ხელნაკეთი ნივთებისა და თავისუფლების გამოძახილი

საქართველოში რომ ჰიპები არსებობდნენ, იცოდით? ხელნაკეთი ნივთების მაღაზია აქვთ და ისე ცხოვრობენ, რომ სხვებს ახარებენ და ცხოვრებას აფერადებენ.

მაღაზიას „Hippie “ დაარქვეს და პირველი ხელნაკეთი ყელსაბამის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს პუპულარობის შემდეგ, აქტუალობას დღემდე არ კარგავენ. პოპულარობა იზრდება და, შესაბამისად, მომხმარებლის რაოდენობაც.

წარმატება შრომის პროპორციულიაო, _ სჯერა და ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ საკუთარი შრომის შედეგს ხედავს.

ჩვენი დღევანდელი გმირი კი 20 წლის გოგონაა, რომელიც თავის მეორე ნახევართან ერთად ყოველდღიურად გამორჩეულ და მრავალფეროვან ნივთებს ქმნის, მათ ყიდის და საზოგადოების განწყობაზეც ზრუნავს. როგორც ამბობს, მათ ეს სახელი იმიტომ დაირქვეს, რომ იგი თავისუფლებას, ფერებს, მშვიდობასა და სიყვარულს უკავშირდება, მარტივი გამოსათქმელია და ადვილად დასამახსოვრებელი.

ამბობს, რომ „თუ არასდროს ცდი, ვერასდროს გაიგებ, გამოგივა თუ არა საქმე“ და სწორედ ამ პრინციპით ცდილობს, რომ ყოველთვის გამოიყენოს ის შანსი. ცხოვრობს რუსთავში და სასწავლებლად დადის დედაქალაქში. წყვილს აქვე აქვს მაღაზიაც, სადაც „თავისუფლებას იპოვით“. უნდა, რომ სასიამოვნოდ შესამჩევი და მისაბაძი დარჩეს საზოგადოებისთვის, მაგრამ მთავარ ოცნებად მოსიარულე მანქანა-სახლი რჩება. სანახევროდ საკუთართავნაპოვნ გოგონას   არავისთვის არაფერი ენანება ისევ საკუთარი თავის გარდა.

დღეს კი 20 წლის მცირე ბიზნესის მფლობელი გოგონა „ქრონიკა+“-ის სტუმარია. გაიცანით ლალიკო თვალიაშვილი, ანგლისტი, ტრენერი და ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის მფლობელი:

 

_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე.

_ მე ვარ ლალიკო თვალიაშვილი, 20 წლის, ვცხოვრობ რუსთავში, ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში, ანგლისტიკის განხრით, ამავდროულად, მაქვს საკუთარი ხელნაკეთი ნივთების პატარა ბიზნესი და ასევე, პერიოდულად, ვმუშაობ EMT-განათლებისა და მართვის გუნდში ტრენერად.

_ რატომ დაინტერესდი ამ საქმიანობით (რა იყო ინსპირაცია, ვისთან ერთად საქმიანობ, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგი)?

_ ზოგადად, ყოველთვის მინდოდა, საკუთარი სამყარო შემექმნა, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი, სხვებს ბედნიერებას მოვუტანდი, ასევე მქონოდა საკუთარი შემოსავალი და არ ვყოფილიყავი მშობლების ხარჯზე.

ამ ყველაფერს ვაკეთებ დემეტრესთან, ჩემს შეყვარებულთან ერთად, რომელსაც უკვე 15 წელია, ვიცნობ. პირველი ნაბიჯები ერთი წლის და სამი თვის წინ გადავდგით, როცა ჩვენს გვერდზე პირველი ხელნაკეთი ყელსაბამის ფოტო ავტვირთეთ, ამას იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მოკლე დროში ძალიან გავაქტიურდით, ახალი ნივთები შევმატეთ და დღეს საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქცია გვაქვს, თუმცა ეს ჯერ კიდევ ცოტაა იმასთან შედარებით, რასაც ვგეგმავთ.

_ რით დაიწყე საკუთარი ბიზნესი და რა სირთულეები შეგხვდა გზად?

_ საკუთარი ბიზნესი დავიწყეთ 50 ყელსაბამისთვის განკუთვნილი მასალით, რომელიც, სულ რაღაც, 6 ევროს ღირებულების იყო, ხოლო შემდეგ გავზარდეთ როგორც ნივთები, ასევე  ნაირსახეობაც. სირთულეებს რაც შეეხება, იყო მომხმარებლის ნდობის მოპოვება, მუდმივად ფხიზლად ყოფნა, ყოველდღიური ინოვაციების მოფიქრება და არსებული გამოწვევების დაძლევა. ვცდილობთ, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვაროთ.

_ რა მოგცა იმან, რომ დღეს საკუთარი ბიზნესის მფლობელი ხარ?

_ ბევრი ბედნიერი ადამიანი, ღიმილიანი სახეები, ყოველდღიური პოზიტივი, ასევე გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, ბევრი უძილო და შრომიანი ღამე, საბოლოოდ კი ორივეს შეგვიძლია სრულიად დამოუკიდებელ ადამიანებად ვიგრძნოთ თავი.

_ რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

_ თითოეული ნივთის დამზადება ორივესთვის დიდი სიამოვნებაა, თუმცა ახალი ნაკეთობების დამზადება უფრო მეტ ხალისს გვმატებს.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანება რაიმე?

_ საბოლოოდ, საკუთარი თავის გარდა არავისთვის არაფერი გვენანება, ხშირად ვჩუქნით მომხმარებლებს საჩუქრებს, ვუკეთებთ სიურპრიზებს მეგობრებს და ერთმანეთს, თანხის ნაწილით ასევე ქუჩის ცხოველებს ვეხმარებით.

_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის (საქმეში)?

_ ხარისხი და სისწრაფე.

_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?

_ დასაფასებელია ადამიანი, რომელსაც ყველა სიტუაციიდან შეუძლია გამოსავლის პოვნა და არ ჰყვება პანიკას ადვილად.

_ გადაწყვეტილება, რომელიც გინანია?

_ თავიდან უნივერსიტეტში არასწორ ფაკულტეტზე ჩაბარებას ვნანობდი (თსუს იურიდიულზე), თუმცა მერე მივხვდი, რომ აქ თუ არ ჩავაბარებდი, „ Hippie “-ც არ იარსებებდა.

_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?

_ როცა ადამიანი იტყუება და ეს არ ადარდებს.

_ რისთვის არ გენანება დრო?

_ ძილისთვის.

_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?

_ თუ თავისუფალ დროში შეიძლება ღამე ძილისთვის განკუთვნილი 3-4 საათი იყოს, მაშინ მძინავს, სხვა დროს ბუნებას და ცხოველებს ვუთმობ, ან საყვარელ ადამიანებს ვნახულობ.

_ მაქსიმალისტი ხარ? თუ ხარ, ან არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა, ან პირიქით?

_ მაქსიმალისტი ვარ იმ საქმეში, რაც გულით მიყვარს, რადგან ყოველთვის ვცდილობ, რასაც ვაკეთებ, ბოლომდე მივიყვანო და ჩემი ყველა უნარი გამოვიყენო, რათა ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდეს.

_ მუსიკას უსმენ ხოლმე (რას)?

_ ძირითადად წყნარ და ინსპირაციულ მუსიკებს: Coldplay, The Beatles, SOKO, Julia and Angus stones და ა. შ.

_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?

_ ახალ შანსს, რომ ვაკეთო ან ვიფიქრო რაიმე ისეთზე, რაც ჯერ არ არსებობს და აუცილებლად უნდა გაჩნდეს ჩვენ გარშემო.

_ რაზე ოცნებობ?

_ ბევრი ოცნება მაქვს, ყველაზე მეტად მოსიარულე მანქანა-სახლზე.

_ თუ გყავს ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ?

_ ზოგიერთთან საერთოს ვხედავ კითხვის პროცესში, მაგრამ კონკრეტულად არავინ.

_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?

_ ჩემი მშობლები, რადგან ყველაზე ჰარმონიულად ცხოვრობენ, ეხმარებიან სხვებს და ყოველთვის ცდილობენ არსებული გარემოს უკეთესობისკენ შეცვლას.

_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?

_ ცუდია, რომ ბევრ ადამიანს ურჩევნია მიბაძოს სხვას და გადაიღოს უკვე შექმნილი სტილი, ვიდრე საკუთარი შექმნას. ზოგადად, საქართველოში დღეს ბევრი პრობლემაა, თუმცა სიტუაცია ძველთან შედარებით უკეთესობისკენ იცვლება და ეს მომავალი თაობის დამსახურებაა.

_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

_ განათლებით, შრომით, დამოკიდებულებების შეცვლით.

_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?

_ ბოლოს არ მახსოვს, როდის დავისვენე. როცა დროს გამოვნახავ დასასვენებლად, სოფელში წავალ აუცილებლად (რაჭაში).

_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

_ ჩემი ფისო, რომელიც ყველა ცხოველზე მეტად მიყვარდა და ერთი წლის წინ დაიღუპა.

_ რა არის შენთვის ის საქმე, რასაც აკეთებ?

_ ჩემი ყოველდღიურობაა.

_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?

_ დროის მხრივ _ არა, სხვა მხრივ ყველანაირად თავისუფალ ადამიანად მივიჩნევ თავს.

_ რა არის თავისუფლება შენთვის?

_ საკუთარი თავის გამოხატვის უფლება, შიშის გარეშე ცხოვრება და უმიზეზო ღიმილი.

_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?

_ პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში დიდ ცვლილებებს განვიცდი, ისე რომ, ხან ვერც ვიაზრებ ხოლმე.

_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს?

_ სანახევროდ.

_ მიგაჩნია, რომ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?

_ რაც შეიძლება ბევრი ადამიანისა და ცხოველის გაბედნიერება და გაფერადება, საკუთარი თავის ჩათვლით.

_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?

_ ბედნიერებისთვის ვიბრძვი და ყოველთვის ვიბრძოლებ, რადგან ბედნიერება არასდროსაა საკმარისი.

_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?

_ ჩემს ცხოვრებაში რისი „გამოსწორებაც“ მინდა, არის ის, რომ უნივერსიტეტი მალე დავამთავრო, რათა სრულიად საკუთარი მიზნების განხორციელებას შევუდგე.

ქვეყანაში ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი, თუმცა მაინც განათლების რეფორმებს გავატარებდი და სწავლის ტექნოლოგიებს შევცვლიდი, რადგან ქვეყნის განვითარება პიროვნების განვითარებით იწყება.

_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?

_ ალბათ ცხოვრების აზრი არის ის, რომ იცხოვრო და საკუთარი სასარგებლო კვალი დატოვო საზოგადოებაში, იყო სასიამოვნოდ შესამჩნევი და მისაბაძი სხვებისთვის.

_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?

_ ვისაც შრომა არ ეზარება და გამოწვევების არ ეშინია, წარმატებას ნებისმიერ ადგილას მიაღწევს, საქართველოში ეს ნამდვილად შესაძლებელია.

_ გაქვს ისეთი პრინციპი, რასაც არასდროს უღალატებ?

_ ბევრი ასეთი პრინციპი მაქვს, მათ შორისაა პირად საქმიანობაში ცხოველური ნაწარმის მაგივრად ალტერნატიული შემცვლელის გამოყენება.

_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?

_ ამ თემაზე არასდროს მიფიქრია, რადგან მომწონს, ვინც ვარ.

_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?

_ პირველ რიგში, საკუთარი სახელოსნო მაღაზიის გახსნა, შემდეგ ბევრი ინოვაციური გეგმა გვაქვს მეც და დემეტრესაც, ყოველდღიურად მოგვდის თავში ახალი იდეები.

_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?

_ რა გზით შეიძლება ყველაზე მოკლე დროში ყველა სასურველი მიზნის განხორციელება.

_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?

_ ოჯახისს და მეგობრების.

_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის?

_ ცხოველებთან და ბუნებასთან სიახლოვეს. ფლორასა და ფაუნასთან ურთიერთობა ნებისმიერ დეპრესიასთან გამკლავებაში ეხმარება ყველას.

_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.

_ „თუ არასდროს ცდი, ვერასდროს გაიგებ, გამოგივა თუ არა საქმე“;  „წარმატება შრომის პროპორციულია“; „ვისაც რაიმეს გაკეთება უნდა, ეძებს საშუალებას, ვისაც არა _ მიზეზს“.

_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ იყვნენ პოზიტიურები, იშრომონ, მოუფრთხილდნენ ბუნებას, იზრუნონ ერთმანეთზე, გაიღიმონ ხშირად და ყველა სიტუაციიდან მიზეზის მაგივრად მოძებნონ გამოსავალი.

 

ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, გოგონა ღიმილით და „ოცნების დამჭერით“ (Dream catcher) არ ჩერდება და მიზნების ასახდენად იბრძვის.

 

ნინო ტაბაღუა