„აფხაზებს ტყვიები რომ გამოელიათ, მანდარინებს გვესროდნენ“
სიმაღლე ანუარხუ _ არცთუ მაღალი, თუმცა საკმაოდ კერკეტი კაკალი _ მდებარეობს სოფელ ტამიშთან, ოჩამჩირე-სოხუმის საავტომობილო ტრასას ზევიდან დასქერის და, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებს მას. რუსულმა დესანტმაც კი ვერ აიღო ივლისში.
1992 წლის ნოემბრის ბოლოსკენ მოგვიწია თეთრი არწიველების ჩანაცვლება ამ მთის ძირში გამავალი ტრასის პირას განლაგებულ პოზიციებზე. ამოცანა უმარტივესია _ უნდა ავიღოთ ეს სიმაღლე და გავხსნათ საავტომობილო გზა სოხუმზე. ტრასის უკან, ასიოდე მეტრში, მიტოვებული ფერმაა და შტაბი იქ მოვაწყვეთ. 4-5-კაციანი ჯგუფებით ტრასის პირზე გამოთხრილ პოზიციებზე განვლაგდით. ჩემი პოზიცია ყველაზე განაპირაა და ზედ ჩატეხილი ხიდის წკიპზეა. მარჯვნივ მდინარეა და ხევი, პირდაპირ და ზევით კი ეს წვეტიანი მთა, მარცხნივ, ოციოდ მეტრში, მეორე ჯგუფია და ა. შ. მისვლისთანავე „თეთრი არწივის“ შენაერთის მეთაურმა (გია ქარუმიძე), როგორც „PK-შნიკს“ (მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი), ეს პოზიცია გადმომილოცა და ერთი კაი ჯიგრული ჯერიც მიუშვა ჩემ პირდაპირ ორი მაღალი ხის მიმართულებით, _ ძირითადად მანდა სხედან ეგ „კაზიოლები“ და ყოველ დილით გვესალმებოდნენ მოკლე ჯერებითო. ტრასის პირზე ბეტონის ორი კონსტრუქცია დევს და ეგაა მთელი დაცვა, არ მომეწონა და კიდევ რამდენიმე ქვიშით სავსე ტომარა მივამატე.
ოთხნი ვართ, ოთხივე ახალბედა, პირველი ნათლობაა. მე, სანდრო თარხნიშვილი, გია ჩხეიძე და „მარტინა“. ამ სუბიექტის სახელი ახლაც არ ვიცი, გვარი კი ან თევდორაძეა, ან თევდორაშვილი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ყველა „მარტინათი“ ვიცნობთ, ეგ „კლიჩკაც“ ჩვენგან აიკიდა („კუკუშკაში“ რომ მარტინია, აი, ეგაა ზედმიფსმული), თორემ მანამდე „პუჭურა“ ერქვა.
მარცხნივ კი სამაჩაბლო გამოვლილი „მამიკა“ _ დათო კიკნაძე, „პადოშა“ _ თორთლაძე, „ჯანგო“ _ ხარჭამაძე და „ჯიბო“.
მთავარი ეს ორი პოზიციაა და უფრო ჩემი, რადგან ხიდის ჩამკეტია და ფლანგისაც, თანაც PK მაქვს, ცეცხლის დედა და მამა.
ჩემი არცთუ ჰერკულესური აღნაგობის კაცს ეს მძიმე ტყვიამფრქვევი არანაირად არ შეეფერება (თითქმის ტოლები ვიყავით სიგრძეშიც და წონაშიც), მაგრამ არავინ ამის ხმარება არ იცოდა და რა მექნა მე, საბჭოთა ჯარგამოვლილ ბედალაგას? მოვკიდე ხელი ერთი პირობით: ორი დამხმარე მოვითხოვე და მეთაურობამ მესამეც მაჩუქა „მარტინას“ სახით. მართლა საჩუქარია ეს სულძაღლი, ვინც არ გევასება, მიუყვანე და აჩუქე, დედა აღარა ჰყავს იმ საცოდავს. ხოო, მეთაური ავღანეთგამოვლილი კობა ბასილაშვილია, ძალიან მაგარი კაცი, თან შეთავსებით ექიმიცაა.
პირველმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, აფხაზები მაინც ჩვენი ჯიში-ჯილაგია და სტუმრის პატივისცემა არ შეშლიათ, დილით კი ზუსტად ორი ტრასირი ტყვია გადამიშხუილეს თავზე. იმდენად შეურაცხმყოფელი და აბუჩად ამგდები საქციელი იყო მათი მხრიდან, რომ ორი გრძელი ლენტა (250 ტყვია) დავუშინე, სანდრიკამაც და გიამაც ავტომატები მონათლეს. დილის მისალმება მშვიდობიანად დამთავრდა. მთელი დღე კიდევ არაფერი, არც მეორე დღეს, მესამე დღეც სრული სიჩუმით გათენდა და აი, მანდ დაგვერხა, როგორც იტყვიან, მოვდუნდით. აქამდე თუ საჭიროების გამო შტაბამდე წაკუზული სირბილით გავრბოდით, ახლა უკვე მივტასაობდით, როგორც გალავინსკზე. ერთ მშვენიერ გასეირნებაზეც ფერმაში ფეხი შევდგი, ტყვიამფრქვევი დავშალე და ისაა, წმენდა უნდა დავიწყო, რომ გასროლის ხმაც გავიგე. ფერმამდე 5-6 მეტრში აბულაძე დავარდა. სტაცეს იქვე ბიჭებმა იღლიებში და რომ უნდა შემოიყვანონ ფერმაში, მეორე ტყვია ისევ აბულაძეს მოხვდა და ისევ მკერდში. სასწრაფოდ ავაწყვე PK და მთის მიმართულებით ცეცხლი გავხსენი. აბულაძეს „ბუშლატი“ გადაუხსნეს და სისხლმა შადრევანივით ამოასხა. იქვე კობამ სახელდახელოდ გადაუხვია იარა და აბა, პოზიციებზე, მგონი, შემოგვიტიეს მაგ ბოზებმაო. ყველანი გარეთ გავვარდით, მე და „მარტინა“ ცოტა მარჯვნივ, რადგან ჩვენი პოზიცია მარჯვნივაა და ჩვენს ბედზე რამდენიმე ხე იდგა. ეტყობა, სნაიპერმა ვერ შეგვნიშნა, თორემ პირველი მე მესროდა, როგორც მეტყვიამფრქვევეს. მარცხნივ კი კიდევ ერთი ბიჭი დაჭრა ძალიან მტკივნეულ ადგილას. მისი სიმწრის ყვირილი ცას სწვდება, ვინც მიასწრო, პოზიციამდე ხო კაი, ვინც არადა, მიწაზე დავწექით. ეს საცოდავი ბოლო ხმაზე ყვირის სიმწრისგან, ის „შაკალი“ სნაიპერიც მეტს არ ესვრის. გავშეშდი კი არადა, გავქვავდი, ეს ჩემი პირველი სისხლია, ვერ ვინძრევი, არადა, ჩემი მისვლა პოზიციამდე სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ცეცხლით დავიფარო ბიჭები (ამასთან, ისედაც ვერ მივალ, ჩვენ შორის „სეტკაა“). პოზიციიდან „მამიკა“ გამოიქცა და უკვე მას ესროლა, ერთი ააცილა, მეორეზე უკვე მოასწრო „მამიკამ“ ხის ელექტრობოძზე ამოფარება და შიგ „სტოლბას“ ხია. საშინელი სურათია, შუა მინდორზე დაჭრილი შველას ითხოვს და ვერავინ ეკარება, სნაიპერი გვესვრის გაბოროტებული, ისევ დაჭრილი მებრძოლის ბავშვობის მეგობარი (ასათიანი) გაიქცა, ჩაავლო ქეჩოში და რომ უნდა შეათრიოს, უკვე მას მოხვდა ტყვია. ახლა ფერმაში დარჩენილებმა დაავლეს ორივეს და სანამ შეეფარებოდნენ, კიდევ ერთი დაიჭრა ხელში. ამ დროს „მარტინამ“ ჩემს PK-ს დაავლო და დროზე, მომყევიო, პოზიციისკენ გავარდა. უცებ გამოვერკვიე და მივირბინე. სანამ აქ ესეთი ამბებია, მეც გავხსენი ცეცხლი. უკვე სროლა ჩაწყნარდა, აფხაზი სნაიპერიც გაყუჩდა. რაციაზე გადავეცით და ადგილობრივების ორი მანქანა უცებ მოვარდა, ბიჭები ჩავსვით და ჰოსპიტალში გააქანეს, ასათიანი თავისი ფეხით ჩაჯდა, ჰოსპიტალშიც ჯერ ამათ მიხედეთ, მე არა მიშავსო და… სწორედ ასათიანი დაიღუპა შიდა სისხლჩაქცევით. ცოტა ხანში ადგილობრივების კიდევ ორი მანქანა მოვიდა. აფხაზებმა იფიქრეს, უკვე გვიტევენო და მასირებული ცეცხლი გაგვიხსნენს, როგორც ავტომატური, ისე ყუმბარმტყორცნებიდან. რამდენიმე ყუმბარა ჩვენს ბეტონის კონსტრუქციებს მოხვდა, მაგრამ ქვიშის ტომრებმა გვიშველა, გვერდითა ჯგუფმა გამოგვიტირა, ჩახოცეს ბიჭებიო და ახლა ამათ გაუხსნეს მასობრივი ცეცხლი, ამით ვისარგებლე და ტყვიამფრქვევი ისე ავაკაკანე, რომ მთამ დაიწყო ზანზარი, მარჯვნიდანაც შემოგვიარეს და უკვე გადამკვეთ ცეცხლში ვართ. სხვა გზა, გარდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისა, არ დაგვიტოვეს და რაც დავმართეთ, თავის თავს დააბრალონ. ცეცხლს ცეცხლითვე ვპასუხობთ, 5-10-ტყვიან ჯერს ვისვრი ხან პირდაპირ მთისკენ, ხანაც მარჯვნივ გადავდივარ ჩატეხილი ხიდის ბზარში და იქიდან ტრასის მარცხენა გაყოლებაზე. მოკლედ ვიცვლი პოზიციებს და ვარ გამიშვი-დამიჭირე, თუ მაგარი ბიჭი ხარ. უკვე ძალიან დაცხა და სანდრკა მეუბნება („ლიმონკები“ წავართვი, აკვიატებული ჰქონდა. ტყვედ არ ჩავბარდებიო. არადა. ვინ ბარდებოდა. რო?) უჩემოდ „ლიმონკა“ არ ააფეთქოო, გამეცინა (ვაი. მაგ სიცილს). _ ნუ გეშინია ჯერ შენ მოგკლავ და მერე მეც მოვიკლავ თავს, „ლიმონკას“ კი აფხაზებს ვესვრი-მეთქი.
საღამოსკენ ყველაფერი ჩაწყნარდა, ეტყობა, აფხაზებმა ჩათვალეს, რომ საკმაოდ შეგვაშინეს, ჩვენ კი ვიფიქრეთ, რომ კუდით ქვა ვასროლინეთ. მეორე დღეს უკვე ყარყარაშვილი მოვიდა თავისი ცნობილი სამხედრო „ტულუპით“ და თან ათამდე სლავი შეხედულების მებრძოლი მოგვიყვანა, მეთაურსაც კი სლავიკა ექვა. ესენი აშკარად სპეცები იყვნენ („ღამურები“ ვაზიანიდან). საღამოსკენ შეტევას ვიწყებთ, მაგრამ აფხაზებს არაფერს ვეუბნებით, ეგეც მაგათ. არც კი იყო შებინდებული, რომ ჩემი პოზიციიდან დავიძარით, წინ სლავიკა და მისი რაზმი, უკან კი ჩვენ მივყევით. სლავიკას რაზმმა მალევე ააღწია მაღლა და თვალს მოეფარა, ჩვენ კი შეჩერება მოგვიწია, რადგან ბიჭი აგვიფეთქდა ნაღმზე, ზაზა ბენდელიანი. მოკლე ჯერი დაგვისვეს და ინსტინქტურად ყველანი აქეთ-იქით ხეებისკენ გადავხტით. როგორც ჩანს, ზაზა ზედ ნაღმს დაახტა, თორემ, მოძრაობისას მხოლოდ ფეხს აგლეჯს და არ კლავს (მუხანათური მოგონებაა ეს ნაღმი, ფეხის დაკარგვით უფრო მეტ ზიანს აყენებ მტერს, ვიდრე მოკვლით), 30-მდე მებრძოლი გაშოტილი ვართ და არ ვიცით, რა ვქნათ. ზაზას გვამი უკვე შეახვიეს საწვიმარში („პლაშპალატკა“) და გამოიტანეს, მაგრამ შენაერთი გაქვავებულია. არ ვიცით, რა ვქნათ, დანაღმულ ველზე ვართ. გამახსენდა, ჯარში დანაღმულ ველს ერთ მწკრივში ვლახავდით. ერთ-ერთ მეთაურთაგანს ვუთხარი, რომ ერთ მწკრივში, ერთმანეთის ნაბიჯებზე გავიდეთ, თორემ ამდენი ხანი აქ არავინ გაგვაჩერებს, გაგვჟუჟავენ ბატებივით-მეთქი. კი, ჭკვიანურიაო და ავეყარენით. წინ სამნი გავედით და ეგრევე დაგვიშვეს, კიდევ კარგი, უკვე სამივე ამოსული ვიყავით და ცეცხლითვე ვუპასუხეთ, არ მივეცით ინიციატივა, თორემ ჩაგვჟუჟავდნენ ყველას. ერთმა წამმა გვიშველა. მთელი შენაერთი ისევ უკან დავბრუნდით. სლავიკა მაღლაა მთაზე, ჩვენ დაბლა ტრასაზე. მეორე ცდა უკვე შებინდებულზე ავედით, ძალიან დაძაბული და, შეიძლება ითქვას, დათრგუნულებიც კი ვიყავით. აი, მანდ თქვა „მამიკამ“, _ ძმებო, ჩვენ არ ვართ სპეცები, მაგრამ ჩვენს სისხლზე და ძვალზე ვიბრძვით, სხვა გზა არ გვაქვსო. შიგ გულში გამიყარა ამ სიტყვებმა. აშკარად იმოქმედა. ერთ მწკრივად, ჩაის პლანტაციის ბილიკებით ავედით და სლავიკასა და მის რაზმს შევუერთდით.
უკვე საკმაოდ ბნელა. საკმაოდ მთვარიანი ღამეა და როგორც კონსტანტინე იტყოდა, „არსად ისეთი ღამე არ იცის, როგორც აფხაზეთშიო“, მაგრამ იმ შენობის გარშემო, სადაც წრიული დაცვა გვაქვს, სულ მანდარინებია და მთვარე კი არა, პროჟექტორიც რომ ჩაგვირთონ, იმის შუქიც არ აღწევს. უკუნ სიბნელეში ვწევართ სველ მიწაზე. ჩვენ რომ გვგონია ავიღეთ, თურმე ჯერ სადა ბანაობ? ერთი შენობა გვიჭირავს და გარშემო აფხაზები გვახვევია. ერთი 20 წუთი ამოგვასუნთქეს და დაგვიშვეს, ჩვენც მიწაზე (მიწაში) გართხმულები ვპასუხობთ, ძალიან ახლოშია სროლა, 20-30 მეტრი, ჩვენი ბედი, რომ უკუნი სიბნელეა, ჩვენ შორის „სეტკის“ ღობეა, 10-15 სმ ბეტონის საძირკველში ჩასხმული და ტყვია არ გააქვს თორემ ჩვენ გაგვასხმევინებდა ტვინებს, თუმცა რამდენიმე ბიჭი მაინც დაგვეჭრა, ტყვიები ზედ თმებზე დაგვდის. უკვე ქამელეონივით შევერწყი მიწას და უდაბნოში რომ ხვლიკი იმალება, აი, მასე ვარ, თან ვისვრი შეუჩერებლივ, დამხმარეები ლენტებს მიცვლიან და ვართ სრულ ჟრიამულში. გვერდით ერთმა მართლა მამალმა გიჟმა, ბაკურ გიორგობიანმა, თავი წამოყო და ბოლო ხმაზე დაუყვირა: „ბრატია, აფხაზციიიიიი!!!“ წამიერად ყველაფერი გაჩერდა, მგონი, დედამიწაც და იქვე მიაყოლა: „ია ვაშუ კაზლაიო***ოვ… მამუ ი***ალ“ _ ვეღარ გავიგონე, ისეთი დაგვიშვეს გამწარებულებმა. ტყვიები რომ გამოელიათ, მანდარინებს გვესროდნენ. მოკლედ, იქ ხორხოცი და დედის ტყნ-პყნ ამბავია, ვერ აღვწერ. პირი გამიშრა, თავს ზემოთ მანდარინი მაქვს, მაგრამ ადგომა და მოწყვეტა სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასია. ტყვიებიც უკვე მითავდება. 300-მდე დამრჩა. ეს კი ტყვიამფრქვევისთვის ერთი გაკუებაა. ბიჭებმა უკნიდან გადმოგვძახეს, _ ახლა დამხმარე მოვა, ცოტაც გაუძელითო. დამხმარე, თურმე, სამი „ბეემპე“ მოდის, რომლებსაც ტყვია-წამალი მოაქვს და რაციაზე გადასცეს, _ სამი კამეჩი გამოუშვით და რომ მოვლენ, თვალები ჩააპაჭუნონო, თან ბალახიც გამოატანეთ „პიატსოროკპიატ“ და „სემშიისიატდვაო“ (5,45 7,62 ტყვიის კალიბრებია). და ეს ყველაფერი აფხაზებსაც ესმით. ნამდვილი ცირკია, ომი და დედის ხვნა რომ არ იყოს.
ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, აფხაზებს ერთი „ბეემპე“ ჰყავთ, რომელიც ტრაქტორზეა გამობმული და ისე დაჰყავთ, ამიტომ ცოტა მოშორებით, ჩაებში, ყუმბარმტყორცნელი გვიზის (ქურთი ბიჭია, „კუროს“ ვეძახით), თუ რამეა, რომ ეგრევე, ახლოში გლიჯოს. გაქანდა „მარტინა“ ფორთხვა-ფორთხვით „კუროსთან“, რომ გააფრთხილოს, ჩვენი „ბეემპეები“ ამოდიან და არ ისროლოს. „კურომაც“ ერთი გაატარა, მეორე გაატარა, მესამემ დაიგვიანა (თურმე, ხევში ჩავარდა და ვერ ამოდის, რაციაც არ იჭერს) და ამ დროს მოჯლიგინდა აფხაზების ბეემპე. „კურომ“, რაღა თქმა უნდა, არ ესროლა, ჩვენი ჰგონია. კარგა ხოშიანად დაგვადუღა და მალევე მოხია, თანაც დაუსჯელად. მართლა თეთრი გიორგის მადლმა დაგვიფარა, რომ არავინ მოგვიკლა, დაჭრილები კი ბლომად გვყავს. ახლა, როგორც იქნა, ამობობღდა ის ჩვენი მესამე „ბეემპე“ და რაციაც უკვე ჩაერთო, „ბეემპეს“ მძღოლმა უკვე იცის, რაც მოხდა და ისიც, რომ „კურო“ არ დაზოგავს, რადგან „კუროს“ რაცია არ აქვს და ვინ მივა, რომ გააფრთხილოს? მას ესეც აფხაზების ჰგონია. მოკლედ, „ბეემპეს“ მძღოლმა თავი ამოჰყო და ყვირის: „კურო“ არ მესროლო, ლევანი ვარ. წკიპზე გადარჩა, თორემ „კურომ“ შური-მური არ იცის, ეგრევე ესროდა, თანაც ზედ 5-7 მეტრში ჰყავდა მიზანში.
დაჭრილები გავატანეთ, ტყვია-წამალი შევივსეთ და გათენებას ველოდებით, რომ იქაურობა გავწმინდოთ, როგორც სლავიკამ თქვა, თორემ წმენდა რაცაა, ჯერ ეს ჩვენ არ ვიცით. ეგაა, რომ „ბეემპეებმა“ ცოტა გული მოგვცა, რაღაც „დეშებე“ თუ ვინცხა „დათვი“ შენაერთიც შემოგვემატა, მაგრამ სროლები ჯერ კიდევ არის. მართალია, ისე ახლოში აღარ, მაგრამ მაინც „გვესროულებიან“ ეგ ახვრები.
გათენებამდე, ჯერ კიდევ, კაი დროა, საშინლად ცივა, ცეცხლს ვერ ვანთებთ. ტანსაცმელიც კი ხალვათად გვაცვია. სიმაღლეზე ასვლისას თბილი ბუშლატები გავიხადეთ, რომ შილიფად ვყოფილიყავით (უცებ ავალთ და ჩამოვალთო, ტაშიიი), ცოტა შევიფერთხეთ, მაგრამ ღამით ჩვენ რომ ტრასიდან ავედით მოკლე, თუმცა დანაღმული ველით, მეორე მხრიდან გია ქარუმიძის „დეშებე“ და კიდევ ერთი შენაერთი, მგონი, „პატარა დათვი“, ამოსულა, სულ 50-მდე ვართ და სლავიკას ათეული. „პადოშა“ და „მამიკა“ ქვევით დაეშვნენ, დამხმარეს ამოვიყვანთო, მაგრამ „მამიკა“ ნაღმზე აფეთქდა, ფეხი დაკარგა, „პადოშამ“ გაიყვანა და თბილისამდე გამოყვა. ვერ ვიტყვი, რომ კარგ საბრძოლო ხასიათზე ვართ, მაგრამ არც გულგატეხილობა გვეტყობა. გამთენიას სლავიკამ პატარა კოცონი დაანთო, _ სისხლი თუ არ ავამოძრავე, ვერ ვიმოქმედებ ჯეროვნად „ვოლკა ნოგი კორმიატო!“ ორ „ბეემპეში“ გავნაწილდით, ერთში სლავიკას ექვსეული, მეორეში „თეთრი გიორგის“, უკვე დაქოქილზე „დეშებეს“ მეთაური გია ქარუმიძეც შემოგვიხტა და დავიძარით. 70-100 მეტრი უნდა გავიდეთ, გადმოვსხდეთ და ჯვარედინ ცეცხლში მოვაყოლოთ ჩვენი ძირითადი ჯგუფის გარშემო დახვეული აფხაზები, ესაა წმენდის ოპერაცია, თურმე.
პირველმა „ბეემპემ“ სროლა-სროლით, უმტკივნეულოდ გაიარა აფხაზთა რკალი, უკვე ჩვენც უნდა გავხსნათ ცეცხლი და… „ბეემპეს“ ტყვიამფრქვევმა გაჭედა, არ ისვრის, იქვე მსროლელთან ვზივარ ჩემი ტყვიამფრქვევით, მარცხნივ სანდრიკა თარხნიშვილი და გია ჩხეიძე, ბოლოში კართან კი გია ქარუმიძეა. მსროლელს ვეუბნები, „პუშკა“ მაინც ისროლე ტყუილად-მეთქი, _ ახლავეო და… ბრააახ, გამაყრუებელი ბათქია, _ უხ, შენ გენაცვალე, უნდა მეთქვა, რომ ხორხშივე დავატორმუზე ეს ლამაზი სიტყვა. მე რომ მგონია, ჩვენ ვისროლეთ, თურმე, ჩვენ გვესროლეს 15-20 მეტრიდან და კუთხეში, სადაც ქარუმიძე ზის, იქ მოგვარტყეს. მძღოლმა ეგრევე ზადნიში ჩააგდო და მოვხიეთ „ნოლშესტივით“, აქეთ გია ქარუმიძეა დაჭრილი და მის უკან ჯანგო ხარჭამაძე. „ბეემპეს“ ლუქები ღია გვქონდა და მაგან გვიხსნა თორემ წნევა დედას გვიტირებდა ყველას. მოვეფარეთ სამშვიდობოს, სასწრაფოთ დავტოვეთ ჯავშანმანქანა, რომელსაც ავზი უკანა კარებში აქვს და ზუსტად მაგ კუთხეში აქვს მოხვედრილი, ძლივს გამოვფოფხდი ჩემი ტყვიამფრქვევიანად, კარი აღარ გაიღო ბოლომდე და ვიწრო გამოსასვლელში გავიჭედე. გადმოვედით და ახლა მეორე „ბეემპე“, რომელმაც სლავიკას ჯგუფის გადმოსხმა მოასწრო, უკან ბრუნდება ჩვენკენ, საშინლად დიდი სისწრაფით შემოვარდა, კინაღამ გაგვჭყლიტა, დაამუხრუჭა და კოშკურიდან ზამბარასავით ამოხტა თავპირდასისხლიანებული მსროლელი, თურმე ამათაც უკანა გზაზე გაარტყეს კომულატიური შიგ კოშკურაში. ერთი თავს იმით ვინუგეშებთ, რომ სლავიკამ გადასხმა მოასწრო და პატარა რაციაც აქვს. მათ მალევე გახსნეს ცეცხლი.
უკვე კარგად ინათა და რეალურ სურათს ვხედავთ: გამოჭიმული ვართ სოფლის მაგვარი დასახლების ყველაზე ცენტრში და ყველაზე ღია ადგილას, სლავიკას ცეცხლით ვერ ვეხმარებით, ვეღარც არტილერიას ვიხმართ („ბეემპეების“ გასვლამდე ათიოდე გრადით მოგვეხმარა არტილერია, ახლა კი საშიშია, შეიძლება, სლავიკას მოხვდეს). ცეცხლის გახსნა მე დამავალეს, ოღონდ ცოტა მოშორებიდან, ჩაის პლანტაციებიდან. შევძვერი ამ ვიწრო და გაუკრეჭავ ჩაიში, ამოვყოფ თავს ვისვრი და წკაპ ყურთან, ქვევიდან ნასროლმა ჩამიწუილა. ცოტა კიდევ გავხოხდი, ამოვყავი თავი და უკვე სროლაც ვერ მოვახერხე, ისევ ჩამიწუილა იმ ავადსახსენებელმა სნაიპერმა, წინაზე რომ ყოფა გვიტირა. უკან „ზადნით“ გამოვხოხდი, ჩაებში PK მეჩხირება, გადმოვბრუნდი ზურგზე და გულზე ჩავიხუტე სიყრმის შვილივით და ასე, იდაყვებით, როგორც იქნა, გამოვბობღდი. მიახლოებით ყურთან ჩაწუილების მიხედვით მოვუნიშნე ბიჭებს ის სავარაუდო ადგილი, საიდანაც ის ბოზი (ნეტა, რა დავუშავე?) მესროდა. ერთადერთი ოპტიკა „გრანატამიოტის“ სიაფანდი ბინოკლი გვაქვს, მაგრამ „დეშებეს“ მეტყვიამფრქვევემ მაინც დაინახა ხეებში ის „რედისკა“ და 20-30-ტყვიანი ჯერი მიუშვა. სულ ტყლაპა-ტყლუპით ჩამოვარდა ჩვენი გამამწარებელი. სნაიპერის მოხსნით ხელ-ფეხი გაგვეხსნა სამოქმედოდ და სლავიკას დასახმარებლად ერთი ათეული გავქანდით, იმას უკვე სახლში ჰყავდა მომწყვდეული აფხაზთა ჯგუფი და შტურმიც დაუწყო. შუაში სვანი ვოვჩიკა ჩაიყენეს, აქეთ-იქიდან მჭიდროდ ამოუდგნენ ორ-ორნი და რომაელების კუსავით შეუტიეს, საოცრად ოსტატურად იმუშავეს, აფხაზებმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და უკანა ფანჯრებიდან გადახტნენ ტყის მიმართულებით. ბრძოლა (წმენდა) უკვე, ფაქტობრივად დასრულებულია, მაგრამ სლავიკა და ორი ბიჭი მაინც გაეკიდნენ აფხაზებს, თუმცა სლავიკა ნაღმზე აფეთქდა და ფეხი დაკარგა, გამოიყვანეს ჩვენებმა (როგორც ახლა გავიგე, კობა დიასამიძის „ავაზამ“, რომელიც უკვე ქვევიდან ამოდიოდა დასახმარებლად.
ჭირი იმათ, ლხინი ჩვენ. ასე დამთავრდა ანუარხუს აღება.
დავმარხეთ რამდენიმე აფხაზი, ერთიც სომეხი იყო მათ შორის. ჩვენ კი ცოცხლად და უვნებლად დარჩენილნი სიხარულის ნეტარებაში ჩავიძირეთ.
გიორგი ხიზანიშვილი