დიმიტრი შაშკინი: „100-ათასი ჯარისკაცი გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველო დავიცვათ“

სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016 წელს სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების 10 და სხეულის დაზიანების 66, ხოლო ტერიტორიის გარეთ გარდაცვალების 14 ფაქტი დაფიქსირდა. ანგარიშში ასახულია 2016 წელს თავდაცვის სფეროში არსებული უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა უფლებრივი მდგომარეობა. სახალხო დამცველის შეფასებით, წვევამდელების უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა მძიმეა.

„წვევამდელების კონფიდენციალობა არ არის დაცული სამედიცინო შემოწმების დროს. წვევამდელები სრულფასოვნად არ მოწმდებიან, არ უტარდებათ საფუძვლიანი ტესტირება ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით. ჯანმრთელობის შეფასების ეს მეთოდი აისახება სამხედრო ნაწილებში, სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების ცხოვრებაზე, სადაც სამედიცინო კომისიაზე, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ცნობილი ჯარისკაცები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გამო, ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელები იძულებულები არიან, დამატებით გააგზავნონ სამხედრო მოსამსახურე სამედიცინო კომისიაზე და დაითხოვონ სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან. 2016 წელს სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ცნეს 94 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა დიაგნოზით, მათ შორის, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიაგნოზით“, _ აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მისივე თქმით, დღემდე არ არის დასრულებული გამოძიება 2015 წელს მომხდარი გარდაცვალების 3 შემთხვევაზე, რომელთაგან ერთზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაა აღძრული, თუმცა როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, დამნაშავეები დღემდე არ არიან გამოვლენილები.

 

 

თავდაცვის სისტემაში ამ და სხვა პრობლემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ექსპერტი დიმიტრი შაშკინი:

_ ბატონო დიმიტრი, ომბუდსმენის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეების გარდაცვალების 10 და სხეულის დაზიანების 66, ხოლო ტერიტორიის გარეთ გარდაცვალების 14 ფაქტი დაფიქსირდა. რატომ გვაქვს ასეთი მდგომარეობა, ამის მიზეზს სად ხედავთ?

_ ჩვენი შეიარაღებული ძალების, თავდაცვის სისტემის მთელი რიგი პრობლემები უდისციპლინობით არის გამოწვეული. სამხედრო სისტემა სწორედ დისციპლინაზე უნდა იყოს აწყობილი.

ამ დროს, უამრავი ოფიცერი ქვეყნიდან წავიდა, ბევრი ოფიცერი ციხეში ზის, არ უნდა დაგვავიწყდეს დევნა, რომელიც გენერალური შტაბის ხელმძღვანელზე (კალანდაძე) განხორციელდა, მისი დაკავება სამინისტროს ტუალეტთან! ეს ყველაფერი ხომ მოქმედებს შეიარაღებულ ძალებზე?

ეს კი, პირველ რიგში, დისციპლინაზე და იმ განწყობაზე მოქმედებს, რომელიც შეიარაღებული ძალების ნაწილებშია. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც სიურპრიზი ნამდვილად არ არის. მოკლედ, ჯარი დგას დისციპლინაზე, როდესაც ეს არ არის, ნებისმიერი უკუღმართობა შეიძლება მოხდეს…

_ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობაზეა?

_ ბუნებრივია, პასუხისმგებელი თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული გენერალური შტაბია. პირველმა პირებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და ის სიტუაცია შექმნან, რომელიც დისციპლინას და შეიარაღებული ძალების განვითარებას უწყობს ხელს და არა, პირიქით.

_ რამდენად იაზრებენ ამ პასუხისმგებლობას?

_ მგონია, რომ 2012 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას უჭირს იმის გაგება, თუ რისთვის არსებობს შეიარაღებული ძალები საქართველოში. თქვენ შეგიძლიათ ეს შეკითხვა დაუსვათ მათ, ვინც 2012 წლის შემდეგ შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობდა. ვნახოთ, ერთი, თუ მიიღებთ პასუხს, რისთვის გვჭირდება ჩვენ ჯარი. რეალურად, თქვენ მიიღებთ ზოგად, არაფრისმთქმელ პასუხს.

მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ: იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ხელმძღვანელებმა გადადგეს, აშკარაა, რომ არ ესმით, რისთვის არის შექმნილი შეიარაღებული ძალები საქართველოში. ნებისმიერი ქვეყნისთვის (ეს იქნება დიდი ბრიტანეთი, აშშ თუ სხვ.) ჯერ დგება ამოცანა და მერე _ ამ ამოცანის შესრულების საკითხი. ამოცანას ვერ შეასრულებ, თუ ეს ამოცანა შეიარაღებული ძალებისთვის არ გაქვს ჩამოყალიბებული; თუ არ გესმის, რისთვის გჭირდება ჯარი, ბუნებრივია, მას ვერ განავითარებ, ან თუ არასწორედ გესმის, საერთოდ რისთვის გჭირდება ჯარი…

გარდა ამისა, როდესაც ხიდაშელმა წვევამდელების ინსტიტუტი გააუქმა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ თავდაცვის მინისტრს არ ესმოდა, რისთვის სჭირდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალები.

საქართველოს ოფიციალური მტერი არის რუსეთი. ჩვენ არ ვეომებით და არაფერი გასაყოფი არ გვაქვს არც სომხეთთან, არც აზერბაიჯანთან და არც თურქეთთან. ჩვენი ერთადერთი ოკუპანტი ქვეყანა არის რუსეთი. როდესაც შენ წვევამდელების ინსტიტუტს აუქმებ, ამით აუქმებ რეზერვის ინსტიტუტს, რადგან რეზერვს ორკვირიანი ტრენინგებით ვერ შექმნი. რეზერვის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ჯარგავლილი ხალხია. ეს იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვა.

ხომ არავინ ამბობს, რომ ჩვენ ომი გვინდა? არა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ამისთვის საქართველოს სჭირდება 100-ათასიანი კორპუსი, ანუ 100-ათასი ჯარისკაცი გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველო დავიცვათ. ეს ჩემი ციფრები არ არის, ეს გაერთიანებულმა შტაბმა დაითვალა.

100-ათასიანი პროფესიული ჯარი ჩვენ არასოდეს გვეყოლება, რადგან ამდენი ფული არ გვაქვს. ქვეყანაში არ არსებობს ამდენი ფული, რომ 100-ათასიანი ჯარი შეინახო. იგივე ამოცანა დგას ისრაელის წინაშე, რომ თავისი ტერიტორიები დაიცვას. ზუსტად ამიტომ არის შექმნილი წვევამდელების ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მოქნილია. ჩვენს დროს გვინდოდა, ადამიანი შაბათ-კვირას სახლში წასულიყო, ერთი წელი იმსახურებდა და იმ გამოცდილებას მიიღებდა, რომლითაც 5 წელიწადში რეზერვს შევქმნიდით და 100-ათასიანი შეიარაღებული ჯარი ვგეყოლებოდა.

25-ათასი ჩვეულებრივი, რეგულარული ჯარი (სავალდებულო), დანარჩენი 75 ათასი _ სარეზერვო. ჩვენ გვესმოდა ეს ამოცანა, თუ როგორ დაგვეცვა ქვეყანა. ხიდაშელმა კი ერთი ხელის მოსმით გააუქმა წვევამდელების ინსტიტუტი…

ასევე სახელმწიფო არ ხარჯავს ფულს და არ ყიდულობს ვერტმფრენებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან… 2012 წელს ჩვენ ამერიკა გვაძლევდა ვერტმფრენებს. ობამა-სააკაშვილის შეთანხმების საფუძველზე ამერიკა მზად იყო, ჩვენთვის ვერტმფრენები და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა გადმოეცა. ორივე მიმართულება გააჩერეს.

ჩვენი ქვეყნისთვის, ჯარისთვის ვერტმფრენები წყალივით საჭიროა, ამ გზით ხდება შენაერთების სწრაფი, მობილური გადასროლა სხვადასხვა წერტილში, რათა ჩვენი საზღვრები დაცული იყოს. დღეს ამის რესურსი არ გაგვაჩნია, ამაზე ფულს არ ხარჯავენ.

ჯარის რაოდენობას რაც შეეხება, მაქსიმუმ, შეიძლება გვყავდეს, 25-ათასიანი პროფესიონალური ჯარი. ესეც მაქსიმუმის მაქსიმუმია. რეალურად, საქართველოს მასშტაბით პროფესიონალური ჯარი 15-ათასიანია.

ამ ფონზე, ჩვენი გეგმა სწორედ წვევამდელების ერთწლიან ინსტიტუტს ითვალისწინებდა. ვიმეორებ: შაბათ-კვირას წავიდოდა სახლში, თანაც სახლთან ახლოს იმსახურებდა. თუ ეს ადამიანი მუშაობდა, ბუნებრივია, სახელმწიფო ხელფასს შეინარჩუნებდა. ამავე დროს, ერთ წელიწადში მიიღებდა იმ უნარებს, რომლითაც მერე, 35 წლამდე შესაძლებელი იქნებოდა, რეზერვისტი ყოფილიყო, სრულყოფილი რეზერვისტი.

_ რეზერვთან დაკავშირებით ახალ რეფორმაზეა საუბარი…

_ იგივე პრობლემა დგას, რაზედაც ახლა ვისაუბრე. ვთქვათ, დაშვებული იყო შეცდომა, მაგრამ ამას არ უშვებს ის, ვინც არაფერს აკეთებს. მნიშვნელოვანია, თუ შეცდომა უკვე დაუშვეს, აღარ გაიმეორო.

2008 წლის ომმა გვაჩვენა, რომ რეზერვისტების სისტემის მომზადების კუთხით ხარვეზები იყო. პრინციპში, ერთ თვეში შემიძლია ვასწავლო ადამიანს ავტომატიდან სროლა, სანგრის გაწმენდა, სირბილი, ფორმის ჩაცმა და ა. შ., მაგრამ ერთ თვეში არ არის შესაძლებელი, რომ ვასწავლო შიდა საჯარისო ნაწილებში კომუნიკაცია… გეტყვით, რასაც ვგულისხმობ: ერთი თვის განმავლობაში, თუ ორკვირიანი მომზადებით, რეზერვისტი ვერ მიიღებს იმ უნარებს, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს, როგორც შეიარაღებული ძალების ერთმა ორგანიზმმა იმოქმედოს, ანუ ერთი თვე ამისთვის საკმარისი არ არის.

როდესაც ამას ვამზადებდით, ისრაელის, ესტონეთის, პოლონეთის მაგალითებს ვიღებდით. ვუყურებდით, რომ ერთ წელიწადში ადამიანი მართვას სწავლობს და უნარებს იძენს, რომ შემდეგ მთელი ჯარის ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს. 21-ე საუკუნეში ჯარისკაცის სიცოცხლე, წარმატება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად მიიღო მან ბრძანება, რამდენად სწორად შეასრულა, რამდენად ერთდროულად შესრულდა ბრძანება, ჯარისკაცები ერთმანეთს რამდენად დაეხმარნენ…

რეალურად, ერთი შეიძლება ძალიან მაგარი ჯარისკაცი იყოს, მაგრამ მეორე უფრო სუსტი და თუ სუსტის იმედზე დარჩი, შენი ძლიერი ჯარისკაცი დაიღუპება. აქედან გამომდინარე, ჯარში შიდა კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ასე ხდება ამოცანის შესრულება, ერთი ორგანიზმით მუშაობა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

დღევანდელი გეგმა, სამწუხაროდ, ამას არ უზრუნველყოფს.

_ თინა ხიდაშელი თავდაცვის უწყებაში თანამდებობებზე ნათესაურ-კლანური ნიშნით კადრების მიღებაზე საუბრობს, თქვენი დაკვირვება როგორია?

_ აღარაფერი მიკვირს, რაც ახლა ხდება, იმდენი უმძიმესი შეცდომა დაუშვეს ალასანიამ და ხიდაშელმა თავდაცვის სისტემაში. ახლა უკვე პროცესები ინერციით მიდის. როგორ გითხრათ, მანქანას მუხრუჭები რომ არ აქვს, თავისით რომ მიექანება და სად მიექანება, არავინ რომ იცის…

ობიექტურობისთვის: ფუნდამენტური დაზიანება სისტემამ განიცადა არა ამ მინისტრის ხელში, არამედ მისი წინამორბედების _ ალასანიასა და ხიდაშელის დროს. მათ გაანადგურეს ჯარის სტრატეგიული განვითარებები.

_ რა შემოაბრუნებს ამ ვითარებას?

_ ამ ვითარებას შემოაბრუნებს: კონცეპტუალური გაგება იმისა, რისთვის გვინდა შეიარაღებული ძალები, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ამ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ რუსეთი არის მტერი სახელმწიფო; ამ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ (რაც უნდა მძიმე იყო მათთვის) რუსეთთან მოლაპარაკება არაფრის მომტანია. ოთხი წელია ლაპარაკობენ და რაზე ლაპარაკობენ, არც საზოგადოებამ იცის და მგონი, თვითონაც არ იციან. სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. თუკი დიაგნოზი სწორად არ დასვი, მკურნალობა შეუძლებელია.

ნუთუ, ოთხი წელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, მიხვდე, რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელთანაც მოლაპარაკება შესაძლებელია? ჩემი სიტყვები ხომ არ არის, ჩერჩილმა თქვა: ერთადერთი, რასაც რუსეთი პატივს სცემს, ეს არის ძალა. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, შენ პატარა ქვეყანა ხარ თუ დიდი, აქ საუბარია არსებული ძალების მობილიზებაზე. თუ რუსეთი პატივს არ გცემს, ის შენთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს.

რუსეთს მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი მთავრობა ეზიზღებოდა, მაგრამ როგორც ამ მთავრობას ექცევიან, რუსეთი მაშინ ასე არ იქცეოდა, რადგან რუსეთს ჰქონდა განცდა (ასე ვიქცეოდით და ვქმნიდით ამ განცდას), რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო. როცა შენ სახელმწიფო არ ხარ და არ იქცევი, როგორც სახელმწიფო, ყოველთვის მიიღებ ისეთ სიტუაციას, როგორც ახლა იქცევა რუსეთი შენ წინააღმდეგ.

_ ამ ფონზე, ცხინვალსა და სოხუმში ბოლო პროცესები როგორ შეიძლება შევაფასოთ, ეს ე. წ. არჩევნები, სახელწოდების გადარქმევა?..

_ ეს არის ჩვეულებრივი გაგრძელება იმისა, რაზედაც ვისაუბრეთ. შეიძლება ვიღაცას მოსწონდე, ან არ მოსწონდე, მაგრამ როდესაც პატივს არ გცემენ, არ გაღიარებენ, როგორც სახელმწიფოს, შენთან მიმართებით ყველანაირი უმსგავსობა მოსალოდნელია. ანუ აქ ჩვეულებრივი პატივისცემის ფაქტორია. ახლა ცოტა მიამიტურად გამომდის საუბარი, მაგრამ მიამიტობა პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება მტერმაც პატივი გცეს, როდესაც შენში სახელმწიფოს ხედავს. ამ დროს, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ.

თუ ადრე ჩვენ მიმართ საკითხებზე გადაწყვეტილებას პუტინი იღებდა (და ჩვენ ვებრძოდით პუტინს, რუსეთის ფედერაციას), ახლა, ამ წუთისთვის, ჩამოგვალაბორანტეს და პროპორშიკის დონემდე დაგვწიეს. ხაზზეა ვიღაც პროპორშიკი აფხაზეთსა და ცხინვალში, ვიღაც ადგილობრივი ფეოდალი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკურად საქართველოს სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, თანაბარწონიანი ფიგურაა. მოკლედ, პუტინის პოსტიდან ჩამოგვალაბორანტეს პროპორშიკებისა და ცხინვალის მინიფეოდალების დონეზე.

_ თქვენ ძალების მობილიზების აუცილებლობა ახსენეთ. ამ მხრივ რა მდგომარეობა გვაქვს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ყინულის გალღობის დასაწყისად ხომ არ უნდა მივიჩნიოთ?

_ ბუნებრივია, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია. მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ ამ ვიზიტით არაფერი შეიცვლება უბრალო მიზეზის გამო, _ უკრაინა ძალიან კარგად ხედავს, თუ რამდენჯერმე დაიბლოკა მისთვის სასარგებლო რეზოლუცია საქართველოში. დიპლომატებს ხომ მარტო სიტყვების არ სჯერათ, მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა პოზიციას იკავებს საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა სხვადასხვა საკითხის მიმართ.

მაგალითისთვის შეგვიძლია ის ინციდენტი მოვიყვანოთ, როდესაც საქართველოს სასაზღვრომ ჩვენი სპეცრაზმელი გაუშვა და უკრაინული მხარე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. ჟარგონით რომ ვთქვა, უკრაინას ეს ხომ გაუჩალიჩეს, ეს ხომ უკრაინელებსაც ესმით.

აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არა მგონია, რომ ამ ვიზიტით რაღაც გეოპოლიტიკური ძვრები მოხდეს საქართველოსა და უკრაინას შორის.

_ გამოსავალი ხელისუფლების ცვლილებაა?

_ გამოსავალი ხალხის ხელშია. სანამ ხალხი არ გამოფხიზლდება და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ შეიძლება მოღალატე ხელისუფლება გყავდეს, მანამდე ეს ყველაფერი გაგრძელდება. ესენი ელაპარაკებიან რუსეთს, მაგრამ არ შეიძლება აბაშიძე კარასინს ელაპარაკებოდეს ტყემალზე და მწვანილზე და, ამ დროს, რუსეთი იკანონებდეს აფხაზეთსა და ცხინვალს, დაგცინოდეს და ა. შ. სანამდე ხალხი ამას არ მიხვდება, მანამდე იგივე სამწუხარო სიტუაცია გვექნება, რაც ახლაა.

 

გელა მამულაშვილი