შს მინისტრის აკრძალული სტატისტიკა და დანაშაულთა გაყალბებული ციფრები

თავის დროზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა, თქვა, რომ ათი დაკავებული ადამიანი ათი ოჯახისთვის ტრაგედიაა და ერთი უწყებისთვის _ სტატისტიკაო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კი თქვა: „სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია, როგორც ასეთი, ერთიანი არ არის და ვისაც როგორ უნდა, ისე ითვლის. მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ამ სტატისტიკას ითხოვენ. ვფიქრობ, ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა, თითქოს ჩვენ სტატისტიკას არ ვაქვეყნებთ და ვმალავთ. არაფერს ვმალავთ. ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვს ძალიან ბევრ ადამიანს _ როგორც უნდათ, ისე ითვლიან“.

ვინაიდან შინაგან საქმეთა მინისტრის ციტირებით დავიწყეთ, ისიც განვმარტოთ, თუ რატომ დაადო ვეტო ქვეყნის მთავარმა პოლიციელმა სტატისტიკას და დანაშაულის აღრიცხვიანობის რეგულირების მექანიზმს?

„სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, ისევე, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და არა ისე, როგორც ახლა მე და, ფაქტობრივად, მთელ შსს-ს კედელთან გვაყენებენ და გვეუბნებიან, რომ, ლამის, კვირაში ერთხელ ვაქვეყნოთ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია“, _ განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

და რატომ არ უნდა აქვეყნოთ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია, თუნდაც, ყოველ კვირა?! იმას ხომ აქვეყნებთ ყოველდღე, ვის შეხვდით, სად შეხვდით, სად წაიყვანეთ ჟურნალისტები, ან რამდენი იარაღი ამოიღეთ, თითქოს საქართველოში კი არა, სამხრეთ კორეაში ვცხოვრობდეთ. ნებისმიერი სახის ინორმაცია დანაშაულის შესახებ არის საჯარო და ვერც მინისტრი და ვერც ქვეყნის პრეზიდენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მათი გამოქვეყნება-არგამოქვეყნების სიხშირის შესახებ. და კიდევ, ბატონი მინისტრის საყურადღებოდ! _ სტატისტიკას ინტერპრეტაციას ვერ გაუკეთებ, იმიტომ რომ ციფრებთან გვაქვს საქმე: 10 მკვლელობა არის 10 მკვლელობა და თუ დაწერე 11 ან 9, ინტერპრეტაცია კი არა, ტყუილი და სტატისტიკის გაყალბებაა. მინისტრის ფრაზა, რომ „ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვს ძალიან ბევრ ადამიანს _ როგორც უნდათ, ისე ითვლიან“, _ უკაცრავად და, რომელ ადამიანებს?! დანაშაულის რაოდენობის დათვლას და მათ სეგმენტირებას ახდენს ერთადერთი ორგანო _ შინაგან საქმეთა სამინისტრო, კერძოდ, ხსენებული უწყების შესაბამისი სტატისტიკის სამსახური. სხვა არავინ! ისმის კითხვა, _ რომელი ადამიანები ითვლიან  სხვადასხვანაირად შინაგან საქმეთა უწყების გარეთ? იმიტომ რომ თუ მსგავსი რამ ხდება, მაშინ ეს დანაშაულია!

„მე, მინისტრმა, მივიღე ეს გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი, რომ ეს სტატისტიკა აღარ ქვეყნდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ არსებობს არანაირი რეგულაცია ამის შესახებ, არანაირი მოთხოვნა და არანაირი კანონი არ მავალდებულებს სტატისტიკის გამოქვეყნებას. ასე რომ, მზად ვარ, პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამიყენებს“.

ასე და ამრიგად, მას მერე, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ შსს-ს დანაშაულის სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია არ უვარგაო და ვისაც როგორც უნდა, ისე ითვლის (შსს-ს გარდა ვერავინ დაითვლის, კანონით დასჯადია), 2016 წლის იანვრის შემდეგ ყოველთვიური მონაცემები შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე პირადად მისი ბრძანებით აღარ ქვეყნდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური სტატისტიკის შედგენა შემდეგნაირად ხდება: 2010 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას „საქსტატს“ უგზავნის, რომელიც სრულ მონაცემებს კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. რა თქმა უნდა, შესაბამისი საზოგადოებრივი დაკვეთის შემთხვევაში (მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადება) შსს მზად არის, რომ თავის ვებგვერდზე ყოველთვიურ რეჟიმში აღადგინოს, დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების პრაქტიკა როგორი იყო 2015 წელს. ხუციშვილისვე განცხადებით, სტატისტიკას  მეტი სანდოობა აქვს, როცა მას არა შსს, არამედ სხვა ორგანო აქვეყნებს.

აი, ახლა კი შს მინისტრის აკრძალვის ნამდვილ მიზეზებს ჩამოგითვლით, კერძოდ, რამ აიძულა გიორგი მღებრიშვილი, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო?

პირველი, ეს არის მისი მინისტრობის დროს გაზრდილი დანაშაულებების რიცხვი.

2016 წლის 22 დეკემბერს გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ   დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილი არ არის: „ამ დროის მონაცემებით, დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილი არ არის“.

2016 წლის ბოლოს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული დანაშაულებების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 35997 სისხლის სამართლის დანაშაული, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 900 ერთეულით არის გაზრდილი. 2016 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 57,4 პროცენტია, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 60,35 პროცენტი იყო. ანუ 2016 წელს, გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრობისას, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 3%-ით იკლო.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2009 წლიდან მოყოლებული ყველაზე ცოტა დანაშაული 2011 წელს დარეგისტრირდა _ 32,261 ერთეული, ყველაზე მეტი კი 2013 წელს _ 43,028 ერთეული („ქართული ოცნების“ მმართველობისა და ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის პირველი წელი).

გიორგი მღებრიშვილის მინისტრობისას გაზრდილი დანაშაულებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ქურდობა (2015 წელი) _ 9228 ფაქტი, (2016 წელი) _ 9646; ძალადობა ოჯახში: (2015 წელი) _ 963; (2016 წელი) _ 1356; ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გასაღება: (2015 წელი) _ 2112, (2016 წელი) _ 2473; ცივი იარაღის ტარება: (2015 წელი) _ 159, (2016 წელი) _ 216; მკვლელობა: (2015 წელი) _ 111, (2016 წელი) _ 114.

ეს შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ  დანაშაულთა ნუსხაა. მიკერძოებაში რომ არავინ დაგვადანაშაულოს, ამავე ნუსხაში ჩამოთვლილ შემცირებულ დანაშაულებებსაც ჩამოვთვლით. 2016 წელს კი შემცირებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაული. სულ 661 დანაშაული, 2015-ში კი 943 იყო. ყაჩაღობა: (2015 წელი) _ 367 ფაქტი, (2016 წელი) _ 267; ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება: (2015 წელი) _ 312, (2016 წელი) _ 250; იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება: (2015 წელი) _ 1604, (2016 წელი) _ 1528; ხულიგნობა: (2015 წელი) _ 132, (2016 წელი) _ 99; მკვლელობის მცდელობა: (2015 წელი) _ 124, (2016 წელი) _ 87.

შევადაროთ შემცირებული და გაზრდილი დანაშაულებების კვალიფიკაცია. 2016 წელს შემცირებულ დანაშაულთა რიცხვში მოხვდა  „მკვლელობის მცდელობა“. 2016 წელსვე გაზრდილ დანაშაულთა რიცხვში მოხვდა „მკვლელობა“.

საერთო ჯამში, 2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა. აქედან ყველა მეტი დანაშაული თბილისზე მოდის. ტერიტორიული განაწილების მიხედვით, დანაშაულთა 40,5% მოხდა თბილისში, 8,3% _ ქვემო ქართლში, 3,1% _ გურიაში, 10,8% _ აჭარაში, 8,9% _ სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10,5% _ იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3,2% _ სამცხე-ჯავახეთში, 5,4% _ შიდა ქართლში, 6,5% _ კახეთში, 2,7% _ მცხეთა-მთიანეთში, 0,1% _ აფხაზეთში.

მაშასადამე, 2016 წელს (შედარებით) მძიმე დანაშაულთა ხვედრითი წილი 2015 წელთან შედარებით გაზრდილია. 2015 წლის იანვარ-მარტის მონაცემებს 2010 წლის ანალოგიური პერიოდს თუ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ 2015 წელს დანაშაულის რაოდენობა 3063 ერთეულით გაიზარდა 2010 წელთან შედარებით. 2010 წლის იანვარ-მარტში 5907 რეგისტრირებული დანაშაულია. ამაზე, რა თქმა უნდა, შსს-ს თავისი განმარტება აქვს, რომ „ქართული ოცნება“ 2013 წლიდან დანაშაულებებს ახალი მეთოდოლოგიით აღრიცხავს, რითაც უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მაგალითად, 2013 წლამდე წარმოებით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები არ აღირიცხებოდა და, შესაბამისად, დანაშაულის დაბალი სტატისტიკა იყო შენარჩუნებული გარკვეულ შემთხვევებში, ახლა კი ყველა დანაშაული აღირიცხება, მიუხედავად იმისა, შემდგომში რა მიზეზით შეწყდება: განრიდება და ა. შ.

არის კი ეს ასე?

2014 წელს პირველად ამაზე არასამთავრობო სექტორი დაეჭვდა. 2014 წლის 24 ივნისს ქვეყნდება კონკრეტული მონაცემები, სადაც  გარკვეული ტიპის დანაშაულები (მათ შორის, ტრეფიკინგი) შსს-ს მიერ გავრცელებულ სტატისტიკაში არ არის მოხვედრილი. შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ეს იმით ახსნა, რომ წაყენებული ბრალდებები გადაკვალიფიცირდა და საერთო სტატისტიკაში სხვა მუხლით აისახა. ასევე, 2013 და 2014 წლებში დანაშაულის სტატისტიკის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, ცდომილება კი 1500 დანაშაულზე მეტია. 2013 წლის 6 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2013 წლის 7 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მომხდარი დანაშაულების საერთო რაოდენობამ 16 590 შეადგინა. შსს-ს ვებგვერდზე მიმაგრებულ PDF დოკუმენტში (2014 წლის იანვარ-ივლისის დანაშაულთა სტატისტიკა 2013 წელთან მიმართებით) ნათქვამია, რომ 2013 წლის იანვარ-ივლისში არა 16 590 ერთეული დანაშაული მოხდა, როგორც ეს პოლიციის 2013 წლის 6 აგვისტოს განცხადებაშია აღნიშნული, არამედ 18 170, საიდანაც გახსნილია 9921 (54,6%) ფაქტი. 1580 დანაშაული _ ეს სხვაობაა 2013 წლის 7 თვის მონაცემების ორ სტატისტიკას შორის და ორივე შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რანაირად შეიძლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე აქვეყნებდეს ერთსა და იმავე პერიოდის დანაშაულთა ორ სტატისტიკას და განსხვავება მათ შორის იყოს 1580 ერთეული დანაშაული?

და აი, 2016 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ რა ვქნათ, სტატისტიკური აღრიცხვის მეთოდოლოგია არ გვივარგა და ამიტომ ჩვენს ვებგვერდზე მონაცემებს აღარ გამოვაქვეყნებთო. კი მაგრამ, 4 წელი რა ქვეყნდებოდა მაშინ?! რა იყო ის, რაც წლიური, თვიური თუ კვარტალური სტატისტიკის გრაფაში იწერებოდა? რატომ ითქვა მხოლოდ ახლა, რომ დანაშაულთა სტატისტიკას თუ სხვა უწყება დაითვლის და არა შსს, მეტი სანდოობა ექნება საზოგადოების მხრიდანო? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქართული საზოგადოება არ ენდობა?!

ციფრები და სტატისტიკა ძალზე მნიშვნელოვანია დანაშაულთა აღრიცხვიანობის საქმეში! ციფრები ასახავს, რა მდგომარეობა გაქვს ქვეყანაში _ რამდენი მკვლელობა, რამდენი ქურდობა, რამდენი ყაჩაღობა და ა. შ. როდესაც ამ ციფრებს არასწორად წერ, ითვლი, გეშლება და ა. შ., თან ვის? _ სამართალდამცველ უმაღლეს ორგანოს, _ ეს დანაშაულია. და ის, რომ ახლა ავდგები და ამ ციფრებს აღარ გამოვაქვეყნებ, იმიტომ რომ რაღაცები ვერ ემთხვევაო, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია.

იქ, სადაც ციფრებში გეშლება, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ სხვა რამეშიც არ შეგეშალოს. იგივე,  გამოძიებაში, ეჭვმიტანილის დაკავებაში, ოპერატიულ მოქმედებაში. იმიტომ, რომ ეს არის ფუნდამენტი, ვინაიდან ქვეყნის ბიუჯეტი _ ციფრებია, ეკონომიკა _ ციფრებია, ერის დემოგრაფია _ ციფრებია, ეროვნული ვალუტის კურსი _ ციფრებია, ხელფასი, რომელსაც  გიორგი მღებრიშვილი იღებს _ ციფრებია და 15, 10 თუ 100 ცალი „სუბუტექსი“, რომლითაც ახალგაზრდებს 15-20 წლით ციხეში უშვებენ _ ესეც ციფრებია. როდესაც შენ საზოგადოებას ეუბნები, რომ ამ ციფრების დათვლის მეთოდოლოგია არ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ თავად სისტემას არ გააჩნია მეთოდოლოგია. სხვათა შორის, უწყებათაშორისი მეთოდოლოგია რომ არსებობდეს, ბევრად ადვილი გამოსავლენი იქნებოდა, ვინ ვისი ნათესავია, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ქმარი თუ ცოლი შინაგან საქმეთა სამინისტროში. თუმცა არც ამის გამოვლენა გაგვჭირვებია, ვინაიდან „ქრონიკა+“ უკვე წლებია, რაც ნეპოტიზმის საკითხებზე მუშაობს.

 

თამარ როსტიაშვილი