ევროკავშირი და ევრობანკი „თიბისი ბანკთან“ ერთად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო ხაზს გამოყოფენ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) და ევროკავშირი, „თიბისი ბანკთან“ თანამშრომლობით, ერთობლივ პროგრამას აფართოებენ, რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს, შესაბამისობაში მოვიდნენ ევროპულ სტანდარტებთან და სრულად გამოიყენონ ის სარგებელი, რაც თან ახლავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. ამ მიზნით, 2 მაისს „თიბისი ბანკმა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელი მოაწერა ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სამ სასესხო ხელშეკრულებას, რომელთა ჯამური მოცულობა 100 მილიონი აშშ დოლარია.

 

„თიბისი ბანკისთვის“ გამოყოფილი სამი საკრედიტო ხაზიდან 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამიზნულია საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად; 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი სპეციალურად ქალების მიერ მართული ბიზნესების მომსახურებისთვის; ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად. ამ დაფინანსების მეშვეობით „თიბისი ბანკი“ გასცემს გრძელვადიან სესხებს ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული ლარის რესურსი გამოყენებული იქნება საქართველოში მსხვილი, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად.

ევროკავშირის მხარდაჭერა 19 მილიონი ევროს (დაახლოებით 50 მილიონი ლარის) მოცულობით მიზნად ისახავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გახსნილი საკრედიტო ხაზის წახალისებას, რათა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული ინვესტიციების განხორციელება უფრო გაიოლდეს საინვესტიციო გრანტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. ეს, აგრეთვე, გააუმჯობესებს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ადგილობრივი ბანკებიდან დაფინანსების პირობებს, ხოლო ადგილობრივ ბანკებს სურვილსა და შესაძლებლობას შეჰმატებს, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაცემულ სესხებთან დაკავშირებული რისკები ითავონ.

საქართველოში ევროკავშირი კერძო სექტორის განვითარებას ხელს უწყობს „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში. იგი ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, ისარგებლონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ბიზნესთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარების გაღრმავების, ისევე როგორც მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მეშვეობით. „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ და EBRD -ის საკრედიტო ხაზი ევროკავშირისა და EBRD -ის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოებს ინვესტიციების დაფინანსებაში. ევროკავშირი და EBRD  ერთობლივად მუშაობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კერძო სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ევროკავშირის წვლილი 18 მილიონი ევროა (48 მილიონი ლარი), ისევე როგორც „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ევროკავშირის წვლილი 5 მილიონი ევროა (13 მილიონი ლარი). საკრედიტო ხაზი, რომელიც ქალი მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, დამატებითი მხარდაჭერით სარგებლობს შვედეთისა და ადრეულ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების ფონდის მხრიდან.

 

ბრუნო ბალვანერა _ ევრობანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის დირექტორი:

_ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელსაც დიდი გავლენა შეუძლია იქონიოს საქართველოს მომავალზე. ფინანსური ხელშეწყობის ის მექანიზმი, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ადგილობრივ კომპანიებს დაეხმარება, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან წინ და უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ რეგიონულ ბაზარზე. მადლობას ვუხდით ევროკავშირს, ჩვენს ერთგულ პარტნიორს თანამშრომლობისთვის ისეთ სფეროებში, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს განვითარებისთვის.

 

იანოშ ჰერმანი _ ევროკავშირის ელჩი საქართველოში:

_ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკური ზრდისთვის. შესაბამისად, მოხარულნი ვართ, რომ ვაღრმავებთ თანამშრომლობას „თიბისი ბანკთან“, რათა უფრო მეტმა მცირე და საშუალო საწარმომ ისარგებლოს საქართველოში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობით. ადგილობრივ ვალუტაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ამ მხრივ გადადგმული ძალიან საჭირო ნაბიჯია და დაფინანსების ამ ინსტრუმენტში ევროკავშირის მიერ გრანტის სახით შეტანილი წვლილი ინვესტიციებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის, რაც საწარმოო პროცესებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.

 

ვახტანგ ბუცხრიკიძე _ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი:

_ მოხარულნი ვართ, რომ ვაგრძელებთ წარმატებულ პარტნიორობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და ევროკავშირთან. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფინანსური სექტორისთვის და გვეამაყება, რომ ეს რთული ტრანზაქცია ჩვენმა დიდი ხნის პარტნიორმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, „თიბისი ბანკისთვის“ განახორციელა. ეს სესხები დაეხმარება „თიბისი ბანკს“, კიდევ უფრო გაიძლიეროს წამყვანი პოზიცია საქართველოს ბაზარზე. დღეს „თიბისი ბანკმა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ეს არის 100 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ლარებში და მთლიანად ეს თანხა მოხმარდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას ვაგრძელებთ და განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს სესხები იქნება ლარებში, რაც, შესაბამისად, უფრო მიმზიდველია ჩვენი მომხმარებლებისთვის და გაცილებით ნაკლებ რისკს მოიცავს.

 

თამარ ბატიაშვილი