ტუჩები, ტუჩები, ტუჩები ჩქარა!

ახლაღა ჩავწვდი და ჩავაანალიზე, თუ რატომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილს თავის შუშის სასახლეში, ვითარცა ქაჯეთის ციხეში, გამომწყვდეული პინგვინი, _ ვითარცა ნესტან-დარეჯანი?

და, აი, რატომ _ პინგვინია ჩვენი ეკონომიკური განვითარების სახე, ხატება, სიმბოლო. დიახ, თუ იმ სისხლიხვრეპია „ნაცების“ დროს ქვეყნის ეკონომიკა კენგურუსავით მიხტოდა, ახლა მიდის და მილასლასებს, მიბაჯბაჯებს, როგორც პინგვინი. მეტყვით, _ რომ მიბაჯბაჯებდეს, კიდევ რა უჭირდაო? და მართალიც იქნებით, მაგრამ რა ქნას პინგვინმა? ჯერ ერთი, მთაგორიანი ქვეყანაა _ ერთ ნაბიჯს რომ წინ დგამს, ორს უკან დგამს და რაც მთავარია _ ცხელა პინგვინს, ამიტომაც, სადაცაა, სული ამოხდება.

მოკლედ, სააკაშვილს რომ შნო ჰქონოდა, ერთი კენგურუ კი უნდა ეყიდა, მაგრამ მიშას ყვარლის 75 კვადრატულ მეტრიანი სახლი ცალ სკუპად არ ეყოფოდა იმ კენგურუს.

ეს რაც შეეხება ცხოველებს, როგორც ჩვენი ეკონომიკის განვითარების სიმბოლოებს _ ერთს წარმოდგენილს ცოცხლად, არსებულს და მეორეს _ არარსებულს, უბრალოდ, ჩემგან მოხმობილს.

აი, მერი ნარმანია კი იმ ცხოველებზე ზრუნავს, ვინც ზოოპარკში ძლივს გადაურჩა გაჟუჟვას 2 წლის წინანდელი ტრაგედიის დროს. ზოგი წყალმა იმსხვერპლა და ზოგიც _ ტყვიამ. ტყვიას, რომელიც დაუნანებლად ესროლეს შუმბას, რომლისგანაც საფრთხე არ მოდიოდა და გვიან, მხოლოდ მას შემდეგ ესროლეს თეთრ ვეფხვს, რაც მსუყედ ისადილა საბრალო მუშით…

ახლა მერი ნარმანია, გამშენებელი მილიონი ხის, თურმე, მუყაითად შრომობს, რომ ცხოველები ძველი ზოოპარკიდან ახალ ზოოპარკში გადაიყვანოს და, ბოლო-ბოლო, დღევანდელი ზოოპარკი იქცეს ცენტრალურ პარკად. და, თურმე, ნუ იტყვით და ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რადგან ცხოველების ერთბაშად გადაყვანა, თურმე, დიდ ფინანსებს მოითხოვს. როგორც ის დუდღუნებს, თურმე, შარშან ძაღლსაშენი აუშენებიათ და ძაღლები გადაუყვანიათ, წელს 20-მდე სხვადასხვა ვოლიერი შენდება და ეტაპობრივად გადავიყვანთ ცხოველებსო, ხოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანად გადავიტანთ ზოოპარკს, ყველა ცხოველს გადავიყვანთო.

მოისმენს ამას ოცნებას მინდობილი მოქალაქე და გაიხარებს, მაგრამ მე ერთი კითხვა არ მასვენებს, _ თუ წინა წელს მარტო ძაღლსაშენი აშენდა და წელს მხოლოდ 20 ვოლიერი შენდება, რანაირად მოხერხდება სამ წელიწადში მთელი ზოოპარკის გადატანა და ყველა ცხოველის გადაყვანა?

როგორც თბილისის ზოოპარკის ოფიციალური საიტი გვამცნობს, დღეს თბილისის ზოოპარკში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილი 300-მდე სახეობა ბინადრობს. 300 ცხოველი კი არაა, 300 სახეობის ცხოველია და თუ წელიწადში მაქსიმუმი 20 ვოლიერია, 3 წელიწადში 60 ვოლიერი გამოდის და იმ თითო ვოლიერში 5-5 სახეობის ცხოველი უნდა შეყარონ ერთად? მაგალითად, მგელთან შვლები, ყურცქვიტები?

თუ იმ ბრძენმა კაცმა „ვეფხისტყაოსანი“ გადაიკითხა და ამ სტრიქონებით მოიხიბლა: „შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს“?!

ალბათ, ასეთია ნება ბრძენი კაცისა, თორემ ნარმანია ხომ არ მოგვატყუებდა, 3 წელიწადში ძველი ზოოპარკის ადგილზე ცხოველი აღარ გაიჭაჭანებს და ცენტრალ-პარკად იქცევაო?

3 წელი თუ ასე გაგრძელდა, ცხოველი კი არა, მგონი, ამ ქვეყანაში ხალხის ჭაჭანებაც აღარ იქნება. და ასრულდება იმ ხალხის ნატვრა, სააღდგომოდ დაცარიელებული თბილისით რომ იხიბლებიან. ნაწილი ქვეყნიდან გარბის და გაიქცევა, ნაწილი, რომელიც ამ ქვეყნიდან ვერსად გარბის _ იმ ქვეყანაში „გაიქცევა“ შიმშილისგან სულამოხდილი და აქ დარჩებიან „ქოცნი“ ამა სოფლისანი _ ვიწრო წრე, ვინც მიმჯდარია ბიუჯეტის გობს და მადიანად სვლეპს _ თუ მსუყე ხელფასებს, თუ პრემიებს, თუ დანამატებს. მაგრამ მათაც მალე დაუდგებათ ბართლომეს ღამე, ვინღა შეუვსებს ბიუჯეტს? თუმცა  ჰორიზონტზე ამ აპოკალიფსური სურათის დანახვა არავის უნდა, ოცნება ურჩევნიათ. მადლობა ღმერთს, მათ გარდა ხალხი ჯერაც ცხოვრობს ამ ქვეყანაში და კარგად ხვდება, რომ ასე გაგრძელება ამ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. ამიტომაცაა, „ოცნება“ მთელი გულმოდგინებით რომ ცდილობს კონსტიტუციის ტანზე მორგებას და უკვე მეროჭიკე ბერებივით დაატარებენ სათავისოდ შედგენილ კონსტიტუციას, ჯერ ქუთაისში მოაწყვეს შოუ, შემდეგ _ ამბროლაურში. თავის დროზე, ბრძენმა გვიბრძანა, _ საქართველო ერთი დიდი სოფელია! ჰოდა, ახლაა ჟამი კოლექტივის კრებების ჩატარებისა სოფლის კლუბებში. ატარებენ კიდეც _ პარტაქტივით, „მოწინავე“ მშომელებით, ადგილობრივი „ინტლიგენციით“ (სტილის რედაქტორს უმორჩილესად ვთხოვ, ნუ ჩამიწერს „ინტელიგენციას“, ასე უფრო ინწლიგენტურად ჟღერს „ინტლიგენცია“, _ რ. შ.)… ატარებენ სახალხო განხილვებს და გვანახებენ, თუ რაოდენ ბედნიერია ხალხი, თუ როგორი უკიდეგანოა მათი კმაყოფილება, კეთილდღეობა, თუ რაოდენ მოხიბლულია ხალხი იმით, რომ ხელისუფლება მათ მხრებიდან აშორებს მძიმე ჯვარს _ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას.

გესმით, რამხელა და რამსიმძიმე ტვირთი გვიტარებია მთელი მეოთხედი საუკუნე? სხვა ვინ ჩამოგვხსნიდა ამ მძიმე ჯვარს, თუ არა ბიძინა განმათავისუფლებელი? და მერე რა თანმიმდევრული იყო ამ პროცესში? ჯერ პრეზიდენტის ინსტიტუტი გაგვიფარჩაკა, დღეს რომ ძალიან არ დაგვწყვეტოდა გული. დიახ, აიღო და მარგველაშვილი პრეზიდენტად დაგვისვა. რა ქნას? _ მაშინ ასეთი წესი იყო, მაინც ჩვენ უნდა აგვერჩია და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ის არჩევნები აქცია ფარსად _ თავის ოცნებით გათანგულ ელქტორატს ის აარჩევინა, ვინც თავად სურდა. ეს ჟურნალი იყო, მერე, ვითომ, აღარ ეპიტნავებოდა და დაიწყო კინო, უფრო სწორად, მრავალსერიანი მულტფილმი „ტომი და ჯერი“, რომ ვითომ როგორ უნდოდა მისი ავლაბრის რეზიდენციიდან გამოგდება და როგორ ვერ გამოაგდო… პრეზიდენტი რეზიდენციის ყარაულამდე ჩამოალაბორანტა და დღეს უკვე, როცა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას გვიუქმებს, მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარც იხეთქავს გულს, ასეთი პრეზიდენტი გინდა პირდაპირ აირჩიე, გინდა _ ირიბად, გინდა _ გვერდულად და გინდა _ უკუღმად. და მართლა თუ აზრი არ აქვს, რატომ ირჯება ასე მწარედ ივანიშვილი? ირჯება იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, აღარ გაუვა ის, რაც მარგველაშვილის შემთხვევაში გაუვიდა. ზუსტად იცის, _ ასე ვეღარავის დასვამს, მარტო იმიტომ, რომ ბიძინას მოსწონს, ხალხი აღარ აირჩევს არავის, მოუწევს გაყალბება და ამოუვიდა ამ კაცს ყელში ეს გაყალბება. ხალხი არ ხართ? ამიტომაც ადგა და მოიფიქრა _ პრეზიდენტი ხალხს კი არა, ვიღაც ხმოსნებს აარჩევინოს. არ სიამოვნებს ამ კაცს გაყალბება, უფრო სწორად, გაყალბება კი არა, ეს ფორმალობები უძიძგნის ნერვებს _ არჩევნები. ის საქართველოს უყურებს, როგორც შპს-ს, სადაც საკონტროლო პაკეტს ფლობს და ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მას სურს. ამიტომაც ცდილობს, ყველაფერი ისე იყოს, რომ მერე ნერვები დიდად არ დაეწიწკნოს.

ისიც ეყოფა, ახლა ადგილობრივი არჩევნები რომ ახლოვდება და იქ რომ მოუწევს გაყალბება, თუ არადა, თვითმმართველობების დონეზე ხელისუფლების დაკარგვა. ამიტომაც აღარ იცის, რა ქნას, _ კალაძე აარჩევინოს თბილისს, თუ ნარმანია? ნარმანია გაიძახის, გუნდის გადაწყვეტილებას ველოდებიო. იმ ბრძენ კაცს გუნდს ეძახის… ცალკე კალაძე იქაჩება დედაქალაქის მერობაზე. ის კალაძე, „იოანე ოქროტუჩი“ _ ამას წინათ იოანე ოქროპირივით რომ მოგვევლინა განმმარტებლად _ დამატებით განმარტებებსაც რომ აკეთებდა კონსტიტუციის პროექტზე…

შუშის სასახლიდან ურთიერთსაწინააღმდეგო ხმები გამოდის, _ ზოგის მტკიცებით, ბრძენ კაცს კვლავ ნარმანია სურს, ზოგის მტკიცებით კი _ კალაძე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამბის გამომტანებს, სასახლიდან ხმა ისე გამოაქვთ, როგორც თავად აწყობთ, მაგრამ ვგონებ, საქმე სხვაგვარადაა _ ის ბრძენი კაცი ჭოჭმანობს, ხან ერთი უნდა, ხან _ მეორე, ხან _ არც ერთი. ყველაფერი სტაფილოს ჯიშსა და ხარისხზეა დამოკიდებული…

დალევს და ფიქრობს, ეს ნარმანია მშვენიერი მორჩილი ბიჭი გამოდგა, მაგრამ არ მოსწონთ ამ კუდაბზიკა თბილისელებს და ეშინია, რომ ვერ გავა და ძალიან მოუწევს გაყალბება. გაყალბების ხარისხი კი არ აღელვებს, ამ „ძალიან გაყალბებას“ ბევრი ფული და რესურსი უნდა, ეგ აღელვებს. არც კახი კალაძის აკვანი ირწეოდა მრგვალ ბაღში, მაგრამ მილანი მაინც თავისას იზამდაო, _ იფიქრა იმ ბრძენმა კაცმა და შეუკვეთა შიდაპარტიული კვლევა და გაოგნდა _ კალაძე სულ ოდნავ უსწრებს ნარმანიას…

მოკლედ, დგას და ფიქრობს, ამ მცირედი უპირატესობისთვის ღირს კი გარისკვა? კაცმა არ იცის, ვის კარში გაიტანს გოლებს კალაძე, როგორც კი არჩეულ მერად მოგვევლინება… თან კალაძე რომ წამოაყენოს, ეს იმას ნიშნავს, ნარმანიაც არ გამოადგა მერად… ჰოდა, დგას და ფიქრობს, რომელ ხეს ეტაკოს ამოსათხრელად…

მის მხარდამჭერ მოსახლეობას კი რა არჩევანი აქვს? ერთიც არაპროფესიონალი და არაკომპეტენტურია და _ მეორეც. როგორი ენერგეტიკოსი კალაძეცაა, ისეთივე მენეჯერია ნარმანია. ერთიც სოლოლაკის ქედიდან დაგორებული ლოდია და _ მეორეც. მიდი და იპოვე განსხვავება ამ ორ კანდიდატს შორის. ცხადია, იპოვი. განსხვავება ვიზუალშია _ კონსტიტუციის განმმარტებელი „იოანე ოქროტუჩი“, უკაცრავად, კალაძე _ სქელტუჩაა, ნარმანია _ თხელტუჩა… სხვა რა მოგახსენოთ? ეგაა, ამომრჩეველს მერი თუ საკოცნაოდ უნდა…

რეალურად კი „ოცნება“ საგონებელშია, რა მოიფიქროს ისეთი, რომ 2017-ში 2016 განმეორდეს? ზუსტად იციან, რომ მარცხი ადგილობრივ არჩევნებში საბედისწეროა. ახსენდებათ, რომ სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ წინ სწორედ ადგილობრივი არჩევნები მოიგო და ის გამარჯვება შემდგომი გამარჯვების საწინდარი გახდა. სწორედ ეს საწინდარია, მეოცნებეებს რომ აფეთებს და ივანიშვილს შუშებს უმუქებს…

 

რეზო შატაკიშვილი