„ამ ხელისუფლებას ცუგცვანგი აქვს _ რა სვლაც არ უნდა გააკეთოს, წაგებული აქვს“

ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ქართული კულტურის წინაშე მდგარ პრობლემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მსახიობი გია როინიშვილი:

_ ბატონო გია, სახელოვნებო სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი, კერძოდ, მსახიობები, ხშირად აფიქსირებენ თავის პოზიციებს ამ ხელისუფლების სასარგებლოდ და დღემდე შემართებით ებრძვიან წინა ხელისუფლებას. „ნაციონალურ მოძრაობას“ყველა უბედურების წყაროდ სახავენ. მათი ხშირი ტირაჟირებით საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ თეატრის, კინოს, საერთოდ, სახელოვნებო სფეროს ყველა წარმომადგენელი ასე ფიქრობს და ამ პოზიციაზეა, რაც, ცხადია, რეალობას არ შეესაბამება. როგორ ფიქრობთ, რამ შეუწყო ხელი ამ სტერეოტიპის დამკვიდრებას? იმან ხომ არა, რომ ვინც სხვაგვარად ფიქრობს, უბრალოდ, დუმს?

_ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა, რა თქმა უნდა, შეცდომაა და ჩემში გაბრაზებასაც არ იწვევს, მეღიმება. ძალიან ბევრი ხელოვანი, მათ შორის, თეატრსა და კინოში, სრულიად სხვაგვარად აზროვნებს. ფიქრობენ, როგორ განვითარდეს ეს ქვეყანა, მათი ქვეყანა, იმიტომ, რომ შენი ქვეყნის განვითარება შენსავე კეთილდღეობას ნიშნავს. მოაზროვნე ადამიანი ხვდება და გრძნობს, როდესაც ქვეყანა კარგადაა, მაშინ ვარ მე კარგად, თუ ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის, ჩემი ოჯახის ეკონომიკაც წინ მიდის და ა. შ. თითქოს მარტივ და გასაგებ რამეს ვამბობ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას ყველა ვერ აცნობიერებს, მაგრამ ესეც გასაგებია, _ 200-წლიანმა კოლონიალიზმმა თავისი კვალი დაატყო ყველაფერს, ქვეყანა იმპერიის პროვინციად, გუბერნიად იყო ქცეული და ცხადია, ეს ადამიანების ფსიქიკაზე აისახა… მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ სახელოვნებო წრეებს და მერწმუნეთ, ამ საზოგადოების წარმომადგენელთა დიდი უმრავლესობა, გადამწყვეტ მომენტში, თავის სიტყვას იტყვის ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს საკეთილდღეოდ. ნურავის ეგონება, რომ ყველა იმ ოდიოზური ფიგურებივით ფიქრობს, რომლებიც ხშირად გამოდიან ტელევიზიით და რაღაცებს ლაპარაკობენ. ნუ გააიგივებთ მთელ ამ ფენას, მთელ სახელოვნებო წრეებს მათთან. ასეთი ოდიოზური ფიგურები, მარტო თეატრში, ხელოვნებაში არ არსებობენ, არსებობენ სხვა, ყველა საქმესა და სფეროში. მერწმუნეთ, უმრავლეოსობა ასეთი არაა და უზომოდ არის შეყვარებული თავის პროფესიასა და სამშობლოზე. გულანთებული არიან თავისი ქვეყნისთვის და გულანთების გარდა, საღად აზროვნებენ, სწორი, მართებული პოზიციები აქვთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ან „ქოცია“, ან „ნაცი“, ქართველია და ნორმალურად ფიქრობს. რატომღაც, ვიღაც სწორად რომ იტყვის რამეს, ეცემიან, უი, შენ „ნაციონალი“ ყოფილხარო. „ნაციონალი“ კი არაა, პროგრესულად აზროვნებს და ფიქრობს, საკუთარი ქვეყნის განვითარება ადარდებს.

_ ბატონო გია, ასე უცებ და იოლად რომ იციან იარლიყის მიკერება „ნაცი“, „ქოცი“, ბევრი მსახიობი, რეჟისორი სწორედ მაგიტომაც იკავებს თავს საკუთარი აზრის, პოზიციის საჯაროდ გამოხატვისგან, ნაწილს საკუთარი აზრიც აქვს, პოზიციაც, მაგრამ, უბრალოდ, არ მიიჩნევს თავს საკმარისად კომპეტენტურად, რომ ეთერში დაჯდეს და ამ თემებზე ისაუბროს, დებატები მართოს.

_ ამ დროს ვიღაც თავხედი, საშუალო ნიჭის პატრონი, მუდამ რაღაც მანქანებით რომ ჩალიჩობდა, დღედაღამ ტელევიზორშია და ხელოვნების დიდი ქურუმივით ლაპარაკობს ყველა ხელოვანის სახელით. არადა, როგორ გითხრათ რა, თითი თითზე არ დაუკარებია და თუ დაუკარებია, სჯობდა, სულ არ დაეკარებინა! რასაც მე ვამბობ, ამას საზოგადოება, ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის საქართველოში, დამერწმუნეთ, სულელი არავინაა და ყველა ყველაფერს ხედავს. როდესაც ერთი მეორეს ებრძვის, ყველა ხვდება, ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის ჭამენ ერთმანეთს, თუ დარგის, ქვეყნის განვითარებისთვის იბრძვიან.

_ რამდენიმე მსახიობმა საჯაროდ გამოხატა პროტესტი ხელფასების შემცირებაზე, რაც შემდეგ, საზოგადოების მხრიდან, მძაფრ პოლემიკაში გადაიზარდა.

_ დიახ, მთელი ამბავი ატყდა, უნდა ვუხადოთ თუ არ უნდა ვუხადოთ ხელფასი მსახიობებს, რატომ უნდა ვუხადოთ და ა. შ. იცით, რა ხდება? ქვეყანას ზუსტად ისევე სჭირდება კულტურა, თანამედროვე ხელოვნების განვითარება, როგორც ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა. ეს ასეა და ამას ვერავინ შეცვლის. როდესაც ომის დროს ჩერჩილს ბიუჯეტი ხელმოსაწერად  შეუტანეს, დასაფინანსებელი დარგების ჩამონათვალში კულტურა ვერ ნახა და მოიკითხა. აუხსნეს, _ ომია და კულტურის დრო არ არისო. მაშინ რატომ ვომობთო? _ იკითხა ჩერჩილმა! ამას ვერსად გავექცევით, კულტურა უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფოსგან, თუ საქართველოს სურს თანამედროვე, დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყნად ყოფნა და ღირსების ტარება! მე ღირსებაში ვგულისხმობ იმას, რაც ღირსებაა და არა იმას, რასაც ზოგი გაჰკიოდა: „ღირსება აგვყარეს“, ღირსება ჩამოგვართვესო“ და რაღაც სისულელეები. როცა კაცს პატივმოყვარეობა შეელახება და ამას ღირსების შელახვას ეძახის, პატივმოყვარეობა რომ ღირსებაში აერევა, ეს არის უბედურება! ღირსება ისეთი რამაა, ან გაქვს, ან არ გაქვს, მათ ღირსება კი არ აჰყარა ვინმემ, პატივმოყვარეობა შეულახეს. დავუბრუნდები კულტურის დაფინანსების თემას. თანამედროვე ხელოვნებას აუცილებლად უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო, ანუ გადამხდელი, მთავრობა სწორად უნდა ანაწლებდეს ამ ფულს, რომ სახსრების ხარჯვას ეფექტი ჰქონდეს. კულტურის დაფინანსება პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. იმ დღეებში, როდესაც ხელფასებზე, დაფინანსებაზე ბჭობდნენ, არავინ დასვა მთავარი კითხვა, _ რატომ მოაკლო სამინისტრომ ის თანხები სახელოვნებო სსიპ-ებს. მოაკლო იმიტომ, რომ ეკონომიკა საერთოდ დაეცა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ყოველწლიურად იზრდებოდა კულტურის დაფინანსება და წელს პირველად მოხდა კლება. ახლა ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ, ბიუჯეტში ჩავიხედე და კულტურის სფეროს სსიპ-ების დიდ ნაწილს  მხოლოდ ხელფასები უფინანსდება და რაც რჩება, კომუნალურ ხარჯებზე მიდის, რომ არ გაიყინონ და შუქი ჰქონდეთ. სხვათა შორის, ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროსაც იყო ასეთი ცოდვები და ახლა ხომ გრძელდება და გრძელდება. აბსოლუტურად არასწორი მენეჯმენტია, პრაქტიკულად, კულტურის სფეროს ეს სსიპ-ები სოციალურ სააგენტოებად იქცა, ხალხს ინახავენ, მაგრამ იმას არ აფინანსებენ, რომ მათ რამე შედეგი დადონ, რამე გააკეთონ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ სახელოვნებო სსიპ-ს მაინც აქვს შედეგი, რადგან თავად ახერხებს სახსრების მოძიებას. სახელოვანი მსახიობი იქნება, მხატვარი თუ ექიმი, მათი სოციალური დაცვა მთლიანად სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე, ამ სსიპ-ებმა კი თავისი საქმე აკეთონ, მათ სხვა ამოცანა აქვთ, მათ უნდა დადონ შედეგი _ სახელოვნებო პროდუქტი, რაზედაც მაყურებელი მივა! აბსოლუტურად არასწორი მენეჯმენტია. გაიძახიან, კულტურის თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვსო. არანაირი პოლიტიკა არაა! კულტურის სამინისტროს ფულს გაძლევს ფინანსთა სამინისტრო და შენ ამ ორგანიზაციებს ურიგებ. ბუღალტერი ხარ?

_ გეგონება, თვითონ ფინანსთა სამინისტრო ვერ დაარიგებდა ამ ფულს…

_ 5 მილიონს ხარჯავს კულტურის სამინისტროს სტაფი და ამით  რომელიმე ხელოვანს რა?

_ ამ ფუნქციებით, რაც დღეს კულტურის სამინისტროს აქვს, კულტურას არც არაფერში არგია.

_ არანაირად.

_ რომ გაუქმდეს და პირდაპირ იმ ფინანსთა სამინისტრომ რიცხოს ის ფული, ეგ 5 მილიონი მაინც დაიზოგება.

_ გასაგებია, მაგრამ მე არ ვამბობ, რომ კულტურის სამინისტრო არ უნდა იყოს, უნდა იყოს, მაგრამ ფუნქცია უნდა ჰქონდეს. მთავრობა ხარჯავს ხალხის, თითოეული გადამხდელის ფულს და კულტურის სამინისტრომ შედეგი, ეფექტი უნდა მოითხოვოს. ჯერ საზოგადოებას აუხსნას, რატომ ხარჯავს გადასახადის გადამხდელთა ფულს ამა თუ იმ საქმეში და შემდეგ ამ სსიპ-ებს მოსთხოვოს შედეგი. მთავრობა პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, ეს ხომ ხალხის ფულია? ეს ხომ ვიღაცის ჯიბიდან ამოღებული ფული არ არის? ეს არის დასალაგებელი, ამიტომ უჩნდება საზოგადოებას ამდენი კითხვა! ხელოვანი ხალხიც უკმაყოფილოა და საზოგადოებაც. ახლა უნდოდათ მათი დაპირისპირება. ნუ აჯახებენ ნურავის ნურავისთან! მისახედია ეს ყველაფერი, სხვანაირად საზოგადოება ყოველთვის მოითხოვს პასუხს, რაში ვიხდით ფულს. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე _ თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე და გარკვეულ პროგრამას ვაკეთებთ, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში განვახორციელებთ, თორემ ამ ხელისუფლების პირობებში რაიმეს გაკეთება წარმოუდგენელია… თავდაღმართში არიან, საჭადრაკო ენაზე რომ ვთქვათ, ამ ხელისუფლებას ცუგცვანგი აქვს _ რა სვლაც არ უნდა გააკეთოს, წაგებული აქვს. ასეთ ცუგცვანგში არიან და თან მარტო თამაშობენ… არაფერი აქედან არ გამოვა, ყველაფერი წყლის ნაყვაა, უკვე სახელმწიფო უწყებების დერეფნებში დადიან თვითონ ჩინოვნიკები და ამ მთავრობას აგინებენ.

_ წეღან საინტერესო რამ თქვით, ღირსება კი არა, პატივმოყვარეობა შეელახათო. ამაზე, ვგონებ, არც არავის გაუმახვილებია ყურადღება და უაპელაციოდ დამკვიდრდა „ღირსება წაგვართვეს, ღირსება აღვიგინეთ“. ეს უკვე იუმორისა და ქილიკის თემადაც იქცა „ღირსებააყრილი“, „ღირსებაახდილი“ და ა. შ. არადა, რეალურად, მართლაც ვინმე მათ ღირსებას, ან თავმოყვარეობას კი არ შეხებია, უბრალოდ, პატივმოყვარეობა არ დაუკმაყოფილეს. წინ ზიხარ, ცოტა უკან დაიწიეო, უთხრეს…

_ არა, ეგეც არავის უთქვამს, უბრალოდ, უთხრეს, რომ თუ წითელზე სხვა ჩერდება, თქვენც უნდა გაჩერდეთ, უნივერსიტეტების რექტორებთან, მინისტრებთან თუ ვერ შედის სხვა, ვერც თქვენ შეხვალთ, თუ თქვენი შვილი დანაშაულს ჩაიდენს, დაისჯება ისევე, როგორც სხვისი შვილი დაისჯება… და მათ იუკადრისეს, „როგორ, მე უნდა გავსწორდე, გავთანაბრდე ყველასთან? მე რომ შემიძლია ავიღო ტელეფონი და დავრეკო რექტორთან, მინისტრთან, ესაა ჩემი მდგომარეობა, ესაა ის, რაც მე შემიძლია და თქვენ არ შეგიძლიათ, ამით განვსხვავდები მე თქვენგან! როგორ, მე არ უნდა დავრეკო პრეზიდენტთან და ჩაი ვერ დავლიო? ვინ არიან ეს მინისტრები, მე ვარ, რაც ვარ ამ ქვეყანაში!“ მოგეხსენებათ, არანაირად არ ვარ ამ მთავრობის მომხრე, მაგრამ კულტურის მინისტრს იმაზე ედავებიან, თეატრში, კონცერტებზე რატომ არ დადისო. კულტურის მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი რად მინდა ან სპექტაკლზე, ან კონცერტზე? მათ უნდა უზრუნველყონ ის, რომ ხალხს თეატრში სიარული შეეძლოს და ჩვენ _ მათი ღირსეულად დახვედრა! ზოგიერთ ხელოვანს ის აღელვებს, _ ნანახი აქვს პრემიერ-მინისტრს სპექტაკლიო? ნანახი რომ ჰქონდეს, რა? აბსოლუტურად არც უნდა გაინტერესებდეს მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ან პრეზიდენტი მოდის თუ არა, მთავარია, მაყურებელი მოვიდეს შენთან და არა ვიღაც ჩინოვნიკი. შევარდნაძე დადიოდა თეატრებშიო. კი, შევარდნაძე დადიოდა თეატრებში და ხელფასი 20 ლარი მქონდა. მიშა სააკაშვილი არც ერთ ჩემს სპექტაკლზე არ არის ნამყოფი, მაგრამ სამჯერ და ოთხჯერ, ათჯერ მეტი ხელფასი მქონდა… პრეზიდენტი, მთავრობა უნდა გემსახუროს იმისთვის, რომ შენ იყო კარგად და მაყურებელს კარგად დახვდე, და არა ის, რომ თვითონ მოვიდეს. თუ მოსვლა უნდა, მოვიდეს თავის ოჯახთან ერთად, ისევე, როგორც მოდის ყველა. თუ მინისტრი ან პრეზიდენტი თეატრში არ დადის, ეს არ ნიშნავს, რომ მხარს არ გიჭერს და როცა დადის, სულაც არ ნიშნავს, რომ მხარს გიჭერს.

_ წეღან ბრძანეთ, რომ ამ მთავრობას ცუგცვანგი აქვს და მისი საქმე წასულიაო. ასეთივე სიტუაცია იყო 2016 წლის არჩევნების წინაც, მაგრამ მათ მოახერხეს ხელახლა გამარჯვება, მეტიც, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა.

_ დიახ, მოახერხეს, მაგრამ მათ ეს მოახერხეს გაყალბებით და სწორედ გაყალბებით რომ მოახერხეს, ამიტომაცაა დღეს ასეთი შედეგი.

_ გამორიცხავთ, რომ იგივენაირად არ გააყალბებენ ადგილობრივ, ანდა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს?

_ რამდენ ხანს გააყალბებენ? გამყალბებლებმა ადრეც აყალბეს, აყალბეს და გახსოვთ, როგორც დაამთავრეს ბოლოს. ესენიც ასე დაამთავრებენ. ქართველი ხალხი ჭკვიანია, ამ ერმა კარგად იცის თავისუფლების, პროგრესის გემო და იმედი მაქვს, საზოგადოება ძირითადი საკითხების ირგვლივ გაერთიანებას მოახერხებს.

_ ხალხი ჭკვიანია, ეს მართლაც ასეა. საბოლოოდ, ხალხი ყოველთვის ავლენს ამ თვისებას, მაგრამ პარადოქსია, იგივე ხალხი 5 წლის წინათ იჯერებს უფასო ფულს, 5-5 მილიონს, ტარიფების განახევრებას და ა. შ.

_ მეც ბევრი მიფიქრია მაგაზე, მაგრამ წარმოვიდგინოთ: ხარ გაჭირვებული, მოდის ადამიანი, რომელზეც იცი, რომ სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია, სახეზეც არ იცოდი, მეცენატობდა, მოდი ვთქვათ, მართლაც მეცენატობდა… გაჭირვებული ადამიანი ფიქრობს, თუ ამდენი რამე აქვს გაკეთებული, ჩვენც გვეშველება. თან დიდძალი ფული იშოვა, ე. ი. ეკონომიკა იცის, მიხედავს ეკონომიკას და ჩვენც გვეშველება.

_ ბიზნესის ცოდნა, აწყობა და ეკონომიკის ცოდნა და ფეხზე დაყენება რომ ერთი და იგივე არაა?

_ მაგას ახლა უნდა მიხვდნენ უკვე… მე საზოგადოებას არ ვამტყუნებ, ჰპირდებოდნენ, რომ ტარიფები განახევრდებოდა, დაეხმარებოდნენ, დაბალი პროცენტები იქნებოდა, თითო სოფელი 5 მილიონს მიიღებდა და ა. შ. ახლა გეკითხებით, გაჭირვებული ადამიანი ამას ისმენს და რატომ არ დაიჯერებს?

_ მათემატიკა უნდა ესწავლათ დაწყებით კლასებში მაინც და 7 მილიარდი 3-4 მილიონზე გაეყოთ. მაშინ მიხვდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილს რომ მთლიანად დაერიგებინა თავისი ფული, რა თანხა ერგებოდათ ერთჯერადად და სადამდე ეყოფოდათ…

_ ძალიან გთხოვთ, დამიჯერეთ, ხალხმა, ამიტომ გააკეთა ეს არჩევანი… ერთი პერიოდი, მეც რომ ვუყურებდი ტელევიზორს და დაპირებებს ვისმენდი, მეც კი ვიფიქრე, ბანკის ვალი მქონდა და, _ ვა, ეს თუ გააკეთა, ბანკის ვალები თუ გაისტუმრა, რა კარგი იქნება-მეთქი… (იცინის).

_ რა იყო და რა არის ის, ამ ხელისუფლების ქმედებებიდან, რაც ყველაზე მეტად იწვევდა თქვენში აღშფოთებას?

_ როდესაც ოპონენტის ჯინაზე აფერხებ ეკონომიკას იმით, რომ აჩერებ უზარმაზარი პორტის მშენებლობას, შემოვლითი გზის მშენებლობას, ანდა პროკურატურაში იბარებ ხალხს და არამიზნობრივ ხარჯვაში ედავები ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის გამო და შემდეგ ამ აეროპორტით უტიფრად თავს იწონებ. ეს პოლიტიკური უსინდისობაა! ნუღარ შეხვალ და ნუღარ იტრაბახებ მაინც! თავიდანვე უნდა ეტრაბახათ იმიტომ, რომ ქართველი ხალხის აშენებულია, პრეზიდენტის სასახლის არ იყოს! მას შემდეგ, რაც აღა-მაჰმად ხანმა თბილისი გადაწვა, დამოუკიდებელი საქართველოს მიერ აშენებული პირველი სახელმწიფო შენობა _ პრეზიდენტის სასახლეა და ამ სასახლეს უნდა ებრძოლო? ნუთუ, ვერ უნდა მიხვდე, რომ შენი ქვეყნის ეროვნულ, სახელმწიფოებრივ განვითარებას სჭირდება სიმბოლოდ ეს სასახლე? ვინმეს ხომ არ წაუღია სახლში? ეს იგივეა, სააკაშვილი რომ ხელისუფლებაში მოვიდა, ამდგარიყო და ბაქო-ჯეიჰანი გადაეჭრა, რაკი ის შევარდნაძის დროს გაკეთდა. ეს ეტაპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და მერწმუნეთ, ამათი გაკეთებული კარგი თუ სადმე რამე ვიპოვეთ, კი არ გავანადგურებთ, პირიქით, შევინარჩუნებთ და განვავითარებთ.

რამდენიმე ნაცნობი მყავს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ მივიდეს სკამამდე და დაჯდეს. მერე გაგნებაში არაა, რა უნდა გააკეთოს. მისი თვითმიზანია, იმ სკამამდე მისვლა, იჯდეს და შეინარჩუნოს და არა ის, რომ ის სკამი გამოიყენოს ან სფეროს, ან ქვეყნის განვითარებისთვის. როდესაც მიზანი მხოლოდ სკამზე ჯდომა და მისი შენარჩუნებაა, მაშინ ათას საშინელებას სჩადიხარ. როდესაც პოლიტიკოსი სკამს ქვეყნის განვითარებისთვის იყენებს, ის აუცილებლად კარგავს ქულებს, მაგრამ გაკეთებული საქმე რჩება. ქულებს მაშინაც კარგავ, როცა სკამს ხარ ჩაბღაუჭებული, მაგრამ გაკეთებული არაფერი რჩება, რასაც არ აკეთებ, რა დარჩება?

_ რა არის, თქვენი აზრით, ყველაზე ნეგატიური, რაც დღეს ხდება ქვეყანაში?

_ ის, რომ ამ მთავრობას ნელ-ნელა ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს. ხომ ხედავთ, რაც ხდება კონსტიტუციასთან დაკავშირებით? _ ხალხს, პრაქტიკულად, არჩევანი არ რჩება. ესაა ამ ქვეყნის კატასტროფა და ხალხმა ეს უნდა დაინახოს. ხედავს კიდეც, დამერწმუნეთ. ჩვენდა სამწუხაროდ, უფრო და უფრო გართულდება სიტუაცია. ქვეყანას შველა სჭირდება. ეკონომიკა გაპარტახებულია,  როგორ შეიძლება, ეკონომიკის 2 და 3%-იანი ზრდა გიხაროდეს, როდესაც მოსახლეობამ ოდნავი შვება რომ იგრძნოს, ხვალ-ზეგ, ახლო მომავალში ამას 8-9, 10%-იანი და ორციფრიანი განვითრაება სჭირდება. ევროპული ქვეყნისთვის, გერმანიისთვის, მაგალითად, ნახევარპროცენტიანი, ან 1%-იანი ზრდაც შესანიშნავია, იმიტომ რომ უკვე განვითარებული ქვეყანაა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ განვითარებადიდან და გადავიდეთ განვითარებულზე. ეს პირდაპირ კავშირშია, როგორ იქნება საქართველოში თეატრი, კინო, მუსიკა, მხატვრობა, მუზეუმები და ა. შ. კულტურის, ხელოვნების ბედი პირადპირ მიბმულია ქვეყნის ეკონომიკაზე. ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებსაც და საზოგადოებასაც, არჩევნებზე რომ მივალთ, იმათ კი არ მივცეთ ხმა, ვინც გვიყვარს, მოგვწონს, ვისთანაც ვმეგობრობთ, ავირჩიოთ ის, ვინც წინ წაიყვანს ქვეყანას, ეკონომიკას და სულ ნუ დაგველაპარაკება. ხშირად გამიგია: „პოლიტიკა არ მეხება“. გეხება! გეხება იმით, რომ შენ უარესად ცხოვრობ. როდესაც ქვეყანაზე ფიქრობ, საკუთარ თავზე ფიქრობ, და არა პირიქით. მე რომ საკუთარ თავზე ვფიქრობ მხოლოდ, მაშინ ქვეყანაზე არ ვფიქრობ.

_ მაგას პატრიოტიზმი სჭირდება…

_ პატრიოტი უნდა იყო და ამაში არაჩვეულებრივი არაფერია! დედა მიყვარს, ვა! ახალი ამბავი! კატასტროფა ის არის, რომ არ გიყვარს, თორემ ის ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც გიყვარს, ამიტომ როდესაც დიდი ამბით ამბობენ, ეს კაცი პატრიოტიაო, მწარედ მეცინება. თურმე, პატრიოტობა სანატრელი გვქონია. და თუ ეს ასეა, ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით დამოუკიდებლები, თავისუფლები.

_ ჩვენ არ გვისაუბრია მთავარზე, მთელი ჩვენი ეს უკუსვლა იყო და არის რუსეთის ინტერესებში, რომ ვიქცეთ ისევ მის ხელში შემყურე, უძლურ გუბერნიად.

_ როდესაც შენი დამსახურებით, მთავრობაზე ვსაუბრობ, ქვეყნის ეკონომიკა უკან-უკან მიდის, შენს ქვეყანაში იზრდება და იზრდება უკმაყოფილება და არ მცირდება, ირღვევა ადამიანის უფლებები, ქვეყანა მიაქვს კორუფციას, ნეპოტიზმს, შერჩევით სამართალს, მონოპოლიზებული გაქვს მედია, ცუდი სასამართლო ხელისუფლება კი არა, საერთოდ აღარ გყავს სასამართლო ხელისუფლება (ვაღიარებთ, ჩვენს დროს ცუდი სასამართლო ხელისუფლება იყო, ახლა საერთოდ აღარაა!), როდესაც ამ ყველაფერს აკეთებ, ესაა რუსეთის გამარჯვება! რა გგონიათ, მაინცდამაინც რუსის ტანკი უნდა შემოგრიალდეს და ეგ იქნება დაპყრობა? როდესაც სუსტი ხარ, ჩათვალე, რომ რუსს უკვე დაპყრობილი ჰყავხარ! ერთადერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, რომელსაც შენი სისუსტე და შენი დანგრევა აწყობს, ეს არის რუსეთი. მას აქ მისი მომხრე მთავრობა კი არა, ქვეყანას ვინც დაანგრევს, ისეთი მთავრობა სჭირდება. დიახ, პრორუსია ის მთავრობა, რომელიც ეკონომიკურად, სოციალურად, პოლიტიკურად ანგრევს საქართველოს. აბა, რუსს მეტი არაფერი სჭირდება. ჩვენ ვიყოთ ცუდად _ ესაა მისი იმპერიული მიზანი. რაც უფრო სუსტი და არაკვალიფიციური მთავრობა გვეყოლება, რუსს უფრო გაუხარდება. რად უნდა ტანკები? როგორ ამოგწყვეტს, რა მნიშვნელობა აქვს? როდესაც შენ შენს საიდუმლო დოკუმენტაციას რუსებს გადასცემ, როცა აქ მისი სპეცსამსახურები ძალიან თავისუფლად მუშაობენ, მეტი რა უნდა რუსს? რუსეთისგან განსხვავებით დასავლეთს მის გვერდით გაძლიერებული ქვეყანა სჭირდება, სადაც დემოკრატიაა, სადაც ხალხი ნორმალურად ცხოვრობს, დასავლეთს ნორმალური პარტნიორი სჭირდება, რუსეთს სჭირდება მათხოვარი, რომელიც თვალებში შეჰყურებს. პუტინმა რომ სირიაში, ჩრდილოეთ კორეაში, ან უკრაინაში წააგოს და ყირიმის საკითხი დაიძრას, ესაა მისი ქვეყნის შიგნით მარცხიც, იმიტომ რომ რუსების უმეტესობას უხარია ვინმეს დაპყრობა. კი, გვიჭირს, მაგრამ „კრიმ ნაშ“ _ ასეთი განწყობა დომინირებს. მისი კეთილდღეობა არის ვიღაცის დაპყრობა, რატომ? კაცმა არ იცის! ვერ უვლიან, რაც აქვთ, რაც დაპყრობილი აქვთ და მაინც დაპყრობაზე უჭირავთ თვალი. თავის დროზე, ცეკას მეორე მდივნებად აუცილებლად რუსები ინიშნებოდნენ მეფისნაცვლებივით, ერთმაც არ იცოდა ქართული ენა! აღარაფერს ვამბობ რუსეთის ელჩებზე. სხვა ქვეყნის ელჩები წვალობენ, ქართულს სწავლობენ, რომ გამარჯობა მაინც გითხრან ქართულად. რატომ, იცით? იმიტომ, რომ თავისი ქვეყანა უყვართ, პატრიოტები არიან, იციან ეროვნულობის ფასი და იციან, როგორ გცენ პატივი ამით. რუსს ეს შეგრძნება არ გააჩნია, რუსი შეურაცხყოფილია, როდესაც შენ რუსული არ იცი. ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა, გასტროლზე რომ ჩავედით, მოგვეფერნენო, _ უწუწუწუ, სად წახვედით, კაცო, უჩვენოდ როგორ უნდა იცხოვროთო? გვიყვარხართ ძალიანო. მართლა უყვარხარ, ოღონდ როგორც თავისი საკუთრება. ესაა იმპერიული დამოკიდებულება. ეს განსხვავება უნდა ვიგრძნოთ. დასავლეთს ვჭირდებით პარტნიორად, რუსეთს _ მონად, თუნდაც საყვარელ მონად.

 

რეზო შატაკიშვილი