არჩილ ჩუბინიძე: „დავით ხარშილაძის დაკავების ოქმი საპროცესო ნორმების უხეში დარღვევებით არის შედგენილი!“

13 მარტს სამართალდამცველებმა „ქრონიკა+“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე, დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალება დაკავებისას ჩაუდეს, ხოლო ჩხრეკისას თვითმხილველებს დასწრების საშუალება არ მისცეს. დაკავებულს 3-4 საათის განმავლობაში არც ზარის განხორციელების უფლება მიეცა. ელისო კილაძე აღნიშნულს თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ მისი შვილის დაკავებით მუქარებს იღებდა.

საქალაქო სასამართლომ დავით ხარშილაძეს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, ამიტომ ის უნდა გაუქმდეს და დავით ხარშილაძე უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს. ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე:

_ 2017 წლის 15 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ლომიძის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ დავით მესტვირიშვილის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის მიხედვითაც ბრალდებულ დავით ხარშილაძეს შეეფარდა პატიმრობა. სასამართლომ სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომ თითქოს ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ბრალდებულმა შესაძლოა, ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, შესაბამისად, სახეზეა მტკიცებულებათა სტანდარტი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, ამიტომ ის უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გამო: 1. ბრალდებულის მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და 42-ე მუხლები; 2. დარღვეულია „ადამიანის უფლებათა და ძირითად ღავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-3 მუხლი, მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები და მე-6 მუხლი; 3. მტკიცებულებათა (პირის დაკავება, პირადი ჩხრეკა) მოპოვება მოხდა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევებით, რამაც გამოიწვია ბრალდებულის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. დარღვეულია სსსკ-ის მე-5; 37-ე; 38-ე; 86-ე; მე-100; 170-ე; 121-ე; 175-ე; 176-ე მუხლები, რის გამოც მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს დავით ხარშილაძის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მაღალი სტანდარტის მქონედ შეაფასა, რეალურად სსსკ-ის 72-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს და არ არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ დავით ხარშილაძემ შესაძლოა ჩაიდინა სსკ-ით დასჯადი ქმედება. სასამართლომ ასევე არ გამოიკვლია და არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მასალები და ჩვენი, დაცვის მხარის პოზიცია.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ საქმის მასალებიდან ირკვევა: 2017 წლის 13 მარტს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ბუნებრივი წარმოშობის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ კუკური წივწივაძის პატაკის საფუძველზე, ამავე პატაკზე დადებული რეზოლუციით, შესაბამისად პატაკი რეაგირებისთვის გადაეცა ამავე სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ჯაბა ტეფნაძეს, რომელმაც დაიწყო გამოძიება. სსსკ მე-100 მუხლის მოთხოვნის მიუხედავად, საქმეში არ მოიპოვება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობა პროკურორს. ამავე დროს სსსკ 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ვ“ პუნქტის შესაბამისად გამომძიებელს სხვა გამომძიებლისთვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით უნდა მიემართა საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ მოიპოვება არც მიმართვა და არც თანხმობა, ან დავალება, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა სხვა გამომძიებელმა ზურაბ ქუმელაშვილმა, რაც მიგვაჩნია არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებად. ხსენებული საპროცესო დარღვევების გარდა ზურაბ ქუმელაშვილის გამოტანილი დადგენილებით „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ“, აგრეთვე მის მიერვე შედგენილია დავით ხარშილაძის „პირადი ჩხრეკის ოქმი“ და შემდეგ „ბრალდებულის დაკავების ოქმი“. აღნიშნული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები არის უკანონო შემდეგი გარემოებების გამო:

  1. „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ“ დადგენილების ბოლოს გაკეთებულია შენიშვნა, რომ თითქოს დავით ხარშილაძე პირადად გაეცნო დადგენილებას „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ“, რის შემდეგაც დადგენილებაზე ხელის მოწერაზე და დადგენილების ასლის ჩაბარებაზე გაურკვეველი მიზეზის გამო განაცხადა უარი. აღნიშნულ შენიშვნას ხელს აწერს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ ქუმელაშვილი, ხოლო შენიშვნის გაკეთების თარიღი და დრო არაა მითითებული, რაც ხსენებული ჩანაწერის შინაარსის უტყუარობას არ ადასტურებს. აგრეთვე, ბუნდოვანია დადგენილების ბრალდებულისთვის გაცნობის ზუსტი დრო, რადგან შემდგომ შედგენილი „პირადი ჩხრეკის ოქმის“ შინაარსიდან ირკვევა, რომ ჩხრეკის დაწყებამდე მოხდა დავით ხარშილაძის ფაქტობრივი დაკავება, რომლის დროც ასევე უცნობია;
  2. „პირადი ჩხრეკის ოქმი“ შედგენილია 2017 წლის 13 მარტს, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 16:35 საათზე და დასრულდა 16:55 საათზე. ოქმში მითითებულია, რომ „დავით ხარშილაძე პირადი ჩხერკის დაწყებამდე შეეცადა გაქცევას, რა დროსაც გამოყენებული იყო პროპორციული ძალა და დავით ხარშილაძე დაწვენილ იქნა ასფალტის საფარზე“. სსსკ 170-ე მუხლის შესაბამისად, პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. აღნიშნული მუხლის გათვალისწინებით, ჩხრეკის ოქმში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად, დავით ხარშილაძე დაკავებულად ითვლება ასფალტის საფარზე დაწვენის მომენტიდან, როდესაც მას უკვე შეეზღუდა მიმოსვლის თავისუფლება, ანუ პირადი ჩხრეკის დაწყებამდე, ე. ი. 16:35 საათზე ადრე, მაგრამ ზუსტი დრო და ასფალტის საფარზე ხარშილაძის იძულებითი დაწვენის ხანგრძლივობა უცნობია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავით ხარშილაძის ფაქტობრივი დაკავება მოხდა დაუდგენელ დროს, მაგრამ არაუგვიანეს 16:35 საათისა. ფაქტობრივი დაკავების შემდეგ მოხდა საგამოძიებო მოქმედების „პირადი ჩხრეკის“ დაწყება. „პირადი ჩხრეკის ოქმში“ არ არის მითითებული ფაქტობრივად დაკავებული პირისათვის კანონით განსაზღვრული და სავალდებულოდ დაუყოვნებლივ უფლებების განმარტების შესახებ ინფორმაცია, რაც პირის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის არსებითი დარღვევაა და შესაბამისად აღინშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმი არის დაუშვებელი მტკიცებულება. ამასთან, როგორც „პირადი ჩხრეკის ოქმიშია“ აღნიშნული, მისი შედგენის დროს გამომძიებელი ხელმძღვანელობდა სსსკ 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ხსენებული მუხლი კი ადგენს, რომ ასეთ შემთხვევაში „პირადი ჩხრეკის ოქმი არ დგება“. ანუ გამომძიებელმა იმ მუხლზე მითითებით შეადგინა ოქმი, რომელიც ასეთი სახის ოქმის შედგენას არ უშვებს, რაც, საბოლოო ჯამში, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევაა. თუმცა სასამართლოც თავისივე განჩინებაში იგივე სსსკ 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ხელმძღვანელობს და კანონიერად ცნობს საგამოძიებო მოქმედების ისეთ ოქმს, რომლის შედგენასაც იგივე მუხლი ამ ფორმით არ ითვალისწინებს;
  3. 2017 წლის 13 მარტს გამომძიებელმა შეადგინა „ბრალდებულის დაკავების ოქმი“. ოქმის შედგენა დაიწყო 16:57 საათზე და დასრულდა 17:10 საათზე. ოქმში ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დრო მითითებულია 16:55 საათი, რაც ზემოთ ხსენებული გარემოების გათვალისწინებით არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან დავით ხარშილაძეს თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეეზღუდა პოლიციის თანამშრომლების მიერ ასფალტზე დაწვენის მომენტიდან, დაუდგენელ დროს, ანუ 16:35 საათზე ადრე. სსსკ 86-ე მუხლის შესაბამისად კი დაკავებისა და პატიმრობის ვადები გამოითვლება წუთებით და ოქმში ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროც მითითებული უნდა იყოს კანონისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და არა ოქმის შემდგენის შეხედულებით. დაკავების ოქმში მითითებულია, რომ დამკავებელმა ზურაბ ქუმელაშვილმა დაკავებულს დაუყოვნებლივ, მისი ფაქტობრივი დაკავების დროს, გააცნო დაკავებულის უფლებები და იგივე ოქმით ნაჩვენებია, რომ თითქოს ფაქტობრივი დაკავება მოხდა 16:55 საათზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება, რომ დავით ხარშილაძისთვის უფლებები არ განუმარტავთ დაკავების დროს 16:35 საათზე ადრე, დაუდგენელ დროს. აღსანიშნავია, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს სასამართლომ დაკავების დროთ მიიჩნია 16:35 საათი. გარდა ამისა, „ბრალდებულის დაკავების ოქმში“ მითითებულია, რომ მისი შედგენა მოხდა ბრალდებულის დაკავების უშუალო ადგილზე და მისი შედგენა დაიწყო 16:57 საათზე და დასრულდა 17:10 საათზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავების ოქმი შედგენილია დაკავების ადგილზე და მისი შედგენა დასრულდა 17:10 საათზე, ამავე ოქმში მითითებულია, რომ 17:30 საათზე დაკავებული მიყვანილია სამართალდამცველ ორგანოში, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან თუ ოქმის შედგენა დასრულდა  17:10 საათზე და ოქმს ბრალდებულის დაკავებისა და მისი შედგენის ადგილზე მოაწერა ხელი მისმა შემდგენმა, მაშინ ამავე ოქმში როგორ გაჩნდა სამართალდამცველ ორგანოში 17:30 საათზე დაკავებულის მიყვანის შესახებ ჩანაწერი?! ამავე ოქმში მისი შემდგენის მიერ გაკეთებულია შენიშვნა, რომ თითქოს დავით ხარშილაძე პირადად გაეცნო დაკავების ოქმს, რის შემდეგაც დაკავების ოქმზე ხელის მოწერაზე და ოქმის ასლის ჩაბარებაზე გაურკვეველი მიზეზით განაცხადა უარი. ამ შემთხვევაშიც არაა შენიშვნის გაკეთების დრო მითითებული, თუმცა თუ „ვივარაუდებთ“ ოქმის შედგენის დასრულების დროს 17:10 საათს, სწორედ ამ დროს უნდა იყოს შენიშვნაც გაკეთებული, მაგრამ ამავე ოქმის იმ გრაფაში, სადაც ბრალდებული ხელმოწერით უნდა ადასტურებდეს ბრალდებულის უფლებების მისთვის განმარტების ფაქტს, გამომძიებლის მიერ მითითებულია დრო _ 17:45 სთ. აღნიშნული აბსურდული და საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით შედგენილი ოქმის შედეგად ცხადია, რომ ბრალდებულს დაკავების მომენტში, ოქმის მიხედვით, 16:57 საათიდან  17:10 საათამდე პერიოდში, არ განემარტა მისი უფლება-მოვალეობები, რითიც დაირღვა მისი კონსტიტუციური და საპროცესო უფლებები. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებაში სასამართლომ „გააყალბა“ ჩემი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს უფლებები არ განმარტებია და აღნიშნულზე საერთოდ არ უმსჯელია. ჩემი ნათქვამი ასახა იმგვარად, რომ თითქოს მე განვაცხადე „17:45 საათამდე უფლებების განმარტება ვერ მოესწრებოდა“. მოსამართლის მიერ მხარისაგან დაფიქსირებული პოზიციის „გაყალბება“ კი სცილდება ყოველგვარ ზნეობრივ და სამართლებრივ ნორმებს.

_ როგორც ცნობილია, საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრეთ…

_ დიახ, სააპელაციო სასამართლოს უკვე მივმართეთ. აუცილებელია საჩივრის დასაშვებად ცნობა და კანონით დადგენილი წესით მხარეთა პოზიციაზე მსჯელობა. იმ დარღვევების გათვალისწინებით, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრე, არ დასტურდება, რომ დავით ხარჩილაძეს ნამდვილად წარედგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, პირადი ჩხრეკის დროს მისი უფლება-მოვალეობების განმარტების ფაქტი. მასვე შეეზღუდა უფლება, პირადი ჩხრეკის დროს მოეწვია არა დაინტერესებული პირები ჩხრეკაზე დასასწრებად და ნებაყოფლობით წარედგინა მასთან არსებული პირები, რაც საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევაა, რის გამოც ხსენებული მტკიცებულებები დაუშვებელია და, შესაბამისად, მტკიცებულებათა მოპოვებისა და დამაგრებისას არსებითი დარღვევების არსებობის გამო, არ რჩება მტკიცებულებათა სტანდარტი, ვარაუდისთვის, რომ პირმა, შესაძლოა, ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოიყენონ. სახეზეა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მთელი რიგი ნორმების უხეში დარღვევა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ვთხოვთ, რომ გაუქმდეს 2017 წლის 15 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე ლომიძის განჩინება „ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე“ და დავით ხარშილაძე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონო პატიმრობიდან.

თამარ ბატიაშვილი