ხელფასი, პრემია, დანამატი და მოგზაურობა ბიუჯეტის ხარჯზე!

„ანტიკორუფციული კვლევის ინსტიტუტი“ მორიგ კვლევას ატარებს, რომელიც სამინისტროებში ხელფასებში, დანამატებში, პრემიებსა და მივლინებებში დახარჯულ საბიუჯეტო სახსრების მიმართულებასა და ეფექტიანობას ეხება. როგორც აღმოჩნდა, ქამრების შემოჭერის ნაცვლად, ხელისუფლებამ ხარჯები გაზარდა და მაღალ ხელფასთან ერთად, ისინი არ იკლებენ პრემიებს, დანამატებსა და ბიუჯეტის ხარჯზე ევროპაში მოგზაურობას.

კვლევის შედეგებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ანტიკორუფციული კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი _ ვლადიმერ ლაგვილავა:

_ ხელისუფლების საქმიანობაზე სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელების მიზნით ჩვენმა ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა. კვლევა მოტივირებული იყო იმ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებით, რომელიც საზოგადოებას აქვს დემოკრატიის პირობებში. ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი ყველა სფეროში, მონიტორინგის განხორციელება ხელისუფლებას ეხმარება, საზოგადოების წინაშე თავი ვალდებულად იგრძნოს, რომ ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესები, მაგალითად, სამინისტროებში. კვლევის მიზანი იყო სახელმწიფო უწყებების მიერ ხელფასების, პრემიების, დანამატებისა და მივლინებაში დახარჯული საბიუჯეტო სახსრების მიმართულებისა და ეფექტიანობის შესწავლა. ასევე გამოვითხოვეთ სამივლინებო ბარათები, რომელზედაც ადრე თქვენი გაზეთის მეშვეობით მასალები გამოვაქვეყნეთ. ჩვენ ისევ ჯიუტად ვითხოვთ მოხსენებით ბარათებს, რომელიც სამინისტროებში, პრაქტიკულად, არ იწარმოება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის საფუძლეზე მოვითხოვეთ სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემულ ხელფასებში, პრემიებსა და დანამატებში დახარჯული თანხა, საჯარო ინფორმაცია და მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გამოვლინდა რეალუარი მდგომარეობა. რამდენიმე უწყებამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება გონს მოეგებოდა, სახელმწიფო უწყებები პრემიერის დავალებას შეასრულენდნენ და რეალურად განახორციელებდნენ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას შრომის ანაზღაურებასა და სამივლინებო ხარჯებთან მიმართებით, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ აღნიშნული ხარჯები მკაცრად გაკონტროლდებოდა და როგორც პრემიერი დაგვპირდა, მინიმუმამდე შემცირდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ოპტიმიზმი არ გამართლდა და ხარჯების შემცირების ნაცვლად, იგი უფრო გაიზარდა.

_ კონკრეტული სამინისტროების მაგალითზე დეტალურად მივყვეთ…

_ ნათქვამის საილუსტრაციოდ გთავაზობთ სურათს, თუ როგორ განხორციელდა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ფინანსთა სამინისტროში 2016 წელს. მოკლედ, ეს პოლიტიკა 71 მილიონზე მეტი ლარია. უფრო დეტალურად სურათი ასე გამოიყურება: 2016 წელს ფინანსთა სამინისტროსა და მასში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, საერთო ჯამში, ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია 71 382 636.36 ლარი. რაც შეეხება იმ სიპებს, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია: ფინანსთა სამინისტროს აკადემია; ფინანსთა სამინისტროს მომსხურების სააგენტო; ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ამ 71 382 636.36 ლარიდან ხელფასის სახით გაიცა 40 378 182.98 ლარი, პრემიის სახით 2016 წელს ფინანსთა სამინისტროსა და მასში შემავალ სიპებში გაიცა 14 708 287.80 ლარი. რაც შეეხება სახელფასო დანამატს, ხელისუფლება ცდილობს, რომ ხარჯები დანამატებისკენ წაიყვანოს, ვითომ პრემიები არ გაიცემა. რაც შეეხება დანამატს _ 16 255 905.20 ლარი გაიცა სახელფასო დანამატის სახით. 2017 წლის მხოლოდ იანვრის მონაცემებსაც გაგაცნობთ და აღვნიშნავ, რომ ერთ თვეში დახარჯული ხარჯები უკვე მეტყველებს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტ ხარჯს უნდა ველოდოთ. ყურადსაღებია, როდესაც მონიტორინგს ვატარებთ და სამინისტროებიდან ვითხოვთ ინფორმაციას, არასოდეს გვიგზავნიან მასში შემავალი სიპებისა და აიპების მონაცემებს და ჩვენ აქ იმიტომ დავუკონკრეტეთ, რომ, რეალურად, როდესაც ინფორმაცია მოდის, სამინისტროები წერენ, 2-3-4 მილიონია ჩვენი ხარჯიო, რეალურად კი ბიუჯეტიდან ფული იხარჯება, ამიტომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს და დეტალურად გაგაცნობთ, სად რამდენია დახარჯული. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციაში, უშუალოდ სამინისტროს შენობაში რომ ხალხია, მათთვის ხელფასის სახით ჯამში გაცემულია 5 472 613.78 ლარი, მათ შორის, ხელფასის სახით გაცემულია 2 778 399.18 ლარი. სულ რომ არ არსებობდეს ის თანხები, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის პირობებში პრემია გაცემულია 995 978 ლარი, ანუ მილიონ ლარამდე გაცემულია მხოლოდ ადმინისტრაციის პრემიებში, ხოლო სახელფასო დანამატი გაცემულია მილიონ ნახევარზე მეტი, 1698 235 ლარი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საფინანსო ანალიტიკური სამსახური, შრომის ანაზღაურება, აქ გაცემულია 3 417 388 ლარი, აქედან 183 000 ლარი არის პრემია, თითქმის ორი მილიონი _ 1 767 777 ლარი გაცემულია დანამატის სახით და ამავე პერიოდში, რაც არ უნდა გვინდოდეს, მაინც მოგვიწევს ყურადღების გამახვილება, შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი _ 583 380.74 ლარი. შტატგარეშე თანამშრომლებზე რომ ამდენ ფულს ხარჯავენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაა?! ასევე შტატგარეშე თანამშრომლებისთვის პრემიის სახით გაცემულია 40 000 ლარი. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს აკადემიას, აქ ხარჯი, შედარებით, ნაკლებია იმიტომ, რომ თვითონ აკადემია პატარაა და მაინც სასწავლო პროცესისკენაა მიმართული, ჯამში ხარჯია 535 546.41 ლარი, მათ შორის, ხელფასი გაიცა 357 716.41 ლარი, პრემია სულ რომ ნახევარი მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტი, იმ ორგანიზაციაში გაიცა 130 075 ლარი და დანამატია 48 715 ლარი. რაც შეეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, აქ წლის განმავლობაში დახარჯულია 2 945 784 ლარი, მათ შორის, სახელფასო სარგო მიღებულია 1 718 844 ლარი, პრემიის სახით გაცემულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი _ 532 210 ლარი, ხოლო დანამატის სახით _ 693 730 ლარი. ყველაზე საინტერესოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შემოსავლების სამსახური, რომლის ჯამმა შეადგინა 58 386 624.64 ლარი, მათ შორის, სახელფასო სარგო გაცემულია 33 472 191.64 ლარი. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პრემია _ 12 827 023.80 ლარი, დანამატი ასევე 12 087 409.20 ლარი. შედარებისთვის სპეციალურად გამოვითხოვეთ, იგივე უწყებებში 2017 წელს, მხოლოდ იანვარში ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია 4 მილიონ ლარზე მეტი. ფინანსთა სამინისტროში 2016 წლის მონაცემებით ხომ ავედით 72 მილიონზე, სპეციალურად გამოვითხოვეთ 2017 წლის ერთი თვის მონაცემები, რომ საშუალო მაჩვენებელი გამოგვეყვანა. 4 მილიონი რომ 12 თვეზე გავამრავლოთ, ეს უკვე არის 48 მილიონი, ანუ ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ გვეუბნება, _ მას სტარტი აქვს უკვე აღებული იმისთვის, რომ წინა წლის მაჩვენებელს პრემიებსა და დანამატებში გადაასწროს. საინტერესო ის არის, რომ მხოლოდ ერთ თვეში, მაგალითად, შემოსავლების სამსახურში დანამატი უკვე მილიონი ლარია გაცემული _ 969 257 ლარი, პრემია ერთ თვეში გაცემულია 18 470 ლარი, მომსახურების სააგენტოში 50 000 ლარია დანამატის სახით გაცემული. ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციაში, ერთ თვეში, 156 015 ლარია გაცემული დანამატის სახით.

_ ასეთი კონკრეტული სახის ინფორმაციის მოძიება არ გაგიჭირდათ?

_ ინფორმაციის გამოთხოვის დროს ვადები თითქმის ყველა სამინისტრომ დაარღვია, მაგრამ რაც მთავარია, მივიღეთ. ჩვენთვის მთავარია ინფორმაციის მიღება და ჩასაფრებული მტრის რეჟიმში არ ვართ. თუმცა არის სამინისტროები, რომელთაც ჯერ არ მოუწოდებიათ ინფორმაცია. მაგალითად, შს სამინისტრო. თავდაცვის სამინისტრომ მოგვწერა, ინფორმაციას ვამუშავებთ და გამოგიგზავნითო. ყურადსაღებია, რომ სამინისტროებში 2-2 წერილი გავაგზავნეთ. ერთით ვითხოვდით სრული 2016 წლის მონაცემებს ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ, ასევე ვითხოვდით 2017 წლის იანვრის მონაცემებს. მეორე წერილით ვითხოვდით სამივლინებო ხარჯებს მოხსენებითი ბარათებითურთ. ფინანსთა სამინისტროს მაგალითი რომ ავიღოთ, მხოლოდ ცენტრალურ აპარატში (სიპებისა და აიპების მონაცემები ჩვენ არ გვაქვს) ერთი წლის განმავლობაში სამინისტრომ მოგზაურობაში დახარჯა 305 545.49 ლარი, მათ შორის, ქვეყნის შიგნით მივლინებებში 15 270.05 ლარია დახარჯული, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებებში დახარჯულია, თითქმის, 300 000 ლარი. როდესაც ჩვენ მივლინებებზე ვსაუბრობთ, ყველაზე საინტერესო მაგალითია საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯერ კვლევა არ დაგვისრულებია, რადგან სრული მონაცემები არ გვაქვს, რამდენიმე სამინისტრო მთლიანად არის გამოკვლეული: ფინანსთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კვლევის ბოლო ეტაპზეა საგარეო საქმეთა სამინისტრო, განათლების სამინისტრო და ა. შ.

_ რა ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში?

_ ძალიან საინტერესოა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელმაც თავისი სიპებით და აიპებით 2016 წლის მთლიანი ხარჯი შეადგინა 20 206 034.20 ლარი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში, როდესაც ხელფასებსა და მივლინებებს ვიკვლევდით, საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ: ამ სამინისტროში არის ევროპასთან ურთიერთობის დეპარტამენტი! ამ 20 მილიონიდან ხელფასის სახით გაიცა 13 436 420.10 ლარი, პრემია გაიცა 2 263 808.25 ლარი, დანამატი გაიცა 4 210 725.90 ლარი. უშუალოდ სამინისტროს ადმინისტრაციაში 13 მილიონი ხელფასიდან 2 210 000 ლარია, ანუ აქ გვატყუებს მთავრობა, თითქოს ადმინისტრაციაში ხარჯი არ არის. სამინისტროდან ინფორმაცია რომ მოვითხოვეთ, გვეუბნებიან, რომ ხელფასი, პრემია და დანამატი გაცემულია 4 მილიონი ლარი, მაგრამ როდესაც სიპებს და აიპებს მიჰყვები, უკვე კატასტროფული მდგომარეობაა. წარმოიდგნეთ, საერთო ჯამში, ხელფასი, პრემია და დანამატი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის საქვეუწყებო სიპებსა და აიპებს ერთად 20 მილიონი აქვს დახარჯული და ცალკე სოფლის მეურნეობის სამინისტროს _ 4 მილიონი. თუმცა ამ 4 მილიონიდან 100%-ზე მეტი წასულია პრემიებში _ 677 994 ლარია მხოლოდ პრემია ადმინისტრაციაში, დანამატი 25%-ზე უფრო მაღალია 1 192 323.37 ლარი. იმასაც ვხედავთ, რომ სიპები და აიპები ბევრად ასწრებენ სამინისტროების ბიუჯეტებს. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, არაკომერციული იურიდიული პირი _ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო: მისმა საერთო ხარჯვამ შეადგინა 4 894 727.28 ლარი, მხოლოდ ამ აიპ-მა გადაუსწრო თავად სამინისტროს, რომელსაც 4 080 000 ლარი აქვს ხარჯი. ამ პატარა აიპ-მა გადაუსწრო სამინისტროს, რომელშიც მარტო შტატგარეშე მოსამსახურეებისთვის ხელფასის სახით გაცემულია 274 040.28 ლარი, შტატგარეშე მოსამსახურეებისთვის დანამატის სახით 80 000 ლარია გაცემული.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, 2016 წლის ხელფასისა და დანამატის სახით გაცემულია 8 794 393.50 ლარი. ეს მაშინ, როცა ამხელა პრობლემები გვაქვს ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. ბოლო დღეებში ვნახეთ, სად ყიდდნენ სურსათს. ამ დროს ეს უწყება 9 მილიონს ხარჯავს და ამ თანხიდან პრემია გაცემულია მილიონ ნახევარი ლარი, დანამატიც თითქმის ამდენი. ერთი საინტერესო სიპია კიდევ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ამ ცენტრს პატარა ხარჯები აქვს, მაგრამ იქ, სადაც რამდენიმე კაცი მუშაობს, პრემია 2016 წელს გაცემულია 17 340 ლარი. საინტერესო ხარჯი აქვს ღვინის ეროვნულ სააგენტოს, _ 1 160 142.40 ლარი დახარჯა ხელფასებში, პრემიებსა და დანამატებში. აქედან დანამატი გაცემულია 254 580 ლარი, პრემია _ 277 241 ლარი. საინტერესოა, რისთვის აიღეს ეს პრემია, რაიმე ახალი ბაზარი მოიძიეს ღვინისთვის?! ღვინის ეროვნული სააგენტოს ჯამი გამოვიდა 1 691 661.60 ლარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის წლიური ხელფასია 34 800 ლარი, პრემია 2016 წელს მიღებული აქვს 13 485 ლარი, დანამატი აიღო 11 020 ლარი, მეორე ხელფასი მოიწყო! უფრო საინტერესო ის არის, რომ დანამატში მოადგილემ 1000 ლარით აჯობა, მას უფრო მეტი აქვს აღებული _ 12 000 ლარი, 11 625 ლარი პრემია აქვს გამოწერილი და 30 000 ხელფასი წლის განმავლობაში. რაც შეეხება მივლინებას, აქაც საინტერესო ციფრია: სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივლინებებში დახარჯული აქვს ნახევარ მილიონამდე ლარი, მათ შორის, ქვეყნის გარეთ დახარჯულია 257 075.72 ლარი, ხოლო ქვეყნის შიგნით _ 149 948 ლარი.

_ განვიხილოთ გარემოს დაცვის სამინისტრო…

_ ამ სამინისტროს წლიური ხარჯია 25 238 096.64 ლარი. მათ შორის, ხელფასის სახით გაცემულია 19 747 507.62 ლარი, პრემია გაცემულია 1 646 873.50 ლარი, დანამატი 2 540 191.52 ლარი. ასევე აქაც საინტერესოა ის, რომ სამინისტროს დანახარჯებს რომ შევხედოთ, თითქოს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, სამინისტროს ადმინისტრაციამ ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით დახარჯა 2 380 404.83 ლარი. ეს არის თანამდებობის პირები, რომელთა ხელფასი შეადგენს 933 399.93 ლარს, ხოლო სხვა თანამშრომლების _ 1 376 020.90 ლარს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დახარჯა 11 196 173.13 ლარი. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს წლიური ხარჯია 25 238 096.64 ლარი, აქედან 21 მილიონი სიპებშია წაღებული. ეროვნულ სატყეო სააგენტოში 939 326 ლარი პრემიაა გაცემული. გარემოს ეროვნულ სააგენტოში 5 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული ხელფასში, პრემიასა და დანამატში. ასეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირია _ გარემოს დაცვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სადაც 342 433 ლარია დახარჯული. დაცული ტერიტორიების სააგენტო 4 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს ხელფასში, პრემიასა და დანამატში. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ნახევარ მილიონ ლარს ხარჯავს _ 501 787 ლარი. ეროვნული საშენი მეურნეობა _ 449 140 ლარს ხარჯავს, აქედან 269 710 ლარი მიდის ხალფასში, დანამატში _ 167 520 ლარი.

_ მივლინებებთან დაკავშირებით რა სურათია?

_ ავიღოთ ყველაზე პატარა ბიუჯეტიანი, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მათ არც სიპი აქვთ, არც აიპი, მხოლოდ ეს აპარატი მუშაობს. შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ქვეყნის გარეთ მივლინებებში დახარჯული აქვს 98 052.18 ლარი, ქვეყნის შიგნით _ 11 367.53 ლარი. ხელფასი 2016 წლის განმავლობაში არის 631 915.22 ლარი, პრემია ამ პატარა სამინისტროს აპარატს აღებული აქვს 86 320 ლარი, ხოლო დანამატი _ 213 664.74 ლარი. ამან სულ შეადგინა მილიონ ლარამდე. სამინისტროს ამ აპარატში საინტერესო ის არის, რომ შტატგარეშე მოსამსახურეებიც ჰყავთ და მათზე გაცემულია 172 251.56 ლარი ხელფასი. მივლინებებში ვაწყდებით საინტერესო ციფრებს. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ძალიან ხშირად მონაწილეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ჟენევაში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში გაეროს ეგიდით და ამ საკითხებში კარგად ვერკვევით. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: ჩვენი 2-დღიანი ვიზიტი როდესაც ჟენევაში ჯდება, მაქსიმუმ, 1000 დოლარი, იცით, რამდენს იხდის შერიგების სამინისტრო? მაგალითად, ციხელაშვილის მოადგილე კანკავა 5 დღის განმავლობაში ჟენევაში ხარჯავს 6 106.14 ლარს. თან ჩვენ ვიცით, რომ პრემიერის ბრძანებაა ხარჯების შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული. ჟენევაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია სასტუმროს ფასი, მაგრამ, საშუალოდ, ერთი დღე სასტუმროს ღირებულებაა 150 შვეიცარიული ფრანკი, დაახლოებით, 400 ლარი, 5 დღით რომ წავიდეს ადამიანი ჟენევაში, სასტუმროს ფასი უნდა გადაიხადოს 2000 ლარი. ეს არის მაქსიმუმი, თვითმფრინავის ბილეთი 1200 ლარი, მაქსიმუმს ვანგარიშობ, პლუს დღიური ანაზღაურება რომ გამოვუყვანეთ კანკავას, 4000 ლარს ვერაფრით ავცდით. 4 დღის განმავლობაში მინისტრმა ციხელაშვილმა ასევე ჟენევაში დახარჯა 5 932.26 ლარი. ესეც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალი ხარჯია. როცა ზაქარეიშვილი გახლდათ მინისტრი, უფრო იაფ ქალაქში იყო ჩასული, მიუნხენში, სადაც 120 ევროა სასტუმროს ყველაზე დიდი ფასი ფინანსთა სამინისტროს დადგენილებით და 4 დღის განმავლობაში მაშინდელმა მინისტრმა დახარჯა 6 458.93 ლარი. ასევე ზაქარეიშვილის მინისტრობის დროს აშშ-ში მისი ვიზიტი 6 დღის განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან დაგვიჯდა 10 000 ლარზე მეტი.

როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მივლინებებს ვამუშავებდით, რომელსაც შემდეგი ნომრისთვის შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვან რამეს წავაწყდით. როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენხნიანი შეიძლება იყოს ვიზიტი უცხოეთში ღონისძიებებზე? როდესაც ვიკვლევდით, შეგვხვდა ინფორმაცია, რომ ადამიანი ევროპაში 35 დღის განმავლობაში იყო წასული. ვფიქრობ, საქორწინო მოგზაურობაში გაუშვეს! 9 შემთხვევა გვაქვს, რომ ადამიანი 16 დღით იყო წასული. 12-13 დღით, დაახლოებით, 90 შემთხვევა გვაქვს, როდესაც ვიზიტის ვადა სცილება 7 სამუშაო დღეს. 7-ის ქვემოთ არც დავითვალეთ. ამის შესახებ აუცილებლად მივწერთ სამინისტროს და პერსონალურად გამოვითხოვთ მონაცემებს, 35 დღის განმავლობაში რას აკეთებდა იქ მათი თანამშრომელი? თუ სასწავლებლად იყო, აქაც შეცდომაა, მაშინ პირდაპირ ვიტყვით, რომ სამინისტროში მუშაობა არ იციან, რადგან სწავლა მივლინება არ არის.

 

თამარ ბატიაშვილი