რატომ უთხრა უარი სახალხო დამცველის აპარატმა თანამშრომლობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს?!

დავით ხარშილაძის საქმეში სამი ოპერმუშაკის, ე. წ. ინსპექტორ-გამომძიებლის სახელი და გვარი ფიგურირებს. ესენი გახლავთ: კუკური წივწივაძე, ვალერიან ჩიბირაშვილი და ზაქარია ვასაძე. როდესაც „ქრონიკა+“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, ამ სამი პირის თანამდებობებიც კი არ გვითხრეს. უბრალოდ, თანამშრომლები არიანო, _ განგვიმარტეს. ამ დროს, ხსენებულ უწყებაში დამლაგებელი, მზარეული და აიტის სპეციალისტიც კი შსს-ს თანამშრომლები არიან, მხოლოდ კონკრეტული სტატუსით.

სამივე ოპერმუშაკი ერთ დღეში გახდა პოპულარული და მთელი ქვეყნისთვის ცნობილი ელისო კილაძის ვაჟის _ დავით ხარშილაძის საქმის წყალობით. ჟურნალისტის ვაჟს ნარკოტიკული საშუალების ის რაოდენობა „აღმოაჩნდა“, რომელიც პაბლო ესკობარისთვისაც არ დაუფიქსირებიათ (არ ვხუმრობთ, გადახედეთ კოლუმბიელი ნარკობარონის ბიოგრაფიას).

თუმცა „ქრონიკა+“-ის ამ პუბლიკაციაში სამართლებრივ საკითხებს არ შევეხებით (მას იურისტები და ადვოკატები მიხედავენ). ჩვენ წარმოგიდგენთ სკანდალურ ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ „აწვება“ შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის აპარატს, როგორ ცდილობს გენერალური ინსპექცია დავით ხარშილაძის საქმეში ჩარევას და როგორ იბრძვის ზემოთ დასახელებული პოლიციელების (და თავისი სხვა ოპერმუშაკების) ხელშეუხებლობისთვის.

ის, რაც ჩვენთვის ამ ეტაპზე გახდა ცნობილი, არის, რომ კუკური წივწივაძეს კუკური არ ჰქვია (მას მეორე სახელიც აქვს), ხოლო ვალერიან ჩიბირაშვილი სხვა დეპარტამენტიდან არის გადმოყვანილი.

ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი:

 

ნინო ცხადაძე _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი:

_ კუკური წივწივაძე, ვალერიან ჩიბირაშვილი და ზაქარია ვასაძე _ ვინ არიან ისინი?

_ ჩვენი თანამშრომლები.

_ საჯარო რეესტრში მათზე არაფერი ირიცხება. ამ დროს ინფორმაცია თქვენს უწყებაში მომუშავე პერსონების შესახებ საჯაროა.

_ დიახ, მხოლოდ თანამდებობის პირებზე.

_ რიგით მოხელეებზე, რომელთა მიერ შესრულებულ სამუშაოზე დგას ამ თანამდებობის პირების რეპუტაცია, იმიჯი და ა. შ.?

_ არა, მათზე არა.

_ ვინ არის ის სამი პიროვნება, რომელმაც ელისო კილაძის შვილის,  დავით ხარშილაძის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა?

_ თანამშრომლები არიან. თანამდებობის პირები არ არიან.

_ თუ საქმეში დანაშაულებრივი ქმედებები აღმოჩნდა, რომლითაც ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, გადავა თუ არა პასუხისმგებლობის საკითხი მათ ხელმძღვანელებზე?

_ რა გინდა, რომ მკითხოთ?.. რა გაინტერესებთ?

_ ვინაიდან მათზე საჯარო ინფორმაციას არ იძლევით, შეგიძლიათ მიპასუხოთ, რომ ეს თანამშრომლები სუფთა რეპუტაციის არიან? არაფერი ირიცხება მათზე, უცნობია მათი ბიოგრაფია და ა. შ. ამას გეკითხებით იმიტომ, რომ ამ კუთხით მედია აბსოლუტურად ინფორმაციულ ვაკუუმშია.

_ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია.

_ რა პოზიცია? შსს-ს მიერ გავრცელებულ მოკლე-მოკლე  განცხადებებს გულისხმობთ?

_ არა, ასე არ დაგვიდევს არსად. ჩვენი პოზიცია ასეთია: შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ მოცემული საქმის შესწავლა დაიწყო, ანუ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველაფრის: ჩადებაზე, ცემის ფაქტზე და ა. შ. ამის ფარგლებში პოლიციელები გამოიკითხნენ. მიუხედავად გენერალური ინსპექციის მზაობისა, რომ მას მაქსიმალურად ეთანამშრომლა სახალხო დამცველთან და ინიციატორისგან, ანუ სახალხო დამცველისგან მიეღო დეტალური ინფორმაცია, რისთვისაც განხორციელდა კიდეც შესაბამისი ზარი სახალხო დამცველის ოფისში, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

_ როდის დაუკავშირდით სახალხო დამცველს?

_ გუშინ.

_ და გუშინვე უარი გითხრეს?

_ არა გუშინ ჩვენი წინადადება მხოლოდ მოისმინეს და უარი დღეს გვითხრეს.

_ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ, თუ შეიძლება: მაშასადამე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს, შესთავაზა თანამშრომლობა, უფრო სწორად, თქვენი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მზაობა გამოთქვა თანამშრომლობაზე და ერთი დღის ფიქრის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თანამშრომლობაზე უარი გითხრათ?

_ დიახ.

_ ამის შემდეგ შსს-მ რა მოიმოქმედა?

_ კომუნიკაცია ტელეფონით შედგა, ამიტომ ყოველივე ამისთვის ოფიციალური სახე რომ მიგვეცა, სახალხო დამცველის აპარატს ყველაფერი გავუგზავნეთ, რაზეც ტელეფონით ვისაუბრეთ, წერილობით.

_ რომ ამჯერად წერილობით მიგეღოთ უარი?

_ პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, საქმის დეტალური და ყოველმხრივი შესწავლა. ჩვენ ეს წერილი თანამშრომლობის თხოვნით გავუგზავნეთ და იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის აპარატი გენერალურ ინსპექციასთან ითანამშრომლებს.

_ თანამშრომლობაში რას გულიხსმობთ?

_ რომ ყველა ის ინფორმაცია შევისწავლოთ, რაც მომხდარი ფაქტის გარშემო ვრცელდება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საუბრის დროს გენერალური ინსპექციის წერილი სახალხო დამცველის აპარატში უკვე გაგზავნილი იყო. ჩვენი საუბარი 16 მარტს შედგა. 20 მარტს, როდესაც „ქრონიკა+“ სახალხო დამცველის აპარატს შსს-ს გენინსპექციის მხრიდან თანამშრომლობაზე შემოთავაზების შესახებ დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ წერილის შინაარსი ზეპირად არ ახსოვდათ.

 

ანა თამაზაშვილი _ სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

_ ანა, რამდენიმე დღის წინ შსს-ს ველაპარაკეთ და გვითხრეს, რომ ომბუდსმენის აპარატმა თანამშრომლობაზე უარი უთხრა. პირველ რიგში, მაინტერესებს, რა თანამშრომლობაზეა საუბარი?

_ სავარაუდოდ, გამოკითხვა უნდოდათ. ჩვენ ხომ გავავრცელეთ განცხადება, სადაც ომბუდსმენი პორკურატურას პოლიციელების საქმის შესწავლაზე მიმართავდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უძღოდა თან დაკითხვის პროცესს და ა. შ. ჩვენი წარმომადგენელი ამას ესწრებოდა და ამასთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობდა… იცით, ზეპირად არ მახსოვს, რა ეწერა წერილში, უნდა ჩავხედო.

_ ნინო ცხადაძემ ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ პოლიციელებსა და მათ თანამშრომლებზე ომბუდსმენის აპარატმა რა ინფორმაციაც გაავრცელა, აქედან გამომდინარე მოგმართათ გენერალურმა ინსპექციამ, რომ ერთობლივად შეგესწავლათ. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

_ ზეპირად ვერ გიპასუხებთ. ყველაფერს გავარკვევ, რა ეწერა მომართვაში, წერილი ახალი მოსულია, როგორც ვიცი. არ მინახავს. თქვენ ყვალაფერი მომწერეთ, რაც გაინტერესებთ და გიპასუხებთ.

_ სახალხო დამცველის აპარატმა შსს-ს გენინსპექციას უარი რატომ უთხრა თანამშრომლობაზე?

_ ვერანაირ თანხმობას ვერ მისცემდნენ ჩვენები, ოფიციალური წერილი უნდა იყოს, რაზეც სახალხო დამცველმა თანხმობა უნდა გასცეს, ან უარი.

_ შსს-მ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ გენინსპექცია სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა, თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა და მეორე დღეს უარი მიიღო. იმავე დღეს კი არა, მეორე დღეს, რაც, სავარაუდოდ, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ომბუდსმენის აპარატში ეს საკითხი განიხილეს. თუ როგორ არის?

_ უარი იყო ოფიციალური მომართვის არარსებობის გამო, რაც ჩვენ სატელეფონო საუბარში დავუდასტურეთ, რომ ოფიციალური მომართვის შემთხვევაში შსს-ს შეეძლებოდა, იმ პირის გამოკითხვა, ვინც მოვლენებს შეესწრო.

_ ე. ი. შსს ითხოვს დაკითხოს თქვენი თანამშრომელი, რომელმაც პოლიციელების საქციელი არამართლზომიერად მიიჩნია და ამას უწოდებს თანამშრომლობას?

_ როცა წერილს გავეცნობი, მაშინ მოგწერთ, რას გულისხმობდნენ ისინი თანამშრომლობის საკითხებში.

_ ეს ტერმინი გამიკვირდა, „თანამშრომლობა“, სახალხო დამცველის აპარატსა და შსს-ს შორის. არ დაგიმალავთ, ცოტა ოდიოზურად ჟღერს.

_ როგორც ვიცი, ჩვენი თანამშრომლის გამოკითხვაზე იყო საუბარი, ამას კი სახალხო დამცველის ოფიციალური თანხმობა სჭირდება, სხვანაირად შსს ვერ გამოკითხავს და ამიტომ ეს ოფიციალური მომართვა გახდა საჭირო.

 

ასე და ამგვარად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია რისკზე მიდის, თან ძალიან სერიოზულ ვა-ბანკზე. იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველმა შსს-ს მოთხოვნას თანხმობა მისცა და ნებართვა გასცა საკუთარი თანამშრომლის დაკითხვაზე (რომელსაც ორივე მხარე „გამოკითხვას“ უწოდებს), შსს-ს გენერალური ინსპექცია იმ რეალობის წინაშე დგება, რომ დასაჯოს, ან შესაბამისი სანქციები მიუყენოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ დასახლებულ პოლიციელებს და ოპერმუშაკებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გენერალური ინსპექცია არ დასჯის ამ პოლიციელებს, ე. ი. არ ეთანხმება, უგულებელყოფს ომბუდსმენის დაწერილ დასკვნას და ამ შემთხვევაში ყველანაირ თანამშრომლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. როგორც ჩანს, სწორედ ეს გათვალა უჩა ნანუაშვილმა და შსს-ს თავდაპირველ მოთხოვნაზე უარით უპასუხა. არადა, ეს უკვე სკანდალია _ სახალხო დამცველის აპარატის უარი შსს-ს შემოთავაზებაზე, ითანამშრომლონ მათთან.

ვისი დაკითხვა სურს შინაგან საქმეთა სამინისტროს? აქ იგულისხმება სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი და რის გამო?!

 

ჯერ უჩა ნანუაშვილის განცხადება:

„სახალხო დამცველი ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის მიმართ შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს. დაკავებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას განმარტა, რომ დაკავების პროცესში პოლიციელებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გამოიყენეს არაპროპორციული ფიზიკური ძალა. ასევე, დაკავებულს აღენიშნებოდა სიწითლე შუბლის არეში.

სახალხო დამცველი გამოძიებას ითხოვს. ომბუდსმენმა ასევე წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა დისციპლინური საქმის წარმოების დაწყება პოლიციელების მიერ განხორციელებული არაეთიკური ქმედებების ფაქტზე. ერთ-ერთ შემთხვევას, ნანუაშვილის განმარტებით, მისი აპარატის წარმომადგენელი შეესწრო“.

 

ომბუდსმენის ამ განცხადების შემდეგ შსს-ს გენინსპექციას მოთხოვნით კი არ უნდა მიემართა სახალხო დამცველის აპარატისთვის, შენი თანამშრომელი ხელახლა დამაკითხინეო, არამედ თავისივე პოლიციელების მიმართ უნდა დაეწყო საქმის წარმოება. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ხელახალი დაკითხვა მის დასკვნაში ეჭვის შეტანასა და ერთგვარ ზეწოლას ნიშნავს ომბუდსმენის აპარატზე, რომელმაც გაბედა და ობიექტური დასკვნა დაწერა დავით ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით და პოლიციელების არასამართლებრივ ქცევაზე.

 

თამარ როსტიაშვილი