უტიფრობის პროთეზი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, იდევნება, იდევნება ჭინჭებისთვის _ ქიშმირის პალტოსა და რამდენიმე ხელი კოსტიუმისთვის. ეს არაა პოლიტიკური ლიდერის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა, ესაა გამოცხადებული პოლიტიკური დევნის ქრონიკა, რაც მთავარია, სამარცხვინო ქრონიკა.

სამარცხვინო იმიტომ, რომ ამ დედამიწის ზურგზე ყველამ გადასარევად იცის, რატომაც იდევნება იგი და ყველა უტიფრად დუმს. უტიფარ დუმილს კიდევ რა უშავს, ყველა, ვისაც კი სინდის-ნამუსის მუხრუჭები აქვს მოშლილი, უტიფრად ბოდავს, რაც იმ წუთას მის ბინძურ ზრახვებს წაადგება.

ყველამ გადასარევად იცის, რომ კაცს, რომელსაც 19 მილიარდის მითვისებას ედავებოდნენ, ბოლოს ბრალი დასდეს 8 მილიონი ლარის არამიზნობრივად გაფლანგვაში, ქიშმირის პალტოსა და 7 კოსტიუმის ყიდვა-ჩაცმაში. მეტიც, მასაჟისტის მომსახურებით სარგებლობა დასახეს მისი დიქტატორობის უტყუარ ნიშნად.

ყველამ გადასარევად იცის ის, რომ საკმარისი იყო, მას ქვეყანა არ დაეტოვებინა, ბიძინა ივანიშვილი მასაც ციხეში გამოკეტავდა, როგორც გამოკეტა ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, რომელმაც, როგორც კი ციხე დატოვა, ჯართში ჩააბარა სააკაშვილი.

ყველამ გადასარევად იცის ისიც, რომ ახლაც, სააკაშვილი საქართველოში რომ შემოვიდეს, მას დაუყოვნებლივ დააპატიმრებს ივანიშვილი და პირად პატიმრად აქცევს.

ყველამ გადასარევად იცის, რატომაც უფრთხის ივანიშვილი სააკაშვილს და მიუხედავად მთელი ამ ყველა „გადასარევად ცოდნისა“, დღემდე ბევრს ქილიკის საგნად აქვს ნაქცევი მისი საქართველოში არჩამოსვლა და ციხეში არჩაჯდომა _ როგორც პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და მეტიც, როგორც უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მშიშარაა, განსხვავებით იმ მამაცი ხალხისგან, ვინც ციხეში ზის.

კეთდება ეს უტიფარი განცხადებები და გეგონება, ივანიშვილის სასამართლო მართლაც იძლეოდეს სიმართლის დადგენის საშუალებას. რომც გაბედოს და დაადგინოს სასამართლომ უდანაშაულობა, გეგონება, 13-გზის გამართლებული ბაჩო ახალაია ისევ არ იჯდეს ციხეში.

რაც მთავარია, გეგონება, არ ვიცოდეთ, რომ თუკი ივანიშვილი მოიხელთებს პუტინის ნომერ პირველ მტერ სააკაშვილს, ის მხოლოდ ივანიშვილის პირადი პატიმარი კი არა, მომენტალურად გახდება პუტინის პირადი პატიმარიც.

და რა სურთ ამ თემით დღემდე მოჯამბაზეებს? რომ პუტინმა ხელთ იგდოს სააკაშვილი, ისევე როგორც ხელთ იგდო რომა შამათავა? რას მისცემს ვინმეს სააკაშვილის გისოსებს მიღმა ყოფნა? რას მისცემს პუტინს? სრულიად გასაგებია _ მისგან დაისვენებს. რას მისცემს ივანიშვილს? _ ესეც გასაგებია, _ უდრტვინველ ძილს შუშის სასახლეში. მაგრამ რისგან დაისვენებენ სხვები, რომელთაც ნისკარტი არ უცვდებათ ამ თემაზე ამდენი ყბედობით?

გასაგებია ისიც, რატომ არიან გაავებულნი „მეოცნებეები“ და რატომ გაჰკივიან დღემდე, გასაგებია მათი უსასრულო ისტერიკა _ ვერ იძიეს შური, ბორკილები ვერ დაადეს სააკაშვილს და მის ყოველ გამოჩენაზე დუჟი სდით. არადა, ისიც არ ისვენებს, _ ხან ქართული ტელეეთერებიდან ეხმიანება, ხან _ უკრაინული და არცთუ იშვიათად „სიენენის“ ეკრანებიდან.

„ქოცებმა“ ბოლომდე ვერ გამოსცალეს შურისძიებისა და გამარჯვების ფიალა და ეს აგიჟებთ, მაგრამ რა რჯით თავად მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებს?

ან რა რჯის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტად წოდებულ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც გასულ კვირას ყაისნაღს ყაისნაღი გამოსდო და სრულიად სამარცხვინო განცხადება დადო „ოდიშთან“ ინტერვიუში:

„პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე გადავაყენეთ და სახლში გამოვკეტეთ, მესამე, კიდევ, დევნილობაშია“, _ სიტყვა-სიტყვით ასე ბრძანა მისმა უყაისნაღესობამ.

ის ხან, მაგალითად, პარლამენტში გამოსვლისას საერთოდ არ ახსენებს ზვიად გამსახურდიას, ხან მის საფლავზე გვეცხადება, ხან მის სტიპენდიას აწესებს და ახლა გვამცნობს, რომ, თურმე, ზვიად გამსახურდია მოვკალით. მას, ცხადია, უფლება აქვს, ამდენი წლის შემდეგ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ მკვლელობაზე, მაგრამ რა უფლებით გამოვყავართ უკლებლივ ყველა ზვიად გამსახურდიას მკვლელებად? ამ გაზეთის ფურცლებზე ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ: არც მე, არც ჩემს წინაპრებს არ მოუკლავთ ილია, ის მოკლეს გარეწრებმა, მოღალატეებმა; არც მე და არც საზოგადოების უმრავლესობას ზვიად გამსახურდიას დამხობასა და მკვლელობაში წილი არ მიგვიძღვის. მის დამხობასა და მკლელობაში წილი აქვთ მათ, რომელთაც ნიადაგი შეუმზადეს იმ პროცესებს _ რომლებიც გაითხლაშნენ იქ, ტელევიზიის კიბეებთან, თუ კინოს სახლთან და მათ, რომლებმაც ხელში აიღეს იარაღი და ხოცეს ქართველები. ან მე რა შუაში ვარ, ან საზოგადოების ნაწილი, ვინც იმ უბედურების შედეგი საკუთარ ტყავზე იწვნია შემდეგ?! რა გნებავთ, თქვენო უყაისნაღესობავ, ყველას აგვკიდოთ პასუხისმგებლობა და ამ გზით შეიმსუბუქოთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა? ამიტომ ჩაგვძახით „მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს ერთდროულად ყველას პასუხისმგებლობაა“?

დიახ, თქვენო უყაისნაღესობავ, ჩვენ გადავაყენეთ ედუარდ შევარდნაძე. ჩემსა და მრავლის შემთხვევაში, ვინც მხარს უჭერდა „ვარდების რევოლუციას“, თქვენ მართალს ბრძანებთ, მაგრამ ბევრი მაშინაც წინააღმდეგი იყო იმ პროცესებისა და ნუ დააკისრებთ მათ ამ პასუხისმგებლობას. ეს მათთვის, ვინც კინაღამ საფლავში ჩაჰყვა შევარდნაძეს, მე თუ მკითხავ, დიდი პატივია. მათ არ დაუჭერიათ მაშინ მხარი პროგრესისთვის. რაც შეეხება შევარდნაძის სახლში გამოკეტვას, ჯერ ერთი, ვინ გამოკეტა? და მეორეც, ვერ გავიგე, რა გნებავდათ, პრეზიდენტ სააკაშვილს სასეირნოდ ეტარებინა? მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა არაერთი სამხილი შევარდნაძისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ, გადამდგარ პრეზიდენტს ხელი არავინ ახლო, დარჩა იმ რეზიდენციაში, სადაც მას, წესით, აღარც ეკუთვნოდა ყოფნა, იყო დაცული სახელმწიფო დონეზე, ღებულობდა სტუმრებს, ჟურნალისტებს, ღებულობდა პენსიას! დიახ, ეს პირველად მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც არ დაწყებულა ხელისუფალის დევნა ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ. და როგორ მოხდა მერე? გაგახსენებდით, მაგრამ რა აზრი აქვს, როდესაც იქით სააკაშვილს ანამუსებთ? თურმე, ნუ იტყვით და სააკაშვილი ქვეყანას იმიჯს ულახავს, საქართველოში რომ არ შემოესვლება…

„პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგმული აქვს ნაბიჯები, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები. ვფიქრობ, რომ მან ამ კითხვებს უნდა უპასუხოს. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება, მაგრამ ამას პოლიტიკოსებმაც, როგორც მმართველი ძალიდან, ასევე ოპოზიციიდან, პრეზიდენტმაც, ხელისუფლებამაც უნდა მივცეთ ცივილიზებული ფორმა, რომელიც შეურაცხყოფას არ მიაყენებს არც ქვეყანას და იმ სამართლებრივ კითხვებს, რომელიც სააკაშვილთან მიმართებით არსებობს, უპასუხებს ადეკვატურად“, _ ბრძანებთ ომახიანად, ბრძანებთ თქვენ, ვისაც ქვეყნიდან ძლივს გაგესვლებათ… და თქვენ იქნებით გარანტი, რომ ივანიშვილი ციხეში არ გამოამწყვდევს უდანაშაულო სააკაშვილს? თუ თქვენ მიერ აღზევებულ თქვენს „პადრუგას“ _ ნინო გვენეტაძეს შერცხვება და არ გამოიტანს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას?

მაინც, რომელ პასუხებს ითხოვთ, რომელიც უკვე არაერთხელ მიიღეთ? თუ თქვენი ოცნებაც ეგაა _ თქვენ ავლაბარში, მის მიერ აშენებულ რეზიდენციაში ქსოვოთ და ის გლდანის ციხეში იყოს გამომწყვდეული?

რა ამოძრავებს მარგველაშვილის ყაისნაღებს? _ ეს ერთია და რა ამოძრავებთ თავად სააკაშვილის ყოფილ თანამებრძოლებს? _ ეს, კიდევ, სხვა…

ამ თემით სპეკულაციები გამიჯნულებმა, ჯერ კიდევ, გამიჯვნამდე დაიწყეს. მათ ეს იმ უპირატესობის მოსაპოვებლად სჭირდებოდათ, რომელიც უგულავას უნდა მოეპოვებინა სააკაშვილზე. გაიხსენეთ ცხელი ზაფხულის ცხელი პოსტები და განცხადებები…

ეს პროცესი არც ახლა სრულდება. ამჯერად მათ რიგებს გიორგი ვაშაძეც შეემატა. ეს ჩვენ ვუხმობთ და ვიხსენიებთ ვაშაძედ, თორემ ისე რეინკარნირებული მეფე გიორგი I ყოფილა: „უშიში, ვითარცა უხორცო“.

„რეაქციაში“ ჯაბა ჯიშკარიანთან კამათისას მან ომახიანად შესძახა, რომ მასზე ვერანაირ საქმეს ვერ აღძრავენ, რადგან ვერაფერს უპოვიან.

„ადეიშვილს ადეიშვილის მოჰკითხე, სააკაშვილს _ სააკაშვილის. მათგან განსხვავებით ქვეყნიდან, იცი, რატომ არ გავრბივარ? ისინი გაიქცნენ, როგორც ჩანს, დამნაშავეები იყვნენ. მე, მათაგნ განსხვავებით, ამ ქვეყანაში ვარ იმიტომ, რომ არც ერთი დანაშაული არ ჩამიდენია. არც ერთი ადამიანის არ მეშინია“, _ ბრძანა ვაშაძემ, უშიშმა, ვითარცა უხორცომ.

თურმე, ფერ-ხორც-შიშიანი სააკაშვილი, „როგორც ჩანს“, დამნაშავე ყოფილა და ამიტომ გაქცეულა, უხორცო ვაშაძე კი იმიტომაა ამ ქვეყანაში, რომ არც ერთი დანაშაული არ ჩაუდენია. თუ ეს ასეა და სააკაშვილი დამნაშავეა, რატომ ცდილობდა ასე გააფთრებით მის პარტიაში გავლენების მოპოვებას? რას დაიარებოდა მაშინ კიევებსა და ოდესებში? უკაცრავად და მარადიული პარასკევი მას შემდეგ დაუდგა, რაც „ძეხვს“ ვერ შესწვდა მაშინ ბოკერიას ფრთის წყალობით?

საერთოდ, რა შუაშია ან შიში, ან დანაშაულის ჩადენა-არჩადენა საქართველოში დარჩენასთან? იქნებ, ყველაფერი, როგორც ამბობენ, პირიქითაა? იმას არ ახლეს ხელი, ვინც ურთიერთობები გაარკვია ივანიშვილთან?

ვინ დაიჭირა ივანიშვილმა? _ ვისიც ეშინოდა და ვისგანაც საფრთხეს ელოდა! ამიტომაც ჰყავს დღემდე გამოკეტილი ახალაიაც და მერაბიშვილიც, სხვები კი ლაღად დაიარებიან. და ეს ლაღად სიარული, ზოგის შემთხვევაში, თუ ივანიშვილთან გარიგების შედეგია, უმრავლესობის შემთხვევაში, იცით, რისი შედეგია? _ იმის, რომ მათგან არანაირ საფრთხეს არ ხედავს! თქვენ კი არ ხართ უშიშრები, ივანიშვილს არ ეშინია თქვენი და ამიტომაც ხართ დიდ გულზე! მარტივად რომ ვთქვათ, ვის დაეკარგეთ? ან ბიძინას რა სტაფილოდ უნდა თქვენი ციხეში გამოკეტვა, ან, მით უმეტეს, პუტინს?

და სანამ გაქცევას შიშსა და მშიშრობას დაუკავშირებთ, კარგად გადახედეთ ისტორიას. ვიცი, წყაროებში ქექვით თავს არ მოიკლავთ, მაგრამ, იქნებ, ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებულ სერიალებს მაინც შეავლოთ თვალი, სადაც ნახავთ, როგორ გაურბიან მტერს სახელგანთქმული ისტორიული ფიგურები, სწორედ იმიტომ, რომ ტყვეობაში არ აღმოჩნდნენ და მოქმედება შეეძლოთ. ვიმეორებ: თუ კითხვასთან მწყრალად ხართ, ნახეთ, უშიშრებო, სერიალი „Genghis Khan “, სადაც აღმოაჩენთ, რამდენჯერ გაიქცა ჩინგის ხანი, ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყო. კიევში კი არა, მატყლის გროვაშიც კი იმალებოდა ეგ „მშიშარა და მხდალი“. ნახეთ ჩინგიზ ყაენზე, უშიშრებო, მეზობელი თურქეთის ისტორიული სერიალი „Dirilis: Ertugrul “ და ნახეთ, რამდენჯერ გაიქცა ოსმანთა იმპერიის ფუძემდებლის, ოსმან I-ის ლეგენდარული, მამაცი მამა ერთუღრული, ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყო და მტრის წინააღმდეგ ემოქმედა. ნახეთ ჩინგიზ ყაენზე, მამაცებო, სამხრეთ კორეული „The Great Queen Seondeok “ _ სერიალი კორეელების პირველ ქალ მონარქზე, რომელიც მათ, ჯერ კიდევ, მე-7 საუკუნეში ჰყავდათ. კარგად ნახეთ, რამდენჯერ გაიქცა უშიშარი პრინცესა დოკმანი (შემდეგში კორეულ სამეფო შილას დიდი მონარქი), რომ თავი დაეღწია შინაური თუ გარეული მტრის ტყვეობისგან და შთამომავლობისთვის დაეტოვებინა ის, რაც დატოვა.

მაგრამ ეჭვი მაქვს, კედელს ცერცვს ვაყრი, ეჭვი მაქვს, ეს ყველაფერი გადასარევად იცით და მაინც თქვენსას არ იშლით _ პირს „გიმშვენებთ“ უტიფრობის პროთეზი.

 

რეზო შატაკიშვილი