ტაშმეიკერებთან განხილული კონსტიტუცია

ცხრა დღის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებების  საყოველთაო-სახალხო განხილვა ტაშის დამკვრელთა დამკვრელური აქტივობით მიმდინარეობდა. ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, წინამორბედი ხელისუფლებისგან შესანიშნავად ისწავლა. ქალაქებში, სადაც განხილვები მიმდინარეობდა, სრულად იყვნენ მობილიზებულები გამგეობის, გუბერნიის, სხვადასხვა სამხარეო უწყების თანამშრომლები. ყველა შეხვედრაზე ადმინისტრაციული რესურსი, დაახლოებით, 90%-ს წარმოადგენდა. ეს ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევდა, თავის ინიციატივებზე მადლობის შეძახილები მოესმინა, ხოლო განსხვავებული აზრი ლანძღვა-გინებით ჩაეხშო.

ბოლო შეხვედრაზე, თბილისში, ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ხელისუფლებას ფილარმონიაში შეკრებილმა 2000-მა პოლიტ-აქტივისტმაც ვერ უშველა. ხუთასამდე განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდამ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა საჯარო განხილვა ჩაშალეს. მათი მხრიდან ორი მთავარი მოთხოვნა ისმოდა. პირველი: ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა და მეორე: შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გამწვავებულ ვითარებაში ყველაზე „საინტერესოდ“ პარლამენტის თავმჯდომარე იქცეოდა, რომელიც ისე გაღიზიანდა, რომ ცეცხლზე ნავთის დასხმა დაიწყო. კობახიძემ ნერვები ვეღარ მოთოკა და განსხვავებული მოსაზრების მქონე ყველა ადამიანს ხან კომუნისტს და ბოლშევიკს ეძახდა და ხანაც _ რუსეთუმეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც პროცესები ვერ მართა, სცენა დატოვა.

ბუნებრივია, თბილისი იყო კულმინაცია, თუმცა ხელისუფლებისთვის არასასურველი პროცესები, ჯერ კიდევ, ბათუმში დაიწყო. ვერ გეტყვით, სახელისუფლებო რიგებში ოპოზიცია შეეპარათ, თუ თავიანთი მხარდამჭერების მობილიზებისას, უბრალოდ, ყურადღება მოადუნეს, ფაქტია, რომ ბათუმის უნივერსიტეტში იმდენი განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდა, „ოცნების“ ინტერესებზე მორგებულ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ტაშის დამკვრელებიც აღარ აქტიურობდნენ.

ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, შესანიშნავად ისწავლა წინამორბედი ხელისუფლებისგან. ათივე ქალაქში, სადაც განხილვები მიმდინარეობდა, სრულად იყვნენ მობილიზებულები გამგეობის, გუბერნიის, სხვადასხვა სამხარეო უწყების თანამშრომლები. ყველა შეხვედრაზე ადმინისტრაციული რესურსი, დაახლოებით, 90%-ს წარმოადგენდა. ეს ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევდა, ყველა თავის ინიციატივაზე მადლობის შეძახილები მოესმინა, ხოლო განსხვავებული აზრი ლანძღვა-გინებით ჩაეხშო. პირველი „შეცდომა“ ხელისუფლებამ ბათუმში დაუშვა. ვერ გეტყვით სახელისუფლებო რიგებში ოპოზიცია შეეპარათ, თუ თავიანთი მხარდამჭერების მობილიზებისას, უბრალოდ, ყურადღება მოადუნეს, ფაქტია, ბათუმის უნივერსიტეტში იმდენი განსხვავებული პოზიცია დაფიქსირდა, რომ „ოცნების“ ინტერესებზე მორგებულ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ტაშის დამკვრელებიც აღარ აქტიურობდნენ. არ გეგონოთ, რომ ხელისუფლების აქტივი ბათუმში უმცირესობაში იყო, არა, უბრალოდ, იმდენად ბევრი და არგუმენტირებული, განსხვავებული აზრი გაისმა, რომ ტაშმეიკერებსაც კი შერცხვათ, ხელისუფლებისთვის ტაში დაეკრათ. ბათუმში მიღებულმა გალაწუნებამ ხელისუფლება გამოაფხიზლა, ოღონდ არა იმ კუთხით, რომ კონსტიტუცია ისე შეეცვალათ, როგორც ხალხს უნდოდა, არამედ იმ მიმართულებით, რომ მეორე დღეს ზუგდიდში საერთოდ არ შეუშვეს  ოპოზიციის წარმომადგენლები დარბაზში. როგორც კი, სხდომამდე ერთი საათით ადრე, ზუგდიდის ჭადრაკის სასახლეში შესასვლელი კარი გაიღო, ყველამ დაინახა, რომ დარბაზი უკვე პირთამდე სავსეა. არათუ დასაჯდომი, ფეხზე დასადგომი ადგილებიც კი წინასწარ იყო გადატენილი. როგორც გაირკვა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთელი თავისი პარტაქტივი დარბაზში უკანა კარიდან შეიყვანა, თან თითოეულ მხარდამჭერს სიებით იძახებდნენ, ემანდ ვინმე უცხო არ შეჰპარვოდათ. ადმინისტრაციული რესურსის იმედად რომ დარჩება ხელისუფლება, ყველა კარგად ხვდება, რომელი უფსკრულის პირას დგას ის უკვე.

ხელისუფლებას ერთი წამითაც არ შერცხვენია იმის გამო, რომ ცა და დედამიწასავით განსხვავდება დარბაზში შეკრებილი ადამიანების ხედვა და განწყობა იმისგან, რასაც ფიქრობს და ითხოვს საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა. მაგალითისთვის, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტი ღიად აცხადებს, რომ მომხრეა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის და ითხოვს, რომ ეს უფლება მას არ წააართვან. დარბაზში შეკრებილი ტაშმეიკერები კი საკმარისია, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვას, რომ პრეზიდენტი ხალხმა კი არა, 300-მა ხმოსანმა უნდა აირჩიოსო, მაშინვე ოვაციებით ხელებს იტყავებენ და ესეც რომ ეცოტავებათ, გამოდიან მიკროფონთან და პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ.

იგივე დამოკიდებულებაა საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით: მთელი ქვეყანა შესანიშნავად ხვდება, რომ ის, რაც შენ არ გეკუთვნის, არ უნდა წაიღო. ამას ქურდობა ჰქვია. ყველა ხვდება, რომ ქურდობაა, როცა ყველა იმ სადეპუტატო მანდატს ითვისებ, რომელიც ამომრჩეველს შენთვის არ მოუცია. ხელისუფლებისთვის და მისი აქტივისტებისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მერე რა, რომ ქურდობაა? მერე რა, რომ არ შეიძლება? მერე რა, რომ უსამართლობაა? მთავარია, რომ ასე უნდა იმას, ვისაც დღეს ძალა აქვს, მორჩა და გათავდა!

დღევანდელი საარჩევნო სისტემა, რომელიც 22 წელიწადია, უსამართლობის სიმბოლოდ იქცა, იმიტომაცაა გამოსაცვლელი, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალისთვის მუდმივად დაუმსახურებელი მანდატების მითვისების საშუალებას იძლევა. დღეს ეს მაჟორიტარების მეშვეობით ხდება და შედეგსაც ვხედავთ:

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალებმა“ 59% მიიღეს, მაგრამ მაჟორიტარული სისტემის წყალობით პარლამენტში 80%-ით შევიდნენ. მაშინ, როცა უნდა ჰყოლოდათ 88 დეპუტატი და მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა, ჰყავდათ 120 დეპუტატი და საკონსტიტუციო უმრავლესობა. საბოლოო ჯამში, ამ უსამართლო საარჩევნო სისტემის ბრალია ის უამრავი აბსურდული საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მეშვეობითაც  სააკაშვილი, პრაქტიკულად, მონარქი გახდა. იგივე მოხდა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე: „ოცნებამ“ თბილისში ამომრჩევლის მხოლოდ 44% მიიღო, მაგრამ მაჟორიტარების მეშვეობით მანდატების 76% მიისაკუთრა. და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია: „ოცნებამ“ ხმების მხოლოდ 48% მიიღო, ანუ საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც კი არასაკმარისი რაოდენობა, მაგრამ ყველა მაჟორიტარის მოგებით (ასეთი რამ კომუნისტების შემდეგ არ მომხდარა) მანდატების 78% მიითვისა. შედეგად, უმცირესობით მხარდაჭერილმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნა.

ასეთი მაგალითების შემხედვარეს აღარ გიჩნდება კითხვები, რატომ აქვს ქართველ ერს არჩევნებისადმი ამხელა უნდობლობა? საარჩევნო სისტემის სამართლიანობა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ინტერესს არ წარმოადგენს. სისტემის სამართლიანობა, უპირველეს ყოვლისა, ამომრჩევლის ინტერესშია. არჩევნებისადმი უნდობლობა ვახსენეთ და მთავარი პრობლემაც სწორედ ესაა. როცა ადამიანები ხედავენ, რომ, მაგალითისთვის, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მისული ამომრჩევლის უმრავლესობამ, 52%-მა, ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა, 117 დეპუტატი, მაინც მიიღო იმ პარტიამ, რომელსაც მისული ამომრჩევლების ნახევარზე ნაკლებმა, ანუ უმცირესობამ დაუჭირა მხარი, ასეთი საარჩევნო გარემო ადამიანებს, უბრალოდ, იმას აფიქრებინებს, რომ არავითარი აზრი ამ არჩევნებს არ აქვს. არანაირი შანსი იმისა, რომ ხელისუფლება შეცვალო ასეთი არჩევნებით, არ არსებობს და დროა, სხვა მეთოდებით ვიმოქმედოთ. ასეთ დღეში ვართ 22 წელიწადია და ყველას რომ ეგონა, ახალი ხელისუფლება მოვიდა და აწი სამართლიანი საარჩევნო სისტემა გვეღირსებაო, მწარედ შევცდით.

„ოცნებამ“ უსამართლობის აღმოფხვრა კი არ დაიწყო, არამედ ერთი უსამართლობის მეორე უსამართლობით ჩანაცვლება გადაწყვიტა. აღარ იქნება დაუმსახურებელი მანდატების მითვისების საშუალება მაჟორიტარების მეშვეობით? _ მერე რა? სამაგიეროდ, ყველა გადაუნაწილებელი მანდატის მითვისებით მიისაკუთრებს იმას, რაც მას არ ეკუთვნის და მაინც დარჩება ხელისუფლებაში.

კონსტიტუციის საჯარო განხილვებზე მხარეებს ძალიან ხშირად მოჰყავდათ მოგონილი, თეორიული მაგალითები, რომელთა ცხოვრებაში განხორციელების შანსი თითქმის არ არსებობს. არადა, არგუმენტების გასამყარებლად სულ არაა საჭრო ასეთი თეორიების გამოგონება. ჩვენს უახლეს საპარლამენტო ისტორიაში უამრავი კონკრეტული მაგალითია იმისა, თუ როგორ კატასტროფულ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ყველა გადაუნაწილებელი მანდატის ერთი პარტიისთვის მიკუთვნებამ. ჩვენ ამაზე წინა სტატიებში დეტალურად უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ მხოლოდ ზოგადად გაგახსენებთ:

1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადაუნაწილებელი დარჩა 62%. დღეს ეს იქნებოდა 93 მანდატი; 1999 წელს დარჩა მანდატების 27%, რაც პირველ ადგილზე გასულს მიაკუთვნებდა დაუმსახურებელ 40 მანდატს; 2004 წელს დარჩა 26%, რაც 39 მანდატს ნიშნავს; 2016-ში კი გადაუნაწილებელი დარჩა 20%, რაც კანონით მოპარული 30 მანდატი იქნებოდა. დამეთანხმეთ, ეს რიცხვები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რაოდენ სერიოზული უსამართლობის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი ყაჩაღური საარჩევნო სისტემა ადამიანებს არჩევნების მიმართ ნდობას ვერ დაუბრუნებს. პირიქით ის უფრო მეტად გააღრმავებს უნდობლობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას. ყოფილი ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ თავის თავზე მორგებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, სულ მცირე, 30 წელიწადი იქნებოდა ხელისუფლებაში, დღეს თავზე ნაცარდაყრილი, ყოველდღე ერთსა და იმავეს იმეორებს, რომ საარჩევნო სისტემის საკუთარ თავზე მორგება იყო შეცდომა და ა. შ. მართალია, მათი სინანულის არავის სჯერა, მაგრამ ყველაზე საშიში ისაა, რომ „ოცნებაც“ ზუსტად იგივე გზას მიუყვება. მათაც გამოაცხადეს, რომ 2030 წლამდე ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაშიო და მათაც დაიწყეს საარჩევნო სისტემის თავის თავზე მორგება. გადაუნაწილებელი მანდატების მისაკუთრება, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში უშფოთველად ყოფნისთვის საკმარის ბერკეტად არ ჩათვალეს და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის განადგურება გადაწყვიტეს. ზუსტად ეს მოხდება, როცა პარტიებს კოალიციების შექმნის საშუალებას წაართმევ, რითაც, პრაქტიკულად,  გაძლიერების შანსს მოუსპობ და, ამასთანავე, ბარიერი ისევ 5% იქნება. ცნობისთვის: ამ 5%-იანი ბარიერის წყალობით, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, 300 ათასი ამომრჩეველი საკანონმდებლო ორგანოში, წარმომადგენლის გარეშე დარჩა. ანუ ამომრჩეველთა 20% 5%-იანი ბარიერის ქვემოთ აღმოჩნდა.

აი, ასე იმეორებს „ნაციონალების“ უსამართლო ქმედებებს ერთი ერთში „ქართული ოცნება“. შესაბამისად, შორს არაა ის დრო, როცა დღევანდელი ხელისუფლების წევრები ისევ ოპოზიციაში იქნებიან და შემდგომ საჯარო განხილვებზე ისინიც თავზე ნაცარდაყრილები გვეტყვიან, რომ მათ მიერ საარჩევნო სისტემის საკუთარ თავზე მორგება იყო შეცდომა. საკითხავია, _ ქვეყანას რა ამისგან?!! საუკუნის მეოთხედი გავიდა ამ მოძალადე ხელისუფლებების ყურებაში, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ დარჩნენ ხელისუფლებაში, რაც შეიძლება, დიდხანს. ქვეყანა კი, ამასობაში, ერთ ადგილს ტკეპნის და პროცესების რევოლუციური განვითარების ერთი და იგივე წრეზე ბრუნავს. ვერც დემოკრატიულ ინსტიტუტებს ვაშენებთ და ვერც საზოგადოების კეთილდღეობას ვამაღლებთ. თავი და თავი ყველა უბედურებისა კი სწორედ უსამართლო საარჩევნო სისტემაა. უსამართლო სისტემით არჩეული ხელისუფლება, როგორი რევოლუციურიც არ უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, მაინც განიცდის ლეგიტიმაციის ნაკლებობას. როცა ყველამ იცის, რომ ხელისუფლებამ ხელისუფლება კანონით, მაგრამ მაინც მოიპარა, მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია იყოს მაღალი. საარჩევნო სისტემა სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტია, რომელზედაც უნდა დაშენდეს უამრავი დემოკრატიული ინსტიტუტი. ასეთი ინსტიტუტების დამკვიდრება კი მხოლოდ ისეთ ხელისუფლებას შეუძლია, რომელსაც ხალხის თვალში ლეგიტიმაციის პრობლემა არ გააჩნია; რომელიც სამართლიან ბრძოლაშია გამარჯვებული და მის გამარჯვებას აღიარებს ყველა, _ კონკურენტებიც და საზოგადოებაც.

საქართველოს ასეთი ხელისუფლება, კომუნისტებზე გამარჯვებული ეროვნული მოძრაობის შემდეგ, აღარ ჰყოლია. შედეგად, უკვე 22 წელიწადია, ქვეყანაში ყოველდღე საუბარია სამართლიან არჩევნებზე. როგორც ჩანს, იმდენს ვიზამთ, რომ ამ თემას მოსაგვარებლად მომდევნო თაობას გადავულოცავთ, რისთვისაც ისინი ჩვენი მადლიერები ნამდვილად არ იქნებიან.

საკონსტიტუციო ცვლილებების  საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში არჩევნები ერთადერთი თემა არაა. განსაკუთრებული სიმწვავით დადგა ქართული მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების საკითხი. ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვს, რომ კონსტიტუციაში ჩაიდოს მუხლი, რომელიც მიწის გასხვისებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე  ერთხელ და სამუდამოდ აკრძალავს. ჯერ კიდევ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპზე ოპოზიციამ, კერძოდ კი კომისიის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, დაარეგისტრირა კონსტიტუციური ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციის 21-ე მუხლში ჩანაწერის გაკეთებას იმის თაობაზე, რომ უნდა აიკრძალოს ქართული მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს ინიციატივა ჩააგდო, რითაც ჩვენი ქვეყანა, უკიდურესად საშიში პერსპექტივის წინაშე დატოვა. კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესში ნათლად გამოჩნდა ის მიზეზები, რის გამოც „ოცნებამ“ უცხოელებზე მიწის გაყიდვა გადაწყვიტა. ამის დამალვა ხელისუფლებას აღარ ხელეწიფებოდა, რადგან ყველა ქალაქში, ყველა შეხვედრაზე, პოლიტიკოსები თუ რიგითი მოქალაქეები კატეგორიულ პროტესტს გამოთქვამენ მიწების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით, აკრძალვას კონსტიტუციის დონეზე ითხოვენ.

ახლა რაც შეეხება „ოცნების“ რამდენიმე არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა ხელისუფლებას ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა? პირველი არგუმენტი ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მორატორიუმი, რომელიც 2013 წელს მიწების უცხოელებისთვის გაყიდვაზეც იყო გამოცხადებული. ძალიან საინტერესო არგუმენტია. უბრალოდ, ყველას უნდა გაგახსენოთ, რომ საუბარია იმ საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელსაც, ჯერ კიდევ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, გიორგი პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა. „ნაციონალების“ პოზიცია იმასთან დაკავშირერბით, რომ მიწა ისეთივე პროდუქტია, როგორც ტელეფონი და ის ისევე უნდა გაიყიდოს, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი, ალბათ, ყველას გახსოვთ. ამ თეორიის ავტორი კახა ბენდუქიძე იყო. ე. ი. „ნაციონალების“ დანიშნულმა მოსამართლეებმა ქართული მიწის არაბებისთვის, ინდოელებისთვისა და პაკისტანელებისთვის მიყიდვა რომ დაუშვეს, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი მშვიდად უნდა მიიღოს და არაფერი უნდა შეცვალოს. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ერთი ერთში ემსგავსებიან „ქოცები“ „ნაცებს“. საბოლო ჯამში, დღევანდელი ხელისუფლება ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას თავის სამართლებლად იყენებს. მთელმა ქვეყანამ კი, ამასობაში, ყურები უნდა ჩამოვყაროთ, ხელები ჩამოვუშვათ და ჩუმად ვუყუროთ იმას, როგორ იყიდიან იმ ქართულ მიწას, რომელსაც, საუკუნეების განმავლობაში, სიცოცხლის ფასად არ ატანდა არავის ჩვენი წინაპარი. როგორც ჩანს, არც დღევანდელ და არ ყოფილ ხელისუფლებას არ ესმის, რომ ამას მშვიდად არავინ შეეგუება და ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში, სადაც კი განხილვა ჩატარდა, ეს ნათლად გამოჩნდა.

„ოცნების“ მეორე არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა დავიცვათ ქართული მიწა კონსტიტუციით, არის ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თურმე, საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ და ისე იყიდიან ქართულ მიწებს, ასე რომ, რა აზრი აქვს რაიმე ამკრძალავი ნორმების ჩაწერას კონსტიტუციაშიო? ამაზე ოპოზიციას რომ გაემახვილებინა ყურადღება, როგორც საფრთხეზე, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ როცა ამ არგუმენტს ხელისუფლება იყენებს იმის წარმოსაჩენად, რომ რა ვქნათ, ხომ ხედავთ, აზრი არ აქვს მიწის გაყიდვის აკრძალვასო, ნამდვილად ცუდადაა საქმე!.. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსებობს და ის ისევე უნდა მოაგვაროს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც ნებისმიერი, საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფო აკეთებს ამას. უნდა გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობის გაცემა. არ შეიძლება, ნებისმიერ უცხოელს, მარჯვნივ და მარცხნივ, ვურიგოთ საქართველოს მოქალაქეობა; არ შეიძლება, საქართველოში სატვირთო გემით შემოპარულ, ტვირთში დამალულ მიგრანტს, გემიდან გადმოსვლისთანავე, მოქალაქეობას რომ ვახუტებთ. საქართველოს მოქალაქეობას დამსახურება უნდა სჭირდებოდეს. საქართველოს მოქალაქეობის მსურველ უცხოელს რამდენიმე წელიწადი მაინც ხომ უნდა დააკვირდეს სახელმწიფო?..(?!!) ხომ უნდა გავერკვეთ, გვინდა კი ასეთი ახალი მოქალაქე?.. იქნებ, ტერორისტია, იქნებ, კრიმინალია, ან, იქნებ, რამე სხვაა?!! და თუ რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ ის ღირსეული ადამიანი და ქვეყნის ღირსეული მოქალაქე აღმოჩნდა, იქნებ, მივანიჭოთ კიდეც მოქალაქეობა და თუ სურვილი გამოთქვა, მიწაც მივყიდოთ, როგორც მოქალაქეს.

რახან მოქალაქეობის საკითხს შევეხეთ, აქვე შეგახსენებთ, რომ  „ოცნება“ კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღებასაც აპირებს, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს. ესაა „დამოუკიდებელი“ დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, რომელიც, ერთი შეხედვით, უცხოეთში მცხოვრებ იმ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს და, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს. ერთი შეხედვით, ჰუმანური აქტია, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია. საინტერესოა, რატომ დაავიწყდა ამ ინიციატივის ავტორს და მის მხარდამჭერ მთელ ხელისუფლებას, რომ ორმაგი მოქალაქეობის დაშვების შემთხვევაში, საქართველოში რამდენიმე თვეში გაჩნდება ასობით ათასი საქართველოს ისეთი მოქალაქე, რომელსაც, იმავდროულად, სხვა ქვეყნის, მაგალითად, რუსეთის, ან თურქეთის  მოქალაქეობაც ექნება.

დავიჯერო, ხელისუფლებაში არავის ახსოვს, როგორ იყენებს იგივე რუსეთი სააკუთარი მოქალაქეების დაცვის არგუმენტს მეზობელი ქვეყნების ოკუპაციისთვის?!. ეს ან წინდაუხედაობაა, ან შეგნებული მტრობა. ორივე შემთხვევაში ესაა ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოებრივი აზროვნების ნატამალიც არ გააჩნიათ.

რაც შეეხება „ოცნების“ მესამე არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა აიკრძალოს ქართული მიწების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე: როგორც პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველოში არის ბანკები, რომელთა თანადამფუძნებლები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამიტომ როცა ასეთი ბანკი გირაოში ჩაიდებს ქართულ მიწას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიწის მფლობელი ვეღარ გადაიხდის სესხს, ეს მიწა ხომ ბანკს დარჩება? შედეგად, უცხოელი ბანკირი მაინც გახდება ქართული მიწის მესაკუთრე და რაღა აზრი აქვს მიწის გაყიდვის აკრძალვასო?(?!!) აბა, როგორია, ჰა?!. აღიარეთ, რომ ეს არგუმენტი ქვას ხეთქავს!.. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, _ პარლამენტის თავმჯდომარე გვიმტკიცებს, რომ ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვას იმიტომ ვერ ავკრძალავთ, რომ უცხოელი ბანკირი ქართველ გლეხს მიწას რომ წაართმევს, კანონი აზრს დაკარგავსო… არადა, ამ საკითხის მოგვარების გზა, ჯერ კიდევ, XX საუკუნის დასაწყისში თვით ილია ჭავჭავაძემ შემოგვთავაზა: მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ხიზნებს, ანუ უცხოელებს, მიწა არ უნდა გადაეცეთ საკუთრებაში, ხოლო ის მიწები, რომლებიც დაგირავებულია და მათი დაკარგვის საფრთხე დგას, სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს. ამიტომაც შექმნა ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკი. ასეთი პრაქტიკა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ დანერგა და წარმატებასაც მიაღწია. სახელმწიფომ უნდა შექმნას აგრობანკი, რომლიც მცირემიწიან ქართველ გლეხს დაეხმარება, წარმატებული ფერმერი გახდეს, რომლის მიზანი იქნება არა კომერციული მოგება, არამედ აგრარული სექტორის განვითარება.

ხელისუფლებაც აშკარად ხედავს მოსახლეობის ერთმნიშვნელოვან პოზიციას და ცდილობს რა მიწის უცხოელებზე გაყიდვით გამოწვეული პროტესტი გაანელოს, გვპირდება, რომ გარკვეულ შემზღუდავ რეგულაციებს ორგანულ კანონში გაითვალისწინებს. იმედია, ყველა ნათლად ხედავს, რომ მიწის დასაცავად ეს არასაკმარისია. არათუ  არასაკმარისია, სრულიად არაფრის მომცემი დაცვის მექანიზმია. ორგანული კანონის შეცვლას დეპუტატთა ნახევარი, ანუ 76 ხმა სჭირდება. ნებისმიერი ლიბერალური ხელისუფლება და, ასეთი ბევრჯერ გვყოლია, უპრობლემოდ შეცვლის ორგანულ კანონს და სანამ ჩვენ ისევ ვაიძულებთ გაყიდვების შეჩერებას, ათასობით ჰა აღმოჩნდება არაბებისა თუ ინდოელების საკუთრებაში. ამიტომ ქართული მიწის დაცვის ერთადერთი, მეტ-ნაკლებად, ეფექტიანი მექანიზმი არის კონსტიტუციაში იმის დაფიქსირება, რომ ქართული მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არის აკრძალული.

ამას გარდა, არსებობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს ეს დამცავი მექანიზმი კონსტიტუციაში და არა _ სხვაგან? ყველა ვხედავთ, თუ როგორ ზეწოლას განიცდიან ჩვენი აფხაზი თანამემამულეები მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით. უკვე მრავალი წელია, რუსეთი მათგან ითხოვს, რომ რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მიწების ყიდვის საშუალება მიეცეთ. პატრიოტი აფხაზები კი კბილებით იცავენ თავიანთ მიწას. მათ შესანიშნავად ესმით, რომ თუ რუსეთმა თავისი გაიტანა, რამდენიმე წელიწადში აფხაზები აფხაზეთში ისეთ უმცირესობაში აღმოჩნდებიან, რომ სანთლით საძებნელი იქნებიან. ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გაუძლებენ აფხაზები ამ წნეხს? და თუ მაინც გასხვისდა მიწები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი, რომლითაც გასხვისებული მიწების უკან დაბრუნების მოთხოვნა უნდა დადგეს, საქართველოს კონსტიტუცია და მასში არსებული ჩანაწერი იქნება. გარდა ამისა, დღეს გაკეთებული ამ ჩანაწერით, აფხაზებს ნათლად დავანახვებთ, რომ ჩვენ ისეთი რამ გვაქვს საერთო, _ მიწა, _ რომლისთვისაც ბრძოლა ერთად უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე ცალ-ცალკე.

ერთი სიტყვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის მიყიდვის ლეგალიზება სერიოზულ პრობლემებს გვიქადის. მოსახლეობის პოზიცია ნათელია, მამულის გასხვისებას არავინ შეეგუება. მიწა არის ის, რის დაცვასაც გენეტიკა გვავალდებულებს. ქართული მიწა არ ეკუთვნის რომელიმე ქართულ თაობას, _ არც ძველს, არც დღევანდელს და არც მომავალ თაობებს, ის ეკუთვნის ყველა თაობას ერთად, ამიტომაც არც ერთ თაობას არ აქვს უფლება, გაასხვისოს მიწა და სამუდამო მფლობელობაში გადასცეს ის უცხოელებს. ერთადერთი, ვისაც შეიძლება გადავცეთ მიწა, ისევე, როგორც ენა და სარწმუნოება, არიან  ჩვენი შვილები, ანუ მომავალი თაობა, რომელმაც ჩვენს მაგალითზე უნდა ისწავლოს, რომ მათაც ეს საგანძური მხოლოდ თავის შვილებს გადასცენ და არავის _ სხვას.

 

დემნა ვეშაპიძე