ლელა სპანდერაშვილი: „პოლიცია გვყავს თუ არა, ეს უკვე საკითხავია!“

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები სპანდერაშვილების ოჯახი წნორის პოლიციას საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება მიმდინარე წლის 2 მარტს მომხდარ შემთხვევას, როდესაც 80 წლის ჟუჟუნა სპანდერაშვილის დამწვარი ცხედარი აღმოაჩინეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება, რის მიხედვითაც შესაძლებელია გარდაცვალების მიზეზის დადგენა. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველი ორგანოები არაფერს იკვლევენ და ყველაფერს გარდაცვლილს აბრალებენ.

საქმის დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება გარდაცვლილის შვილი _ ლელა სპანდერაშვილი:

_ 2 მარტს დედაჩემი, 80 წლის ჟუჟუნა სპანდერაშვილი, დილით, 9:30 საათზე, სახლიდან ნაკვეთში სამუშაოდ წავიდა, რომელიც მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ძალიან მშრომელი ქალი იყო, მუშაობას რომ შეჰყვებოდა, ხშირად ნაკვეთიდან მოსვლა აგვიანდებოდა. შეაგვიანდა და ვნერვიულობდი. ამ დროს მეზობელი მოვიდა, რომელმაც ამბავი მოიტანა, რომ ჩვენი ადგილისკენ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფებოდა. მითხრა, _ ვიღაც ქალი დამწვარაო. მეზობელმა მანქანით წამიყვანა, ჩვენს ადგილში მივედით და კაციშვილი არ არის, პოლიცია სხვის მიტოვებულ ტერიტორიაზე დავინახეთ. მივედი და ვკითხე, რა ხდებოდა, ვინ დაიწვა-მეთქი? პოლიციელმა ჯერ მითხრა, არ ვიციო, ძალიან რომ დავიჟინე, მერე მითხრა, _ ასე გვითხრეს, „ჩაბანას“ ცოლიაო (მამაჩემს მეტსახელად „ჩაბანას“ ეძახდნენ). ცხედარი ისე იყო დამახინჯებული, ვერ შევხედე და დეიდაჩემი მივიყვანე, რომ ამოეცნო. სანამ მე ვნახავდი, დეიდამ თქვა, _ ეს ჩემი და არ არისო. _ ისე იყო დამახინჯებული, ვერ იცნო, აღარც ტანსაცმელი ეცვა, მთლად შიშველი იყო, ბოლოს ისევ მე ამოვიცანი „კალოშებით“, რომელიც ზედ ეცვა. შეიყარა მთელი სოფელი, დაღამდა, პოლიციამ ადგილიდან დაგვითხოვა, _ გურჯაანიდან ჯგუფი გვყავს გამოძახებული და ექსპერტიზაზე უნდა გადავასვენოთო. მოგვიანებით, გვამი გურჯაანის პროზექტურაში გადაიტანეს, დილით ადრე კი მიცვალებული სახლში გადმოვასვენეთ. მეორე დღესვე გავიგეთ, რომ პოლიციამ შემთხვევის ადგილზე იპოვა თოხი, რომლის ტარი ადგილზე გდია და დამწვარი არ არის, ასევე ორი დანა და დალუქა. ეს ამბავი რომ გავიგეთ, მეორე დღეს ჩვენს ახლობლებთან ერთად წავედით შემთხვევის ადგილზე. დედაჩემი თოხს ნაკვეთში ინახავდა, ყოველდღე რომ არ ეტარებინა სახლიდან და ვნახეთ, რომ ისევ იქ იყო. მაშინვე მივედი პოლიციაში და ვუთხარი, _ ინფორმაცია მაქვს, რომ თოხი დალუქეთ და ექსპერტიზაზე გააგზავნეთ, გაცნობებთ, რომ დედაჩემის თოხი ისევ ჩვენს ადგილშია-მეთქი. მიპასუხეს, ახლა მიცვალებული გყავთ სახლში და არ შეგაწუხებთ, შემდეგ დაკითხვაზე დაგიბარებთო. დავკრძალეთ გარდაცვლილი, გავიდა თითქმის ერთი კვირა და რომ არ დამიკავშირდნენ, იძულებული გავხდი და თვითონ მივაკითხე წნორის პოლიციას. სხვა გამომძიებელი დამხვდა, რომელმაც ამ საქმეზე არაფერი იცოდა. მითხრა, რომ ჩვენი საქმის გამომძიებელი შვებულებაში იყო გასული. საქმე გადაუბარებია სხვა გამომძიებლისთვის, კახა ჯალიაშვილისთვის, რომელმაც მითხრა, _ ფორმალურად დაგკითხავთ, რადგან მე საქმის დეტალები არ ვიციო. გავიდა დრო და ისევ არ ისმის არაფერი. ჩემმა სიძემ პოლიციაში დარეკა და იკითხა, რატომ იყო საქმე გაჩერებული. უპასუხეს, _ ექსპერტიზის პასუხი რომ მოვა, მერე დაგკითხავთო. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, ისევ მე თვითონ მივედი პოლიციაში. შემთხვევის დღეს დედაჩემმა ჩემს მეზობელს ნაკვეთიდან ქინძით სავსე ორი დიდი ჩანთა გამოატანა, რომ მერე თვითონ ტვირთით არ ევლო, იმ ადგილზე, სადაც ქინძი დაგლიჯა, ხახვი უნდა დაერგა. მეზობელმა ჩანთა რომ მომიტანა, ქინძთან ერთად იყო დანა და წინდები. მეზობლებს, ვისაც ეს ჩანთა გამოატანა, პოლიციამ ჰკითხა, _ დანას თუ ამოიცნობთო? დაეთანხმნენ, მაგრამ მერე თვითონვე უთქვამს პოლიციელს, _ მაინც დამწვარია და დანა არ ჩავწეროთო. მე რომ მივედი პოლიციაში, მითხრეს, ორი დანა იყოო, ვუთხარი, _ ის დანა, რომელიც დედაჩემს თან ჰქონდა, სახლშია-მეთქი. მერე მეუბნება, _ მიტოვებული ადგილი ვისიც არის, იქნებ, დანა და თოხი მათი იყოო. ვუთხარი, _ ეს რა უზუსტობებია, ადამიანი დამწვარია და თოხის ტარი როგორ არ დაიწვა-მეთქი? ურთიერთგამომრიცხავ რაღაცას ლაპარაკობენ, უამრავი კითხვაა, რომელზედაც პასუხია გასაცემი: რა უნდოდა ქალს ჩვენი ადგილიდან საკმაოდ მოშორებით, დაახლოებით, 150 მეტრში მიტოვებულ ადგილზე?! მერე რა, რომ 80 წლის იყო? სიკვდილს წინ როგორ დაუდგები, მაგრამ ამ ფორმით?! კითხვებს ვუსვამ გამომძიებელს და მპასუხობს, _ რა ვიცი, საიდან მოხვდა დედაშენი იმ ნაკვეთშიო. _ ნაკვეთის მოკვლევას რატომ არ აკეთებთ-მეთქი? _ ფურცელზე დავუხაზე. არაფერზე პასუხი არ აქვთ და არაფერს იკვლევენ!

_ ეს ამბავი რომ მოხდა, პოლიციას ვინ შეატყობინა?

_ როგორც მითხრეს, ჩვენს თანასოფლელს, გოგიტა ელიზბარაშვილს გამოუვლია, დაუნახავს და მას დაურეკავს, პირადად არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ როდესაც ადგილზე მივედი და პოლიციელმა მითხრა, „ჩაბანას“ ცოლიაო, დღემდე არ ვიცი, ვინ ამოიცნო და ეს ვინ უთხრა პოლიციას. შვილმა ვერ ვიცანი, საკუთარმა დამ ვერ იცნო, „კალოშები“ რომ არ სცმოდა, ნამდვილად ვერ ამოვიცნობდი, ისე იყო გვამი გაუბედურებული და სხვამ როგორ ამოიცნო, ძალიან საინტერესოა! ჩვენი აზრით, პოლიციას არ უნდა ამ საქმის გამოძიება, საქმეში უამრავი უზუსტობაა. პრეტენზია რომ გამოვთქვი, გამომძიებელმა დაურეკა, თუ არ ვცდები, პროკურორის მოადგილე სოსო გულიაშვილს. მეორე დღეს მირეკავს პოლიციელი, სახელად ზაქრო და მეუბნება, რომ პროკურორს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. დეიდაჩემი გამომყვა, შევხვდით პროკურორს, მკითხა, _ რა პრეტენზიები გაქვთო? ვუთხარი, _ ჯერ ის მაეჭვებს, გარდაცვლილს ყელი ისე ჰქონდა გათეთრებული, თითქოს რაღაც ჰქონდა შებმული, თქვენც და ექსპერტიზასაც უნდობლობას ვუცხადებ, რომ არანაირად არ შეესაბამება რეალობას თქვენი გამოძიება, შემთხვევის დღის გარდა, ადგილზე არ ყოფილხართ, შუაღამეს რა უნდა დაგენახათ, ქვეყნის ხალხი ირეოდა, საქმეს არ სწავლობთ, ფიქრობთ, მოხუცი იყო და აგდებულად უდგებით საქმეს-მეთქი. ელემენტარულად, ლენტიც კი არ შემოუვლიათ შემთხვევის ადგილისთვის, მიცვალებული ისეთი დამახინჯებული იყო, კაცებიც კი თვალს არიდებდნენ. ზეწარი რომ გადაეფარებინათ, ის მაინც არ იყო შესაძლებელი?! მათი მოქმედებით ასე გამოდის, პოლიცია ახდენს ჩემზე ზეწოლას, რომ ვაღიარო _ თითქოს დედაჩემი თვითონ დაიწვა და სხვის ნაკვეთში თვითონ გააჩინა ხანძარი. პროკურორმა წნორის პოლიციაში დარეკა, პოლიციელი მოვიდა და ამბობს, _ ჩვენ მოკვლევა ჩავატარეთო. მიპასუხეთ, რა მოკვლევა ჩაატარეთ, როცა დალუქული გაქვთ თოხი, დანა და ამ დროს, დედაჩემის კუთვნილი ეს ნივთები ჩვენთან არის-მეთქი? თვალში ნაცარს მაყრიან!

_ თქვენ რა ვერსია გაქვთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო?

_ თავიდან მჯეროდა, რომ დაიწვა, მაგრამ როდესაც ადგილის დასათვალიერებლად მივედით, ყველა დეტალი გეუბნება, რომ ასე არ შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენი ნაკვეთის დასაწყისში გზა არის მწვანე ბალახით, გზის აქეთ კიდევ ნაკვეთებია და შემდეგ ის ნაკვეთი. სადაც ცხედარი იყო, ნახევარი ნაბიჯი აქეთ რომ გადმოედგა, უკვე მწვანე ბალახზე, გზაზე აღმოჩნდებოდა და გადარჩებოდა. თუ ადამიანი დაიწვა და წევს ზურგით, წელის მიდამო დამწვარი არ აქვს და ქვეშ ბალახი როგორ დაიწვა?! თუ ბალახი დაიწვა, ეს იმას ნიშნავს, რომ წელიც დამწვარი უნდა ჰქონდეს. დამწვარი ჰქონდა მკერდის ზედა ნაწილი თავამდე, ცალი ხელი, ფეხები არ არის დამწვარი და აცვია რეზინის „კალოშები“, რომელსაც შემოვლებული აქვს ბეწვი და შეტრუსულიც კი არ არის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შემთხვევის დღეს იმ ადგილზე რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი და სვამდა, სოფელში კონკრეტულ ადამიანებს დაურეკეს, ამა და ამ ადგილზე ვართ, ჩამოდითო, მიიპატიჟეს. შემდეგ საკუთარი თვალით ვნახე ერთ-ერთი მათგანი, ცხვირ-პირი ჰქონდა დანგრეული, როგორც ამბობენ, ჩხუბი მოსვლიათ ერთმანეთში. ადამიანი, რომელიც წავიდა და იმ გზაზე გაიარა, დამწვარი ნახა და ამ ბიჭებთან რომ მივიდა, უთხრა: დაახლოებით 100 მეტრში ქალია დამწვარიო. იმათ უპახუხეს, _ ვიცით, „ჩაბანაანთ“ გოგიას ცოლიაო. ამ ბიჭმა პატრულში დარეკა და ამისთვის დიდი მადლობა, მაგრამ იმათ რა იცოდნენ?! თუ დაინახეს, როგორ უნდა გაგიწყდეს შუბლის ძარღვი, რომ ასეთ ფაქტს შეესწარი და შენ იქვე ქეიფობ, იქ ისეთი სუნი იყო, ან როგორ უნდა ჭამო და დალიო?! პოლიციას ვეუბნები, რომ ეს ადამიანები დაკითხონ, დანა და თოხი რომ ამოიღე, როგორ გგონია, ცეცხლი გაჩნდა და თოხი არ დაიწვა?! ასანთის კოლოფი ეგდო იქ, რომელიც დამწვარი არ იყო! ამხელა ხანძარი გაჩნდა და ისინი უვნებლად გადარჩნენ, ეს ხომ გამორიცხულია! ეს საქმე გაკეთებულია და მერე შიშის ფაქტორის გამო ისე პრიმიტიულად არის წაშლილი კვალის მოცილების მიზნით, პოლიციას კი არა, პატარა ბავშვსაც დააფიქრებს. ეს ადამიანი სადაც მუშაობდა და ქინძი მოკრიფა, იმ ადგილზე უნდა დაერგო ხახვი, რომელიც პარკშია და მიტოვებულია შუა ნაკვეთში. ამას ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანს, რომელსაც უნდა დაერგო და ნაყიდი აქვს ხახვი, მიატოვა და ისე წამოვიდა. მოვიძიეთ ნაკვეთში და რომელი „კალოშებითაც“ მუშაობდა, ცალი არის და მეორე _ დაკარგულია. სამუშაო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სხვა ჰქონდა და ნაკვეთში იცვლიდა ხოლმე. მეზობელ ნაკვეთში თუ ცეცხლი გაჩნდა და ქალი ჩასაქრობად წავიდა, ისეთი ადგილია დამწვარი და ისეთი მდებარეობა აქვს ნაკვეთებს, ჩასაქრობი უკვე აღარაფერი იყო, რადგან იქ ცეცხლი დამთავრდა. საწინააღმდეგო მხრიდან რომ წამოსულიყო, ეს არარსებულია, ზედ „კალოშიც“ კი შემოადნებოდა. გამომძიებელს ჩემმა სიძემ დაურეკა და უთხრა, _ რატომ არ აიღეთ დანიდან ანაბეჭდები, რატომ არ დაკითხეთ ეს ხალხი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმ დროს ვენახში იყვნენ და ელემენტარულად, თითის ანაბეჭდს არ აკეთებ, რომელიც შეიძლება დანაზე და თოხზე აღმოჩნდესო, ამას რატომ არ აკეთებთო? ასე უპასუხა, _ პროკურორს არ უთქვამს და ჩემით ხომ არ გავაკეთებდიო? ე. ი., არც პროკურორია დაინტერესებული საქმის გამოძიებით და მარტო იმიტომ სხედან იქ, რომ თვის ბოლოს ხელფასი აიღონ! პოლიცია გვყავს თუ არა, საკითხავი უკვე ეს არი!ს როგორც საქართველოს მოქალაქემ, თავი უნდა ვიგრძნო თუ არა დაცულად პოლიციისგან?! დღეს ამას ვერ ვგრძნობ, ჩემს შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ და ღამე ისე მეშინია, კარს სკამებს ვადგამ! აქ ისეთი რამე იკვეთება, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს რაიონში პოლიცია პოლიციაა! არსებობს ადამიანი, რომელიც იმ დღეს იქ იყო, დაკითხე და გაქვს ნივთმტკიცება, ამოღებული ცივი იარაღი, გამომძიებელს ვეკითხები, _ რა წერია დასკვნაში, რითია-მეთქი გარდაცვლილი? _ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დამწვრობააო. დამწვრობა რომ არის, მეც ვიცი, თვითონ ვნახე ცხედარი, მაგრამ აღმოაჩნდა ჩასუნთქული კვამლი, კვამლმა გათიშა, ან ხომ არ იყო ძალადობის კვალი?! თქვენს გაზეთს ხომ წაიკითხავენ, მინდა, აქედან მივმართო: არ იფიქროს ვინმემ, ეს საქმე გამოუძიებელი დარჩეს, ეგსჰუმაციას გავაკეთებინებთ, ხელახლა დავნიშნავთ ექსპერტიზას და მერე ის გამომძიებელიც აგებს პასუხს და ყველა, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული და ვინც ასე უგულებელჰყო ეს საქმე! არ მოვეშვები იმიტომაც, რომ თუ მტერი გვყავს ოჯახს, ის მაინც ვიცოდეთ, ვინ არის, რომ თავი დავიცვათ, ან მოვერიდოთ! ეს არის უბედურება! ერთი ვერსია ისიც მაქვს, რომ იქ შეკრებილ ადამიანებს ჩხუბი მოუვიდათ, დედაჩემი ძალიან კეთილი ქალი იყო და ხშირად იცოდა ხოლმე გაშველება, ამაზე სულ ვსაყვედურობდით, შეიძლება აშველებდა, ჯაჯგურში წაიქცა, გონება დაკარგა, მკვდარი ეგონათ, წაუკიდეს ცეცხლი და დაწვეს. ძალადობაზეც ვფიქრობ, ყელზე რატომ ჰქონდა ზოლად თეთრად დარჩენილი? არც მინდა, დედაზე ასეთი რამე ვიფიქრო, მაგრამ რამდენი შემთხვევა მომხდარა, შევარდნიან და თავიანთი ჟინი მოუკლავთ. დედის ხორცი შეჭამეს და ამის მერე რაღაა გასაკვირი?! აღარ შემიძლია, ფიქრი მაწვალებს! პოლიცია მეუბნება, დედაშენი თვითონ მივიდა ცეცხლთანო. ასე არ არის. ამიხსენი, როგორ უნდა მისულიყო, იქ რა უნდოდა?! მით უმეტეს, ჩვენს ნაკვეთამდე ცეცხლი ვერ მიაღწევდა!

 

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:

_ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. სახანძრო და ბიოლოგიურმა ექსპერტიზებმა დაადგინა, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. გარდაცვალება გამოწვეულია თერმული დამწვრობით. ცხედარი სამეურნეო ნაკვეთის მიმდებარედ იპოვეს.

 

თამარ ბატიაშვილი