გამოცხადებული დამოუკიდებლობის ქრონიკები (პირველი ნაწილი)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი. არასრული სამწლიანი დამოუკიდებლობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. მიუხედავად ხანმოკლე დამოუკიდებლობისა, დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ქართული საზოგადოების ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა.

მრავალსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, სწორედ, ამ პერიოდში მოხერხდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესის დაწყება; სახელმწიფო ინსტიტუტების, კონსტიტუციის, სიმბოლიკის შექმნა; ქვეყნის მართვაში დემოკრატიული სისტემის შემოღება და ევროპული ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის ღიად გამოცხადება. საბჭოთა წყობის დიდი მცდელობის მიუხედავად, ეს იყო პერიოდი, რომელიც ქართულ საზოგადოებას არ დაავიწყდა და დამოუკიდებლობის იდეა მომავალ თაობებს გადასცა.

1918 წლის 26 მაისი _ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდის ქვეყნის წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ _ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილება, ერთგვარი, იძულებისა და სხვის მიერ კარნახის შედეგად მიიღო. სხვები კი ამტკიცებენ, რომ დამოუკიდებლობის აქტის მიღება არა იძულებითი ნაბიჯი, არამედ იმ ეროვნული მოძრაობის დაგვირგვინება იყო, რომელიც თერგდალეულთა ძალისხმევით საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო.

ჩვენ შევეცდებით აღვადგინოთ XX საუკუნის 10-იანი წლების მიწურულის საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და გავარკვიოთ, თუ რა ვითარებაში გამოცხადდა დამოუკიდებლობა, რა პროცესები უსწრებდა მას წინ და რა გახდა, საერთოდ, დამოუკიდებლობის გამოცხადების მიზეზი?

26 მაისიდან ოდნავ უკან დავიხიოთ და 1917 წლის თებერვლიდან დავიწყოთ თხრობა, როდესაც რუსეთის იმპერიაში რევოლუცია მოხდა. სწორედ თებერვლის რევოლუციამ მისძა ბიძგი საქართველოს დამოუკიდებლობას.

მაშ, ასე! _ 1917 წლის თებერვალი: უკვე მესამე წელია, რაც მსოფლიოში მასშტაბური დაპირისპირება მიმდინარეობს, რომელსაც სათავე დაუდო 1914 წლის 28 ივნისს სარაევოში ავსტრო-უნგრეთის ერცჰერცოგის, ფრანც ფერდინანდის მკვლელობამ. ამ მკვლელობამ ევროპა ორ დაპირისპირებულ ბანაკად გახლიჩა, „ბებერ კონტინენტზე“ დაწყებული სამხედრო კონფლიქტი კი სულ მალე მთელ სამყაროს მოედო. იმ დროს მსოფლიოში არსებული 59 დამოუკიდებელი ქვეყნიდან, ომში 38 მონაწილეობდა. საერთო ჯამში, სხვადასხვა ფრონტზე, დაახლოებით, 70 მილიონი ჯარისკაცი იბრძოდა.

ძირითადი ბრძოლები ორ სამხედრო ბლოკს შორის მიმდინარეობდა. „ოთხთა კავშირი“, რომლის შემადგენლობაში გერმანიის, ავსტრო-უნგრეთის, ოსმალეთის იმპერიები და ბულგარეთის სამეფო შედიოდნენ, ანტანტის გაერთიანებას დაუპირისპირდა, რომლის წევრები იყვნენ: რუსეთის, ბრიტანეთის, იაპონიის იმპერიები, საფრანგეთის რესპუბლიკა, იტალია და აშშ.

მასშტაბურმა ომმა მსოფლიოში გლობალური ცვლილებები გამოიწვია და რიგ ქვეყნებში არეულობისა და რევოლუციის მთავარი მიზეზი გახდა. პირველი სერიოზული ბზარი რუსეთს გაუჩნდა. როგორც გაირკვა, რუსეთი, რომელიც, მეტწილად, აგრარული ქვეყანა გახლდათ და განვითარების დონით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აშკარად ჩამორჩებოდა, ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის მზად არ იყო. იმპერია მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში ჩავარდა. მკვეთრად გაუარესდა სოციალური მდგომარეობა, დაეცა ეკონომიკა, გაიზარდა უმუშევრობა. ამით კარგად ისარგებლეს მემარცხენე ორიენტაციის პარტიებმა და ჯარისკაცებსა და მოსახლეობის ფართო მასებში ანტისამთავრობო და პაციფისტური განწყობების აქტიურ დანერგვას შეუდგნენ. რუსეთის იმპერიაში მეფის ხელისუფლების კურსით უკმაყოფილოთა რიცხვმა კრიტიკულ მასას მიაღწია.

ანტისამთავრობო გამოსვლები განსაკუთრებით პეტერბურგში გაძლიერდა, სადაც მუშები და ჯარისკაცები მეფის გადადგომას ითხოვდნენ. 1917 წლის 27 თებერვალს პეტერბურგელი მუშების მიერ მოწყობილი საყოველთაო გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში გადაიზარდა, რომელსაც ჯარისკაცებმაც დაუჭირეს მხარი. რევოლუციის შედეგად რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა. ხელისუფლების სათავეში ლიბერალური და სოციალისტური ძალების ალიანსი მოვიდა, რომელმაც რუსეთის დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბა.

ნათელი გახდა, რომ დაწყებული ქაოსის გამო, რუსეთის ახალი ხელისუფლება, იმპერიაში მცხოვრები ერებისთვის ვერ იცლიდა. ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად საქართველოში ხელსაყრელი ვითარება წარმოიშვა, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე გლობალური სამხედრო დაპირისპირებისა და რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადება საკმაოდ მძიმე ამოცანა იყო.

1917 წლის დასაწყისში წარმოუდგენელი გახლდათ ომში გამარჯვებული მხარის გამოცნობა და იმის განსაზღვრა, თუ როგორი იქნებოდა ახალი მსოფლიო წესრიგი. ეს გარემოება საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან რუსეთისგან თავის დასაღწევად და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მხოლოდ სურვილი არ კმაროდა. ამ სურვილისთვის მსოფლიოს რომელიმე ძლიერ სახელმწიფოს უნდა დაეჭირა მხარი და გაემაგრებინა. გარდა ამისა, ამოცანას ისიც ართულებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელ სუბიექტად არავინ იცნობდა _ იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და, ამდენად, ბუნებრივია, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მას სწორედ რუსეთის ტერიტორიად აღიქვამდნენ.

რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორი რუსეთი იყო. რუსეთის ნებისმიერი ხელისუფლება კავკასიას და, მათ შორის, საქართველოსაც, საკუთარ ტერიტორიად განიხილავდა და მისი დამოუკიდებლობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო მეფის რუსეთის დროსაც და იგივე პოლიტიკას ატარებდა დროებითი მთავრობა, მსგავსი პოზიცია ჰქონდათ ბოლშევიკებსაც, რომლებმაც 1917 წლის შემოდგომაზე ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელი რუსული ძალები შესაძლოა, ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ რუსული იმპერიის, რუსული სამყაროს ურღვევობის შესახებ ყველა მათგანი თანხმდებოდა. ასეთი მოცემულობის პირობებში კი საქართველოსთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდებოდა, თუ რომელი ძალა იქნებოდა რუსეთის მართვის სადავეებთან.

გასათვალისწინებელი იყო თურქეთის (იგივე ოსმალეთის იმპერია) ფაქტორი, რომელსაც საკუთარი ინტერესი გააჩნდა კავკასიის რეგიონში და ამ ინტერესების დასაკმაყოფილებლად მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა რუსეთის იმპერიასთან. რუსეთსა და ოსმალეთს შორის სამხედრო დაპირისპირება, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წლის შემოდგომაზე წარმოიშვა. რუსეთ-თურქეთის ფრონტის ერთ-ერთი აქტიური ხაზი სამხრეთ კავკასიაზე გადიოდა.

კავკასიის რეგიონი და, კერძოდ, საქართველოც, ორი იმპერიის მკვეთრი შეჯახების ასპარეზად იქცა. თუ ამ დაპირისპირებას საქართველოს დამოუკიდებლობის კუთხით განვიხილავთ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ გაიმარჯვებდა ამ კონფლიქტში. საქართველოს დამოუკიდებლობა ორივე შემთხვევაში განუხორციელებელ ოცნებად რჩებოდა. სწორედ ამიტომ იყო საჭირო  საქართველოს დამოუკიდებლობის თემით რომელიმე ძლიერი ევროპული სახელმწიფოს დაინტერესება და ძლიერი პარტნიორის მეშვეობით რუსულ-თურქული გავლენის აცილება. თუმცა 1917 წლის დასაწყისში რაიმე სახით საგარეო პოლიტიკის შემუშავება, უბრალოდ, აბსურდი იყო. საქართველო, ჯერ კიდევ, რუსეთის ნაწილად აღიქვამდა თავს და იმპერიის ინერციით ცხოვრობდა.

მაგრამ დროებით თავი დავანებოთ გეოპოლიტიკურ ვითარებას. უმჯობესია, მთავარ თემას დავუბრუნდეთ და 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ  საქართველოში განვითარებულ პროცესებს მივყვეთ:

1917 წლის რევოლუციის შედეგად ძალა დაკარგა კავკასიაში რუსეთის იმპერიის მმართველმა ორგანომ, რომელსაც ტფილისიდან მეფისნაცვალი ხელმძღვანელობდა. მცირე ხანს კავკასიის რეგიონში სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნა, მაგრამ რუსეთის დროებითმა მთავრობამ  ეს სიცარიელე მალე ამოავსო. 1917 წლის 9 მარტს ამიერკავკასიაში ახალი სამხარეო ხელისუფლება _ „ოზაკომი“ შეიქმნა, რომელიც რუსულიდან შემდეგნაირად ითარგმნებოდა: ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი. კომიტეტის შემადგენლობაში კავკასიის რეგიონიდან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში არჩეული 5 მოქმედი დეპუტატი გაერთიანდა. მათ შორის ორი ქართველი იყო:  სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი და სოციალისტ-ფედერალისტი კიტა აბაშიძე, თავად „ოზაკომს“ კი კადეტთა პარტიის წევრი ხარლამოვი მეთაურობდა. ისევე როგორც მეფისნაცვალი, „ოზაკომიც“ მთელ რეგიონს ტფილისიდან ხელმძღვანელობდა.

იმ პერიოდში საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალები საქართველოს სრულ დამოუკიდებლობაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ქართული პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში ეს საკითხი საერთოდ არ იდგა. რაღაც თვალსაზრისით, დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად, შესაძლოა, „საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს“ ჩამოყალიბება განვიხილოთ, რომელიც ტფილისში 1917 წლის აპრილში დაფუძნდა. ეს იყო საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, რომელთა შორის წამყვანი როლი ეკავათ სოციალ-დემოკრატიულ, სოციალი-ფედერალისტთა და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიებს. ამ საბჭოს მიზანს წარმოადგენდა, გარდამავალ პერიოდში, როდესაც რუსეთის იმპერიაში გაურკვეველი ვითარება იყო, საქართველოს მომავალი მოწყობის შესახებ ემსჯელა.

პირველ კრებაზე ინტერპარტიულმა საბჭომ საქართველოს ტერიტორიისა და მისი საზღვრების განსაზღვრა დაისახა მიზნად. დამოუკიდებლობის კუთხით, თავისთავად ცხადია, რომ ეს საკითხი  უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან სახელმწიფო მკაცრად გაწერილი საზღვრების გარეშე, უბრალოდ, ვერ შეიქმნებოდა. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერპარტიულმა საბჭომ საკმაოდ გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო. ლოგიკურად, საქართველოს საზღვრები რუსეთის იმპერიის პერიოდში არსებული ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით უნდა დადგენილიყო, ანუ საქართველოს ტერიტორია უნდა განსაზღვრულიყო ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებისა და ამ გუბერნიებისადმი დაქვემდებარებული ოკრუგების ფარგლებში. მაგრამ ნაცვლად ამისა, ინტერპარტიულმა საბჭომ საქართველოს ტერიტორია, რატომღაც, უდავო და სადავო ტერიტორიებად დაჰყო. უდავო ტერიტორიად ის რაიონები ჩაითვალა, რომლებიც, უპირატესად, ქართველებით იყო დასახლებული, ხოლო სადავო ტერიტორიებად მიჩნეული რაიონები საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაერთიანებულიყვნენ, თუ კონკრეტული რაიონის მოსახლეობა ამ საკითხს  რეფერენდუმზე დადებითად გადაწყვეტდა.

ინტერპარტიული საბჭოს მეორე სხდომაზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ წარმოედგინათ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არსებულ რეალობაში საქართველოს პოლიტიკური სტატუსი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც კი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული პოზიციის მატარებელი პარტია იყო, საქართველოს მომავალს მაინც რუსეთს უკავშირებდა. პარტიის აზრით, რუსეთის ფედერალური მოწყობის შემთხვევაში, საქართველოს მის შემადგენლობაში ფართო ეროვნული ავტონომია უნდა მოეთხოვა, ხოლო თუ რუსეთი უნიტარული რესპუბლიკის ფორმას მიიღებდა, მაშინ საქართველოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით განსაზღვრული უფლებებით უნდა ესარგებლა, რაც ქვეყნის შეზღუდული ტიპის პოლიტიკურ ავტონომიას გულისხმობდა.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ამ მიდგომას არ იზიარებდა საქართველოს ყველაზე გავლენიანი სოციალ-დემოკრატიული პარტია. ისინი ავტონომიასაც კი გამორიცხავდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში საქართველო მხოლოდ ეროვნული თვითმმართველობის ფორმით უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ამდენად, იმ პერიოდის ქართველი პოლიტიკოსები საუბრობდნენ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაზე, არამედ რუსეთის ორბიტის ქვეშ ავტონომიის ფორმის შერჩევაზე.

ერთი შეხედვით, ამ უცნაურ პოზიციას თავისი მიზეზი და ახსნა მოეპოვება. 100 წლის მანძილზე საქართველო რუსეთის იმპერიის რიგითი გუბერნია იყო. მისი ბედი სხვას ებარა, მის მომავალს სხვები განსაზღვრავდნენ, მის ნაცვლად გადაწყვეტილებას სხვები იღებდნენ. ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებლობის შეგრძნება დაკარგა და ეს მდგომარეობა ყველაზე ნათლად პოლიტიკური პარტიების მაგალითზე ჩანდა. ეს განსაკუთრებით მემარცხენე ორიენტაციის პარტიებს ეხებოდა, რომლებიც თავს რუსული პოლიტიკური სპექტრის ნაწილად აღიქვამდნენ.

ქართველი მემარცხენეები, რუს თანამოაზრეებთან ერთად, ზოგადსაკაცობრიო საკითხების გადაწყვეტით უფრო იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ფიქრით. მომხიბვლელმა მემარცხენე იდეოლოგიამ, რომელიც საყოველთაო თანასწორობას ქადაგებდა, საქართველოში ეროვნული საწყისის ჩაჩოჩება გამოიწვია.

რევოლუციის შედეგად რუსეთში მემარცხენე სოციალისტების გამარჯვება ქართველმა მემარცხენეებმა სიხარულით მიიღეს. ეს მათი ხელისუფლება იყო. მეტიც, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (დუმა) დეპუტატი, ცნობილი ქართველი სოციალ-დემოკრატი კარლო ჩხეიძე პეტერბურგის, ხოლო შემდეგ სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობდა და უშუალოდ მონაწილეობდა დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებაში. მას შრომის მინისტრის პორტფელიც კი შესთავაზეს, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, ჩხეიძემ ამ თანამდებობაზე უარი განაცხადა.

თებერვლის რევოლუციით გამოწვეული აღტაცების პირველი ტალღის ჩაცხრომის შემდეგ ქართველი მემარცხენეები და, საერთოდ, ქართველი პოლიტიკოსები აქამდე უცნობი გამოწვევის წინაშე დადგნენ. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, საჭირო იყო საქართველოსთვის მართვის ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც ახალი ფორმაციის რუსეთთან ორგანულად იქნებოდა შერწყმული.

ინტერპარტიულ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების არავითარი იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა. იგი უფრო პოლიტიკურ კლუბს წააგავდა, სადაც დისკუსიები იმართებოდა. ინტერპარტიული საბჭო არ იყო ხალხის მიერ არჩეული, ამიტომ საჭირო იყო ისეთი ორგანოს შექმნა, რომელიც ქართველი ერის სახელით საუბარს შეძლებდა. ამ მიზნით, ინტერპარტიულმა საბჭომ საქართველოს ეროვნული ყრილობის მოწვევა გადაწყვიტა. ყრილობა უკვე საქართველოს ეროვნულ საბჭოს აირჩევდა, შემდეგ კი ეს საბჭო ისეთ საარჩევნო კანონს შეიმუშავებდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს დამფუძნებელ კრებას აირჩევდნენ. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი სწორედ დამფუძნებელ კრებას უნდა გადაეწყვიტა. სხვანაირად რომ ვთქვათ, დამფუძნებელი კრება იქნებოდა საქართველოს პარლამენტი, რომელიც შემდეგ მმართველ ორგანოსაც დაამტკიცებდა. თუმცა ერთიც გასათვალისწინებელია _ დამფუძნებელი კრების სახით საუბარი იყო არა დამოუკიდებელი ქვეყნის სახელისუფლებო სისტემის შექმნაზე, არამედ რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ერის ავტონომიური მართვის მოდელის ჩამოყალიბებაზე.

საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის ჩატარება 1917 წლის ნოემბერში გადაწყდა. თუმცა ყრილობის ჩატარებამდე რუსეთში მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა _ 1917 წლის 25 ოქტომბერს სოციალ-დემოკრატების იდეურმა მოწინააღმდეგეებმა _ ბოლშევიკებმა, პეტროგრადში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და ხელისუფლების სათავეში მოექცნენ. რუსეთში პოლიტიკური პროცესები უმართავი გახდა. ისედაც მძიმე კრიზისში მყოფი ქვეყანა, ბოლშევიკური გადატრიალების შედეგად, სრულ ქაოსში აღმოჩნდა. რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. მთლიანად მოიშალა ეკონომიკა, ქვეყანა ომიდან გაქცეული დეზერტირი ჯარისკაცებით გაივსო, იმპერია მარტივ მამრავლებად დაიშალა.

საქართველოს სამმა ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალამ: სოციალ-დემოკრატებმა, სოციალისტ-ფედერალისტებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა საბჭოთა რუსეთის მთავრობა არ ცნო. ლენინის მთავრობა არ ცნო რუსეთის კავკასიის არმიის ჯარისკაცთა დეპუტატების სამხარეო საბჭომ და არც კავკასიის არმიის სარდლობამ.

დროებითი მთავრობის დამხობასთან ერთად უფლებამოსილება დაკარგა მის მიერ დანიშნულმა ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანო „ოზაკომმა“. ამ პირობებში, ქართველი სოციალ-დემოკრატების ინიციატივით, ამიერკავკასიის პოლიტიკურმა ძალებმა 1917 წლის 15 ნოემბერს ტფილისში ახალი მმართველი ორგანო _ ამიერკავკასიის კომისარიატი დააფუძნეს, რომლის ხელმძღვანელიც ქართველი სოციალ-დემოკრატი, ევგენი გეგეჭკორი გახდა.

ახალი სამხარეო ორგანოს შექმნით ამიერკავკასია ოფიციალურად საბჭოთა რუსეთს გაემიჯნა. ამავე დროს გამოცხადდა, რომ ამიერკავკასიის კომისარიატი რუსეთში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე იმოქმედებდა, ანუ ხაზი გაესვა, რომ ამიერკავკასია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცხადდებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკური დაპირისპირების გამო ქართველ სოციალისტებს ბოლშევიკური ხელისუფლება არ სურდათ, თორემ რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს დარჩენის წინააღმდეგნი სულაც არ იყვნენ.

რთული ვითარების მიუხედავად, 1917 წლის 19 ნოემბერს ტფილისში საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა მაინც შედგა. ყრილობას 324 დელეგატი ესწრებოდა. საკუთრი დელეგატები ჰყავდათ საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ და რელიგიურ ორგანიზაციას, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლებს. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია გახდა.

20 ნოემბერს ყრილობაზე ინტერპარტიული საბჭოს დავალებით ნოე ჟორდანიამ რეზოლუციის პროექტი წაიკითხა, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას და სამოქმედო გეგმას ეხებოდა. ძირითადი ამონარიდი რეზოლუციის პროექტიდან:

„ქართული ეროვნული ყრილობა, მოისმინა რა მოხსენება ნ. ჟორდანიასი შესახებ დღევანდელი მომენტისა და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობისა, ადგენს:

  • ქართველი ერი, როგორც ამ ასი წლის განმავლობაში, სდგას რუსეთის ორიენტაციის ნიადაგზე;
  • ქართულმა დემოკრატიამ დღიდან თავისი პოლიტიკური არსებობისა, თავისი სვებედი მჭიდროდ დაუკავშირა რუსეთის დემოკრატიას და მასთან ერთად მოქმედებით ფიქრობს, თავისი პოლიტიკური, ეკონომიური და ნაციონალური მისწრაფებანი განახორციელოს.
  • რუსეთის შუაგულში გაჩაღებული სამოქალაქო ომის მეოხებით, დღეს არ არსებობს ერთი ცენტრალური რევოლუციური მთავრობა, ცნობილი მთელი რევოლუციური რუსეთის მიერ. ამ გარემოებამ აიძულა ყველა განაპირა ქვეყნები და მათ შორის ამიერკავკასიაც, თავისი შინაური საქმეები თავისივე ძალ-ღონით მოაგვარონ და შესაფერი დაწესებულებანი შექმნან.
  • ყრილობა მხარს უჭერს ამიერკავკასიის ახლად შემდგარ მმართველობის დროებით ორგანოს „ამიერკავკასიის კომისარიატს“.
  • რუსეთის დამფუძნებელ კრებას ჩვენ მოვთხოვთ შექმნას ისეთი ნაციონალური ნორმები ქართველი ერისათვის, რომელიც მას მისცემს საშვალებას თავისუფალ კულტურული განვითარებისას. ასეთ ნორმად მიგვაჩნია საქართველოს ტერიტორიის სრული თვითმმართველობა საკუთარი საკანონმდებლო კრებით ადგილობრივ კითხვებზე. ტერიტორიის საზღვრები გაიმიჯნებიან დაინტერესებულ მოსაზღვრე ერების თანხმობით. საქართველოში მომწყვდეული ნაციონალური უმცირესობანი მიიღებენ სრულ უფლებრივ გარანტიას კულტურული განვითარებისას.
  • თუ რუსეთის სამოქალაქო ომი გაგრძელდება და დამფუძნებელი კრების მოწვევა ახლო მომავალში ვერ მოხერხდება, უნდა იქმნას მოწვეული ადგილობრივი კრებები, რომელიც ურთიერთის თანხმობით დაამყარებენ შესაფერ დემოკრატიულ და ნაციონალურ წესწყობილებას, როგორც თვითოეულ ეროვნულ ტერიტორიულ ერთეულში, ისე მთელ ამიერ-კავკასიაში“.

მიუხედავად ეროვნულ-დემოკრატების მწვავე პროტესტისა, რომლებსაც მიუღებლად მიაჩნდათ პრორუსული ორიენტაცია და მის ევროპული პოლიტიკური ორიენტაციით შეცვლას მოითხოვდნენ, საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე რეზოლუციის ეს პროექტი ხმათა უმრავლესობით მაინც გავიდა. ამ შემთხვევაში საგულისხმო იყო ბოლო პუნქტი, რომელიც რუსეთში სამოქალაქო ომის გაგრძელების შემთხვევაში არ გამორიცხავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ეს იყო დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.

1917 წლის 22 ნოემბერს ყრილობამ საქართველოს ეროვნული საბჭო დააკომპლექტა, რომელიც 66 წევრისა და 61 კანდიდატისგან შედგებოდა. ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.

 

მიხეილ ბასილაძე