ჰერაკლე მარგველაშვილი

w

პრემიერ-მინისტრობის რა მოგახსენოთ და ღარიბაშვილი ურიგო სინოპტიკოსი არ ყოფილა _ ზაფხული მართლაც ცხელი გვაქვს – ასეც და ისეც. ქვეყანაში საზარელი „სმესი“ დუღს – „სმესი“ ტრაგიზმის, დრამატიზმის, მასთან ერთად ზეობს ცინიზმი, ფარსი და ამ ჩვენს მიწიერ ტრაგიკომიკურ თუხთუხს კიდევ უფრო ამძაფრებს ის უბედურება, რაც უკრაინის ცაზე დაატრიალა პირსისხლიანმა პუტინმა.

„საზარელი მკვლელობა“ – ზუსტად ეს შეფასება იხმარა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როცა მთელი ხელისუფლება თვითმკვლელობაზე საუბრობდა და საუბრობს. თუნდაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც უაპელაციოდ „საკუთარი სიცოცხლის მოსპობაზე“ საუბრობს. და მეტიც, მოძღვრავს კიდეც საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ წინასწარი სპეკულაციებისგან. სპეკულაციებისგან თავშეკავების მოწოდება მართლაც მართლზომიერი იქნებოდა, ამას რომ სხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ამბობდეს და არა იმ გუნდის, რომელმაც რაფალიანცის საქმეზე პოლაროიდის სისწრაფით დაიწყო ვერდიქტების გამოტანა. ესეც რომ არ ჰქონდეთ აქტივში, საინტერესოა, რას სთხოვენ საზოგადოებას, როცა მათი რჩეული პრეზიდენტის განცხადება ძირშივე სპობს იმის საშუალებას, რომ საზოგადოება მშვიდად დაელოდოს გამოძიების შედეგებს? როდესაც პრეზიდენტი ხმარობს შეფასებას „საზარელი მკვლელობა“, რა უნდა იფიქროს საზოგადოებამ? მხოლოდ ის, რომ პრეზიდენტი გათამამდა? თუ ის, რომ იგი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, რიგით მოკვდავთათვის ხელმიუწვდომელს და მასზე დაყრდნობით ამბობს ამას? რაც ისედაც აძლიერებს იმ დიდ ეჭვს, რაც გაჩნდა საზოგადოებაში ამ ფაქტთან დაკავშირებით? ან რა გასაკვირია, რომ საზოგადოებამ უყოყმანოდ არ მიიღოს ის ვერსია, რასაც აწვდიან? როდესაც საქმე აღიძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ამაში სამართლებრივად გაუმართლებელი არაფერია. საქმე აღიძვრება ამ მუხლით და თუ გამოიკვეთება სხვა რამ, მოხდება გადაკვალიფიცირება. ამაში ტრაგიკული არაფერია, მაგრამ საზოგადოებას განუმარტა ვინმემ ხეირიანად, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ საქმე აღძრეს ამ მუხლით და უაპელაციოდ არ ამტკიცებენ იმას, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა? თუ არაა საჭირო ასეთი განმარტებები და საზოგადოებამ თვითონ უნდა იგულისხმოს? მით უფრო მაშინ, როცა პრეზიდენტი „საზარელ მკვლელობაზე“ საუბრობს და იუსტიციის მინისტრი და სხვები – თვითმკვლელობაზე? თვითონ ჩქარობენ და აკეთებენ ხმაურიან დასკვნებს, თან ერთი გაღმა, მეორე – გამოღმა და საზოგადოების რაღა უკვირთ? და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები რას აკეთებენ? „ვინც ეროსის პირადად იცნობდა, თვითმკვლელობა კატეგორიულად გამორიცხულია!“ – ძირითადად ასეთია მათი შეფასება. არადა, ასეთ დროს, თეორიულად, თან კატეგორიულად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, არც თვითმკვლელობის, არც უბედური შემთხვევის, არც ვინმე ბიზნესპარტნიორისგან შურისძიების და არც ამ პროცესში ხელისუფლებისა თუ სპეცსამსახურების მონაწილეობის. კი, თავისთავად ცხადია, ადამიანის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, მცირდება თვითმკვლელობის ალბათობა, მაგრამ მისი უაპელაციოდ გამორიცხვა ნამდვილად არ წაადგება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მეტიც, ეს კიდევ უფრო მუხტავს საზოგადოებას, აძლიერებს უნდობლობას და ხელისუფლება შეჰყავს ჩიხში. დიახ, ბატონებო, ეს სწორედ ის ჩიხია, სადაც თქვენ ოსტატურად გყავდათ ატუზული წინა ხელისუფლება, მაშინაც როცა ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და ახლაც, როცა ხელისუფლებაში აღარ არიან და გაუთავებლად აპელირებთ გამოძიებულ და გამოუძიებელ საქმეებზე. „ეროსი თავს არ მოიკლავდა“ შესაძლოა გექცეთ ისეთივე ლოდად, რაც იყო და არის „ჟვანია გაზით არ გაიგუდებოდა“. არადა, ეროსიც ადამიანია და გარდაცვლილი პრემიერიც – ერთმაც შეიძლება თავი მოიკლას და მეორეც გაზით გაიგუდოს. და როცა თავად თესდით უნდობლობას გამოძიების მიმართ, ახლა იგივე გიბრუნდებათ ბუმერანგად და შედიხართ ტრაგიკომიკურ ჩიხში: „აბა, გამოიძიე“. იმედი მაქვს, გამოიძიებთ კიდეც. ალბათ დადგინდება კიდეც ჭეშმარიტება, მაგრამ ყველაზე მწარე იცით, რა იქნება? მის ჭეშმარიტებას რომ არავინ ირწმუნებს, ან, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების დიდი ნაწილი და ყველას დარჩება ეჭვი, ეჭვი იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლებამ მოიშორა გზიდან. რაც უფრო ტყუილი იქნება ეს, მით უფრო მწარე იქნება თქვენი ხვედრი.

პარადოქსული იცით, რა არის? ისინი, ვისაც არანაირი ეჭვი არ გამოუთქვამს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან და დედის რძესავით შეირგო მაშინდელი სამართალდამცველების მიწვდილი ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, ახლა ხელებს აქტიურად ასავსავებენ და ამტკიცებენ, რომ ეროსი მებრძოლი იყო და თავს არ მოიკლავდა. უკაცრავად და ზვიად გამსახურდია მებრძოლი არ იყო? თუ როგორაა თქვენი საქმე?

ისე არ გამიგოთ, წულუკიანის დარიგებულივით ვიჯდე და მშვიდად ველოდო გამოძიების შედეგებს და თავში არანაირი ეჭვი არ ტრიალებდეს, უბრალოდ, მე საუბარი მაქვს იმაზე, რომ კატეგორიულად რამის გამორიცხვა, კატეგორიულად რამის მტკიცება, სწორედაც რომ კატეგორიულად მიუღებელია ამგვარ ვითარებებში. დიახ, ისევე კატეგორიულად მიუღებელი, როგორც იმ საქმეებზე კატეგორიული განცხადებების კეთება და ყველაფრის წინა ხელისუფლებაზე შეწმენდა, რითაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ აქტიურად დაკავებულები და არც დღეს ეშვებიან და ჟამიდან ჟამზე ახსენდებათ.

პრეზიდენტმა თქვა „საზარელი მკვლელობა“ და რამდენიმე დღის შემდეგ რა მოაყოლა – თვითმკვლელობაც მკვლელობააო. „ქართული სიტყვა მკვლელობა ნიშნავს ცოცხალი ორგანიზმისთვის სიცოცხლის მოსპობას. იქნება ეს მკვლელობა, რომელსაც თვითონ ადამიანი სჩადის თავის თავზე, თუ სხვაზე ახორციელებს, ყველაფერი ეს მკვლელობაა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ იურიდიული კვალიფიკაცია იმ მომენტში არ მიმინიჭებია“, – ბრძანა პრეზიდენტმა… დიდი ილია ასეთ დროს იტყოდა: „აგანგალა-განგალა“.

თუ აქამდე ექსპრემიერის განცხადებებს სჭირდებოდა განმარტებები და განმმარტებელი, ახლა უკვე პრეზიდენტსაც სჭირდება. მოკლედ, დიდი მოთხოვნაა „იოანე ოქროპირებზე“ ნაოცნებარ ხელისუფლებაში. თუმცა არც ის უნდა დაგავიწყდეთ, ეს განცხადება მას მერე გაკეთდა, რაც იგი პარლამენტს ეწვია დაუპატიჟებლად…

ეს ცალკე თემაა. მართლაც ტრაგიკომიკური. მართლაც გაურკვეველია, რა სურს ამ ხელისუფლებას – პრეზიდენტის ინსტიტუტის საბოლოოდ მიჯირყვნა და გაფარჩაკება? თუ პირადად მარგველაშვილზე ახორციელებენ შტურმს? ხომ გავიგეთ, რომ მიაღწიეს წარმატებას და ლამის გიორგი გარიყულად აქციეს? ხომ ფაქტია, რომ არც ასოცირების ხელშეკრულებაზე მოაწერინეს ხელი, მეტიც „პაეზდკიდანაც“ მოტეხეს და არც წაიყვანეს? დატუქსვასაც აქვს ზომა და წონა! რას ნიშნავს: „ეს შენობა ყველას ვერ დაიტევს ფიზიკურად“? გამაგებინეთ, ვისი ადგილია იქ, სადაც არ არის ქვეყნის პრეზიდენტის ადგილი? თუ მარგველაშვილი პრეზიდენტად არ გინდოდათ, რას აირჩიეთ, რა ასკილივით უქნევდით თავს ყველა ბიძინა ივანიშვილს?! ამოგეღოთ ხმა, თუ ახლაც ისევ თავკანტურის რეჟიმში ხართ ჩარჩენილი?! თუ საერთოდ პრეზიდენტი არ გინდოდათ და არ გინდათ? იქნებ, სცადოთ და ცოტა გვერდიდან შეხედოთ თავს? თუ ამას მოახერხებთ, ნამდვილად დაინახავთ, რასაც ჰგავს ეს ყველაფერი…

დღის მთავარ ინტრიგად გამოცხადდა პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოჩენა პარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას. ის გამოჩნდა და ხურდა დააბრუნა: „ხომ ყველა დავეტიეთ?“. ეს შემდეგ გასაღდა მის ფანტასტიკურ იუმორად და შამპანურებით ხელში ინციდენტი ამოწურულად კი არა, საერთოდ უარყოფილი იქნა, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ იგი საერთოდ არ იყო სიაში? მისი იქ გამოჩენა კი ლამის ჰერაკლეს გმირობად იქნა მიჩნეული. თუ, ახლა, მითოსს გავიხსენებთ, მარგველაშვილი კაი ხანია დგას გზაჯვარედინზე – იმ გზაჯვარედინზე, სადაც ჰერაკლეს ორი მანდილოსანი გამოეცხადა, ერთი ნეტარებას, ხორციელ სიამენს აღუთქვამდა, მეორე გმირობას და დიდებას, მაგრამ მას, მარგველაშვილს, ჯერაც არ აურჩევია, დაადგეს სათნოების გზას და გახდეს მართლა პრეზიდენტი, თუ, უბრალოდ, იცხოვროს საპრეზიდენტო განცხრომაში? ახლა ის ფაქტი, რომ პარლამენტში მივიდა, ჯერაც ვერ ჩაითვლება იმად, რომ იგი საგმირო საქმეების გზას დაადგა,  ლომი ჯერ არ დაუხრჩვია და, შესაბამისად, ვერც ლომის ტყავი მოსავს მას. დრამატული, კულმინაციური მომენტი კვლავ გალაითდა და იმ შამპანურივით აშუშხუნდა, რომელიც იქ შეისვა. მით უმეტეს, რომ სწორედ ამის შემდეგ მოხდა სკანდალური განცხადების ჩანეიტრალება.

„მარგველაშვილი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი“, – დაწერა ბექა მინდიაშვილმა „ფეისბუკში“.

ამ გაგანია ზაფხულში ისევ აქტიურდება პრეზიდენტის სასახლის თემა: მარგველაშვილს უტრიალებენ იმ განცხადებას, სადაც ამბობდა, რომ ეს სასახლე პრეზიდენტისთვის დიდი იყო და სტუდენტებს უნდა გადასცემოდა. მედიაში ჩნდება ცნობები მისი კომპრომატების თაობაზე, ქმედება იწვევს უკუქმედებას… საზოგადოებაშიც და დავიჯერო, ამ გზით აპირებთ, საზოგადოება კეთილად განაწყოთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ? რაღაც არ მგონია, საკუთარ იმიჯს სწირავდეთ მის სამსხვერპლოზე. რა არის თქვენი ამოცანა? ქრონიკულად `ტომი და ჯერის~ თამაში? ისედაც გარიყული პრეზიდენტის უარესად გარიყვა? ბარემ რობინზონ კრუზოსავით უკაცრიელ კუნძულზე გარიყეთ! ვიდრე პრეზიდენტს ჯირყვნიან, რა ხდება იმ ქალაქში, სადაც ოდესღაც უღრანი ტყე იყო და გორგასალმა ქალაქი გააშენა? დავით ნარმანია ისევ ტყეს გვიშენებს. ოღონდ, არ იკითხავთ, ვის ხარჯზე? – ბიზნესმენების ხარჯზე! არჩევნებამდე დაგვპირდა მილიონი ხის დარგვას, ახლა რა გაირკვა? თურმე, ბიზნესმენები, სამშენებლო კომპანიები, ვალდებულები ხდებიან, დარგონ ეს ხეები. აქამდე ვიცოდით სხვისი ხელით ნარის გლეჯა. ახლა გავიგეთ, სხვისი ხელით (და ფულით) ხეების დარგვა. მერე რა, რომ თვითონ დაგვპირდა? ხო დაარგვეინებს რაც მთავარია? აა, ეს მათი „კეთილი ნებით“ მოხდება? ამ კეთილ ნებას მიშას დროს ბიზნესზე ძალადობა ერქვა. დროც იცვლება, ლექსიკონიც… მერე რა, რომ ეს „კეთილი ნება“ ისევ მოსახლეობას შემოუტრიალდება და ბინები გაძვირდება? ამდენ ხლაფორთს, ბარემ, ჩვენ დაგვავალეთ და ჩვენი ხარჯით დავრგავთ თითო ხეს და კიდეც გამოვა მილიონი ხის დარგვა. თქვენ, უბრალოდ, წამოგორდით და დაითვალეთ, როგორც ლუარსაბი ითვლიდა ბუზებს…

 

რეზო შატაკიშვილი

22

2