მაჰმადიანი მესხები სამშობლოში ბრუნდებიან!

mtavarze 1 masalaze

ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, საქართველომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ იძულებით დეპორტირებული მესხები სამშობლოში უნდა დააბრუნოს. ეს პროცესი 2012 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა საკანონმდებლო ხარვეზებმა, საზოგადოების განწყობამ თუ არამყარმა პოლიტიკურმა ნებამ იგი შეაფერხა. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ვალდებულების შესრულებას სთხოვს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ე. წ. თურქ-მესხებს საშუალება ექნებოდათ, ორ წელიწადში, დაჩქარებული ტემპებით, მიეღოთ საქართველოს მოქალაქეობა.

ამჟამად, საქართველოს მთავრობა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობს. ამ ადამიანების ინტეგრაციისთვის დამატებითი რეგულაციების შემუშავება კონკრეტულად ევალება დევნილთა და განსახლების სამინისტროს. საკითხი მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განსახილველად უნდა გასულიყო, თუმცა დავით დარახველიძის მიერ წარდგენილი სახელმწიფო სტრატეგია მთავრობამ დაიწუნა და განხილვა რამდენიმე თვით გადაიდო.

მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით საზოგადოებისა და ექსპერტების მოსაზრებები არაერთგვაროვანია. რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს დეპორტირებულთა ჩამოსახლებამ? სად დევს ნაღმი და როგორი უნდა იყოს მთავრობის სტრატეგია დეპორტირებული მესხების დაბრუნების თაობაზე, რათა ამ ვალდებულებამ საქართველოს მოსახლეობაში უარყოფითი შედეგი არ გამოიღოს?

 

პრობლემის ისტორიული კონტექსტი

1944 წლის 15 ნოემბრის ღამეს საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში განახორციელა მკაცრად გასაიდუმლოებული და მასშტაბური ოპერაცია: მესხეთის რამდენიმე ასეული სოფელი ერთ ღამეში დაცარიელდა. ათეულობით ათასი კაცი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სატვირთო მატარებელში შეყარეს და შუა აზიის გზას გაუყენეს; 1945 წელს კი მესხეთიდან დეპორტირებულ მაჰმადიანთა სახლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ასევე იძულებით ჩაასახლა 30 000-მდე ქართველი ქრისტიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. საბჭოთა ხელისუფლება მსგავს დეპორტაციებს ხშირად მიმართავდა და ამ გზით „საეჭვო“ ხალხს სჯიდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ მაჰმადიანი მესხების გადასახლების მიზეზი იყო სტალინის შიში – თუკი სსრკ თურქეთთან ომს წამოიწყებდა, მესხეთში მცხოვრები ისლამის აღმსარებელი ადამიანები თურქეთს დაუჭერდნენ მხარს.

მესხების წარმომავლობის საკითხზე მეცნიერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ქართველი მეცნიერების უმრავლესობის აზრით, მესხეთის მუსლიმი მოსახლეობა თავდაპირველად ქრისტიანი იყო და განეკუთვნებოდა ქართულ ტომს – მესხებს. ამ მოსაზრების მიხედვით, მე-16 საუკუნეში ოსმალების მიერ ამ რეგიონის დაპყრობის შემდეგ დაიწყო მასობრივი ისლამიზაციის პროცესი. ეს კულტურული ტრანსფორმაცია საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა და მესხი მოსახლეობის უმრავლესობამ მაჰმადიანური სარწმუნოება მიიღო. თურქი მეცნიერების აზრით, მესხეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკური თურქი იყო და თავიდანვე მაჰმადიანურ სარწმუნოებას აღიარებდა, თუმცა მათზე იგრძნობოდა ქართული კულტურისა და ტრადიციების გავლენა.

მაჰმადიანი მესხების იძულებით გადასახლებიდან 70 წელი გადის, მაგრამ ეს ადამიანები კვლავაც დეპორტირებულებად მიიჩნევიან. დღესდღეობით 400 000-ზე მეტი მესხი, ძირითადად, ცხოვრობს: ყაზახეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთსა და ყირგიზეთში. ისტორიულ სამშობლოში მათი რეპატრიაციის პროცესი საქართველოს სახელმწიფომ 2007 წელს `რეპატრიაციის შესახებ~ კანონის მიღებით დაიწყო.

1999 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა, მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვალდებულებად იქცა. საქართველოს დაეკისრა პასუხისმგებლობა, შეექმნა სამართლებრივი ჩარჩო, რომლის მეშვეობითაც მესხები შეძლებდნენ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას, საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. ამ ვალდებულების შესასრულებლად სახელმწიფოს 12-წლიანი ვადა მიეცა. ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების მიუხედავად, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის კუთხით, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა. საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე „ვარდების რევოლუციიდან“ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო მუშაობა, 2007 წელს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „რეპატრიაციის შესახებ“.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საქართველოს ამ ვალდებულების შესრულებას სთხოვს. ამჟამად საქართველოს მთავრობა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობს. ცნობილია, რომ ე. წ. მაჰმადიანი მესხებისთვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებების მიღების ვადა 2010 წლის 1-ლ იანვარს ამოიწურა. ამ ეტაპზე ქართულ მხარეს სულ 5841-მა სრულწლოვანმა აპლიკანტმა მიმართა. აქედან რეპატრიანტის სტატუსი 1349-ს მიენიჭა, 7-მა უკვე მიიღო პირობადებული მოქალაქეობა (საქართველოს მოქალაქეობას ისინი მიიღებენ მას შემდეგ, რაც უარს იტყვიან მოქმედ მოქალაქეობაზე), ხოლო 54-ის საქმე პირობადებული მოქალაქეობის შესახებ უახლოეს მომავალში გადაწყდება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ამ თემაზე განმარტება თურქულ გამოცემა „საბაჰისთან“ ინტერვიუში გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ე. წ. თურქი მესხებისთვის დაბრუნების პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული იყოს: „პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. პირველი ეტაპი გახლავთ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთაგან განაცხადების მიღება. ჩვენთან შემოვიდა 5841 განცხადება 8900 პირისთვის. განცხადებების უმრავლესობა იყო ხარვეზებით. შემუშავდა მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სტატუსის მაძიებლებს აღნიშნული ხარვეზების გასწორების შესაძლებლობა მიეცათ. რეპატრიანტის სტატუსი მიიღო 864-მა მოქალაქემ. მათგან 6-მა პირმა განაცხადი შეიტანა საქართველოს მოქალაქეობაზე. საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რეპატრიაციის სტრატეგიასა და ინტეგრაციის პროცესზე. არის გარკვეული ეტაპები, რაც სავალდებულოა, რომ ყველა სტატუსის მაძიებელმა და უკვე სტატუსის მქონე პირმა გაიაროს. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად გამარტივდეს დეპორტირებული პირებისთვის“, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.

საფრთხეები და პრევენცია

სოსო ცინცაძე ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში:

_ ამ ვალდებულების შესრულება ძვირადღირებული ფუფუნებაა. არავინ იცის, ზუსტად რამდენი ოჯახი აპირებს გადმოსახლებას. ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს, უკვე მოძველებულია და არაფერზე მეტყველებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უფრო მეტ მიმზიდველობას შეიცავს თურქი-მესხებისთვის დაბრუნების საკითხში, იმიტომ, რომ მათი მოლოდინით, გზა ეხსნებათ შემდგომ ევროპაში გამგზავრებისთვის. რამდენად რეალური იქნება ეს მოლოდინი, არავინ იცის. ჩემი აზრით, ეს არცთუ რეალური იქნება. სიტუაცია ჩვენთან ასეთია – ვინც ჩამოდის, ეს არ არის განპირობებული საქართველოს სიყვარულით, ჩვენი ბუნებით, ცხოვრებით, ლიბერალური კანონებით, ან სხვა რამით, მათ იზიდავთ ტრანზიტული საშუალება და აქედან უნდათ ევროპაში გაღწევა. შესაბამისად, თურქი-მესხების უმრავლესობა ფიქრს დაიწყებს იმაზე, აქედან როგორ გააღწიოს ევროპაში.

პირველ პერიოდში ამდენი ხალხი რომ ჩამოვა, კარვების ქალაქს ხომ ვერ მოვაწყობთ? ზუსტად არავინ იცის, რამდენი ათასი უსახლკარო ჰყავს დღეს საქართველოს. რომელი ერთი უნდა დააბინაოს? ელემენტარულად, ევროპული ცხოვრების წესი არ არის, რომ ათიათასობით ადამიანისთვის საკუთრებაში შეჭრა მოხდეს. არის სხვა სირთულეებიც. მე პატარა გამოცდილება მაქვს – თავის დროზე ვიყავი სახელმწიფო კომისიის მრჩეველი, როდესაც ფერეიდნელი ქართველები ჩამოდიოდნენ. მაშინ მთავრობაში შეიქმნა კომისია და მე, როგორც პოლიტოლოგი, მიმიწვიეს. თვითონ მინახავს ფერეიდნელი ქართველებიდან ერთი და იგივე პიროვნების რამდენიმე განცხადება, როდესაც სწერენ ირანის ხელისუფლებას – სამშობლოში დაბრუნების ნება დართონ. შემდეგ იმავე პიროვნების განცახდება მინახავს თბილისში დაწერილი, უკვე ცეკა-ს მდივნის, შევარდნაძის სახელზე იგივე ტექსტით. ასე რატომ მოხდა? იმიტომ, რომ მაშინ ეს იყო აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი, გაუთვლელი პროცესი. იყო ბრწყინვალე აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი ოთარ გიგინეიშვილი, რომელიც მათი გადმოსახლების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა, ამ ქართველებს ფერეიდანში ექართველათ და იქ შეენარჩუნებინათ ქართული კერა, ვიდრე აქ, რადგან აქაურობას მაინც ვერ შეეგუებოდნენ. ახლა არ უნდა განმეორდეს ის ტრაგიკული შეცდომა. საქართველოში აღარ დარჩა ფერეიდნიდან გადმოსახლებული ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ცხოვრებისთვის იდეალური პირობები შეუქმნა მათ, მაგრამ ვერ მოიკიდეს ფეხი. ისინი მუსლიმანური სკოლებისა და მეჩეთების გახსნას ითხოვდნენ.

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მოსკოვში შევხვდი თურქი-მესხების ერთ-ერთ ლიდერს. ის კატეგორიულად მოითხოვდა დაბრუნებას თავიანთ ისტორიულ ადგილზე, სადაც ახლა ახალქალაქია და სომხური მოსახლეობა ცხოვრობს. სომხებს ამის გაგონებაც არ უნდათ, რომ კიდევ გაძლიერდეს ისლამური ფაქტორი. თქვენ რა გგონიათ, ჩახალიანი რომ გამოუშვეს ციხიდან, ეგენი დავით აღმაშენებლის და ცოტნე დადიანის მემკვიდრეებად გრძნობენ თავს? საქართველოს ნამდვილი პატრიოტები არიან? მაგათ ცალი კი არა, ორივე თვალი სომხეთისკენ უჭირავთ. ჯავახეთში ორგანიზაცია „ჯავაკხი“ ჩაკვდა, აღარ არსებობს? არსებობს მშვენივრად, ლეგალურად. მოვა დრო და ამ ფაქტს ისტორია ხელისუფლების დიდ შეცდომად მიიჩნევს.

_ ბატონო სოსო, ვალდებულება რომ გვაქვს აღებული? რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, რომ ის ნაღმი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, განეიტრალდეს?

_ დავანებოთ თავი კუდაბზიკა იმერულ აზნაურობას. ნუ შევეცდებით, რომის პაპზე უფრო კათოლიკენი ვიყოთ. პირველ რიგში, ევროკავშირს უნდა მოვთხოვოთ ამ დიდი ოპერაციის დაფინანსება. იქ, სადაც ეგენი ცხოვრობდნენ და სადაც დღეს სომხური ეთნოსია გაბატონებული, შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ამას არ მოჰყვეს რელიგიური თუ ეთნიკური დაპირისპირება. ჩვენ ეს არ გვაკლია, ახალი თავის ტკივილი საქართველოს არ სჭირდება და ძალიან დელიკატური საკითხია. ვიცი, როგორ იწერებოდა თავიდან ეს ვალდებულება. ცხონებული გურამ მამულიას ინიციატივა იყო, მაგრამ მაშინ ამას არავინ უყურებდა. მაშინ არც შევარდნაძე აქცევდა ყურადღებას. მისი პოზიცია ასეთი იყო, რომ ეს ვალდებულება 10-15 წლის მერე უნდა შევასრულოთ და ევროპა დაგვეხმარებაო. ახლა უკვე ამ დახმარებაზე ევროპიდან არაფერი მსმენია და არც არსად წამიკითხავს. ეს მიგრაციაა, რამდენიმე ათასი ოჯახის გადმოსახლება, თანაც საქართველოში, სადაც უკვე გაჩნდა ისლამის რენესანსის სახიფათო ტენდენცია, ამას ძალიან ფრთხილი მიდგომა სჭირდება. მაპატიეთ, მაგრამ საქართველოს უახლეს ისტორიაში ვერ ვიხსენებ მთავრობას, სადაც ამდენი დილეტანტი მინისტრი იყოს. დღეს ჩვენ გვყავს მინისტრები, რომლებსაც საქმეზე წარმოდგენაც არ აქვთ და ხელფასებს ვინ ჩივის, ამაში პრემიებს ღებულობენ.

ვერსად გავექცევით ამ ვალდებულებას, უნდა შევასრულოთ, თუ გვინდა, ევროკავშირი პერსპექტივად ვაქციოთ. ისიც მშვენივრად მესმის, რომ კიდევ მრავალი ათეული წელიწადი გავა, სანამ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ხომ ხედავთ, ჩინოვნიკები ყოველ მეორე სიტყვაში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში აღარ იგეგმება ევროკავშირის გაფართოება, ვინაიდან უკანასკნელი გაფართოება ძალიან მასშტაბური იყო და ჯერ ეს უნდა მოინელოს ევროკავშირმა, ამიტომ საქართველოს რიგი ძალიან შორს არისო. ასოცირებაც რეალურად შევაფასოთ. ასოცირებული წევრია ალჟირი, ტუნისი, მაროკო, მაგრამ ის ოდესმე გახდება ევროკავშირის წევრი?

საქართველოში დღეს აღარ არის მასობრივად დაუსახლებელი ტერიტორიები. ეს მოსახლეობა, რომელიც შუა აზიაში, ძირითადად, მესაქონლეობაზე და მებოსტნეობაზე იყო ორიენტირებული, აქ როგორ მონახავს თავის ადგილს საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში? ამიტომ რისკები იმდენად არა, რამდენადაც სირთულეები და პრობლემები შეიქმნება. როგორც ჩვენს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ვიცნობ, იქ ვერ ვხედავ სტრატეგიის შემმუშავებელ პოტენციალს. საჭიროა ძალიან კრეატიული გადაწყვეტილებები. უნდა ეთხოვოს ევროკავშირს, რომ გამონაკლისის წესით და ევროპის პრაქტიკაში არის ასეთი ფაქტები – კიდევ გადაიდოს მათი დაბრუნება. გასათვალისწინებელია აგრეთვე და ნუ დავივიწყებთ ეკლესიის როლს. არ მახსოვს, ამ დღეებში საპატრიარქოს ამის თაობაზე გაეკეთებინოს განცხადება, ამიტომ ასეთი კომკავშირული აჩქარება არ ვარგა. უნდა შეიქმნას კომისია, სადაც შევლენ ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები, ურბანისტები, მიწის რეესტრის სპეციალისტები. სად უნდა დასახლდეს ეს ხალხი? – მთავარი ეს არის. ახალქალაქში ვერ ჩაასახლებენ, ამას აუცილებლად მოჰყვება დაპირისპირებები, სისხლიანიც კი, რომელიც უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენს ხელისუფლებას, ვიდრე მოვალეობის შესრულება.

ალიკა ტალიური ლოკალური ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების მკვლევარი:

_ მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხის განხილვა პირადად ჩემთვის უხერხულობას ქმნის რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის, მთავარი საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დევნილი მოსახლეობის მორალური და სოციალური მდგომარეობაა. განა, მიზანშეწონილია, მსჯელობა დავიწყოთ 70 წლის წინანდელ მოვლენებზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია არ არის გაანალიზებული და რაც მათავარია, გადაჭრილი?! 300 000 ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, განა, საკმარისი არ არის საზოგადოების გამოსაფხიზლებლად?! თუმცა, როგორც ჩანს, არც ჩვენ აღმოვჩნდით განსაკუთრებულები და ვერ შევძელით ისეთი სენისგან აგვეცილებინა პოლიტიკური ელიტა, როგორიც ჰედონიზმია (როცა ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება, – რედ.). ამ სენმა ხომ არაერთი ქვეყანა თუ ძლევამოსილი იმპერია დაშალა.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ხაზგასასმელია წამოჭრილი საკითხის რამდენიმე ასპექტი: გავიხსენოთ, რამ აიძულა სტალინი 1944 წელს, თურქი-მესხები გადაესახლებინა, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი ამ პერიოდში კულმინაციაში იყო? როგორც ჩანს, სამხრეთ საზღვრებზე სეპარატიზმის აშკარა გამოვლინების თავიდან ასაცილებლად მიიღეს ეს გადაწყვეტილება; თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ ტომებზე, საჭიროა დადგინდეს – რა რაოდენობის გადასახლებულებზეა საუბარი, რადგან არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით იკვეთება ის, რომ საქართველოში დაბრუნების მსურველთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა ცალსახად აცხადებს, რომ თურქი ეროვნებისანი არიან; რეპატრიანტების მოთხოვნაა ძველ ტერიტორიებზე დაბრუნება, რაც თავისთავად აღვივებს ეჭვს მათ ნამდვილ განზრახვებზე – დასადგენია, მათი ჩამოსვლა უკავშირდება დედასამშობლოში დაბრუნების სურვილს, თუ მოძმე ქვეყნის ხალხებთან დაახლოებას? ცალსახად სახიფათოა ამ კატეგორიის რეპატრიანტების დასახლება მკვიდრი მოსახლეობის საცხოვრებელი არეალიდან მოშორებით. პირიქით, მათი განთავსება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში; განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს – მიუხედავად ჩვენი ნათესაური კავშირისა, შესაძლოა, ამ საკითხით ისარგებლონ უცხო ქვეყნებისა თუ სხვა, მტრული, რელიგიურ-ექსტრემისტული დაჯგუფებების მიმდევრებმა, რაც ასე აქტუალურია დღეს, განსაკუთრებით ამ დაძაბულ პერიოდში, აღმოსავლეთ უკრაინის სახით. ამიტომ საჭიროა საკითხის ყოველმხრივი შეფასება და მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბება, რაც შესაძლებლობას მისცემს მთავრობას – მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. საჭიროა, კომპეტენტური სამუშაო ჯგუფის შექმნა საპატრიარქოს წარმომადგენლების, ისტორიკოსების, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებისა და სოციოლოგების სახით, რადგან მხოლოდ ასეთ გუნდს ძალუძს შეიმუშაოს სათანადო გეგმა.

გიორგი თევზაძე უფლებადამცველი:

_ ე. წ. თურქი-მესხების საქართველოში მასობრივად ჩამოსახლება საქართველოს სახელმწიფოს დამატებით პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, გაართულებს ზოგად ვითარებას, მათ შორის, სოციალურ მდგომარეობას. მით უმეტეს, მათი კომპაქტურად ჩამოსახლება კატეგორიულად მიუღებელია და ეს საკითხები სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე უარი თქვა ყოფილ საბჭოთა კავშირში მის კუთვნილ წილზე და ასევე ვალდებულებებზე. მრავალი ათწლეულის მანძილზე საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული იყო და წარმოადგენდა უუფლებო რესპუბლიკას. ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდა საბჭოთა კავშირის დედაქალაქში საბჭოთა პოლიტიკური ელიტის მიერ ისე, რომ არ ეკითხებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ე. წ. თურქი-მესხების დეპორტაცია წარმოადგენდა საბჭოთა ელიტის მიერ მიღებულ ერთ-ერთ მორიგ გადაწყვეტილებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და დღესაც ეკისრება საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს – რუსეთის ფედერაციას! მხედველობაშია მისაღები დღევანდელი რეალობა და ასევე საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, რის გამოც საქართველოს თავად ჰყავს დაახლოებით ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი. ქართული საზოგადოების ამ ნაწილის ღირსეულ დაბრუნებამდე თურქი-მესხების საკითხის განხილვა მიზანშეუწონელია.

თურქი-მესხები გადასახლებამდე კომპაქტურად ცხოვრობდნენ სამცხე-ჯავახეთში და ამჟამად ეს ტერიტორია ძირითადად უკავია სომხურ მოსახლეობას. შესაძლებელია განხილული იყოს წინა ხელისუფლების პრაქტიკა მსურველი ოჯახების წინასწარი შესწავლის, არაკომპაქტურად განსახლების ადგილების გამოყოფისა და მათ სასარგებლოდ სახელმწიფო სახსრებით შეძენის თაობაზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციის ამოცანებიდან გამომდინარეც. ამას ემატება რელიგიური, ეთნიკური, სოციალური და სხვა მხედველობაში მისაღები საკითხები, რისთვისაც დღევანდელი საზოგადოება ნამდვილად არ არის მზად. საკითხი არც პოლიტიკურადაა შემზადებული.

ეს საკითხი შესაფასებელია სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებითაც. რუსეთში ცხოვრობს დაახლოებით 65000 თურქი-მესხი, აქედან დაახლოებით 30000 საქართველოში დაბრუნებას ითხოვს, ანალოგიური ვითარებაა ყაზახეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ თურქ-მესხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს საკითხი პრობლემურია ბოლო პერიოდში მრავლად ჩამოსულ სხვა ეროვნებებთან მიმართებითაც, რაც მთლიანობაში სხვა დემოგრაფიულ საფრთხეებს შექმნის. ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როდესაც ქართველებისთვის პრობლემურია სხვა ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება ვიზის გარეშე, ხოლო ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს უპრობლემოდ შეუძლია მოხვდეს საქართველოში. ქართველი მოსახლეობისთვის იქმნება არათანაბარი და დისკრიმინაციული პირობები, რაც აუცილებლად ყურადსაღებია.

 

თამარ ბატიაშვილი

turki-mesxebi

turok_mesx1