დავით ხარშილაძის გვერდი – საკანი #78. გლდანის საპყრობილე

2017 წლის 13 მარტს დავით ხარშილაძე პოლიციური სადამსჯელო მანქანის მსხვერპლი მხოლოდ იმის გამო გახდა, რომ მე, „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, წლების განმავლობაში ვამხელ ძალოვან უწყებაში მოკალათებულ ზონდერებს, ჯალათებს, არაკეთილსინდისიერ, კორუმპირებულ თანამშრომლებს.

სისხლის სამართლის საქმეში მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება დევს, მაშინ, როცა ჩემი შვილის დაკავების ადგილას, მინიმუმ, 12 პოლიციელი იმყოფებოდა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი რამაზ თარაშვილი, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა დავით ხარშილაძისთვის ნარკოტიკების ჩადების სპეცოპერაციას.

ეს გვერდი „ქრონიკა+“-ში იარსებებს მანამ, სანამ ჩემი შვილი პატიმარი იქნება. მართალია, ამ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად აწუხებთ სინდისი და მორალი, მაგრამ საზოგადოება უნდა იცნობდეს ჩამდებთა ბრიგადას, რომლის კისერზეც არაერთი უდანაშაულო ადამიანის ცოდვაა.

ვინ არის რამაზ თარაშვილი?

ის შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ თანამდებობაზე დანიშვნაში მან 50 000 $ გადაიხადა. მოგეხსენებათ, ნარკოტიკების რეალიზაცია თამაზაშვილის ექსკლუზივია. სწორედ მან ააწყო თარგამაძის დროს ცნობილი ნარკოტრასა პანკისში. რამაზ თარაშვილი, მეტსახელად „შტანგა“, თამაზაშვილისთვის კომფორტული თანამდებობის პირია. იმის მაგივრად, რომ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას ებრძოდეს და ნარკორეალიზატორების გამოვლენით იყოს დაკავებული, თარაშვილი ბარიგებს „კრიშავს“ და ამ უმოქმედობის სანაცვლოდ სოლიდური რაოდენობის წილსაც იღებს. რამაზ თარაშვილი პირადად იმყოფებოდა დავით ხარშილაძის დაკავების ადგილას, მისი ავტომანქანიდან ის ნარკოტიკები ამოიღეს, რომელიც ზურაბ ვასაძემ ჩემს შვილს ქურთუკის ჯიბეში ჩაუდო. რამაზ თარაშვილი ამტკიცებს, რომ თბილისის მერიაში საქმეზე იმყოფებოდა და დავით ხარშილაძის დაკავების ადგილზე შეიარა, დახედა, რომ სპეცოპერაცია მშვიდად მიმდინარეობდა და შემთხვევის ადგილი დატოვა. მოგვიანებით, დავით ხარშილაძის დაკავების ადგილზე გადაღებული ფირი გამოჩნდა, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ რამაზ თარაშვილის ავტომანქანა ბოლო ტოვებს ჩემი შვილის დაკავების ადგილს.

 

კუკური წივწივაძე _ მეტსახელადბიძინიჩი

 

იყო დრო, როცა კუკური წივწივაძე ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს სკამზე დამდგარი სვამდა. ის იმ კატეგორიის პოლიციელებს მიეკუთვნება, ყველა დავალების შესრულებაზე რომ თანახმანი არიან და ნებისმიერ სიბინძურეზე აწერენ ხელს. მას მეტსახელად „ბიძინიჩს“ იმის გამო ეძახდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის  ბიძაშვილის, ქეთევან ივანიშვილის სიძე გახლდათ. ყველასთვის მოულოდნელად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ბიძინიჩმა“ თანამშრომლებს „პრავების კაჩავი“ დაუწყო. იგი იმდენად ამაზრზენად იქცეოდა, რომ გვარიანად მიიჟეჟა კიდეც _ ძვალი და რბილი გაუერთიანეს, ისე სცემეს. მალევე კუკური წივწივაძე თბილისში გადმოიყვანეს და მოსმენებზე დააწყებინეს მუშაობა. „ბიძინიჩი“ ამტკიცებს, _ სწორედ მან, ლიკა ივანიშვილის (ექს) ქმარმა, ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, რომ დავით ხარშილაძე 13 მარტს აუცილებლად იქნებოდა ბოჭორიშვილის ქუჩაზე და მას თან აუცილებლად ექნებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მაშინ, როცა ჩემმა შვილმაც კი არ იცოდა, რომ ბოჭორიშვილის ქუჩაზე მოხვდებოდა.

ვალერიან ჩიბირაშვილი, ზურაბ ქუმელაშვილი და ზაქარია ვასაძე დავით ხარშილაძის წინააღმდეგ ჩატარებული პოლიციური სადამსჯელო ოპერაციის უშუალო შემსრულებლები არიან. ზაქარია ვასაძე იყო ის პირი, რომელმაც რეზინის მომწვანო ხელთათმანები გაიკეთა, რამაზ თარაშვილის მანქანიდან ორი პაკეტი ფხვნილი გადმოიტანა და ჩემს შვილს ქურთუკის ჯიბეში ჩაუდო. სხვათა შორის, ჩემი შვილის ქურთუკი, რომელიც, წესით, ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცება უნდა ყოფილიყო, პოლიციელებმა მოიპარეს და დღემდე გაურკვეველ ვითარებაში ინახება.

ვალერიან ჩიბირაშვილი ამ გაუგონარი სადამსჯელო ოპერაციის მოწმეა. ის ადასტურებს, რომ დაკავების ადგილზე იმყოფებოდა. ჩიბირაშვილისა და ვასაძის ჩვენებები წერტილ-მძიმით ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ შემთხვევის ადგილას კიდევ რამდენიმე პოლიციელი იმყოფებოდა. მეტიც, სწორედ ჩიბირაშვილს უთხრა დაკავების შემდეგ პოლიციის შენობაში მიყვანილმა ჩემმა შვილმა, _ ეს ორი პაკეტი ფხვნილი საიდან მოიტანეთ, სუბუტექსი მაინც ჩაგედოთო. ამ უწყინარი ხუმრობის მერე ერთი პაკეტი ფხვნილი სუბუტექსის აბებით შეცვალეს.

რაც შეეხება ზურაბ ქუმელაშვილს, ის ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს, როგორმე „გააპრავოს“ ეს გაუგონარი დანაშაული. იმდენი სისულელე აქვს ჩაწერილი ჩხრეკისა და დაკავების ოქმში, ნორმალურ ქვეყანაში და ნორმალური ხელისუფლების პირობებში ზურაბ ქუმელაშვილი კარგა ხნის ჩამოშორებული იქნებოდა სამსახურს და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების გამო ციხეშიც იჯდებოდა.

რომ არა მოწმე შორენა ლალიაშვილი და მის მიერ ჩემი შვილის დაკავების ადგილზე გადაღებული ფირი, ამ დრომდე არავის ეცოდინებოდა იმ პირების ვინაობა, რომლებიც ვალერიან ჩიბირაშვილთან, ზურაბ ვასაძესთან და ზურაბ ქუმელაშვილთან ერთად დავით ხარშილაძის დაკავების ადგილზე იმყოფებოდნენ.

 

არჩილ ოქრუაშვილი, მიხეილ ჩივიაშვილი და ალექსი კობერიძე

 

დღეის მდგომარეობით სწორედ დაკავების ადგილზე გადაღებული ფირის წყალობით მოხდა ამ პოლიციელების იდენტიფიკაცია. მათი ფოტოსურათების გასაჯაროების შემდეგ ჩემმა შვილმა საკუთარი დაკავების დეტალები გაიხსენა.

სამივე მათგანმა დავით ხარშილაძის მიმართ დაკავებისას არაპროპორციული ძალა გამოიყენა: ის სცმეს, ჩაუმტვრიეს კბილები, თავზე საკუთარი სპორტული ზედის კაპიუშონი წამოახურეს და მხედველობა შეუზღუდეს, ნაცემი ასფალტზე დააგდეს. სწორედ ამ დროს ზურაბ ვასაძემ მას ქურთუკის ჯიბეში ნარკოტიკები ჩაუდო. არჩილ ოქრუაშვილმა მიწაზე დაგდებულ დავით ხარშილაძეს საკუთარი მობილური ტელეფონით ფოტოც გადაუღო, რომელიც, სავარაუდოდ, სოსო გოგაშვილისთვის იყო განკუთვნილი.

 

ვინ არის არჩილ ოქრუაშვილი?

არჩილ ოქრუაშვილი 2000-2002 წლებში ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ცხოვრობდა და მაღაზიაში ქურდობით ირჩენდა თავს. რამდენჯერმე იყო ქურდობაზე დაკავებულიც. ერთი პერიოდი, ამის გამო, ადეპორტებდნენ კიდეც და კბილებით ვენაზე ხორცი ამოიგლიჯა. სწორედ ამის გამო გადაურჩა დეპორტს. ამ ფაქტის შემდეგ არჩილ ოქრუაშვილი ავსტრიაში ტანსაცმლის ქურდობაზე კიდევ რამდენჯერმე დააკავეს და, საბოლოოდ, დაადეპორტეს კიდეც. ტანსაცმლის ქურდი როგორ აღმოჩნდა პოლიციაში? ვისი რეკომენდაციით?

ფაქტი ერთია: ადამიანი, რომელიც ტანსაცმლის ქურდობას არ თაკილობდა, არც სხვა ბინძური დავალების შესრულებაზე იტყვის უარს.

დადგება დრო და არჩილ ოქრუაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩემს შვილთან დაკავშირებით ჩაიდინა! დარწმუნებული ვარ, არც კალამს გააგდებს ხელიდან და წვრილად მოყვება, ვინ იყო მისი დამკვეთი და დავალების მიმცემი, ისევე როგორც მიხეილ ჩივიაშვილიც. ეს უკანასკნელი ძალიან ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას ექსპერტზე, რომელმაც ჩემს შვილს ნარკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა. 9-ჯერ ერთი და იგივე ანალიზის ჩატარებისას ნარკოტესტი სუფთა იყო. გაყალბება იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ ნარკოტესტირებას ადგილზე ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ადვოკატი და პროკურორი. სწორედ ამიტომ მიხეილ ჩივიაშვილი ექსპერტის მისამართით მხოლოდ მითითებებით და გაკვირვებით შემოიფარგლა, _ როგორ, ბიოც არ ამოუვიდა? ეს მინიშნება იმიტომ სჭირდებოდათ, რომ ნარკოტიკი, რომელიც ჩემს შვილს დაკავების ადგილას ჩაუდეს, ე. წ. ბიო იყო და მხოლოდ მოგვიანებით შეცვალეს ერთი პაკეტი ფხვნილი სუბუტექსის აბებით. სწორედ ამის შემდეგ, რაც არც კლინიკურად და არც ტესტირებით დავით ხარშილაძეს ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა, რატომღაც ექსპერტმა გადაწყვიტა, დამატებით ლაბორატორიული კვლევა იქვე, გვერდით ოთახში ჩაეტარებინა და ახლა გვეუბნება, რომ ლაბორატორიული კვლევისას ე. წ. ბუპრენორფინის მოხმარება დაუდგინდა. ანუ ზუსტად იმ აბებს დაამთხვიეს, რომელიც ჩემს შვილს ჩაუდეს.

 

ზაზა რევიშვილი

კიდევ ერთი პოლიციელი, რომელსაც მღებრიშვილის უწყება ჩემი შვილის წინააღმდეგ ჭორების გამავრცელებლად იყენებს, სამტრედიელი ზაზა რევიშვილია. რევიშვილი მის ძველ ნაცნობებს ღმერთისა და კანონის სახელით უმტკიცებს, რომ იმ ბიჭებმა დანაშაული აღკვეთეს და დამნაშავე დააკავეს. მორალი და ზნეობა ზაზა რევიშვილმა, ჯერ კიდევ, მაშინ დაკარგა, როცა რკინიგზის სადგურზე ვაგონიდან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი ჩამოსვეს, ის გაჩხრიკეს და სწორედ რევიშვილმა საფულიდან ფული მოპარა. ამ ფაქტის გამო ზაზა რევიშვილი პოლიციიდან გააგდეს. „ოცნების“ მიერ სამსახურში აღდგენილი რევიშვილი, ბუნებრივია, ყველა ბინძური დავალების შესრულებაზე თანახმაა. მით უფრო, რომ კუკური წივწივაძესთან, „ბიძინიჩთან“ ძველი მეგობრობა აკავშირებს.

 

ვეფხია ლომიძე და ქეთევან ჯაჭვაძე

ცალკე თემაა თემიდა და ის ორი მოსამართლე, რომელმაც ჩემს შვილს წარბის შეუხრელად გამოუტანა ვერდიქტი.

აღკვეთის ღონისძიების დროს მოსამართლე ვეფხია ლომიძემ დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების უზუსტობებს, მათ შორის, დროში, არც კი ჩახედა. უპირობოდ მიიღო პროკურატურის შუამდგომლობა და უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც ნარკოტიკები ჩაუდეს, გლდანის ციხეში გაამწესა. ვეფხია ლომიძე ჩვეულებრივი ქოცია, ადრე ის თარგამაძის პოლიციაში მუშაობდა, კობა ნარჩემაშვილთან მეგობრობდა, ბიზნესითაც იყო დაკავებული და ბოლოს, 2016 წელს, მოსამართლედ დანიშნეს. სხვათა შორის, ვეფხია ლომიძეს რამდენიმე დღეში სახლი დაეწვა.

მეორე მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძე, რომელმაც წინასასამართლო სხდომა ჩაატარა. პროფესიით იურისტი საერთოდ არაა, მას საგარეჯოს ჰუმანიტარული ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, რომელიც 1996 წელს დაარსდა და 1998 წელს დაამთავრა. მის წინამორბედ სასწავლებელს კი მხოლოდ სამეურნეო სამართალმცოდნეობის სპეციალიზაცია ჰქონდა ლიცენზიით მინიჭებული. სწორედ ზებრებისა და პინგვინების მოსამართლემ დავით ხარშილაძის დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მეტიც, მტკიცებულებად არ დაუშვა მოწმე შორენა ლალიაშვილის მიერ დაკავების ადგილას გადაღებული ფირი და, საბოლოო ჯამში, ყველა შუამდგომლობის შემდეგ შესვენებას აცხადებდა, რომ შესაბამისი დირექტივები მიეღო. ქეთევან ჯაჭვაძეს ქომაგად უმალ გამოუჩნდა იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, რომელმაც თქვა, რომ შეიძლება ჰარვარდიც დაიხუროს, მაგრამ მის დიპლომს ძალა არ დაეკარგებაო. მურუსიძის მხრიდან ჰარვარდისა და საგარეჯოს საინჟინრო ჰუმანიტარული ინსტიტუტის შედარება მეტისმეტად დიდი ცინიზმი იყო. ქეთევან ჯაჭვაძის დიპლომი აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი, რადგან მას, უბრალოდ, სისხლის სამართლის საქმის განხილვის კვალიფიკაცია არ გააჩნია.

დავით ხარშილაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ამჯერად მას საბოლოო ვერდიქტს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გამოუტანს.

 

ელისო კილაძე