩებიან და ერთად ამოყვინთავენ. მერე ეს პროგრესული ნაწილი ხელისუფლების სათავეში მოვა. მინდა, ვისურვო, ეს ძალა ის პარტია იყოს, რომელსაც მე ყოველთვის ვუჭერდი და ვუჭერ მხარს _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ წინაა მთელი ამბები და ასე მარტივად არ ხდება, ამას ბრძოლა სჭირდება, შრომა, ადამიანთა დარწმუნება, პოლიტიკოსებმა ადამიანებს იმედი უნდა მისცენ.

სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, ქართული საზოგადოება არასოდეს ყოფილა ერთგვაროვანი, ამიტომ როდესაც ვამბობთ, ჩვენ რა ერი ვართ, ჩვენ მოვკალით ილია, ზვიადი, არა, ბატონო, ქართველ ერს არასოდეს მოუკლავს ილია ჭავჭავაძე, არა ბატონო, მე არ მომიკლავს ზვიად გამსახურდია, მე ვიცავდი ზვიად გამსახურდიას, მე ვიყავი ზვიად გამსახურდიას მომხრე და ვარ კიდეც, მე ვიცავდი მიხეილ სააკაშვილს, მე არ გამიგდია ის ქვეყნიდან. ვიცი, სიკეთე, საბოლოო ჯამში, მაინც იმარჯვებს და თუ არ იმარჯვებს, ე. ი., ის არაა სიკეთე.

_ ილიაც, ზვიადიც მოკლეს ნაძირალებმა და შემდეგ ვირეშმაკულად შეფუთეს მაგ დოქტრინაში: „ჩვენ მოვკალით ილია, ჩვენ დავამხეთ ზვიადი“ და მთელ საქართველოს ააღებინეს პასუხისმგებლობა თავის ნამოქმედარზე. ასე ყოველთვის მომგებიანია გარეწრებისთვის _ თვითონ ჩაიდენენ დანაშაულს და მერე ყველას უნაწილებენ პასუხისმგებლობას. ყველას, თან შთამომავლობით! არც მე მომიკლავს ილია, არც ჩემს წინაპრებს, არც საქართველოს. ილია მოკლეს გარეწრებმა, ზვიადი დაამხეს გარეწრებმა, ახლა სააკაშვილი განდევნეს, უთვლიდნენ პიჯაკებს და პალტოს და შემდეგ სააკაშვილზეც ასე იტყვიან: „ჩვენ მოვინელეთ სააკაშვილი“. გვიკლავენ ილიას და მერე ამ ბინძური დოქტრინით დაზარალებულს ჯალათად გვაქცევენ. მე არც ილიას მკვლელი ვარ და არც მიშას პიჯაკების ბუღალტერი.

_ ზუსტია, ზუსტია. და ამის გარდა, თავს გვახვევენ, თქვენ რა ერი ხართ, მოკალით ილია, დევნეთ ზვიადი, არა ბატონო, მე არც დემნა უფლისწული მომიკლავს, არც ზვიად გამსახურდია, არც ილია ჭავჭავაძე, არც გალაკტიონისთვის მიკრავს ხელი ზურგში, რომ „ლეჩკომბინატიდან“ გადმომხტარიყო და არც პაოლო იაშვილისთვის გადამიტენია იარაღი, რომ თავი მოეკლა, ჩვენ არ მოგვიკლავს ილია, ის მოკლეს კონკრეტულმა ადამიანებმა, კონკრეტული ადამიანების დავალებით, კონკრეტული ადამიანების სურვილით და კონკრეტული ადამიანების შესრულებით. ეგრე არაა _ ერმა მოკლა. ეს ეპოქამ გააკეთა. როდესაც ეპოქას მართავენ ნაძირალები და პატივმოყვარეები, მაშინ ეწირება გალაკტიონიც, ვაჟაც, ილიაც, ზვიადიც, მიშაც და ყველა _ მეც და თქვენც, მაგრამ საქართველო უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე, ზოგადად, ერთი კონკრეტული ეპოქა, საქართველოს სწორედ ის პიროვნებები ქმნიან, რომლებიც თაობებს მიუძღვიან წინ. ვარსკვლავები ქმნიან საქართველოს და ანათებენ. როგორც უკვე ვთქვით, თაობა უფრო მეტაფორული ცნებაა, „თაობები“ თეატრალური განცდაა უფრო, ქართველს ზოგადად უყვარს კუდაბზიკური სცენურობა, კეკლუცობა და სიტყვაკაზმულობა, თორემ, რეალურად, აზრობრივად სწორი მდგომარეობა მისთვის, ილუზიაში მყოფი საქართველოს მოქალაქისთვის, შეიძლება გამაგიჟებელიც კი იყოს. როდესაც სიმართლე ყველანაირ ილუზიას თავზე დაალეწავს, ყველა ილუზია რომ გაუქრება, გიჟდება, სიმართლე აღარ მოსწონს.

_ ახსენეთ, მტერს უშვებენ ჩვენს ცნობიერებაშიო. ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ მხოლოდ ცნობიერებაში კი არა, ქვეყანაშიც კარგად უშვებენ, ორ ფეხზე მოსიარულე მტრებსაც უშვებენ, ეს დადასტურდა „მგლებზეც“, ვითომ არ ვუშვებთო და მერე რომ აქ აღმოჩნდნენ. ან რას ვერჩით ამ მგლის ლეკვებს, საქართველოში ლუჟკოვი შემოუშვეს, საქართველოს მტერი, რომელიც სეპარატისტულ რეჟიმებს აფინანსებს.

_ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ყველამ ერთად ხელიხელჩაკიდებულებმა ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანეთ და ავაშენეთ სახელმწიფოდ. დღეს სწორედ სააკაშვილი იდევნება _ პუტინის პირველი მტერი და ამ დევნის ფონზე, საბჭოთა კავშირის დიდი მოღვაწის, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის აბსოლუტურად უპრობლემოდ შემოყვანა და გაშვება დაუსჯელად ნიშნავს ერთადერთ რამეს _ საქმე ეხება მისსა და ივანიშვილის რაღაც კომუნისტურ-მაფიოზურ „ბიზნეს“-მაქინაციებს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას აქ თავისი კაპიტალი აქვს. შეიძლება, ეს ბევრისთვის ცნობილიცაა და ეს იყო მიზეზი ამ ვიზიტის. რაც შეეხება „ღამის მგლებს“, ეს არის „ეფესბეს“ დაფინანსებული აუტანელი, მარაზმატიკული, მანიაკური მოტორბოლა. მგლების კეთილშობილებასთან მათ კავშირი არ აქვთ, დაძრწიან იქ, სადაც გასდით. პრაღაში ჩეხები აგინებენ, პოლონეთში საერთოდ არც უშვებენ, ჩვენთან შემოესვლებათ, პატრიარქსაც შეხვდნენ… უკეთიათ ეს ე. წ. გეორგიევსკის ლენტები, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს წმინდა გიორგისთან. ვინც არ იცის, რა არის, ამ ინტერვიუში რომ დრო არ ვკარგოთ, არსებობს გუგლი, დაგუგლონ და აღმოაჩენენ, რომ ეს ლენტი თავისი ფესვებით ნაცისტურ გერმანიასთან უფრო ახლო კავშირშია, ვიდრე წმინდა გიორგისთან.

_ მხოლოდ ბიზნეს-„ცეხავიკურ“ ინტერესებთან რომ გვქონდეს საქმე, რა უჭირდა… „ოცნების“ ხელისუფლებას ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ საქართველო არათუ ძლიერი, საერთოდ ნორმალური სახელმწიფო აღარ იყოს და ფეხსაწმენდი ჩვარივით ვეფინოთ იმპერიის მისადგომებთან. რა ფენომენია ივანიშვილი? ამ შემთხვევაში გეკითხებით, როგორც მწერალს. რა ტიპის პერსონაჟია იგი?

_ ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, იგი საინტერესოც არაა, რადგან მისი თვისებები არჩევანს არ გამოხატავს. ადამიანი სიანტერესოა მაშინ, თუ ის რაღაცას თვითონ ირჩევს, მონა არ არის ჩემთვის საინტერესო, მონა ყველა ერთნაირია. ერთ ნიადაგზე ამოდის სარეველაც და ვაზიც და თავად ადამიანზეა, რას აირჩევს _ სარეველად ყოფნას, თუ ვაზად ყოფნას, იფიქლად თუ ღვარძლად? მთელი მითოლოგია, ყველა რელიგია, ყველა შინაგანი კოდექსი, რასაც თავისუფალი ადამიანი ატარებს, ამ გზებსა და ამ არჩევანზეა აგებული. თავიდან ჩანდა, რომ ივანიშვილმა რაღაც თავისი გზა აირჩია და შეგნებულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებოდა მას, მაგრამ ახლა ყველა ხედავს _ მას არაფერიც აურჩევია _ ის იქ დასვეს. დასვა კრემლმა. მისი ე. წ. სიკეთე ანგარებაა და თავიდან ბოლომდე სიყალბე. ასეთ რამეს ღირსეული ადამიანი, პიროვნება, საზოგადოება უნდა განერიდოს, როგორც ყოველგვარ სიავეს და მანკიერებას. მე ასე ვუყურებ მის ე. წ. გზას. თავად მიიჩნევს, რომ სწორ გზას ადგას და მშვენივრად ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მისი და ჩემი, ჩემი ქვეყნის მომავალი იკვეთება, აქ უკვე მას უჩნდება პრობლემა და არა მე, იმიტომ, რომ მე თავს დავდებ ჩემი და ჩემი შვილების მომავლისთვის, ის თავს დადებს თავისი კაპიტალისთვის. ჩემი კაპიტალია მომავალი თაობების განათლებულობა, ჩემი დაწერილი წიგნები და მათ გულებში არსებობაა და ამ გზით მომავალი თაობების მკითხველის განაღდებაა, მომავალში ცხოვრებაა სამუდამოდ, ფიზიკური სიცოცხლის მიღმა, მისი კაპიტალი კი მხოლოდ ფულია და სხვა არაფერი. ფული, რომელსაც ის სწორედაც რომ ანგარებით ხარჯავს _ ახარჯავს გარკვეულ პირებს, მაგრამ არ ახარჯავს მომავალ თაობებს, ის არ ხსნის უნივერსიტეტებს, სკოლებს. ის აფინანსებს კონკრეტულ პირებს და არა მათ ნამუშევრებს. მაგალითად, ის წიგნების გამოცემას, სპექტაკლების დადგმას, ფილმების გადაღებას კი არ აფინანსებდა, არამედ ხელფასს უნიშნავს რომელიღაც მწერალს, მსახიობს, მთელი ამ ფულის ხარჯვა იყო წინასწარ გამიზნული გეგმა. როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისას დარწმუნებით ამბობდა, რომ ის მოვიდოდა ხელისუფლებაში, გახდებოდა პრემიერ-მინისტრი და ერთი წლის თავზე წავიდოდა და გარედან მართავდა პროცესებს და ეს ასეც მოხდა, ნიშნავს იმას, რომ მას ეს გეგმა მიცემული ჰქონდა. არა მგონია, რომ ისეთი შემეცნების პიროვნებას, როგორიც ივანიშვილია, თვითონ მოეფიქრებინა ეს გეგმა… ეს გეგმა მას მისცეს! ეს არის კრემლში, კერძოდ, ლუბიანკაზე შედგენილი გეგმა, რომელიც „გაზპრომის“ მეწილეს მისცეს… ყველა ეს გზა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მიდის. ივანიშვილი ძველი კადრია, ჩადებული ნაღმი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეთა ტვინების, მათი სინდისის მოსყიდვა დაიწყო, გარკვეული ნაწილის, ცხადია. მე არ ვარ მისი მოსყიდული, მაგრამ ბევრი ჩემი კოლეგა არის, მათდა სამარცხვინოდ. მაგრამ ეს მათი არჩევანია… მოისყიდა და შემდეგ დაიწყო ამ ხალხის გამოყენება, გამოყენება თავისთვის და კრემლისთვის სასარგებლოდ, მაგრამ ჩემი და ჩემი შვილების მომავლისთვის მტრულად. ივანიშვილი დიდ შარშია გახვეული, ის დაეჯახა საქართველოს თავისუფლების მომავალს და საქართველოს თავისუფლების მომავალი მას ადგილზე დასჯის.

_ ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მაგ გეგმაში რანაირად ეწერება ივანიშვილის ეგზოტიკური გამოხტომები? რა შუაშია ამ ხეების თრევა იქით-აქეთ? რას სძენს მაგ გენერალურ გეგმას? ყველაფერთან ერთად, მე მგონი, საქმე გვაქვს ეგზოტიკურ პერსონაჟთან.

_ ამხელა კაპიტალის მფლობელი ივანიშვილი იმის ნაცვლად, რომ დიდ საქმეებს აკეთებდეს საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, აფინანსებდეს კოსმოსურ პროექტებს, დიდი მომავლის მშენებლობებს, წარმოებებს, ტექნოლოგიებს, ნანოტექნოლოგიებს, ბიოლოგიას, ნეიროქირურგიას, ხსნიდეს სკოლებს, ქმნიდეს ფონდებს, საზღვარგარეთ უშვებდეს ახალგაზრდებს, საქართველოში ჩამოჰყავდეს დიდებული ადამიანები, თვითონაც დადიოდეს, ხვდებოდეს დიდ პიროვნებებს მთელ მსოფლიოში, აპიარებდეს საქართველოს, რუკაზე დაბეჯითებით ბეჭდავდეს საქართველოს სახელს და ამაში ხარჯავდეს ტონობით ფულს, ამის მაგივრად ის რას აკეთებს? დგას და დაათრევს ამ ხეებს, ზის და იქექება რაღაც სიბინძურეებში და მერე ეს სიბინძურე გამოდის გარეთ ვიდეოკადრებად, სატელეფონო საუბრებად. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს არ აქვს და არც არასოდეს ჰქონია ეს მილიარდები! ეს ფული მას არც ეკუთვნის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას მისცეს უფლება, ხარჯოს გარკვეული დივიდენდები იმ დიდი შემოსავლიდან, რომელიც ეკუთვნის პუტინს, „გაზპრომს“, რუსეთის დიდ, სამთავრობო მაფიას. არ იცის, სად წაიღოს ეს ფული და ამიტომაც იქცევა ასე, აშენებს საკონცერტო დარბაზს და შემდეგ სახელმწიფოს სტენის შესანახად, დაათრევს ამ ხეებს, რადგან შთააგონეს, რომ დიდხანს იცოცხლებს, თუ ამ ორასწლოვან ხეებს გარკვეული კონფიგურაციით დარგავს და შუაში დადგება… ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს _ მისი შემეცნება არის განვითარების ძალიან დაბალ საფეხურზე და ეს კრემლმა კარგად იცის, ამიტომაც შეირჩა სწორედაც ის.

_ თავის დროზე, ჩინგიზ ყაენსაც სურდა დიდხანს სიცოცხლე, ეს სურვილი გაანდო კიდეც ბუდისტ ბერს, რომელმაც აღზევებულ ჩინგიზს შეჰბედა და უთხრა, რომ ეს შეუძლებელია, რომ არ არსებობს არანაირი საშუალება სიცოცხლის ასე გახანგრძლივების. ეს ხდებოდა შორეულ მე-13 საუკუნეში და დღეს, 21-ე საუკუნეში, როგორ ვერ აღმოჩნდა ივანიშვილის სიხლოვეს თუნდაც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ეტყოდა, რომ ეს შეუძლებელია, რომ ხეები ვერ ახანგრძლივებს ცხოვრებას? რამდენი მილიონერია დედამიწაზე? ვერ გადარგავდნენ ასე ხეებს, თუკი ეს მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებდა? აქამდე ვერ მოაფიქრდებოდა ვინმეს?

_ ჩინგიზ ყაენი შეგნებული ადამიანი იყო და დიდი მსოფლიო პოლიტიკური ფიგურაა დღემდე, ის პატივს სცემდა ცოდნას, მამაცობას, ივანიშვილი კი, მარტივად რომ ვთქვა, შეუგნებელი ადამიანია. მისთვის ავტორიტეტი არის მხოლოდ თვითონ, თავისი ილუზიები და ის მონური განწყობა, რაც მას კრემლთან აკავშირებს. მტვერისგან აღდგა ჩინგიზ ყაენი და დაიპყრო, რაც კი იცოდა დედამიწაზე. ის დამპყრობელი იყო, მისი გენეტიკა, დეენემი იყო ასეთი. როგორც მწერალი ივანიშვილის მანიაკურ პრიმიტიობას ვერ განვსჯი, იმდენად ცარიელია, მას განსჯის სასამართლო კანონის დარღვევების გამო.

_ თქვით, რომ ივანიშვილს არც აქვს და არც არასოდეს ჰქონია დიდძალი ფული. ფული როგორ არ აქვს? გინდათ თქვათ, რომ მას მოსკოვისგან აქვს შეზღუდული ფული, რაში ხარჯოს?

_ კი, იმიტომ, რომ მისი ფული არ არის. რა ბიზნესით იშოვა მან ეს ფული? რა ვიცით მის შესახებ? ვიცით, რა ხდებოდა ბნელით მოცულ 90-იან წლებში განგსტერულ და მაფიოზურ მოსკოვში, სადაც ვიღაცებს კლავდნენ, ვიღაცებს აქრობდნენ? ტრამპი მაგნატია და ვინაა ივანიშვილი? მაგნატია? არა, ის ოლიგარქია. ოლიგარქი წმინდა რუსული მოვლენაა, ოლიგარქი ნიშნავს მდიდარ ადამიანს, ვინც დაახლოებულია ხელისუფლებასთან და გავლენა აქვს პოლიტიკაზე. რა გზით და რატომ ჩაუვარდა ივანიშვილს ამხელა ფული? მისცეს იმიტომ, რომ კრემლმა იცოდა, ადრე თუ გვიან, დასჭირდებოდა ეროვნული მთავრობის დასამხობად. ასეა, თუ ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილია ხელისუფლებაში, ის უნდა დაემხოს, იმიტომ რომ ორივე ეროვნული ხელისუფლებაა, თუ არის შევარდნაძე და დღევანდელი ხელისუფლება, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. არც გამოსვლებია ქუჩებში, არც წითელი ინტელიგენცია გამოდის და პროტესტს აცხადებს, რომ დიქტატორია შევარდნაძე, ან მარგველაშვილი, ან თავად ივანიშვილი. არა, ყველაფერი რიგზეა, ყველა ჩუმადაა, ყველა კმაყოფილია. მერე რა, რომ ზოგი მშიერია? მერე რა, რომ ხეები იჭრება და ბევრ სტუდენტს სწავლის ფული არ აქვს?.. გეუბნებიან, ასე ცხოვრობს ამერიკაც, ასე ცხოვრობს დასავლეთიც, ხომ გინდოდათ დასავლეთი, ასეთი ცხოვრებაა იქ. სწორედ ესაა ბნელი, მდაბიო აზროვნება. ასე არ ცხოვრობს დასავლეთი. ასე არავინ ცხოვრობს რუსეთის გარდა.

_ როდესაც თვალს ადევნებთ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს, მიმდინარე მოვლენებს, რა რეაქცია გაქვთ, როგორც მოქალაქეს? თუნდაც, როდესაც ხედავთ, როგორ იზრდება კრიმინალი, როგორ ჩანაგდება ეკონომიკა, როგორ ხდება ინსტიტუტების ჩამოშლა და განადგურება?

_ როგორი განწყობა უნდა მქონდეს, როდესაც სწორედ ისინი, რომლებიც „ბიჭები ჩაგვიხოცეს“ გაუთავებლად ამბობდნენ, დღეს ხმას არაფერზე იღებენ, არც იმაზე, მაგალითად, 26 წლის ბიჭს მანქანაში რომ ცხრილავენ; ან როდესაც ამდენი კრიმინალი გამოვიდა გარეთ პოლიტპატიმრის სტატუსით? რის იმედზე უნდა იგრძნო თავი ადამიანმა დაცულად? პოლიციის იმედზე, მეტ-ნაკლებად, თუ იქნები, უკვე მღვრიე ქვედინებები ჩანს, სუს-ის გადამკიდე უკვე სასწაულები ხდება ჩვენს ქვეყანაში. რჩები საკუთარი თავის იმედად და ეს ძალიან ძნელია, როდესაც გყავს ცოლი, შვილები, ოჯახი და ამ ყველაფერს დაცვა სჭირდება. ასე დიდხანს ვერ გასტანს. ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული. „ოცნების“ ხანა დაიწყო ტყუილით _ 2012 წელს ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ტყუილით _ ე. წ. კადრებით, 8 თვის ბავშვის დახრჩობით ქვევრში და შემდეგ ღია ბრალდებით, მანანა ბერიკაშვილმა რომ ღია ეთერში დაადო ხელი ღვინიაშვილს და თავის მეგობარ რეჟისორებს, მსახიობებს რომ მოუწოდა ქუჩაში გამოსასვლელად. აი, ეს ტყუილით დაწყებული ხანა აუცილებლად დამთავრდება სიმართლით. ისინი მოვიდნენ ტყუილით, მაგრამ წავლენ სიმართლით. დიახ დასაწყისს აქვს დასასრული. ეს მუტანტური მდგომარეობაა, ცნობიერებაც მუტანტურია, ეს მუტაციაა, მუტაციას კიდევ არ აქვს გენეტიკური მრავალფეროვნების უნარი, ის არ ვრცელდება, მუტანტი ვერ აჩენს თავისნაირ მუტანტს, ის მუტირებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში და მორჩა, ამიტომ დასრულდება ეს მუტანტური ფაზა. მალე საერთოდ მსოფლიოში დასრულდება მემარცხენეობის ეს უაზროდ გაწელილი ფაზა. უკვე ყველა ნიშანია ამის, არჩევნებში სხვა ძალები მოდიან უკვე, აქტიური და არა მოდუნებული ძალები, კონიუნქტურა იცვლება _ დამლაშებული და რუსეთს კარგად მორგებული კონიუნქტურა მთავრდება უკვე, საბჭოთა ნომენკლატურაც, ადრე თუ გვიან, დამთავრდება და ამოისუნთქავს მთელი კაცობრიობა. ამიტომ ეს ფაზა ნელ-ნელა გადავა, გადადის კიდეც და მასვე გადაჰყვება ივანიშვილის ფაზაც, რომელიც კრემლშია შედგენილი და ამ დიდი გეგმის ნაწილია. გეგმის ნაწილი აუცილებლად დასრულდება, რადგან დასაწყისი აქვს, ხოლო ყველაფერ სხვას არ აქვს არც დასაწყისი, არც დასასრული. ესაა თავისუფლება. მე არ და ვერ განვსჯი ივანიშვილს, მისი გონებრივი სიხშირე ასეთია, ის მონაა ამ თავისი ილუზიების, მონობაში დაიბადა, მონობაში ცხოვრობს და მონობაშივე გააგრძელებს ცხოვრებას. მონობაში აცხოვრებს მთელ თავის გარემოცვას. მათ არ იციან, რა არის რეალური ცხოვრება, რა არის ბრძოლა, რა არის გრძნობები, რაღაცნაირი სიცარიელეა მათ ირგვლივ და მათში თვითონ. ეს დასრულდება. ზვიად გამსახურდიას, მიხეილ სააკაშვილის პერიოდები კი, სადაც პროგრესი პროგრესირებდა და არა _ რეგრესირებდა, დასაწყისისა და დასასრულის მიღმაა, ის სულ არის, საქართველოს მოქალაქეებს ეს განცდა სულ აქვთ და ექნებათ. ასე იყო მუდამ, ამით მოვიდა საქართველო, დანარჩენი ყველაფერი არის აგებული ღალატზე, ფარისევლობაზე, ანგარებაზე, ზნედაცემულობაზე.

_ უახლოეს პერიოდში არის რამე გამოსავალი? როგორ ფიქრობთ, გამოვა ხალხი ქუჩაში?

_ ხალხის ქუჩაში გამოსვლა და დიდი სახალხო მღელვარების დაწყება აპრიორი არ ნიშნავს გამარჯვებას, მთავარია, მიზანი რა აქვს ამ მღელვარებას, რა იდეები ამოძრავებთ ადამიანებს, საით მიდის ეს ყველაფერი? რაც დრო გადის, ყველა ხედავს, უკვე მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველო ცოცხალი ორგანიზმია, ეს არაა მკვდარი ქვეყანა. კი, ახლა დაპაუზებულია ყველაფერი, არაფერი ხდება ამ ქვეყანაში, მაგრამ იმდენადაა დაგუბებული ენერგია, შიდა ენერია, რომ მალე ის გადაიქცევა სინერგიად _ შედგება ღვთისა და ადამიანის ენერგიების დიდი კავშირი, ღმერთისა და ადამიანის ზრახვები ერთმანეთს დაემთხვევა, ერთ ნაკადში მოექცევა, იქცევა სინერგიად, რასაც ვერაფერი აჩერებს, ვერაფერი. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, ფენომენური ქვეყანაა, საქართველომ ზუსტად იცის, როდის რა უნდა მოხდეს, როდის უნდა გავიდეს და როდის არ უნდა გავიდეს ქუჩაში, როდის უნდა მოითმინოს, დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და როდის მიაყენოს გამანადგურებელი დარტყმა მოწინააღმდეგეს. როდის დათმოს და როდის გადავიდეს შეტევაზე, როდის შეაკლას თავი… ამიტომ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ეს არის მოქცევა-მიქცევა. ივანიშვილს ძალიან უნდა, რომ ზღვა გააჩეროს, ააშენოს ჯებირები, შემდეგ ამ ზღვაზე გზა გაიყვანოს და ხე ათრიოს, მერე ფეხებზეც კიდია, რა მოუვა იმ გზას, ჯებირებს, ბარჟას, მაგრამ ბუნებასა და სტიქიას თავისი კანონები აქვს, საქართველო და ქართველი ერი არის როგორც სტიქია _ სტიქია, რომელსაც ვერც ივანიშვილი და ვერც ვერავინ ვერასოდეს დაიმორჩილებს.

 

 

რეზო შატაკიშვილი