ლალი ანთია: „ტენდერებს ვინ დაეძებს, ფოთიდან გუბერნატორ ლევან შონიას გარეშე 20 კგ თევზს ვერ შემოიტანს ვერავინ“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ დამფუძნებელი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ოდიშის ყოფილი გამგებელი, ლალი ანთია, „ქრონიკა+“-თან სამეგრელოში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ისევ ამხელს.

ლალი ანთია იმასაც ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აზრით, „ტენდერიჭამია“ გუბერნატორსა და სენაკის გამგებელს ხელისუფლების ვერტიკალში მფარველობენ, თუმცა, დაზუსტებამდე, დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

სამაგიეროდ, მისი თქმით, კონკრეტულად მოიძია ზუგდიდის, სენაკისა და წალენჯიხის ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებული კორუფციის ფაქტები, რაც, ძირითადად, მრავალმილიონიანი ტენდერების ჩატარებას და მასში გამარჯვებისთვის სხვადასხვა კომპანიისგან ფულის წინასწარ აღებას უკავშირდება.

ლალი ანთია ზუგდიდში დღემდე აქტუალურ შემთხვევასაც იხსენებს, როცა კომპანიამ ტენდერი მოიგო, მუშები 4.500 კვ.მ.-ის ფართობზე, ქალაქში ქვაფენილის დაგებაზე ამუშავა, თანხა კი სრულად არ გადაუხადა.

ლალი ანთიას თქმით, ეს შემთხვევა ჯაჭვური რეაქციის გამომწვევი აღმოჩნდა და უამრავი ადამიანი დააზარალა: მუშები ქუჩაში სიცივეში მუშაობდნენ, მათ უკან კი ოჯახები დგანან. ქვეკონტრაქტორი კომპანიის მფლობელმა, რომელიც მუშებს ამუშავებდა, ტენდერში გასამარჯვებლად 80.000 ლარი გადაიხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც გამარჯვებულმა კომპანიამ ფული არ გადაურიცხა, უამრავი ვალი დაედო, ქვეკონტრაქტორმა კი თვითმკვლელობა სცადა სენაკის რაიონის სოფელ მენჯის ტყეში, სადაც ცოლმა სრულიად შემთხვევით მიუსწრო მაშინ, როცა ხეზე თავის ჩამოხრჩობას აპირებდა.

ლალი ანთიას თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამ პირს დავალიანების გადარიცხული ნაწილის ასაღებად ქუთაისში მოუწია ჩასვლა, ბანკში ფული აიღო, მაგრამ გზაზე დააყაჩაღეს, რამდენიმე ათეულ ათასი ლარი წაართვეს და 50 ლარი მიუგდეს, რომ სახლში ტაქსით წასულიყო.

„და ეს ხდება მაშინ, როცა ზუგდიდსა და, მთლიანად, სამეგრელოში, გუბერნატორი ლევან შონია ყველა ტენდერის წილშია“, _ აცხადებს ლალი ანთია.

 

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, რა კონკრეტული სამხილები აქვს ლალი ანთიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის წინააღმდეგ და რის საფუძველზე ადანაშაულებს მას კორუფციაში?

 

ლალი ანთია:

_ თქვენ იცით, მე ლევან შონიას მივმართე და პირადად ვთხოვე შეხვედრა, ოღონდ ისე, რომ იქ ყოფილიყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებიც ახლა ზოგიერთ რაიონში გამგებლები არიან და იციან, რა გამიკეთებია ამ ხელისუფლებისთვის. იციან, როგორ გავრისკე 2012 წელს, როგორ დავხვდი „ოცნებას“ სამეგრელოში მაშინ, როცა ძალიან ძნელი იყო ამის გაკეთება. სხვათა შორის, იმ დროს მე აქ ლევან შონია არ მინახავს…

ლევან შონიას დროც მივეცი, ვთხოვე, შემხვედროდა ზუგდიდის რეგიონის სუს-ის უფროსთან ერთად, გამგებლებთან ერთად, თუ მოისურვებდა, რეგიონის 8 რაიონის გამგებელთან ერთად, ყველას ვიცნობ, მათი წარსულიც ვიცი. მინდოდა, ამ გამგებლებსაც სცოდნოდათ, რატომ ვებრძვი ლევან შონიას, მაგრამ შეხვედრას არ დასთანხმდა, არც მარტო შემხვდა. მზად ვიყავი, შევხვედროდი და ყველა დეტალზე მესაუბრა, რაც, შეიძლება, თვითონ არ ახსოვს, მაგრამ მე მეხსიერება არ მღალატობს.

2012 წელს რომ ლევან შონია სამხარეო პოლიციის უფროსი გახდა, არ გამხარებია, მაგრამ გვერდით დავუდექი. მერე გუბერნატორად მოგვევლინა. როცა გუბერნატორი გახდა, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ვინც „ოცნებაში“ იყო და ვინც „ოცნებისთვის“ თავი გაწირა, შონიას მოსვლის შემდეგ ყველა წიხლით გააგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

_ ე. ი. ლევან შონია „ქართულ ოცნებას“ ემტერება?

_ ფაქტებს გეტყვით და თავად განსაჯეთ: 12 კაცი ვიყავით, ვინც ზუგდიდში „ოცნება“ დავაფუძნეთ და სოფლებში „ნაცმოძრაობის“ ზონდერებისგან თავს ვიცავდით, სად იყო ამ დროს შონია? გუბერნატორების შემდეგ ეს ხალხი გაყარა. იმათ მხარეს გადავიდა, ვინც იარაღი გადამალა, გვირაბი გათხარა. ეს ხალხი შონიამ დაასაქმა, _ იმ 90-იანი წლების ყაჩაღები და კრიმინალები მოიყვანა ყველა, ვინც „ნაციონალებმაც“ კი გაყარეს.

არ დამთავრდა მისი დეიდაშვილი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი! ამას ყოველთვის ვაპროტესტებდი. პირშიც ვუთხარი თავისი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც სჩადიოდა, მაგრამ ის ღარიბაშვილის ზურგით აკეთებდა ამ ყველაფერს.

ყველა იტყვის, ვინ მოიყვანა, ვინ დანიშნა და დღესაც ვინ უმაგრებს ზურგს. ლევან შონიამ, ფაქტობრივად, ზუგდიდში „ოცნება“ დაამარცხა. მიშაც რომ არ დაინდეს, ისეთი მოღალატე „ნაციონალები“ მოიყვანა, ისინი, რომლებიც 2008-2009 წლებში მიშამ გამოიჭირა და გაყარა… აი, ისინი არიან ახლა შონიას გვერდით, ისეთი დანაშაულებები რომ ჰქონდათ ჩადენილი, ნათესავის დასაფლავებაზეც ვერ ჩამოდიოდნენ ზუგდიდში. ამას ვეუბნებოდი შონიას და ვაკრიტიკებდი, თორემ სხვა დაპირისპირება კი არ გვქონია.

_ თქვენ როდის მერე აგითვალწუნათ?

_ როცა სიმართლის პირში თქმა დავუწყე. 2014 წლის 10 ნოემბერს შონიამ ჩემი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ სამხარეო პოლიციის უფროსი ბესელია იყო, რომელსაც მერე დააბრალა, რომ მან მოგიწყოო, ვითომ 5 თვე იყო დარჩენილი გადავადების, ეს დადო საბაბად, იმიტომ, რომ მომიშორა, რადგან ისეთი ხალხი მოიყვანა საკრებულოში, ისე დააკომპლექტეს ზუგდიდი _ ჩემს მტერს!..

თვითონ შონიამ დამიბარა, მოდიო. იქ 5-6 პოლიციელი ისე დამესხა თავს და დამაკავა, მეგის ქარდავას არ დაიჭერდნენ ეგრე, როგორც მე დამიჭირეს.

დავამთავრე ის ხუთი თვე, ჩამოვედი, მერე მილების ამბები ამიგორეს (ზუგდიდის რაიონის რამდენიმე სოფლიდან, ძირითადად, რუხიდან, სასმელი წყლის მილების მიწიდან ამოთხრისა და ჯართად ჩაბარების საქმე, _ ავტ.), რომ მოვეშორებინე, მაგრამ გავმართლდი. ისეთი ზეწოლის ქვეშ მუშაობდა სასამართლოც და პროკურატურაც, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ სამართლიანი ადამიანები მაინც არსებობენ…

მოკლედ, მილებთან დაკავშირებით გამამართლეს. არაფერში ვარ გარეული, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი არასამთავრობოთი ვიღაცამ ისარგებლა. არ მალაპარაკოს ლევან შონიამ, რაში იყო გარეული, ისეთი ხალხის სახელებსა და გვარებს დავასახელებ, ცამ ქუხილი დაიწყოს _ პარლამენტარს, პოლიციაშიც რომ ზის, გუბერნიის თანამშრომელს, თუ საკრებულოს წევრს!..

მაშინ სამხარეო პოლიციის უფროსი თვითონ შონია იყო და დღისით-მზისით რომ გადიოდა ეს მილები, თურმე, საკუთარი თვალით უყურებდა, მაშინ კი არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, მაგრამ ახლა რადგან შონია ეჭვით უყურებს ჩემს გამართლებას, არ მალაპარაკოს, ხელისუფლებას პირობას ვაძლევ, რომ მე ამ მილებზე დიდ პოლიტიკას ავაგებ. ამ მილებზე სამეგრელოში ისეთი ამბავი აგორდება, რომ 41 შემოხაზულ არც ერთ ბიულეტენს არ ჩააგდებენ სამეგრელოში, არც ყულიშკარი, არც რიყე (ზუგდიდის რაიონის სოფლები, _ ავტ.)… ისეთ რაღაცას ვიტყვი, პროკურორი ვერ გამოიძიებს, ისე მაქვს გამოძიებული.

_ კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

_ ჯერ ბოლომდე დავაზუსტებ ყველაფერს, ნებართვაც უნდა ავიღო, ციხეში ვინც ზის, ორი უდანაშაულო ბიჭი, იმათ ოჯახში უნდა მივიდე. იმდენი ხანია ლაპარაკია ამ საქმეში ჩემს მონაწილეობაზე, რომ ასაკის გამო 4-5 მოწმე უკვე გარდაიცვალა… ანუ ვისაც ეუბნებოდნენ, ანთიას დაადექით პირზეო, იქიდან 4-5 კაცი გარდაცვლილია…

სხვათა შორის, ამ საქმეში, ლევან შონიას გარდა, სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი ბესელიაც მონაწილეობდა. ყველაფერს ვიტყვი, ვინ, სად, რანაირი მანქანებით წაიღეს ეს მილები, ვინ იყო გარეული _ ძველი თუ ახალი. საარჩევნოდ კი არა, ამას მალე ვიზამ, რომ არჩევნებამდე გაჩვენოთ სრული ინფორმაცია, სად მივიდა ეს წილები, ვინ ისარგებლა ამით და როგორ…

_ თქვენს ბრალდებებში გუბერნატორის მიმართ ტენდერებთან დაკავშირებული გარიგებებიც შედიოდა…

_ რაც შეეხება ტენდერებს, ლევან შონია პირდაპირ არის გარეული ტენდერებსა და კონტრაბანდაში. შონია მფარველობს გოჩა დგებუაძეს (სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი, _ ავტ.) _ კონტრაბანდისტს. ეს გოჩა „ნაცების“ ხელისუფლების დროს კონტროლის პალატაში მუშაობდა, დღემდე მფარველობს „ნაცმოძრაობას“, ტენდერებსა და კონტრაბანდაშია ბოლომდე გათქვეფილი.

ასევე, დემურ გადელიაც (სენაკელი ბიზნესმენი, იმ კომპანიის მფლობელი, რომელიც სენაკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს, _ ავტ.). ეს გადელია „მოქკავშირიდან“ მოდის.

იქაურებმა მითხრეს, სენაკი ცალკე სახელმწიფოაო, ტენდერებში თუ რამე ბიზნესი არსებობს (მარტვილის ხე-ტყე), გოროზია არაფერს აკეთებდა ისეთს, რასაც შონია გვიკეთებსო. ტენდერებს მფარველობს სუს-იც და თვითონ იქიდან გამოსული სიტყვებია ეს…

დგებუაძე გადელიას მეგობარია, ჯერ კიდევ, გურამ მისაბიშვილს მოუყვანია, მაგრამ მერე შონიამ „აახია“…

გოჩა დგებუაძე ისეთებს აკეთებს სენაკში, გაგიკვირდებათ: მაგალითად,  თეატრის წინ გაშენებული ხეები ამოთხარა და თავისი სახლის წინ გადარგო, მერე საკრებულოში ერთი ამბავი ატყდა და ისევ უკან მოაბრუნებინეს.

დგებუაძე თავად ამბობს, რომ რა დანაშაულიც უნდა ჩავიდინო, სანამ შონია იქნება, ხელს ვერავინ დამადებსო _ კარგად არიან შეხმატკბილებულები ფულთან დაკავშირებით. იმასაც ამბობენ, რომ დგებუაძემ „ოცნების“ ოფისში ვიღაცას 40 ათასი მისცა, რომ გამგებლად დანიშნულიყო.

რაც შეეხება გადელიას, მან შპს შექმნა და ყოველ მეოთხე თვეს მილიონიან ტენდერებს იგებს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვერავინ საუბრობს, რადგან სენაკელები ამბობენ, რომ აშინებენ.

იქ ყოფნის დროს მე წავედი ლეძაძამეში (სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელი, _ ავტ.), 3-4 თვის წინ აგებულ გზებზე ორმოებია, ვინ წაიღო ეს ფული უხარისხო გზების დაგებით? რა უნდა იმის მიხვედრას, რომ იმდენი აღარ იქნება შემოსავალი და წილები ვერ გადანაწილდება, ამიტომ უხარისხოდ აგებენ? 4-5 თვეში ერთხელ ხელახლა კეთდება გზები და გადელია ამ ტენდერებს იგებს. თქვენ წარმოიდგინეთ, შიდა მოხრეშვებისთვისაც აქვს გადელიას კიდევ ცალკე გახსნილი შპს…

ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ, როცა ხალხს ლუკმაპური არ აქვს. ამ დროს გადელია, შონია და დგებუაძე მილიონებს ეთამაშებიან, გადელიას „ტენდერიჭამიას“ ეძახიან სენაკელები. 2014 წლიდან, როგორც კი საკრებულოს თვითმმართველობა ცალკე წავიდა, იმის მერე ხდება ისიც, რომ ტენდერები დამთავრებულია, მაგრამ მუშებისთვის ფული არ მიუციათ.

ყინვაში მუშაობდა ხალხი და დღემდე გაუცემელია ფული _ ამაშიც ლევან შონიას ხელი ურევია. მის თვალწინ იყო მუშების მიტინგი და თავის რეზიდენციაში ელოდებიან მუშები თითქმის ყოველ კვირას, სესხები აქვს აღებული ამ ხალხს და ბანკები სახლებში უვარდებათ.

პრემიერმა რომ გამგებლები გააფრთხილა, მუშებს ხელფასები გადაუხადონ, გამგებლებს ტენდერებზე წვდომა არ აქვთ?

10 დღეში ერთხელ რომ უცვლიან სოფლის გამგებლები გზებს ტენდერებში წილების განაწილების მიზნით, შონია კი ამაზე ხმას არ იღებს, ფაქტია, ისიც არის გარეული და ზემოდანაც მფარველობენ. მუშები შიმშილობდნენ კიდეც, მაგრამ ძველი ბიჭები უვარდებოდნენ და აშინებდნენ, როცა თავიანთი ნამუშევარი მოითხოვეს.

ამას გარდა, ლევან შონიას „დამსახურებაა“, საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტური რომ დასჭირდა „ოცნებას“. ის კი არა, მესამე რომ არ დასჭირდათ, ეგაა გასაკვირი…

სენაკში ძალიან რთულადაა საქმე, იქ „ოცნების“ თავმჯდომარე არის კახა რუსია, რომელიც გუბერნატორის მოადგილეცაა, მაგრამ შონია ახლოს არ იკარებს, იმიტომ რომ შონია „ოცნების“ მხარდამჭერი საერთოდ არ არის, ის მხოლოდ ღარიბაშვილის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა. ლევან შონიას „ბეემვე იქს 5“ უყიდეს, გადელიამ აყიდინა. მერე ეს მანქანა გააყიდინეს, ფული ლევან შონიას მისცეს და მის ცოლს სხვა მანქანა უყიდეს.

ამ გადელიამ შარშან თავის რვა თუ ცხრა ოჯახის წევრი წაიყვანა ანტალიაში, სწორედ იმ ტენდერებიდან მოტეხილი ფულით, ხალხის ფულით…

სენაკში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შონია სულ იქაა _ სენაკსა და მარტვილში, რადგან იქ დიდი ფულია, იქ დევს ტენდერები, ზუგდიდში მტრედი ვერ გადაიფრენს შონიას გარეშე, რადგან იგი ყველფერს აკონტროლებს…

ტენდერებს ვინ დაეძებს, ფოთიდან გლეხი 20 კილო თევზს ვერ შემოიტანს ბაზარში, ლევან შონიამ რომ არ იცოდეს…

ლევან შონია კახი კალაძესაც ვერ იტანს. მე ფულს მიხდიდა, რომ ორმოცი ქალისგან ჯგუფი შემექმნა და კახი ზუგდიდში არ შემომეშვა, მაგრამ მაგას კალაძეს ვერ ვაკადრებდი…

მოკლედ რომ გითხრათ, ზუგდიდში ხალხი გაწამებულია და, როგორც ნახეთ, არა მარტო ზუგდიდში… ხალხს გული აუცრუვდა ამ ხელისუფლებაზე და ასე ამბობს, ეს ერთი კორუმპირებული გუბერნატორი როგორ ვერ მოგვაშორა თავიდან ამ ხელისუფლებამო?!.

 

ლაშა ბერულავა