სოსოს აგონია, აპათია და აბულია…

ამასობაში, რაც სოსოს ამბებს გიყვებით, გოგაშვილის ბიოგრაფად ვიქეცი. როცა ფინალში გავალ, შეიძლება, სოსოზე ერთი დიდი წიგნი გამოვცე სახელწოდებით: „საქართველოს ჟოზეფ ფუშე“… ნეტა, თუ აქვს წაკითხული დოქტორანტ სტუდენტს საფრანგეთში მოღვაწე ფუშეს ისტორია? იმედი მაქვს, წაიკითხავს და იფიქრებს, რომ მისი ბოლო მაინც არ გაიზიაროს და კულისებში გაუჩინარდეს…

და ისევ ახალი დეტალები სოსოს ბიოგრაფიიდან: ორი კვირის წინათ გაუწყეთ თავდაცვაში მისი შესაძლო გადაბარგების შესახებ. როგორც ჩემმა წყარომ მოგვახსენა, დღეს დღის წესრიგში საკითხი ასე დგას…

შუშის სასახლეში, ჯერ კიდევ, შემოდგომიდან გადაწყვეტით იციან, რომ გოგაშვილი რაღაც ფორმით უნდა გაანეიტრალონ, მშვიდად მოიშორონ და სახელმწიფო უსაფრთხოებას ჩამოაცილონ, მაგრამ რადგან თავად გოგაშვილი არაპროგნოზირებადად მიაჩნიათ, ამიტომ ცოტა უხერხულ სიტუაციაში ვარდებიან და საკუთარ გადაწყვეტილებას ასე მყისიერად ვერ იღებენ.

მოქალაქეს უთქვამს, მოკლედ მოჭრამ სისხლი იცის და ახლა გაღიზიანების არც დროა და არც იმის საჭიროება, რომ კილაძეს ვათქმევინოთ, როგორც იქნა, დამიჯერეთ, ბატონო ბიძინაო?! ამიტომ გოგაშვილი სხვა უწყებისთვის უნდა გახდეს უპრიანი, მაგალითად, კარგი იქნება, თუ თავდაცვაში იზორიას მოადგილედ ვიხილავთ. შესაძლოა, მინისტრს ერთი მოადგილის ადგილი დაუმატონ, ან მეორე ვარიანტით ზაალ კაპანაძეს, ან ნუკრი გელაშვილს ჩაუნაცვლონ სოსო…

როგორ შეეგუება ან ეგუება ამ გადაწყვეტილებას გოგაშვილი?!

ფაქტია, ბოლო პერიოდში ყველაფერი მისი სურვილის წინააღმდეგ ხდება, რაც იმის ნიშანია, რომ გოგაშვილი აგონიაშია…

 

სოსოს აგონია

აგონიაში ჩავარდნილი კაცის ზნე და ხასიათი კი ასეთია: ბრძოლა _ სიკვდილისწინა და სულთმობრძავის მდგომარეობა. თუ გოგაშვილი სუს-ში კარიერას დაასრულებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი კარიერული მომავალი იქ უკვე შეჩერებულია, მაგრამ დაქოქილი მატარებლის გაჩერება რომ შეუძლებელია, ეს ცხადია. ყველა შემთხვევაში მატარებელი ზემო მაჩხაანისკენ მიდის და, უბრალოდ, გეზს არ იცვლის…

 

სოსოს აპათია

ბოლო პერიოდში გოგაშვილს ზომიერზე მეტად უგრძნობლობა დასჩემდა, ყველაფრისადმი გულგრილია, უინტერესოა, უხალისოა. მისი ერთადერთი საფიქრალი „ქრონიკა+“-ის დისკრედიტაციაა, მის მიერ გონივრულად გამოძიებული საქმეები წარსულს ჩაბარდა. თუმცა შეცდომების დაშვების ხელოვანი რომ არის, ეს ცხადი გახდა. დავით ხარშილაძის დაკავების სცენამ ყველა მითი დაანგრია გოგაშვილის სიჭკვიანესა და სიბრძნეზე.

ბიოგრაფმა ხომ ყველაფერი უნდა იცოდეს და, აი, ასეთია ახლა სოსოს როლი დედამიწაზე, სიცოცხლით სავსე ადამიანებმა კი ყველაზე უკეთ იციან, თუ რა არის აპათია. მიზეზი ძალიან მარტივია, ვინაიდან ისინი მიჩვეულები არიან აქტიურ ცხოვრებას, ენერგიის მიღებას და გაცემას, ხოლო როცა ცხოვრება მათ არ აძლევს ჩვეულ სიხარულსა და ხალისს, ისინი რეალურად გრძნობენ, თუ რა არის აპათია. ამაში გასაკვირი არაფერია: მძიმე სტრესი, ცხოვრების ქაოსური ტემპი, მოვლენები, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ყველაფერი ერთად გროვდება და იწვევს დეპრესიასა და აპათიას. ადამიანს, რომელსაც აღენიშნება აპათიის ნიშნები, მას არაფერი არ უნდა, ყველაფრის მიმართ გულგრილია, იმ საქმეებსაც კი, რომელთა გაკეთებას მცირე დრო სჭირდება, ხშრად მთელ, ან რამდენიმე დღეს ანდომებს. ასეთი დამოკიდებულების ხანგრძლივი დროით გაგრძელება ძალიან საშიშია, რადგან გარკვეულ სიტუაციებში ასეთი ადამიანები სუიციდისკენ მიდრეკილები არიან. ამიტომაც აპათია სანამ უფრო რთულ ეტაპზე გადავა, საჭიროა მისი მალევე დამარცხება.

სოსო, კარგი იქნება, თუ დღის ბოლოს აუცილებლად დაუსვამთ საკუთარ თავს რამდენიმე კითხვას: პირველ რიგში, თუ რა გააკეთეთ თქვენი თავისთვის სასიამოვნო და სასარგებლო? ასევე გააანალიზებთ, გააკეთეთ თუ არა რამე გარშემომყოფებისთვის? დაფიქრდით, რატომ იმყოფებით კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილას? ამ კითხვებზე პასუხი მაშინვე ნათელს მოჰფენს მთელ სიტუაციას. ხშირად აპათიას ასევე იწვევს „კეთილი საქმეების დეფიციტი“. ადამიანს მოთხოვნილება აქვს, რომ სხვებისთვის სასარგებლო იყოს. ეს შეიძლება ერთგვარი ნიშანი იყოს სულისა სხეულის მიმართ, რომ ის მუდმივად იღებს, რაც უნდა, იკმაყოფილებს მოთხოვნებს, თუმცა სხვებისთვის სიკეთე არ მოაქვს. ეს ერთგვარი თვითლიკვიდაციის ნიშანივითაა.

 

სოსოს აბულია

უნებისყოფობა, ნებისყოფის პათოლოგიური სისუსტე. სოსო ახლა აბულიაშია. არსებობს დაავადება აბულია, როცა გადაწყვეტილების მიღება მეტად უჭირთ, თუ როგორ მოიქცნენ, ხან ერთ მხარეს იხრებიან, ხან _ მეორეს. მოჰყავთ არგუმენტები ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ საბოლოო დასკვნას მაინც ვერ აკეთებენ. ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას, მეტ-ნაკლებად, ყველას ახასიათებს, მაგრამ აბულიის დროს ეს ავადმყოფურ ხასიათს იღებს. ვერაფრით ახერხებენ, რაიმე არჩევანი გააკეთონ. ადამიანი გარემოს არა მხოლოდ აღიქვამს, წარმოიდგენს, ან ემოციურად განიცდის მის გავლენას, არამედ მის მიმართ გაკვეულ აქტივობასაც იჩენს. აქტივობა ყოველი ცოცხალი ორგანიზმის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ადამიანს, ცხოველისგან განსხვავებით, აქტივობის ისეთი სპეციფიკური ფორმები ახასიათებს, რომლებიც ცხოველისთვის მიუწვდომელია. ერთ-ერთი ასეთი თვისებაა ნე-ბის-ყო-ფა. გოგაშვილის უნებისყოფობის თვალსაჩინო ნიმუში მისივე დაკვეთილი სტატიები აღმოჩნდა. მან ვერ შეძლო საკუთარ მიწებსა და ოჯახური ქორწილების ფოტოებზე მოთმინებითა და ნებისყოფით გაემარჯვა, გამოხმაურება „ქრონიკა+“-ის მიმართ სწორედ სოსოს აბულიის თვალსაჩინო ნიმუში აღმოჩნდა.

ნებისყოფა მიზანდასახული ხასიათის, გაცნობიერებული, განზრახული მოქმედებაა. სუბიექტი წინასწარ ისახავს მოქმედების მიზანს, აწონ-დაწონის, აფასებს მის ღირებულებას და ამ შეფასების საფუძველზე გადაწყვეტს გარკვეული მოქმედების შესრულებას. ნებისყოფის აქტის შესასრულებლად ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გამოჰყოს გარესამყაროსგან და გარკვეული აზრით დაუპირისპიროს იგი თავის თავს _ მოახდინოს მისი ობიექტივაციაც და უშუალოდ მოცემული სიტუაციის მიმართ მიაღწიოს გარკვეულ თავისუფლებას _ ანუ დაეუფლოს თავის მოქმედებას და, სურვილისამებრ, მართოს იგი. მაგრამ ნებისყოფის თავისუფლება არ ნიშნავს მის სრულ ინდეტერმინაციას _ ნებისყოფის თავისუფლება მდგომარეობს უშუალო სიტუაციისგან დამოუკიდებლობაში.

შუშის სასახლის ბინადარს ძალიან უყვარს სამედიცინო მეცნიერება, ამავდროულად, მან ზუსტად იცის ადამიანთა ფსიქოპორტრეტები. შესაბამისად, ივანიშვილისთვის აგონიაში, აპათიასა და აბულიაში მყოფი ადამიანები მისაღებები ვეღარ ხდებიან

 

***

რა ელის სოსოს? მალე ვნახავთ, ძალიან მალე.

  1. S. შენი ჯანმრთელობის ისტორიის შედგენაღა აკლია შენს ბიოგრაფიას, სოსო…

 

მაკა მოსიაშვილი