„თიბისი ბანკი“ საქართველოს ბაზრის ყველა საბანკო სეგმენტში #1-ლი ბანკია

„ბანკი რესპუბლიკა“ „თიბისი ბანკის“ ნაწილია _ შერწყმის რამდენიმეთვიანი პროცესი წარმატებით დასრულდა და ამით „თიბისი ბანკი“ საქართველოს ბაზარზე #1-ლი ბანკი გახდა ყველა საბანკო სეგმენტში.

ამის შესახებ „თიბისი ბანკში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, 8 მაისიდან „ბანკი რესპუბლიკის“ მომხმარებლები „თიბისი ბანკისგან“ სრულფასოვანი მომსახურების მიღებას შეძლებენ.

როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, „ბანკი რესპუბლიკის“ შემოერთების შემდეგ „თიბისი ბანკის“ პოზიციები ბაზარზე ყველა სეგმენტში მნიშვნელოვნად გაძლიერდა:

  • „თიბისი ბანკი“ #1-ლი ბანკია საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით _ 31 მარტის მდგომარეობით ბაზრის წილი მთლიან სესხებში 38.7%-ია, ხოლო დეპოზიტებში _ 37.6%;
  • საცალო სესხების ბაზრის წილი 11%-ით გაიზარდა და 43.9% შეადგინა (ბაზრის წილები მოცემულია „კრედოს“ გარეშე);
  • კლიენტების რაოდენობამ 2 მილიონზე მეტს მიაღწია, ეს არის კლიენტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბაზარზე;
  • კიდევ უფრო გაფართოვდა „თიბისი ბანკის“ მომსახურების ქსელი; მთელი საქართველოს მასშტაბით ფილიალების რაოდენობა გაიზარდა 167-მდე, ხოლო ბანკომატების _ 530-მდე;
  • „თიბისი ბანკი“ გაძლიერდა მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც საბანკო საქმიანობაში დიდი გამოცდილება აქვთ.

 

8 მაისიდან „ბანკი რესპუბლიკის“ მომხმარებლებს წვდომა აქვთ „თიბისი ბანკის“ პროდუქტებისა და სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორისაა ისეთი ინოვაციური პროდუქტები და სერვისები, როგორებიცაა საუკეთესოდ აღიარებული „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკი; პირველი ჩატბოტი საქართველოში, ანუ რობოტი-კონსულტანტი; ასევე, საანაბრე და სადეპოზიტე პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და ფილიალებისა და ბანკომატების ფართო ქსელი.

8 მაისიდან „თიბისი ბანკის“ ყველა სერვისი სრულად აღდგა მთელი ქსელის მასშტაბით და ბანკი „რესპუბლიკის“ კლიენტები გახდნენ „თიბისი ბანკის“ სრულფასოვანი კლიენტები. მომსახურების მიღება შესაძლებელია „თიბისი ბანკისა“ და „ბანკი რესპუბლიკის“ ყველა ფილიალში.

 

ვახტანგ ბუცხრიკიძე _ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი:

_ მოხარული ვართ, რომ ორი კომპანიის ყველაზე მსხვილი გაერთიანება საქართველოში წარმატებით დასრულდა. ჩვენ გავიარეთ რამდენიმეთვიანი რთული პროცესი, რომ შერწყმა განხორციელებულიყო უმტკივნეულოდ და კლიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტულად. მინდა, ორივე ბანკის გუნდს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. „ბანკი რესპუბლიკის“ მომხმარებელს ვპირდებით, რომ ჩვენ მათ ისეთ სრულყოფილ და ხარისხიან მომსახურებას გავუწევთ, რომელიც მუდამ გამოგვარჩევდა ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია, გვყავდეს ბევრი კმაყოფილი კლიენტი, მათთან ერთად განვვითარდეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ მათი სურვილებისა და ჩანაფიქრების ასრულების შესაძლებლობა. ის 500 ათასამდე კლიენტი, რომელიც „ბანკი რესპუბლიკიდან“ შეგვემატა, ჩვენი კომპანიისთვის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს და ვფიქრობთ, შევძლებთ გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე ჩვენივე კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად.

 

თამარ ბატიაშვილი