სანდრო ბრეგაძე: „სამსახურეობრივი მანქანა არ მყავს“

1

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ერთ ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა:

„მართლა არ ვაპირებდი ამ თემის ტირაჟირებას და გაპიარებას, რადგან ვთვლი რომ არაფერი განსაკუთრებული საქციელი ან გმირობა არ ჩამიდენია, მაგრამ როდესაც იმას გაბრალებენ რაც პირიქითაა იძულებული ხარ, რომ სიმართლე თქვა და სიცრუეს სიმართლით უპასუხო. დღეს ერთი ჩემთვის ფრიად საპატივცემულო არხის ეთერში ერთ-ერთ რესპოდენტს სიამაყით განუცხადებია, რომ თითქოსდა მთავრობაში ჩემი დანიშვნის შემდგომ სამინისტრომ ახალთახალი, ძვირადღირებული ჯიპი გამომიყო და მე ამ მანქანით დავდივარ. არადა სიმართლე (სიმართლე რომელსაც ჩემი პიარისთვის არ ვიყენებდი) შემდეგშია — ჩემი სამინისტროს ხელმძღვანელებს შორის ერთადერთი ვარ, რომელსაც სამინისტროს ბალანსზე არსებული და მათ მიერ გამოყოფილი სახელმწიფო მანქანა არ მყავს. როდესაც საუბარი იყო ჩემთვის ახალი მანქანის შეძენაზე მე კატეგორიული უარი განვაცხადე და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩემი პირადი ავტომობილით ვმოძრაობდი (ხან ტაქსით ან სამარშუტო ტაქსით), ხოლო მას შემდეგ რაც ჩემი ავტომობილი “შეეწირა” სამსახურებრივ საქმეებს, მხოლოდ ამის შემდგომ სხვა უწყების დაცვის  “გარაჟიდან” (სადაც გაფუჭებული და ჩამოწერილი მანქანებია) ვიპოვეთ ძველი, დაახლოებით 10 წლამდე თითქმის ჯართად ქცეული ავტომობილი (გარბენი 300000კილომეტრი) და ძალზედ იაფად, თუ არ ვცდები თვეში 50 ლარად ვიქირავეთ (აღვნიშნავ კი არ ვიყიდეთ , არამედ ვიქირავეთ), ხოლო ეხლა ე.წ. ფეიქრების ქუჩის ნახმარი ნაწილების ბაზრობიდან კაპიკებად ნაყიდი ნაწილებით ვაწყობთ ამ მრავალნატანჯ მანქანას, რათა შევძლო წალკაში, მესტიაში და აჭარის მაღალმთიანეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩასვლა და დახმარება. აღვნიშნავ— ალბათ ერთადერთი მინისტრის მოადგილე ვარ, რომელიც სხვა უწყებიდან ნაქირავები ავტომობილით დადის და რომელსაც თავისი უწყების სახელმწიფო მანქანა არ ემსახურება და ამას არც ვიტყოდი რომ არა გავრცელებული ჭორი, ამითი არ ვამაყობ, რადგან ამაში განსაკუთრებული არაფერია .

P.S.ბოლოს მაინც დელიკატური ვიქნები და ვფიქრობ რომ ჩემთვის საპატივცემულო ტელევიზიის ეთერში გაჟღერებული ეს ცნობა უნებლიედ გაპარული , უბრალოდ გადაუმოწმებელი ინფორმაცია იყო, რომლის გადამოწმებასაც სათანადო ყურადღება არ მიექცა!“ – განუცხადა “ქრონიკა +” – ს მინისტრის მოაგილემ.