მაია გოგაშვილის კომფორტის ზონა

„ანტრიკოტას“ თემა არ წყდება და ამ პერსონის ქონებრივი დეკლარაციის განხილვა კვლავაც აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ მის საქმიანობას ფარდა აეხადა, რომელიც ქონების გადამალვას ეხება, იგი მაინც ხელშეუხებელია და თავისი კომპრომატების წყალობით სკამსაც ისევ თბილს ტოვებს.

ამჯერად „კომფორტის ზონის“ გამოსაკვლევად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დის სახლისკენ გავემართე.

სანამ მასალის მოსატანად წავიდოდი, „ანტრიკოტას“ „გასუფთავებულ“ წარსულსა და დეკლარაციაში უშედეგოდ ვეძებდი მისი ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას. კარგად უმუშავიათ!

ახლა კი უშუალოდ იმაზე, თუ სად მდებარეობს „ანტრიკოტას“ დის „კომფორტის ზონა“ და როგორ „ეხმარება“ იგი თავის კვლავაც სიღარიბეში მცხოვრებ უფროს დას…

სოსო გოგაშვილის დის სახლისკენ მიმავალს მეგონა, რომ ან კორპუსის ბინა დამხვდებოდა, ანდაც კერძო სახლი, რომელიც, მინიმუმ, ერთსართულიანი და მოწესრიგებული მაინც იქნებოდა.

გავიგეთ მისამართი და სწორედ ლეჩხუმის ქუჩისკენ გავემართე.

ლეჩხუმის ქუჩა ნაძალადევის რაიონში, მეტრო „ნაძალადევთან“ ახლოს მდებარეობს. როგორც კი მეტროდან გამოხვალთ, გეზი მარცხნივ, გლდანისკენ მიმავალი გზისკენ უნდა აიღოთ, რამდენიმე ასეული მეტრის, დასასვენებელი ბაღის, სკოლის შენობისა და მაღაზიების გავლის შემდეგ პატარა სკვერი შემოგხვდებათ, რომელიც მუდმივად სავსეა საქანელაზე მსხდომი ბავშვებითა და მათი მშობლებით, თუმცა მთავარი სწორედ ამ ბაღის უკანაა და ადგილზეც სწორად მივედით.

იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტებითაც დასტურდება და ჟურნალისტური გამოძიებითაც ვიცი, _ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ცოლისდების სახელზე საკმაოდ დიდი ქონება აქვს გაფორმებული, მეგონა, საკუთარ დასაც შესაბამისად ეხმარებოდა და მატერიალურად უჭერდა მხარს, თუმცა შევცდი. მეტიც, ნანახით გავოცდი!

კვირას, შუადღის 16:00 საათი იქნებოდა, როცა სწორედ იმ ქუჩას დავადექი, სადაც გოგაშვილის დის სახლი მეგულებოდა. მივედი სკვერთან, რომელიც, როგორც ყოველთვის, მშობლებითა და პატარა ბავშვებით იყო ათვისებული და ასფალტის გზას #3 ბინისკენ დავადექი.

ვიცოდი, რომ გოგაშვილის სიძე გვარად ხუციშვილი გახლდათ, ამიტომ სწორედ ამ გვარით ვეძებდი აღნიშნულ ქუჩაზე კონკრეტულ სახლში მცხოვრებ ინტერესის ობიექტებს.

ქუჩა კერძო სახლებით მჭიდროდ დასახლებულ უბანს წარმოადგენს, რომელზე განლაგებულ ზოგიერთ სახლსაც პატარა ეზო ამშვენებს.

ჩემ წინ, ამავე ქუჩაზე, შავთმიანმა, საშუალო სიმაღლის ქალმა ჩაიარა, რომელსაც მხარზე პატარა, ტყავის შავი ჩანთა ეკიდა და ღვინისფერი ნაქსოვი ზედა ეცვა.

ქუჩის კუთხეში „მერსედესის“ ფირმის მანქანა ეყენა, სადაც შუახნის ქალბატონი და მამაკაცი ისხდნენ. გამოველაპარაკე:

_ უკაცრავად, ამ ქუჩაზე ცხოვრობთ?

_ დიახ.

_ #3-ში მცხოვრებლებს თუ იცნობთ? ხუციშვილები უნდა იყვნენ.

_ არ ვიცი, შვილო, აქ ყველა ნაქირავებშია და თითქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს.

_ გმადლობთ, _ გზა გავაგრძელე.

წინ მიმავალ ქალბატონს არც კი გამოუხედავს უკან და სწრაფი ნაბიჯებით აგრძელებდა სიარულს. მარჯვენა მხარეს საკუთარი სახლის ეზოში მჯდომი კაცი შევნიშნე და მასთან მივედი:

_ გამარჯობა, ამ ქუჩაზე #3 სახლს ვეძებ, ხუციშვილები ცხოვრობენ, რამდენადაც ვიცი, არა?

_ კი, აი, ის ქალბატონი ცხოვრობს მანდ, _ მითხრა და ხელით სწორედ ჩემ წინ მიმავალ ქალზე მანიშნა.

_ მაია, შენთან არიან, _ ხმამაღლა დაიყვირა ქალბატონის მიმათულებით.

მაიამ ყველაფერი გაიგონა, გამოიხედა, ხელი ჩაიქნია და ეზოში შევიდა.

_ არ ვიცი, ბიძია, იმ ქალთან მიდი, ახლა რომ ეზოში შევიდა, მისი ქმარია ხუციშვილი.

_ გმადლობთ-მეთქი _ და იმ ქალბატონისკენ გავემართე.

სახლების წინ ჩამწკრივებულ მანქანებში გზა გავიკვლიე და იმ აგურის ერთსართულიანი სახლისკენ გავემართე, რომელშიც ეს ქალბატონი შევიდა. სახლი შეულესავი, ძველი აგურისგან ნაგებ ნაცრისფერკარიან შენობას წარმოადგენდა, რომლის გარეთაც, მარცხენა მხარეს, სამი მეზობელი იდგა.

_ ქალბატონო მაია! _ ვეძახი სახლისკენ მიმავალ ქალს, რომელიც არც შემოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა სახლში.

კართან მივედი და ახლა ხმამაღლა დავიძახე, _ ქალბატონო მაია!

ქალბატონი მაიაც სწრაფად გამოვიდა.

_ არ ვაკეთებ კომენტარს, _ უცებ მითხრა კარიდან გამოსულმა, შავგვრემანმა და ნაადრევად დანაოჭებულსახიანმა ქალბატონმა.

_ კი მაგრამ, თქვენ ხომ სოსო გოგაშვილის და ბრძანდებით, სულ ორიოდე კითხვა მაქვს, გპირდებით, დიდ დროს არ წაგართმევთ.

_ არ მაინტერესებს, მიბრძანდით, _ მარცხენა ხელი ასწია და უნდოდა, მხარზე ეკრა, მაგრამ რაღაცამ შეაჩერა, _ მიბრძანდი ახლავე!

_ კი ბატონო, მაგრამ რატომ ასეთი აგრესია?! რა მოხდა?

_ საიდან ხართ თქვენ?

_ „ქრონიკა+“-დან.

_ ჰოდა, უთხარით, ჯერ კარგად დაგარიგონ ყველაფერი და მერე მოდით, ახლა კი მიბრძანდით აქედან! _ თქვა და კარის უკან გაუჩინარდა.

არ ვიცი, მსგავსი კატეგორიული უარი და გაცხარება რამ გამოიწვია, მაგრამ აგრესია ცალსახა იყო. არა უშავს, მივხვდი, რომ და მაინც არაფერს იტყოდა ისეთს, თავისი ძმის რეპუტაცია შეელახა, მიუხედავად იმისა, რომ მილიონერი ძმის უფროსი და შვილებთან ერთად ამდენი წლის მანძილზე გაჭირვებაში ცხოვრობდა.

გზის მეორე მხარეს გადმოვედი, სახლს ფოტოები გადავუღე, ირგვლივ არავინ იყო, გარდა ხსენებული ქალბატონი მაიას სახლის გვერდზე მსხდომი სამი მეზობლისა, რომლებიც ყველაფრის შემსწრე გახდნენ და გადავწყვიტე, მათთან მივსულიყავი.

ახლა იქვე მსხდომ მეზობლებთან გადავედი, რომლებიც, რა თქმა უნდა, ეჭვის თვალით მიყურებდნენ, _ ვინ არის ასეთი, მაიამ რომ გააგდოო? _ თუმცა, შესაძლოა, მე პირველი არ ვყოფილვარ და მსგავს შემთხვევას ადრეც ჰქონია ადგილი.

მაიას სახლის მეზობლად, მარცხენა მხარეს, 3 მეზობელი იჯდა, აქედან ორი ქალბატონი და ერთი _ შუახნის მამაკაცი. ჯერ წითელხალათიანი და მაკიაჟიანი, შედარებით ახალგაზრდა ქალბატონი იჯდა, შემდეგ შუახნის ასაკს გადაცილებული, შავებში ჩაცმული ქალბატონი და ბოლოს ასევე შუახნის მამაკაცი, რომელსაც ხმაც კი არ ამოუღია:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, „კომფორტის ზონაზე“ ვწერ. იცნობთ, ხომ, ქალბატონ მაიას?

_ მაიას როგორ არ ვიცნობთ, _ კარგად ათვალიერების შემდეგ სინქრონში მიპასუხეს წითელხალათიანმა და შავებით შემოსილმა ქალბატონებმა.

_ იცით, ხომ, ვისი დაც არის?

_ კი, ვიცით, სოსო გოგაშვილის.

_ მერე, ესენი აქ ცხოვრობენ? არ ეხმარება სოსო?

_ შვილო, 23 წელია, მე აქ ვცხოვრობ და 23 წელია, ისინიც აქ არიან, _ მიპასუხა შავებში ჩაცმულმა, შუაში მჯდომმა ქალმა.

_ ძალიან კარგი ოჯახია, პატიოსნად შრომობენ, მეუღლესთან და შვილებთან ცხოვრობს, _ დაამატა წითელხალათიანმა.

_ თვითონ სოსო არ მოდის? არ აკითხავს ხოლმე თავის დას?

_ მე თვალით არ მინახავს, _ თქვა შავსამოსიანმა.

_ სოსოზე არაფერი ვიცით, _ დაამატა წითელხალათიანმა, თან შავკაბიანს ზურგზე წაუთათუნა ისე, რომ ანიშნა, მეტი არაფერი თქვა სოსოზეო.

_ შეგიძლიათ თავისუფლად მელაპარაკოთ, არავის იდენტიფიცირებას არ ვახდენ. ანუ არ ეხმარება დას და დისშვილს სუს-ის უფროსის მოადგილე?

_ არაფრითაც არ ეხმარება. ხომ ხედავთ, როგორც ცხოვრობენ, _ მიპასუხა წითელხალათიანმა.

_ მეტს ვერაფერს მეტყვით მათზე?

_ არა, სულ ესაა, კარგად ბრძანდებოდეთ, _ თავი ჩახარეს, თითქოს უკვე გამისტუმრეს.

_ გმადლობ-მეთქი და წამოვედი.

როგორც კი უკან მოვტრიალდი, კარიდან ისევ გამოვიდა ქალბატონი მაია, ალბათ, არ იცოდა, რომ კიდევ იქ ვიდექი, შემომხედა, ხმა არ ამოუღია. ქუჩის შუაში გავიდა და გზას დაუწყო ყურება. თვალზე ზემოდან ჩამოიფარა ხელი, თითქოს შორიდან მომავალს ელოდებოდაო, გვერდით ჩავუარე, არც შემიმჩნია.

ცოტა ხანს ასე იდგა, მერე გაუჩინარდა.

ისედაც ვიწრო და პატარა ქუჩაზე მხოლოდ ეს სამი ადამიანი იჯდა გარეთ. მეტი არავინ იყო.

მაინც საოცარია ეს თბილისი, გვერდით მცხოვრებ მეზობელსაც კი არ იცნობ ზოგჯერ. რატომ?!

თბლისში ერთმანეთს რომ არ იცნობენ მეზობლები, იმაზე საოცარი თავად „კონკია“ სოსო გოგაშვილის ამბავია, რომელიც 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტამდე სოციალურად დაუცველთა სიაში იყო და საარსებო შემწეობას იღებდა. ზუსტად ამ პერიოდში ოჯახის წევრის მატებისა და მათი 5-წევრა ოჯახად გახდომის გამო საარსებო შემწეობის სახით ისინი 126 ლარს იღებდნენ, თუმცა, მოულოდნელად, ყველაფერი შეიცვალა და უკვე მილიონერად ქცეული, გამდიდრებული გოგაშვილი ახლა თავად არ სწყალობს თავის უფროს დას, რომელიც ნაძალადევში, გაჭირვებაში ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაინც ორიოდე სიტყვა თავად სოსოზე, როგორც „ანტრიკოტაზე“:

ვინ იყო სოსო გოგაშვილი? იგი ჯერ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გახლდათ, შემდეგ საკუთარი მცირე ბიზნესის მფლობელი იყო, მერე ასპარეზზე ივანიშვილი გამოდის და ჩვენი „ანტრიკოტაც“ მცირე ჯგუფთან ერთად სამუდამოდ მეოცნებე პარტიის წევრი ხდება.

დღეს მთელი ძალაუფლება და სამსახურებრივი მდგომარეობა, კომპრომატები, მას საშუალებას აძლევს, რომ კანონის გვერდის ავლით ხელში ჩაიგდოს დიდი ქონება, რომელიც არა მარტო მის, არამედ ცოლისდების სახელზე ნაწილდება.

ქონება იოსებ გოგაშვილის ცოლისდის, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე 2016 წლის აგვისტოში:

105 ათასი კვ.მ. მიწა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში;

350 ათასი კვ.მ. მიწა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში;

7 მიწის ნაკვეთი შირაქში, რომლის ჯამური ფართია 1 მლნ. 300 000 კვ.მ.

და თბილისში, ცაგარლის ქუჩაზე მდებარე ბინა გადაფორმდა _ ეს ყველაფერი ისაა, რაც საზოგადოებამ გაზეთ „ქრონიკა+“-დან და შემდეგ გადაცემა „პოსტ სკრიპტუმიდან“ გაიგო.

ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, სოციალურად დაუცველი იყო და გაჭირვებაში ცხოვრობდა, უცებ, წელიწადნახევარში, მილიონერი ხდება, ქონებას ცოლისდების სახელზე აფორმებს, მისი და კი ჯერაც სიღატაკეში, ლეჩხუმის ქუჩაზე ცხოვრობს.

ძმაზე არ საუბრობს.

მაკა მოსიაშვილისა არ იყოს, მეც, რატომღაც, ის ჩინური ანდაზა გამახსენდა, რომელიც მისი მორიგი სტატიის წაკითხვისას დამამახსოვრდა და უკვე მეც სოსოს მაგონებს: როცა კაცი იხრჩობა, საკუთარ თმასაც მოეჭიდებაო.

მაია გოგაშვილის „კომფორტის ზონა“ კი კვლავ იქ რჩება, სადაც უკვე მოგახსენეთ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ძმას საერთოდაც ახსოვს მისი და, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია.

 

ნინო ტაბაღუა