სუსის უფროსის მოადგილის ცოლი ძმის პირად ცხოვრებას დასდევს

ნუკი სტილისტია _ „ნახალოვკაში“ სილამაზის სალონში მუშაობდა. იქ გიორგი მარტყოფლიშვილი გაიცნო და შეუყვარდა. მაშინ გიორგი მარტყოფლიშვილი ერთი ჩვეულებრივი, „ნახალოვკელი“ ბიჭი იყო. მოგვიანებით, უკვე სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის ცოლისძმის სტატუსი მიიღო. თუმცა ნუკის ცხოვრებაში სოსო გოგაშვილის ცოლის, სიდედრისა და ცოლისდების მხრიდან კოშმარი გაცილებით ადრე დაიწყო, რადგან მას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი უკვე ჰყავდა. გიორგი მარტყოფლიშვილთან ორი შვილი გაუჩნდა. ბავშვების მამა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელია, ალიმენტის გადახდაზე უარს აცხადებს და დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს.

 

ნუკი კახაძე მარტყოფლიშვილების ოჯახის სკანდალური დეტალებით:

 

_ ნუკი, როგორ გაიცანით გიორგი მარტყოფლიშვილი?

_ გიორგი სამსახურში გავიცანი, თავიდან ვმეგობრობდით. ერთი ჩვეულებრივი, კეთილი ბიჭი იყო.

_ სად მუშაობდით?

_ სილამაზის სალონში… „ნახალოვკაში“.

_ მარტყოფლიშვილები „ნახალოვკაში“ ცხოვრობენ?

_ კი, იქ ცხოვრობენ.

_ რომელი წელი იყო?

_ მეხუთე წელი დაიწყო… ე. ი. 2012 წელი… როცა გიორგის ოჯახში ჩვენი ამბავი გაიგეს, ძალიან დიდი სკანდალი ატყდა, მემუქრებოდნენ, სამსახურსა და სახლში მივარდებოდნენ, რადგან ქმარს ვიყავი გაშორებული და შვილი მყავდა. ჩვენი ურთიერთობის ძალიან წინააღმდეგი იყვნენ, შვილს მიწყევლიდნენ… ერთხელ სამსახურში პატრულიც კი გამოვიძახე…

_ ვინ აკეთებდა ამას?

_ გიორგის დედა და თავისი და…

_ რომელი და?

_ ნინო მარტყოფლიშვილი, სოსოს ცოლი თეაც მოვიდა, ისიც დამემუქრა, თუ ცოლად გავყვებოდი მის ძმას, _ საერთოდ დავკარგავ ჩემს ძმას, შენ  ჩვენი ოჯახის შესაფერისი არ ხარო. დამიწუნეს…

_ რა ოჯახი ჰქონდათ ასეთი? 2012 წელს გოგაშვილი ვინ იყო? ბორდიურზე აბირჟავებდა „ქართული ოცნების“ ოფისთან.

_ თვითონ სოსო გოგაშვილი ჩემთან, სილამაზის სალონში, გიორგიმ გამოაგზავნა, რომ გამელამაზებინა. მახსოვს, როგორ დახეული „კეტებით“ მოვიდა თავდახრილი, მორცხვად. როცა მოვემსახურე, თმები გავუკრიჭე, დავემშვიდობე, ვუთხარი, _ გიორგიმ დაგპატიჟათ-მეთქი. ბედნიერი იყო, 5 ლარი რომ არ გადაიხადა. მაშინ მაგისთვის ის 5 ლარიც რაღაცას ნიშნავდა.

_ მაშინ სოსო გოგაშვილი რას საქმიანობდა?

_ თვითონ არაფერს, როგორც მისი სიდედრი ნაირა ამბობდა, სოსო მაგათი ოჯახისთვის შემარცხვენელი, თეას დამღუპველი, სამარცხვინო სიძე იყო. ერთი პერიოდი სახლიდანაც კი გააგდეს,  უქნარა და უმაქნისი იყო. მერე ქირით ცხოვრობდა. ხორცს ყიდდა. თეა იქვე, ჩემს სალონთან მუშაობდა, ხილ-ბოსტნის მაღაზია ჰქონდა, მამამისსაც ჰქონდა ხორცის მაღაზია, ყასაბი იყო თუ რაღაცა, მე მგონი.

სანამ გავიგებდი, გიორგის და იყო, მანამდე ვნახულობდი ხოლმე თეას ხილ-ბოსტნის მაღაზიაში, ბოსტნეულს ყიდდა. თეაც ძალიან საცოდავი იყო, კაპიკებს ითვლიდა, გასარეცხ პომიდორს შარვალზე იპრიალებდა და ისე ჭამდა და კბეჩდა.

_ მერე როგორ განვითარდა მოვლენები?

_ გიორგი საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. მასთან რომ მივსულიყავით და გვეცხოვრა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ორსულობისას თეა და მისი დები სახლში მივარდებოდნენ, მეზობლებთან მარცხვენდნენ, ყვიროდნენ, ჯადო გაუკეთა ჩემს ძმასო. როდესაც სილამაზის სალონში პატრული გამოვიძახე, ხელწერილი ჩამოართვეს, რომ ჩემს სიახლოვეს არ უნდა მოსულიყვნენ.

_ ვის ჩამოართვეს ხელწერილი, დედამისს, თუ?

_ ნაირასაც და ნინოსაც… სოსო მოვარდა, მაშინ კახეთში პოლიციაში მუშაობდა, ახალი დანიშნული იყო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ახალი დაწყებული რომ ჰქონდა სამსახური, მახსოვს. ნაირა ყვიროდა, _ ჩემი სიძე მოვა ახლა და ყველას დაგიჭერთო. სოსოც მოვიდა და მაშინ სიტუაცია დააწყნარეს. გოგაშვილს სკანდალის შეეშინდა, მერე მეორეჯერაც განმეორდა ეს ყველაფერი და იძულებული გავხდი, იმ სამსახურიდან წამოვსულიყავი, ძალიან მრცხვენოდა უკვე იქ მუშაობა. დედამისი ჩემს სადარბაზოსთან იდგა ხოლმე, როცა გამოვიდოდი, წიხლის მუცელში ჩარტყმას აპირებდა, რომ მუცელი მომშლოდა. რამდენჯერმე მეზობელმა გადამარჩინა. მითხრა, _ „მარშრუტკაში“ არ ახვიდე, ნაირა იქ გელოდება, რომ ასეთი რაღაცა გააკეთოსო.

_ გიორგი ამ დროს რას აკეთებდა, როცა მისი დები და დედა ასე იქცეოდნენ?

_ გიორგი ვერაფერს ვერ შვრებოდა, ლაპარაკითაც ელაპარაკა, ეჩხუბა კიდეც, მაგრამ არაფერმა გაჭრა. თავიდან მაგ თემაზე მეც ვეკამათე გიორგის, _ როგორ შეიძლება, შენი ოჯახის წევრები ვერ გააჩერო, აუხსნა და უთხრა, რომ ერთმანეთი გვიყვარსო. _ შენ არ იცი, ესენი რა ხალხი არიან, მაგათთან ვერაფერს გახდებიო. ნაირამ და მისმა ქალიშვილებმა იჩხუბეს, იყაყანეს, მლანძღეს და მერე თავი დამანებეს. სოსოს დახმარებით საყოველთაო დაზღვევიდან ამომიღეს, რომ მშობიარობისა და ექიმის კონსულტაციის ფული არ მქონოდა. ფეხმძიმობაში მოვაწერეთ ხელი, ხელის მოწერაზეც ერთი ამბავი იყო, _ ხელი არ მოუწერო, სახლიდან წილს მოგვთხოვსო, ჩემი სამსართულიანი სახლი მაგისთვის არ ამიშენებიაო! _ გაჰკიოდნენ. ასეთი მეშჩანები არიან. მე გიორგი სახლის გამო არ შემყვარებია.

მერე გიორგი ბათუმში წაიყვანეს, თავისმა დამ დაურეკა და მოტყუებით წაიყვანა, _ ჩამოსვლა მინდა და საჭესთან ამხელა გზაზე მარტო ვერ დავჯდებიო… ვითომ მეორე დღესვე უნდა წამოსულიყვნენ და ისე გააკეთეს, რომ რამდენიმე დღე გიორგი ვერ ჩამოვიდა…

_ ეს რომელი და არის?

_ ნათია…

სულ ხუთი და ჰყავს… ნათია ცოტა გაურკვეველი წარსულის მქონე გოგოა. მშობლებმა ისიც უარყვეს, სახლიდან გააგდეს, როგორც მე. მაგასაც არ აქვს თავის მშობლებთან კონტაქტი, ახლა მესამედ გათხოვდა, „ნახალოვკაში“ ისიც ქირით ცხოვრობს, ამასაც თეა ეხმარება, ქირას უხდის და ოჯახს უნახავს, ამასაც უვარგისი ქმარი ჰყავს. როგორც ვიცი, მაგის ქმარიც დაიჭირეს, თუ რაღაც სკანდალებში იყო, მერე მაგასაც დაეხმარნენ და გამოიყვანეს.

გიორგი რომ ბათუმში წავიდა, ეს ნინო ურეკავდა, თავისი და, რომ ვიღაც ბიჭთან ერთად იდგაო… მე მაღაზიაში გავდიოდი და იმან გამოიარა, ჭორებს მიყრიდნენ, რომ გიორგის შევძულებოდი.

გიორგი რომ ბათუმში დაიგულეს, მამამისი და თავისი მეგობარი ტაქსის მძღოლი (მამამისი ტაქსისტია, „ნახალოვკაში“ დგას ხოლმე), სილამაზის სალონში შემოვიდნენ და მე მიკითხეს. სანამ თანამშრომლები პასუხს გასცემდნენ, მე ისე ვიჯექი, ბალიში მედო, რომ მუცელი არ მეტყობოდა და, _ არა, დღეს ცუდად არის და ხვალ არ იქნება, თუ გნებავთ, სხვასთან შეიჭერით თმები-მეთქი. ვითომ ვერ მივხვდი, რომ მე მეძებდნენ. მერე შევედი და შიგნით დავიმალე. ჩემი უფროსი გაიყვანეს, ახალგაზრდა ბიჭია, ეს უკვე მეორე სამსახურში (წინაში რომ შემარცხვინეს, მერე გვერდით სალონში დავიწყე მუშაობა) და უთხრეს, რომ მოგიკლავთ და აქ დაგიგდებთო. მასაც ძალიან შეეშინდა, _ ნუკი, ძალიან გემუქრებიან და რამე არ დაგიშავონ, ასე მითხრეს, რომ „კისლატას“ შევასხამთ სახეში, დავამახინჯებთ. ძალიან გემუქრებიან და ისეთი ზურგი ჰყავთ, გამკეთებლები არიან, ფრთხილად იყავიო.

მართლაც მეშინოდა სახლიდან გამოსვლა, კლიენტები სახლში მაკითხავდნენ. გიორგი „ასკანელებში“ მუშაობდა, კონიაკის მასალას ადუღებდა, ძალიან ვწვალობდით. ფსიქოლოგიურად მაშანტაჟებდნენ, ღამით მირეკავდნენ, ხელი გვქონდა მოწერილი, ორსულად ვიყავი, ერთად ვცხოვრობდით და მირეკავდნენ, _ ცოლი მოჰყავს, დავნიშნეთ, ვაი, რა ცოდო ხარ ახლა, მარტო რომ დარჩები, შენს შვილს გვარი არ ექნებაო… მოკლედ, ეს ბავშვი უარყვეს და ჩემზეც უარი თქვეს. ბავშვი დაიბადა. არ ნახეს. 8 თვე არ ჰყავდათ ნანახი. 8 თვის იყო, როცა გიორგიმ მითხრა, _ ჩემებს უნდათ ბავშვის ნახვაო. ისეთი გახარებული იყო, უარი ვერ ვუთხარი და წაიყვანა. იმის მერე ნახულობდნენ. დედ-მამამ მითხრა, ფეხის თითი მაჩვენეო. საგვარეულო, რაღაცნაირი თითები აქვთ და რადგანაც ჩემს შვილსაც იმათნაირი ფეხის თითი ჰქონდა, აღიარეს. მაშინ ბავშვი მიიღეს და ურთიერთობა ჰქონდათ, მიჰყავდათ და ნახულობდნენ, მერე მეც მიმყავდა და ვუტოვებდი, როცა სამსახურში მივდიოდი, მაგრამ მერე რა მოხდა, არ ვიცი. ერთხელ დედამისმა ნათესავის პანაშვიდზე არ შემიშვა და იქიდან რომ წამოვედი, გაბრაზებულზე გიორგის ვუთხარი, _ შენ უნდა წახვიდე, იმიტომ, რომ იქ ხმა ვერ ამოიღე, ჩემთვის მოგეკითხა და წამოგეყვანე-მეთქი. გიორგის ბარგი ჩავულაგე და გავუშვი. როგორც ჩანს, თეა ამუშავებდა, _ თუ მაგას არ შეურიგდები, დაგაწინაურებენ და მაგრად იქნებიო. დედაჩემმა გიორგის მანქანა უყიდა, მაგრამ როცა წავიდა, მანქანა, რა თქმა უნდა, დატოვა, „მარშრუტკით“ დაიწყო სიარული სამსახურში. მერე რახან დავშორდით, გიორგიც ორ თვეში დააწინაურეს.

_ ნუკი, სად დაიწყო მუშაობა, როცა დააწინაურეს?

_ ჩიტაძეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში.

_ მართლა?

_ მანქანაც მისცეს… იმას რომ მიაღწია, რასაც დაჰპირდნენ, შემირიგდა. მერე თეა ურეკავდა, სოსოს ცოლი, _ რატომ შეურიგდი, შენ რას შემპირდი, მე შენ სამსახურს დაგაკარგვინებო! ასე გრძელდებოდა და აგლეჯდნენ ნერვებს. გიორგი ამბობდა, _ არ მაინტერესებს სამსახური, სამსახურზე ძვირფასი ჩემი ცოლ-შვილი არისო. მერე უკვე ახალი თემა დაიწყო, მეორე შვილს ხომ არ აჩენსო? თეას არ უნდოდა ჩვენი მეორე შვილი, რომ ოჯახი უფრო არ გამყარებულიყო. რა ეგონა, ორ და სამშვილიანი ოჯახები არ ინგრევა თუ რა? მაგრამ მაგაზეც ძალიან იბრძოლეს. ბოლოს უკვე საშინლად დაგვეძაბა მე და გიორგის ურთიერთობა იმიტომ, რომ მაქსიმალურად აკონტროლებდნენ. ჩვენ არ ვიყავით ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც თავიდან. ვუთხარი კიდეც გიორგის, _ როგორმე დაალაგე ყველაფერი-მეთქი. ლაპარაკით რომ ვერაფერს გავხდი, მოთხოვნაზე გადავედი, _ თუ ოჯახი პირველ ადგილზე არ იქნება და შენთვის სხვები უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ მირჩევნია, დავიშალოთ-მეთქი.

_ ამ დროს მეორე შვილი უკვე გყავდათ?

_ არა, ორსულად ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი. როცა წავიდა, ხუთ დღეში თუ ერთ კვირაში გავიგე. ბოლოს 25 მარტს ვნახე და 15 აპრილს უკვე განქორწინებაზე შეიტანა, მაგრამ ამ შუალედში ჯოჯოხეთი გადავიტანე. მირეკავდა და მეუბნებოდა, _ ქვეყნიდან გავდივარ და სასწრაფოდ განქორწინება უნდა გავაკეთოთო. _ განქორწინება ქვეყნიდან გასვლაში რატომ გიშლის ხელს-მეთქი? იუსტიციის სახლში უნდოდა წავსულიყავით და უბრალოდ, ხელი გაგვეწერა. _ არა-მეთქი, თუ განქორწინება გინდა, სასამართლოს მიმართე, იქ გადაგიწყვეტენ ალიმენტს და ბავშვის ნახვის დღეებსაც-მეთქი. მერე ვიღაცას დაარეკინა, ადვოკატი არ იყო, ისე მელაპარაკა, ისე დამემუქრა, _ პროცესზე ყველაფერი შენი გადასახდელი იქნება, რომ ხელს გააწერო! უარი ვუთხარი. ისე დამემუქრა, რომ… არ იყო ადვოკატი,

სპეციალურად დაარეკინეს. მაშინ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მეგონა, უბრალოდ, ალიმენტზე უნდოდა თავის არიდება, მაგრამ ახლა ვხვდები, რაც მაგათი მიწებისა და ქონების ამბები გამოაშკარავდა, ე. ი. ვფიქრობ, რომ უნდოდათ, გიორგიზე რაღაც ქონება გადაეფორმებინათ და ჩემთან ქორწინება ხელს უშლიდათ, რომ მე მოწილე არ ვყოფილიყავი. მაგიტომ იყო, რომ მსტრესავდნენ. რაც შეეხება ჩემს განქორწინებას, არც ამას ეშველა. ერთი წელი იწურება, ჯერ სხვა მოსამართლეს ეწერა, მერე მოსამართლეები გადაანაწილეს და სხვას დაეწერა…

_ ახლა მოსამართლე ვინ არის?

_ ზოია კვარაცხელია. მოსამართლე ხომ მაქსიმალურად იმათ მხარეს არის, მე ტკბილი სიტყვით მეუბნება, _ ვაი, აი, როგორ არის, როგორ გიჭირს და ისა, იქნებ, ისე მაინც რამით დაეხმაროს, სანამ ეს მოგვარდებაო. დნმ-ის ანალიზი მოითხოვა. სხვათა შორის, სულ უჩიჩინებდნენ და ახსენებდნენ, დნმ-ის ანალიზი გააკეთეო _ პირველზეც და მეორეზეც, მაგრამ მეორე ბავშვი საერთოდ არ უნახავთ. დნმ-ის ანალიზი რომ ჩავატარე, მაშინ თვითონ იყო გიორგი და დაინახა, თორემ ოჯახის წევრებს არ უნახავთ… არანაირი წერილობითი სახით სასამართლოდან საბუთი არ მომსვლია, რომ ეს დნმ-ის ანალიზზე გადაიგზავნა. რაც „რუსთავი 2“-მა ჩემი პრობლემა გააშუქა, დოკუმენტების ასლები და ამონაწერები მერე მოვიტანე, მანამდე არ მაძლევდნენ. სასამართლოზე ითქვა, რომ თუ დნმ-ის ანალიზზე ჩემი მხარე არ გამოცხადდებოდა, გავმტყუნდებოდი, თუ გიორგის მხარე არ გამოცხადდებოდა, ის გამტყუნდებოდა. რა თქმა უნდა, როცა ერთი პროცენტით მაინც გეპარება ეჭვი, რომ მტყუანი ხარ, რაღაც შეიძლება ისე არ იყოს, არ მიხვალ, დნმ-ის პასუხსაც და ხარჯებს თავს აარიდებ. ჩემთან ისე მოხდა, რომ არ დამირეკეს, არც შეტყობინება გამომიგზავნეს. მე ვრეკავდი, ჯერ ძლივს გადაიგზავნა და ძლივს ჩაინიშნა. ყოველდღე ვრეკავდი, ჩემს ადვოკატსაც ვარეკინებდი და მეც ვრეკავდი ცხელ ხაზზე. ასე შევიტყვე, რომ დაბარებული ვიყავი. მითხრეს, რომ თქვენთანაც და ბატონ გიორგისთან მიმართვა გამოგზავნილია და ერთდროულად ხართ დაბარებულებიო. როცა მივედი, ყველას გაუკვირდა, არავინ მელოდებოდა. აღმოჩნდა, რომ გიორგი მისული იყო, _ მე უკვე ვიყავი, აღებული მაქვს დნმ-ის ნიმუშიო. გაყალბებისაც მეშინოდა, მეგონა, იქაც ჩაერეოდა სოსო, მაგიტომ ვფრთხილობდი ასე. როცა თქვა, მე უკვე აღებული მაქვსო, ვკითხე, _ როდის იყავი-მეთქი? _ ერთი კვირის წინ დამირეკესო. თვითონ ექიმსაც გაუკვირდა, _ რანაირად დაგირეკეს, ჩვენთან არ რეკავენ, ოფიციალურ წერილს აგზავნიანო. _ ჩემთან არც დაურეკავთ და არც წერილობით მოსულა არაფერი, რანაირად, რატომ არ მომივიდა-მეთქი? _ არ ვიცი, უნდა მოსულიყო, გამოგზავნილი იყო, მე დამირეკეს და წერილობითაც მომივიდაო.

ექიმმა თქვა, _ კარგი მაშინ, რადგან თქვენ უკვე აღებული გაქვთ, ბავშვებს და დედას ავუღებთო. მე ვუთხარი, _ ერთი წუთით, გენაცვალე, მე ზუსტად ვიცი, ჩემი შვილები არიან და ეჭვი არ მეპარება, მამას და შვილებს აუღეთ-მეთქი. შემდეგ ჩემს ადვოკატს დავურეკე და ერთი ამბავი ავტეხე. მერე სხვანაირად დამელაპარკნენ, _ კარგით, რადგან სასამართლოდან არის გადმოგზავნილი, თავიდან ავუღებთო. ამ ფაქტის მცდელობაც იყო. მე როგორ გავიგებდი, მანამდე ვის აუღეს და ვის _ არა? იმედი მაქვს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამაზე არ წავა, რომ ექსპერტიზის შედეგები გააყალბოს. მაშინვე ალტერნატიულს დავნიშნავ, ლიცენზიას დაკარგავს და დასაჭერსაც დაიჭერენ. არ მგონია, რომ გარისკონ, თან როცა უკვე ტელევიზიით გაშუქდა… იბრძოდნენ, რომ იქამდე არ მივსულიყავი. თვითონაც გაუკვირდათ, როცა მივედი.

_ ახლა გიორგი სად მუშაობს?

_ გიორგი ისევ იქ არის, შს სამინისტროში.

_ მისი ოჯახი რას ამბობს? არ უნდათ, ბავშვებს ალიმენტი გადაუხადონ და არ უნდათ, რომ თავისი წილი მისცენ იმ ქონებიდან, რაც გერგებათ, ხომ?

_ მაგის გამო არც ნახულობენ ბავშვებს. თავიდან ვურეკავდი და თუ ჩემთან კონტაქტი არ უნდოდა, არც ალიმენტზე მქონდა პრობლემა. რისი საშუალებაც ექნებოდა, ის რომ გაეკეთებინა ბავშვისთვის და სიყვარულით მიეხედა, ეს მინდოდა. ერთხელ დავურეკე, _ ვაჩე ტირის, მე სახლში არ ვარ, სამსახურში ვარ, აქვეა, წაიყვანე და ნახე-მეთქი… ამასაც არ აკეთებდა. იმდენად უნახავი რომ ხარ, მთელი ცხოვრება არაფერი გაგაჩნია, რაღაცას რომ „მიაღწევ“ და ფრთებს გაშლი, ეს დაემართა მთელ ოჯახს. ახლა სოსო მაგათთვის ღმერთია, ადრე მათხოვარი და უვარგისი იყო, მაგრამ მაგათთვის დღეს საფიცარი სიძე გახდა. ეს დაემართა გიორგისაც _ ყველაფერი წინ დააყენა, ვიდრე ოჯახი და მაგიტომ არ გვნახულობს. მერე საყვარელიც გაიჩინა, იმისი ქმარი პატიმარი იყო. გამოვიდა იმ გოგოს ქმარი, გაიგო ეს ამბავი და იმის ქმართანაც შეტაკება ჰქონდა. რა თქმა უნდა, ისიც შეაშინეს და ახლა იმ გოგოსთან ერთად არის.

_ აუწყვია საქმე… მერე თეა რას ამბობს?

_ თეამ იმასაც მოუწყო სკანდალები.

ჰოდა, ასე, სუს-ის უფროსის მოადგილის ცოლი დადის ქუჩა-ქუჩა, დასდევს მისი ძმის პირად ცხოვრებას. თავისთან ერთად კიდევ ერთი და _ ქეთი მარტყოფლიშვილია დასაქმებული, ეგ არ გამოჩენილა არსად.

_ კიდევ ერთი და? სად ჰყავს ეს ქეთი დასაქმებული?

_ ქეთი იქ ჰყავს, თავისთან, სადაც თვითონ მუშაობს _ თეას ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. ტელეფონზე ლაპარაკის ხომ მეშინოდა თავიდან, თავისუფლად ვერავის ველაპარაკებოდი, გიორგი მეუბნებოდა, ტელეფონზე მაგას ნუ მეუბნები, იმას ნუ მეუბნებიო. ძალიან დაძაბული ვიყავი, ძალიან. ყველაფერს უსმენდნენ, ცოლ-ქმარს ერთმანეთთან შეხუმრებაც გვქონდა და თუ რაღაცას მეტყოდა, ვუპასუხებდი, _ ნუ მელაპარაკები, ისინი გვისმენენ-მეთქი. იმათზე, რა თქმა უნდა, კარგს არ ვლაპარაკობდი და ისმენდნენ. მერე, ეტყობა, გიორგი ისჯებოდა ხოლმე მაგის გამო. ერთხელ ვუთხარი, _ იცოდი, თურმე, სოსოს „ანტრიკოტას“ ეძახიან-მეთქი?.. _ ჩუმად იყავი, ერთმაც თქვა იქ და სამსახურიდან გააგდეს, შარს არაფერს გადაეყაროო.

_ წარმოგიდგენია, რა ხალხთან გქონდათ საქმე?

_ თუ სოსო ამდენს მიაღწევდა და ყველას ასე დააშინებდა, რას ვიფიქრებდი. თავიდან გიორგის ძალიან ვეხვეწებოდი, არ გინდა მაგათი სამსახური, შეეშვი-მეთქი, ისე გვიყვარდა ერთმანეთი, მეგონა, ჩვენ თვითონ რაღაცას შევქმნიდით, მაგრამ… ახლა კანონიერად ისევ ცოლ-ქმარი ვართ, განქორწინება არ გვაქვს.

ფერი ჰქონდა დაკარგული, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა რომ დაწერა, პროცესს უნდა დავესწროო. არ დაასწრეს კამერით, ისე დაესწრო, მაგრამ… მომდევნო პროცესი 10 მაისს, 17 საათზეა. იმედია, ჟურნალისტები მოვლენ და მოსამართლე ვეღარ გაბედავს სოსო გოგაშვილის დავალებით უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას. წლების განმავლობაში ამ ოჯახმა კოშმარი გამომატარა, _ ამდენი ლანძღვა, შეურაცხყოფა. თავიდან ვფიქრობდი, მამობის უფლებას ჩამოვართმევ-მეთქი, მაგრამ მაგასაც ეს უნდა. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ბავშვებს ალიმენტი დაენიშნოს. მამამ მათ აღზრდაში იძულებით, მაგრამ მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა და მერე უკვე მორალური ზიანისთვის ცალკე სარჩელი უნდა შევიტანო სასამართლოში.

წარმოიდგინეთ, თავიანთ სისხლსა და ხორცს რომ ასე ექცევიან, ჩემსას რომ ასე ექცევიან, თქვენსას რატომ არ მოექცევიან სასტიკად? სხვისას რატომ დაინდობენ? ფულმა სულ გააგიჟა და გადარია მთელი ოჯახი.

უნახავმა რა ნახაო და… ზუსტად ასეა ამათი საქმე. სოსო მუშაობას რომ იწყებდა, მისი სიდედრი ამბობდა, დასაჭერი ხალხის სიით მიდის იქ, ბარეორს ეტირება აწი ყოფაო. ამ მორალის ადამიანებთან მქონდა საქმე ხუთი წლის განმავლობაში.

 

ელისო კილაძე