კოტე იოსელიანი: „სუსი – ეს არის ოჯახური პოლიცია, რომელიც ერთი ოჯახის უსაფრთხოებას ემსახურება“

ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე „ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძარობის“ წევრს _ კოტე იოსელიანს:

_ როგორ ფიქრობთ, დღეს, ამ ეტაპზე, რა არის მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა? _ კონსტიტუციის ერთ კონკრეტულ ძალაზე მორგება?

_ პრინციპში, გამოწვევები უცვლელია მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ანექსია  განახორციელა _ მოყოლებული 1801 წლიდან. რუსეთის უმთავრეს მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა ღირებულებათა სისტემის სრული აღრევა იმ ქვეყანაში, რომელსაც იპყრობდა და პირველი რასაც აკეთებდა, მიზანმიმართულად ცდილობდა, საზოგადოებისთვის აერია და დაეჩლუნგებინა ცუდისა და კარგის აღქმის, გარჩევის უნარი. დღეს მთავარი პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციის  აშკარად ცუდ პროექტზე დაობენ _ კარგია თუ ცუდი. არსებით, საკვანძო დეტალებს თუ  ჩავხედავთ, მივხვდებით, რომ ეს კონსტიტუცია არადემოკრატიულია, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ეს არის ცუდი კონსტიტუცია და აქ  არც კარგია რამე და არც სადავო, შესაბამისად. უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და ეს არის ცუდი; გადაუნაწილებელ მანდატებს მთლიანად წაიღებს გამარჯვებული ძალა და ეს არის ცუდი; კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა რთულდება უკიდურესად, რაც სტაბილურობას უქმნის მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და არა სახელმწიფოს.

_ და როდესაც ერთმნიშვნელოვნად ცუდი, არადემოკრატიული პროექტის საყოველთაო განხილვებში „ოცნებასთან“ ერთად ჯდები, შედიხარ დისკუსიაში და იხილავ, კარგია თუ ცუდი, ამით რას აღწევ? მხოლოდ იმას, რომ „უპრავებ“, მრავალპარტიულს უხდი ამ სამარცხვინო და უსაგნო განხილვებს.

_ დიახ, ამ ხელისუფლებისა და, შესაბამისად, რუსულ თამაშს თამაშობ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო განხილვებში  მონაწილეობაზე და თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ალბათ, ქუთაისსა და ამბროლაურში განხილვების შემდეგ მაინც არის ნათელი. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა შოუ, თუმცა ევროპული საქართველოს ლიდერებს, თამარა ჩერგოლეიშვილსა და ვიღაც-ვიღაცებს სულმა წასძლიათ, იფიქრეს, რომ ამ ფორმატს საკუთარი პიარისთვის გამოიყენებდნენ, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ეს აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი, მათ ამ პროცესს მრავალპარტიულობის ეფექტი შესძინეს, არადა, ვხედავთ, რა საყოველთაო და მრავალპარტიული განხილვაცაა, _ იბარებენ და დარბაზებში მიჰყავთ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, „ქართული ოცნების“ მიერ დასაქმებული ადამიანები, რომლებიც გამოდიან და სადღეგრძელოებს გაიძახიან, ითხოვენ სიკვდილით დასჯის აღდგენას, არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეპრესიების დაწყებას და ა. შ. მთელ ამ პროცესში, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, მონაწილეობს „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“. მოკლედ, ერთ მხარეს დგას „ოცნება“ თავის სატელიტ პარტიებთან _ „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად და მეორე მხარეს დგას მთელი ქართული საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოდგენილი არიან საკოორდინაციო საბჭოში და ხელი მოაწერეს საპროტესტო მანიფესტს, 85 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გამოაქვეყნა მკვეთრად კრიტიკული შეფასება გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით.  ჩვენ ყველა ქალაქსა და სოფელში ჩავალთ და მართლა საყოველთაო განხილვებს ჩავატარებთ ღია სივრცეში, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება, რომ მივიდეს, დაესწროს და საკუთარი პოზიცია გამოხატოს. ეს პროცესი, ჯამში, დიდ შედეგს მოგვცემს, საყოველთაო მოძრაობა დაიწყება და ამ ხელისუფლებას ვაიძულებთ, რომ შეაჩეროს და ბოლომდე ვერ მიიყვანოს კონსტიტუციის ამ პროექტის მიღება, რადგან ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის კიდევ უფრო გაძლიერებისა და განმტკიცების მცდელობა, რასაც ქართული საზოგადოება და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვებს.

_ ინტერნეტ გაზეთ „ივერიაში“ თქვენ გამოაქვეყნეთ ამონარიდები ემიგრანტ ივანე ნანუაშვილის წიგნიდან: „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის იმპერიის შესახებ?“, სადაც საუბარია იმ რუსულ ტრადიციაზე, რომელსაც, ჯერ კიდევ, ივანე მრისხანეს დროს ჩაეყარა საფუძველი და დღემდე მისდევენ. კერძოდ, დასაპყრობ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოჰყავთ „სტავლენიკები“ _ მათთვის სასურველი და მათგან მართვადი პირები, რომელთაც დანგრევამდე მიჰყავთ ქვეყანა და შემდეგ იმ ქვეყანაში რუსის ჯარი თოფის გაუსროლელად შედის. ავტორი სგანგებოდ მიჯნავს მარიონეტისა და „სტავლენიკის“ ცნებებს და აღშნიშნავს, რომ მარიონეტი არენაზე გამოდის ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, „სტავლენიკი“ კი მტრის შემოსვლამდე მოქმედებს ქვეყანაში, ემსახურება რუსეთის საქმეს. აღნიშნული პუბლიკაცია, სოციალურ ქსელში თქვენ გააზიარეთ მინაწერით: „დღეს ჩვენს სამშობლოს მართავს კლასიკური „სტავლენიკი“.

_ დიახ, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასე, შეგნებულად და მიზანმიმართულად ანგრევს ქვეყანას, მის ეკონომიკას, ანადგურებს სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს. სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის  ნათელი მაგალითია ხეების აქეთ-იქით თრევის, ერთი შეხედვით, თითქოსდა, კომიკური სურათი. სინამდვილეში კი რა ხდება? _ გამგეობა იწყებს ხეების გლეჯისა და აქეთ-იქით თრევის კანონიერებაზე საუბარს, ხეების გადატანის გამო აჩერებენ მატარებელს, კეტავენ გზებს, რკინიგზის დეპარტამენტი და საგზაო დეპარტამენტი კი ურცხვად აცხადებს, რომ ხის გადატანა არაფერ შუაშია მატარებლის გაჩერებასთან, გზის გადაკეტვასთან, არადა, საზოგადოება კარგად ხედავს ამ ყველაფერს! გარემოს დაცვის სამინისტრო ხმას არ იღებს და თუ რამეს ამბობს, კეთილშობილურ ინიციატივად ასაღებს. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, მთავრობა, ადგილობრივი უწყებები ამ ხეების გლეჯა-თრევას კეთილშობილურ განზრახვად და ინიციატივად ფუთავენ. სწორედ ესაა ამ ინსტიტუტების ნგრევა. სახელმწიფო ინსტიტუტები, ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოებას, მის კომფორტს, ემსახურებიან ოლიგარქის ხუშტურების დაკმაყოფილებას და შეფუთვას. ინსტიტუტების ნგრევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ოლიგარქიული მმართველობისთვის. ინსტიტუტების ნაცვლად ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ პერსონებზე ჩამოკიდებულ უწყებებს, როგორიც გვქონდა შევარდნაძის დროს. როდესაც „გაი“ ეკიდა ერთ უფროსზე, თბილისის პოლიციის სამმართველო _ მეორეზე, ყველამ ვიცოდით, ვინ ვინ იყო, იმიტომ რომ ეს უწყებები ეკიდა პიროვნებებზე. საზოგადოებამ იცის, ვინაა დღეს იუსტიციის სახლის დირექტორი, ან რამდენი დირექტორი გამოიცვალა დაარსებიდან დღემდე? სწორედ ესაა ძლიერი ინსტიტუტი, როდესაც არ ვიცით და არც გვაინტერესებს, ვინაა ხელმძღვანელი, რადგან ეს იუსტიციის სახლი საუკეთესო სერვისს იძლევა და ჩვენს კომფორტზეა ორიენტირებული. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვიგებთ, ვინ არის ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვინ არის, ზოგადად, საპატრულო პოლიციის უფროსი, რაც ძალიან ცუდი სიმპტომია. ვიმეორებ, როდესაც უწყება გამართულად მუშაობს, არავინ ინტერესდება, ვინაა მისი უფროსი. დღეს ჩვენ აქამდე მივედით, რომ ინგრევა ინსტიტუტები, _ როგორც მაღალ, ისე დაბალ დონეებზე ინიშნებიან „სტავლენიკის“ _ ბიძინა ივანიშვილის პირადი ხელქვეითები, მისი პირადი ექიმი გვყავს ჯანდაცვის მინისტრად,  პირადი ხელის ბიჭი დაგვინიშნა ჯერ შს მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად, პირადი ბანკირი დაგვინიშნა ჯერ ეკონომიკის მინისტრად, შემდეგ პრემიერად, პირადი მცველი დანიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად და ა. შ. პირადი ხელქვეითების მეშვეობით ივანიშვილი მართავს ინსტიტუციებს და ანგრევს მათ. სახელმწიფოს მართავს იმგვარად, რომ თანდათან უფრო და უფრო ღვივდება ის საფრთხეები, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას წინ ეღობება. ერთი მხრივ, თავდაცვის სამინისტრო საფრთხეების შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ იდენტიფიცირებულია რუსული პროპაგანდა და მეორე მხრივ, ეს ხელისუფლება თავად აფინანსებს ბიუჯეტიდან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ღიად ეწევიან რუსულ პროპაგანდას. 1920 წელს რუსეთმა საქართველოს აღიარების სანაცვლოდ დოკუმენტს მოაყოლა ორი საიდუმლო დანართი: ერთგან ეწერა, რომ საქართველო შეინარჩუნებდა სამხედრო მიუმხრობლობას, ანუ ნეიტრალიტეტს, მეორეგან კი ითხოვდა კომპარტიის ლეგალიზებას. მოხდა ეს ლეგალიზება, ბოლშევიკები ამოვიდნენ იატაკქვეშეთიდან, დაიწყეს მუშაობა, გააჩაღეს პროპაგანდა, რომ საქართველო უნდა გახდეს მუშათა და გლეხთა დიდი სახელმწიფოს წევრი, შეიქმნა შულავერის კომიტეტი და ვიცით, რითაც დასრულდა ეს პროპაგადა და ნეიტრალიტეტი _ ორჯონიკიძემ სტალინს უდეპეშა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს“. დღესაც მიდის ღია რუსული პროპაგანდა, დღესაც პრორუსული პარტიები ქადაგებენ, რომ უბლოკო სტატუსი და ნეიტრალიტეტი არის საქართველოს ხსნა, ეს არის წმინდა რუსული ნარატივი, რომელსაც, ჯერ კიდევ, საუკუნის წინ გვთხოვდნენ რუსები. ანუ უბლოკო სტატუსის შედეგიც ვიცით, რაც არის და პროპაგანდის შედეგიც ვიცით, რაც არის. რუსულმა პროპაგანდამ და მიუმხრობლობამ დაასრულა ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა  და დღეს ივანიშვილის ხელისუფლება, რომელსაც დეკლარირებულად და ფასადურად ვითომ პროდასავლური კურსი უჭირავს, რეალურად ყველაფერს აკეთებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაფერხებლად. საქართველოში დღეს რუსული პროპაგანდა აქტიურ ფაზაშია, ანუ რასაც მაშინ რუსები გვთხოვდნენ, გავაკეთეთ და დავიღუპეთ, დღესაც იგივეს გვთხოვენ და ვაკეთებთ. ნატოს თავდაცვის ქოლგა უპირობო გამოწვევაა ქართული სახელმიწფოსთვის, თუკი გვინდა, რომ ოდესმე საქართველო შეუერთდეს ცივილზებულ სამაყროს, იყოს ეკონომიკურად ძლიერი, წარმატებული და დემოკრატიული სახელმიწფო. ჩვენ გვჭირდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სხვანაირად საქართველო თავს ვერ დააღწევს პრობლემებს, ჩვენ მანამდე გვექნება რუსეთთან პრობლემები, ვიდრე არ გავხდებით ევროატლანტიკური სივრცის წევრი. ჩვენზე პატარა სახელმწიფოა ესტონეთი, მილიონ 300 ათასია ესტონეთის მოსახლეობა და ვიცით, რასაც ეფუძნება მისი წარმატება, ესაა ტექონოლოგიების დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენც სწორედ იგივე გზა გვაქვს გასავლელი და ამ გზას ძალიან წარმატებულად ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას. საქართველომ ალიანსისგან შეპირება მიიღო, რომ გახდებოდა ალიანსის წევრი. არავინ უარყოფს, რომ ძალიან მაღალ დონეზეა ქართული შეიარაღებული ძალები, მეტიც, ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სტანდარტზე ბევრად უფრო მაღლა დგას ქართული შეიარაღებული ძალების სტანდარტი. ანუ ის, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ფუნქციური თავსებადობა ნატოსთან, არაა მართალი, ჩვენ ფუნქციურად მზად ვართ იმისთვის, რომ ნატოსთან ერთად განვახორციელოთ ნებისმიერი ნაბიჯი. ერთადერთი რაც დარჩა და რაც ალიანსისგან გვაშორებს, ესაა პოლიტიკური მხარე, რაც დიდ მუშაობას საჭიროებს პარტნიორებთან, რომ ჩვენი ნატოში ინტეგრაცია აქტუალური და პრიორიტეტული გახდეს როგორც მათთვის, ასევე ალიანსისთვის. ეს ყველაფერი საქართველოსგან უნდა მოდიოდეს, თორემ თუ ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ჩვენ გამო ნამდვილად არ შეიწუხებენ თავს. ეს არის მთავარი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან გააკეთა ის, რომ საქართველო გაქრა საერთაშორისო დღის წესრიგიდან.

_ გამოგვიცხადა კიდეც: გაიგეთ თქვენი ადგილი, საქართველო ვერ იქნება  დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე, როგორც სააკაშვილს ნაბავდაო.

_ დიახ, ერთი პატარა სოფელი ვართო და დღეს საქართველოს საერთაშორისო სტატუსიც,  დაახლოებით, ასეთია _ ერთი პატარა სოფელია. რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ჩვენს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს დეოკუპაციის საკითხი დაეწყვილებინა უკრაინის დეოკუპაციასთან, რომ ერთ პაკეტად მოხვედრილიყო საერთაშორისო სტრუქტურების განხილვის დღის წესრიგში, ივანიშვილმა გამოაცხდა, რომ საქართველო არ უნდა იყოს დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების საგანი. უკრაინელები ძალიან წარმატებულად მუშაობენ საერთაშორისო დონეზე, ჩვენ რას ვაკეთებთ? _ არაფერს. ეს ცხადად გამოჩდა 2016 წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც აშშ-ს პრეზიდენტმა დიდი დრო დაუთმო უკრაინის დეოკუპაციას, პირდაპირ მოუწოდა რუსეთს უკრაინის დეოკუპაციისკენ და ერთხელაც არ უხსენებია საქართველო. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ რაღაცას _ საქართველოს ხელისუფლება არ აწუხებს ამერიკის ხელისუფლებას, არ მიმართავს მას დახმარებისთვის.

_ მიუხედავად ამისა, რომ ჩვენი ხელისუფლება არაფერს ითხოვს, აშშ-მ ქვეყნის ბიუჯეტში ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს ვერც ერთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

_ და თქვენ გგონიათ, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე მოხდა? თქვენ გგონიათ, რომ ჩვენი საელჩოს ჩართულობით მოხდა ეგ?

_ პირიქით, მე ის მგონია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აშშ-ს უფრო ადარდებს, ვიდრე ჩვენს ხელისუფლებას…

_ ნამდვილად, მაგ გადაწყვეტილებაში, რომელზედაც ვსაუბრობთ, მინიმალურია საქართველოს ხელისუფლების ჩართულობა.

_ როდესაც ვსაუბრობთ „სტავლენიკსა“ და ქვეყნის შეგნებულად დასუსტებაზე, ინსტიტუციების ნგრევა-ჩამოშლასთან ერთად, ეკონომიკაც ჩანაგდება, რაც საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ადამიანი დაიმშეს, მხოლოდ იმაზე იფიქროს, როგორ იარსებობს, როგორ იშოვოს ლუკმა-პური, რაც აისახა კიდევაც შესაბამის კვლევებში. ვნახეთ, თანდათან როგორ გადაინაცვლა უკანა პლანზე ტერიტორიულმა მთლიანობამ, ადამიანის უფლებებმა, დემოკრატიამ და როგორ გადმოინაცვლა წინა პლანზე დასაქმებამ, ფასების ზრდამ, ლარის გაუფასურებამ… ესეც რუსული გეგმის ნაწილია, _ საზოგადოების ისე დაძაბუნება, რომ მას აღარც ეცალოს ქვეყანაზე ფიქრისთვის და არ შეეძლოს საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირება.

_ ეკონომიკაზე საუბრისას „ოცნება“ მუდმივად რაღაც სტატისტიკურ მონაცემებს, რაღაც საბუთებს აფრიალებს, თითქოსდა ქართული ეკონომიკა ვითარდება და წინ მიდის. არადა, როგორც ვითარდება ქართული ბიზნესი, ამას თითოეული მოქალაქე გრძნობს. დღეს საქართველოში, რეალურად, ოლიგარქიული ბიზნესი გვაქვს. დამისახელეთ ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი კომპანია, რომელიც კონკურენციაშია შესული სხვა კომპანიასთან. კონკურენციაში ვგულისხმობ ისეთ კონკურენციას, როგორიცაა „ეფლსა“ და „სამსუნგს“, „კოკა-კოლასა“ და „პეპსის“ შორის, როდესაც ისინი ნადირობენ ერთმანეთის მომხმარებელზე, რითაც ხვეწენ და ავითარებენ ერთმანეთს. ჩვენს ქვეყანაში რომ ბიზნესი განავითარო, სახელმწიფო აპარატში უნდა გამონახო კონტაქტი, რომელიც ტენდერებში გამარჯვების გარანტიას მოგცემს და შენს ბიზნესს ბიუჯეტზე მიაბამ. ბიუჯეტზე აბამ და, შესაბამისად, აღარ ზრუნავ პროდუქტის ხარისხზე, იმიტომ რომ არ გყავს კონკურენტი, იცი, რომ ყველა ვარიანტში გაგეყიდება, იმიტომ რომ მიბმული ხარ ბიუჯეტზე. შესაბამისად, არც ბიზნესს ავითარებ, არც დამატებით  სამუშაო ადგილებს ქმნი, საბუთებში კი იწერება, რომ ბიზნესი ვითარდება, კომპანიებს ამდენი და ამდენი აქვს შემოსავალი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ბიუჯეტის ხარჯზე ხდება? ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ერთადერთი გარანტია არის კონკურენციაზე დაფუძნებული ბიზნესი. სადაც არ არის კონკურენცია, სადაც უსამართლო გარემოა და კონტროლირებადი ბიზნესურთიერთობები, იქ რა განვითარებაზე, რა ეკონომიკურ წინსვლაზე, რა ახალ სამუშაო ადგილებსა და რა უცხოურ ინვესტიციებზეა საუბარი? ეს არის კომპლექსური პრობლემა და ამ პრობლემის სათავე ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ერთპიროვნულად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მართავს მთელ სახელმწიფოს, მიზანდასახულად ანგრევს სახელმწიფო ინტიტუტებს, ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც შემდგომში შეიძლება გადაიზარდოს დემოკრატიულ პროცესში და ამას ყველაფერს აკეთებს ისე, რომ თვითონ არ ჩანს, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. ვიღაც ჩინოვნიკების ხელით ანგრევს სახელმწიფოს.

_ ჩვენ, მე მგონი, მეტისმეტად ვპედალირებთ იმაზედ, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია. კი, არაფორმალური მმართველია, გასაგებია, მაგრამ მხოლოდ ესაა? ფორმალური რომ იყოს და იგივეს აკეთებდეს, დიდი შეღავათია?

_ აბსოლუტურად მართალი ხართ ამ შეფასებაში. ბიძინა ივანიშვილი დღეს არის არაფორმალური მმართველი, თორემ ის იყო ფორმალური მმართველი და სწორედ მაშინ, როდესაც ფორმალური მმართველი იყო, დავოსში წავიდა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე და გამოაცხდა, რომ ფარსი, ტყუილი და ყალბია ყველა ის მიღწევა, რომელიც თქვენ დღემდე იცოდით საქართველოს შესახებო. მას კარგად ჰქონდა გააზრებული, რასაც ამბობდა და ამ განცხადებას შედეგად მოჰყვა ის, რომ შემცირდა ინვესტიციები და საქართველოს ეკონომიკამ იზარალა. სწორედ მისი პრემიერობის დროს მიიღო საგარეო უწყებამ ის დავალება, რომ საქართველო უნდა გამქრალიყო, როგორც დაპირისპირების საგანი დიდ სახელმწიფოებს შორის, რაც მოხდა კიდეც და აისახა კიდეც ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებზე.

_ სწორედ მისი პრემიერობის დროს დაუწესეს შეზღუდვები ტურისტებს და აზარალეს სახელმწიფო.

_ დიახ და მერე მიხვდნენ, რა იდიოტობაც გააკეთეს და ისევ მოუხსნეს სავიზო შეზღუდვები. სწორედ ივანიშვილის პრემიერობის დროს გაივსო ქართული არმია რუსული აგენტურით, მისი პრემიერობის დროს, უშუალოდ მის მიერ დაიწყო შეტევა „რუსთავი 2“-ზე და, საერთოდ, ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში დაიწყო და რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, სწორედ მისი პრემიერობის დროს დაიწყო. აქედან გამომდინარე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის არაფორმალური მმართველი იქნება, თუ ფორმალური, მაინც მავნებელია, მას ეზიზღება ქართული სახელმწიფო, როგორც წარმატებული მოდელი, მას სჭირდება სუსტი და მის პირად ინტერესებზე მორგებული ქართული სახელმწიფო, სადაც  უსაფრთხოების გარანტიები ექნება.

_ კახა ბენდუქიძე ამბობდა კიდეც, რომ  ივანიშვილის ამოცანაა სუსტი სახელმწფო, სუსტი ფუგურები, რომლებიც ვერც გაბედავენ და რომც გაბედონ, ვერ შეძლებენ მისთვის რაიმე საფრთხის შექმნას.

_ დიახ და სწორედ მაგიტომაც ივანიშვილი პირდაპირ უპირისპირდება ავტორიტეტებს. ჩვენ ვიცით, როგორც ვითარდება და რაც ხდება ციანიდის საქმეში, ამ საქმის ძირითადი ამოცანა ისაა, რომ ეკლესიას შეურყიონ ავტორიტეტი, ასეცაა _ ციანიდის საქმით ეკლესიის რეპუტაციას ძალიან დიდი ზიანი მიადგა. და რა თქმა უნდა, ამ საქმეში მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია სწორედ ივანიშვილი. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ივანიშვილის კონტროლის გარეშე ხორციელდება ეს ყველაფერი? ივანიშვილმა იცის, რომ ადგილობრივ არჩევნებსაც წააგებს და საპრეზიდენტო არჩევნებსაც, და იმასაც ხვდება, რა საფრთხესაც შეუქმნიდა ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტი. რეალურად ოპოზიციაში მყოფი და არა ისე, როგორც მარგველაშვილია. სწორედ ამ საფრთხეს რომ ხედავს, ამიტომაც ანგრევს პრეზიდენტის ინსტიტუტს და ახლა ამ კონსტიტუციით გვთავაზობს პრეზიდენტის არჩევას კალიგულას ცხენივით, მის მიერ კონტოლირებადი პარლამენტის მიერ. რა მნიშვნელობა აქვს, ზებრას დააყენებს კანდიდატად, ღარიბაშვილს თუ სხვას?

_ სამწუხაროდ, არც მაშინ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, როცა მარგველაშვილი დაგვინიშნა _ აარჩევინა თავის მრევლს. ამ გზით მან იმას მიაღწია, რომ დღეს საზოგადოების ნაწილი, უყურებს რა მარგველაშვილს, ფიქრობს: ასეთი პრეზიდენტი გინდ გყოლია, გინდა _ არა, ასეთი პრეზიდენტი გინდ შენ აგირჩევია, გინდ _ ვიღაც ხმოსანს.

_ საზოგადოების დიდი ნაწილი მარგველაშვილს ხედავს, როგორც მსხვერპლს და ეს ასე არაა. მარგველაშვილს დიდი „ღვაწლი“ მიუძღვის იმაში, რომ დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტი ასე დანგრეული და დაკნინებულია. თავისი პასიურობით, უმოქმედობით და უპრინციპობით ის ბიძინა ივანიშვილს ეხმარება პრეზიდენტის ინსტიტუტის დანგრევაში. პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, მარგველაშვილი იყო ის კაცი, რომელიც მოსვლის დღიდანვე დაეჯახა ყველაზე ავტორიტეტულ უნივერსიტეტს, თავისუფალ უნივერსიტეტს, მარგველაშვილი იყო ის კაცი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარადგინა ნინო გვენეტაძე, ყველაზე ცუდი წარსულის მქონდე მოსამართლე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, მარგველაშვილია ის კაცი, რომელიც გვეუბნება, რომ, თურმე, მნიშვნელობა არ აქვს, კონსტიტუციაში ჩაიწერება თუ არა ევროატლანტიკური კურსის ვალდებულება. ეს კაცი აბოსლუტურად ყველაფერს აკეთებს, რაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის!

_ და, ალაგ-ალაგ, ოპოზიციური ფასადისთვის ირტყმევინება ვეტოებს, რომელსაც, იცის, რომ აუცილებლად დაძლევენ.

_ დიახ, ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ანგრევს პრეზიდენტის ინსტიტუტს, იმიტომ, რომ მან იცის, ეს მისი საფრთხეა და მარგველაშვილი მას ამ მიზნის განხორციელებაში ეხმარება.

_ როგორ ფქირობთ, თვითმმართველობის არჩევნებზე საკმარისი აქტივობა იქნება? 2016 წლის არჩევნების გაყალბება არ გამოიწვევდა ნიჰილიზმს? თანაც, ამომრჩევლისთვის ცოტა ბუნდოვანია, ოპოზიციამ რომც გაიმარჯვოს, რას გააწყობს, როდესაც ქვეყნის სათავეში მაინც „ოცნებაა“?

_ ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ყველა ის მეთოდი, რომელიც „ოცნებამ“2016 წელს გამოიყენა გასაყალბებლად და არჩევნების მოსაგებად. არ დავუშვებთ, არ მივცემთ მისი გამეორების საშუალებას. ამ არჩევნებს მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ გამარჯვებით ჩვენ ბიძინა ივანიშვილს წავართმევთ, ხელიდან გამოვგლეჯთ ადმინისტრაციულ რესურსს, რომელსაც არჩევნებში იყენებდა და არ მივცემთ მისი გამოყენების საშუალებას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში. თვითმმართველობას თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაზე ზრუნვა და უკეთესი გარემოს შექმნა აკისრია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს და ეს კარგად უნდა იყოს ახსნილი და მიტანილი ამომრჩევლამდე. ჩვენ ამ არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ და ამას ნელ-ნელა უნდა შეეგუოს ივანიშვილი. ის ვერც კონსტიტუციას მიიღებს ამ რედაქციით და ვერც არჩევნებს გააყალბებს, როგორც 2016 წელს გააყალბა.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ აღმოჩნდა თქვენ მიერ სესიაშვილის ვაჟის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ასეთი სენსიტიური? რამ აღაშფოთა საზოგადოება, _ იმან, რომ იგი ქურდობის საქმეში ფიგურირებდა, თუ პროტექციის, ნეპოტიზმის აშკარა ფაქტმა? მე მგონი, ხალხი მწყობრიდან გამოიყვანა იმ გარემოებამ, რომ ამ ნეპოტიზმის წყალობით, სუს-ში 20 წლის, მეორეკურსელი სტუდენტი დაინიშნა.

_ აქ ბევრმა ფაქტმა მოიყარა ერთად თავი, რამაც ყველა გააღიზიანა. ვინც მწყობრიდან არ გამოიყვანა და არ აპროტესტებს, არის მხოლოდ თავად სესიაშვილი. მას რომ ჰკითხო, ცუდი მან კი არა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, როცა ამ თემაზე საუბარი დაიწყო. როდესაც მისი ვაჟის დანიშვნის დამაბრკოლებელი გარემოება შეიქმნა, აღმოჩნდა, რომ სადღაც მისი თითის ანაბეჭდები ფიგურირებდა, ნაცვლად იმისა, რომ გარკვეულიყო, ჰქონდა თუ არა მას შეხება ამ კრიმინალურ ფაქტთან, შსს-მ შექმნა ყალბი დოკუმენტი. მისი დანიშვნა რომ არ დაებრკოლებინათ, დაწერეს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სესიაშვილი გამოჰკითხეს და რომ გამოძიება გრძელდება. შემდგომში კი თავად სესიაშვილი აცხადებდა, რომ ისინი არავის გამოუკითხავს და არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ ამ თემაზე… გარდა ამისა, სუს-მა ეს ყველაფერი გაატარა და მაინც დანიშნა, ასევე, სუს-ზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება სწორედ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდაომარის პრეროგატივაა და ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პირდაპირ ნეპოტიზმთან, ასევე, ეს ახალგაზრდა არის აბსოლუტურად არაკვალიფიციური ამ სამსახურში მუშაობისთვის. მამამისი მის დანიშვნას კი იმით ამართლებდა, რომ მისი ვაჟი ძალიან კვალიფიციური და მაგარია, მაგრამ  რანაირად არის კვალიფიციური? ჯერ ერთი, 20 წლის არის და მეორეც, რომელ უნივერსიტეტშიც სწავლობს, ის უნივერსიტეტი ქართული უნივერსიტეტების რეიტინგში ათეულშიც არ შედის. და მთავარი: როდის სწავლობს, როდის ესწრება ლექციებს? ფაქტია, ან ლექციებს აცდენს, ან _ სამსახურს. თუ ლექციებს აცდენს, რას სწავლობს და თუ ლექციებს ესწრება, ე. ი. სამსახურში არ დადის  და ტყუილად იღებს ხელფასს ბიუჯეტიდან.  ჩემი ბრიფინგიდან ერთი კვირის შემდეგ პროკურატურამ გამოაცხადა, რომ მათ გამოიძიეს და დაადგინეს, რომ სესიაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს იმ ქურდობასთან. კი ბატონო, მაგრამ ეს ხომ ახლა დადგინდა? როდესაც დაინიშნა, მაშინ ხომ ჯერაც ძიებაში იყო საქმე? რატომ დანიშნეს მაშინ, თუ არა მამამისის ფაქტორის გათვალისწინებით? გაგვცეს პასუსი სუს-მა, რამდენად მიღებული პრაქტიკაა ამ ასაკის ადამიანების სუს-ში დასაქმება? გვითხრან, ერთი, რამდენი მეორეკურსელი მუშაობს სუს-ში? თუ ეს, უბრალოდ, სესიაშვილებისთვის  გააკეთეს გამონაკლისი?  ძალიან საინტერესოა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, თუ გამონაკლისია?

_ და თუ ჩვეულებრივი პრაქტიკაა, კიდევ უარესი უბედურებაა! რას ნიშნავს მეორეკურსელები ინიშნებოდნენ ასეთ მნიშვნელოვან უწყებაში, თან იმ ქვეყანაში, სადაც მაგისტრები და დოქტორები სხედან სახლში უსამსახუროდ.

_ ხომ ვხედავთ, რაცაა სუს-ის რეალური ფუნქცია? ჩვენ ვსაუბრობთ რუსული აგენტურის გაძლიერებაზე საქართველოში და დამისახელეთ ამ აგენტების, ან მათ მიერ გაფუჭებული საქმის გამოვლენის ერთი ფაქტი? ერთიც არ მახსენდება, არადა, წესით, ესაა მათი ფუნქცია. ეს უწყება, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს მტრებს დასდევდეს, პოლიტიკურ ოპონენტებს, კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და მათი ოჯახის წევრებს დასდევს. სწორედ ამ უწყების მიმართ არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი, როგორც ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადებაზე, ასევე რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე და მისი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებაზე. გვითხრან, ერთი, რა გაუკეთებიათ ამ ხუთი წლის განმავლობაში? სად იხსნეს მათ ქვეყანა, სად გადადგეს ის ნაბიჯი, რომელიც პოზიტიური იყო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის? რუსული აგენტურა გუგუნებს, რუსული პროპაგანდა გუგუნებს!  სუს-ში ივანიშვილმა გომელაური დაასაქმა, რომელსაც არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია იმისთვის, რომ ასეთ საპასუხისმგებლო სამსახურს უხელმძღვანელოს. სუს-ში ივანიშვილმა დაასაქმა თქვენი გაზეთისთვის კარგად ნაცნობი გოგაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ სოციალურ შემწეობას იღებდა და დღეს მულტიმილიონერია; ასევე სუსში დასაქმებულია ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრი. მოკლედ, ეს არის ოჯახური პოლიცია, რომელიც ემსახურება ერთი ოჯახის უსაფრთხოებას, ამ უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებას.

რეზო შატაკიშვილი