ზაზა ხატიაშვილი: „ეს არის ივანიშვილის სპეცოპერაცია „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ!“

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი, „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ მას, ჯერ კიდევ, გასული წლის სექტემბერში ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მასობრივად დაიწყებოდა ნარკოტიკების ჩადება. ხატიაშვილმა პრემიერ-მინისტრს წერილიც კი მისწერა და აცნობა, რომ თუ გიორგი მღებრიშვილი კვლავ შს მინისტრის პოსტს დაიკავებდა, პოლიციაში ძალიან ბინძური პროცესები დაიწყებოდა და ხელისუფლება ჩამოიშლებოდა. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიმართვა არავის გაუთვალისწინებია და როგორც ხატიაშვილი ამბობს, დღეს ქვეყანაში ის პროცესები მიდის, რომელზედაც ის, ჯერ კიდევ, სექტემბერში საუბრობდა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ზაზა ხატიაშვილი:

_ ოქტომბერში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით ამ მახინჯი კანონმდებლობის გამო პარლამენტში ადგილები მიითვისა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მივწერე, რომელსაც ივანიშვილის მოურავს ვეძახი და ვუთხარი, რომ გიორგი მღებრიშვილი არ შეიძლება ყოფილიყო შს მინისტრი იმიტომ, რომ პოლიციაში დაიწყებოდა ძალიან ბინძური პროცესები და ეს ხელისუფლება ჩამოიშლებოდა. მივწერე იმიტომ, რომ ადვოკატები მეუბნებოდნენ, დაიწყო ნარკოტიკების ჩადება, ისევე, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო. ეს ინფორმაცია უკვე სექტემბერში მქონდა ადვოკატებისგან. პოლიციის დაწესებულებებში მასობრივი ცემა დაიწყო, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო ვანო მერაბიშვილის დროს. ავდექი და მივწერე, რომ მინისტრად არ წარედგინათ მღებრიშვილი. მღებრიშვილზე და წულუკიანზე მქონდა საუბარი და ვწერდი, რომ მათი წარდგენა არ შეიძლებოდა. წულუკიანზე საუბარს თავს დავანებებ და მხოლოდ ერთს ვიტყვი: განცხადებაში მეწერა, _ მისი წარდგენა არ შეიძლება, სირცხვილს გვაჭმევს-მეთქი. ევა გოცირიძე წარადგინეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად და მას უჭერდნენ მხარს. თავიდანვე ეს ყველაფერი ნათელი იყო და ევა გოცირიძის კანდიდატურა ჩავარდა, სექტემბერში განცხადება გავაკეთე, რომ გოცირიძის კანდიდატურა ჩავარდა-მეთქი. წულუკიანმა საპასუხო განცხადება გააკეთა, ერთი კვირა პარიზში ბრძანდებოდა და ხატიაშვილი ცრუობსო. თებერვალში, როდესაც თქვეს, კანდიდატურა ჩავარდაო, ბოდიში კი არ მოიხადა, ახლა ის თქვა, _ ხატიაშვილი სურათებით დარბოდა და ამიტომ ჩავარდაო. სექტემბერში ვთქვი, რომ ჩავარდა-მეთქი და წულუკიანს უთხრეს, სია შეეცვალათ. მე ასეთი ინფორმაცია მქონდა, არ გააკეთეს იმიტომ, რომ ფეოდალმა თქვა უარი. მერე გამოიყვანეს უმრავლესობის ლიდერები, ჟურნალისტები ეუბნებიან, ხატიაშვილი ამბობს, მინისტრებად მღებრიშვილისა და წულუკიანის დანიშვნა არ შეიძლებაო, პასუხობდნენ, _ მაგას ხატიაშვილი ამბობს, ჩვენ ხომ არა, უმრავლესობა ჩვენ ვართ და მიგვაჩნია, რომ კარგი მინისტრები არიანო. აგვისტოში თუ იყო ძალადობა, ცემა, ნარკოტიკების ჩადება ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებიც, ძირითადად, ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, ხელისუფლებაზე წინასაარჩევნოდ მიყიდულები არ იყვნენ, გამოჩნდა ის, რომ ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვინაიდან მათ არანაირი ეკონომიკური პროგრამა არ ჰქონიათ და პირველად ვნახე ხელისუფლება, რომელსაც ეკონომიკური პლატფორმა ჰქონდა და არა _ პროგრამა, ხელისუფლებაში მოდის საკონსტიტუციო უმრავლესობით. ამიტომ მათ სულელური დაპირებები გასცეს და ამბობდნენ, ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა იმიტომ გვჭირდება, რომ დაპირებები შეგისრულოთო. ხალხსაც ეგონა, ივანიშვილი ოთხი წელი კი გვატყუებდა, მაგრამ მეორე ოთხი წელი, ეტყობა, ფიქრობს, რომ საქართველოს ისტორიაში წესიერი ადამიანის სახელით შევიდესო. თქვენ გახსოვთ, მოქალაქე ივანიშვილი დარბოდა და თვითონ ატარებდა საარჩევნო კამპანიას. ჩვენ ვიცოდით, რომ ივანიშვილი არაფრის შემსრულებელი არ იყო და პარტია, რომელსაც საარჩევნო პროგრამა არ ჰქონდა, ქვეყანას ჩიხში შეიყვანდა. ამას ვხვდებოდით, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჯერა ივანიშვილს. ორი თვე გავიდა, ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელსაც კვირიკაშვილი ხალხს ჰპირდებოდა, არსად ჩანს და სამოქალაქო საზოგადოების ძალიან ბევრმა სახემ პროტესტი გამოთქვა, მათ შორის, მინდა აღვნიშნო, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ქალბატონი, ელისო კილაძე, რომელიც ძალიან მკაცრ განცხადებებს აკეთებდა და გაზეთში ბეჭდავდა. ელისო კილაძის შვილის კი არა, მისი დაკავება უნდოდათ. ჩემი აზრით, ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც მას ე. წ. ჩანაწერები მიუტანეს. ელისო ჭკვიანი ქალბატონია, მიხვდა, რასაც მაიმუნობდნენ და მაშინვე აცნობა პროკურატურას. ეჭვი მაქვს, რომ შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ეს იყო ოპერაცია გაზეთ „ქრონიკა+“-ის გამომცემლის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებას ჩაუვარდა. როდესაც მიხვდნენ, რომ ელისო კილაძეს უფრო მეტი ტვინი ჰქონდა, ვიდრე მთელ ხელისუფლებას ერთად აღებული, გადაწყვიტეს, ბინძური მეთოდებით გასწორებოდნენ. რამდენიმე კვირით ადრე ელისო კილაძე ვნახე „ვანოს შოუში“ პატარა ლიზისთან ერთად და როგორც ვიცი, სწორედ ამ გოგონას მამაა დაკავებული, ანუ ყველაზე უფრო ფასეული ადამიანით გაუსწორდნენ. მადლობა ღმერთს, რომ პატარა ლიზი არ არის 14-15 წლის და მას ვერ ჩაუდეს ნარკოტიკები. გაუსწორდნენ პატარა გოგონას, რომელზედაც ბებია ამბობს, რომ მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია. ელისო კილაძეს ძალიან კარგი ადვოკატი ჰყავს, არჩილ ჩუბინიძე. მას ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, თუ რა დარღვევებია საქმეში. ამ დარღვევების გათვალისწინებით, გამოდის, რომ ამ ადამიანს, სავარაუდოდ, ნარკოტიკი ჩაუდეს. სავარაუდოდ, იმიტომ ვამბობ, რომ განაჩენი არ არის დამდგარი დღეს იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც ეს ჩაიდინა. მე ახლა მოურავი კვირიკაშვილივით, საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრს რომ ეძახის, მასავით ნიჭიერი არ ვარ, წინასწარ გავიგო, რა დანაშაული აიცილა სახელმწიფომ, როგოც მან „ციანიდის საქმეზე“ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, ამდენი განათლება მე არ მაქვს, რომ წინასწარ შევაფასო. სავარაუდოდ, ელისო კილაძის ვაჟს ნარკოტიკი ჩაუდეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელზედაც ქალბატონი ელისო აპელირებს. საერთოდ, ევროსასამართლოს აწყობილი სტრუქტურა აქვს ე. წ. ცემებთან მიმართებით, თურქეთის ციხეებში იყო ძალიან ბევრი წამება და სტრასბურგში რომ შედიოდა საჩივარი, თურქეთის ხელისუფლება გამოძიებას ატარებდა და ამბობდა, რომ თვითდაზიანება მიიყენა. ამ საქმეების განხილვის შემდეგ ევროსასამართლომ თქვა, რომ არ მაინტერესებს, დაზიანება თვითონ მიიყენა თუ შენ სცემე, როდესაც ადამიანი დაზიანებას იღებს ციხეში ან დაკავების დროს ძალის გადამეტების შედეგად, ან, ვთქვათ, თვითონ ჩამოიხრჩო თავი, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ეკისრება იმისა, რომ დაიცვას ადამიანი, რომელიც მან დააკავა. თუ ვერ იცავ იმ ადამიანს და იღებს დაზიანებას, სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს კონვენციის მესამე  მუხლის დარღვევის გამო. ეს არის წამება, არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობა. რასაც ქალბატონი ელისო ამბობს, ეს ევროსასამართლოს მიერ დადგენილი იმ სქემით დასტურდება, რომელიც შემდეგ ყველა საქმეზე მოქმედებს. მიიყენა დაზიანება? შენ დააკავე? მოიკლა თავი? შენ პასუხი უნდა აგო ამ ადამიანის მკვლელობის გამო, ევროკონვენციის მესამე მუხლის პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე. ამიტომ ხელისუფლების უსუსურობა, რომ ელისო კილაძის შვილმა თვითონ მიიყენა დაზიანება, დაკავების დროს თუ როდესაც შეიყვანეს საპატიმრო დაწესებულებაში, როცა პირი შეჰყავთ დაკავების დაწესებულებაში, მასზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადამიანს გული გაუსკდება უმოქმედობით, თუ სცემ და ისე მოკვდება, პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. ჩემი შეფასებით, ელისო კილაძის შვილი არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი. პირველი _ ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მას აღენიშნება დაზიანებები; მეორე _ ამ ადამიანის დაკავების დროს მხოლოდ პოლიციელები არიან მოწმეები, როცა შეიძლებოდა ყოფილიყო არაპოლიციელი მოწმე; და მესამე _ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიციას აქვს ვიდეო, კამერები, რომელიც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისა და ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს ზარზეიმით იყიდა შს სამინისტრომ, მათ შეუძლიათ, ყველაფერი გადაიღონ.

როცა ხელისუფლების წინააღმდეგ რამეს გამოთქვამ, რომ ადამიანი უკანონოდ დააკავეს, მაშინვე გადის კადრები, რომ ის ადამიანი უკანონოდ არ იყო დაკავებული, როცა ხელისუფლებას თავის მართლება უნდა. თათუხაშვილის საქმეს გაგახსენებთ, როდესაც ამბობდნენ, რომ მასთან მიმართებით კანონი დაირღვა, ტუალეტში რომ შევიდა, პროკურატურამ ის მტკიცებულებები ამოიღო და სამოქალაქო საზოგადოებას აჩვენა. ელისო კილაძის შვილის დაკავების დროს, ელემენტარულად, შეიძლება არსებობს ვიდეომტკიცებულება, მაგრამ არ აჩვენებენ საზოგადოებას იმიტომ, რომ ის არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ ადამიანს შესაძლებელია, ნარკოტიკული საშუალება ჰქონოდა. თან საკმაოდ საეჭვოა, რომ, ფაქტობრივად, მეორედ ჩატარდა ექსპერტიზა და პირველმა ექსპერტიზამ, რატომღაც, რაღაცის გამო ნარკოტიკების ზემოქმედება მის ორგანიზმში ვერ დაადგინა. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.

ელისო კილაძე ძალიან აქტიური იყო „რუსთავი 2“-ის პროცესთან მიმართებით და ძალიან კარგი სამოქალაქო პოზიცია ჰქონდა, ასევე აანონსებდა ხელისუფლების მიერ ჩადენილ ძალიან ბევრ სიბინძურეს და ძალიან ხშირად მისი ეს განცხადებები დასტურდებოდა. მინდა გაგახსენოთ ივანიშვილის განცხადება ქალბატონ ელისოსთან მიმართებით, რომელსაც არავინ მიაქცია ყურადღება. ივანიშვილმა ქალბატონ ელისოს მკითხავი უწოდა. როდესაც ივანიშვილი ამ ქვეყანას, ფაქტობრივად, მართავს, როდესაც ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი არის სუს-ის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე, ივანიშვილის იმ განცხადებას, რომ ელისო კილაძე არის მკითხავი, უნდა მოჰყოლოდა ძალადობა მის ოჯახთან მიმართებით. ეს ძალადობა უკვე სახეზეა!

_ ევროინტეგრაციის გზაზე ვდგავართ, ასეთი ტიპის საქმეები რა გავლენას იქონიებს საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან?

_ ამას ძალიან ცუდი შედეგი უკვე მოჰყვა, იმდენად არ ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროსასამართლოს სამივე მოსამართლის კანდიდატურა ჩავარდა, იმდენად ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის უპრეცედენტოა, 55 წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ თვითონ ადვოკატთა ასოციაციამ ჩააგდო კანდიდატურა. კომისიის წევრი ვიყავი, სულ ორი საჩივარი იყო და ორივე მე დავწერე, ზუსტად რაც მე მოვითხოვე, ეტყობა ის მიუთითეს, იმიტომ, რომ ვითხოვდი, პროცედურაში არ იყო გაწერილი ამა თუ იმ წევრის აცილების საფუძველი, არ იყო გაწერილი ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ჩამოცილების საფუძველი გასაუბრებამდე ინტერესთა კონფლიქტის გამო. ადგნენ ახლა და დებულებაში ცვლილება შეიტანეს, ჩემ გარდა ამას არავინ ითხოვდა, ეს მეწერა საჩივარში. ძალიან მიხარია, ისეთი საჩივარი შევიტანე, რომ ყველაფერი შევაცვლევინე ამ დებულებასთან მიმართებით. ვფიქრობ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი გამარჯვება ივანიშვილის რეჟიმზე. „რუსთავი 2“-ის საქმე იყო უდიდესი გამარჯვება ივანიშვილის რეჟიმზე. ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან ივანიშვილმა ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო, მას უთხრეს, რომ მეორე სადამ ჰუსეინი ვერ გახდება და წყნარად უნდა იყოს. ეს სიტუაცია იმას მაგონებს, რომ ადამიანს უამრავჯერ აფრთხილებენ და მერე იგი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება. თუ ივანიშვილს არ ესმის, მას ჰყავს გარემოცვა, რომელმაც იცის, ეს რა დონის სიგნალებია, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ერთ დღეში აკეთებს ორ განცხადებას „რუსთავი 2“-თან მიმართებით და ივანიშვილის სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოაქვს ტელეკომპანიასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მომავალი ხელისუფლება „რუსთავი 2“-თან შემხებლობაში მყოფ მოსამართლეებს აუცილებლად დასვამს საბრალდებო სკამზე. თუ ამას არ გააკეთებს, ის იქნება რეჟიმის გამგრძელებელი ხელისუფლება, როგორც სააკაშვილის რეჟიმი გააგრძელა ივანიშვილის რეჟიმმა, მესამე ხელისუფლება თუ მოვიდა საქართველოში და მურუსიძეებს თავზე ხელი გადაუსვა, ასევე იმ პროკურორებს, რომლებთანაც ვიზიტის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ადამიანი კეთილ სიზმარს ნახულობდა და შემდეგ საკუთარ ქონებას სახელმწიფოს ჩუქნიდა, დღეს ის პროკურორები და მოსამართლეები არიან ისევ. ამიტომ ელისო კილაძის შვილის უკანონო დაკავებაზე, შემდეგ სასამართლოს მხრიდან სანქცირება ამ უბედურებაზე, ეს არის იმის შედეგი, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო და ახალმა ხელისუფლებამ, ვინაიდან სურდა სამართალდამცველი სტრუქტურა მას ისევ ბინძურად მომსახურებოდა, ისევე როგორც ემსახურებოდა სააკაშვილის ხელისუფლებას, დატოვა. ვყვიროდი, რომ ნიურნბერგის პროცესი იყო აუცილებელი, რომ არც ერთი ადამიანის შვილისთვის ნარკოტიკი არ ჩაედოთ. ბრიუსელში აქცია ჩავატარე, როდესაც ადვოკატ ირმა ჭკადუას შვილს წინასაარჩევნოდ ნარკოტიკი ჩაუდეს. ირმა ჭკადუას შვილს ნარკოტიკი რომ ჩაუდეს, ის პროკურორი, მოსამართლე და პოლიციელი რომ არ დასხდნენ საბრალდებო სკამზე, იმიტომ არის, რომ დღეს უკვე ელისო კილაძეა დაზარალებული. იმიტომ ვითხოვდი ეკა ბესელიას შვილის საქმეზე პროკურორის გასამართლებას, რომ თავის დედას შვილის დაცვა აუკრძალა. წარმოგიდგენიათ?! დედაშენმა მიგატოვაო და სახაზინო ადვოკატი აუყვანეს. ეს სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო და იმიტომ უნდა გასამართლებულიყო ეს ხალხი, რომ დღეს იგივე არ მომხდარიყო. იცით, რატომ ვყვები ამ ფაქტებს? ამ ხალხმა მეტი არაფერი იცის, რასაც აკეთებდნენ, იგივეს აგრძელებენ! როცა შეუკვეთავ, გააკეთებენ! ახლა ელისო კილაძის შვილის განადგურება შეუკვეთეს, მაგრამ ქალბატონი ელისო ძლიერი პიროვნებაა და შვილი კი არა, ოჯახის ყველა წევრი რომ დაუჭირონ, გამორიცხულია, ის ივანიშვილის ხელისუფლებასთან გარიგებაზე წავიდეს. დღეს ქალბატონი ელისო აქციაზე მობრძანდა, რომელიც „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულებმა ჩაატარეს. სიტყვით გამოვდიოდი და ხალხმა აპლოდისმენტებით გამაწყვეტინა, როდესაც ქალბატონი ელისო დაინახა. ასე შეხვდნენ „ქრონიკა+“-ის რედაქტორს, ეს არის ხალხის პატივისცემის გამოხატვა იმ ბრძოლისადმი, რასაც ეს ქალბატონი აწარმოებს და ძალიან გამწარებული ვარ: იმისთვის, რომ ის სამოქალაქო საზოგადოებას იცავდა, საკუთარი შვილით აგებინეს პასუხი. ვეთანხმები ქალბატონ ელისოს, რომ მისი შვილი ივანიშვილის რეჟიმის ტყვეა.

_ ზემოთ ელისო კილაძის შვილის საქმეში არსებულ დარღვევებზე ისაუბრეთ. მურუსიძის სასამართლოში წარმოუდგენლად მიგაჩნიათ სიმართლის პოვნა?

_ ეს გამორიცხულია! ლევან მურუსიძე ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი ადამიანი იყო. მინდა, „ქრონიკა+“-ს გთხოვოთ, ჩაატარეთ გამოკითხვა, სულ ხუთი მურუსიძე იყო: ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ზაზა მეიშვილი, ვალერიან ცერცვაძე და კონსტანტინე კუბლაშვილი. ესენი იყვნენ მურუსიძეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს აკანონებდნენ უკანონობას. ჩაატარეთ გამოკითხვა, ეს ადამიანები უფრო მიუღებლები იყვნენ საზოგადოებისთვის, თუ ვანო მერაბიშვილი?! ნახავთ, რა პასუხს მიიღებთ! ამ ადამიანებთან ივანიშვილმა გამონახა საერთო ენა და მოკავშირეებად გაიხადა. ივანიშვილის ხელისუფლებისგან რას ელოდებით?! მე სიბინძურის გარდა, არაფერს ველოდები! მურუსიძეების სასამართლოში როგორ შეიძლება, ადამიანმა სამართალი იპოვოს?! როდესაც ლევან მურუსიძე ინიშნებოდა, გიორგი მიქიაშვილის საქმე მოვიგე სტრასბურგში, მათ მიუთითეს, რომ მან ჩაიდინა დარღვევა, რომელიც, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულია. შეეკითხნენ მურუსიძეს, რატომ ჩაიდინე დარღვევაო და გირგვლიანის საქმეზე ხომ თქვა _ არ ჩამიდენიაო, მიქიაშვილის საქმეზე გასაუბრების წინ თქვა, ეს დარღვევა ჩავიდინე, მაგრამ ეტყობა, თანაშემწემ საქმე დაგვიანებით გადმომცაო. კერძოდ, რაზეა საუბარი: ნაწამებ გიორგი მიქიაშვილის ექსპერტიზის დანიშვნაზე მოთხოვნა, რომელიც მე დავაყენე, სასამართლოს უნდა განეხილა 24 საათის განმავლობაში, მას ჰქონდა მძიმე დაზიანებები. ექსპერტიზა 47 დღის შემდეგ დანიშნა, ვინაიდან წამების კვალი უკვე გამქრალი იყო და მსუბუქი დაზიანება დაჯდა. ადამიანმა ეს აღიარა, ადგა იუსტიციის საბჭო და ხმა მისცა. ევა გოცირიძემ განცხადება გაავრცელა, ჩვენ ვიცოდით, რომ ლევან მურუსიძე საზოგადოებისთვის მიუღებელი პიროვნება იყო, მაგრამ ავტორიტეტი ჰქონდაო. იცით, „კანონიერ ქურდებს“ უბანში რა მაგარი ავტორიტეტი ჰქონდათ?! მოსამართლეებად უნდა აგვერჩია?! ამ ხალხისგან ელოდებით, რომ ელისო კილაძის შვილზე სწორი გადაწყვეტილება გამოვა?! მე არ ველოდები! ქალბატონ ელისოს ყველანაირად მივეხმარები, რაც სამართლებრივად შემიძლია! ფაქტობრივად, ამ ქალბატონმა მომავალ საქართველოს საკუთარი შვილის თავისუფლება შესწირა და ეს დასაფასებელია!

_ გამოსავალს სად ხედავთ?

_ ერთადერთი გამოსავალია სამოქალაქო სექტორის გაერთიანება, როცა ხალხმა ვთქვით, რომ სააკაშვილი არის მტერი, ყველა გავერთიანდით. დღეს ხალხი უნდა მიხვდეს, რომ თუ სააკაშვილი იყო მტერი, ივანიშვილი არის მტერი კვადრატში. ხალხი კანცელარიის წინ ღია ცის ქვეშ ათენებს, წვიმს და უნდა, რომ კარავი გაშალოს. სააკაშვილის დროს ქუჩა გადაიკეტა, როცა კარვები იყო გაშლილი. აქ ქუჩა არ იკეტება და არ აშლევინებენ. გუშინ ხალხს რომ შესცივდა, ცელოფანი შემოიხვია, წაართვეს ცელოფნები, ამან კარვის ფორმა მიიღოო. ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ხალხი სიცივეში დაიხოცება, მაგრამ მას მოსასხამს მაინც ართმევს. ვსვამ კითხვას, _ ამ ადამიანმა ხალხს მეტი რა ბოროტება უნდა გაუკეთოს, რომ ხალხი გამოფხიზლდეს?!

_ ხელისუფლებას ხალხის გამოსვლების ეშინია?

_ ეშინია იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ღირსების გამო დგას აქ და ღირსეულ მოპყრობას ელოდება ხელისუფლების მხრიდან. უბრალოდ, ამ ხალხის მოთხოვნები დაკმაყოფულდება თუ არა, ჩემთვის ივანიშვილის ხელისუფლება უფრო ბოროტია, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება იყო. მე-13 ობიექტი დაიწვა უკვე ძალიან საეჭვო ვითარებაში და გამოძიებული არ არის. ხალხი მეუბნება, _ გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს შენობა დაწვესო. მე მათ ვეთანხმები, ელემენტარულად, ადამიანები დაზარალებულის სტატუსით არ იკითხებიან, მოწმეები არიან, ხალხს ასი ათასობით ზარალი მიადგა და ეუბნებიან, მოწმეები ხართო. ივანიშვილის ტვინში როგორ ჩავიხედო, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს?! კაცს 7 მილიარდი აქვს და ამის პატრონს იქით-აქეთ დააქვს ხეები. დენის სადენებს ჭრიან, რომ ხემ გაიაროს, რაზეა საუბარი?! ასეთი რამ საქართველოს არც ერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია! ეს არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული კაცი და მას თავში რაც დაარტყამს, იმას აკეთებს! ხვალ შეიძლება, თავში დაარტყას და ყველა მინისტრი დაიჭიროს! კაცი გახდა „ვანოს შოუს“ ყველაზე აქტიური პერსონაჟი. არც ერთი ანიმაციური ფილმი არ მინახავს, სადაც პერსონაჟები ასე ჰგავდნენ ნამდვილებს. ნარმანიას რომ ვუყურებ, „ქერის უბნის“ გმირი _ ბატონი ბიძინი მგონია. დაახლოებით ორი წლის წინათ რობერტ სტურუამ დადგა „კონკია“. ჩემი გოგონა მაშინ 10 წლის იყო და წავიყვანე. ბილეთები რომ შევიძინე, მიცნეს და კარგი რიგი მომცეს, წარმოდგენაზე ჩვენ გვედით ნარმანია მოხვდა თავისი შვილებით. როდესაც ის პარტერში შემოვიდა, ბავშვებმა ერთდროულად გაიშვირეს მისკენ ხელი და ამბობდნენ, _ ბატონი ბიძინი მოვიდაო! როგორ არ რცხვენიათ?! ეს ადამიანები კარიკატურული გმირები გახდნენ!

 

თამარ ბატიაშვილი