,,მოსპეთ სისტემური ხორცმეტი რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი!”

საქართველოს კონსტიტუციამ ბოლო ცვლილება 2010 წელს განიცადა. მაშინ მიაჩნდათ, რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია საკუთარი ხელისუფლების ინტერესებს მოარგო, თუმცა შეცვლილმა კონსტიტუციამ სააკაშვილის მომავალი ვერ განსაზღვრა და იგი მხოლოდ ექსპრეზიდენტად დარჩა. მითი იმაზე, რომ სააკაშვილი მომავალში პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, მითად დარჩა. მაშინ ოპოზიციური სპექტრი მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა და პრემიერის ინსტიტუტის გაძლიერება არასასურველ შედეგებს მოუტანდა ქვეყანას, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგივე ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, რომელიც დღეს უკვე ხელისუფლებაშია, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაასმაგებულ შეკვეცას ახლა სიახარულით მიესალმება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს, მას მხოლოდ სამასი ხმოსანი უნდა ირჩევდეს 3 მილიონი ქართველის ნაცვლად, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. მაგრამ ძალა აღმართს ხნავს და ხელისუფლება თავისას აგრძელებს… რეალურად, „ქართული ოცნების“ განრისხება მარგველაშვილის მისამართით ბოლო წლებია, სწორედ ერთ მთავარ საფუძველს ემსახურება, რომ მარგველაშვილმა უღალატა გუნდს, რომელმაც მოიყვანა იგი პრეზიდენტად და არ ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა აზრს. შესაბამისად, ხალხის არჩეული პრეზიდენტი დღესაც ზეპარტიულია…

ყველა საჯარო განხილვაზე კომისია და მისი წევრები, რომლებიც მოქალაქეებს ხვდებიან, მხოლოდ და მხოლოდ, ზეპირსიტყვიერდ უხსნიან ცვლილებების შესახებ, მოსალოდნელი ცვლილებები ბეჭდვითი სახით კი არსად რიგდება.

 

 

განხილვა თელავში წინა განხილვებისგან ერთი მთავარი ნიშნით განსხვავდებოდა:  რატომღაც, მოქალაქეებიდან არავის მიუძღვნია დითირამბები ხელისუფლებისთვის. უფრო ხშირი კრიტიკული გამოსვლები იყო.

თუმცა კახელების ყველაზე მეტი ყურადღება თვითმმართველობასთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა მიიქცია.

„პარლამენტი ველოდებით მთავრობის პოზიციას. იცით, რომ ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს. თავის დროზე, როცა გადაწყვეტილება მიიღეს ქალაქისა და რაიონის გაყოფის თაობაზე, მე პირადად ვიყავი ამის წინააღმდეგი“, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას NIMD-ის თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის, ნიკოლოზ შარვაშიძის მიერ დასმული კითხვის პასუხად.

„რამდენიმე თვის წინათ გახმოვანდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქი ისევ მუნიციპალიტეტებთან უნდა გაერთიანდეს. ამის წინააღმდეგ ქალაქ თელავში ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო, საპროტესტო აქციებიც გაიმართა. მაინტერესებს თქვენგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერებისგან კიდევ განიხილება თუ არა დღეს ეს საკითხი და რა ფორმით?“ _ დასვა კითხვა ნიკოლოზ შარვაშიძემ.

„თავის დროზე, გადაწყვეტილება კოალიციურ რეჟიმში მიიღებოდა. ეს ფისკალური რისკები აწონ-დაწონეს და ისე გააკეთეს, რომ თვითმმართველობა გაიყო. დამატებითი რესურსის საჭიროება ჩნდებოდა და იმისთვის, რომ პრობლემა არ შექმნილიყო, მეტი ფული დაამატეს 7 ქალაქ-რაიონს: თელავს, ამბროლაურს, მცხეთასა და ა. შ. რეალურად, პრობლემები თავიდან ავირიდეთ იმის ხარჯზე, რომ, მაგალითად, თელავს დღეს პროპორციულად იმაზე მეტი ფული აქვს, ვიდრე გურჯაანს, ლაგოდეხსა და ყვარელს. რეალურად, ეს იყო მაშინდელი გადაწყვეტილება. მე იმ აზრზე ვრჩები, როგორც იყო თავის დროზე, ქალაქისა და რაიონის გაყოფის წინააღმდეგი ვარ“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობამ თვითმმართველი ქალაქების სტატუსის საკითხი მოსახლეობისა და თვითმმართველობებში დასაქმებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს: „თუმცა არ უნდა მივიღოთ ისეთივე არასწორი გადაწყვეტილება, როგორც _ თავის დროზე. გაერთიანებასაც ახლავს სირთულეები, მათ შორის, _ მოსახლეობის ინტერესები. არც ერთ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ სერიოზული განსჯის გარეშე. ველოდებით მთავრობის პოზიციას ამასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ შევჯერდებით“, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. კობახიძის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე.

თელავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ოზურგეთს, ამბროლაურსა და ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა. სტატუსის მინიჭების ძირითადი მიზეზი ამ ქალაქებში გუბერნატორების ადმინისტრაციის განთავსება იყო. ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას გეგმავს 12-დან ისევ 5-მდე. რეგიონული განვითარების სამინისტროში დაადასტურეს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. „ადგილობრივი თვითმმართველობა ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია. მე, როგორც ერთი მოქალაქე, გთხოვთ, ხელი არ დაადოთ თვითმმართველი ქალაქ თელავის სტატუსს“, _ ასე მიმართა ქალაქ თელავში მცხოვრებმა, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა არჩილ მჭედლიშვილმა თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე შეკრებილ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს.

„2014 წლიდან დღემდე ამ სისტემამ გაამართლა, როგორც თემში, ასევე ქალაქში. არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, ქალაქ თელავში რაც ხდება. ზუსტად ვიცი, რამდენი რამე წავიდა დადებითისკენ მას შემდეგ, რაც ჩვენ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მოვიპოვეთ და თვითმმართველი თემი ჩამოყალიბდა. მერწმუნეთ, ამაზე ცუდს ვერაფერს გააკეთებთ. თავი დაანებეთ, ძალიან გთხოვთ! მიუშვით, განვითარდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და

თუ ნამდვილად გვინდა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, დაანგრიეთ, მოსპეთ სისტემური ხორცმეტი რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი.

მე პატივს ვცემ მოქმედ გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილს, მაგრამ ინსტიტუტის წინააღმდეგი ვარ. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას“, _ განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა. მისივე თქმით, დანიშნული გუბერნატორი არ უნდა იბარებდეს ქალაქის არჩეულ მერს და „ჭკუას არ უნდა არიგებდეს“.

„აქ კრიტიკული შენიშვნები გამოითქვა გუბერნატორის ინსტიტუტთან დაკავშირებით. ზოგადად, ძლიან ცუდი ტრადიცია გვქონდა, გუბერნატორები წლების განმავლობაში გვევლინებოდნენ, როგორც ერთგვარი, კომისრები, ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება იყო, თუმცა დღეს ეს რადიკალურად შეცვლილია. რაც შეეხება იმ პრაქტიკას, როდესაც გუბერნატორი თავზე აჯდა, უკაცრავად ამ ტერმინისთვის, თვითმმართველობას და მის ფუნქციებში ერეოდა, ეს პრაქტიკა დღეს აღარ არის“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ (თუმცა კობახიძეს დაავიწყდა ყოფილი გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, რომელიც უშუალოდ ეჯდა თავზე ყველა მუნიციპალიტეტს და ეს არაერთხელ დამტკიცებულა, დღეს კი შიოლაშვილი პარლამენტარია).

„თუ ფიქრობთ, რომ თვითმმართველობების გაზრდამ არ გაამართლა, იფიქრეთ იმაზე, რომ კადრებმა არ გაგიმართლათ იმ თვითმმართველობებში და არა თვითონ სისტემამ“, _ ამის შესახებ თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, მოქალაქე ნოდარ ეჟიშვილმა განაცხადა. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და თვითმმართველობების გაძლიერებისკენ მოუწოდა. „სანამ ეს საკითხი პარლამენტამდე მივა, მინდა გთხოვოთ, გაითვალისწინოთ, დეცენტრალიზაცია დემოკრატიულ პირობებში მნიშვნელოვანია. მოგვეცით უფლება, რომ თელავი იყოს თვითმმართველი ქალაქი. მესმის, სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება და თვითმმართველ ქალაქებს ეს სტატუსი მიეცით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამან გაამართლა. თუ ფიქრობთ, რომ არ გაამართლა, იფიქრეთ იმაზე, რომ კადრებმა არ გაგიმართლათ იმ თვითმმართველობებში და არა თვითონ სისტემამ“, _ აღნიშნა რეჟაშვილმა.

 

სიტყვა „კონსტიტუცია“ მომდინარეობს ლათინური წარმოშობის სიტყვისაგან და ქართულად ნიშნავს დადგენას, დაწესებას.  ეპოქა ყოველთვის ახდენდა ზეგავლენას კონსტიტუციის შინაარსზე. გარკვეული სახისა და შინაარსის კონსტიტუციები კაცობრიობის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდების შესატყვისია. დღევანდელი ხელისუფლების ცვლილებებიც სწორედ მისი ზნისა და ხასიათის ცვლილებებს ჰგავს.

მე, რიგითმა მოქალაქემ კი ერთი რამ ვიცი, რით განსხვავდება 1921 წლის კონსტიტუცია დღევანდელისგან: მიუხედავად მაშინდელი უმძიმესი საგარეო და საშინაო პოლიტიკური მდგომარეობისა, საომარ გარემოში მიღებულ კონსტიტუციაში სამი ძირითადი ვალდებულება ჰქონდა ქვეყანას აღებული საკუთარი მოქალაქეების მიმართ:

მუხლი 113: რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისთვის;

მუხლი 119: უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით, ან დაზღვევის სახით;

მუხლი 125: რესპუბლიკის საზრუნავი საგანია, განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალური პირობანი წარმოებაში.

სამწუხაროდ, ახალ ცვლილებებსა და არც ძველში მოქალაქეების ყოფაზე დარდი არსად ჩანს. გამონათქვამი, _ კონსტიტუცია ყველასია, _ თელავის შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კონსტიტუციაც ვიღაცასია.

კანონი კი კანონიერია, მაგრამ არ არის სამართლიანი.

 

 

მაკა მოსიაშვილი