იყო თუ არა ლოგიკური სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების შემცირება?!

2017 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, 2016 წელთან შედარებით, დაახლოებით, 80 მლნ ლარით შემცირდა და 238 მლნ ლარით განისაზღვრა. მთავრობა ამ წელს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებას არ აპირებს, რაშიც გასულ წელს 48 მლნ ლარი დაიხარჯა. შემცირდა, აგრეთვე, მელიორაციის სისტემის მოდერნიზაციისა და ქართული ჩაის წარმოების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა. ქართული ჩაის აღორძინებისთვის 3,5 მლნ ლარის ნაცვლად, 2017 წელს მთავრობა მხოლოდ 1 მლნ ლარს დახარჯავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, განვლილი ოთხი წელი სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო. „2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დარგის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა და მკაფიოდ განსაზღვრა ხედვა, რაც კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს; სამინისტროს მიერ ასევე განსაზღვრულია სამოქმედო გეგმაც, რომელიც განვითარების სტარტეგიასთან სრულ თანხვედრაშია. სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განახორციელა. ყველა განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებით, უმნიშვნელოვანესია შევძლოთ აგრარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობა და წარმოების ზრდის წახალისება, რითაც ჩვენ ხალხს კეთილდღეობას შევუქმნით“, _ განაცხადა ჟურნალისტებთან სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

2017 წლისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტული კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების ხელშეწყობაა; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებაა.

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერებით გლეხობა მნიშვნელოვან შეღავათს გრძნობდა. წელს კი ამ შეღავათის გარეშე დარჩნენ. ექსპერტების განმარტებით, 2017 წელს სოფლის მეურნეობა, როგორც პრიორიტეტული დარგი, ვეღარ იქნება და სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების შემცირებას ლოგიკურად მიიჩნევენ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტებს ესაუბრა.

 

პაატა კოღუაშვილი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი:

_ თავის დროზე, ვაუჩერების დარიგება უარყოფითად შევაფასე, ვაუჩერის დარიგების სანაცვლოდ, სჯობს, მთავრობამ აგრო-საკრედიტო სისტემის ფორმირება დაიწყოს და ეს თანხა ბანკში ჩადოს და გლეხები კი მას გარკვეულ კაპიტალს მიამატებენ. ეს ბანკი კომერციულ ბანკებს კონკურენციას გაუწევდა და სოფლის მეურნეობის სექტორში კრედიტი უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა. 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგების შემთხვევაში, ეს 24 მილიონი ლარი წყალში გადაყრილი ფულია. ეს 30 ლარი გლეხს რომელიმე ერთი სასოფლო-სამეურნეო ღონისძიების ჩასატარებლადაც არ ეყოფა. ბაზარზე 2010 წელს 50 კილოგრამი სასუქი 36 ლარი ღირდა, თუმცა, რეალურად, ამ პროდუქტის ყიდვა 45 ლარად იყო შესაძლებელი. ერთი ჰა მიწის გამოკვებას, პირველ ჯერზე, 150 კილოგრამი სასუქი სჭირდება, მეორედ კი _ 250 კილოგრამი, ამიტომ 30 ლარი მინიმალური დახმარებაა.

 

ირინე ფხოველიშვილი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი:

_ როდესაც სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების გაცემა დაიწყო, ეს იყო როგორც სოციალური პროექტი. ამ პროექტის განხორციელება მთლად სწორად არ წარიმართა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ვისაც დახმარება სჭირდებოდა, ვგულისხმობ წვრილ გლეხობას, საკმაოდ სერიოზული დახმარება მიიღო, თუმცა იყო შემთხვევები, რომ ვაუჩერი ისეთ ადამიანებს მისცეს, რომელთაც მიწები უკვე გასხვისებული ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, ეს ვაუჩერი მისცეს ისეთ ადამიანებს, რომელთაც არ სჭირდებოდათ. თუმცა ბარათები მაინც სოფლის მეურნეობის განვითარებას მოხმარდა. შემდგომი პერიოდისთვის დადგინდა მიწის მესაკუთრეთა ვინაობა და ბარათების გაცემა დაიხვეწა, რაც ძალიან კარგი შეღავათი იყო წვრილი გლეხობისთვის. დღეს ჩვენი სოფლის მეურნეობა ისე მყარად არ დგას, რომ ამ ბარათის მოხსნით პრობლემა მოხსნილიყოს და პრობლემა პრობლემად დარჩა. ამდენად, ვეთანხმები გლეხების პოზიციას, რომ, ჯერჯერობით, ამ ბარათის დარიგება უნდა გაგრძელებულიყო. რომ დავითვალოთ, ჩვენ მიერ მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქტები, მხოლოდ, ჩვენი ბაზრის 18%-ს ავსებს, უფრო მეტი იმპორტირებული საქონელი შემოდის და ჩვენი თანხები სხვა ქვეყნის მეურნეობის განვითარებისთვის გაედინება. ამიტომ ჩვენმა სახელმწიფომ ჯერ კიდევ უნდა იზრუნოს გლეხების მხარდაჭერისთვის. ევროპის განვითარების ფონდი და სხვა პროგრამები, ძირითადად, საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის უფრო მუშაობენ, ვიდრე წვრილი გლეხობისთვის, რომელთაც 25 მეასედამდე აქვთ მიწები. ამიტომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ სოფლის განვითარების პროგრამებით გათვალისწინებული იქნება გლეხების დახმარება, ეს გამორიცხულია! მართალია, მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობა ასეთი ფორმით არ უნდა ვითარდებოდეს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერები, რომ ასეთი სახის დახმარება მოვუხსნათ გლეხებს.

სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებთან ერთად, 2017 წლიდან, საქართველოს მთავრობამ შეწყვიტა სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც 2013 წლიდან ახორციელებდა. ამ პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა საერთო კრების ფორმატით განსაზღვრავდა ადგილზე მოსაგვარებელ პრიორიტეტულ საკითხებს და შესაბამის დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებდა. 2017 წლიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებს მხოლოდ რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდები განახორციელებენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გაუქმების შესახებ მხოლოდ ახლა, სამი თვის შემდეგ შეიტყვეს შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში. ადგილობრივი მოსახლეობა პროგრამის აღდგენას ითხოვს.

„ეს პროგრამა თუ გაუქმდება, სოფელში, ალბათ, აღარაფერი გაკეთდება, რაც სოფლის მოსახლეობისთვის ძალიან ცუდია. არ ვიცით, რა მოხდა, რა პრობლემები შეიქმნა, მაგრამ რასაც დაგვპირდნენ, უნდა შეგვისრულონ. გლეხებიც ხომ ცოდოები ვართ, დილიდან საღამომდე ვშრომობთ, ცარიელ მიწებს შევყურებთ, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც გაგვიხსენონ? სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სოფლის განვითარებისთვის მაინც აუცილებელი იყო“, _ აცხადებენ სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრებლები.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის სოფლის“ წარმომადგენელი _ თამარ ხურცია ესაუბრა:

_ 2015 წლიდან დაწყებულია ბორჯომის, ყაზბეგისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ემპარდის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოფლის მხარდაჭერის პროექტები მიმდინარეობს. 2016 წლიდან საქმიანობა აქტიურ ფაზაში შევიდა და კიდევ სამი ახალი პროექტი დაიწყო ახალქალაქში, დედოფლისწყაროსა და თეთრი წყაროში. ახლო მომავალში ველოდებით კიდევ აჭარას. სავარაუდოდ, 2017 წლის ზაფხულისთვის იქნება კონკრეტულად ხულო, მე-7 და მე-8 მუნიციპალიტეტები. ამ ეტაპისთვის, ჯერჯერობით, პროექტები არ არის დაფინანსებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემპარდის დახმარება მხოლოდ ამ 8 მუნიციპალიტეტით შემოიფარგლება. რასაკვირველია, პროგრამა გრძელდება და იცით, რომ სტრატეგია ეროვნულ დონეზე შემუშავდა, მისი ოფიციალურად წარდგენა სულ ახლახან მოხდა და ესეც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე ეროვნულ დონეზე დააყენებს ამ საკითხს. 2017 წლის სამოქმედო გეგმა უკვე გახსნილია და შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელიც 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმის კონკრეტულ ნაბიჯებს შეიმუშავებს და განახორციელებს. ამიტომ სოფლის განვითარება ახალი თემაა, ახლა იწყება და აქ არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზეა საუბარი, არამედ ევროპული მოდელის გაზიარებაზე, სწავლებაზე, როგორ ხდება სოფლის განვითარება ევროპაში, რომ, შესაბამისად, ჩვენც გავიზიაროთ.

თამარ ბატიაშვილი