უჩა მამაცაშვილმა სოსო გოგაშვილს კარისკენ მიუთითა!

2017 წლის 13 მარტს კუკური წივწივაძის პატაკით და ოპერატიული ინფორმაციით დაწყებული სისხლის სამართლის საქმე თავისი მნიშვნელობით რიგითი კრიმინალის ფარგლებს უკვე გასცდა და პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაკავებული დავით ხარშილაძე საქართველოში ყველაზე კრიტიკული და ხმაურიანი გაზეთის, „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის შვილი და ამავე გაზეთის თანამშრომელია, არამედ იმიტომ, რომ გზადაგზა მოპოვებული სკანდალური ინფორმაციებით, ჩემი შვილის დაკავება პირდაპირ დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილის სახელს.
„ქრონიკა+“ უკვე წერდა, რომ პატაკის ავტორი, კუკური წივწივაძე, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, ქეთევან ივანაშვილის სიძე და ლიკა ივანაშვილის ქმარია (ზოგიერთი ინფორმაციით, ლიკა ივანაშვილი და კუკური წივწივაძე ერთად აღარ ცხოვრობენ), მისი ცოლისძმა სუს-ის ყოფილი თანამშრომელი და სამტრედიის პოლიციაში უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსია. კუკური წივწივაძის გარდა სისხლის სამართლის საქმეში მხოლოდ ორი პოლიციელის _ ვალერიან ჩიბირაშვილისა და ზაქარია ვასაძის ჩვენებები ფიგურირებს. როგორც ჩანს, სამივე მათგანი, უბრალოდ, გულთმისანი იყო და წინასწარ იცოდა, რომ დავით ხარშილაძე აუცილებლად თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბოჭორიშვილის ქუჩაზე იქნებოდა მითითებულ დროს და ჯიბეში აუცილებლად ექნებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, მაშინ როცა, თავად ჩემმა შვილმა არ იცოდა არც ბოჭორიშვილის ქუჩის დასახელება, არც ის, რომ დღის იმ მონაკვეთში ამ უაბანში და ამ ქუჩაზე მოხვდებოდა.
ორივე პოლიციელის ჩვენება თითქმის იდენტურია: ვალერიან ჩიბირაშვილი წერს, რომ ბოჭორიშვილის ქუჩის 25 ნომერთან მათ შეამჩნიეს ქვეითად მოსიარულე მოქ. დავით ხარშილაძე (არ აკონკრეტებენ, საიდან იცნობდნენ ჩემს შვილს სახეზე). პოლიციელების დანახვისთანავე დავით ხარშილაძემ გაქცევა დააპირა, რა დროსაც მცირე მანძილზე გაეკიდნენ, დაეწივნენ, შეაჩერეს, პროპორციული ძალა გამოიყენეს, მოასფალტებულ ნიადაგზე დააწვინეს ისე, რომ მას დაზიანებები არ მიუღია, ამის შემდეგ დავით ხარშილაძე ფეხზე წამოაყენეს, გამომძიებელმა ზურაბ ქუმელაშვილმა განუმარტა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით მას პირადად უკანონოდ უნდა ჰქონოდა შენახული ნარკოტიკული საშუალებები, რის გამოც აუცილებელი იყო მისთვის ჩხრეკის ჩატარება. გამომძიებელ ზურაბ ქუმელაშვილს ადგილზევე შეუდგენია გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე დადგენილება, რის შემდეგაც ზურაბ ვასაძემ მას პირადი ჩხრეკა ჩაუტარა, _ ე. წ. დუტი ჟილეტის მარჯვენა გარე ჯიბიდან ამოუღეს პირადი ნივთები, მარცხენა ჯიბიდან კი წონაკები, რომელსაც თავზე ჰქონდა მომწვარი, ერთში მოთავსებული იყო სამი ცალი ოვალური ფერის აბები, მეორე წონაკში კი მოთავსებული იყო თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასები.
დავიწყოთ იმით, რომ ქ. თბილისის პროკურატურამ წინასწარი დაკავების საკნის, „კაპეზეს“ მიმართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო მოქ. დავით ხარშილაძის მიმართ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. აღნიშნული მუხლი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუ ზურაბ ვასაძე და ვალერიან ჩიბირაშვილი ჩვენებაში წერენ, რომ დავით ხარშილაძეს დაკავებისას დაზიანებები არ მიუღია და მის მიმართ პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, მაშინ საიდან აღმოაჩნდა მას ის დაზიანებები, რომელიც წინასწარი დაკავების საკანში შეყვანისას ოფიციალურად დაფიქსირდა?
მეორეც, ჩემი შვილი ჩვენებაში, რომელიც მას გამოძიებამ ჩამოართვა, წერს, რომ ნარკოტიკი ე. წ. დუტი ჟილეტის ჯიბეში ადგილზე მყოფმა რომელიმე პოლიციელმა ჩაუდო მას შემდეგ, რაც ხელები ბორკილებით შეუკრეს და საკუთარი სპორტული ქურთუკის კაპიუშონი თავზე წამოაფარეს და მხედველობა შეუზღუდეს. ადგილზე ამოღებულ პაკეტებში მხოლოდ ფხვნილისებრი მასა იყო მოთავსებული. მოგვიანებით, პოლიციის სამმართველოს შენობაში, ერთი პაკეტი ფხვნილისებრი მასა გაქრა და იგი „სუბუტექსის“ აბებით შეიცვალა, ხოლო „დუტი“ ჟილეტი, რომლის ჯიბიდან, თითქოსდა, პაკეტები ამოიღეს, საერთოდ დაიკარგა და მხოლოდ დავით ხარშილაძის გლდანის მერვე საპყრობილეში გადაყვანიდან ერთი კვირის შემდეგ მოინდომა გამომძიებელმა ზურაბ ქუმელაშვილმა მისი ადვოკატისთვის გადაცემა, რაზეც, ცხადია, დაცვის მხარემ უარი განაცხადა.
დავით ხარშილაძის დაცვის მხარემ სასამართლოს ასევე იმის თაობაზე მიმართა, რომ ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს ეზოსა და მერვე სართულის კამერების ჩანაწერები ამოგვეღო, სადაც ჩემი შვილი ჰყავდათ აყვანილი, მაგრამ სასამართლომ დაცვის მხარეს ამ მოთხოვნაზე უარი განუცხადა. სავარაუდოდ, კამერების ჩანაწერები უკვე წაშლილია და, რეალურად, შეუძლებელია დავით ხარშილაძის დაკავებისა და სამმართველოს შენობაში მისი გადაადგილების დეტალების დადგენა.
ჩემი შვილის დაკავების შემდეგ არ მომხდარა მისი კუთვნილი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, კუთვნილი მობილური ტელეფონის დალუქვა. მოგვიანებით, გამოძიებამ სასამართლოს მიმართა დავით ხარშილაძის ტელეფონის დეტალური ამონაწერების მიღებისა და გაშიფვრის მოთხოვნით. როგორც გაირკვა, განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჩემი, ჩემი მეუღლის, ჩემი შვილიშვილისა და ჩემი შვილის მეგობარი გოგონას ტელეფონების გაშიფვრა იყო, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს გამოძიების სრულ არაკომპეტენტურობაზე და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დევნა პირადად ჩემ მიმართ მიმდინარეობს.
სპექტაკლი, არასისტემური დანაშაული, _ ასე აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა კამპანიას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიციის ძალადობისა და ნარკოტიკების ჩადების წინააღმდეგ დაიწყო. ორ სახელდახელო აქციას ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად არაადეკვატური შეშფოთება და რეაქციები მოჰყვა. როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, გაცილებით საინტერესო ამბები კულისებში ხდებოდა.
ის, რომ ჩემი შვილის დაკავების ოპერაცია სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის უშუალო დავალებით და ინიციატივით დაიგეგმა, ეს ჩემთვის იმთავითვე ცნობილი იყო, ისევე როგორც მიუხედავად შს მინისტრის არაოფიციალური შემოთვლებისა, რომ ის ოპერაციის ჩატარების დროს თბილისში არ იმყოფებოდა და საქმის კურსში არ იყო. დადასტურებული ინფორმაცია მაქვს, რომ მღებრიშვილმა ყველაფერი იცოდა, უბრალოდ, მას არც სურვილი და, მით უფრო, არც პრინციპები არ ეყო იმისთვის, რომ საკუთარ უწყებაში ფარშის დისტრიბუტორის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციისთვის ხელი შეეშალა.
სოსო გოგაშვილს, გარდა უშუალო შემსრულებლებისა (კუკური წივწივაძე, ვალერიან ჩიბირაშვილი, ზურაბ ვასაძე და მათი ხელმღვანელები), არაოფიციალური მრჩევლებიც ჰყავდა. ის, რომ გოგაშვილი პასტერის ქუჩაზე „რეპორტიორის“ დამფუძნებლის, ნუგზარ ფოფხაძის სახლის ხშირი სტუმარია, ეს ჩემთვის იმთავითვე იყო ცნობილი. გოგაშვილი-ფოფხაძის იდეების უშუალო გახმოვანება ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნონო ჯღარკავას ევალება, ხოლო მას პერიოდულად მხარს უბამს და ეხმარება „ალია ჰოლდინგის“ ჟურნალისტი, გელა ზედელაშვილი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ყველა დასახელებულ პირს სოსო გოგაშვილი ფულს უხდის. იგივე წყარო ამბობს, რომ გოგაშვილი წაახალისეს და მარტივად ურჩიეს, _ ელისოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მისი შვილია, თუ მას დაიჭერ, სამ დღეში თავად მოვა შენთან სალაპარაკოდო. ვერც გოგაშვილმა და ვერც მისმა მრჩეველმა, რომელსაც, გარდა ფულადი ინტერესისა, პირადი ბოღმაც ამოძრავებდა როგორც პირადად ჩემი, ისე „ქრონიკა+“-ის მისამართით, იმის გამო, რომ გაზეთს საკუთარი პირადი გეგმებისთვის ვეღარ იყენებდა, ვერ გათვალეს უმთავრესი _ ერთია შვილის სიყვარული, მაგრამ მისი თავისუფლება ვერასოდეს გახდება ჩემი პროფესიული საქმიანობის ვაჭრობის თემა. ეს განწყობა აქვს ჩემს შვილსაც. მიუხედავად სამსაათიანი წნეხისა, მან აღიარებითი ჩვენება არ მისცა და ბოლომდე აპირებს ბრძოლას მისი სიმართლის დასამტკიცებლად.
დაკავებული დავით ხარშილაძე ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოში მიყვანის შემდეგ ხელმეორედ გაჩხრიკეს, რატომღაც, პირში ხელი ჩათხარეს, სავარაუდოდ, ფიქრობდნენ, რომ ნარკოტიკი, შესაძლოა, პირში ჰქონოდა. ხელახალი ჩხრეკისას მას არც ნარკოტიკი და არც ე. წ. ბიო არ აღმოაჩნდა, ისევე როგორც, ფაქტობრივად, გამოირიცხა მისი შესაძლო ჩაყლაპვის ფაქტიც, რადგან შემდგომი სიმპტომები არ გამოვლენილა. ნარკოლოგიური შემოწმებისას ექიმმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მისი ვიზუალური დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა, ასევე სუფთა აღმოჩნდა ჩატარებული ნარკოტესტი. რატომღაც, პოლიციელები, რომლებიც დავით ხარშილაძის ნარკოტესტის ჩატარებას ესწრებოდნენ, დაჟინებით ეკითხებოდნენ ექიმს, _ როგორ, „ბიოც“ არ ამოუვიდაო?
გადამოწმებული ინფორმაციით, მეორე პაკეტი, რომელიც ჩემს შვილს ჩაუდეს, სწორედ სინთეტიკური ნარკოტიკი „ბიო“ იყო. მას შემდეგ, რაც ნარკოტესტმა აჩვენა, რომ მას არანაირი „ბიო“ მოხმარებული არ ჰქონდა, პაკეტი „სუბუტექსის“ აბებით შეცვალეს.
რატომ არ მოხდა ჩემი შვილის დაკავების ვიდეოგადაღება? იმიტომ, რომ პოლიციელებმა, რომლებიც სოსო გოგაშვილის დავალებას ასრულებდნენ, ზუსტად იცოდნენ, რომ ჩემს შვილს არანაირი ნარკოტიკი არ ჰქონდა და მას ნარკოტიკი ჩაუდეს. ისევე როგორც სისხლის სამართლის საქმეში არ დევს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გამოძიების დაწყების თაობაზე ზედამხედველი პროკურორი ინფორმირებული იყო, რაც კანონის აუცილებელი მოთხოვნაა.
თბილისის პროკურატურაში პოლიციელების მიმართ გამოძიების დაწყებამ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, განსაკუთრებით ოპერაციაში მონაწილე პოლიციელები შეაშფოთა. ისინი უკმაყოფილებას უკვე აღარც მალავენ, _ რაც დაგვავალეს, ის გავაკეთეთ და თუ ჩვენი დაცვის თავი არ ჰქონდათ, ასეთ დავალებაზე რატომ გაგვიშვესო?.. თავის მხრივ, კუთხეში მიმწყვდეული სოსო გოგაშვილი პოლიციელებს ადანაშაულებს, _ ამ ყ…ბმა ის ვერ გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათო.
ის, რომ გოგაშვილი ჩიხშია, ამას „ქრონიკა+“-ის წყარო კიდევ ერთხელ ადასტურებს, მისი ინფორმაციით, ჩემი შვილის დაკავების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე კომპეტენტურ პირთან შეხვედრა მოუთხოვია. ამ შეხვედრას მისი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილიც ესწრებოდა. შეხვედრაზე პროკურატურას პირდაპირ უთქვამს, რომ ეს საქმე სასამართლოში თავს ვერ დაიკავებს, რადგან, სხვა პროცესუალური დარღვევების გარდა, საქმეში მტკიცებულებები არ არის და მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაა. სავარაუდოდ, ივანიშვილმა უკვე იცოდა, რომ სპეცოპერაცია გოგაშვილის მითითებით და უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა, ამიტომაც უკითხავს უჩა მამაცაშვილისთვის, _ საქმის კურსში თუ იყავიო? რაზეც მის საყვარელ დეიდაშვილს, რომელიც, პარალელურად, გოგაშვილის კურატორია, უპასუხია, რომ ის თბილისში არ იმყოფებოდა და საქმის კურსში არ იყო. ამის შემდეგ ივანიშვილს პირდაპირ მოუთხოვია, _ თუ საქმის კურსში არ იყავი, მაშინ ვინ არის ეს გოგაშვილი, ასეთ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად რომ იღებს და ვის სჭირდებოდა ამ საარჩევნო წელს ქვეყანაში ასეთი სკანდალიო? როგორც გინდათ, ისე მოიფიქრეთ და სამსახურიდან გაუშვითო… ივანიშვილის კატეგორიულმა ტონმა უჩა მამაცაშვილი ფრიად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან ახალი წლის მერე შვებულებაში გასული და, ფაქტობრივად, სამსახურიდან გაშვებული გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს ორთვიანი გამოსაცდელი ვადით მან დააბრუნებინა სამსახურში იმ მოტივით, რომ საპატრიარქოსა და „რუსთავი 2“-ის საქმე დასასრულებელი იყო. „ანტრიკოტამ“ ვერც ერთი საქმე მოაგვარა და ვერც _ მეორე. პრობლემებს ახალი სკანდალი დაემატა ჩემი შვილისთვის ნარკოტიკის ჩადების სახით, რასაც, ჩემი გაჩუმების ნაცვლად, საზოგადოების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. სწორედ ამიტომ დაიგეგმა პრეზიდენტ მარგველაშვილთან ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსნის ვიზიტი, რომელიც მას დაარწმუნებდა, ანა მარგველაშვილს უარი ეთქვა საჯარო პროტესტზე და ასევე გაეჩუმებინა მისი მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის ოჯახი. პრეზიდენტის ქალიშვილმა უარი არც აქციებში მონაწილეობაზე თქვა და არც მიხეილ თათარიშვილის მამა აპირებს გაჩუმებას. მეტიც, კამპანია „არა ჩადებას“ ამ კვირაში ახალ აქტივობებს გეგმავს, რომელიც მალე რეგიონების მასშტაბითაც გაგრძელდება.
შუშის სასახლეში შეკრებისა და თბილისის პროკურატურაში პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ უჩა მამაცაშვილისთვის დახმარების თხოვნით პირადად სოსო გოგაშვილს მიუმართავს, მაგრამ ექსპრემიერის გავლენიან ნათესავს თავი შორს დაუჭერია, _ როგორც ჩაისვარე ელისოს შვილის დაკავების საქმეში, შენივე ჩასვრილი თავად გამოასწორეო. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ყველა ელოდება ამერიკიდან სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის დაბრუნებას და გოგაშვილის საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მას ქუჩაში არ დატოვებენ, რომელიმე სამინისტროში დაასაქმებენ, მაგრამ გოგაშვილის ოცნებები, ან შინაგან საქმეთა მინისტრი განხდარიყო, ან _ დაცვის სპეცსამსახურის უფროსი, ამ ეტაპზე, განუხორციელებელი რჩება. თუ გამოძიება ობიექტურად წარიმართა, ერთი ვერსიით, დავით ხარშილაძის დაკავების ოპერაციაში მონაწილე პოლიციელების სამსახურებიდან დათხოვნა იგეგმება, თუმცა მათ დაკავებაზე, ამ ეტაპზე, არ ფიქრობენ, რადგან ყველას ეშინია, დაკავებულმა პოლიციელებმა დამკვეთი და დავალების მიმცემი არ დაასახელონ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ხაფანგში მომწყვდეული „ანტრიკოტა“ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ინტენსიურად ეძებს. ამ გამოსავლის ძებნის ერთი ფრაგმენტი იყო „რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გელა ღურწკაიას სტუმრობა, სადაც მას ჩემზე, თითქოსდა, სკანდალური ინფორმაციები უნდა მოეყოლა, რასაც ბიძინა ივანიშვილიც მოისმენდა. ერთი მხრივ, გაშიფრული სისხლის სამართლის დამნაშავის გამოყენება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფირებით რედაქციაში მოვიდა, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ გოგაშვილის თვალსაწიერი უკიდურესად მოკლეა, მეორე მხრივ, გადაცემაში ჩემი სატელეფონო ჩართვა, ცხადია, გათვალისწინებული არ ჰქონდა. ჩემ მიერ დასმულ კითხვებს და გაჟღერებულ ბრალდებებს კი სტუდიიდან გელა ღურწკაიას გაქცევა მოჰყვა და გოგაშვილის ეს გაუაზრებელი გეგმაც კრახით დასრულდა.
ფარშის ყოფილი დისტრიბუტორი და აღზევებული მდაბიო, რომელსაც ეგონა, რომ განუზომელი ძალაუფლების პატრონი იყო, ამ ეტაპზე, უპატრონოდ დარჩა, _ უჩა მამაცაშვილი ნარკოტიკების ჩადების სკანდალის თანამონაწილედ მას, ფაქტია, არ გამოადგება, მეორე მხრივ, მას გვერდით უდგას ადამიანთა ჯგუფი ნუგზარ ფოფხაძის, ნინო ჯღარკავასა და გიორგი მამაცაშვილის სახით, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს კარგა ხნის განმავლობაში საკუთარი რჩვებით აბოლებდნენ, სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებით და მისგან საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოს იღებდნენ. როგორ გამოადგა ღარიბაშვილს ფოფხაძის კომპანიის რჩევები, ფაქტი სახეზეა, _ ის თანამდებობაზე აღარაა. ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ ამ ჯგუფმა მეორე ქაჯი გამოიჭირა, დაარწმუნა მათ საჭიროებაში და ახლა გოგაშვილის „კარმუშკაზე“ ცხოვრობს. „ფარშის დისტრიბუტორი“ მათი ბოლო ხავსია, რადგან გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მათ სერიოზული ფინანსური სარგებელი შეუწყდებათ. მას შემდეგ, რაც სუს-ს სოსო გოგაშვილი ჩამოშორდება, ცალკე გამოძიების თემა უნდა გახდეს, როგორ განკარგავდა და ხარჯავდა ის სპეცსახსრებს, ვის აფინანსებდა და რა სარგებელი მოუტანა ამ ხარჯმა ქართულ სახელმწიფოს? ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრი ასეთი ადამიანი უცილებლად აღმოჩნდება გისოსებს მიღმა.

წერილი გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა „ქრონიკა+“-ს მისმა საკუთარმა წყარომ ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, რომ სინთეტიკური ნარკოტიკის, ე. წ. ბიოს ინტერნეტქსელის მეშვეობით რეალიზაციას სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი „კრიშავს“.
„ბიოს“ ინტერნეტით, ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იწერენ, შესაბამისი განცხადებები ქვეყნდება ფორუმზეც და ინტერნეტქსელშიც სკაიპის მისამართების მეშვეობით. საფასურის გადახდა ხდება „საქართველოს ბანკში“ EMONEY-ს მეშვეობით, პირის იდენტიფიკაციის გარეშე. ყველა „ბარიგა“ უშუალოდ სოსო გოგაშვილის პატრონაჟის ქვეშ მუშაობს. რეალიზატორი გამოწერილ „ბიოს“ ნებისმიერ წინასწარ მითითებულ ადგილას მოგაწვდით. ყველაზე ხშირად ე. წ. წამლის „სვიდანიები“ თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ხდება.
იმის გამო, რომ ნარკოტიკების რეალიზატორებს ძალოვანი უწყება მფარველობს, არც ერთი პირი არ დაუკავებიათ, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურისთვის მხოლოდ რამდენიმე საათის საქმეა იმ IP მისამართის დადგენა, საიდანაც ხდება ანალოგიური განცხადებების ინტერნეტსივრცეში განთავსება.
ორშაბათ დილით თავდასხმა მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეზე, გელა ხვედელიძეზე. როგორც ჩანს, ხაფანგში მოქცეულმა სოსო გოგაშვილმა სამიზნე შეცვალა.

ველოდები ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის რეაქციას!!!

ელისო კილაძე