მშობლებისა და შვილების მოტივი კლასიკურ ქოცურ ლიტერატურაში

გასულ კვირას კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური მშობლებისა და შვილების მოტივი კლასიკურ ქოცურ ლიტერატურაში, თუმცა აღნიშნული თემის განსახილველად რესპუბლიკელები უფრო კლასიკურ ქოცურ დისკურსს გვთავაზობენ. ვისაუბროთ ნეპოტიზმზე ისე, რომ არ შევეხოთ შვილებს.

შეუძლებელია, არ გაგახსენდეს ერთი ანეკდოტი: თუთიყუში ცოლის ღალატს რომ ოპერატიულად ატყობინებს ქმარს და ეს ცოლი შემდეგში პირსახოცს რომ გადააფარებს გალიას და ისე მიეცემა საყვარელთან თავდავიწყებას. თუთიყუშს მხოლოდ ოხვრა, კვნესა და მოკლე რეპლიკები ესმის, „შენ ზემოთ, მე ქევემოთ“, „შენ ქვემოთ, მე ზემოთ“ და ბოლოს „ორივე ზემოთ“ და რომ ევედრება თუთიყუში, _ ოღონდ ეგ პოზა მანახეთ და კრინტსაც არ დავძრავო. ზუსტად ასეა ახლაც, როცა თანამდებობის პირის შვილი მამის მდგომარეობის წყალობით წინაურდება და ნეპოტიზმის ფაქტი ვირივით ჯიუტია, საინტერესოა, როგორ, რა პოზაში იხილება ეს ფაქტი რესპუბლიკურად? ანუ როცა შვილს ნეპოტისტურად აწინაურებენ, როგორ უნდა ვისაუბროთ ამ ნეპოტიზმზე ისე, რომ შვილს არ შევეხოთ? შვილის მაგიერ ვთქვათ, რომ ბებია დაასაქმა?

მკითხველი მიხვდებოდა, რომ სესიაშვილისა და მისი ვაჟის შესახებ ვსაუბრობთ. მთელმა ქვეყანამ გაიგო უკვე ამ სკანდალის შესახებ და ჩვენც არ გადავვარდებით შინაარსის თხრობაში. მხოლოდ საგულისხმო დეტალებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

დავიწყოთ იმით, ამ გახმაურებულ სკანდალში რა არ იყო ახალი. არანაირ სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში მამის, დედის, პაპისა და ბებიის „ბლატებით“ უპრობლემოდ შოულობენ სამსახურს, იოლად იწყობენ კარიერას, ელვის სისწრაფით წინაურდებიან. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს „ქოცებამდეც“ ასე იყო და არც „ქოცების“ დროს გადავარდნილა მოდიდან. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ ამით მხოლოდ პარლამენტარები და მინისტრები კი არა, სარგებლობს ყველა _ ყველგან _ ყველა დარგსა და ყველა სფეროში. მოკლედ, არაფერი ახალი არაა იმაში, მამამ შვილს სამსახური რომ უშოვა, მაგრამ ახალი აქ ისაა, რა სამსახური უშოვა 20 წლის მეორეკურსელ შვილს და რა მეთოდებით გადალახა მან ის დაბრკოლებები, რომელიც შეხვდა? დაბოლოს, როგორი იყო მისი რეაქცია, როდესაც ეს ყველაფერი გამჟღავნდა?

საზოგადოება, უპირველეს ყოველისა, იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ 20 წლის მეორეკურსელ ვაჟს მუშაობა დააწყებინა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ანალიტიკურ დეპარტამენტში! მეორეკურსელი სტუდენტი, ყოველგვარი გამოცდილებისა და სათანადო ცოდნის გარეშე, მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო პოზიციაზე დასვეს! ფიგურალურად რომ ვთქვათ, ქვეყანას ორი ანალიტიკოსი ჰყავს _ დიდი ბიძინა და პატარა დუჩი…

ერთმნიშვნელოვანია, რომ მამის ფაქტორის გარეშე მეორეკურსელს არავინ მიიღებდა ასეთ სამსახურში! მეორეკურსელი კი არა, პროტექციის გარეშე სივდამძიმებული ხალხი ძლივს შოულობს სამსახურს ამ ქვეყანაში. ფაქტია ისიც, რომ მამის გავლენის გარეშე არავინ გაასაიდუმლოებდა ანაბეჭდების დამთხვევის ფაქტს და საქმეს მომენტალურად მიეცემოდა მსვლელობა.

უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევთ და ვერ ვიტყვით, მონაწილეობდა თუ არა დანაშაულის ჩადენაში სესიაშვილის ვაჟი, მაგრამ თავად მამაც ვერ უარყოფს, რომ მისი შვილის სამსახურში მიღებისას აღებული თითის ანაბეჭდები დაემთხვა მანქანაში აღებულ თითის ანაბეჭდებს. ამას იმით ხსნის რომ დაზარალებული მისი შვილის მეგობარი იყო და მისი შვილი ხშირად იჯდა იმ მანქანაში, თუმცა ერთობ ბერწი არგუმენტით გვიხსნის იმას, თუ რატომ არ იცოდა იმ დაზარალებულმა, ვინ იყო დავით სესიაშვილი. არ იცოდა, დუჩის დავითი თუ ერქვაო. არც ის იცოდა, ვისი ვაჟი იყო… რას იზამ? თავს ზემოთ ძალა არაა, უნდა დაიჯერო, რომ 20 წლის ყმაწვილმა არ იცის ბავშვობის მეგობრის სახელი და არც ის, ვისი შვილია…

პარლამენტარი გაიძულებს ირწმუნო, რომ შვილმა მისგან დამოუკიდებლად იშოვა სამსახური (დარეკა და მიიღეს) და ისიც, რომ მან, მამამ, არც იცის, სად, რომელ შენობაში მუშაობს მისი ვაჟი…

ჩვენ ნეპოტიზმში ვედავებით და, თურმე, გულგრილობასა და უყურადღებობაშიც არ უნდა ვედავოთ? არც კითხულობს, სად იწყებს შვილი მუშაობას და სად მიდის… და რაც მთავარია, მამა გააფთრებული გვამცნობს, რომ, თურმე, ოპონენტები შვილებზე გადასულან.

თურმე, პოლიტიკური ოპონენტები და საზოგადოება რომ კითხვებს სვამს, ეს შვილებზე გადასვლაა. ანუ მთელი საზოგადოება უნდა გაისუსოს. აბა, როგორ, საქმე ეხება მათ მამაშვილურ განცდებს და შვილებს არ უნდა შევეხოთ.

დიახ, ბატონო, ელისო კილაძის ვაჟი უაპელაციოდ დამნაშავედ უნდა გამოვაცხადოთ, ციხეში გამოამწყვდიონ და სიტყვაზე უნდა ვენდოთ მათ მიერ მოყვანილ მოწმეებს (აი, ისეთებს, მელამ თავისი კუდი მოწმედ რომ მოიყვანა), რომ ელისო კილაძის ვაჟი ნარკოტიკებით სავსე ჯიბეებით დადიოდა ქალაქში და აქ, როდესაც ფაქტები და ანაბეჭდები ყვირის, სიტყვაზე უნდა ვენდოთ მამას, რომ დუჩიტო უდანაშაულო და უნიჭიერესი ახალგაზრდა ბავშვია, ისე უნდა ვენდოთ, რომ კითხვებიც არ დავსვათ! არც ვიკითხოთ, რატომ ჩაიფარცხა საქმე, რა მოხდა, რატომ არ გამოიძიეს? რატომ? თურმე, საქმე ეხება შვილებს! და მაინც, რას ნიშნავს შვილებზე გადავიდნენ?!

შვილებზე გადასვლა მაშინ იყო, როდესაც ელისო კილაძის უდანაშაულო ვაჟი ციხეში გამოკეტეს _ დედამისის გასამწარებლად. ახლა რანაირადაა შვილებზე გადასვლა? უკაცრავად, თუ შვილი ასეთ ისტორიაში გაეხვია, საზოგადოებამ კითხვებიც არ უნდა დასვას? ვიმეორებთ, არ ვარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმპციას, მაგრამ ხომ მოხდა ის ქურდობა, ხომ დაემთხვა ანაბეჭდები? რატომ მიჩუმათდა, რატომ ჩაიფარცხა საქმე? რატომ არ გამოაძიებინეს და არ დაამტკიცეს, რომ ის არაფერ შუაშია?

და ახლა, აღარც არავინ არაფერი იკითხოს? რაკი მაღალჩინოსნის შვილია? უკაცრავად, მაშინ ხომ ტკბილია მამაშვილობა, როცა მეორეკურსელი სუს-ში ინიშნება?

ანუ რაკი თანამდებობის პირის შვილია, არ უნდა შეეხო? იმუნიტეტი მემკვიდრეობით გადადის?

თვითონ ჩვენც უნდა შეგვეხონ და შვილებსაც _ უკანონოდ და ჩვენ კანონიერადაც ვერ უნდა შევკადროთ ვერაფერი? კითხვებიც კი? და რას ნიშნავს რესპუბლიკური შეძახილი, _ ნეპოტიზმზე ვილაპარაკოთ ისე, რომ შვილებს არ შევეხოთ. რესპუბლიკელებს თვალწინ თავისი შვილები წარმოუდგათ? დღეს თანამდებობაზე მყოფის შვილებს იცავენ, რომ შემდეგ თვითონ როდესაც იქნებიან თანამდებობაზე, მათ შვილებსაც არავინ შეეხოს? იქნებ, სჯობდეს, თანამდებობის პირის შვილები კი არა, ყველას შვილები დაიცვათ უკანონო შეხებისგან და ამ გზით თქვენი შვილებიც დაცული იქნებიან ახლაც და შემდეგშიც, როდესაც თანამდებობაზე ისხდებით? მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ უკანონო შეხებისგან კი არა, კანონიერი შეხებისგან გინდათ თქვენი შვილების დაცვა! მაინც, რა ხართ ასეთი ხელშეუხებელნი ეს პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები და ახლა რომ შვილებზეც ცდილობთ ხელშეუხებლობის გავრცელებას? თქვენ პატრიციები ხართ და ჩვენ პლებეები?

მაგრამ რაც არ უნდა ვთქვათ და ვილაპარაკოთ, რაც არ უნდა გამიჯვნოდა სესიაშვილი მისი შვილის დანიშვნაში მონაწილეობას, ის მაინც არ უთქვამს, რომ შვილი ოჯახის წევრი არააო, არადა, გვახსოვს, რა დაგვავიწყებს კლასიკური „ქოცური“ ლიტერატურის შედევრს, _ დედაჩემი არ ითვლება ჩემი ოჯახის წევრადო. ურთმელიძისა და მისი ნაჯახმომარჯვებული დედის _ მდინარა გიორგობიანის დედაშვილობა, საერთოდ, „ქოცურ“ ეპოსად იქცა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე „რუსთავი 2“-მა მოითხოვა მოსამართლე ურთმელიძის აცილება იმ მოტივით, რომ იგი დედის საქმით გამოჭერილი ჰყავდა პროკურატურას და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანდა. ურთმელიძემ მაშინ იუარა, სწორედ დედა ოჯახის წვერი არააო. ისიც გეხსომებათ, როგორ აღწერა ის დრამატული, თითქმის ბატალური სცენა _ სიძეს რომ ცულით გამოუდგა სიდედრი ქალი. მისი თქმით, იგი არ ყოფილა დაინტერესებული დედის საქმით და ადვოკატისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სიძის შეურაცხყოფის შემდეგ მომხდარა აფექტური ქცევა, რაც, თურმე, ნუ იტყვით და „მსუბუქი ფაქტი“ ყოფილა და ამ საქმის დასრულება უნდა მომხდარიყო განრიდების პრცედურით. თურმე, ჰგონებია კიდეც ეს საქმე დასრულებულად და მხოლოდ ბოლოს გაუგია, რომ საქმე არ იყო დასრულებული… საინტერესოა, მაინც, რას შეაფასებდა მძიმე ფაქტად ბატონი ურთმელიძე, სიძეს თავს რომ ყივჩაღივით შუაზე გადაუჩეხდა ნაჯახით? მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თვალში საცემია გაუცხოება მათ დედაშვილობასა და მამაშვილობაში…

შვილს დედის საქმე არ აინტერესებს, არც იცის და მხოლოდ ადვოკატისგან იგებს, რომ მომხდარა „მსუბუქი ფაქტი“, აქეთ, კიდევ, მამამ არ იცის, შვილი სად მუშაობს, სად მიდის ყოველდღე… და კიდევ, პროკურორმა მამამ არ იცის, რატომ უფინანსებს შვილს მერი ნარმანია პარიზში ცხოვრების ხარჯებს?.. გეხსომებათ ის სკანდალი, ნიკა მელიამ რომ აუტეხა მერ ნარმანიას _ მერმა მერიის თანამშრომელს, ისანი-სამგორის რაიონულ პროკურორ ლეონიდე გერგედავას ქალიშვილს სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან, ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 5400 ლარი რომ გამოუყო საფრანგეთში სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად. შეგახსსენებთ: თანხა იმ მუხლიდან გამოიყო, საიდანაც უმწეო და გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების სტაციონარული, ამბულატორიული და სხვა სოციალური სერვისებით უზრუნველყოფა ხდება. მაშინ პროკურორმა მამამ თქვა, ნაწილი თანხა ოჯახმა მოვიძიეთ და ნაწილი მერიამ გამოუყო, ჩავთვალე, რომ მერიას გარკვეული ფონდი, პროგრამა ჰქონდა, რომელიც თანამშრომლებს განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებოდა, რომ მცოდნოდა ჩემი შვილის დაფინანსება სოციალურად დაუცველის სტატუსით მოხდა, ამას არ დავუშვებდიო… სამაგიეროდ, პროკურორის შვილმა დაუშვა განცხადებაში მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე წუწუნი…

და კიდევ: დედა შვილს ქირას ახდევინებს! დიახ, გეხსომებათ, ისევ და ისევ, „რუსთავი 2“-ის საქმიდან მოსამართლე ნათია გუჯაბიძე დედისგან რომ ქირაობდა ბინას. იმ ფაქტებმა მაშინ აკაკი გადამატალღინა და დავპოსტე _ დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, ეს ბინა იქირავეო. გეხსომებათ ესეც _ მაშინ ნიკა გვარმიას ისე მოეწონა, მაისურზე დაიბეჭდა _ ზედ ბეჭებზე. მოსამართლის დედა იფიცებოდა, ფულს ჩემი გოგო არ მიხდიდა, სახელმწიფო მიხდიდაო. ასე იყო ეს ამბავი _ მოსამართლე შვილი ირწმუნებოდა, თბილისში ბინა არ მაქვს, მიქირავეთო. გამოუყვეს ფული და მერე გაირკვა, რომ დედასთან ცხოვრობდა და ქირასაც დედას უხდიდა. ანუ მოსამართლე გუჯაბიძეც, დარად ურთმელიძისაი, იმ ჩვენებას აწვებოდა, რომ დედა ოჯახის წევრი არაა, შესაბამისად, დედის საკუთრება მისი არაა, თავად მის საკუთრებაში ბინა არ ირიცხებოდა, ე. ი. მას ბინა არ ჰქონდა და სახელმწიფოს უნდა ექირავა. ასეც მოხდა, მაგრამ მერე ისევ დედისკენ გაუწია გულმა, მის სახლში მივიდა და ცხოვრობდა, ქირასაც დედას უხდიდა _ რაღა სხვას ესარგებლა სახელმწიფოს ფულით?

მოკლედ, შეუცნობელია გზანი დედაშვილობისა და მამაშვილობისა დღევანდელ ხელისუფლებაში _ სასამართლო ხელისუფლებაში, აღმასრულებელსა თუ საკანონმდებლოში… უფრო, სწორად, ეს მხოლოდ ის ფაქტებია, რაც გახმაურდა და გასკანდალდა… ამ გასკანდალებული ფაქტებიდანაც კარგად ჩანს, რა მოტივებიც ამოძრავებთ და როგორც იყენებენ მათ ხელთ არსებულ ძალაუფლებას სათავისოდ…

 

რეზო შატაკიშვილი