მამუკა მდინარაძე: ,,ეს არ იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის საუკეთესო გამოსვლა, წარსულში უკეთესიც გვინახავს!“

 

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის უკეთესი გამოსვლებიც გვინახავს, გიორგი მარგველაშვილმა წარმატებულ რეფორმებზეც ისაუბრა, მაგრამ მინორში: „კრიტიკა კი არა, უტრირებული ბრალდებები იყო, არა კრიტიკა. იყო პოზიტივებზეც საუბარი, მათ შორის, წარმატებულ რეფორმებზეც, მაგრამ მინორში. აქედან გამომდინარე და ზოგადადაც, ეს არ იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის საუკეთესო გამოსვლა, წარსულში უკეთესი გამოსვლებიც გვინახავს, რადგან ეს იყო მოკლე და ცოტა ზოგადი“.

დათო ბაქრაძეს საპირისპირო მოსაზრება აქვს: „ვერ გეტყვით, რა ანალიზსა და დეტალებს ელოდებოდა უმრავლესობა, რადგან რაც უფრო მეტი დეტალი და ანალიზი იქნება, მით უფრო მეტად გამოჩნდება, რა სავალალო დღეში ჩააგდო ჩვენი ხალხი და ქვეყანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. მე, მთლიანობაში, მომწონს პრეზიდენტის გამოსვლა, მაგრამ იმის მიუხედავად, მომწონს თუ არა, დღესდღეობით პრობლემა სწორედ უმრავლესობის დამოკიდებულებაა“.

პრეზიდენტის გამოსვლა გიორგი კანდელაკსაც მოეწონა:

„მე ვიტყოდი, რომ ის ოდნავ რბილად შეეხო ეკონომიკის პრობლემას და ასევე იმ საკითხს, რომ ყველა დონის გამოკითხვით უკვე მოქალაქეების ისტორიული მაქსიმუმი მიიჩნევს ფაქტად არასწორი მიმართულებით ქვეყნის განვითარებას. ასევე, ხალხს ძალიან აწუხებს ფასების ზრდა და სამუშაო ადგილების არარსებობა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კი მთავრობაა, რომელმაც ქვეყანა ამ კრიზისში შეიყვანა. მთავრობას არ გააჩნია ამ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და როცა სხვები სთავაზობენ, არც იმას უგდებენ ყურს და არ ითვალისწინებენ.

ჩვენ მთავრობას შევთავაზეთ ანტიკრიზისული ღონისძიებების პაკეტი, რაც გულისხმობს გადასახადების, ბიუროკრატიის შემცირებას და იმ ფლანგველობითი ხარჯების შემცირებას, რაც არაფერში გვჭირდება. მთავრობას არ სურს დისკუსიაში შემოსვლაც კი. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.

პრეზიდენტი ასევე შეეხო დეოკუპაციის საკითხს და იმას, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის აქტუალიზაცია. სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რა თქმა უნდა, არ კმარა.

რეალურად, „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა საკუთარი წინაასაარჩევნო დანაპირები, განსხვავებით ფასების განახევრებისა, და საერთაშორისო უმაღლესი პოლიტიკური დონიდან ტერიტორიების დეოკუპაციის დევნილთა დაბრუნების საკითხი მოხსნა.

სულ ცოტა ხნის წინათ ერთმანეთს შეხვდნენ  შეერთებული შტატების პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, თავისუფალი სამყაროს ორი მთავარი ლიდერი. ორივე მათგანმა ახსენა  უკრაინა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უხსენებია საქართველო იმიტომ, რომ ამისთვის საქართველს მთავრობას არაფერი გაუკეთებია. როცა რუსეთი მტრულ ნაბიჯებს დგამს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ჩასულა არც ერთ მნიშვნელოვან დედაქალაქში. სატელეფონო ზარიც კი არ განუხორციელებია არც ერთ მსოფლიო ლიდერთან იმისთვის, რომ პრობლემის აქტუალიზაცია მოეხდინა. რუსეთთან დიალოგს ვემხრობი, მაგრამ ეს დიალოგი არ ნიშნავს ჩვენი საკითხის გაქრობას საერთაშორისო დღის წესრიგიდან.

როცა გერმანიის კანცლერი და ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს აღარ ახსენებენ მაშინ, როცა ადრე ახსენებდნენ, ეს გვაშორებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას“.

 

ელენე ხოშტარია:

„პრეზიდენტმა ძირითადი აქცენტები გააკეთა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში მართლაც არსებობს: თუ როგორ უწევთ დევნილებს, სოციალურად დაუცველებს არსებობისთვის ბრძოლა.

ეს არ არის ჩვეულებრივი მოსმენა, ჩვენ ვიმყოფებით პირობებში, როდესაც პრეზიდენტის მიმართ მთავრობის დამოკიდებულება აბსოლუტურად არადემოკრატიულია, არ არის ამ ინსტიტუტის პატივისცემა, ამიტომ ჩვენ გვიკვირს ხოლმე ნორმალური რაღაცები: მაგალითად, ის, რომ პრემიერ-მინისტრი ესწრება.

ეს უკვე განსაკუთრებულად მიიჩნევა და, თავისთავად, არანორმალური ვითარებაა. პრეზიდენტმა ისაუბრა დემოკრატიის გამოწვევებზე, მათ შორის, მედიაზე, მოსმენებზე. მან ძირითადი აქცენტები გააკეთა.

ხელისუფლების მხრიდან არანაირი მზაობა არ არის, რომ ამ პრობლემებზე საგნობრივი დებატები შედგეს.

პარლამენტი არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ კი არ მოვისმინოთ, არამედ არსებითად ვიმსჯელოთ, რა იქნება გამოსავალი. როდესაც ვსაუბრობთ კრიმინალზე, გვეუბნებიან, რომ ეს არის მედიის მოგონილი თემა; როდესაც ვსაუბრობთ „რუსთავი 2“-ის პრობლემაზე, გვეუბნებიან, რომ ეს არის ოპოზიციის მოგონილი თემა; როდესაც ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს უჭირთ, მოაქვთ რაღაც სტატისტიკა და ამბობენ, რომ ესეც მოგონილი თემაა, ქვეყანა ყვავის და ყველაფერი კარგად მიდის.

მთავრი პრობლემა ის არის, რომ ეს გამოსვლა ჩვენს ხელისუფლებას უნდა არა იმისთვის, მართლა ვისაუბროთ პრობლემებზე, არამედ ამ გამოსვლის მიმართ ძალიან არასერიოზულია.

არაერთხელ გაგვიკრიტიკებია პრეზიდენტი, მაგრამ აქ არ არის კინკლაობის დრო. მთავარია, არსებითად იმ პრობლემებზე ვისაუბროთ, რომელიც საზოგადოებას აწუხებს: ეკონომიკური პრობლემები, გაჭირვება, სოციალური პრობლემები, დაჩაგრული ჯგუფების პრობლემები და დემოკრატიის გამოწვევები“, _ განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას კი მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა ის აქცენტები დასვა, რაც მოსახლეობას აღელვებს, მაგრამ ამ ყველაფრის წყარო არ მიუთითა:

„პრეზიდენტმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც ნამდვილად აღელვებს ჩვენს საზოგადოებას: ეს არის ჩამოშლილი ეკონომიკა, არაობიექტური სასამართლო სისტემა და უამრავი სხვა, რომელიც არსებობს, მაგრამ მე რაც დამაკლდა, ისაა, რომ ამ პრობლემების წყარო არ დაუსახელებია. წყარო კი არაფორმალური მმართველობაა“.

 

ირმა ინაშვილი:

„ველოდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში ამ ნაწილს უფრო მეტი ადგილი დაეთმობოდა: სოციალური პოლიტიკის თემას და იმ სიტუაციას, რაც ამჟამად ქვეყანაშია“, _ აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი.

 

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს გაბედულება აკლდა და ხმაც კი უკანკალებდა:

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი გაუბედავი იყო, ხმაც კი უკანკალებდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის დაკომპლექსებულია, რაც გასაგები მიზეზებითაა გამოწვეული: ვერ ბედავს, ღიად შეუტიოს ოლიგარქს, რადგან, რაღაცნაირად, დავალებულად მიიჩნევს თავს მისგან. დროა, მან ეს კომპლექსები დაივიწყოს და უერთგულოს კონსტიტუციას, რის მიხედვითაც მას პასუხისმგებლობა ეკისრება, დაიცვას კონსტიტუციური წეს-წყობილება, დაიცვას დემოკრატიული წყობა საქართველოში და ყველანაირი პირადი გადადოს გვერდზე.

რაც შეეხება დანარჩენს და მათ რეაქციას, პრეზიდენტს ამცირებდა, თითქმის, ყველა, მათ შორის, ე. წ. დამოუკიდებელი კანდიდატებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სკამივით შეიტანეს და დადეს პარლამენტში. მისი დამცირება არის ივანიშვილის პოლიტიკის ნაწილი, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი ივანიშვილს ნერვებს უშლის, ფეხებში ებლანდება და უნდა, რომ პირდაპირი არჩევის წესი გააუქმოს, რაც უპრეცედენტო რამაა _ დღიდან ამ ინსტიტუტის არსებობისა, ხალხი პრეზიდენტს ირჩევს პირდაპირი წესით.

ეს უფლება რომ ხალხს ჩამოერთვას, პრეზიდენტად გვეყოლება რომელიმე პარლამენტარი, მონა, რომელიც, სინამდვილეში, ემსახურება ოლიგარქს და არა საქართველოს.

პრეზიდენტმა ძალიან სწორი აქცენტები დასვა, მაგრამ გაუბედავად. მან თქვა, რომ ძალაუფლების არანორმალური კონცენტრაცია ხდება „ქართული ოცნების“ ხელში და ეს სწორია, რადგან საქმე გვაქვს ტირანიის დამყარების რეალურ მცდელობასთან.

კანონის უზენაესობასა და კანონით უზენაესობას შორის არის არსებითი განსხვავება. კანონის უზენაესობა არის სიტუაცია, სადაც მიიღება კანონები, რომლებიც ყველასთვის სასარგებლოა, ხოლო კანონით უზენაესობა, რასაც „ოცნება“ ცდილობს, არის სიტუაცია, როდესაც მიიღება კანონები, რომლებიც ემსახურება ერთ ადამიანს, ან ერთ პოლიტიკურ ჯგუფს. ახლა საქმე გვაქვს სწორედ ამ კანონით უზენაესობის სიტუაციის დამყარების მცდელობასთან, მათ შორის, საკონსტიტუციო კომისიაში.

რაც შეეხება დებატებს, ძალიან სამარცხვინო დებატები იყო უმრავლესობის მხრიდან. არ შეიძლება, პრეზიდენტის ინსტიტუტი დაამცირონ გაუნათლებელმა, ბნელმა ტიპაჟებმა, რომლებმაც მის მიმართ ეპითეტები არ დაიშურეს და ეს იყო არა ემოციური, არამედ მიზანმიმართული, რადგან ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ძირგამომთხრელი მუშაობა, რათა იქ თავიანთი მონა-მორჩილი დასვან“, _ ამბობს ნიკა რურუა „ქრონიკა+“-თან.

 

ლაშა ბერულავა