ინსტიტუტი, რომელიც არ იგუგლება და მხოლოდ მოსამართლის ბიოგრაფია ინახავს!

„ჩემი შვილის პროცესზე იჯდა არა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე, არამედ მეორე პროკურორი. როგორც კი პროკურორს გაუჭირდებოდა, „მოსამართლე“ ადვოკატებთან ჩხუბს იწყებდა. ზუსტად ორი საათი ელოდა დირექტივას და მოწმე შორენა ლალიაშვილი პროცესზე დასაკითხ პირთა სიაში შეიყვანა, მაგრამ მის მიერ გადაღებული ფირი დასაშვებ მტკიცებულებად არ ცნო.

თუ ვინმეს გქონიათ შეხება „მოსამართლე“ ქეთევან ჯაჭვაძესთან, მომწერეთ!!!

ის, რაც გუშინ წინასასამართლო სხდომაზე ხდებოდა, სამართალთან კავშირი საერთოდ არ აქვს“, _ პატიმარ დათო ხარშილაძის დედა _ ელისო კილაძე.

 

.. მაშ, ასე!

ძველად საქართველოში მდივანბეგი იყო სპეციალური მოხელე-მოსამართლე, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა მნიშვნელოვანი სისხლისა და სამოქალაქო სამართლებრივი საქმეები. მდივანბეგის სასამართლო, ჩვეულებრივ, კოლეგიური იყო. სასამართლოს ესწრებოდა მდივანი, რომლის მოვალეობას შეადგენდა მხარეთა ჩვენების ჩაწერა, სამართლებრივი წიგნის სათანადო მუხლის მოძებნა; მდივნები სასამართლოს წევრებადაც ითვლებოდნენ და საქმეების გარჩევაში მონაწილეობდნენ. მდივანბეგის სასამართლოს ექვემდებარებოდნენ იასაულები, რომელთაგან ერთი ჯგუფი საგამოძიებო, მეორე კი აღმასრულებელი ხასიათის ფუნქციას ასრულებდა. საჯარო ხელისუფლების ინიციატივით მხოლოდ მნიშვნელოვანი სისხლის სამართლებრივი საქმეების ძიება იწყებოდა. სასამართლო პროცესი შეჯიბრებითი იყო. მხარეები პროცესში თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, თუკი ისინი ფეოდალური იერარქიის ერთ საფეხურზე იდგნენ. სასამართლო მოისმენდა მხარეების ჩვენებას, გასინჯავდა საბუთებს, შეამოწმებდა მათ სისწორეს, დაკითხავდა მოწმეებს. მდივანბეგს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ფეოდალურ მოხელეებს შორის _ იგი მეფის სახელმწიფო მოსამართლე იყო. მდივანბეგის იურისდიქცია ფართოვდებოდა ფეოდალთა სასამართლო იმუნიტეტის შევიწროების ხარჯზე.

 

ჰოდა, ახლა მოვყვებით თანამედროვე მდივანბეგ ქეთევან ჯაჭვაძის ანატომიას:

ქეთევან ჯაჭვაძე დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს ქ. თბილისში; განათლება: 1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #10 საშუალო სკოლა; 1998 წელს დაამთავრა დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; სამუშაო გამოცდილება: 1999-2006 წლებში მუშაობდა იურიდიული მომსახურების ფირმა „სიმართლეში“ ადვოკატად; 2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტად; 2007-2009 წლებში იყო გალის რაიონული და გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში; 2009-2011 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

მოგწონთ ბიოგრაფია, ხომ? მეც! ერთობ კარგად გამოიყურება, რომ არა ერთი უმნიშვნელო წინადადება მის ე. წ. ჩV-ში:

1998 წელს დაამთავრა დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი(!!!).

ამაზე ცოტა ქვემოთ, ცალკე ქვეთავში ვიხილოთ ამბავი საკვირველია…

მანამდე კი ჯაჭვაძე ნამოსამართლარი… _ რა ანატომიას გვინახავს მოსამართლის მოღვაწეობის პერიოდი?

2012 წელს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უდანაშაულო ადამიანი ხანგრძლივი დროით ციხეში ჩასვეს. 2011 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ, 16 წლის გიორგი ჩხვიმიანისა და 24 წლის ოლეგ მარგველანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 19 წლის გიორგი ბაიდოშვილს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის გარშემო გიორგი ბაიდოშვილის ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე კი ამობოდა: „ვაპირებთ, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიმართ დისციპლინური დევნის საკითხი აღვძრათ“;

2014 წელს სახალხო დამცველი კი გვაუწყებს:

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიმართ დისცილინური სამართალწამოების საქმის დაწყებას ითხოვს და იუსტიციის საბჭოს მიმართავს. საქმე ეხება ოლეგ მელნიკოვის მიმართ პატიმრობის უსაფუძვლო გამოყენებას და მოსამართლის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული საქმის შეუსრულებლობას. ომბუდსმენის აპარატი ამბობდა, რომ ქეთევან ჯაჭვაძემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები დაარღვია“.

როგორც ჩანს, ქეთევან ჯაჭვაძის ხელში ბევრმა ცნობილმა „ქეისმა“ გაიარა. კერძოდ:

„ვანო მერაბიშვილი 26 მაისის საქმეზე“ პროკურორების აცილებას ითხოვს. ამის მოტივად დაცვის მხარის ადვოკატმა ოთო კახიძემ დაასახელა, რომ მერაბიშვილი, როგორც მთავრობის ყოფილი წევრი, ბრალდებული უნდა ყოფილიყო და მის მიმართ დევნა უნდა განეხორციელებინა მთავარ პროკურორს, ხოლო დღევანდელ პროცესზე მყოფი ბრალდების მხარის წარმომადგენლებიდან არც ერთი არის მთავარი პროკურორი. პროცესის მიმდინარეობისას საკუთარი პოზიცია გამოთქვა ვანო მერაბიშვილმაც. მისი თქმით, ივანიშვილი და ღარიბაშვილი მასზე პირად ანგარიშსწორებას ახორციელებენ, რის გამოც კარგი იქნებოდა, თუ მოხდებოდა საქმეზე არსებული პროკურორების შეცვლა. „ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ანგარიშსწორების გამო არ გაუფუჭონ კარიერა ამ ახალგაზრდებს, წავიდნენ ისინი და კარგი იქნება, თუ ასაკოვანი პროკურორი მოვა, რომელიც დღე-დღეზე პენსიაზე გავა და სირცხვილისა და დანაშაულის განცდა არ ექნება“, _ განაცხადა მერაბიშვილმა. ბრალდების მხარემ დაცვის შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე აღნიშნულ შუამდგომლობაზე სათათბიროდ გავიდა და არ დააკმაყოფილა. ანუ მერაბიშვილის მოსამართლეც ყოფილა…

2013 წელს საქალაქო სასამართლომ ვლადიმერ ვარძელაშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განჩინება გამოიტანა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით ვლადიმერ ვარძელაშვილი, კახაბერ ბიჭიკაშვილი და ზვიად ქავთარაძე სასჯელაღსრულების შენობას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

შემდეგი:

„ჩატაევს, რომელიც 7 სექტემბერს, ლაფანყურის სპეცოპერაციიდან მეათე დღეს, საკუთარი ნებით ჩაბარდა მესაზღვრეებს, ორი ხელყუმბარის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედება ბრალი. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, მურად პოპიაშვილის თქმით, საქმე სასამართლოში ისე წარიმართა, რომ პროკურატურას ჩატაევი არც კი დაუკითხავს. ამის მიზეზი, შესაძლოა, ის უმძიმესი ოპერაცია გამხდარიყო, რომელიც დაჭრილ ჩატაევს დაკავების შემდეგ ჩაუტარდა _ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გართულების შემდეგ მას კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.

ბრალდების მხარემ დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებათა ის ნუსხა ჩამოთვალა, რაც, მათი აზრით, ჩატაევის ბრალეულობას ადასტურებს _ მოწმე მესაზღვრეების ჩვენებები, რომლებმაც გამოძიების დროს განაცხადეს, რომ ჩატაევს დაკავებისას ჯიბიდან ხელყუმბარები ამოუღეს; ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხელყუმბარები გამოსაყენებლად ვარგისია; ჩხრეკისა და დაკავების ოქმები. სხვა რაიმე სახის მტკიცებულება აღნიშნულ საქმეში არ მოიპოვება.

ახმედ ჩატაევის საქმეს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე იხილავს“.

 

ილია ჭავჭავაძე ცოდნის შესახებ

 

„მაშინ რატომ ვართ ღარიბები?

იმიტომ, რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე დევს და საიდან რა ხერხით ამოვიღოთ.

ყველაფერი გვაქვს _ სიმდიდრეც, ხალხიც გამრჯე ვართ, მაგრამ არ გვაქვს ერთი რამ, ეს არის ცოდნა. ცოდნის გარეშე ჩვენ ვერ მოვიპოვებთ სიმდიდრეს. ცოდნა არის სიმდიდრის მოპოვების ხერხი. როგორც ამბობენ: ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა. ზოგ ქვეყანაში ხალხს ცოდნა აქვს და ამ ცოდნით მცირე სიმდიდრეც კი საკმარისია კარგი ცხოვრებისთვის. ზოგ ქვეყანას კი ბევრი სიმდიდრე აქვს, მაგრამ ხალხს ცოდნა არ აქვს და არ იციან, როგორ გამოიყენონ იგი.

ცოდნა ისეთი რამეა, რასაც ყველგან თან წაიღებ, ვერც ვერავინ მოგპარავს ან წაგართმევს.

დღევანდელ დროში ცოდნა ყველაფერია. ფულზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ხმალზე მეტად ჭრის და ზარბაზანივით უფრო ძლიერია“.

 

***

როგორც ილიას სახელობის უნივერსიტეტი გასულ წელს გვაუწყებდა,  საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „საპროცესო შეთანხმების როლი… “

და მაინც, რა როლი აქვს დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტს, ძველ ქართულად რომ ვთქვათ, მდივანბეგ ქეთევან ჯაჭვაძის ცხოვრებაში?

რომ გადააბრუნოთ ქვეყანა, გუგლი და დედამიწაც, ასეთ ინსტიტუტს ვერ იპოვით. ეს ინსტიტუტი გასულ საუკუნეში, თურმე, საგარეჯოში არსებობდა და რომელიღაც მივიწყებული შენობის რამდენიმე ოთახს იკავებდა, როგორც საგარეჯოლები მომიყვნენ. ცოდნის კერამ რამდენიმე წელი იარსება და მას მერე ჰორიზონტიდან გაქრა. დღეს გუგლის საძიებო სისტემა ამ ინსტიტუტის არსებობას მხოლოდ მოსამართლის ბიოგრაფიით ინახავს. საინტერესოა ერთი ფაქტი: აქვს თუ არა შემოწმებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მოსამართლის დიპლომის ლეგალიზება, ნამდვილობა და ა. შ.? და თუ არ აქვს, მისი მოსამართლეობაც დიდ კითხვის ნიშანს აჩენს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად…

ერთი შეხედვით, ვიდრე უფრო კარგად დავაკვირდებით, ასეთი სურათი ჩანს: დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტი დაარსდა 1996 წლის 13 მარტს, ხოლო  მოსამართლე ჯაჭვაძემ შეძლო, რომ სამართალმცოდნეობის ფაკლუტეტის ბაკალავრიატი არათუ 5 წელიწადში (მაშინ ბაკალვრიატი რომ გაგევლო, 5 წელი უნდა გესწავლა), არამედ უცებ _ 2 წელიწადში დაესრულებიანა. ასე რომ, ინსტიტუტის დაარსებიდან ზუსტად ორი წლის თავზე მოსამართლე ჯაჭვაძე იურისტის დიპლომს იღებს და ცხოვრების ქარცეცხლშიც ერთვება.

გაოცდით, ხომ _ 2 წელიწადში როგორ გახდა ჯაჭვაძე დიპლომიანი იურისტი?!!

ჯერ სად ხართ? _ ახლა გაოცების თავი აღარ გექნებათ!..

აღმოჩნდა, რომ 1992 წელს დარეგისტრირებულია „საგარეჯოს ბიზნესისა და კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი“, რომლის სამართალმემკვიდრეც არის „დავით გარეჯელის ინსტიტუტი“ და ის არსებობას 1996 წლიდან იწყებს, რეორგანიზაციის შედეგად კვების ინსტიტუტი უცებ დავით გარეჯელის სახელობის ინსტიტუტად გადაიქცა… მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამ ინსტიტუტს, როგორც ასეთი, სამართლის ფაკულტეტი არ გააჩნია, რადგან  ლიცენზიაში წერია, რომ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელს უფლება აქვს, ასწავლოს სამეურნეო სამართალმცოდნეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი იურისტის დიპლომს არ აძლევს თავის კურსდამთავრებულს.

შესაბამისად, ჩნდება კითხვა: სამეურნეო სამართალმცოდნეს უფლება აქვს, რომ სისხლის სამართლის მოსამართლედ იმუშაოს?!

თვალსაჩინოებისა და განმარტებისთვის, დავით გარეჯელის სახელობის ინსტიტუტს ლიცენზიის მიხედვით შეეძლო მოემზადებინა:

  1. სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვებისა და გადამუშავების მენეჯერი;
  2. წარმოების ეკონომიკის მენეჯერი;
  3. ვაჭრობის ეკონომიკის მენეჯერი;
  4. მასობრივი კვების მენეჯერი;
  5. საგაერო ეკონომიკის ურთიერთობის მენეჯერი;
  6. კვების მრეწველობის საწარმოთა მანქანებისა და აპარატების ინიჟინერ-მენეჯერი;
  7. სახალხო მეურნეობის (სამეურნეო) სამართალმცოდნე.

ოფიციალური ვერსიით, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო აქვეყნებს, ქალბატონ მოსამართლეს ეს „ჭ“ კლასის ინსტიტუტი 1998 წელს აქვს დამთავრებული. როგორც ზემოთ ვთქვით, დავით გარეჯელის ინსტიტუტი 1996 წელს რეორგანიზაციის შედეგად დაარსდა, მანამდე კი „საგარეჯოს ბიზნესისა და კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი იყო. ანუ ქალბატონი ქეთევანი შესაძლოა, თავდაპირველად, მასობრივი კვების მენეჯერად სწავლობდა, ან, თუნდაც, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვებისა და გადამუშავების მენეჯერად. და რა ხარისხის მუყაოზეც არ უნდა იყოს დაბეჭდილი მისი დიპლომი, ფაქტი ერთია _ მოსამართლე სამართალმცოდნე არ არის და იურისტის კვალიფიკაცია არ გააჩნია!

იმავე მონაცემებით, საქალაქო სასამართლოს საკუთარ ვებგვერდზე არ აქვს გამოქვეყნებული, ჩააბარა თუ არა მოსამართლემ მოსამართლის გამოცდა? 2005 წელს მოსამართლეები უკვე გამოცდებს აბარებდნენ, მდვანბეგი ჯაჭვაძე კი 2007 წლიდან მოსამართლეა და დღემდე უწყვეტი სტაჟი აქვს. როდის ჩააბარა მან მოსამართლის გამოცდა, ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ არის.

იმ დიდმა უმაღლესმა სასაწვლებელმა კი, რომელმაც ქართული სამართლის ისტორიას მოსამართლე ჯაჭვაძე აჩუქა, 2006 წელს სული დალია, _ დავით გარეჯელის სახელობის ინსტიტუტის ყოფილმა რექტორმა, ავთანდილ ქიტიაშვილმა, თელავის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსს აცნობა, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, 2006 წლის ზაფხულიდან ინსტიტუტი არსებობას წყვეტდა. მართალია, ცოდნის კერა გაუქმდა, მაგრამ ეპოქას დარჩა გაურკვეველი წარმომავლობის დიპლომისა და სპეციალობის მქონე მოსამართლე, მგონი, უკეთესი იქნებოდა თუ ვიტყოდით, ზოომოსამართლე.

იმედია, ოდესმე იმ პორცესსაც ვიხილავთ, როცა ზოომოსამართლე პინგვინსა და ზვიგენს ასამართლებს ივანიშვილის წინაშე ჩადენილი ცოდვებისთვის.

 

  1. S. არ დამიწყოთ საუბარი ღირსებისა და პატივის შელახვაზე და სიმართლის მთქმელს ცხენი მუდამ შეკაზმული უნდა ჰყავდესო. შეკაზმული ცხენით დავდივარ წლებია, მაგრამ ჩემი ქვეყნის იქით არსად მივდივარ. სანამდე ქართული სამართლი თემიდას დარბაზში გაუპატიურებული, ღირსებააყრილი და პატივშელახულია, სანამდე ზოომოსამართლეები გაურკვეველი წარსულითა და დაუდგენელი განათლების დამადასტურებელი ფურცლებით თემიდობენ, მანამდე თემიდა ყრუც იქნება, ბრმაც და უუნაროც!

გამარჯობა, ქეთინო!

მაკა მოსიაშვილი