მოქალაქე პოლიციას ნარკოტიკის „ჩადებაში“ ადანაშაულებს

რა ვითარებაში დააკავა პოლიციამ ომის ვეტერანი ალექსანდრე გაბოძე? რის საფუძველზე ამტკიცებს იგი, რომ „მეტადონი“ ჩაუდეს? რას უკავშირებს სამართალდამცველების მხრიდან აღნიშნულ ნაბიჯს? რატომ შეუფარდა მოსამართლე კურტანიძემ გირაო და რა უთხრა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ? რატომ ითხოვს პროკურორი საპროცესო შეთანხმებას და ბრალდებული ამაზე უარს რატომ ამბობს? სად ხედავს ბრალდებული გამოსავალს და რატომ აპირებს პროცესის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნას?

 

„ქრონიკა+“ ამ და სხვა საკითხებზე ალექსანდრე გაბოძეს ესაუბრება:

_ ვცხოვრობ თბილისში, ვარ ომის ვეტერანი. 1988-89 წლებიდან მოყოლებული გენერალ გია ყარყარაშვილის თანამებრძოლი ვიყავი. სამაჩაბლოდან დაწყებული, აფხაზეთით გაგრძელებული, ყველა ომში ვიბრძოდი. განსაკუთრებულ სპეცოპერაციებში ვმონაწილეობდი, რასაც „თეთრი არწივი“ ახორციელებდა.

ერთხელ მე და გია რუსებმა და ოსებმა ალყაში მოგვაქციეს და გამოვაღწიეთ. სპეცოპერაცია ტარდებოდა, რომელიც წესითა და რიგით, არ უნდა გახმაურებულიყო. ჩვენამდე იქ დაზვერვა შევიდა და გვითხრა, რომ გზა სუფთა არისო. ღამის 4-5 საათი იყო და სასწაულად ბნელოდა. ჩვენზე წინ შესული ტექნიკიდან ერთ-ერთი აგვიფეთქდა, _ თურმე, იქაურობა სულ დანაღმული ყოფილა. ამ დროს, დაზვერვა გვეუბნება, გზა სუფთა არისო.

ჩვენ უკან „ღამურების“ („ლეტუჩიე მიში“) სპეციალური ჯგუფი მოდიოდა. ახლა არ ვიცი, ასეთი დაჯგუფება კიდევ არის თუ არა. ის სოფელ ნიქოზში, აეროპორტის დასახლებასთან იდგა. მოგვყვებოდნენ, რადგან რუსები წინა ხაზზე ვერ გამოჩნდებოდნენ _ უკნიდან თუ ვინმე მოვა, „პერეკრიტიას“ (გადაფარვა) ჩვენ გაგიკეთებთო. მათ ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი ქართველი იყო და, შეძლებისდაგვარად, გვეხმარებოდა.

გზად რომ მივდიოდით, რუსებმა, ამ „ლეტუჩი მიშებმა“, რაციაზე გია გამოიძახეს, _ ჩვენ უკან „ბერდეემია“ შემოსული და თქვენიაო?

გია ეუბნება, _ არ ვიცი, ჩემი არ არის, მაგრამ შტაბს დაუკავშირდით, რადგან შეიძლება, მათ გამოუშვესო.

მეღვრეკისში რუსების შტაბს უკავშირდებიან და ისინი პასუხობენ, რომ არ ვიცით, ვინ არიანო. ამის შემდეგ რუსებმა „პუშკა“ ჰაერში აწიეს და ამათ საწინააღმდეგოდ გამაფრთხილებელი ისროლეს. მეორეჯერაც უკვე პირდაპირ ესროლეს.

თურმე, ერთი ადგილობრივი მცხოვრები და მეორე მთაწმინდის პოლიციის თანამშრომელი იყო. ისინი რომ დათვრებოდნენ ხოლმე, შემოდიოდნენ, ისროდნენ და გამოდიოდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ მაშინ იქ ადგილზე სპეცოპერაცია ტარდებოდა.

მერე ვინც გამცილებელი იყო, საერთოდ დაიკარგა. გზა არავინ იცის და ისე მოხდა, რომ მე და გია მარტო დავრჩით.

უკვე რიჟრაჟია და ვხედავ, მე და გია ცხინვალში კორპუსებთან ვართ მისულები. გია მიყურებს და, _ სიკვდილის გეშინიაო? _ არა, კაცო, რის მეშინია-მეთქი. ორივემ „ლიმონკები“ ავიღეთ, „კალცოები“ მოვხსენით და ჯიბეში ჩავიდეთ. თან „ნულოვკები“ გვაქვს, ეგრევე რომ ფეთქდება. იმიტომ მოვხსენით, რომ ოსებს ცოცხლები არ ჩავბარებოდით. მათთვის ყარყარაშვილი რა ვიცი, რა აღარ იყო, ხოლო ცოცხლად ჩაბარებას ისევ სიკვდილი სჯობდა.

უკან რომ გამოვდივართ, თურმე, ეს შენი ოპერაცია გაყიდულია. ოსები სხედან სახლებში და გველოდებიან, რომ შევიდეთ. გამოსვლისას, სოფლებში რომ რკინის ღობეებია, მაგაზე რომ დავძვრებით, ერთ ხელში „ლიმონკა“ მიჭირავს, მეორეში _ ავტომატი და ფეხი რომ დაგიცდეს და „ლიმონკა“ დაგივარდეს, მორჩა, აღარ ხარ.

ნელ-ნელა, ნელ-ნელა გამოვდივართ, ღვთის წყალობით, გადავრჩით, ოსები ისე გამოვიარეთ, რომ არ შევხვედრივართ. რაღაც მანძილი დარჩენილია და ავტომატის გადატენის ხმა მესმის. იქიდან, _ რომელი ხარო? გია ეუბნება, _ ყარყარაშვილი ვარო. _ გაჩერდით, ვინ ხართო? გია ხმაზე ვერ იცნეს თუ რა იყო, არ ვიცი. კიდევ კარგი, მე ის ხმაზე ვიცანი, ცხონებული თბილისელი, კარგი ბიჭი იყო, ნუკრა ელიავა, მეგობარი.

_ ნუკრა, არ ისროლოთ, მე და „ყარყარა“ ვართ-მეთქი. ეგ იყო და კიდევ ერთი პეტრე, ბერძენი, ხაშურის ბატალიონის მეთაური, მაგარი მეომარი კაცი. თურმე, რამდენიმე წუთის წინ ოსებთან ღია სროლები ჰქონიათ, ლამის, 10 მეტრის რადიუსით და დაჭრილები ჰყავთ.

_ ნუკრა არ ისროლო, მე ვარ, „გაბო“ და „ყარყარაა“, გია-მეთქი, _ ამ დაძახებამ იმ წუთში ყველა გადაგვარჩინა, რადგან გია ხმაზე ვერაფრით იცნეს. უეჭველი მსროლელები იყვნენ და ადგილზე დაგვხოცავდნენ.

გამოვედით სამშვიდობოს და მერე გავიგეთ, რაც მოხდა და როგორც მოხდა, რომ ყველაფერი გაყიდული იყო. რაკი მკითხეთ, ეს ბრძოლების ერთ-ერთი ფრაგმენტია, თორემ, ასეთი უამრავი იყო. ეს ამბავი კი, დაახლოებით, 1991-92 წლებში ხდებოდა.

სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მაქვს მიღებული, სამჯერ კონტუზია, ელენთა ამოჭრილი მაქვს, თირკმელი დაზიანებული…

_ ახლა სასამართლო პროცესი გქონდათ…

_ დიახ, სხდომა სააპელაციო სასამართლოში იყო. ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონი“ ჩამიდეს. ეს ყველაფერი არაპროპორციულ ვითარებაში მოხდა, პოლიციამ ზომას გადაამეტა. ამას, უბრალოდ, ჩადებაც კი არ ჰქვია, ეს ყველაფერი „კაპეზეში“ ქაღალდზე დაწერილი წავიკითე. თურმე, მე „ინსულინის“ შპრიცი მქონდა. ამ დროს „ინსულინის“ შპრიცი ერთი 10 წელია, საერთოდ ხელშიც კი არ მჭერია.

დნმ-ს ექსპერტიზა არ ჩამიტარეს, ჩემი მონაცემები ამოვიდოდა თუ არა. მე კი ამის საშუალება არ მქონდა, 1800 ლარი მომთხოვეს სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზაში. ამ დროს ეს ყველაფერი პროკურატურას უნდა გაეკეთებინა, რათა თავისი საქმე გაემყარებინა. მე თუ ეს მართლა ხელში მეჭირა, რეალურად, ექსპერტიზით ასე ხომ უნდა აღმოჩენილიყო?

თან დაკავება წყნარ ვითარებაში მოხდაო. ყოველ შემთხვევაში, ისინი ასე წერენ.

_ რეალურად, რა მოხდა?

_ ძალიან ხმაურიან ვითარებაში იყო. ეს 21 იანვარს, დაახლოებით, შუადღის ორ საათზე ხდება. დაკავების ადგილზე ვინც მიმიყვანა, მითხრა, რომ აქ მანქანა უნდა გავრეცხოო.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ვინც იქ მიმიყვანა, წინა საღამოს ტელეფონზე მირეკავს და მეუბნება, _ „ტისკს“ 170 ლარი უნდაო“? დაამთავრა თუ არა, ეგრევე პასუხი გავეცი, _ რა 170 ლარი, შენ ხომ არ გაუბერე, საერთოდ, რას მელაპარაკები-მეთქი? და ტელეფონი გავუთიშე.

ჯერ ეს „ტისკი“ არც კი ვიცოდი, რა იყო და მერე გავიგე. ესეც მეორე დღეს პოლიციელებმა რომ დამიჭირეს, ერთმანეთში საუბრისას „ტისკი“ ახსენეს. ერთ-ერთი პოლიციელი ჩემი ახლობლის მეგობარი აღმოჩნდა, საუბარში ავიყოლიე და წამოსცდა, _ გუშინ ტელეფონზე რომ დაგირეკა, მეც იქ ვიყავი და შენი პასუხი მაგრად მოეწონა, რომ ეგრევე უპასუხეო. მართლაც, წამი არ გადამიცილებია, ისე ვუთხარი, _ რა „ტისკი“, რა 170 ლარი-მეთქი?!

ეს ბიჭი მეუბნება, _ მე მივხვდი, რომ ეს ვიღაცას ღუპავდაო. ჰოდა, მე შევრჩი. დაგვაკავეს და პოლიციაში მიგვიყვანეს.

_ უშუალოდ რა ვითარებაში დაგაკავეს?

_ მანქანიდან გადმოგვათრიეს, იმან ხმაური დაიწყო. ჩიხი იყო და, ალბათ, არ მოელოდნენ, რომ შემდგომისთვის ვინმე მოწმეს ვნახავდი. ძირს რომ ვეგდე და ვიხედებოდი, ბუნდოვნად დავინახე, რომ მარცხენა მხრიდან ვიღაც ორი მოვიდა. პოლიციელებმა ისინი გაყარეს. მერე პოლიციიდან ნარკოლოგიურში გადამიყვანეს. ანალიზები ჩავაბარე და, _ ახლა „კაპეზეში“ გადაგიყვანთ, ანალიზის პასუხები რომ მოვა, გაგიშვებთო, მაგრამ პასუხები უფრო ხვალ იქნება, დღეს არაო. _ ერთი დღე არაფერი არაა-მეთქი.

მანამდე, დაჭერის პროცესში, ძირს დამაგდეს. ერთ-ერთს ფეხი ერთ მაჯაზე უდევს და მეორეს _ მეორე ხელზე, იარაღი ჩემზე ზედ აქვს მოდებული. ვუთხარი, _ გაწიე ეგ იარაღი, აქედან არ გაგივარდეს-მეთქი. მერე მანქანაში ჩამტენეს და წამიყვანეს

(სანამ მივიდოდით, პოლიციის მანქანა იქ მისულია და გველოდებიან, ეს კადრები შენახულია. დაწერილი აქვთ, რომ ოპერატიული ინფორმაცია შემოვიდა და ამის საფუძველზე გამოვედითო).

მეორე დღეს „კაპეზედან“ გამიშვებენ-მეთქი. _ არა, ჯერ ნარკოლოგიურიდან პასუხი არ მოსულა, ახლა მეტადონს დაგალევინებთ (პროგრამაში ვარ), შეიძლება, პასუხი გზაში დაგვაწიონ და გზიდანვე გაგიშვებთო.

_ ამ დროს თქვენი მეგობარი სად არის?

_ ისიც იქვეა, ჩემთან ერთად აყვანილია, შემოწმებაც გაიარა. მიგვიყვანეს, „მეტადონი“ დავლიეთ, უკან წამოგვიყვანეს. ისევ „კაპეზედან“ გაგიშვებენო. უკვე ქალაქის სამმართველოში ვართ.

შეცდომა დავუშვი, რომ დაჭერის შემდეგ მაშინვე ექსპერტიზა არ ჩავიტარე. ეს იდაყვი, ეტყობა, დამარტყმევინეს და მას მერე სულ მტკივა. ახლა ამაზე საუბარს აზრიც აღარ აქვს, იმდენი დრო გავიდა. ეს შეცდომა დავუშვი, მას მერე ეს ადგილი სულ მაწუხებს.

გავაგრძელოთ: ცოტა ხანში მესმის, რომ გვერდითა საკნიდან მეგობარს უშვებენ. ალბათ, მეც გამიშვებენ-მეთქი. დრო გადის, არ მიშვებენ, განგაში ავტეხე. „კაპეზეს“ უფროსი მოვიდა, _ რა არისო? _ გუშინ დამაკავეს, ნარკოლოგიურში გადამიყვანეს, ანალიზები ჩავაბარე, არაფერი მქონდა, ამდენი ხანი აქ რატომ მაჩერებენ-მეთქი? _ არაფერი გქონდაო? _ არა, საერთოდ არაფერი-მეთქი. _ ეგენი გიჟები ხომ არ არიანო? ეტყობა, აქეთ-იქით გადარეკა და ნახევარ საათში „კამერას“ მიღებენ. ვიღებ, რაც მქონდა, _ არა, დატოვეო. _ პროკურორი და გამომძიებელია მოსულიო. _ რა ხდება-მეთქი? _ მე არ ვიციო. ამიყვანეს სხვა ოთახში. პროკურორი მეუბნება, _ დანაშაულს არ აღიარებო? _ ბოდიში, მაგრამ, იქნებ, გამარკვიოთ, რა დანაშაულია-მეთქი? _ როგორ, „ინსულინის“ შპრიცი რომ გქონდა, არ იციო? გამიკვირდა, _ რა ინსულინის შპრიცი,  არაფერი მქონია, მეღადავები თუ მართლა რას მეუბნები-მეთქი? როგორც შენ გქონდა, ისე მე მქონდა ეგ „ინსულინის“ შპრიცი-მეთქი.

_ დამიწერე, რომ ჩაგიდეს, დუმილის უფლებას იყენებო და ა. შ. ამას პროკურორი მეუბნება. აიღებს ამ ტელეფონს, გავა, სადღაც რეკავს, შემოვა და, _ რაღაც მაინც დამიწერეო. _ წერა არ ვიცი და ვერაფერს დაგიწერ-მეთქი. _ მაშინ პიროვნებას შემოვიყვანთ, უკარნახე და მერე დაეთანხმეო.

_ იცით რას გეტყვით, წერაც ვიცი და კითხვაც, მაგრამ არაფერი მქონია და ამიტომ არაფერს დავწერ-მეთქი. არც ჩადებაზე და არც დუმილის უფლებაზე საერთოდ არაფერს ვწერ-მეთქი. მოკლედ, მეჩალიჩებიან, რომ რაღაც მაინც დავწერო, მაგრამ დღემდე ისე ვარ, რომ ამ საქმეში არაფერი დამიწერია. საერთოდ, წერტილი და მძიმეც კი არ მაქვს დასმული. მერე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რომ მიმიყვანეს, ამას რამდენი დრო სჭირდება? 15-20 წუთი, ჰა და ჰა, ყველაზე მეტი, ნახევარი საათი, მაგდენიც კი არ უნდა. ამ დროს მოსამართლე ამ აღკვეთის გამოტანას 2 საათი და 50 წუთი მოუნდა.

_ ასე რატომ მოხდა?

_ ეტყობა, მოსამართლე მთლიან საქმეს ჩაუჯდა, ყველაფერი ნახა. თან თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროს პირობითის ქვეშ ვარ და მოსამართლე 2 ათასი ლარის გირაოს მიფარდებს; დანაშაულს, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებ (არ მქონია და რატომ უნდა ვაღიარო?) და გარეთ მიშვებს. ბოლოს ეს მოსამართლე კურტანიძე მეუბნება, _ შენ მართალი ხარ, მიაწექი და მაგ შენს სიმართლეს, გაიტანო. პროცესი რომ დამთავრდა, ამაზე მოსამართლემ მერე მითხრა. ამ კაცმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ყველა წესიერმა მოსამართლემ უნდა გააკეთოს.

_ გადაწყვეტილებას საფუძვლად რა დაედო?

_ რაც მასალებში ნახა, როგორც ნამდვილმა იურისტმა, გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღო. პროცესზე თქვა კიდევაც, _ აქ არაფერია დასაბუთებული და მე ვერ ვხედავ ისეთს, რომ ამ პიროვნებას პატიმრობა შევუფარდოო. ანუ ისე მოიქცა, როგორც ყველა წესიერი მოსამართლე უნდა იქცეოდეს. მოკლედ, საქმე ისეც ვერ შემიკერეს, რომ დავეპატიმრებინე. საქმეში ისეთი რაღაცები ეწერა, რომ ჩემი დაპატიმრების არანაირ საფუძველს არ იძლეოდა. მანდ რომ რამე ისეთი ყოფილიყო, მოსამართლე არ გამიშვებდა.

_ რაოდენობა როგორ იყო მითითებული?

_ 0,0000020 მლ/გრ. „მეტადონი“.

აქ საინტერესო კიდევ რა არის: ვითომ, მეგობარსაც „ინსულინის“ შპრიცი ჰქონდა, მასთან წყალი ამოვიდა და ჩემსაში _ „მეტადონი“. მისი „ინსულინის“ შპრიცი წითელი იყო და ჩემი _ ყავისფერი. პრაქტიკაში ყავისფერი „ინსულინი“ საერთოდ არ არსებობს, ასეთი რამ არავის უნახავს. ჯერ სად მქონდა, მაგრამ ასეთი რამეც არ არსებობს, _ ორი მომხმარებელი ერთად იყოს, შპრიცები იყიდოს, წამალი უნდა გაიკეთოს, მისი შპრიცი ყვითელია და ჩემი ყავისფერი („ინსულინი“). თუ ყიდულობ, გასაგებია, რომ ორივეს ერთნაირს ყიდულობ და ასე, მას წყალი ამოუვიდა და მე _ „მეტადონი“.

სხვა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, არც ვიდეო და არც სხვა არაფერი. ერთადერთი ე. წ. მტკიცებულება, მათ მიერ ქაღალდზე დაწერილი, ცარიელი სიტყვებია. როგორც უკვე ვთქვი, არც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაა. ეს ექსპეტიზა ვერც საკუთარი ძალებით ჩავატარე, რადგან 1800 ლარი მომთხოვეს და ამის საშუალება არ მქონდა.

_ ექსპერტიზა თვითონ რატომ არ ჩაატარეს?

_ არ ჩაატარეს, რადგან იცოდნენ, რომ ეს შპრიცი ხელში არ მჭერია. სამხარაულის ბიურო ვერ დაამტკიცებდა, რომ მე ეს ხელში მქონდა. მოკლედ, მოსამართლე კურტანიძემ 2000-ლარიანი გირაო შემიფარდა და გამათავისუფლა.

_ შემდეგ პროცესი როგორ გაგრძელდა?

_ ეს პროცესი ახლაც მიდის. დღესაც რომ მივედით, მოსამართლემ _ საპროცესო შეთანხმებაზე არ თანხმდებითო? პირველად არ ვარ დაჭერილი. როცა დამნაშავე ვიყავი, მიღიარებია, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ როცა დამნაშავე არ ვარ, ეს რატომ უნდა ვაღიარო?

პროკურორი ადვოკატს სიტყვის თქმას არც კი აცდის ხოლმე და მოსამართლემ ეგ რომ თქვა, პროკურორს ამაზე საერთოდ ხმა არ ამოუღია. ადვოკატმა უთხრა, _ არანაირი საპროცესო შეთანხმება არ მოხდებაო. ამაზე არც წავალ! რატომ უნდა წავიდე საპროცესოზე, როცა მართალი ვარ? წყალივით სუფთა ვარ ამ საქმეში და ბოლომდე უნდა გავმართლდე.

_ თქვენ ჩადებაზე რომ საუბრობთ, ეს რა მიზნით მოხდა?

_ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი მეგობრის შემთხვევას უკავშირდება.

_ რა მოხდა?

_ დაახლოებით ერთი წლის წინათ მეგობარი მეწვია. ერთი საღამო ჩემთან სახლში დარჩა, მეორე საღამოს პოლიცია მოვიდა და დაიჭირეს. მანამდე, თურმე, ძებნილი იყო და ამის შესახებ არ ვიცოდი. უკვე ჩემი დაკავებისას ნუცუბიძის ქუჩის პოლიციის უფროსმა მკითხა, _ ვერ მიცანიო? _ საიდან უნდა გიცნობდეთ-მეთქი? _ აი, მაშინ, თქვენი მეგობრის დაკავებისას შევხვდითო. ამიტომ ვიფიქრე, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ეტყობა, ვინც იქ მიმიყვანა და ეს სპექტაკლი დადგა, მათთან მახსენა და უთხრეს, რომ ეს კაცი დაგვაჭერინეო. ჩემი თავი ასე დააჭერინეს, მაგრამ ის არ გათვალეს, რომ როგორც ადრე ყოფილა, „გამიტარებია“ და ხმა არ ამომიღია, ახლაც ყველაფერს ასევე „გავატარებდი“.

ვიმეორებ, ადრე დამნაშავე ვყოფილვარ და მიღიარებია კიდეც, ხაზს ვუსვამ, ახლა აღარ ვარ დამნაშავე და აღარ „გავუტარებ“. აქ სწორედ იმ პოლიციის უფროსის ინტერესზე ვსაუბრობ. შეიძლება, რაღაც სხვა ინტერესიც იყოს, რის შესახებაც მე არ ვიცი. ჩემს ბინაში მეგობრის დაკავების ამბავი მიხსენა და ასე ამიტომ ვფიქრობ, თორემ მასთან ადრე შეხება არ მქონია.

_ ამ სიტუაციაში გამოსავალი რა არის?

_ გამოსავალი ის არის, რომ ჩემთან დაკავშირებული ფაქტი რაც უფრო გახმაურდება, ამის შესახებ რაც უფრო ბევრი ხალხი გაიგებს, მით უფრო ვერ გადაწყვეტენ და გაბედავენ არასწორი, უსამართლო განაჩენის გამოტანას.

_ პროკურორი რას ითხოვს?

_ პროკურორს საპროცესო შეთანხმება სურს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ამაზე უარს ვამბობ. ბოლომდე სამართლიანობისთვის ვიბრძვი. ვნახოთ, ალბათ, ღმერთი არ გამწირავს.

_ პირობითი სასჯელი კიდევ რამდენ ხანს გექნებათ?

_ სამი წელი. დავდივარ, დარღვევა საერთოდ არ მაქვს. წესიერად მივდივარ და მოვდივარ. მერე ეს ყველაფერი, სასამართლოები რომ დასრულდება, გამორიცხულია, მე აქ არ გამაჩერებენ. პოლიცია გადამეკიდება, რადგან მთელ სისტემას ვეჯახები. ამიტომ უცხოეთში თავშესაფარი უნდა მოვითხოვო, აქ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ამას გერმანიაში ვაპირებ.

_ რატომ არ გაგაჩერებენ?

_ ჯერ ახლა არ მასვენებენ და მერე რას იზამენ? არაფერი დამთავრებულა და ქუჩაში მარტო ვერ გავდივარ.

_ ქუჩაში რა ხდება?

_ ვინც დამაკავა, ის თანამშრომლები ხან გლდანში შემხვდნენ (ვაკე-საბურთალოს თანამშრომლები არიან), ხან _ ვარკეთილში. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. ღამის ორ საათზე რომ შეგხვდებიან მანქანით ვარკეთილში, ე. ი. დამყვებიან, ბევრჯერ ვეფეთებით ხოლმე. დავინახე, სურათებიც გადამიღეს, ამიტომ მერეც არ დამანებებენ თავს. ვის შეშვებიან რომ? _ არც არავის.

_ „ჩადების“ მანკიერ სისტემას რა ეშველება?

_ ის ეშველება, რომ ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც, მაგალითად, მე ვიქცევი, _ გავახმაურე, ახლაც ვახმაურებ, ყველანაირ საპროცესოზე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ… ალბათ, ამ გზით თუ ეშველება ამ მანკიერებას, თორემ სხვანაირად შედეგი არ იქნება. კიდევ რას გეტყვით, იცით: არც სააკაშვილის რეჟიმი იყო წმინდა წყლის. ერთი ისაა, რომ მაშინაც ჩადება იყო, მაგრამ არა ისე მასობრივად, როგორც ახლა. ჩემს შემთხვევაში, ასე რიგითი ქვეგანყოფილების უფროსი რომ წყვეტს, მე ჩამიდოს თუ არა, მაშინ ასე არ იყო. მაშინ ამას წყვეტდა მინისტრი და მინისტრის მოადგილე. ახლა რიგითი ქვეგანყოფილების უფროსი თუ იტყვის, რომ ჩავუდოთო, ჩაგიდებენ კიდეც. და იმასაც ვიღაც მფარველობს, აბა, ისე ვერავინ გაბედავდა.

_ მასობრივად რატომ ხდება?

_ იმიტომ, რომ ქვეყანაში არასწორი პოლიტიკაა, არასწორად იქცევიან. ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩადებები ამ დონეზე იქნებოდა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ, ასე თუ ისე, მთავრობაში ისეთი ხალხი მოვიდა, ეკა ბესელიათი დაწყებული… დღე და მოსწრება ადვოკატი იყო და ყველას გვახსოვს, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ჩადებაზე ერთ ამბავს რომ ტეხდა ხოლმე. ახლა, რატომღაც, ყველა დადუმებულია.

_ რა მიზანი აქვთ?

_ მე როგორც მგონია, ხალხში შიშის დათესვა სურთ, რომ საზოგადოება დაიმორჩილონ. ისევე, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო დამორჩილებული, გარკვეული შიში ჰქონდათ და ამათაც ასე უნდათ. მაგრამ შიშის დათესვა არასწორი პოლიტიკაა, არამართებულია, მით უმეტეს, ასეთი გზით ყოვლად შეუსაბამოა. ყოველ შემთხვევაში, მოქალაქე პოლიციასთან მიმართებით ყოველთვის არაპროპორციულ დამოკიდებულებაშია. მით უმეტეს, მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. შეგიძლია, იმ დროს მოქალაქეს დაუძახო და საქმეში მოწმედ გამოიყვანო. თუ ყველაფერს სუფთად აკეთებ, ეს კანონით შეგიძლია და უფლებაც გაქვს. რატომ არ იყენებ მოქალაქეს?

დაკავებისას ძირს რომ დაგვყარეს და მოქალაქე მოვიდა, გამოაგდეს (ანუ მოწმე), _ აქედან ჩქარა გადით, სპეცოპერაცია ტარდებაო! ახლოსაც არ მოუშვეს. ამიტომ გამოსავალი აღნიშნული მანკიერების წინააღმდეგ ბრძოლაა, რომ ეს ჭირი ერთად დავამარცხოთ. ყველამ ასე რომ იბრძოლოს, შედეგი დადგება.

 

გელა მამულაშვილი