შალვა ნათელაშვილი: „ჩავატაროთ ნარკოტესტირება და თუ ხელისუფლებაში 20-ზე ნაკლები ნარკოტიკის მომხმარებელი აღმოჩნდება, პოლიტიკიდან მივდივარ!“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, „ქრონიკა+“-თან სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ხელისუფლებაში მყოფი პირების ნარკოდამოკიდებულებაზე საუბრობს. ნათელაშვილი ინიციატივითაც გამოდის და, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ხელისუფლებას ნარკოტესტირების გავლას სთავაზობს, რაშიც თვითონაც მიიღებს მონაწილეობას. როგორც „ლეიბორისტების“ ლიდერი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში 20-ზე ნაკლები ნარკოტიკის მომხმარებელი აღმოჩნდება, ის პოლიტიკიდან წავა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება შალვა ნათელაშვილი:

_ ბატონო შალვა, ხელისუფლებები მათთვის მიუღებელ ადამიანებს ნარკოტიკისა თუ იარაღის ჩადების მეთოდებით ებრძვიან. „ქრონიკა+“-მა რამდენიმე დღის წინ ეს საკუთარ თავზეც გამოსცადა. თქვენ რას ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ისევ აქტუალური ხელისუფლებისთვის ეს ტრადიცია?

_ პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და სოლიდარობა გამოვუცხადო თქვენი გაზეთის გამომცემელს, ელისო კილაძეს. ეს არის შუა საუკუნეების ინკვიზიციის გადმონაშთი, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოში დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ევროპის სივრცეზე, იმ რეალობაში, რაც ჩვენ ვიცით. ეს ხდება იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად გაანადგურონ, მოსპონ, დააშინონ და დააშანტაჟონ მოწინააღმდეგე, მებრძოლი პიროვნება. ეს ადრე მიღებული პრაქტიკა იყო სწორედ იმ შუა საუკუნეებში, რაზედაც ზემოთ მოგახსენებდით, არა მარტო ევროპაში, არამედ ჩვენს გარემომცველ სამყაროში, _ საქართველოს მეფეები შაჰებს მძევლებად უგზავნიდნენ თავიანთ შვილებს, ასევე კონკრეტული თავადები. მძევლების გაცვლა-გამოცვლა ძალიან იყო მოდაში და მერე მძევლის თავზე ტყდებოდა ის რისხვა, თუ მისი მშობელი რამეს დაუშავებდა მეორე მბრძანებელს და ისტორიაში არსებული ყველაზე შავი ანარეკლის უკვდავებაა საქართველოში აბსოლუტურად ყველა ხელისუფლების დროს, შევარდნაძის ხელისუფლებიდან დაწყებული. იმასაც ვიტყვი, რომ კომუნისტების დროსაც ასე ხდებოდა, ხალხის მტრის შვილი იმდროინდელი საზოგადოებისთვის მიუღებელ მოვლენად ითვლებოდა. შემდგომში ეს ტრადიცია კარგად გადმოიტანეს დამოუკიდებელი საქართველოს არადამოუკიდებელმა მთავრობებმა, ისეთებმა, როგორიც ჩვენ გვყავდა და ეს სახეცვლილებებით დღესაც გრძელდება.

_ ბოლო დღეებში ნარკოტიკების ჩადების რამდენიმე მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა: ელისო კილაძის, ხატია დეკანოიძის შვილები, პრეზიდენტის სიძის მეგობარი… ამ მიდგომებით რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას?

_ ჩემი ოჯახი რამდენიმე წელია, უკვე ასეთი მოვლენების მსხვერპლია. ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არსად არ მუშაობს იმიტომ, რომ არსად იღებენ. 2007 წელს, სახლში სპეცრაზმი რომ შემომივარდა, იმის შემდეგ ჩემს შვილს ძალიან ცუდი ნევროზული მოვლენები აქვს. იყო შემთხვევა, როდესაც ჩემმა ერთ-ერთმა შვილმა უნივერსიტეტი იმის გამო შეიცვალა, რომ ბიძინისტი რექტორები მამის გამო სთხოვდნენ პასუხს. ეს ფაქტი არასოდეს მითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით. კახიანი რომ ბრძანდება პარლამენტში, ერთ-ერთი ის იყო, სხვათა შორის, და ბავშვი უნივერსიტეტიდან წამოვიდა. კარგია, რომ უფრო მეტი სისულელე არ მოიფიქრეს. შესაბამისად, მშობლების, ჩვენი საქმიანობის გამო იჩაგრებიან შვილები. როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ეპოქის მეტასტაზი, რომელიც უნდა მოვიცილოთ და ისე გავწმინდოთ პოლიტიკა და საზოგადოება, რომ შვილები მშობლების გამო პასუხს არ აგებდნენ. ეს ერთი და მეორე _ სიმართლისთვის მებრძოლი მშობლები ოჯახიანად არ იჩაგრებოდნენ!

_ იმ ფონზე, რა პროცესებიც ქვეყანაში მიდის, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ სამოქალაქო აფეთქება მოხდეს?

_ ეს ყველაფერი უკვე დაწყებულია! ხომ ხედავთ, ყოველდღეა „ბავშვთა სამყაროს“ გადაწვით დაზარალებული მოქალაქეების აქციები, რომელიც, სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა დაწვა, ვინაიდან „კარფურის“ აშენება უნდა და თქვენ მალე ნახავთ იქ წამომართულ ამ შენობას! დაწყებულია გამოსვლები გურიაში, ნებისმიერი ხის ამოთხრის დროს გამწარებული ხალხი მიდის და იქ აქციებს ატარებს. ბათუმში ნახეთ, რა მოხდა _ ყოველგვარი პარტიების გარეშე გამოვიდა ხალხი ქუჩაში, ძალიან უნდოდათ პარტიებისთვის გადაბრალება, მაგრამ ვერც მე დავიტრაბახებ იმას, რომ ასე მალე წამოვაგორებდით იქ რამეს, ძალიანაც რომ გვდომოდა. აგერ, აზოტის ქარხნიდან განთავისუფლებული თანამშრომლები… ქუჩის გამოსვლებისთვის საფუძველი, თვისობროვად, გროვდება. 2003 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ არჩევნების შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოხტებოდა, მით უფრო, რომ პარლამენტში ხუთი პარტია გავიდა. სხვათა შორის, ყველაზე ნაკლებად გაყალბებული არჩევნები ჩატარდა მაშინ, ხუთი პარტია სხვა დროს სად ყოფილა პარლამენტში?! კი გამოგვყარეს უკან, მაგრამ… გამოვარდა ხალხი, მუხტი გროვდებოდა, გროვდებოდა და შედეგიც მოჰყვა. ჩვენ მაშინ შევარდნაძეს ვეუბნებოდით, _ მილოშევიჩის ბედი მოგიწევს, მილოშევიჩივით წახვალ… მილოშევიჩივით არა, მაგრამ სხვა ელემენტები დაემატა. ამიტომ საპროტესტო მუხტის დაგროვება, შეიძლება ითქვას, ახლაც აღმავალ ფაზაშია, სულ პატარა საბაბია საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი გამოვიდეს და ამ დროს არავითარი პოლიტიკური პარტია არ იყოს შუაში. პოლიტიკოსები შემდეგ თავისთავად მივლენ, როდესაც შეკრებილებს დაინახავენ, მაგრამ ამას ივანიშვილი პოლიტიკოსებს ნუ დააბრალებს, უნდა დააბრალოს იმას, ხის თავი რომ აბია, რომელშიც მხოლოდ დოლარები ყრია. მას მხოლოდ დოლარები აინტერესებს, რომელიც არც მამულიშვილობაა, არც პატრიოტიზმი, არც ადამიანობა და არც არაფერი…

პარლამენტი რომ სავსეა ნარკომანებით, იმათ რატომ არ იჭერს?! ჩვენ ხომ ვიცით, პარლამენტში რომელი დეპუტატები არიან ნარკომანები, მე არაერთხელ დამისახელებია ისინი. პირდაპირ გამოდის ხალხი შუშის თვალებით და ლექციებს გვიკითხავს. საინტერესოა, ვინ დაუწერა მათ დასკვნა, რომ ნარკოტიკს არ იღებენ?!

_ ვის გულისხმობთ, კიდევ რომ დაასახელოთ?..

_ აგერ, გია ვოლსკია ცოცხალი მაგალითი, მმართველი პარტიის ლიდერი, ეს თბილისში ცნობილი ამბავია და სხვათა შორის, არა მხოლოდ ის… ივანიშვილის გარემოცვა სავსეა ნარკომანებით, რომლებიც სუფთა მორფს იკეთებენ. ეს ჩვენ ყველამ ვიცით, ამიტომ უნდა დამთავრდეს ივანიშვილისეული ორპირობა, კანონი ყველას მიმართ უნდა იყოს კანონი, თუ კაცმა მართლა რაღაც დააშავა და თუ არაფერი დაუშავებია, ნარკოტიკი არ უნდა ჩაუდო იმიტომ, რომ ის არის კილაძის, დეკანოიძის თუ სხვისი შვილი და შენ ხარ მისი მშობელი! ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც აუცილებლად მოეკითხებათ დედამიწაზე არსებული კანონებით კი არა, ჯოჯოხეთით! ეს არის! თუ ვინმეს ხელისუფლებაში ნარკომანთა მომძლავრების შესახებ ეჭვი შეეპარება, მაშინ მე თანახმა ვარ, მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტიზა, მეც და პარლამენტის წევრებიც, მთავრობის წევრებთან ერთად, ნარკოტესტირებას გავივლით თმის ღერიდან დაწყებული, სისხლის ანალიზით დამთავრებული. თუ 20 ნარკომანზე ნაკლები აღმოჩნდება პარლამენტში და მთავრობაში, პირობას ვდებ, პოლიტიკიდან საერთოდ წავალ და მათ დავასვენებ! ეს მე რაც მაქვს დათვლილი, რაც არ დამითვლია, ის სხვაა…

_ რამდენად განთავისუფლდა სასამართლო ხელისუფლების ზეწოლისგან? პოლიტიკოსთან ერთად, იურისტი ბრძანდებით და საინტერესოა ამ საკითხზე თქვენი პოზიციის მოსმენა. რამდენად შესაძლებელია ამ სასამართლოს პირობებში სიმართლის პოვნა?

_ იურისტი როდის ვიყავი, იცით? როდესაც ცენტრალური კომიტეტის მდივნებს, რაიკომის მდივნებსა და ცეკას მდივნებს მექრთამეობისთვის და კორუფციისთვის ვიჭერდით! შეიძლება, არ დაიჯეროთ, ეს იყო კომუნისტური მმართველობის პერიოდში, როდესაც ამხელა თანამდებობის პირებს დანაშაულს არ პატიობდნენ. ერთი მითხარით, ბოლო თვეებში გინახავთ დაჭერილი მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი, დაპატიმრებული გუბერნატორი?! საქართველო ხომ შეგვიჭამეს მათ და თავიანთ სახელზე გადაიფორმეს, ერთი კაცი თუ დაიჭირეს?! ჩაატარებენ სამარცხვინო სპეცოპერაციას, რომელიღაც გადაყრუებული სოფლის ნახევრად ცოცხალ-მკვდარ სოფლის რწმუნებულს დაუნომრავენ 250 ლარს და მთელი „კუდი“ და „სუსი“ იქ არის, არიქა, ქრთამზე დავაკავეთო. სირცხვილი არ არის ეს ყველაფერი, როცა მილიარდები ტყდება აქ?! საქართველოში სასამართლო რომ არ არის, ეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომელიც უპრეცედენტო მოვლენა იყო ევროპულ სივრცეში და სამოქალაქო დავაზე აღსრულება აკრძალა. საქართველოს ამაზრზენი სასამართლოს გამო ევროპა იძულებული გახდა, რომ ასეთი პრეცედენტი შეექმნა და ამის შემდეგ კითხვა, _ ჩვენ გვაქვს თუ არა სასამართლო, აბსოლუტურად საფუძველგამოცლილია!

_ ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ მთავრობის წევრების შეცვლაზე. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ეს ცვლილებები შეიძლება, ჯანსაღი პროცესების საწინდარი გახდეს?

_ არ დაიჯეროთ! როგორ შეიძლება, მაიმუნმა ლეოპარდი შვას?! მაიმუნი გააჩენს მაიმუნს! რაც მაიმუნია ხელისუფლების წყარო, რომელსაც ძალიან უყვარს ხეები და ალბათ, თავისი ტრადიციისამებრ, მალე ავა ხეზე, იმ მაიმუნებს წარმოშობს პოლიტიკაში. რას ბრძანებთ, რა პრემიერის შეცვლა გვიშველის, რუსეთის აგენტი გახარია მოჰყავთ ახლა პრემიერად! რუსეთის ფედერალური სამსახურის ცხრა ნომერი აგენტი! ცხრა ნომერი აგენტი და ივანიშვილის ბიზნესების მმართველი რუსეთის ფედერაციაში, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელაზე იქნება შეთხრილი რუსეთის მნიშვნელობაში! ადრე ივანიშვილს ცოტა პროდასავლური გარეგნობის ხალხი მოჰყავდა, რომ იქ, დასავლეთში, რამე არ ეეჭვათ და ახლა უკვე აიწყვიტა! როგორც ვხედავთ, კვირიკაშვილი უკვე გადაყენებულია, ის უკვე აღარც აქტიურობს. სანამ არ უთხრეს, არიქა, დაიქცა ბათუმში ყველაფერიო, ჩასვლაც არ უნდოდა. რა თქმა უნდა, ეს საქმე გადაწყვეტილია, ბუჩქებში დამალული მეფე ცდილობს, რომ სისხლის გადასხმით გაიხანგრძლივოს არსებობა, მაგრამ ეს უშედეგო მცდელობაა! ივანიშვილია ყველა უბედურების სათავე, დანარჩენი მისი მარიონეტია. ისინი არაფერს წყვეტენ და მათთან პოლემიკასაც კი არ აქვს აზრი, მათ არც პოლემიკის ინტელექტი აქვთ და მათთან არც პოლემიკის საფუძველია!

 

თამარ ბატიაშვილი