ტარიელ კაკაბაძე: „მოქალაქეებს პოლიციელების ტოტალურად ეშინიათ!“

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე „ქრონიკა+“-თან იმ პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე საუბრობს, რომლებიც მოქალაქეებს ნარკოტიკულ საშუალებებს უდებენ. როგორც ადვოკატი აცხადებს, საჭიროა მოქალაქეთა აქტიურობა იმ მიმართულებით, რომ გამამართლებელი განაჩენების გამოტანის შემდეგ, მათ საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძოლონ, რათა შემდგომ პასუხი აგებინონ დამნაშავე პოლიციელებს.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ტარიელ კაკაბაძე:

_ როგორც ადვოკატმა, რომელიც სისხლის სამართლის კუთხით მუშაობს, შემიძლია დაბეჯითებით მოგახსენოთ, რომ პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ პირებს ნარკოტიკულ საშუალებებს უდებენ. ასევე ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკულ საშუალებებს არ უდებენ, სრულიად უსაფუძვლოდ დააკავებენ და წერენ ოქმს, თითქოს მას ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. რა თქმა უნდა, როდესაც ადვოკატები კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ვერთვებით, სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებით, ვინაიდან ძირითადი მოწმეები ყოველთვის პოლიციელები არიან და ისინი აღნიშნული დანაშაულის დაბრალებას ცდილობენ, თითქოს მას ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. რა თქმა უნდა, იქ უკვე რთულია მოძებნო ობიექტური მოწმე, გარდა ბრალდებულისა. ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ხერხით, მაგალითად, დნმ-ის გენეტიკური ექსპერტიზის დანიშვნით ვცდილობთ დავამტკიცოთ და დავასაბუთოთ ბრალდებულის უდანაშაულობა. შემიძლია მოგახსენოთ რამდენიმე მაგალითის შესახებ, თუ როგორ დავამტკიცეთ, რომ კონკრეტულ ადამიანს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. ავიღოთ, თუნდაც, გამამართლებელი განაჩენი, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 26 დეკემბერს გამოიტანა გიორგი ვაშაკიძის მიმართ. გიორგი ვაშაკიძე გახლავთ ადამიანი, რომელიც წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის და ასევე მოხმარებისთვის, მას კვლავ ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება მაშინ, როდესაც ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ადამიანი საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნებულიყო. თუმცა თავად პოლიციელ მოწმეთა ჩვენებები არადამაჯერებელი იყო, მათ ვერ გაუძლეს ჩვენს ჯვარედინ დაკითხვას და სასამართლოს საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. დაცვის მხარემ ასევე ჩავატარეთ დნმ, გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, საიდანაც გამოირიცხა, რომ ამ ადამიანის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებაზე და არც ამ ადამიანის თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა ნარკოტიკულ საშუალებაზე. მეტსაც გეტყვით: აღმოჩნდა სხვა პირების დნმ და ეს პირები გახლავთ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მოახერხეს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს უდანაშაულო ადამიანს. რა თქმა უნდა, სასამართლოსთვის ძალიან გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ თუ ადამიანმა ნარკოტიკული ნივთიერება შეიძინა, შეინახა, მიჰქონდა-მოჰქონდა, დადიოდა, იყენებდა და ა. შ. მისი გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა და აღმოჩნდა სხვა პირების, რომელთაც, თუნდაც, წამიერი შეხება ჰქონდათ. რა თქმა უნდა, სასამართლომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა, ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლა პატიმრობიდან და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ასევე შემიძლია გავიხსენო სხვა შემთხვევები, თუნდაც ისინი, რომლებზედაც ახლა ვაწარმოებ სისხლის სამართლის საქმეებს სხვადასხვა პირის მიმართ, რომელთაც ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და მათი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ვიბრძვი. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს რეალურად მოჰყვება ის, რომ გამამართლებელი განაჩენის შემდეგ აუცილებლად დაისჯებიან ის პოლიციელები, რომლებიც ამ მანკიერ პრაქტიკას მისდევენ და არა მხოლოდ მისდევენ, არამედ, სხვა დონეზე აიყვანეს უკვე ეს პრაქტიკა. რაც უფრო დრო გადის, გაცილებით ხშირაც ვიგებთ ამბავს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასთან დაკავშირებით.

_ რატომ არ ისჯებიან ის პოლიციელები, რომლებიც მოქალაქეებს ნარკოტიკულ საშუალებებს უდებენ?

_ სამწუხაროა, რომ გამართლებულები, როდესაც დააკავებენ, აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ და როდესაც გამართლდებიან, პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხს მოითხოვენ, სამწუხაროდ, როდესაც მათ მიმართ უკვე დგება გამამართლებელი განაჩენი, აღარ სურთ ბრძოლა, რომ დანაშაულის ჩამდენი პოლიციელები დაისაჯონ და ადვოკატებს ხშირ შემთხვევაში მარტო გვიწევს ყოფნა და  ბრძოლა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, რომელიც მოგეხსენებათ, ძალიან რთულია. აუცილებლად უნდა დაგიდგეს გვერდით შენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი. მერე რა, რომ გამართლდი, ხომ შეიძლება, კვლავ იგივე განმეორდეს შენ წინააღმდეგ, ხომ შეიძლება, შენი ოჯახის წევრს, მეგობარს, ნათესავს ჩაუდონ კვლავ ნარკოტიკი?! მიმაჩნია, რომ ყველა მოქალაქის ვალია, ჩვენი უფლებების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლოთ!

_ წლების მანძილზე როგორია ტენდენცია, იზრდება თუ მცირდება ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა?

_ ახალი ხელისუფლების პირობებში სასამართლო შედარებით უფრო დამოუკიდებელი გახდა და მეტი გამამართლებელი გამოდის. ველოდებოდი, რომ პოლიცია დაფიქრდებოდა ამ ყველაფერზე და ეს პრაქტიკაც მოისპობოდა. თუმცა ვერ ვხდავთ, რომ ეს პრაქტიკა მოისპო. ძალიან ხშირად ვიგებთ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას უდებენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს. მე მოგიყვანეთ პრეცედენტული მაგალითი, როდესაც ადამიანი ნასამართლევი იყო და ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა მოხმარებული. ისეთ პირებსაც უდებენ ნარკოტიკულ საშუალებას, რომლებიც ნასამართლევი არასოდეს ყოფილან არც ამ, არც სხვა რომელიმე დანაშაულში, არც შეხება ჰქონიათ, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ადმინისტრაციულად სახდელი დადებული არ ყოფილა.

_ ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანების ოჯახებზე წეზოლა გასაგებია, კიდევ რა შემთხვევებში მიმართავს პოლიცია ასეთი ტიპის ღონისძიებას?

_ რა თქმა უნდა, ამაზე უამრავი ვარაუდი არსებობს. მიზეზი, შეიძლება, ძალიან ბევრი იყოს. ბრადებულებისგან ხშიდად მსმენია, რომ პოლიციელები ერთმანეთს ეუბნებიან, როდესაც ადამიანს დააკავებენ, _ პრემიას მოგვცემენ, რამდენი ნარკოტიკი ამოვიღეთო. ძალიან ბევრი მიზეზია: ეს შეიძლება იყოს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, ან არასწორად ფიქრობენ ადამიანზე და მიაჩნიათ, რომ ის შეიძლება იყოს დანაშაულის ჩამდენი პირი და ა. შ. პოლიცია არაპროფესიონალიზმის გამო ძალიან ხშირად უშვებს ფატალურ შეცდომებს, რასაც მოჰყვება უდანაშაულო ადამიანების დასჯა. გაქვს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანს ნარკოტიკული საშუალება აქვს. მაშინ გამოიყენე, ამხელა სახელმწიფო რესურსი გაქვს, ამ ადამიანს დაადექი ცხელ კვალზე და დააკავე მაშინ, როდესაც მას ჯიბეში ნამდვილად აქვს ნარკოტიკული საშუალება, რატომ უდებ? ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიუღებელია. XXI საუკუნეს ეს ყველაფერი არ შეესაბამება და ეს სამარცხვინო პრაქტიკაა.

_ გამოსავალს სად ხედავთ?

_ პირველ რიგში, სასამართლო ღირსეულ სიმაღლეზე უნდა იდგეს და ბრმად არ უნდა დაუჯეროს პოლიციელებს, რომლებიც ერთადერთი მოწმეები არიან კონკრეტულ საქმეებში. თუ სხვა ობიექტური მოწმე არ არსებობს, ასე ვთქვათ, არაპოლიციელი მოწმე, სასამართლომ ეს ეჭვი აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს ბრალდებულის სასარგებლოდ. სწორედ ამას გვეუბნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. შემიძლია მისი პრაქტიკიდან მაგალითად მოგიყვანოთ კონკრეტული საქმე: „ოჩერკოვი რუსეთის წინააღმდეგ“, 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება, სადაც ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს აქვთ მცირე მტკიცებულებითი ძალა, თუ ისინი არ არიან გამყარებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით. ამ შემთხვევაში უტყუარი მტკიცებულება იქნება ვიდეოკამერის ჩანაწერი, აუდიოკამერის ჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება კონკრეტული პირის შემხებლობა ნარკოტიკულ საშუალებებთან და ა. შ. ასეთი პოლიციელები რომ წარდგნენ სასამართლოს წინაშე და იძახონ, პირს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებაო, მიმაჩნია, რომ ეს საკმარისი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ჯვარედინი დაკითხვის დროს კარგ ადვოკატს უნდა შეეძლოს, აღნიშნული პოლიციელების ჩვენებების დისკრედიტაცია იმიტომ, რომ როგორც ყოველთვის, ისინი ცრუ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს. ამ მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას დაეხმარება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, როდესაც ისინი მიაღწევენ მიზანს და დაამტკიცებენ საკუთარ უდანაშაულობას, იბრძოლონ, რათა პასუხისგებაში მიეცნენ ის პოლიციელები, ვინც დანაშაულს ჩაიდენს. შეიძლება, რამდენიმე ადამიანი გამართლდეს, მაგრამ ისინი თავიანთ ქმედებას მაინც გააგრძელებენ და ადამიანებს გაამწარებენ.

_ პრაქტიკაში სულ არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ასეთ პოლიციელებს პასუხი უგიათ თავიანთი ქმედების გამო?

_ პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობისა და დანაშაულის უკანონოდ დაბრალების ფაქტები ძალიან ხშირია. დაწყებულა გამოძიება, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს უშედეგოა. შემიძლია გავიხსენო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მაგალითი, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში აწამეს, ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა დააბრალეს, პოლიციელების ცემა ჯგუფურად, ძალადობა მათი უფლებამოსილების განხორციელების დროს ხელის შეშლის მიზნით. ჩვენ ისინი სასამართლოს სამივე ინსტანციაში გავამართლეთ. დადგა გამამართლებელი განაჩენი, ამ პოლიციელების მიმართ დაიწყო გამოძიება, თუმცა გამოძება ჩიხშია შესული და ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული. მე ასევე ვიცავდი ჟურნალისტს გიორგი გასვიანს, რომელიც პოლიციელებმა სცემეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აღნიშნული საქმე წარმატებით დასრულდა, თუმცა მოგახსენებთ, რომ ეს საქმე, გარკვეულწილად, პრეცედენტულია, რადგან ჩვენ მანამდე ასეთი შემთხვევები არ გვესმოდა, როდესაც პოლიციელები დანაშაულის ჩადენის შემდეგ ისჯებოდნენ. რეალურად, ძალიან დიდია პოლიციელებში რწმენა, რომ როდესაც დანაშაულს ჩაიდენენ, ისინი არ დაისჯებიან. ამ ყველაფერს სახელმწიფოს პოლიტიკას ვაბრალებ. თუ სახელმწიფო მოინდომებს და ბევრ პრეცედენტს დაუშვებს, რომ პოლიციელები მოქალაქეების ცემა-ტყეპის, ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის ჩადების შედეგად დაისჯებიან, მაშინ პოლიცია გონს მოვა და ამას აღარ გაიმეორებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არ არის საკმარისი. გაამართლებს, მერე რა, პოლიციელი კვლავ გაიმეორებს მოქალაქეების მიმართ იგივე დანაშაულს.

_ გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ხომ დასტურდება პოლიციელების დანაშაული. ავტომატურ რეჟიმში რატომ არ იწყება გამოძიება და რატომ არ ისჯებიან დამნაშავე პოლიციელები?

_ სასამართლოც საკმაოდ ფრთხილია განაჩენებში. მართალია, პირს ამართლებს, მაგრამ ის არ ამბობს, რომ პოლიციამ ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება. შემიძლია მოვიყვანო ციტირება ჩემი ერთ-ერთი გამამართლებელი განაჩენიდან, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა: სასამართლო განმარტავს, რომ პირზე, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება შეიძინა, შეინახა ჯიბეში და პოლიციელის პატაკით და სასამართლოში მიცემული ჩვენებით აპირებს მის გასაღებას სხვა პირზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზებით დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოიშვა ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა, რის გამოც ზემოთ ხსენებული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და ამ ეჭვის საფუძლევზე ის გაამართლა, ანუ სასამართლო ამბობს, მე მაქვს ეჭვი, ის ნარკოტიკი, რომელიც ბრალდებულს ჯიბიდან ამოუღეთ, მას არ ეკუთვნოდაო. მაშინ ვსვამ კითხვას, _ ნარკოტიკული საშუალება ამ ადამიანს ჯიბეში ჩაუფრინდა? ლოგიკურად ხომ გამოდის, რომ მას ეს ნარკოტიკული საშუალება ჯიბეში ჩაუდეს. ამიტომ, როდესაც ადამიანი გამართლდება, უნდა იბრძოლოს, უნდა მისცეს ჩვენება პოლიციელთა წინააღმდეგ და უნდა დაამტიცოს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მით უმეტეს, თუ პოლიციელების ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ გააჩნიათ და აშკარაა, განაჩენი გვაქვს მტკიცებულებად, რომ პოლიციელთა ჩვენებები სასამართლომ არ გაიზიარა. მიმაჩნია, რომ პრობლმას არ უნდა წარმოადგენდეს პოლიციელთა მიმართ დანაშაულის დამტკიცება, თუმცა მოქალაქეებს ეშინიათ, რომ ისევ ნარკოტიკი ან იარაღი არ ჩაუდონ, მერე ვიღაც არ მოუკლან და ა. შ. პოლიციელთა მიმართ არსებობს ტოტალური შიში მოქალაქეთა მხრიდან. ეშინიათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. როცა თავისუფლებას მიიღებენ, მერე უკვე ბრძოლაში აღარ მოგყვებიან და ადვოკატი. ფაქტობრივად, მარტო რჩები. შემდეგ უკვე ძალიან უპერსპექტივოა რაიმესთვის ბრძოლა, როდესაც, მოგვიანებით, ბრალდებული უკვე ჩვენებას აღარ გაძლევს, რომელიც გამართლდა. ქვეყანაში არც ერთი მოქალაქე დაცული არ არის. ბრალდებულებს, ძირითადად, დნმ-ით ვამართლებთ, მაგრამ ახლა, იცით, რა დაიწყეს? პოლიციელები ჩაუდებენ და შემდეგ ნარკოტიკს სახეზე უსვამენ! დამთავრებულია, დნმ ამოვა და ვერაფრით გაამართლებ. პოლიციელთა ჩვენებებია, დნმ-ია, ნარკოტიკი საქმეში დევს, დამთავრებულია საქმე, ვერაფერს იზამ!..

 

 

თამარ ბატიაშვილი