დავით ნატრიაშვილის კომფორტის ზონა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი დავით ნატრიაშვილი დაინიშნა“, _ ეს განცხადება პირველად 2016 წლის 28 მაისს გაჟღერდა. მას შემდეგ, დღემდე, ამ პოსტს ნატრიაშვილი იკავებს.

მასზე საკმაოდ ვრცელი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია, რადგან ის ან იმდენად პოპულარული პერსონა არაა, რომ მასზე ბევრი დაიწეროს, ან, უბრალოდ, ყველაფრისგან „სუფთაა“.

შსს-ს ინფორმაციით, დავით ნატრიაშვილს სამართალდამცველ სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი იყო: საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი; შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი; ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე; ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს უფროსის მოადგილე; კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

სხვადასხვა წლებში, ასევე, შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო იურიდიული პირის _ შპს „პერსპექტივის“ დირექტორი; შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი;

2015 წლის აგვისტოდან კი დავით ნატრიაშვილი შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა; უკვე 2016 წლის მაისში იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ინიშნება.

ნატრიაშვილი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მისი დეკლარაციის გაცნობის შემდეგ კი დარწმუნდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს დავითის ცხოვრებაში მეუღლე, რადგან წორედ მის, ნინო ნინუას სახელზეა გაფორმებული ყველა უძრავი ქონება. ნინუა მათი ქონების 100%-ის მფლობელია.

ე. ი. ნატრიაშვილი უძრავ ქონებას საერთოდ არ ფლობს, ან ფლობს და ისიც მეუღლის სახელზეა. არც შვილების სახელზეა გაფორმებული რომელიმე ზემოთ ხსენებული სახის ქონება.

2017 წლის 21 იანვრით დათარიღებული დეკლარაციის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მეუღლის სახელზე კი აღირიცხება შემდეგი სახის უძრავი ქონება:

1) მემკვიდრეობით მიღებული 122,60 კვ.მ.-ის ფართობის ბინა თბილისში, მცხეთის #8-ში;

2) მემკვიდრეობით მიღებული 248,75 კვ.მ.-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, დაბა კოჯორში, სოფ. დიდებაში;

3) მემკვიდრეობით მიღებული 33,88 კვ.მ.-ის ავტოფარეხი თბილისში, დაბა კოჯორში, სოფ. დიდებაში;

4) ისევ მემკვიდრეობით მიღებული 1500,00 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი თბილისში, დაბა კოჯორში, სოფ. დიდებაში;

5) ნასყიდობით, 70000,00 აშშ დოლარად შეძენილი 700,00 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში (შეძენის თარიღი არც ერთ ადგილზე არ კონკრეტდება).

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, აქ ნატრიაშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანა Rang Rover Sport  2006 so008os -ს, რომელიც ნასყიდობით 12000,00 აშშ დოლარად აქვს შეძენილი, შეძენის თარიღი კი დაკონკრეტებული არ არის.

დეკლარაციაში არსებული 11 გრაფიდან 5 საერთოდ ცარიელია. მაგალითად: მას, ან მისი ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს ფასიანი ქაღალდი.

გრაფაში: „საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლება გაქვთ თქვენ, თქვენი ოჯახის წევრს“ _ ვხედავთ, რომ თავად დავით ნატრიაშვილის სახელზეა საქართველოს ბანკის სახელფასო, ან შენატანის ოდენობა 500,00 ლარი (+) და „თი-ბი-სი ბანკის“ საკრედიტო ბარათზე 58 ლარი(+).

ცარიელია შემდეგი გრაფები:

„თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4000 ლარს“;

„საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში“;

„საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში (დაკავშირებული საწარმოები)“;

„თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს“.

ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დავით ნატრიაშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობისას, ხუთთვიან პერიოდში (01.01.2016-01.06.2016) 34410,00 ლარი აქვს მიღებული. მოგვიანებით კი, იმავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დანიშვნის შემდეგ (01.06.2016-31.12.2016), _ 65480,00  ლარი.

გრაფაში: „საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად)“, ვკითხულობთ, რომ  (15.12.2016, 20.12.2016-20.12.2016) დავითის სახელზე ფიქსირდება ნასყიდობა თბილისში, გამსახურდიას შესახვევი #4. ბ.51, 166,2 კვ.მ. 60000,00 აშშ დოლარი, საჯარო რეესტრი.    შემოსავლად კი ისევ 60000,00 აშშ დოლარია.

ასევე, ნატრიაშვილის სახელზეა 100000,00 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი „თი-ბი-სი ბანკში“ (20.12.2016, 29.12.2016-29.12.2026), საიდანაც მიღებული მატერიალური შედეგი არის 0,00 ლარი (გასავალი).

დაბოლოს, „ჩვენი გმირის“ სახელზეა ნასყიდობა, ავტომანქანის Porshe Kayenne; 2005; სო008ოს-ს გასხვისება, საიდანაც 9000,00 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

დეკლარაცია ამ ინფორმაციით სრულდება, მაგრამ წინ არის ის ადგილი, რომელიც ჩვენი დღევანდელი ინტერესის ობიექტის კომფორტის ზონას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მისი დათვალიერება ჩემი პირდაპირი ინტერესიც იყო და შაბათი დღის 15:00 საათის შემდეგ ვაკისკენ, კერძოდ კი მცხეთის ქუჩისკენ გავეშურე.

მცხეთის ქუჩა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მეუღლისთვის მემკვიდრეობით გადაცემული ბინის კორპუსია აღმართული, ცენტრალური, ჭავჭავაძის მეორე პარალელურ ქუჩას წარმოადგენს (პარალელური ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, იმდენად მაღლა-დაბლა იჭრება ქუჩა). სწორედ თბილისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის მოთავსებული მრგვალი ბაღის წინ მცხეთის ქუჩა იშლება. უბანი „სუფთა“, მოსეირნე ხალხით მოჭარბებული და პატრულის მანქანით „გაფორმებულია“ (როცა მე ვიყავი, მაშინ ასე იყო, ყოველ შემთხვევაში).

მცხეთის ქუჩის ნომერ 8-თან მისვლისას აღმოვაჩინე, რომ კორპუსს, რა თქმა უნდა, კოდიანი შესასვლელი იცავს, რომლის გაღებაც მხოლოდ მეზობლებთან გარედან „დაზარებით“ და მათი კეთილი ნებით შეიძლება. ვინაიდან ასე არ მოხდა, ამიტომ გადავწყვიტე, კორპუსის პირველ სართულზე და მის გვერდით გახსნილ მაღაზიებში შევსულიყავი და იქ მეკითხა ჩვენი დღევანდელი გმირის ამბავი.

მრგვალი ბაღიდან მცხეთის ქუჩას მარჯვნივ გავუყევი, გზად ხილ-ბოსტნეულის, სხვადასხვა წვრილმანისა და პროდუქტების მაღაზია გავიარე და სანამ დანიშნულ ადგილამდე მივიდოდი, ერთ-ერთ გამყიდველს სასხვათაშორისოდ ვკითხე, _ როგორი მდგომარეობაა ამ უბანში კრიმინოგენური თვალსაზრისით? უახლოეს წარსულში თუ გსმენიათ მსგავსი ფაქტი, ახალგაზრდების დაჭერა და ა.შ.-მეთქი? დაეჭვდა, ალმაცერად შემომხედა და მიპასუხა:

_ ადრე კი იყო, შვილო, მაგრამ ახლა, შედარებით, გამოსწორდა სიტუაცია, ახლა ჩვეულებრივი, მშვიდი უბანია.

მადლობის გადახდის შემდეგ გზა ისევ გავაგრძელე და ახლა შავი ტყავის ქურთუკში გამოწყობილ შუახნის კაცს ვკითხე იგივე, რომელიც დიდი მონდომებით ეწეოდა სიგარეტს. მან ასე მიპასუხა:

_ არა, რა დაჭერა, ან რაიმე მსგავსი? აღარ ხდება ეგეთები, ამას „რუსთავი 2-ზე“ ამბობენ მხოლოდ.

_ ანუ აქ არ ხდება მსგავსი რამე?

_ არა.

გაბრაზდა რაღაცაზე, ვერც კი მივხვდი, რატომ გაბრაზდა ასე ძალიან და გზა განვაგრძე.

წინ შავებში გამოწყობილი სამი ქალბატონი შემომხვდა მოზრდილი თაიგულით, ალბათ, სადღაც სამძიმარზე მიდიოდნენ, არ შევაწუხე. ისევ გზას განვაგრძობდი, სანამ ჩემს დანიშნულების ადგილზე არ მივედი.

მრავალსართულიანი კორპუსის კარი ხის და არც ისე ახალი იყო. კარზე ძველი სისტემის დასაზარებელი ღილაკები და ამ ღილაკებდამაგრებული დაფა იყო, ახალი მხოლოდ ოთხკუთხედი, ვერცხლისფერი მოწყობილობა გახლდათ, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა: „ნინუა, ნატრიაშვილი“. ვიდეოკამერაც ეყენა და გვერდით ზარის ხმის გამომცემი ღილაკი იყო.

რომელიღაც მეზობლის გამოსაძახებელ ღილაკს დავაჭირე, რადგან ზემოთ, ძველ დაფაზე, ძველი სისტემით განთავსებული გვარები იყო მოთავსებული, ამიტომ ვერც კი ვარჩევდი, ვისთან ვრეკდი ზარს. უცებ იმ მოწყობილობიდან გამცეს პასუხი, სადაც სწორედ ჩვენი გმირის გვარები იყო განთავსებული:

_ უკაცრავად, კარს გამიღებთ? _ ვკითხე ისე, რომ არც ვიცოდი, ვინ მიპასუხა.

_ ვისთანაც ხარ, იმან გაგიღოს, _ მიპასუხა და ხმა გაუჩინარდა.

მეორე ღილაკს მივაჭირე და ისევ იმ ხმამ მიპასუხა:

_ რა გინდა?

_ უკაცრავად, თქვენ გესაუბრეთ წეღან?

ხმა გაქრა. „ალბათ, საფრთხე იგრძნო“, _ ვიფიქრე და გვერდით მაღაზიაში შევედი.

ქალბატონი დახლის წინ დადგმულ ტახტზე იჯდა და მობილურზე საუბრობდა.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, მაინტერესებს, დავით ნატრიაშვილს თუ იცნობთ? როგორი მეზობელია?

_ გადასარევი, აი, ასეთი! _ ცერა თითი მაჩვენა, თან მობილურზე ვისაც ესაუბრებოდა, იმას გაუთიშა, _ კარგი, გენაცვალე, კარგადო, _ უთხრა და ისევ მე მომიბრუნდა. _ აბა, გისმენთ, რა გაინტერესებთ?

_ მაინტერსებს, როგორი მეზობელია და თქვენთან შემოდის თუ არა?

_ ძალიან კარგები არიან დათოც, მეუღლეც, მთელი ოჯახი, გადასარევი შვილები ჰყავს, თავმდაბალი, სალმიანი, კონტაქტური.

_ ამ უბანში რაიმე კრიმინალური საქმე, ან ვინმეს დაჭერა თუ გაგიგიათ?

_ არაფერი, სიწყნარეა აქ.

_ გმადლობთ.

იქიდან გამოვედი და გვერდით, ატელიეში შევედი, სადაც ერთი მკერავი იჯდა და ჩემს შემდეგ შავკაბიანი გოგონაც შემოვიდა.

_ გამარჯობა, დავით ნატრიაშვილს იცნობთ? გვერდით კორპუსში ცხოვრობს, მაინტერესებს, რამდენად სალმიანია და როგორი მეზობელია, საერთოდ, იცით?

_ ვაიმე, არ ვიცი, შვილო, _ მიპასუხა მკერავმა და ამ დროს შავკაბიანმა გოგონამ ისე შემომხედა, რომ მივხვდი, მას ეცოდინებოდა, რაღაც, საინტერესო.

_ შენც აქ ცხოვრობ?

_ დიახ.

_ იცნობ დავით ნატრიაშვილს? როგორი მეზობელია?

_ დავით, გვარი?

_ ნატრიაშვილი…

_ არა, არ ვიცი.

_ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია.

_ ააჰ, კი, ჩემთან ცხოვრობს, ჩემს სადარბაზოში, აი, ბოლოშია სულ.

_ კარის კოდი იცით?

_ კოდი არ სჭირდება, დარეკეთ და გაგიღებენ.

_ დავითი როგორი მეზობელია?

_ კარგი, სალმიანია.

_ გმადლობთ.

ახლა კიდევ ერთ, ტანსაცმლის პატარა მაღაზიაში შევედი, სადაც ახალგაზრდა ქალბატონი ელექტროღუმელთან ითბობდა ხელებს. მასაც იგივე ვკითხე და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო ბატონი დავითი.

_ უბანში როგორი კრიმინალური მდგომარეობაა, დაცულად გრძნობთ თავს აქ?

_ კი, ნორმალური მდგომარეობაა, სიმშვიდეა, რამე ისეთი არ გამიგია ჯერ.

აქედანაც წამოვედი. ისევ კარს მივაკითხე, იქნებ, ვინმეს გაეღო და შევიდე-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. კარის გაღების მორიგი მცდელობა კვლავ კრახით დამთავრდა: ღილაკებს რიგრიგობით ვაჭერდი, ნაწილი არ მუშაობდა, ნაწილი არ მპასუხობდა. იმავე ღილაკზე კი უკვე აღარ დავაჭირე და წამოვედი.

უკან სხვა გზით დავბრუნდი, ამჯერად მცხეთის ქუჩას ავუყევი მაღლა, გზად რამდენიმე ადამიანს ვკითხე ნატრიაშვილსა და კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, მაგრამ პასუხები, ძირითადად, იგივე იყო. გავიფიქრე, ეტყობა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თავის კომფორტის ზონას აკონტროლებს და იცავს-მეთქი (ეს მხოლოდ ჩემი ფიქრი იყო).

შემდეგ კიბეებით რადიანის ქუჩაზე ჩამოვედი, აქ ის დიდი, ვარდისფერი სახლი ვნახე და გამახსენდა, რომ რამდენიმე წლის წინათ სწორედ ამ ქუჩაზე და ამ სახლში ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე ჯერ ცოლი მოკლა და შემდეგ თავიც მოიკლა (ესეც მხოლოდ გამახსენდა და მორჩა).

ნატრიაშვილის „კონტროლირებადი“ კომფორტის ზონა ცენტრალურ ვაკეში, მრგვალ ბაღთან, სიმშვიდეში დავტოვე. ეტყობა, უბანი „საიმედო“ ხელშია.

 

ნინო ტაბაღუა