დიპლომი მაჩვენე, სოსო!

სოსო… დღეს არც შენზე მოვყვები, არც შენს ნათესავებზე, არც შენს ცოლისდებზე, არც შენს მაჩხაანელებზე, არც დაშლილ რუის-ურბნისზე, არც შენს მიწებზე, არც შენს ქონებაზე…

მხოლოდ გაგახსენებ…

იყო დრო, სოფლის სახლიდან „ნიკელის კრაოტებსაც“ კი ყიდდი, ამას მთელი სოფელი იხსენებს, იქ ყველას ახსოვს, თოკზე თავის ჩამოხრჩობას რომ გეგმავდი ვალებისგან სასოწარკვეთილი… ნახევარი სანათესავო არ გელაპარაკებოდა, არც ახლა გელაპარაკება ბევრი, რადგან შენი ვალები მათ ვალებსაც შეეხო…

იყო დრო, თბილისში მწვანილი შეგქონდა მაღაზიებში და იმით არჩენდი ოჯახს…

მერე ის დროც იყო, ფარშის დისტრიბუტორად რომ იქეცი…

სად ისწავლე, რა დაამთავრე, რა განათლება გაქვს, არსად გიწერია…

რადგან, მგონი, არც არაფერი გისწავლია…

ისე, მთავარი ადამიანურ-მორალური კოდექსია და არა დიპლომი, სოსო!

სახელმწიფო უსაფრთხოებას ქვეყანაში პროფესიონალი და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები უნდა უზრუნველყოფდნენ. ჩვენ არც ერთ ომში არ გვახსოვხარ, შენი სახე ტელეეკრანს მხოლოდ ერთხელ ახსოვს, ეკონომიკის ექსპერტის რანგში რომ წარსდეგი ერთ-ერთ გადაცემაში და გულწრფელად მესამე პირში რომ ილაპარაკე, როგორი დაზარალებულია ხალხი ბანკის ვალებისგან…

მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, იპოთეკით დატვირთული და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების რიცხვი გაიზარდა, თუმცა შენს თავს პირიქით მოხდა, სახლიც დაიხსენი, სასახლეც აიშენე და, საბოლოოდ, მამულებიც შეიძინე…

2012 წლამდე ფეხით გიწევდა სიარული და შენს თანაპარტიელებს ახლაც ახსოვთ შენი ერთი გახუნებული მაისური, ათასჯერ რომ გქონდა შეღებილი, ფერი და პეწი რომ აღედგინა. მაგრამ დღეს ოჯახის ყველა სრულწლოვანს ავტომობილი აქვს, მართალია, შენს დეკლარაციაში არ ჩანს, მაგრამ ამქვეყნად ბამბაც ჩხრიალებს და ის ავტომობილებიც აჩხრიალდება…

შვილები?! _ ღმერთმა ბედნიერები გიმყოფოს, გიმრავლოს და გაიხარონ, მაგრამ მათ რას ეტყვი?! _ როცა ელისოსთან დავმარცხდი, ვერც ელისო ვიყიდე და ვერც „ქრონიკა+“-ის ვერც ერთი ჟურნალისტი, მერე ავდექი და ელისოს შვილი დავიჭირეო?!

მომაკითხეს შენებმა (ამ წერილიდან გაიგებს ელისოც ამ ამბავს) და ასე დამარიგეს: „ეს „ლიჩნი“ ომიაო“…

აი, მანდ შეგეშალა! მე „ლიჩნი“ არაფერი ვიცი საქმეში. მე ერთი რამ ვიცი, რომ ორი კაციც კი გუნდია. მე ის ვიცი, რომ ელისოზე ნასროლი კენჭიც და დიდებაც ორივე ჩემიცაა. მე ის ვიცი, რომ ელისოს დათო სრულწლოვანი იყო და ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან, თორემ არც ჩემს შვილებს დამიტოვებდი გარეთ და დღეს ისინიც გლდანში იქნებოდნენ…

მე? მე რით უნდა შემაშინო? ციხით? მე ციხეში 6 წელი გავატარე და იქიდან იმაზე მეტად ძლიერი გამოვედი, ვიდრე შევედი. ციხიდან გამოსული უკან მოვბრუნდი და საკნების ქალაქს ვუთხარი: „მადლობა, ციხევ, რომ იყავი ჩემს ცხოვრებაში“. და თუ კიდევ მომიწევს ციხის კარის შეღება, აქამდე თუ ჩემმა შეცდომამ შემაღებინა მისი კარი, აწი შენ იქნები იმ ციხის კარისკაცი… ჩვენი, ჩემი, ელისოსი, დათოსი და შენი განსხვავება ბევრ რამეშია, მაგრამ ერთი უმთავრესია, _ ჩვენ პრობლემებს არ გავურბივართ, თვალებში ვუყურებთ და სამართლიანად ვხვდებით ყველაფერს…

შენ? შენ ვალები გქონდა, ციხის გეშინოდა და თოკზე ეკიდებოდი…

ჩვენ რით უნდა შეგვაშინო, თუ კაცი ხარ? ყველაზე თავისუფლები ჩვენ ვართ, არც საჯაროობის გვეშინია, არც ბოდიშის გვრცხვენია, არც ვიმალებით, ჩვენ ერთნი ვართ და ბევრნი და იმ ბევრის ნებისმიერის პრობლემა „ლიჩნი“ არაა, ჩვენია _ ყველასი ერთად…

ასე რომ, დათოს დაჭერა შენს საბოლოო წაგებასა და დამარცხებას ნიშნავს. დათო კაცია, შენსავით ციხის კი არა, ფრონტის წინა ხაზის არ ეშინია. და ვისაც არასდროს არაფრის ეშინია, ის თავისუფალია, თავისუფლება კი ლომთა ხვედრია…

მანდ, გლდანში, შენ გგონია, რომ დათო დაკეტე და, აი, ამ დროს, შეგეშალა, თავისუფლება იქ მოდის, სადაც მას გიკრძალავენ და გიზღუდავენ, მთავარი შინაგანი თავისუფლებაა, თორემ გარეგანი შენ რომ გაქვს, იმას თავისუფლება კი არა, შეშინებული კაცის ცხოვრება ჰქვია…

დათო დღეს მარტო ელისოს შვილი არ არის, დღეს დათო და ჩემი ვანო ჩემთვის ერთი და იგივეა. მაგ საკანში რომელიმეს შვილი უნდა ყოფილიყო და აგე, დათოს მეტს ვერავის მოერიე… დათოს სამჯერ რომ მოევლინო ამქვეყნად, მაინც ვერ აჯობებ ვერც განათლებით, ვერც კულტურით და ვერც აღზრდით…

მშობლები ამაყობენ ახლა შენით, ხომ? კარგია, მაგრამ, განა, „მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?!“ რამ გაგაბოროტა? ცა ქუდად არ მიგაჩნია და დედამიწა ქალამნად?

შენზე მეტად აფრენილები და მერე მიწაზე დანარცხებულები მინახავს… და ეს დროც მოსულია. ახლა შენ ზევით კი არ მიდიხარ, ქვევით, მიწაზე ეშვები და მალე ისეთი მარცხი გექნება, მგონი, ყველა შენზე საუბრობდეს…

კაცები ასე არ იქცევიან. თუ პრეტენზია გაქვს, მათ ელაპარაკე, ვინც შენზე ლაპარაკობს… მაგრამ ჩვენთან რა უნდა გეთქვა, როცა იცოდი, რომ უსამართლოდ არასდროს შეგხებია „ქრონიკა+“. სამაგიეროდ, შენ ეხებოდი აქ ყველას და ყველაფერს უსამართლოდ…

გავა დრო და შენ ისევ ის ზემო მაჩხაანელი მევენახე იქნები, რადაც შეგქმნა ღმერთმა, ვაზის სასხლავით ხელში. კარგად დაითვლი, რამდენი ცოდვა და რამდენი შენი „ხოში“ ღუპავდა ქვეყანას. ვენახამდე კი შენ თავად მოგიწევს გლდანისა და „მატროსოვის“ შემოვლა, ამის გარანტი მე ვიქნები…

აბა, შენ იცი, კიდევ ერთხელ გაიმასხარავე თავი და ყოველდღე დაგელოდები, როდის ჩამიდებ სუბუტექსს…

 

  1. S. ასე იცის, ბატონო ბიძინა, უდიპლომო, გაუნათლებელი კაცების გადიდკაცებამ…

ისე ნუ მოგვკლავ და სოსოს დიპლომი გამოაქვეყნოს სუს-მა!

შემდეგ სამშაბათამდე.

დიპლომი გვაჩვენე, სოსო, დუბლიკატები არ მიიღება.

 

მაკა მოსიაშვილი