გადაიზრდება თუ არა ხანდოს ხეობაში მიმდინარე აქცია მასობრივ პროტესტში?!

რამდენიმე კვირაა, დუშეთის რაიონში, ხანდოს ხეობაში, მოსახლეობა მათ საცხოვრებელ სახლებთან უშუალო სიახლოვეს გამავალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს. რამდენიმე დღის წინათ ფასანაურში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკვეს.

ადგილობრივებმა სოფელ ბუქუდას სასაფლაოზე გადაინაცვლეს, სადაც სამშენებლო სამუშაოს გამო, როგორც თავად მოსახლეობა ამბობს, საფლავები ითხრება. საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პირველი შეხლა-შემოხლა მოსახლეობასა და პოლიციას შორის მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობამ ამ ტერიტორიიდან სამშენებლო სპეცტექნიკის გაყვანა სცადა. საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნის ბრძანებით, მათ ამის საშუალება აღუკვეთეს, ხოლო როცა მოსახლეობა მოთხოვნას არ დაემორჩილა, ხელი არ ეხლო სპეცტექნიკისთვის, საპატრულო პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შემდეგ ტერიტორიაზე აქციის ექვსი მონაწილე დააკავეს, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და ადგილობრივებმა ფასანაურში ცენტრალური გზის მონაკვეთი გადაკეტეს. მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი შელაპარაკება აქაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საჭირო გახდა პოლიციის დამატებითი ძალების ჩარევა.

დაძაბულობასა და ფიზიკურ დაპირისპირებას პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის წინ უძღოდა აქციის მონაწილეებთან გამგებლების მისვლა. ფასანაურისა და დუშეთის გამგებლები შეეცადნენ, იმ პრობლემების შესახებ გაეგოთ, რომლებიც ადგილობრივებს აქვთ.

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა: „ჩვენ ისედაც ვაჩერებთ ერთი კვირით სამუშაოებს, სანამ მეთოდოლოგია არ შესრულდება, თუ როგორ გაატარებს კომპანია შემარბილებელ ღონისძიებებს მშენებლობის პროცესში. არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება იმიტომ, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ასეთი ხაზები 1300 კმ სიგრძის გვაქვს“.

ამ დროისთვის აქცია შეჩერებულია, დაკავებული მოქალაქეები კი ისევ საპატიმროში რჩებიან. ეკოლოგიურ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამშაბათიდან ადგილზე ჩავლენ და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას მოქალაქეებთან ერთად გააპროტესტებენ.

 

ხანდოს ხეობაში მიმდინარე პროცესების ფონზე მოსახლეობის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, ლოკალური აქციები შეიძლება თუ არა გადაიზარდოს ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებში? ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს პოლიტიკოსები ესაუბრნენ.

 

კონსტანტინე გამსახურდია _ „თავისუფლება“:

_ ეს იგივე მოვლენაა, რაც ხდებოდა გვიანდელი კომუნიზმის პერიოდში, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებს ვგულისხმობ, როდესაც გიგანტური ჰესების მშენებლობის პროექტებს გვთავაზობდნენ, რაც ანადგურებდა ეკოლოგიას და, გარკვეულწილად, ისტორიულ ძეგლებსაც. შეიძლება, ზუსტად გაივლოს პარალელი. ამგვარი დამოკიდებულების შედეგი კარგად ვნახეთ სსრ კავშირის არსებობის ბოლო წლებში, როდესაც იგი ეროვნულმა მოძრაობამ დაშალა, რომელიც აქედან განვითარდა. სხვათა შორის, ეს მხოლოდ საქართველოში არ ყოფილა. ხელისუფლება აბსოლუტურად არ აქცევს ყურადღებას, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ. მახსენდება მაშინდელი შეფასებები, ვგულისხმობ 80-იანი წლების მიწურულს და 90-იანი წლების დასაწყისს, როდესაც პირდაპირ იყო ლაპარაკი მთის მოსახლეობის გენოციდზე და მათი იქიდან გამოდევნის მცდელობაზე. წარმოიდგინეთ, პარალელი სწორედაც რომ მარჯვეა. ჩემი აზრით, სრულიად შესაძლებელია, ასეთი ხასიათის საპროტესტო აქციები უფრო ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდოს, ამის მაგალითები არაერთხელ გვინახავს.

 

ჯონდი ბაღათურია _ „ქართული დასი“:

_ რა თქმა უნდა, დაუშვებელია საფლავების გადათხრა და მოსახლეობის ნების უგულებელყოფა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ხაზმა უნდა გაიაროს საქართველოში და ჩვენ ამ მშენებლობების წინააღმდეგები არ უნდა ვიყოთ მოსახლეობის ინტერსების გათვალისწინების ფონზე. ისიც ცალსახაა, რომ ჩვენ უარს ვერ ვიტყვით ასეთ განვითარებაზე, მაგრამ მოსახლეობის აზრი გონივრულ ფარგლებში უნდა იყოს გათვალიწინებული და საფლავების გადათხრა პრინციპულად დაუშვებელია, თუ ასეთი რამე მოხდა. ჩემთვის ეს ინფორმაცია არ არის ცნობილი. რაც შეეხება იმას, ასეთი ლოკალური უკმაყოფილება გადაიქცევა თუ არა ფართომასშტაბიან აქციაში, პრინციპში, ასე იწყება ხოლმე, პატარ-პატარა თავის ტკივილები როდესაც ჩნდება. თუ ამ უკმაყოფილების საფუძველი არ აღმოიფხვრება, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, შესაძლებელია, ეს დიდ ხანძრად გადაიქცეს. ლოკალურმა უკმაყოფილებამ შეიძლება ერთ დიდ უკმაყოფილებაში ამოხეთქოს მაშინ, როდესაც ხალხის მასას ამ უკმაყოფილებაში თავისი ლიდერი, წარმმართველი ძალა გაუჩნდება. დღეს ხალხი ვერ ხედავს არსებულ ოპოზიციაში მის ლიდერსა და წარმმართველ ძალას იმიტომ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მისთვის, პრაქტიკულად, მიუღებელია, ეს არის ე. წ. ლიბერალური ოპოზიცია, რომელთა ცნობიერება აცდენილია ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ასევე ხალხის ცნობიერებას არის აცდენილი, მეორე მხრივ, დაქსაქსული, ეროვნული ინტერესების მატარებელი პოლიტიკური ძალა სუსტია და შესაბამისად, ხალხი ვერ ხედავს ორგანიზაციულ და ამ საპროტესტო მუხტის დიდ ტალღად გადაქცევის რესურსს. მაგრამ ნელ-ნელა ხალხის უკმაყოფილება იზრდება, შესაბამისად, როგორც კი საზოგადოებაში ფონი მომწიფდება, მერწმუნეთ, პროტესტის წარმმართველი ძალა შეიკვრება. ჩვენ ახლა არაორგანიზებულები ვართ, როდესაც სახელმწიფო გვთავაზობს აბსოლუტურად განსხვავებულ საგარეო, საშინაო, ეკონომიკურ თუ სოციალურ პოლიტიკას, დამოკიდებულებას საზოგადოების მიმართ, ეს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შეიძლება არ არის მისაღები, შეიძლება რომელიმე პოლიტიკური ლიდერიც იყოს საზოგადოებისთვის მისაღები, მაგრამ ძალის კომპონენტს ჩვენში ვერ ხედავენ და ამიტომაც ლოკალური უკმაყოფილებები ასეთი ხასიათისაა.

 

ნოდარ ნათაძე _ „სახალხო ფრონტი“:

_ ხანდოს ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობას ახლა მთელმა საქართველომ უნდა აუბას მხარი, ამის დათმობა არ შეიძლება. არ შეიძლება, რუსეთის აგენტურული სამსახურის მოტივით შენი საკუთარი მოსახლეობა ფიზიკურად დააზარალო. ხელისუფლების მხრიდან ეს არის წმინდა აგენტურული ნაბიჯი. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ასეთი რამ არ მახსოვს, რომ საფლავები გადაეთხაროთ და მიცვალებულებს შეხებოდნენ, მე მახსოვს ახლანდელი პარლამენტის შენობას რომ აშენებდნენ, იქ იყო იუნკრების საფლავები, რომელიც ამოთხარეს, წაიღეს და ვინ იყვნენ, არ გაამხილეს. ეს ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ოფიციალურად არ გაუხმაურებიათ. ამ ხელისუფლებას თავზე ლაფის გადასხმა არ აკლია, ამით მათი პრესტიჟი კიდევ უფრო მეტად დაეცემა ნულს ქვემოთ.

 

პეტრე მამრაძე _ „მართვის სტრატეგიული ცენტრი“:

_ ხელისუფლებას კიდევაც ევალება და, შესაბამისად, კანონი აძლევს უფლებას, რომ რაც სჭირდება ეროვნულ ინტერესებს _ ძაბვის გადამცემი სისტემის გაყვანა იქნება, ჰესის აშენება თუ სხვა, _ ეს განახორციელოს, მაგრამ კანონის სრული დაცვით და, რა თქმა უნდა, ახსნაგანმარტებითი მუშაობა მოსახლეობასთან ყოველთვის წინსწრებით არის აუცილებელი. განვითარებულ ქვეყნებში ყოველთვის მიღებულია ზომები, რომ მოსახლეობამ ფინანსურად თუ ფიზიკურად არ იზარალოს. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება საფლავების გათხრას, ჩემთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც სასაფლაოს ადგილს ცვლიან, სადაც ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობა და სასაფლაო გადააქვთ პატივის სრული მიგებით, ოღონდ ამის აუცილებელი საჭიროება უნდა არსებობდეს, მაგალითად, თუ ეს ქსელი სჭირდება მთელ საქართველოს. რა ინფორმაციაც ჩვენთან გავრცელდა, რომ გამოსხივება აქვს და ა. შ., ეს ყველაფერი ასხნა-განმარტებას საჭიროებს, ჩვენთან ხდება ორი რამ _ პირველი: სამუშაო პროცესი ჩავარდნილია; მეორე: მოსახლეობის ინტერესების კომპენსაციის უგულებელყოფა. ეს ჩვენი სიღატაკიდანაც არის გამოწვეული. განვითარებულ მსოფლიოში ასეა, სპორტულ კლუბს უფრო მეტი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე მთელ ჩვენს ერს. ამიტომ, როგორ უნდა მისცე კომპენსაცია და საიდან, ეს რთული საკითხია. ვიცით, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაც კი დიდ სირთულეებს ხვდება, მედიკოსებისთვის ხელფასებს აგვიანებენ და ა. შ. ჯერჯერობით, ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მიდგომა, არადა, იმ ფორმით მოქმედებს, რომ საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი ბედი, ჩვენი პირობები, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ, ამიტომ ხდება დაპირისპირება. ხელისუფლებაში საკმაოდ მდიდარი ადამიანების ჯგუფია მოსული. ისინი, ისევ და ისევ, იმაზე ზრუნავენ, რომ რაც ფული იშოვეს, ძირითადად, ხალხის გაღატაკების წყალობით, ახლა კიდევ უფრო მეტი იშოვონ, ისევ ხალხის მეტად გაღატაკებისა და დაჩაგვრის საშუალებით. ეს ქმნის უნდობლობას, დაპირისპირებას და, ასეთ დროს, რასაც არ უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, როცა ნდობა არ არის და პირიქით, აქტიური უნდობლობაა, ყველაფერი შეიძლება გადაიზარდოს აქციებში, ლოკალურსა თუ შემდეგ მასობრივში. ეს სახიფათო რამ არის! ვაკვირდებოდი იმ რიცხვებს: რამდენი ადამიანი მივიდა შარშან საპარლამენტო არჩევნებზე და რამდენმა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“. არჩევნებზე მოსახლეობის 20% თუ მივიდა, ამ ფონზე წაიღეს ხმები და საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნეს, მხოლოდ და მხოლოდ, ადმინისტრაციული რესურსით, ძალით მიყვანილი ხალხით. როდესაც ამომრჩეველი გულით მივიდა, ისინი „ქართუ ბანკში“ მართლაც უკანასკნელ 10-20 ლარს დებდნენ, რომ ბანკი გადაერჩინათ სააკაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილისგან, რომლებიც ბანკის გაკოტრებას ცდილობდნენ. ჩემთან ახლოს არის „ქართუ ბანკი“ და ვხედავდი იმ რიგებს. ასეთი მოწოდებით არჩევნებზე არავინ მისულა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიმართ მასობრივი უნდობლობაა. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. საკუთარ თავზე ვერ ავიღებ იმის თქმას, რომ მაღალი ძაბვის ქსელების გაყვანით ცუდი საქმე კეთდება, ალბათ, საჭიროა, მაგრამ რა ფორმით და როგორი უნდობლობის ფონზე, ეს არის საკითხავი.

 

თამარ ბატიაშვილი