რა არ აპატია პრემიერმა ვალერი გელაშვილს და რატომ ვერ დაიცვა ის დავით უსუფაშვილმა?!

valeri

ბევრს ეცადა ხაშურის მაჟორიტარი ვალერი გელაშვილი, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები მისთვის მარცხით დასრულდა. სულ მალე მისი კადრი რაიონის მმართველობის არც ერთ რგოლში აღარ იქნება, რაც ნიშნავს, რომ გელაშვილი მეფე ლირივით მარტო რჩება. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო – გელაშვილი ხომ თვითონვე მიდიოდა აქეთკენ.

კოჰაბიტაციამ ხაშურში საინტერესო ხასიათი მიიღო: ადგილობრივი „ოცნების“ თავკაცობამ რიგით „მეოცნებეებს“ „ნაციონალებთან“ ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალა. ეს, ჯერ კიდევ, საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდა, რაც მიანიშნებდა, რომ „ნაციონალების“ დამხობის სურვილი სერიოზულობას იძენდა, ბრძოლა კი – შეურიგებელ ხასიათს. არადა, ხაშური პატარა რაიონია, ყველა ერთმანეთის ნათესავ-მეგობარი თუ არა, ნაცნობი მაინც იყო. ამის მიუხედავად, რიგითმა „მეოცნებეებმა“ ზემდგომების მითითება მაინც ბრწყინვალედ შეასრულეს და „ნაციონალებისგან“ დისტანცირება მოახდინეს. მერე ეს დამოკიდებულება არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა, ჰოდა, ხაშურში ისე მოხდა, რომ ბევრი ნათესავი თუ მეგობარი დღემდე აღარ ელაპარაკება ერთმანეთს. ეტყობა, პოლიტიკაც მოითხოვს მსხვერპლს. ყველაფერი გასაგები იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ხაშურის მაჟორიტარმა ვალერი გელაშვილმა და მისმა გუნდმა, ვისი გულისთვისაც მისი ქვეშევრდომები „ნაციონალ“ ნათესავებსა და მეგობრებს დაემდურნენ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები დაიყენა გვერდით. მეტიც, დღეს გელაშვილის ჯგუფის თუ კლანის წევრების უმეტესობას სწორედაც რომ „ნაციონალური“ წარსული აქვს.

საინტერესოა ისიც, რომ გელაშვილმა ბევრი ერთგული თანამებრძოლი „ნაცების“ აგენტობის ბრალდებით სამსახურიდან გააშვებინა. აგენტობის დაბრალება კი, ძირითადად, ორი მიზეზის გამო ხდება: თუ სამსახურიდან გაშვება უნდათ და მიზეზის პოვნა უჭირთ, ან თუ ვინმე უკმყოფილებას გამოთქვამს ვალერი გელაშვილისა და მისი კლანის საქმიანობის გამო. მეორე კატეგორიაში ბატონ მაჟორიტარს, თურმე, ჩვენც – თქვენი მონა მორჩილი და მთლიანად რედაქცია – გავუყვანივართ. გულს ინუგეშებს თუ რას ფიქრობს, არ ვიცი, მაგრამ, თურმე, თავის ძმაბიჭებს ჩვენზე ეუბნება: ეგენი „ნაციონალების“ დაქირავებულები არიანო. რამხელა აღმოჩენა გაგიკეთებიათ, ბატონო ვალერი! გაგვშიფრეთ და ეგ არის. დეპუტატის ადგილზე თქვენი ყოფნა ნიჭის დაკარგვაა –   კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უნდა გებაროთ და კარგად შენიღბულ აგენტებს ამჟღავნებდეთ. თუმცა ხუმრობა იქით იყოს და ამავე გაზეთში გამოქვეყნებულ სხვა წერილებსაც თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ „ნაციონალებთან“ ჩვენი კავშირების ძებნა, უბრალოდ, არ გამოვა – ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. ასე რომ, ბატონო ვალერი, გულს ნუ ინუგეშებთ იმით, რომ ვინმეს პოლიტიკურ შეკვეთას ვასრულებთ. ეს იგივეა, ვირს პიტნა ეჯავრებოდეს და ცხვირში ატენიდნენ… ასე თუ იფიქრებთ, მცდარ დასკვნას გამოიტანთ და ეს ისევ თქვენთვის იქნება ცუდი. სინამდვილეში, ჩვენ მხოლოდ იმას ვწერთ, რასაც ხაშურლები თქვენზე და თქვენს გარემოცვაზე საუბრობენ. სასაუბრო კი ძალიან ბევრია, რაც მართლა თქვენი დამსახურებაა…

ახლა კი ისევ დავუბრუნდებით ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის „დამსახურებებზე“ საუბარს. ქართველ ამომრჩეველს ასეთი თავისებურება ახასიათებს – ერთი დღის სიამოვნებისთვის ცხოვრობს. საპარლამენტო არჩევნებზე გელაშვილი ბევრ რამეს დაჰპირდა ხალხს, მათ შორის, გზების დაგებას, კომუნალური პირობების გაუმჯობესებასა თუ სხვა პრობლემური საკითხის მოგვარებას. ამ დაპირებების 99 პროცენტი არ შესრულებულა. ახლახან ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე პრინციპული ელექტორატი დეპუტატს შეუსრულებელ დაპირებებს შეახსენებდა, მაგრამ ხაშურშიც ისეთივე ხალხი ცხოვრობს, როგორც დანარჩენ საქართველოში. ვალერი გელაშვილის საქმიანობაზე ხმას არავინ იღებს. ისინი იმის მადლობლები არიან, რომ  საარჩევნოდ რაღაც თანხა აიღეს და ქალაქის საკითხები – ქუჩის პრობლემა, ნაგვის, თუ მაწანწალა ძაღლების, ბევრს სულაც ფეხებზე ჰკიდია! ძალიან ცუდი სიტუაციაა. ოცი და ოცდაათი ლარის გულისთვის ოჯახის წევრებმა ერთმანეთი გაყიდეს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხაშურიც სიახლეებს ელის. მთავარი ის არის, გელაშვილის ხელში როგორი იქნება ეს სიახლეები და სამომავლოდ რა მოხდება, თორემ „ნაციონალებმაც“ ძალიან კარგად დაიწყეს თავიდან. კარგად დაიწყეს იმიტომ, რომ მაშინ კოჰაბიტაცია არ არსებობდა და შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკები უკოჰაბიტაციოდ მოიშორეს. დიახაც, თავის დროზე, ხაშურში „ნაციონალების“ გამარჯვებას იცით, რა მოჰყვა? – შევიდნენ თუ არა აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოებში, იქ დასაქმებული ყველა საჯარო მოხელე დაითხოვეს. ყველა დაწესებულებასთან სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა და ხალხი ისე გამოჰყავდათ. მათ ნაცვლად ყველგან თავიანთი ხალხი დასვეს და ასე მოიკიდეს ფეხი. ხოლო ხაშურში როცა `ოცნებამ~ გაიმარჯვა, მაშინ  გამგეობის შენობა დაცლილი იყო. „ოცნება“ არ შევიდა, არადა, იქ მუშაობდნენ ჩინოვნიკები, რომლებიც ხალხს ამწარებდნენ. ცხადია, ვინმე მეტყვის, სააკაშვილი რევოლუციით მოვიდა, ესენი კი არჩევნებითო, მაგრამ ამ არჩევნებიდან თითქმის ორი წელია გასული და ხაშურში დღესაც თითქმის ყველა ჩინოვნიკს „ნაციონალური“ წარსული აქვს და ცხრა წლის მანძილზე მგზნებარე „მიშისტი“ დღეს არანაკლები მგზნებარე „ბიძინისტია!“

ვინც ცხრაწლიან უკანონობას ებრძოდა, განზე დარჩა. ისინი ჩვენთან საუბრისას თავიანთ გულის ტკივილს გამოთქვამენ და მხოლოდ დაუსაქმებლობის გამო კი არ წუხან, სხვა ფაქტორებსაც აღნიშნავენ. მათ აღარაფრად აგდებენ – შეიძლება ვერ დაასაქმო შენი ერთგული ხალხი და ვერც ვერაფერი გაუკეთო, მაგრამ, თურმე, ირინა გელაშვილი და ვალერის აქტივი გვერდით რომ გაუვლიან ასეთ ხალხს,  გამარჯობასაც აღარ ეუბნებიან… ეს სწყინთ ძალიან. დაუმსახურებლად გაწირეს და სხვა არაფერი – ასე გადაუხადა მადლობა ვალერი გელაშვილმა იმ ხალხს, ვინც მისი გულისთვის რეპრესიასა და ზეწოლას არ შეუშინდა.

სხვათა შორის, ხაშურში უკვე იმასაც ფიქრობენ, რომ ვალერი გელაშვილს უახლოესი გარემოცვის ზოგიერთი წევრის თავიდან მოცილება უნდა. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ირინა გელაშვილმა საკრებულოს მაჟორიტარობაზე იყარა კენჭი და ამიერიდან სურამის მაჟორიტარი დეპუტატია, ვალერი გელაშვილის მხრიდან მის მოშორებად შეფასდა. მართლაც, ფაქტობრივად, ეს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას ნიშნავს. დეპუტატი არც არაფერს აკეთებს, მხოლოდ ხელფასს იღებს და როცა არაფერს აკეთებს, ე. ი. არც არავინ არაფერს ეკითხება. ორ გელაშვილს შორის შავმა კატამ, ჯერ კიდევ, მაშინ გაირბინა, როცა ირინა გელაშვილმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ვალერი გელაშვილმა მის ამ სურვილს ცივი წყალი გადაასხა. დღევანდელ დეპუტატს ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი გეგმები აქვს, ამ გეგმებში კი ირინა გელაშვილი ნამდვილად არ ზის. ირინა გელაშვილმა დამოუკიდებელი თამაშის  წამოწყება სცადა და, ეტყობა, მოგვარე დეპუტატმა ამიტომაც ჩამოალაბორანტა.

ხაშურში ამბობენ, რომ ერთადერთი კაცი, რომელსაც ვალერი გელაშვილი ბოლომდე ენდობა, ყოფილი გამგებელი მამუკა ხაჩიძეა. მათ ურთიერთობაზე ადრეც ვისაუბრეთ. რამდენიმე წინადადებით ისევ შეგახსენებთ, იმიტომ რომ ამ ურთიერთობიდან ძალიან საინტერესო მოცემულობა იკვეთება: მამუკა ხაჩიძე არის „სუსის“ ყოფილი ხელმძღვანელი და, აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ იარაღი ხაშურის რაიონში. ვალერი გელაშვილი იყო „ოცნების“ კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ებრძოდა „ნაციონალებს“ და უნდა ჩაენაცვლებინა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი. რა აქვთ მათ  საერთო? ერთი შეხედვით, წესით, არც არაფერი, მაგრამ „ნაციონალების“ სურვილების უსიტყვო შემსრულებელი ხაჩიძე სწორედ ვალერი გელაშვილის წყალობით გვევლინება ხაშურის გამგებლად.

რამდენიმე სიტყვით ისევ გავიმეორებ მამუკა ხაჩიძის ბიოგრაფიის საკვანძო დეტალებს: „ნაციონალების“ დროს იყო „სოდის“ თანამშრომელი. ხაშურლები ამბობენ, რომ  არაერთ გახმაურებულ საქმეში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, აქციების დაშლაშიც. ამის მიუხედავად, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, დაინიშნა ხაშური-ქარელის „სუსის“ უფროსად. ამ პერიოდში შეემთხვა ავტოავარია, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შემდეგ ვალერი გელაშვილმა წამოიყვანა და ხაშურის გამგებლად დასვა. მოკლედ, იმდენად დიდია მათ შორის კავშირი, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრმა „ოცნების“ კანდიდატი გია გურასპაშვილი წარუდგინა ხაშურლებს, ვალერი გელაშვილი ღარიბაშვილსაც არ მოერიდა და სახალხოდ  დაემუქრა კიდეც: ექვს თვეში ხაშურში გურასპაშვილის ბუნდღაც არ იქნებაო!!! საინტერესო ის არის, რომ მუდამ ფრთხილმა გელაშვილმა ასე ღიად რატომ  გადაუგდო თეთრი ხელთათმანი და დუელში გამოიწვია, თანაც ვინ – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი? მოკლედ, გელაშვილი გურასპაშვილს ხაჩიძის გამო გადაეკიდა და ეს, ჯერ კიდევ, თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხდა. გურასპაშვილი დღეს გამგებელია. ვნახოთ, შეასრულებს თუ არა მუქარას გელაშვილი? მაგრამ საინტერესო ის არის, რომ უსამსახუროდ დარჩენილი მამუკა ხაჩიძე თავისთან მიჰყავს საპარლამენტო ბიუროში. თან ხმამაღლა ჰპირდება, თურმე, რომ მალე ისევ მას დააბრუნებს ხაშურის გამგებლად. ამბობენ, უერთმანეთოდ იმიტომ ვერ ძლებენ, რომ ხაჩიძის მამა და ვალერი გელაშვილი ძველი მეგობრები არიანო. თუმცა სხვა მოსაზრებებიც მოვისმინეთ ხაშურლებისგან – წინა წერილში უკვე გამოვთქვით აზრი, რომ შესაძლებელია ისინი ერთმანეთზე კომპრომატებს ფლობენ და აქედან გამომდინარეობს მათი უცნაური მეგობრობაც. შეიძლება ასეცაა, გამორიცხული რატომ უნდა იყოს რამე? ისიც შესაძლებელია, რომ მართლაც საარაკო მეგობრობა აქვთ. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია. ფაქტია, რომ ვალერი გელაშვილს არც პრემიერ-მინისტრი ანაღვლებს და არც ის, რომ ახლანდელი გამგებელი, რაც არ უნდა იყოს და როგორი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს, მაინც ხალხის რჩეულია და მაჟორიტარ დეპუტატს, წესით, მის გაგდება-გამოგდებას არც არავინ ეკითხება. წესებს კი, მოგეხსენებათ, ხაშურელი ალუდა არ დაგიდევთ და შედეგიც სახეზეა: ხალხსაც და პრემიერ-მინისტრსაც ერთდროულად იწვევს დუელში.

მოკლედ, ვალერი გელაშვილის  კეთილგანწყობას მხოლოდ რამდენიმე რჩეული იმსახურებს. დანარჩენი, ფაქტობრივად, თავიდან მოიშორა. როგორც მოგახსენეთ, ეს ბედი ეწია ირინა გელაშვილსაც. ხაშურის გამგებლის  მოადგილის თანამდებობიდან სურამის დეპუტატის სავარძელში გადაჯდომა მისთვის აშკარად დაქვეითებაა. არადა, მანამდე  ვალერი გელაშვილი სწორედ ირინას დახმარებით იშორებდა თანამებრძოლებს. ირინა გელაშვილზე ხაშურლები კიდევ ერთ ისტორიას იხსენებენ _ იგი „ოცნების“ აქტიურ თანამებრძოლებს დაჰპირდა, რომ ხაშურის მაშინდელ გამგებელთან, გოგი ბერაიასთან შევიდოდა და ეტყოდა, რომ გამგეობაში სამუშაოდ მათთვის  ხელშეკრულება გაეგრძელებინა. მართლაც შევიდა გამგებლის კაბინეტში, მაგრამ არც ერთ თანამშრომელზე საუბარიც კი არ ყოფილა. სხვა თავის ორ კადრზე სთხოვა ბერაიას – სამსახურში დამიტოვე, პირადად მე მჭირდებაო. იმასაც იხსენებენ, რომ  ერთ-ერთ აქტივისტს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში სახლში სტუმრად მიადგნენ ხაშურის მამალი „ნაციონალები“: როინ მახარობლიძე, ნიკა სახვაძე, ბაჩო ქიტიაშვილი, დავით ლომიძე და ნინო დოლიძე. სტუმარი ღვთისაა და სუფრა გაიშალა. ამ სუფრაზე შესთავაზეს  „ნაციონალებმა“ მასპინძელს, ჩვენ გვერდით იყავი და არაფერი მოგაკლდებაო, – მე ირინას ვერ ვუღალატებო, – იყო მასპინძლის პასუხი. არადა, ცდუნება დიდი გახლდათ! იცოდნენ, რომ აქტიური  პარტიული თანამშრომელი ბრძანდებოდა და პოპულარულიც. სთავაზობდნენ, – ოღონდ ჩვენთან გადმოდი და ხელის გულზე გატარებთო!.. მაგრამ არც პარტიულ პრინციპებს უღალატა და არც მეგობრულს. იმავე სუფრიდან დაურეკა ირინა გელაშვილს და შეატყობინა, რაც ხდებოდა… ასე ვერ გადაიბირეს „ნაციონალებმა“ და მერე, თავის მხრივ, როგორ შევიდა გამგებელ ბერაიასთან მის დასახმარებლად ირინა გელაშვილი, ამაზე უკვე მოგახსენეთ. სხვათა შორის, ხაშურლები ამბობენ, რომ ეს თამაშის რესპუბლიკური სტილია. რესპუბლიკელები ბევრნი არიან ხაშურის რაიონში და ყველას, ვალერი გელაშვილის ჩათვლით, მუშაობის ერთნაირი ხელწერა აქვს.

პრინციპში, პარტიულ წარმომავლობაზე შეიძლება ბევრი რამეცაა დამოკიდებული, მაგრამ ყველაზე მთავარი და გულსატკენი ის არის, რომ ადგილობრივების თქმით, აქაური მთავარი რესპუბლიკელის, ვალერი გელაშვილის თავკაცობით, ისე გააფუჭეს საქმე, რომ მის გამოსწორებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. ხალხზე აღარავინ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, სანამ გელაშვილი და მისი კლანი მართავს ყველაფერს, ასე იქნება.

თუმცა, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ხაშურში მდგომარეობა რადიკალურად იცვლება და აქედანვე ჩანს, რომ ეს ცვლილება გელაშვილის საკეთილდღეოდ არ იქნება. ჯერ ერთი, ახალ გამგებელ გია გურასპაშვილს პირველი დღიდან თვითონვე გამოუცხადა ომი და კიდეც დაუანონსა – ექვს თვეზე მეტი მაგ სკამზე ვერ იჯდებიო. მოკლედ, გურასპაშვილი მტრად გადაიკიდა თავის პროტეჟე ღარიბაშვილთან ერთად. ფიქრობენ, რომ გელაშვილი გამგებლის დაბალანსებას საკრებულოს საშუალებით გეგმავდა, სადაც თავისი ხალხის შეყვანას აპირებდა და ამ შემთხვევაში გურასპაშვილი მართლაც ბევრ პრობლემას შეუქმნიდა. სინამდვილეში კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან გელაშვილის კანდიდატები თანამდებობების გარეშე დარჩნენ. ხაშურლები გვწერენ, რომ ამ საქმეში ლომის წილი სწორედ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულ მასალებს მიუძღვის, რისი საშუალებითაც ხაშურლებმა თავიანთი დეპუტატის აქამდე უცნობი მხარეც კარგად გაიცნეს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვალერი გელაშვილი, ბოლო არჩევნების შემდეგ, მთლად ოფსაიდში დარჩა. საკრებულოს თავმჯდომარე გახდა პროფესორი ვაჟა შუბითიძე, რომელსაც, ხაშურლების თქმით, სუფთა წარსული აქვს და გელაშვილის საქმიანობასთან არაფერი აკავშირებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი, ასევე ხაშურლებისთვის პატივსაცემი პირი, გიორგი ცხადიაშვილია. მის მოადგილეობაში საინტერესო ის არის, რომ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრია. ადრე უკვე ვისაუბრეთ, რომ გადეპუტატების შემდეგ ვალერი გელაშვილმა ალასანიას ხალხი თავიდან მოიშორა და აიძულა ისინი, რომ რაიონი დაეტოვებინათ. არადა, საპირისპირო სურათი მიიღო – ხაშურის გამგეობა თუ საკრებულო, ანუ ადგილობრივი ხელისუფლება, მთლიანად ვალერი გელაშვილის მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან დაკომპლექტდა. ფაქტია, გელაშვილს კარგად აღარ აქვს საქმე. ღარიბაშვილს რომ ღიად ემუქრებოდა, მაშინ, ალბათ, არც ელოდა მოვლენათა ასეთ განვითარებას, თუმცა საოცარი ის არის, რატომ არ ელოდა? ეტყობა, საკუთარმა რესპუბლიკელობამ შეაცდინა, იფიქრა, პრემიერ-მინისტრთან ბრძოლაში პარტია გვერდით დამიდგებაო, მაგრამ დავით უსუფაშვილი ის კაცი არაა, კომპრომეტირებული ვალერი გელაშვილის გამო ბრძოლა კი არა, თუნდაც, უკმაყოფილება გამოთქვას ღარიბაშვილის მისამართით.

ერთი სიტყვით, ვალერი გელაშვილი ხაშურში მხარდამჭერების გარეშე რჩება. მისი ხალხი გამგეობებში – სამსახურების უფროსები – უკვე მოხსნეს, ან მოხსნის მოლოდინში არიან. ვალერი გიჟად არისო, – ამბობენ ხაშურლები. აბა, რა იქნება? – ერთგული ხალხის ერთი ნაწილი თვითონვე მოიცილა თავიდან, მეორე ნაწილს ახლები უხსნიან. ჰო, მართლა, ერთგულ ხალხზე გამახსენდა: რამდენიმე კვირის წინათ ვწერდით, რომ ქვიშხეთის საარჩევნო შტაბიდან „ოცნების“ თავმჯდომარემ, ვინმე მანანა ჩხეიძემ, დაგვირეკა და გინების კორიანტელი დააყენა. ეტყობა, ფიქრობდა, ამ საქციელისთვის ჩინ-მედლებს თუ არა, კარგ თანამდებობას მაინც გამოვკრავ ხელსო. ჩამთავრდა არჩევნებიც და გელაშვილმა ისევე სწრაფად დაივიწყა იგი, როგორც ბევრი მისი წინამორბედი. დღეს, თურმე, დადის და ამბობს: ეს რა მიქნეს, მომატყუეს და გადამაგდეს, არსად მნიშნავენ და ყურადღებასაც კი აღარ მაქცევენო. ისე, გულში რამე ცუდის ჩადება არ მიყვარს და, ყველაფრის მიუხედავად, ქალბატონ მანანას დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდით ხაშურის პროცესებზე. საინტერესოა, დღეს რა თვალით უყურებს ამ ყველაფერს? ისევ თუა გინების ხასიათზე, ოღონდ არა „ქრონიკა+“-ის, არამედ მაჟორიტარი დეპუტატის მისამართით?..

                                                                                                                                                                              გაგრძელება შემდეგ ნომერში

                                                                                                                                                                                                        დავით დევიძე