ბესიკ ამირანაშვილის კომფორტის ზონა

ქალაქ თბილისში დაბადებული შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის სახელი და გვარი ყველამ კარგად იცის, იგი 32 წლის ბესიკ ამირანაშვილია.

2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა; მას შემდეგ, 2007-2008 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ინსპექტორი იყო;

2008 წელს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

2008-2009 წწ.-ებში შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

2009-2011 წწ.-ებში შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი; დეტექტივ-გამომძიებელი;

2011-2012 წწ.-ებში შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე;

2012-2013 წწ.-ებში შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

2013-2014 წწ.-ებში შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;

2014-2015 წწ.-ებში შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი;

2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი;

2015-2016 წწ.-ებში შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

2016 წლიდან კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.

ჰყავს დედა, მეუღლე და ერთი შვილი.

მისი 2016 წლის 29 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაც ისევე „ახალგაზრდულად“ გამოიყურება, როგორც თავად მინისტრი.

ამირანაშვილი გახლავთ 25%-იანი წილის მფლობელი მცხეთაში, სოფელ გალავანში მდებარე 1600 და 5200 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთისა, რომლის დანარჩენ 25%-ებს ინაწილებენ მინისტრის დედა ეკატერინე ამირანაშვილი, ასევე გელა და მამუკა ამირანაშვილები.

იმავე პროცენტული მაჩვენებლებით ფლობენ ზემოთ ხსენებული პირები აგარაკის წილებს იმავე სოფელში, აგარაკის ფართობი კი 25 კვ.მ.-ია (რამდენად სანდო და დასაჯერებელი ფაქტია 25-კვ.მეტრიანი აგარაკის ფლობა, ეს ცალკე თემაა).

დედის, ეკატერინე ამირანაშვილის სახელზეა ვაზისუბანში მდებარე 80,00 კვ.მ.-ის ბინა, სადაც მინისტრის პირველი მოადგილე გაიზარდა.

თავად ბესიკ ამირანაშვილის სახელზე კი რეგისტრირებულია 106.53 კვ.მ.-ის ფართობის მშენებარე ბინა ბახტრიონისა და ფანასკერტელის ქუჩების მიმდებარე ფერდობზე.

ამავე ფერდობზე მდებარეობს 19.20 კვ.მ.-ის ფართობის ავტოფარეხი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ამირანაშვილია.

არც მის და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრის სახელზე არ ფიქსირდება არც ერთი მოძრავი ქონება, რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.

ასევე, დეკლარაცია არ შეიცავს ინფორმაციას რომელიმე ზემოთ ხსენებულის სახელზე არსებულ ფასიან ქაღალდებზე.

რაც შეეხება საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშს, ბესიკ ამირანაშვილის სახელზეა „საქართველოს ბანკში“ არსებული სახელფასო ბარათი 5000.00 (+) ლარის კრედიტის ოდენობით.

ეკატერინე ამირანაშვილის „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშზე კი 0.00(+) ლარი კრედიტი ირიცხება.

ოჯახის არც ერთი წევრის სახელზე არ არის ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობაც აღემატება 4000 ლარს. არ აღინიშნება მათი მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში.

გრაფაში: „საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის გარდა“, ვხედავთ, რომ ბესიკ ამირანაშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორობისას 11043.83 ლარი აქვს აღებული, ხოლო აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორობისას _ 64707.21 ლარი.

მისსავე სახელზეა (04/11/2015, 04/11/2015-02/11/2020) საქართველოს ბანკთან დადებული ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს სამომხმარებლო სესხი, 8500.00 აშშ დოლარის ოდენობით და რომლიდანაც ერთი წლის მიღებული მატერიალური შედეგი 376.00 აშშ დოლარია (გასავალი).

ამავე ბანკში აქვს (26/06/2015, 26/06/2015-01/06/2017) განვადება, 3252.54 ლარის ოდენობით, საიდანაც, წლიური გასავალი 860.00 ლარია.

დაბოლოს, მინისტრის მოადგილის სახელზე ფიქსირდება იპოთეკური სესხი, 35607.50 აშშ დოლარის ოდენობის, (29/07/2014, 29/07/2014-01/08/2018 წწ. ვადით), საიდანაც 10623.00 აშშ დოლარია გასავალი.

ცარიელია გრაფები: „თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს“,

„წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან/და გასავალი, რომლის ოდენობა (ღირებულება) თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე“.

 

ქონებრივი დეკლარაციის გაცნობის შემდეგ უკვე მთავარი იყო, მინისტრის პირველი მოადგილის „კომფორტის ზონა“ მეძებნა და გამეგო, თუ როგორ, სად და ვისთან ერთად ცხოვრობს ამირანაშვილი.

ბინა, რომელიც მის სახელზეა და ბახტრიონისა და ფანასკერტელის ქუჩების მიმდებარე ფერდობზე მდებარეობს, მშენებარეა. ბუნებრივია, იქ ვერ იცხოვრებდა. მცხეთაში მდებარე 25 კვ.მეტრიან აგარაკზეც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და დარჩა ერთი, ვაზისუბანში, მესამე მკრ-ში მდებარე ბინა, რომელსაც, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ვესტუმრე.

ვარკეთილის მეტროს ტერიტორია ქალაქის ერთი ან მეორე ბოლოა (გააჩნია, სად ცხოვრობთ), სწორედ აქედან ავიღე ორიენტირი და მას შემდეგ, რაც ვარკეთილის ტერიტორიას გავცდი, გავიარე ვაზისუბნის პოლიციის შენობა და მის უკან მდებარე „ცხრა ძმა კოლაელთა სახელობის“ ეკლესია. შემდეგ მარცხნივ, კორპუსებისკენ ავედი, ეს სწორედ ის მესამე კვარტალია, სადაც ჩვენი ინტერესის ობიექტი უნდა ცხოვრობდეს.

რამდენიმე კორპუსს ერთად თავმოყრილს რომ ვხედავ, ვცდილობ გავარკვიო, რომელ მათგანში ცხოვრობს ამირანაშვილი და იქვე მსხდომ ვაშლის გამყიდველ ბებოებს ვეკითხები:

_ უკაცრავად, შს მინისტრის მოადგილე, ამირანაშვილი, რომელ კორპუსში ცხოვრობს, ხომ არ იცით?

_ ეგ ვინ არის? აქ 15 კორპუსია, შვილო, ეს მეცხრეა (ხელი გაიშვირა მარცხნივ), ეს მე-15 (ხელი გაიშირა უკან), ეს კი მე-14 (ხელი გაიშვირა წინ). არ ვიცი, ვისზე მეუბნები.

_ კარგი, გმადლობთ-მეთქი და თვითონ ვაგრძელებ ძებნას, რადგან დეკლარაციაში არ ყოფილა მითითებული, თუ რომელ კორპუსში აქვს ბინა დადებული ჩვენს ობიექტს.

დავიარე უკან მდებარე კორპუსების რამდენიმე ბინა და არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა, მით უფრო, სად ცხოვრობდა მინისტრის მოადგილე. ბოლოს, მე-15 კორპუსში, მე-3 სართულზე კარი გამიღო ახალგაზრდა, შუახნის ქალბატონმა, რომელმაც მიმასწავლა, რომ მსგავსი ვინმე, ამირანაშვილი და თან მინისტრის მოადგილე, გვერდით, მე-14 კორპუსში ცხოვრობს.

სწორედ მე-14 კორპუსისკენ გავემართე. გზად ერთ-ერთი მსხვილი მარკეტული ქსელის ფილიალი და მას შემდეგ სათამაშო ეზო შემხვდა, სადაც ტყემლის ხე ყვაოდა და ბავშვები სტადიონზე ბურთს თამაშობდნენ.

კორპუსში შესვლისას, პირველსავე სართულზე, კარი ახალგაზრდა, ქერა ქალბატონმა გამიღო:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მაინტერესებს, ბესიკ ამირანაშვილი ამ კორპუსში ცხოვრობს, ხომ?

_ არ ცხოვრობს.

_ მითხრეს, რომ აქ, #81-ში ცხოვრობს.

_ გადასულები არიან, კარგა ხანია.

_ ანუ მაგ ბინაში სხვა ცხოვრობს?

_ არავინაა, დაკეტილია. მე რძალი ვარ, ახალგადმოსული, მაგრამ გამიგია, რომ აქ ცხოვრობდნენ, მაგრამ კარგა ხანია, რაც არ უნახავთ.

_ კარგი, გმადლობთ.

ცოტათი შეფიქრიანებული შემდეგ სართულს ავუყევი, გზად ვრწმუნდებოდი, რომ ნამდვილად შესაძლებელი იყო, ჩვენი მინისტრის მოადგილე აქ გაზრდილიყო, მაგრამ ახლა შესაძლოა, რომ არ ცხოვრობდეს, სიშორისა და კორპუსის მდებარეობის გამოც. თუმცა გზა მაინც განვაგრძე.

რამდენიმე სართულზე კარი არავინ გამიღო, მაგრამ შემდეგ, მესამე სართულზე, 25-30 წლის ახალგაზრდა ქალმა გამიღო კარი.

_ გამარჯობა, ბესიკ ამირანაშვილს თუ იცნობთ?

_ მინისტრი რომაა?

_ დიახ.

_ ახლა აქ აღარ ცხოვრობენ, კარგა ხანია, არ გვინახავს.

_ მის სახლში ვინ ცხოვრობს?

_ ხან ვინ მოდის და ვინ მიდის, ზუსტად არ ვიცი.

_ კარგი. გმადლობთ.

_ ნახვამდის.

ისევ გავაგრძელე გზა, მიუხედავად იმისა, რომ დავრწმუნდი, აქ აღარ ცხოვრობდა. შემდეგ სართულზე კარი უკვე მაღალმა, ჭაღარაშეპარულმა მამაკაცმა გამიღო.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, მაინტერესებს, ბესიკ ამირანაშვილს თუ იცნობთ?

_ ამირანაშვილს კი, ბავშვობიდან აქ ცხოვრობდნენ.

_ მეზობლებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა, რამდენად სალმიანია?

_ ჩვეულებრივი, კარგი ბავშვი იყო, ჩვენს ხელშია გაზრდილი, ნორმალური, კარგი.

_ ოჯახით ცხოვრობდნენ აქ?

_ მამა გარდაეცვალა. ჯერ რაღაც აფეთქების შედეგად დაბრმავდა და მერე გარდაიცვალა. ამის მერე ცხოვრობდნენ დედასთან ერთად, მერე უკვე სამსახური დაიწყო და კახეთის სამხარეოში მუშაობდა, მერე ცოლიც მოიყვანა და უკვე მაგის მერე აღარ მინახავს.

_ ანუ დიდი ხანია, აღარ გამოჩენილა?

_ მინისტრის მოადგილეა და ამ სტატუსით აღარ მინახავს. სადღაც, ორი წელიწადია, ალბათ, ორი წლის წინათ კი ვნახე.

_ ხომ არ იცით, სად გადავიდნენ?

_ არა. ისე, თვითონ ნორმალური ბავშვი იყო თავიდანვე, არანაირი განსაკუთრებულად ცუდი ან კარგი. ახლა არ ვიცი, რამდენად თავმდაბალია და რას აკეთებს, მაგრამ როგორც ვიცი და მახსოვს, ეგრე იყო.

სიმართლე გითხრათ, მე საკმაოდ ოპოზიციურად ვარ განწყობილი ამ მთავრობის მიმართ. ჩემმა მტერმა დაუჭირა ამათ მხარი. მატყუარები და უვიცები არიან. ისე კი „ბიძინობაა“ დღეს და გილოცავთ (1-ლი აპრილი იგულისხმა).

_ გმადლობთ (გულიანად გამეცინა და ზემოთ სართულზე ავედი).

აქ უკვე შს მინისტრის მოადგილის კარი იყო. მეხუთე სართულზე, მარცხენა მხარეს (კიბიდან) თეთრი კარი ჩანდა, სადაც რკინის „კომუნისტური“ ასოებით ეწერა: ამირანაშვილი ბ.ი. _ კარზე ოდესღაც მიკრული განცხადება, ან კომუნალურების გადასახადის ფურცლები აქტიურად იყო ჩამოხეული. კუთხეში, ლიფტთან გაუბედურებული ცოცხი იყო მიყუდებული, ეტყობოდა, რომ სახლისთვის არა, და იქ არსებული ტერიტორიის მისალაგებლად იყენებდნენ.

იქაურობას ფოტოები გადავუღე და კარის მეზობელს დავუკაკუნე:

_ გამარჯობა, კითხვა მაქვს, თუ შეიძლება, ამირანაშვილებს ხომ არ იცნობთ, თქვენი კარის მეზობლები იყვნენ.

_ არ ვიცი, ჩვენ ქირით ვართ აქ.

_ ისე, გაგიგიათ მასზე მეზობლებისგან, როგორი ადამიანია, ან რაიმე მსგავსი?

_ ვინ არის, საერთოდ?

_ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.

_ აქ ცხოვრობს?

_ ახლა აღარ. ცხოვრობდა.

_ არ ვიცი ახლა, მაგრამ უკვე რამდენი თვეა, აქ ვცხოვრობთ და სულ დაკეტილია, არადა, გადსახადები და კომუნალურები მოდის, მაგრამ პასუხი არ არის.

_ კარგი, გმადლობთ.

რადგან აქამდე ამოვედი, ბარემ, ბოლომდე უნდა გამევლო გზა, იქნებ, რაიმე სასარგებლო ინფორმაცია გამეგო, ამიტომაც ზემოთ სართულებს მივაშურე. ეზოდან ბავშვების ხმა ისმოდა, რომელიც ჩემმა კაკუნის ხმამ დაარღვია, თუმცა ამაოდ. შემდეგ სართულზე უშედეგო აღმოჩნდა ჩემი მცდელობა, ამიტომ მეშვიდე სართულზე ავედი, სადაც კიბის მხრიდან მარჯვენა მხარეს კარი თითქმის მოხუცმა ქალბატონმა გამიღო. მთავარი, ამ შემთხვევაში, ამ ქალბატონის შეშინებული და შეწუხებული სახე იყო, როცა გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, თუმცა სიტუაცია მალევე შეიცვალა და მითხრა:

_ ჰო, კი მინახავს ამირანაშვილი, მაგრამ მე უკვე იშვიათად ვცხოვრობ აქ და ამიტომ ვერაფერს გეტყვით, დიდი ბოდიში.

_ არაფრის, რას ამბობთ-მეთქი _ და ზემოთ სართულზე (უკვე ბოლოზე) ავედი.

აქ უკვე ბოლო, მეცხრე სართულზე, მარცხნივ მდებარე ბინის კარზე ზარის დარეკვისას ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია ჩაირთო და კარიც საშუალო სიმაღლის წითურმა, ბორდოსფერ მაისურიანმა კაცმა გამიღო.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მაინტერესებს, ბესიკ ამირანაშვილს თუ იცნობთ?

_ კი, მაგრამ კარგა ხანია, აღარ მინახავს.

_ რამდენად სალმიანია?

_ კარგი ახალგაზრდაა, ზრდილობიანია, კულტურული, კარგი მამის შვილი, აქ დაიბადა, გაიზარდა. სულ მეცადინეობდა და წიგნებში იყო ჩაფლული.

_ უბანი როგორია ისე, რამდენად მშვიდი?

_ რა ვიცი, მშვიდია, შვილო, ყველაფერი დალაგებული.

_ კარგი, გმადლობთ.

 

წამოვედი და კიბის საფეხურებზე დავეშვი.

ამდენად, ეს ის ადგილი არ არის, სადაც მინისტრის მოადგილის ამჟამინდელი კომფორტის ზონა უნდა ყოფილიყო. ესაა სწორედ ის უბანი, სადაც დაიბადა, გაიზარდა და კახეთის სამმართველოში მუშაობამდე ცხოვრობდა.

ფაქტობრივი საცხოვრებელი ოფიციალურად რეგისტრირებული არ აქვს არც თავის და არც ოჯახის წევრების სახელზე. თუმცა ადგილი, სადაც ბესიკ ამირანაშვილი ერთ დროს გაიზარდა და კარიერულად შედგა, არის სწორედ ეს, ვაზისუბანი, მესამე კვარტალი, მე-14 კორპუსი, ბინა 81.

ნინო ტაბაღუა