სოსო, მე მოგიყვები ამბავს…

„ჰეროინი“ საქართველოში ავღანეთიდან, შუა აზიის გავლით, ხვდება.

რაც შეეხება ასევე საქართველოში გავრცელებულ ნარკოტიკულ ნივთიერება „სუბუტექსს“, იგი, ძირითადად, ევროპიდან შემოდის. 2012 წლამდე, გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის შედეგად, ნარკომანებმა ადგილობრივი წარმოების ნარკოტიკების მოხმარება დაიწყეს. ეს არის სხვადასხვა სახის წამალი, რომელსაც ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში ნარკოტიკებით თრობის ეფექტი აქვს. უარეს შემთხვევაში: ნარკოდამოკიდებული მიდის აფთიაქში, ყიდულობს ლეგალურ წამლებს, ურევს ერთმანეთში და იღებს ამ საშინელებას. ეს თრობის ეფექტს აძლევს, მაგრამ ადამიანს 2-3 თვეში კლავს. იმის გამო, რომ სხვა ნარკოტიკები ძვირია, უმეტესობა მსგავს საშუალებებზე გადავიდა. შერეული აბების მომხმარებლის ამოცნობა ადვილია: მას არეული აქვს მოძრაობა, წაშლილი აქვს სახე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პირად საუბრებში აცხადებენ, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება საქართველოში, ძირითადად, სარფის საბაჟოდან და წითელი ხიდიდან შემოდის, რომელიც შემდეგ გადამყიდველების ხელში ხვდება.

მსოფლიოში ნარკოტიკების გადატანა ყველაზე განვითარებული უკანონო ბიზნესია. ეს სტრუქტურა იმდენად ეფექტიანად მოქმედებს, რომ მას არა მარტო ერთი ტრასა, არამედ რამდენიმე აქვს, მათ შორის, სარეზერვო ტრასებიც. შს სამინისტრო ამ ბიზნესს ვერ უმკლავდება. საამაყო ნამდვილად არაფერი აქვს. ის, რომ ჩვენ გვყავს კარგი შსს, ეს არის ბლეფი. სავარაუდოდ, ნარკოტიკები სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გავლით რუსეთიდანაც შემოდის და, ასევე, შეიძლება, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გავლით გადიოდეს.

ე. ი. საქართველოში ნარკოტიკი ყველა მხრიდან შემოდის _ საქართველო არის „პრახადნოი დვორი“ _ საიდანაც არ ეზარებათ, იქიდან შემოაქვთ და საიდანაც არ ეზარებათ, იქიდან გააქვთ.

და თუ მართალი არ ვართ, მაშინ ჩნდება ბუნებრივი კითხვა: გვაჩვენონ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან დაკავებული ნარკომანები, ან ნარკოდილერები. ასეთი ბუნებაში არ არსებობს.

_ საზღვრებზე უკონტროლო სიტუაციაა და ვისაც რა უნდა, ის შემოაქვს. ეს პრობლემაა. პრაქტიკულად, არ არსებობს ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება და საზღვარზე გაჩერება, რაც, თავისთავად, იმაზე მეტყველებს, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მერე ამოიღება, ქალაქში ან საცხოვრებელ ადგილებში თავისუფლად მიდის.

მესაზღვრეებისა და ძალოვანი სტრუქტურის პრობლემაა, როცა ნარკოტიკს საზღვარზე ატანენ. ორივე შემთხვევაში ძალოვანი სტრუქტურაა დამნაშავე, _ ან უნიათონი არიან და ვითარებას ვერ აკონტროლებენ და ნარკომაფია უფრო ძლიერია, ან შეკრულები და კორუმპირებულები არიან. არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში ეს ფაქტი კარგად არ ახასიათებს მესაზღვრეებსა და იმ სამსახურებს, რომლებიც ნარკოტიკების შემოტანას საზღვარზე უნდა ებრძოდნენ.

თანამედროვე შსს-ს ორი მიმართულება აქვს ამორჩეული:

  1. არასასურველი მოქალაქისთვის ნარკოტიკის ჩადება;
  2. გამოჭერილი აქვთ აზერბაიჯანული სოფელი ფონიჭალა, როცა არ ეზარებათ, დაადგებიან და ამ ნარკოტიკებს ამოიღებენ, რომელიც იქ არის.

იქამდე როგორ მიდის ეს ნარკოტიკი? აშკარად არ ჩანს…

 

ძაღლის თავი

 

ძაღლის თავი დამარხულია არა მარტო ჩადების ტექნოლოგიაში, არამედ ტრანზიტის გაშიფვრაში. თუ შინაგან საქმეთა სამმართველოები სისტემატურად ახდენენ ნარკოტიკების ამოღებას ამა თუ იმ პირებისგან, სადაც ოპერატიული ინფორმაციის საუძველზე მიდიან და არასდროს არ ჩანს დაუდგენელ ვითარებაში დაუდგენელი პირის ვინაობა, ვინც ნარკოტიკი გაყიდა, ე. ი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სძინავს. ჩვენთვის უცნობია საქართველოში ნარკორეალიზატორების დაჭერის ფაქტები, არ ვიცნობთ ნარკოტრანზიტში მომუშავე ადამიანებს, მხოლოდ ვხედავთ, რომ საქართველოში ადამიანებს მოწმენდილ ცაზე იჭერენ, ნარკოტიკს უდებენ და პასუხსაც ვერ ვიღებთ, საიდან ეს ნარკოტიკი?!

ბლეფი და ილუზიაა ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ იცის, ვის შემოაქვს საქართველოში აკრძალული ნივთიერება…

 

ვთანამშრომლობ!

 

გამარჯობა, სოსო! მე მოგიყვები ამბავს, როგორ გადის თელავის ერთ-ერთ არაქართულ სოფელ ყარაჯალიდან ნარკოტიკი და არა მარტო ის…

ჩვენ შორის განსხვავება ხომ იცი?! შენ აგენტები გყავს და მათ მოტანილ ამბავს ინახავ, მე წყაროები მყავს და ქვეყანას მოვდებ ხოლმე ამბავს…

_ ყარაჯალა პატარა ბომბია, სოფელს უსერიოზულესი პრობლემები აქვს!

  1. სოფელში 60% ვაჰაბისტია, ძალიან ბევრი ახალგაზრდა სირიაში მიდის საბრძოლველად და მთავარი _ მათი გასვლა არსად ჩანს;
  2. სოფელში სერიოზული ფული და საბრძოლო ტექნიკაა!

_ საიდან?

_ ეგ სუს-მა გაარკვიოს…

  1. სოფელში ნარკოტიკული ნივთიერება ბევრია. ნარკოტიკები აღარც კაბალშია, აღარც პანკისში, ისინი გზისპირა რაიონები და სასაზღვრო სოფლებია. აქ სხვა სურათია. ტრასიდან მოშორებულ სოფელში შემოსვლა ყველას უჭირს _ ძალოვანსაც და რიგითსაც… თუმცა ამის გარდა სოფელში არის კიდევ ერთი, სასტუმროები, სადაც არასრულწლოვან გოგონებს უწევთ სექსუალური მუშაობა, ზოგსაც სრულწლოვანს, თუმცა ამაზე არავინ არც ფიქრობს, არც მსჯელობს და არც ლაპარაკობს…

_ თუ იცის ეს სახელმწიფო უსაფრთხოებამ?

_ იცის, როგორ არ იცის?! როცა სოფლიდან ნარკოტიკი გააქვთ და ვიღაცას ყიდიან, რა, ეს სუს-მა არ იცის? რა თქმა უნდა, _ იცის? ვინ არის დილერი, ვინმეს გამოეპარება? რა თქმა უნდა, _ არა.

_ რას უნდა დავაბრალოთ ეს ყველაფერი?!

_ სახელმწიფოს არ აწყობს, რომ დილერი, რომელსაც ნარკოტიკები შემოაქვს, მისი ვინაობა გაასაჯაროოს. სახელმწიფოს აწყობს, რომ მასთან „ითანამშრომლოს“ და ასეთი ფორმით შეძლოს ხალხის მართვა, ფულის შოვნა, მათთვის სასურველი პირების დაჭერა…

 

  1. S. და, აი, სოსო!.. ღიად გეთანამშრომლე! მე ვიცი, რომ თუ ამ პრობლემის აღმოფხვრა დაიწყება, მეორე მხარე სუს-ზე კომპრომატების გამოქვეყნებას და მოყოლას არ დააყოვნებს. ჯერ მხოლოდ ჩემი წყაროს მიერ მოწვდილი ინფორმაცია მოვყევი, მომავალში სუს-ის იმ თანამშრომელთა გვარ-სახელებს გაგისაჯაროებ, რომლებიც უშუალოდ ყარაჯალაში ამ თემაზე მუშაობენ, ოღონდ არა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესით, არამედ _ საკუთარით!

 

მაკა მოსიაშვილი