ხათუნა ხარჩილავას კომფორტის ზონა

ჩვენი კომფორტის ზონის მომდევნო სტუმარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მორიგი მოსამართლეა, რომელსაც მუხიანში, კვლავ „ახმეტელის“ მეტროდან შორიახლოს მდებარე ახალაშენებული კორპუსის ბინაში ვეწვიეთ.

ტენდენცია კი იმისკენ მიდის, რომ მოსამართლეების უმეტესობა და მინისტრის მოადგილეებიც, როგორც თავად მინისტრების გარკვეული ნაწილი, უმეტესად, გარეუბნებს ირჩევენ, ადგილს, სადაც ახალაშენებულ კორპუსებში ქალაქის ხმაურისგან მორიდებულად შეიძლება კომფორტულად ცხოვრება.

ეს უკანასკნელი ლირიკული გადახვევაა და ახლა ხსენებული მოსამართლის კომფორტის ზონაზე, მანამდე კი მის ბიოგრაფიასა და ქონებრივ დეკლარაციაზე უნდა ვისაუბროთ, რომლის მიხედვითაც აღმოვაჩინე, რომ დედაჩემზე ერთი წლით უფროსი მოსამართლე უკვე 10-გვერდიან დეკლარაციას ფლობს. ვასკვნი, ე. ი., თავის დროზე, კარგად უმუშავია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ ხათუნა ხარჩილავა დაიბადა 1977 წლის 18 მარტს ქ. სოხუმში.

1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, სამართლამცოდნეობის სპეციალობით; 1999-2003 წლებში მუშაობდა აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრში მთავარი სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობაზე; 2002 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2006  წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2003-2006 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე; 2006 წელს მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე; 2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნის თანამდებობაზე; 2007-2011 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე; 2011 წლის მაისიდან 2012 წლის აპრილამდე იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2012 წლის 11 ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე.

სოხუმში დაბადებული ხათუნა ხარჩილავას წინა წლის 19 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარციიდან ირკვევა, რომ მის სახელზე უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული და ერთადერთი უძრავი ქონება მისი მეუღლის, შავლეგ სამუშიას სახელზე ფიქსირდება, რომელიც თბილისში, გობრონიძის #25დ-ში მდებარეობს,  ბინა #66-ია და მისი ფართობი 60.00 კვ.მ.-ს შეადგენს. ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც მოგვიანებით ვეწვიე. ამაზე ქვემოთ მოგიყვებით.

მოძრავ ქონებას რაც შეეხება, აქაც მეუღლე, შავლეგ სამუშია ფლობს ავტომობილ Nissan Skyline-ს.

დეკლარაციით ირკვევა, რომ არც ერთი მათგანი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს (ამის ფლობა ჩვენს რეალობაში ცოტა რთული საქმეც კია, ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის გადამკიდე), რაც გასაკვირიც არ ყოფილა.

რაც შეეხება გრაფას: „საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლება გაქვთ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრს“, _ ვხედავთ, რომ მოსამართლე „რესპუბლიკა ბანკში“ საკრედიტო და სახელფასო ანგარიშს ან შენატანს ფლობს, პირველ შემთხვევაში ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი შეადგენს (კრედიტი ან დებეტი) 3000.00 ლარს (კრედიტი(+), მეორე შემთხვევაში კი 110.00 ლარს (კრედიტი(+).

ასევე, ცარიელი გვხვდება გრაფა, სადაც მის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ ნაღდი ფულის მასაზეა მონაცემი მისათითებელი, რომლის ოდენობაც 4000 ლარს აღემატება.

ცარიელია გრაფა, სადაც მისი, ან ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა ეწეროს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკლარაციის შევსებამდე ერთი წლით ადრე, ანუ 2015 წელს სამსახურიდან მიღებულმა თანხამ 74450.00 ლარი შეადგინა.

ასევე, დეკლარაციიდან ვარკვევთ, რომ ჩვენი ინტერესის მთავარ ობიექტს  2015 წლის 3 ნოემბერს „ბანკი რესპუბლიკიდან“ 24000.00 ლარის ოდენობის სესხი აუღია, რომელსაც 2019 წლის 3 ნოემბერს ეწურება ვადა და რომელზედაც პროცენტის სახით 690.00 ლარი გადაუხდია.

რაც შეეხება გრაფებს:

„თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს“ და „წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე“, _  ცარიელია.

ე. ი. ზემოთ ხსენებული „კარგად უმუშავია“ არცთუ სწორი დასკვნა იყო, ერთი შეხედვით რომ ჩანდა. 11-გვერდიან დეკლარაციაში პირველი გვერდი მის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს და ოჯახის წევრებს ეთმობა, დანარჩენი ათიდან კი ხუთი გვერდი ცარიელია.

ბიოგრაფიისა და დეკლარაციის გაცნობის შემდეგ უკვე მისი საცხოვრებლისკენ გავემართე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, გობრონიძის ქუჩაზე მდებარეობს.

წინა სტატიებიდან გახსოვთ და ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრი ყოფილა, მოსამართლის კომფორტის ზონაც მუხიანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ახლოს მდებარეობს.

შაბათს შუადღის 13:00 საათისთვის ჩემი საორიენტაციო სისტემით, ხმის ჩამწერითა და აპარატით „შეიარაღებული“ უკვე „ახმეტელის თეატრის“ მეტროსადგურიდან ამოვედი და მუხიანისკენ მიმავალ გზაზე, გობრონიძის ქუჩას დავადექი. მიუხედავად Google Map-ის ქონისა, ჩემს ადგილმდებარეობასა და დანიშნულების პუნქტამდე მანძილი რეალურად შევაფასე და იქვე მდგომ ტაქსის მძღოლს ვთხოვე ადგილზე მიყვანა, რომელიც ისეთი მოურიდებელი და შემტევი აღმოჩნდა, რომ ნამდვილად მიზანდასახული იქნებოდა! ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ ამ კონკრეტული მისამართის ძიებისას ჩემს გზამკვლევს არ დაუჯერა და მაინც იმ გზით წავიდა, როგორც თვითონ იცოდა, მთავარი იყო, დანიშნულების ადგილამდე მივეყვანე და უკვე დანარჩენზე აღარ ვდარდობდი.

რამდენიმე კერძო სახლსაც შემოვუარეთ, ბევრი რამ ვიკითხეთ, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ ცოლ-ქმარს 60 კვ.მ.-ის კერძო სახლში ეცხოვრა, არადა, #25დ-ც ახალი დასახლების მისამართი იყო.

მოკლედ, როგორც იყო, იმ მაღალ შენობას მივადექით, რომელიც აშკარად ახალაშენებული კორპუსი იყო და ასეთი კიდევ ერთი შენობა იდგა მანდვე, ისიც ახალაშენებული, ოღონდ, შედარებით მუქ ფერებში გადაწყვეტილი.

ჩვენი მოსამართლის საცხოვრებელი კი 13-სართულიან ახალაშენებულ ღია სპილოსძვლისფერისა და ნაცრისფერის ნაზავს წარმოადგენს, რომლის პირველ სართულზე რამდენიმე მაღაზია, ლუდის ბარი და სილამაზის სალონია განთავსებული.

კორპუსი იმ ტრასას გადაჰყურებს, რომელიც, ერთი მხრივ, „ახმეტელის“ მეტროსკენ, მეორე მხრივ, კი მუხიანისკენ მიდის, სადაც ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანების ტრასის გამყოფი მარადმწვანე ხეებია ოდნავ ამაღლებულ ბორდიურზე ჩამწკრივებული.

ხსენებულმა შეუპოვარმა მძღოლმა ზუსტად სადარბაზოს კართან ჩამომსვა და თავის გზას დაადგა.

ხშირად მითქვამს, რომ მიმართლებს და იმედი მქონდა, რომ არც ეს დღე იქნებოდა გამონაკლისი. მინდოდა, ვინმე მოსულიყო, რომელიც ამ ახალი კორპუსის კარის კოდს მოხსნიდა და შიგნით შესვლის საშუალებას მომცემდა, რადგან აღმოჩნდა, რომ აღწერილი 13-სართულიანი შენობის შავი და კოდდადებული კარის წინ ვიდექი და ვერც შევდიოდი, თან ისეთი დაცვის სისტემა ჰქონდა, რომ ვერც რომელიმე მეზობლის კარზე დავრეკდი ზარს ასე, სადარბაზოს კარიდან, თუმცა ხსნა, თურმე, ახლოს იყო და, სულ რაღაც, 20 წამი იქნებოდა გასული (არც კი), რომ კართან ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა, რომელმაც სადარბაზოს კოდი აკრიფა. ერთხელ გამომხედა, _ ნეტა, ეს ჩემ უკან შემოყოლას აპირებსო? _ იფიქრა, ალბათ. მე კი მეტის გაფიქრების საშუალება არ მივეცი და მაშინვე ვკითხე:

_ უკაცრავად, ეს კორპუსი გობრონიძის #25დ არის?

_ არ ვიცი, მე აქ სტუმრად ვარ, _ მითხრა და კოდი აკრიფა. დავინახე, რაც იყო, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე და როგორც კი კარი გააღო, პირველი მე შემატარა. _ გმადლობთ-მეთქი და მეც შევედი. ლიფტით ასვლა შემომთავაზა, _ ფეხით ვამჯობინებ-მეთქი. მადლობა გადავუხადე და სართულებს მაღლა ავუყევი.

სადარბაზოს სტრუქტურა შემდეგნაირია: შესვლისთანავე მარცხენა მხარეს ბინებია განთავსებული, მარჯვენა მხარეს კი _ მაღლა ასასვლელი კიბეები.

ხელმარცხნივ განთავსებული ბინები ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული კარების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც დერეფანს ქმნის. ამ დერეფნიდან გამოსვლისა და ისევ ხელმარცხნივ წასვლის შემდეგ აღმოჩნდებით ლიფტის პირდაპირ და თუ ამასაც ჩაუვლით და კვლავ მარცხნივ შეუხვევთ, კიდევ ისეთ დერეფანს გადააწყდებით, როგორიც წინა ჯერზე აღვნიშნე, ეს იმ კიბეების უკანა ნაწილია, რომელიც შესვლისთანავე შემხვდა.

მოკლედ, ავუყევი კიბეებს მაღლა და პირველი სართულის ავლის შემდეგ სანდომიანი სახის ქალბატონი შევნიშნე, რომელსაც გამოველაპარაკე:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, მაინტერესებს, ხათუნა ხარჩილავას თუ იცნობთ?

_ მოსამართლეს?

_ დიახ.

_ როგორც ვიცი, მაღალ სართულზე ცხოვრობს, მე-6, თუ მე-9 სართულია, მგონი, ზუსტად არ ვიცი.

_ ისე, ხედავთ ხოლმე, გესალმებათ?

_ არა, შვილო, უბრალოდ, გამიგია, რომ აქ ცხოვრობს.

_ კარგი, გმადლობთ-მეთქი და გზა გავაგრძელე.

ისე, ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ უცებ ძალიან ბევრი 6-იანი მომეჩვენა ერთად: თუ ჩვენი მოსამართლე ნამდვილად მე-6 სართულზე, #66 ბინაში ცხოვრობდა, თან ბინის ფართობიც ხომ 60 კვ.მ-ია მითითებული დეკლარაციაში.

მაღლა სართულებზე ასვლისა და ცარიელი, ბინაში ჯერარშესახლებული ფართების რაოდენობა, გარკვეულწილად, პროპორციული აღმოჩნდა.

რამდენიმე კარზე დაკაკუნებისას მივხვდი, რომ დროს ტყუილად ვკარგავდი და იქ არავინ ცხოვრობდა. უკვე მე-3 სართულზე ვიყავი, როცა კარზე ზარის დარეკვისთავე გაღების ხმა გავიგე და გამიხარდა. მაღალი, შავგვრემანი ქალბატონი გამოვიდა, თეთრ მაისურსა და სტაფილოსფერ პიჯაკში:

_ გამარჯობა, ჟურნალიტი ვარ, მაინტერესებს, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას თუ იცნობთ?

_ არა, არ ვიცნობ.

_ ისე, აქ ცხოვრობს, ხომ, ამ კორპუსში, ამ სადარბაზოში?

_ კი, გამიგია, რომ აქ ცხოვრობს.

_ ხედავთ ხოლმე? სალმიანია?

_ იშვიათად ვხედავთ ხოლმე, მაგრამ ვიცი, რომ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

_ კარგი, გმადლობთ.

წამოსვლისთანავე კარი გაიხურა და მეც სხვა კარს დავადგი თვალი, თუმცა ამაოდ.

ახლა ლიფტისკენ გავუყევი გზას, რომლის გვერდზეც კვლავ ბინები იყო განლაგებული. ისე მოხდა, რომ პატარა, 5-6 წლის გოგონა იქნებოდა, გვერდით ჩამირბინა და იმ კარზე დააკაკუნა, სადაც მე უნდა მივსულიყავი:

_ უფროსებს დაუძახე, კარგი? _ ვთხოვე. დადებითი პასუხის ნიშნად თავი დამიქნია. რამდენიმე წამში ქალბატონი გამოვიდა, ეტყობა, რაღაც საქმეს მოვაცდინე, შესაძლოა, საჭმელს აკეთებდა, თან რაღაცას ჭამდა. მოვუბოდიშე და მასაც იგივე ვუთხარი, რაც სხვებს, თუმცა უარის ნიშნად თავი გაიქნია, გამიღიმა და მითხრა:

_ აქ ძალიან ბევრი 13-სართულიანი შენობა დგას, თითო მხარეს ექვსი მოსახლეა და სამწუხაროდ, ყველას არ ვიცნობთ.

_ ისე, თუ გაგიგიათ?

_ კი, ისე გამიგია, რომ აქ ცხოვრობს.

_ გმადლობთ.

წამოვედი. აქვე გამიმართლა და მისმა მეზობელმაც გამიღო კარი, _ მაღალი, ჭაღარა მამაკაცი იყო, თავიდან გაუკვირდა ჟურნალისტის იქ ყოფნა, მაგრამ შემდეგ არ დაიბნა და თავდაჭერილად მპასუხობდა:

_ არა, ხარჩილავა არ გამიგია, აქ ცხოვრობს?

_ კი, მაღლა სართულზე ცხოვრობს. მის მეუღლეს ხომ არ იცნობთ, შავლგ შამუგიაა გვარად.

_ არა, არც მეუღლეს ვიცნობ, სამწუხაროდ.

წამოვედი. ახლა ზემო სართულზე გადავინაცვლე. ბევრი რომ არ ვწერო და თქვენც რომ არ გადაგღალოთ, გამოკითხულთა 90%-ის პასუხი უარყოფითი იყო, _ მათ არც გაეგოთ და არც კი იცოდნენ, რომ მეზობლად მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა ცხოვრობდა.

მე-6 სართულზე ავედი, მრიცხველები ვნახე, სადაც ბინა #66-იც იყო მითითებული, მერე ამ ბინასთან მივედი, სადაც შავი ფერის რკინის კარი დამხვდა, რომელსაც ოქროსფერი ციფრებით 66 ეკრო, მის ქვემოთ ჯვრის გამოსახულება, კიდევ ქვემოთ კი რკინის დასაკაკუნებელი მოწყობილობა მიემაგრებინათ. კარის მარჯვენა მხარეს (ჩვენგან), ბზის ტოტი იყო ჩაყოლებული.

კარს ფოტოები გადავუღე, მეზობლებთან ზარი დავრეკე, თუმცა ამაოდ და წამოვედი. ახლა ერთი სართულით ზემოთ გადავინაცვლე და მინდოდა, ერთი ისეთი ადამიანი მაინც მენახა, რომელიც ჩვენი ინტერესის ობიექტს იცნობდა.

ერთი სართულით მაღლა ლიფტის გვერდით რომ 6 ბინაა განლაგებული, იმათგან შუაში რომელიც იყო, იმას მივადექი (მხოლოდ აქედან ისმოდა ხმა), ზარდი დავრეკე და ამ დროს ბავშვის ყვირილი მესმის: დედააა… ცოტა ხანში კარს ახალგაზრდა, ღია ფერის თმის მქონე ქალბატონი მიღებს, რომელიც მობილურზე საუბრობს.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, კომფორტის ზონაზე ვწერ, მაინტერესებს, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას თუ იცნობთ?

_ ერთი წამით დამელოდეო, _ უთხრა მობილურში ვიღაცას, _ ერთი სართულით ქემოთ ცხოვრობს, _ მითხრა.

_ კი, ეგ ვიცი, მაინტერესებს, თქვენ თუ იცნობთ?

_ ისე, ახლოდან არა, მაგრამ რამდენჯერმე მინახავს, ვიცი, ვინცაა.

_ როგორი მეზობელია?

_ რა ვიცი, თითქმის ვერ ვხედავ.

_ მის მეუღლეს თუ იცნობთ, შავლეგს?

_ მეუღლეს კი, ვიცნობ, სალმიანი კაცია.

_ თვითონ ხატიაც სალმიანია ხოლმე, როცა ნახულობთ?

_ კი, რა ვიცი, იშვიათად ვხედავ და ისე, იცის მოსალმება, კი.

_ კარგი, გმადლობთ.

_ არაფრის.

უკვე მივხვდი, რომ აქ დიალოგების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მას თითქმის არავინ იცნობდა და, შესაბამისად, გაუჭირდებოდათ კიდევაც ჩემთვის საინტერესო ინფორმაციის მოცემა.

დაბლა დავეშვი, ლიფტი არ მუშაობდა, თუ ჩემი გამოძახების დროს შეყოვნდა, არ ვიცი. დაბლა ფეხით ჩამოვედი. რკინის კარი ძლივს გავაღე და გარეთ გამოვედი, ახლა გვერდით მყოფ მაღაზიაში შევედი, მაინტერესებდა, იქნებ, აქ მოლარე გოგონები, ან სხვა მომსახურე პერსონალი თუ იცნობდა მას, თუმცა აქაც ამაოდ, _ ახალგახსნილები ვართ და ჯერ არავის ვიცნობთო, _ მიპასუხეს.

საბოლოოდ, მუხიანისკენ მიმავალ გზაზე, გობრონიძის ქუჩაზე, 13-სართულიანი შენობის მე-6 სართულზე, #66 ბინაში მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა დავტოვე და მის კომფორტის ზონას მეტად აღარ შევხებივარ.

 

ნინო ტაბაღუა