ქუთაისის მერია გარევაჭრობის აღკვეთას ცდილობს

ქუთაისელთა ერთი ნაწილი ვერა და ვერ გაერკვია, ქალაქის მერიის მხრიდან ამ დღეებში გატარებული ღონისძიებები გარევაჭრობის რეალურ აღკვეთას ითვალისწინებს, თუ იგი მორიგი შოუა, რომლის ფინალიც წინა ხელისუფლებების პირობებში ქალაქის მოსახლეობას ბევრჯერ უნახვას?..

გასულ კვირას, ღამის საათებში, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჭავჭავაძის გამზირზე ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დახლების დემონტაჟი მოხდა. წლებია, ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ არა მარტო განცხადებები  კეთდება, არამედ გარკვეული აქტოვობებიც ტარდება, მაგრამ, რეალურად, ქუჩების განთავისუფლება ვერა და ვერ მოხერხდა. ქალაქში სოკოსავით მრავლდება ადგილები, სადაც გარევაჭრობა გაცხოველებული ფორმატით მიმდინარეობს. დღეს ქუთაისი ერთ დიდ ბაზარს მოგაგონებთ, სადაც პროდუქტი, ტანსაცმელი თუ სხვადასხვა დანიშნულების საქონელი ნაგვის გარემოცვაში მომხმარებელს ელოდება. ხშირ შემთხვევაში შეგიძლიათ, თქვენთვის საჭირო საკვები თუ ნივთი მანქანიდან გადმოუსვლელადაც კი შეიძინოთ.

ბოლო დროს, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი აცხადებს, რომ ქალაქში შექმნილი სიტუაციის გამო გადაადგილება არა მარტო ქვეითებს, არამედ ავტომობილებსაც უჭირთ. დახლებით და ყუთებით ჩახერგილმა ტროტუარებმა დაკარგა თავისი ფუნქცია და ადამიანები მანქანების სავალ ნაწილში მოძრაობენ, რაც, თავის მხრივ, საავარიო სიტუაციებს ქმნის. ასეთი მდგომარეობა არა მარტო ჭავჭავაძის გამზირზეა, რომელიც აღმოსავლეთ- დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, არამედ ქალაქის ცენტრში, აგრარული ბაზრის ირგვლივ, სადაც ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი სატრანსპორტო მოძრაობა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ტურისტებსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას კატეგორიულად მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ბაზრობებზე აწარმოებენ ბიზნესს. მათი განცხადებით, ისინი არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. გარევაჭრობა არაერთხელ გახდა მიზეზი დაპირისპირებისა და დემონსტრაციებისა, რომელთა დარეგულირებას მართალია, ჩინოვნიკები ახერხებდნენ, თუმცა, ამჯერად, ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ პრობლემის მოგვარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გარევაჭრობა ქუთაისში აუცილებლად აიკრძალება.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეებს ადგილებს ქალაქის სხვადასხვა ბაზარში სთავაზობენ: „ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადგილების გაწმენდა და დასუფთავების აქციები. ეს პერმანენტულად გაგრძელდება. პირველი ეტაპი იყო ჭავჭავაძის გამზირი და ამის შემდეგ იქნება ფალიაშვილის, ბუხაიძისა და ბუკიას ქუჩები, ის ადგილები,  სადაც გადაჭარბებული გარევაჭრობაა. ქალაქში ბლომადაა ბაზრები, რომლებიც მათ მიიღებენ და შეღავათებს 3 თვის მანძილზე გაუკეთებენ. ესენია „კეჩის ბაზარი“, ქალაქის ცენტრში არსებული „მწვანე ბაზარი“, აგრეთვე, ნინოშვილსა და ნიკეაზე არსებული ბაზრები. არჩევანი არ არის ცოტა“.

მიუხედავად აკრძალვისა, გარემოვაჭრეთა ერთმა ნაწილმა მუშაობა მაინც განაახლა. ისინი ამბობენ, რომ მათ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები აქვთ და შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ. ქუჩაში აღმოჩენილი ადამიანები ხელისუფლებას, აკრძალვის მაგიერ, პირველ რიგში, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნას სთხოვენ: „ჩვენც ვიცით, რომ არ არის სწორი ქუჩაში დგომა, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, გვითხარით?! ჯარიმას კი არა, ბანკის ვალს ვერ ვიხდით. იმისთვის ვდგავარ აქ, რომ ბანკის ვალი გავისტუმრო. ხალხს ხომ უნდა შეუწყონ ხელი, რომ ამ მდგომარეობიდან ამოვიდნენ?“

„რა ჯარიმა უნდა გამომიწერონ?! ოჯახიდან მარტო მე ვმუშაობ. ბაზარში რომ დავდგე, ფული ხომ უნდა გადავიხადო, რით გადავიხადო?“

„მე ვმუშაობდი ბაზარში. თავიდან 50 თეთრს ვიხდიდით, შემდეგ თანხა გაიზარდა და გახდა ერთი ლარი, შემდეგ 2. ახლა რაღაც 2-მეტრიან ფართზე 10 ლარია გადასახდელი. ეს თანხა რომ ბაზრის დირექციას გადავუხადო, სახლში რა მივიტანო? დღეში თუკი ვინმე 10 ლარს მომიტანს სახლში, ნამდვილად არ დავდგები აქ“.

„მე დღეში 5 ლარს ვვაჭრობ, სახლში ამით მიმაქვს პური და სხვა რაიმე საჭმელი. ხელისუფლება ყიდულობს ბინებს, მანქანებს, აგარაკებს და ჩვენ საჭმლის ფულიც არ უნდა გვქონდეს? რაიმე სხვა კომფორტს ხომ არ ვითხოვთ?“

„მე ბაღდათიდან დავდივარ. 4 ლარი გზაში მჭირდება, ქუთაისამდე რომ ჩამოვიდე და უკან გავბრუნდე. 6-7 ლარი თუ დამრჩება დღეში. ბაზრის გადასახადის გადახდას ვერანაირად შევძლებ. სამსახური ჩვენ არ გვაქვს და არაფერი. ქუჩაში დგომის საშუალება  მაინც მოგვცენ! გვითხრას მთავრობამ, რას აკეთებს გლეხებისთვის, რომ გადასახადები გადავიხადოთ?“

ასეთი არგუმენტებით უპირისპირდებიან ქუჩაში გამოსული ადამიანები ადგილობრივ ხელისუფლებას და დაუმორჩილებლობას აცხადებენ.

ქუთაისის ქუჩების გარემოვაჭრეების განთავისუფლების პროცესი 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, ქალაქში გარემოვაჭრეთა რიცხვი, დაახლოებით, 1000-მდე აღწევს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ მოვაჭრეები მერიის შეთავაზებას მიიღებენ და ძველებურად მუშაობას აღარ გააგრძელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში,  კანონდარღვევისთვის და ნარჩენებით ქუჩების დაბინძურებისთვის დაჯარიმდებიან. ჯარიმა 20-დან 30 ლარამდე მერყეობს, ხოლო გარემოვაჭრე, რომელიც სამართალდამცველის მოთხოვნას არ დაემორჩილება და არ დატოვებს ტერიტორიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ 50-დან 100 ლარამდე დაზარალდება.

ჭეიშვილის განცხადებით, მოვაჭრეები დაგეგმილი სამუშაოების შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ, შესაბამისად, მათი მხრიდან რაიმე სახის პროტესტს არ ელოდებიან.

ქუთაისელ ლეიბორისტთა ლიდერი, სამსონ გუგავა, ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მერიას ჰმართებს იზრუნოს ადამიანებზე, რომლებისთვისაც ქუჩაში დგომა იძულებაა და ასეთი ფორმით ისინი ახერხებენ, ლუკმა-პურის ფული მოიპოვონ. გუგავამ მერიას სხვადასხვა უბანში პავილიონების გაკეთება შესთავაზა:

„გამოიძებნოს თანხა ამ მიმართულებით და მოეწყოს თანამედროვე, ევროპული ტიპის პავილიონები იმ ადგილებში, სადაც წლებია, გარევაჭრობა ხორციელდება. ამით ჩვენ ათასობით ადამიანს გადავარჩენთ“.

თავის მხრივ, მერიაში პავილიონების დამზადებაში გამოსავალს ვერ ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მალფუჭებადი პროდუქციის ასეთი ფორმით რეალიზება ყოვლად დაუშვებელია:

„ვინც ყიდის სურსათს, უნდა შევიდეს ბაზარში, რადგან ყველა პროდუქტი ექიმის მიერ უნდა შემოწმდეს. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები ქუჩაში დაცული ვერ იქნება“, _ ამბობს არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი.

წლებია, სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს, არ იყიდონ ქუჩაში გამოტანილი პროდუქტი, რადგან იგი ჯანმრთელობისთვის მავნეა. როგორც ჩანს, ქუთაისლების გარკვეული რაოდენობა საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს, რადგან აღნიშნულ მოწოდებას, ჯერჯერობით, არ ითვალისწინებს და უნებლიეთ გარევაჭრობის მხარდამჭერებად და წამხალისებლებად გვევლინება.

როგორ დასრულდება გარევაჭრობის აკრძალვის ისტორია ქუთაისში, ჯერჯერობით, რთული სათქმელია, რადგან ჭავჭავაძის პროსპექტსა და ქალაქის სხვა უბნებში ჩამორთმეული დახლების ადგილები ყუთებზე მოწყობილმა დროებითმა კონსტრუქციებმა დაიკავა. მართალია, შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ მოვაჭრეები ჩვეულ ადგილებს ისევ უბრუნდებიან, _ ყველი, თევზი, ხორცი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი… _ ქუჩაში გამოფენილი პროდუქცია მრავალფეროვანია. შეძლებს თუ არა მერია ხმამაღლა გაკეთებული განცხადების რეალიზებას, რთული სათქმელია. წლებია, პერიოდულად გამოცხადებული ბრძოლა მძიმე სოციალურ პირობებში აღმოჩენილი ადამიანებისა და (სიმართლისთვის უნდა ითქვას) მათ უკან ამოფარებული პირების გამარჯვებით და ადგილობრივი თვითმმართველობის დამარცხებით სრულდება. გაიზიარებს თუ არა „ოცნების“ ქუთაისური მთავრობა წინამორბედთა ბედს, უახლოეს ერთ კვირაში გამოჩნდება.

 

ხვიჩა ვაშაყმაძე