რეპერი, რომელიც უმღერის ყველაფერს, რაც ღირებულია

ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად გულწრფელობას აფასებს და უსამართლობას ებრძვის, რომლისთვისაც მისაბაძი მაგალითი ქრისტეა და ყველაზე მეტად საკუთარი თავის იმედი აქვს. რეპერი, რომელიც, ამავდროულად, ოპერატორია, ის ჯერ 25 წლისაა. მიაჩნია, რომ თავისუფალია და საკუთარი თავიც ნაწილობრივ იპოვა.

გაიცანით, დღევანდელი სტატიის გმირი _ ჰიპ ჰოპ არტისტი და ოპერატორი _ გიორგი შენგელია, იგივე Fula .

 

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე (ვინ ხარ, წარმოშობით საიდან, რამდენი წლის, რას საქმიანობ?).

_ გიორგი შენგელია, იგივე Fula, 25 წლის. ჰიპ ჰოპ არტისტი.

_ როდიდან დაინტერესდი სიმღერით? რა იყო ინსპირაცია? ვისთან ერთად საქმიანობ? პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი?

_ მუსიკით ღრმა ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ. მამა მელომანი იყო და ჩვენს სახლში მუსიკა არ ითიშებოდა. მასმენინებდა The Beatles-ს,The Rolling Stones -ს, Deep Purple-ს, Led Zeppelin-ს Black Sabbath -ს, Pink Floyd-სა და სხვა უამრავ ჯგუფს. მიყვებოდა მათ ცხოვრებისეულ ისტორიებს და ძალიან მოხიბლული ვიყავი. 8-9 წლის ასაკში შემთხვევით ხელში ჩამივარდა 2pac-ის კასეტა და როცა მოვისმინე, მივხვდი, რომ ის უფრო „ჩემიანი“ იყო. დავიწყე კასეტების შეგროვება, ყოველი ახალი კასეტის შეძენა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო, ერთი სული მქონდა, სახლში მოვსულიყავი და მომესმინა… შემდეგ უკვე სხვა შემსრულებლებსაც გავეცანი და უხეშად რომ ვთქვა, „მოვიწამლე“… მეცადინეობას მოვუკელი, ამის გამო მშობლებთნ კონფლიქტმაც იმატა. ცოტა მანიაკურიც კი იყო ჩემი სიყვარული ამ მუსიკის მიმართ, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო.

დაახლოებით 11-12 წლიდან უკვე თვად დავიწყე ტექსტების წერა და ინსტრუმენტალებზე წაკითხვას ვცდილობდი. ვხვდებოდი, რომ არ ვარგოდა, მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ ჩემში პოტენციალი იყო. 13 წლის ვიყავი, როცა პირველი სტუდიური ტრეკი ჩავწერე ჩემი ბავშვობის მეგობართან და კოლეგასთნ, შერიოუს-თან ერთად (ჯგუფ „ზღვარის“ სტუდიაში) და როცა ჩემი ხმა მოვისმინე, იქ დამთავრდა, ან დაიწყო ყველაფერი (ზუსტად არ ვიცი). შემდეგ შევქმენით ჯგუფი Dramaside, სადაც ვიყავით მე, Serious-ი და Ol’boy. გამუდმებით ვწერდით. სამ დღეში ერთხელ ახალი სიმღერა გვქონდა. უდიდესი ენთუზიაზმით ვმუშაობდით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში არ ვავრცელებდით და მხოლოდ მეგობრების წრეში ისმოდა ჩვენი ჩანაწერები. შემდეგ შერიოუს-ს სხვა საქმეებიც დაემატა, ტექსტების წერას დიდ დროს ვეღარ უთმობდა და დავიშალეთ, თუმცა ინსტრუმენტალებს მაინც გვაწვდიდა. მე და Ol’boy-სი ახლაც ვწერთ ხოლმე ამ უნიჭიერესი ადამიანის შექმნილ Bეატ-ებზე. 2012 წლიდან ჯგუფ „ქსელი 56“-ის წევრი ვარ. ბოლო დროს ვეღარ ვახერხებთ ერთად საქმის კეთებას, სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ საკუთარი სტუდია აღარ გვაქვს. დღეისთვის სოლო სიმღერებს ვწერ. ასევე ვთანამშრომლობ ამ მუსიკის ჟანრზე უზომოდ შეყვარებულ და უნიჭიერეს მუსიკოს Caspara-სთან, რომელმაც თვისი ნიშა უკვე დაამკვიდრა ქართულ ჰიპ ჰოპში, მიუხედავად იმისა, რომ, სულ რაღაც, ორი წელი გავიდა, რაც ამ ჟანრს მოჰკიდა ხელი და წარმატებებს ვუსურვებ.

_ Fula რატომ დაირქვი?

_ მეგობარმა დამარქვა 12 წლის წინათ. სიმღერის ჩაწერამდე ვთქვი, რომ სავსე ვარ და მინდა, დავიცალო-მეთქი. იმან Full ხარო (ინგლისურად სავსეს ნიშნავს) და ასე მომმართავდა, _Full ! შემდეგ ერთი L მოვაშორე და A დაემატა, ასე უფრო ფსევდონიმს ჰგავს, ჩემი აზრით.

_ რა სირთულეები შეგხვდა გზად?

_ თავისთავად, ეს პროცესი სირთულეებს შეიცავს, ასე რომ არ იყოს, არც არაფერი შეიქმნებოდა. ჩემი აზრით, საქართველო ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მუსიკით ფული არ იშოვება, თუნდაც საარსებო მინიმუმი. ყველაზე დიდი სირთულე და იმედგაცრუება ჩემთვის ისაა, რომ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, თუნდაც, მხოლოდ პიარის (ფინანსურს რომ თავი დავანებოთ) სახით არ ინტერესდებიან ნიჭიერი ახალგაზრდების მიმართ. გაუთავებელი უაზრო პროექტების საშუალებით ერთწლიან ვარსკვლავებს ქმნიან და მერე სად ქრებიან, კაცმა არ იცის. ამ დროს კი უამრავი ნიჭიერი მუსიკოსი (არა მარტო ჰიპ ჰოპში) მაღაზიებში საწყობის მუშებად მუშაობს და ამ მძიმე სამსახურის მერე მაინც აკეთებს რაღაცას ენთუზიაზმის ხარჯზე, მაგრამ ენთუზიაზმი ხომ მარადიული არ არის და, ადრე თუ გვიან, ქრება. გული მწყდება, რომ ასეთი ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენენ და ასეთ პირობებში უწევთ საყვარელი საქმის კეთება…

_ რა მოგცა იმან, რომ დღეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პოპულარობით სარგებლობ?

_ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მსმენელს იმისთვის, რომ უდიდესი მოტივაცია მომცეს.

ზუსტად ისეთ დროს, როცა უკვე ყველაფერს შავ-თეთრად ვხედავდი, ისეთი თბილი წერილი დამხვედრია სოციალურ ქსელში, რომ ავმდგარვარ და ახალი სიმღერა დამიწერია. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. რაც შეეხება პოპულარობით სარგებლობას, ეგ არც ვიცი, რას ნიშნავს.

_ სიმღერის გარდა რას აკეთებ?

_ ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოპერატორის პოზიციაზე, ვიღებ დოკუმენტურ ფილმებს მეცნიერებზე და სხვა საინტერესო ადამიანებზე, ასევე ვაკეთებ გადაცემას, რომელიც, ძირითადად, სტუდენტურ ცხოვრებას ასახავს და საკმაოდ შემეცნებითია. კამერასთნ ურთიერთობა ჩემთვის ცალკე სიამოვნებაა და, შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ამ ფილმების რეჟისორსა და გადაცემის პროდიუსერს, ქალბატონ ნინო კაკულიას, იმის გამო, რომ მაქსიმალურად ხელს მიწყობს ჩემი სხვა ინტერესების განხორციელებაში.

_ ძირითადად რაზე მღერი ხოლმე?

_ ჩემი შემოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ, ცოტა არ იყოს, სევდიანია, ჩემი აზრით, მრავალფეროვანია, სოციალურ თემებზეც არაერთი ტრეკი მაქვს, პოლიტიკოსებსაც „ვებრძვი“ ხოლმე. ვწერ სიყვარულზე, სიძულვილზე, მზეზე, მთვარეზე. არ ვიცი, რაზეც მეწერება… ჰიპ ჰოპი ხომ ის ჟნრია, სადაც ჩარჩოები არ არსებობს და თემატიკის თვალსაზრისითაც შეუზღუდავია. თუ მოგინდება, შეგიძლია, ბროწეულს მიუძღვნა ოთხწუთიანი სიმღერა, თუ საინტერესოდ გადმოსცემ, ისიც საინტერესო იქნება.

_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად მათ?

_ ჩემი სიმღერების პირველი შემფასებელი ჩემი დაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დაა. ელენე ძალიან განათლებული გოგოა და ჩემზე მეტად მელომანი. არც ჰიპ ჰოპი უყვარს ჩემზე ნაკლებად და ამ მიმდინარეობაშიც კარგად ერკვევა, ამიტომ პირველად სიმღერას მას ვასმენინებ და მის რჩევებსაც ვითვალისწინებ, თუმცა ხანდახან არ ვუჯერებ, მიუხედავად მისი საფუძვლიანი არგუმენტებისა.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის არაფერი მენანება, თუმცა ასეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ მეგობარს მაისური არ ვაჩუქე. საერთოდ, ტანსაცმელში დიდი თანხის გადახდა მენანება. ცოტა პარადოქსულია, არ ვგიჟდები ჩაცმაზე, მაგრამ ძმაკაცის თხოვნა არ შევასრულე (შეიძლება, არ ვიყავი ჩუქების ხასიათზე). თუმცა თუ კარგ ხასიათზე ვარ, არავისთვის არაფერი მენანება…

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის (საქმეში)?

_ ნიჭი, საქმის ფანატიკურად სიყვარული და გულწრფელობა.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?

_ ადამიანში გულწრფელობას ვაფასებ.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ უსამართლობა. უმეტესად, ხალხის დიდი ნაწილი რასაც ჭეშმარიტებად მიიჩნევს, არ ვეთანხმები და ჩემს სიმართლეში 100%-ით დარწმუნებული ვარ, თუმცა როცა ამას მათ ვერ ვუხსნი, ცუდ ხასიათზე ვდგები.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ მუსიკისთვის არ მენანება.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ თავისუფალ დროში თუ ის იგულისხმება, როცა არ ვწერ, მაშინ ვუსმენ ახალი არტისტების ახალ ალბომებს, ვცდილობ, არ ჩამოვრჩე თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიას. კიდევ, კალათბურთს ვთამაშობ ხოლმე. 11 წელი კალათბურთზე დავდიოდი და როცა ვთამაშობ, თითქოს, ის წლები ბრუნდება, _ ეს ცალკე სიამოვნებაა ჩემთვის.

_ მაქსიმალისტი ხარ? _ ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს ხოლმე? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში?

_ სხვათა შორის, ბოლო დროს უფრო  მაქსიმალისტი გავხდი და მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები საქმეს. ეს თვისება, ალბათ, გამოვიმუშავე. არა მგონია, ჩემი ხასიათის, ან პიროვნების ნაწილი იყოს. რაც შეეხება პირველობას, არასდროს მქონია ის განცდა, რომ ვინმე ჩემზე უკეთესია (ცოტა ამპარტავნულად ჟღერს). მე ჩემსას ვაკეთებ და არ მიყვარს შეჯიბრებები. ყველას ვგულშემატკივრობ, ვინც რამეს აკეთებს და თუ ვინმე მეკონკურენტება, ღმერთმა ხელი მოუმართოს. პირიქით, გამიხარდება, რაც უფრო მეტი კარგი პროდუქტი დაიდება ქართულ ჰიპ ჰოპში. ახლა პირველი-მეორე ადგილების გაყოფის დრო არ არის, ჯერ ეს კულტურაა დასამკვიდრებელი და ამ საქმეში ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კონკურენციაც მნიშვნელოვანია განვითარებისთვის.

_ რა ჟანრის, ვის მუსიკას უსმენ ხოლმე?

_ ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენ (რუსულის და „ჩქარების“ გარდა) ბოლო დროს Dancehall-მა გამიტაცა და ხშირად ვუსმენ Vybz Kartel-ს Tommy Lee Sparta-ს Mavado-ს,Alkaline -ს და ამ ჟანრის სხვა წარმომადგენლებს.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ყოველი ახალი დღე ჩემთვის ახალი ფურცელია და რაც უნდა ცუდი მომხდარიყო წარსულში, შემიძლია, ყველაფრის თავიდან დაწყება.

_ რაზე ოცნებობ?

_ საკუთარ სახლი მინდა, სადმე მთაში, დიდი ეზოთი, ჩამწერი სტუდიით და კალათბურთის მოედნით. ეს უფრო გეგმაა. ოცნება ლოგიკასთან და რეალობასთან ახლოს თუ არ არის, ჩემთვის უინტერესოა.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ ჩემთვის მისაბაძი იესო ქრისტეა. ვფიქრობ, თუ მისი რჩევების 50%-ს მაინც გავითვალისწინებთ, მინიმუმ, 50%-ით შემცირდება ყოველგვარი უსამართლობა და ბოროტება. თუ ჩვენი ცხოვრების მუდმივ თნამგზავრად სახარებას ავირჩევთ, იქნება „ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფერო(ებ)ში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ პრობლემა უამრავია, მათ შორის, მნიშვნელოვანია ინფორმაციის ნაკლებობა. არა მარტო იმ სფეროში, სადაც ეს ხალხი მოღვაწეობს, ან უნდათ, რომ იმოღვაწეონ, დღეს საკმაოდ მომრავლდა ჰიპ ჰოპის მსმენელი და შემსრულებლების ნაკლებობაც არ არის, თუმცა უმეტესი ნაწილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელს უტეხს ამ ჟანრს… და ეს სწორედ ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია.

წარმოუდგენელია აკეთებდე ამერიკულ მუსიკას და მხოლოდ ქართველი შემსრულებლები იცოდე, ან წერდე რეჩიტატივებს და ერთი ლექსი არ გქონდეს წაკითხული.

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

_ ინტერესი უნდა გაჩნდეს. მსმენელი უფრო დაკვირვებული უნდა იყოს. მაგალითად, როცა ჩემი მსმენელის გვერდზე საშინლად ცუდ სიმღერას ვხედავ გაზიარებულს, ამით მოტივაციას ვკარგავ. რაც შეეხება შემსრულებლებს, მათ მეტი შრომა უნდა ჩადონ საქმეში და ნაკლები ამბიციები ჰქონდეთ.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ სახლში ვისვენებ, როცა ჩემს ოთახში ვარ და მუსიკაა ჩართული. ზაფხულობით სოფელში მივდივარ, სადაც ბაბუაჩემის აშენებული ბიბლიოთეკაა, გარშემო მთებით და ულამაზესი ხედებით, იქ ყოფნა ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენებაა.

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ მამა.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს საქმეა ის ერთ-ერთი საშუალება, რაც აუცილებლად მჭირდება საარსებოდ.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ დიახ, თვისუფალი ვარ. თუ რამეს არ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, არასწორია. შესაბამისად, არც მინდება, გავაკეთო _ არა იმიტომ, რომ ვინმე ან რამე მზღუდავს.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ როცა „საჭიროებას“ სჯობნის „მინდა“.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ ვფიქრობ, რომ ჩემში რაღაც გარდატეხა იწყება და თან ძალიან სწრაფად. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, რაღაც ძალიან კარგი უნდა მოხდეს. „რთული დრო“ დასასრულს უახლოვდება. არ ვამბობ, რომ წინ სირთულეები არ იქნება, შეიძლება, უფრო მასშტაბური და სერიოზულიც, მაგრამ ვფიქრობ, მზად ვარ, რადგან უკვე ვიცი, რა არ მინდა.

_ საკუთარი თავი იპოვე?

_ რთული შეკითხვაა და ორი პასუხი მაქვს, _ კიც და არაც. თუ შეკითხვა გულისხმობს, მაქვს საყვარელი საქმე, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება და ვინ მიმაჩნია კეთილად და ვინ ბოროტად, მაშინ ნაპოვნი მაქვს და თუ გულისხმობს, ნამდვილად სწორ გზას ვადგავარ თუ არა, მაშინ გიპასუხებთ ვახტანგ ჯავახაძის ერთ-ერთი ლექსის ორი ტაეპით: „საით არ უნდა წავიდე ვიცი, მაგრამ არ ვიცი, საით წავიდე…“

_ რამე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ მისია ყველა ადამიანს აქვს.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ ჯერჯერობით, ვერაფრისთვის ვიბრძვი, მაგრამ სიამოვნებით გავიბრძოლებდი არასწორი სახელმწოფო წყობილებების  ქვეყნებში პოლიტიკოსების წინააღმდეგ. საქართველოდან დავიწყებდი.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ პირველ რიგში, მედიასივრცეს, სადაც  სიყალბის ზეიმია, ცრუ ინფორმაციებისა და „სახეების“ თავზე მოხვევა. იქ მიღებული ინფორმაციის 99% უსარგებლოა ჩვენი განვითარებისთვის. შემდეგ განათლების სისტემას, რომლის 90% შესაცვლელია. ამის გარდა  უამრავი რამ არის შესაცვლელი, საკმაოდ ბევრი მსგავსი გეგმა მაქვს და თუ დამაფინანსებენ, განვახორციელებ.

_ რა არის შენთვის ცხოვრების აზრი?

_ საყვარელი ადამიანები და მუსიკა.

_ გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ ფინანსურ წარმატებას თუ გულისხმობ, კი, იმ შემთხვევაში, თუ მეტი დაინტერესება იქნება პროდიუსერებისგან და ხალხისგან. თუ ჩემი თავის მეტად განვითარებას ვგულისხმობთ, მაგ შემთხვევაშიც კი. მიყვარს ეს სფერო და ვფიქრობ, შემიძლია მისთვის კარგის გაკეთება.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რომელსაც არასდროს უღალატებ?

_ პრინციპები არ ვიცი, რა არის, მე რაღაცას სწორად მივიჩნევ და რაღაცას _ არასწორად… რაც არასწორი მგონია, იმას არ ვაკეთებ.

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ არავინ.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ მინდა, ალბომი გამოვცე. ამაზე, სავარაუდოდ, ზაფხულიდან დავიწყებ მუშობას.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ ნაწილს აწმყოზე, ნაწილს წარსულზე და ნაწილს მომავალზე, თუმცა მინდა, აწმყოზე ვფიქრობდე ყველაზე მეტს.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ საკუთრი თავის.

_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?

_ სიმშვიდე ჩემს უბანშია და ხსნას როგორც კი გავიგებ, აუცილებლად ყველას ვეტყვი.

_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.

_ უმრავლესობა ვერასდროს იქნება ჭეშმარიტების საზომი.

_ ვინ ხარ რეალურად და ვისთან ხარ ნამდვილი გიორგი?

_ ჩემს სიმღერებში ვარ ნამდვილი გიორგიც და ნამდვილი Fula -ც.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ გზავნილების გაკეთებას სიმღერებიდან ვამჯობინებ.

 

ნინო ტაბაღუა