გელა ხვედელიძის საქმე – მითი და რეალობა

2013 წლის 14 მაისს შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ მისი მოადგილე, გელა ხვედელიძე, დაკავებული და თანამდებობიდან განთავისუფლებულია. ოფიციალურ ვერსიად ხვედელიძის მიერ ინტერნეტსივრცეში უფლებადამცველ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის ატვირთვა დასახელდა. გიორგი ფარესიშვილი ერთ-ერთი იყო იმ პირებიდან, რომელიც ფირის გამოქვეყნებამდე, ე. წ. კვერცხების სკანდალის გამო, გელა ხვედელიძეს, გია ხუხაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს აკრიტიკებდა.

ერთი შეხედვით, სამართალმა პური ჭამა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყველა ჩვენგანს, ვინც ხვედელიძის სკანდალურ საქმეში ვიყავით ჩართული, ერთი კაცის სპექტაკლში მოგვიხდა მონაწილეობის მიღება, რომლის დამდგმელი რეჟისორი და სცენარისტი „რეპორტიორის“ დამფუძნებელი ნუგზარ ფოფხაძე გახლდათ.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი მოიაზრებოდა, ავტომატურად, გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა მინისტრი ხდებოდა, ეს კი, პირველ რიგში, ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზაშვილის ინტერესებში არ შედიოდა. ჯერ კიდევ ღარიბაშვილის მინისტრობისას გელა ხვედელიძე მინისტრის სიმამრის თხოვნებს არ ასრულებდა, თამაზაშვილი სამინისტროს ვერც კადრების დანიშვნაში ერეოდა და ვერც სხვა საქმეების გადაწყვეტაში. გელა ხვედელიძე ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ხაზზე იყო, ამიტომაც თამაზაშვილს განსაკუთრებით უშლიდა ხელს და ნერვებსაც.

ღარიბაშვილის მინისტრობის დროს გელა ხვედელიძის წინააღმდეგ ე. წ. კვერცხების სკანდალი აგორდა. რა იდგა, რეალურად, ამ სკანდალის უკან, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვევა, 2013 წელს კი გიორგი ფარესიშვილი და ლაშა ამირეჯიბი, გია ხუხაშვილთან ერთად, გელა ხვედელიძეს სამამულო პროდუქციის დაბლოკვაში ადანაშაულებდნენ. არადა, სიტუაცია ბევრად უფრო მარტივი იყო, _ აღდგომის წინ ირაკლი ღარიბაშვილთან მისი სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი თხოვნით მივიდა, _ ჩემს მეგობარს კვერცხის დიდი პარტია აქვს შემოტანილი, ანტიკორუფციულმა სამსახურმა ტვირთი დალუქა და ერთი მანქანა „მოდულის“ შენობის ეზოშია განთავსებული, იქნებ, მოხერხდეს, კონტეინერი მაცივარში გადაიტანონ, კვერცხი სიცხეში რომ არ გაუფუჭდესო. ირაკლი ღარიბაშვილმა თავის მოადგილეს, გელა ხვედელიძეს დაუძახა და „მოდულის“ შენობიდან კვერცხის კონტეინერის მაცივარში გადატანა დაავალა. ხვედელიძემ, თავის მხრივ, მინისტრის დავალება ანტიკორუცფიული სამსახურის თანამშრომელ ზაზა ჯამასპიშვილს გადასცა, რომელმაც მეწარმეს ნება დართო, ტვირთი მაცივარში გადაეტანა. ასე აგორდა კვერცხების სკანდალი. რა თქმა უნდა, არც თამაზაშვილს და არც ღარიბაშვილს არ უთქვამთ, რომ ხვედელიძე მინისტრის დავალებას ასრულებდა. გიორგი ფარესიშვილსა და ლაშა ამირეჯიბს ეს ფაქტი ხვედელიძის „კრიშობად“ შეასაღეს. მოგვიანებით, ლაშა ამირეჯიბი ჩემთან საუბარში აღიარებს, რომ სწორედ იმ პერიოდში ის შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მისსავე კაბინეტში შეხვდა, შეხვედრას ესწრებოდა პოლიტპატიმარი ზურაბ ხუბულაშვილი და მინისტრის სიმამრი თამაზაშვილი. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პოლიტპატიმართა „იაჩეიკების“ შესაქმნელად ლაშა ამირეჯიბს თანხას გამოუყოფდნენ. აღნიშნული თანხა, 20 000 ლარი, მას თამაზაშვილმა მეორე დღეს კალაძის ბანკის შენობაში გადასცა. ხვედელიძის სკანდალის შემდეგ არც პოლიტპატიმრების დაფინანსება გაგრძელებულა და _ არც ლაშა ამირეჯიბის უფლებადაცვითი მოღვაწეობა. სიმამრმა ფული გადაიხადა ლოკალურ ამოცანაში, რომელიც გელა ხვედელიძის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

მოგვიანებით, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი აღიარებს, რომ თამაზაშვილი მას ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკას თანაკურსელის, ზურაბ ცხადაძის მეშვეობით დაუკავშირდა. გარიგება მარტივი იყო: კენკებაშვილი ხვედელიძეს ფარული კამერით ჩაწერდა, სანაცვლოდ ის სამსახურს მიიღებდა. კენკებაშვილს ხვედელიძისთვის ვაჟა ლელუაშვილის თითქოსდა დანაბარები უნდა გადაეცა, რაც ლელუაშვილთან მის კავშირებს დაადასტურებდა. თემურ კენკებაშვილს ფარული ჩაწერისთვის აპარატურა „მოდულის“ შენობაში გადასცეს, მაგრამ გელა ხვედელიძე მას არ შეხვდა და, შესაბამისად, გეგმა ჩაიშალა.

პარალელურად, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ინტერვიუს ინტერვიუზე აძლევდა, რომ ვაჟა ლელუაშვილი გელა ხვედელიძეს გაურიგდა და თავისუფლების სანაცვლოდ მას კომპრომატები გადასცა. არადა, რეალურად, კუდ-ის ყოფილი უფროსის მოადგილე სწორედ ხვედელიძის კაბინეტში დააკავეს, მოგვიანებით კი ღარიბაშვილის ინიციატივით გაათავისუფლეს. იგი თავისუფლებაზე იყო მანამ, სანამ ღარიბაშვილის სიმამრმა ძალოვან უწყებაზე გავლენები არ დაკარგა. თუმცა მამუკა არეშიძეს, ცხადია, მომდევნო სამი წელი ვაჟა ლელუაშვილისა და თამაზაშვილის კავშირებზე არც ერთი ინტერვიუ აღარ მიუცია.

კიდევ ერთი პირი, რომელიც გელა ხვედელიძეს პრესაში სისტემატურად აკრიტიკებდა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი იყო. მართალია, მას მუდმივად ჰქონდა პრეტენზიები, რომ ზვიად გამსახურდიას ერთგული თანამებრძოლია, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ კასრელიშვილი  დავალებებს ნუგზარ ფოფხაძისგან იღებდა, რომელიც 9 აპრილის დარბევის ინიციატორი და ზვიად გამსახურდიას მოსისხლე მტერი გახლდათ. ის, რომ ზაალ კასრელიშვილი ფოფხაძის დავალებებს ასრულებდა, უტყუარად დასტურდება იმ ჩანაწერით, რომელიც „ქრონიკა+“-ის ოფისში ამ დრომდე ინახება და რომელიც მალე იხილავს დღის სინათლეს.

„ქრონიკა+“-ს, ასევე, ჰყავს ოქროს მოწმე, ყოფილი პარტიზანი, რომელსაც ბევრად უფრო ვერაგული დავალება მისცეს, _ მას ასევე უნდა ჩაეწერა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, დაეთანხმებინა ის, გალის რაიონის ტერიტორიაზე რუსებს შეხვედროდა და მათგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეღო. ეს ფაქტი გახმაურდებოდა, ჩანაწერს ეკა ბესელიას ხელით „ნაცებს“ გაუგზავნიდნენ და სკანდალიც სახეზე იყო. ყოფილი პარტიზანი თბილისში სამეგრელოს ამჟამინდელმა გუბერნატორმა და თამაზაშვილის მარჯვენა ხელმა, ლევან შონიამ და უშიშროების სამსახურის უფროსმა გოგი ნაჭყებიამ ჩამოიყვანეს (სხვათა შორის, გოგი ნაჭყებია ციხიდან სწორედ გელა ხვედელიძემ გამოიყვანა და სამსახურში დააბრუნა). მის დამუშავებაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი და ალექსი ბატიაშვილი. ვერც ეს გეგმა განხორციელდა, რადგან გელა ხვედელიძე არც ყოფილ პატიმარს შეხვდა.

ის, რომ ნუგზარ ფოფხაძე თამაზ თამაზაშვილს პირადად იცნობდა, ამას ჩემთვის არც წყარო სჭირდება და არც განსაკუთრებული დაკვირვება. ნუგზარ ფოფხაძე სისტემატურად აძლევდა რჩევებს მოქმედ პრემიერს, ხშირად ხვდებოდა მას, მაგრამ ფოფხაძემ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, გიორგი მამაცაშვილის თხოვნაზე ივანიშვილმა დელიკატური უარი თქვა, _ ამ შეხვედრისთვის მზად არ ვარო… ბოლოს, „რეპორტიორის“ დამფუძნებელმა დახმარება ირაკლი ტრიპოლსკის სთხოვა, მაგრამ ისევ უშედეგოდ.

ნუგზარ ფოფხაძე მუდმივად ცდილობდა, კონტაქტი ჰქონოდა შს მინისტრის გავლენიან მოადგილე გელა ხვედელიძესთან. სწორედ მას უთხრა პრემიერის სიმამრმა ფრაზა: გელა ხვედელიძე ჩემი პირადი მტერია…

ზუსტად რამდენიმე თვეში ხვედელიძე ნუგზარ ფოფხაძის სახლში დაგეგმილი სრულიად უწყინარი შეხვედრის მსხვერპლი გახდა, სადაც მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თხოვნით ლაშა ამირეჯიბთან შესახვედრად და სიტუაციის გასარკვევად მივიდა.

პრივატშეხვედრაზე თანხმობა ხვედელიძის გამოუსწორებელი შეცდომა იყო. მან ამ დროისთვის არ იცოდა, რომ წინა დღით მინისტრის კაბინეტში ამირეჯიბის დაფინანსების საკითხი უკვე მოგვარებული იყო. ფოფხაძის სახლში შეხვედრას ოთხი ადამიანი ესწრებოდა: ნუგზარ ფოფხაძე, გიორგი მამაცაშვილი, ლაშა ამირეჯიბი და გელა ხვედელიძე. საუბარი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. გელა ხვედელიძემ მარტივად აუხსნა ლაშა ამირეჯიბს, რომ კვერცხების ბიზნესთან არაფერი აკავშირებდა, რომ ღონისძიებები, რასაც სახელმწიფო ახორციელებდა, სწორედ სამამულო პროდუქციის მხარდასაჭერად იყო გამიზნული; რომ პრობლემები იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვაუჩერების დარიგების პროცესში და ა. შ. საუბარი უკვე მთავრდებოდა, როცა,  ყველასთვის მოულოდნელად, „რეპორტიორის“ გენერალური დირექტორი, გიორგი მამაცაშვილი, საუბრში ჩაერთო და ლაშა ამირეჯიბი მეგობრულად გააფრთხილა, _ გიორგი ფარესიშვილთან მეგობრობას თავი დაანებე, რადგან მასზე საშინელი ფირი არსებობს, რომელიც „ასავალ-დასავალში“ შემოაგდეს და მე მოვიპარეო. აშკარად გაკვირვებული ლაშა ამირეჯიბი კითხულობს, _ რას აკეთებს ამ ფირზე ასეთს გიორგი ფარესიშვილიო? გიორგი მამაცაშვილი დეტალურად აღწერს ფირის შინაარსს. ამავე ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ფირი ასევე ნანახი აქვს ნუგზარ ფოფხაძეს და ფირის პიკანტურ დეტალებზე ხუმრობს. ესაა და ეს.

ჩანაწერში ხვედელიძე ფირთან დაკავშირებით ერთ სიტყვასაც არ ამბობს. მიუხედავად ამისა, სწორედ ეს ჩანაწერი გამოიყენეს მის წინააღმდეგ. გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის გასაჯაროების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ დაკითხვაზე ნუგზარ ფოფხაძე და გიორგი მამაცაშვილი დაებარებინათ, გელა ხვედელიძე დააკავეს.

„ქრონიკა+“-ის გამოცემას 2013 წლის გაზაფხულზე ვიწყებ, უფრო ადრე ვაფუძნებ არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩემთან გამუდმებით მოდის ჭორები და ხმები იმის შესახებ, რომ გელა ხვედელიძე ჩემზე კომპრომატებს აგროვებს. როგორც წესი, ამ ჭორების ავტორები, ძირითადად, ნუგზარ ფოფხაძე და გიორგი მამაცაშვილი არიან. კულმინაცია ის ინფორმაციაა, რომელიც ლაშა ამირეჯიბმა გაზეთის ოფისში გადმომცა, რომ სუს-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, გვარად შათირიშვილი, საიდუმლოდ მითვლის, რომ ხვედელიძე ჩემი შვილის დაჭერას აპირებს. ბუნებრივია, სიტუაციის გარკვევას პირადად გელა ხვედელიძესთან ვცდილობ, მაგრამ ტელეფონი, რომელსაც ლაშა ამირეჯიბი მაძლევს, გამორთული აქვს. გიორგი მამაცაშვილი და სანდრო ბრეგაძე მუდმივ კომუნიკაციაში ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას ორივე მხარეს. ამ აურზაურში ძნელია მტყუან-მართლის გარკვევა. სცენარის ავტორი ნუგზარ ფოფხაძე კი სწორედ მისსავე ამღვრეულ წყალში იჭერს თევზს _ ის ჯერ ჩემთან დაპირისპირების სცენარს ათამაშებს, მერე, როცა ხვედელიძის სკანდალი სრულდება, დაჟინებით სთხოვს საერთო მეგობრებს, შეგვარიგოს, რადგან მას შორსგამიზნული გეგმები აქვს, _ „ქრონიკა+“-თან კარგი ურთიერთობა ღარიბაშვილის დასაბოლებლად და მომავალში ფულის გასაკეთებლად სჭირდება.

გელა ხვედელიძე დაკავებულია, ნუგზარ ფოფხაძე შესრულებული დავალების გასამრჯელოდ სააგენტო „რეპორტიორს“ იღებს სუს-იდან მსუყე დაფინანსებით, თამაზაშვილი შს მინისტრად ალექსანდრე ჭიკაიძეს ნიშნავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლს იწყებს. სწორედ ამ დროს თანამდებობაზე ბრუნდებიან საეჭვო რეპუტაციის თანამშრომლები და ყოფილი ზონდერები. საზოგადოებაში ლეგენდები დადის თამაზაშვილის მარანზე, სადაც დანიშვნების მსურველთა ფულიანი რიგი დგას. სწორედ ამ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებიდან გადის გრიფით საიდუმლო მასალები, რომლებსაც თამაზაშვილი და მისი გარემოცვა რუსულ სპეცსამსახურებს აწვდის.

2013 წელს ღარიბაშვილის სიმამრი პრემიერობის გზაზე სიძეს კონკურენტებს აშორებს, _ კურიერის ხელით, მიგზავნის რა ე. წ. კუდ-ის აგენტების ხელწერილებს იმ პირებზე, რომლებიც მისივე სიძის შესაძლო კონკურენტები არიან პრემიერ-მინისტრობის გზაზე.

2013 წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გელა ხვედელიძეს ვხვდები. ეს გახმაურებული სკანდალისა და ჩვენი დაპირისპირების შემდეგ პირველი შეხვედრაა, ვსაუბრობთ დიდხანს და დღეების განმავლობაში. გელა ხვედელიძე დეტალურად მიყვება შს მინისტრის მოადგილის პოსტზე მისი დანიშვნის პერიოდში მიმდინარე დაპირისპირებებზე, ინტრიგებსა და ჭორებზე, თუმცა დღემდე არ ვიცი, რატომ დათანხმდა ის, საკუთარ თავზე აეღო დანაშაული, რომელიც, უბრალოდ, არ ჩაუდენია და რა მოხდა კულუარებში. ის სასამართლო პროცესზე საკუთარი სიმართლის გატანას აპირებს, რადგან უკვე მკაფიოდ იცის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მარტივად და უბრალოდ გაწირა.

მოგვიანებით, საშუალება მომეცა, გელა ხვედელიძის სისხლის სამართლის საქმეში ჩამეხედა და პირველ პროცესს დავსწრებოდი, რომელზეც მან თქვა, რომ დანაშაულს არ აღიარებს. ამის შემდეგ პროცესს გრიფით საიდუმლო დაედო და შს მინისტრის მოადგილეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი გამოუტანეს. დღეის მდგომარეობით ხვედელიძეს ნასამართლობა მოხსნილი აქვს.

სისხლის სამართლის საქმე ხვედელიძის წინააღმდეგ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილმა, ზვიად ჯანყარაშვილმა შეკერა. საქმეში მხოლოდ ერთი პირის, ირაკლი გელიტაშვილის ჩვენება დევს, რომელიც ამტკიცებს, რომ დიღომში შემთხვევით შეხვდა მამამისის მეგობარს, გელა ხვედელიძეს, რომელმაც მას საიტის _ kvercxebi.com დამზადება სთხოვა. აღნიშნული საიტი ქუჩაში ნაპოვნი პირადობის მოწმობით დაამზადა და მონაცემები გელა ხვედელიძეს გადასცა. მოგვიანებით, სწორედ ამ საიტიდან აიტვირთა გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი. ვიწყებ ჟურნალისტურ გამოძიებას და საერთო მეგობრების დახმარებით ვხვდები ირაკლი გელიტაშვილს. მან ჩემთან საუბრისას აღიარა, რომ ის არის ჰაკერი, რომ გენერალურ ინსპექციაში მიიყვანეს და ჩვენება დააწერინეს. ცხადია, ირაკლი გელიტაშვილის ვერც დედა და ვერც გარდაცვლილი მამის ნათესავები და მეგობრები გელა ხვედელიძეს ვერ იხსენებენ. სხვათა შორის, დღეს ირაკლი გელიტაშვილი დიღომში, აღნიშნულ მისამართზე, აღარ ცხოვრობს, არც მეზობლებმა და არც მისმა უნივერსიტეტელმა მეგობრებმა მასზე არაფერი იციან. სისხლის სამართლის საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ გელა ხვედელიძის არც სახლის, არც სამუშაო კომპიუტერში არათუ ფირის ატვირთვის, არც საიტზე შესვლის კვალი არ ფიქსირდება. გელა ხვედელიძის პროცესის პარალელურად, მიკავშირდება ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც მთავაზობს შეხვედრას გოჩა ნაჭყებიასთან და რამდენიმე სხვა პიროვნებასთან, რომელიც აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს გადმომცემენ. ლევან ჩიტაძისა და ლევან გოგიაჩაიშვილის ოფისის თანამშრომელები ყვებიან, რომ ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი სწორედ მათი ოფისიდან აიტვირთა. აუდიო და ვიდეო მასალებს პროკურატურაში ვაგზავნი, მაგრამ სიმართლის დადგენა არავის აინტერესებს, მთავარია, გელა ხვედელიძე დაისაჯოს და მორჩა. სხვათა შორის, ლევან ჩიტაძის სახელი პირადი ცხოვრების ამსახველ ფირს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, როცა ჟურნალისტმა მარი გულორდავამ „ქრონიკა+“-ს გაუმხილა, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირის გამოქვეყნების დროს ის გიორგი ფარესიშვილის გვერდით იმყოფებოდა, მას ლევან ჩიტაძის დავალებით გიორგი ფარესიშვილისთვის გია ხუხაშვილის წინააღმდეგ კომპრომატები უნდა გადაეცა.

ამ სკანდალიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“  ლევან ჩიტაძე, ფაქტობრივად, გადამალული ჰყავდა. ის სატელევიზიო ეთერებში მხოლოდ სოსო გოგაშვილის დასაცავად გამოჩნდა, ისიც ეკა ბესელიას დავალებით, რადგან ბესელია ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენების მერე სწორედ სუს-ის უფროსის მოადგილესთან გადაპორტირდა. მიუხედავად იმისა, რომ ხვედელიძის საქმეზე განაჩენი უკვე დადგა, ამ საქმის ხმაურიანი და სკანდალური  დეტალების გარკვევა მაინც მომავლის ამბავია. სამაგიეროდ, დღეს ქვეყანაში ყველამ იცის, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა დგას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გამოქვეყნების უკან, რომელიც ინტერნეტსივრცეში გასული წლის მარტში გავრცელდა. საქმე გამოძიებული არ არის და სავარაუდოდ, ამ ხელისუფლების პირობებში არც არავინ გამოიძიებს. ისევე როგორც მთავარმა პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა ნუგზარ ფოფხაძისა და გიორგი მამაცაშვილის საცხოვრებელ ბინებში და „რეპორტიორის“ ოფისში. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მათი კომპიუტერებიდან გამოძიებისთვის საჭირო არაერთი მასალა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი ფირებიც ამოიღეს. დღეს არავინ იცის, რა სტადიაზეა ფოფხაძე-მამაცაშვილის საქმის გამოძიება, სამაგიეროდ, საპროცესო გარიგება გაუფორმეს კიდევ ერთ პირს, რომელიც საკუთარ კომპიუტერში ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებულ ფირებს ინახავდა.

24 აპრილს „ქრონიკა+“ ოთხი წლის ხდება. ამ გაზეთს ხმაურიანი სკანდალები დაებედა, მის სახელს დაუკავშირდა ზვიად ჯანყარაშვილის თანამდებობიდან ორჯერ გადადგომა, ე. წ. კახელების კლანის მხილება და მინისტრების მიყოლებით გადაყენება, ღარიბაშვილის გარემოცვის კორუფციული სქემების მხილება, დაბოლოს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა.

ირაკლი ღარიბაშვილი რუსული სპეცსამსახურების ახალი ფავორიტია. მას ამ გზაზე საკუთარი სიმამრის „გრუ“-სთან კავშირები გამოადგა, ისევე როგორც დაუფასდა გრიფით საიდუმლო მასალების გადაცემა რუსული სპეცსამსახურებისთვის და თანამდებობებზე მათი ყოფილი აგენტურის დანიშვნა. ნუგზარ ფოფხაძე  ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაეხმარა, როცა პოლიტიკაში მისი დაბრუნების სცენარი დაწერა, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელის შეტანასა და ოჯახის სიწმინდის დაცვაზე გადიოდა. ნუგზარ ფოფხაძე რუსული სპეცსამსახურის სტაჟიანი რეზიდენტია საქართველოში, ამ სცენარის განხორციელებისთვის მას რუსებიც უხდიდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გეგმა ჩაიშალა. ჯერ არა, მაგრამ, ალბათ, აუცილებლად დადგება დრო, როცა დეტალურად მოვყვები, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ვინ შეუშალა ხელი რუსული სპეცსამსაუხრების ამ გეგმის განხორციელებას. ისევე როგორც ჯერ ისევ საიდუმლოდ რჩება ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისა და გავლენიანი ნათესავების კავშირი ჩემთან და რიგ გახმაურებულ საქმეებთან.

2017 წლის 7 თებერვალს „რუსთავი 2“-ის ეთერში საჯაროდ ვუთხარი უარი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს და დავპირდი, რომ კაპიკ-კაპიკ დავუთვლიდი იმ ფულს, რომელსაც ის და სოსო გოგაშვილი ბიზნესის დარეკეტებით და ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან აკეთებდნენ; ასევე, საჯაროდ დავპირდი, რომ არ ვაპირებდი გელა ხვედელიძესთან მეგობრობაზე უარის თქმას. არადა, სწორედ ეს საკითხი იყო სამთვიანი მოლაპარაკებების მთავარი მოთხოვნა მისი მხრიდან.

ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის სამართლიან ბრძოლაში „ქრონიკა+“ ავანგარდშია. პრინციპების ერთგულებისთვის ძვირი გადავიხადე.

უარს ჯერ ჩემი შვილის დაკავება, ერთი თვის შემდეგ კი გელა ხვედელიძეზე თავდასხმა მოჰყვა. ცხადზე ცხადია, რომ უჩა მამაცაშვილი ჩიხშია. „ქრონიკა+“-ს მისი წყარო ეუბნება, რომ მას გოგაშვილის ძალიან ეშინია, რადგან ერთად ბევრი სიბინძურე აკეთეს, გოგაშვილი კი გელა ხვედელიძე არ არის, რომელსაც „ოცნების“ კულისებში მიმდინარე მოვლენებზე ამ დრომდე არ უსაუბრია. სოსო გოგაშვილის ასევე ძალიან ეშინია ვახტანგ გომელაურს, რომელიც, ჯერ კიდევ, ერთი კვირის წინ  ულტიმატუმს აყენებდა, _ ან მე, ან სოსოო! რამდენიმე დღის წინ კი გოგაშვილის თავგადაკლულ დამცველად იქცა. რატომ? იმიტომ, რომ „ანტრიკოტა“ ბუნებით შანტაჟისტია და ის ივანიშვილის პირად მცველს კომპრომატებით აშანტაჟებს.

ჩვენი ბრძოლა გრძელდება, სოსო გოგაშვილის ფინალი კი ძალიან ტრაგიკული იქნება და ამაზე სწორედ ივანიშვილის გარემოცვა იზრუნებს, _ მან მეტისმეტად ბევრი იცის… ასეთი მოწმე კი ივანიშვილს არ სჭირდება

 

ელისო კილაძე